კვირის ამბები

სამი წელი უწყლოდ

27.07.2014 • 1229
სამი წელი უწყლოდ

GE DIGITAL CAMERA

სამსონ მჟავანაძე – რეპრესირებული

სამსონ მჟავანაძე დედმამიშვილებში ყველაზე უფროსი, ათი წლის იყო, პატარა და კი, ერთი თვის შემდეგ ყაზახეთში დაიბადა. ცუდი საყოფაცხოვრებო და კლიმატური პირობების გამო ხშირად ავადმყოფობდა. „ყაზახეთში დაავადდა დედა და მამაც, ყოველ თვეში საავადმყოფოში იწვნენ, ვერ გაუძლეს იქაურ გარემოს. დედა დღე და ღამე ტიროდა, ბოლოს მხედველობა დაკარგა და პატარა ჩვილიც ჩვენი მოსავლელი გახდა“.

სამსონ მჟავანაძე ამბობს, რომ სოფლიდან ჩუმად წაღებული მამის დანაზოგი 400 მანეთით საზიარო ძროხა იყიდეს და რძის ნაწარმით არსებობდნენ: „სამი წლის განმავლობაში წყალი არ დაგვილევია. ბინძური იყო, ჭიქას რომ აავსებდი, ნახევარი ტალახი იყო. ექიმი გვაფრთხილებდა, გადადუღების გარეშე არ მიგვეღო, ჩვენ უარი ვთქვით წყალზე და მხოლოდ რძეს ვსვამდით. ამან გადაგვარჩინა, ბევრი დაიღუპა ამ წყლით, მოკვდა ბიძაჩემი, მთლიანად განადგურდა ჩვენი მეზობლის – ქარცივაძეების ოჯახი. ჯერ ორი შვილი დაეღუპათ, შემდეგ კი უფროსებიც დაიღუპნენ, ვერავინ დაბრუნდა უკან“.

სამსონ მჟავანაძე ამბობს, რომ არ იცის რა არის ბავშვობა. უჭირს საუბარი წლებზე, რომელიც ტკივილსა და სიდუხჭირეში გაატარა: „ცუდი ჰაერი, პაპანაქება, ზამთარში კი გაუსაძლისი სიცივე, არ იყო საკვები. უჭირდათ მშობლებს. ბამბის პლანტაციები იყო და სხვა რა გზა გვქონდა, იქ უნდა გვემუშავა. ჩემს პატარა და-ძმებს მწკრივში ჩავაყენებდი, წინ გავუძღვებოდი და ასე ვკრეფდით ბამბას. ჩემი ხუთი წლის დას ძროხის მოწველაც კი უწევდა, რადგან დედა ავად იყო. მიწის ქოხებში ვიყავით, რომლებსაც მხოლოდ ერთი პატარა სარკმელი ჰქონდა. ორთავიანი გველების გარემოცვაში. კუც ბევრი იყო. გველებს დავუსხამდით ხოლმე რძეს, დალევდნენ და შემდეგ შეძვრებოდნენ სოროებში. არ ვიცოდით რა იყო გართობა, სათამაშო. ჩვენზე გადადიოდა მთელი სიმძიმე“, – ასე ახსოვს ბავშვობა სამსონ მჟავანაძეს.

იგი ამბობს, რომ ყველაზე მეტად დაიჩაგრა, სიდუხჭირის გამო აღარ უვლია სკოლაში: „დავრჩი სამი კლასის ამარა. რა გვექნა, სტალინის სიკვდილის შემდეგ, როცა სოფელში დავბრუნდით, ყველაფრის თავიდან კეთება მოგვიწია. სახლს არც ჭერი ჰქონდა და არც კარ-ფანჯარა. ყველაფერი განადგურებული იყო. საქონელი და ცხვარი არ შეგვარჩინეს და ნივთები. ჯერ სახლი გავაკეთეთ, შემდეგ ჯარში წავედი “.

ჯარიდან დაბრუნებული სამსონ მჟავანაძე საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა. ახლა მისი ოჯახი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.
„სულ ვფიქრობდი, რატომ მოხდა ასე. თუ მამა იყო დამნაშავე, მაშინ რას გვერჩოდნენ პატარა ბავშვებს? რატომ წამართვეს ბავშვობა? რატომ ექცეოდნენ ასე ადამიანებს, ფეხმძიმე ქალებს, ჩვილებს? ალბათ დახოცვა უნდოდათ მათი და დაიხოცა კიდეც ბევრი. 12 ეშელონი გავიდა და 11 დაბრუნდა. აწამებდნენ, ფაქტობრივად, ადამიანებს. ამბობენ, ბერიას გეგმის ნაწილი იყო ადამიანების გადასახლებაო… ერთი სიკეთე ის მახსოვს, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ დედას თვალებზე ვუმკურნალეთ და მხედველობა თითქმის დაიბრუნა“.

სამსონ მჟავანაძე ტკივილით იხსენებს წარსულს და გული წყდება იმაზეც, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანების ტანჯვა, წამება და თუნდაც სიცოცხლე მცირე კომპენსაციად შეაფასა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: