Batumelebi | ბათუმელების სარგებელი ტურისტულ სეზონზე ბათუმელების სარგებელი ტურისტულ სეზონზე – Batumelebi
RU | GE  

ბათუმელების სარგებელი ტურისტულ სეზონზე

           

ზაფხულობით ტურიზმი ბევრი ბათუმელისთვის, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში და ზღვის პირას მცხოვრებთათვის, შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. ბევრი მათგანი ბინასაც კი ცლის და სოფელში ან ნათესავებთან გადადის საცხოვრებლად, რათა ბინა ტურისტებს მიაქირავოს და დამატებითი შემოსავალი მიიღოს, რადგან ბათუმში ჩამოსული დამსვენებლებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი მაინც კერძო სექტორში დასვენება რჩება, როცა ფასი მოლაპარაკების საგანია და არჩევანიც დიდია. ნარგიზ ბერიძის ოჯახი ერთ-ერთი მათგანია, ვინც ზაფხულობით ბინას ტურისტებზე აქირავებს. 

 

ქალბატონო ნარგიზ, როგორ გიკავშირდებიან ბათუმში დასასვენებლად ჩამოსული ტურისტები?

 

ჩვენ გვყავს ჩვენი კლიენტურა, რომელიც ჩვენთან იყო რამდენიმე წლის წინ, ან ნათესავს გზავნის ეს ხალხი, ან ნაცნობებს, ან თავად ჩამოდიან. არიან შემთხვევითი კლიენტებიც, მეტს არაფერს ვაკეთებთ. ძირითადად უკრაინელები, სომხები და აზერბაიჯანელები არიან. მთავარია, ხალხი მოგეწონოს, ჩვენ ვაქირავებთ ჩვენს საკუთარ ბინას, სათადარიგო ბინები არ გვაქვს, საკუთარ ბინაში კი როცა უშვებ ადამიანს, იქ უკვე აღარაა ლაპარაკი იმაზე, რომ ცოტა მეტს გადაგიხდიან თუ არა, მთავარია როგორი ხალხია.

მე ვცხოვრობ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, დიდი ოჯახი მყავს, შემოსავალი, მოგეხსენებათ, დღესდღეობით რაც არის, ამიტომ იძულებული ვარ ბინა გავაქირავო, ეს მხოლოდ სეზონზე ხდება, დაახლოებით ერთი თვე ან თვენახევარი.

 

როდის არის ყველაზე აქტიური სეზონი?

 

აგვისტოში ძირითადად. წელს ამბობენ, რომ ცოტაა ხალხიო და მგონი მართლა ნაკლებია. ჩემი ეზოს მაგალითზე შემიძლია ეს ვთქვა.

 

შარშან ამ დროს გაქირავებული გქონდათ ბინა?

 

კი, შარშან ჩვენთან გაცილებით მეტი ტურისტი იყო.

 

რა მოთხოვნები აქვთ ძირითადად ტურისტებს?

 

კონდიციონერი, ცხელი წყალი… არის კატეგორია ტურისტების, რომლისთვისაც არა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა პირობებს. არის ისეთი კატეგორიაც, რომელიც ყველაფერს უყურებს, ქვეშაგებელს ამოწმებენ, კითხულობენ კონდიციონერი არის თუ არა, ევრორემონტი თუა, ავეჯი…

 

თუ ფიქრობთ წლიდან წლამდე გააუმჯობესოთ პირობები, რომ უფრო მაღალ ფასად შეძლოთ გაქირავება?

 

რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობა თუ ექნება გამქირავებელს, ის ყოველთვის შეეცდება ამას და ცდილობს მეტ-ნაკლებად რაღაც გააუმჯობოს და მიიზიდოს დამსვენებელი.

 

თქვენი მეზობლებიც აქირავებენ ბინას?

 

კი, არის ისეთი ოჯახებიც, სადაც არ მუშაობს არავინ და მათთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

 

თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ეს შემოსავალი?

 

როგორ გითხრათ, რომ ვთქვა პურის ფულია-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ წამლის ფული ნამდვილად არის. დღესდღეობით ისეთი მდგომარეობა მაქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს თანხა.    

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნანა კვაჭაძე