კვირის ამბები

გამოუვალი მდგომარეობა

24.07.2014 • 2066
გამოუვალი მდგომარეობა

 

სანამ ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში ქალ სექსმუშაკებთან თავად არ მომიწია შეხება, მეც ძალიან ცოტა რამ ვიცოდი მათი ყოფის შესახებ. სექსმუშაკობა გაცნობიერებული არჩევანი მეგონა, რომელიც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებით იყო განპირობებული და მივიჩნევდი, რომ არჩევანის გაკეთებისას მათ ის რისკ-ფაქტორებიც მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული ჰქონდათ, რაც ამ საქმიანობას თან მოსდევს – დისკრიმინაცია, უფლებების შელახვა, ფსიქოლოგიური სტრესი, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ არც ისე სწორხაზოვნად არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ვინაიდან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ კონტექსტი, თუ რა ვითარებაში უწევთ ქალებს ამ არჩევანის გაკეთება.

 

კვლევის ფარგლებში, რომლის მიზანი სექსმუშაკების საჭიროებებისა და დისკრიმინაციის გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა იყო, ფოთსა და ბათუმში პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით რამდენიმე ათეული ქალი სექსმუშაკი პირადად გამოვკითხე.

 

მათი ისტორიები მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა მათ ბევრი რამ მაინც აერთიანებთ – უმეტესობა ადრეულ ასაკში (15-19 წლის ასაკში) დაოჯახებული და შემდგომში განქორწინებულია, ბევრია ოჯახიდან წამოსული, ან დაქვრივებული, არც თუ ისე ცოტა ნაწილი ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, ბევრ მათგანს ჰყავს ერთი შვილი მაინც, რომელსაც მარტო ზრდის, ჰყავთ პენსიონერი მშობლები ან შშმ ოჯახის წევრები.

 

ზოგიერთ მათგანს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რისი მკურნალობისთვისაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია საჭირო. უმეტესობას მიღებული აქვს საშუალო განათლება და ცოტა მათგანს თუ გააჩნია სხვა სამუშაო გამოცდილება. ამ ვითარებაში სექსმუშაკები ცდილობენ იმ სირთულეებთან გამკვლავებას, რაც მათ წინაშე დგას.

 

 

საქართველოში სექსმუშაობა არც ლეგალიზებული და არც კრიმინალიზებულია, შესაბამისად, ამ ვითარებაში სექსმუშაკები თავს დაცულად ვერ გრძნობენ. მათი უფლების დარღვევის შემთხვევაში, მაგალითად, მათი მისამართით სიტყვიერი შეურაცხყოფის დროს, ამჯობინებენ კონფლიქტურ სიტუაციას თავი აარიდონ. ასეთ დროს, როგორც წესი, არც სამართალდამცავ ორგანოებსა და არც უფლებადამცველ ორგანიზაციებს არ მიმართავენ. ეს იმიტომ ხდება, რომ საზოგადოებაში მათ მიმართ აპათიური დამოკიდებულება არსებობს და ეს მათ უტოვებთ შეგრძნებას, რომ ისინი იმავე უფლებებით არ სარგებლობენ, რითაც დანარჩენი მოქალაქეები სარგებლობენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სექსსაქმიანობაში ჩართული ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი პროსტიტუციის ლეგალიზაციას ემხრობა, მათ ზუსტად არ იციან რას გულისხმობს პროსტიტუციის ლეგალიზაცია. მათ სმენიათ, რომ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ლეგალიზაცია, პირველ რიგში, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და მეტ დაცულობას ნიშნავს. ლეგალიზაცია გულისხმობს იმასაც, რომ სექსმუშაკები გადასახადების გადამხდელები გახდებიან, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ერთიანი ბაზა, სადაც მათი მონაცემები დაფიქსირდება. ამიტომ მათი ვინაობის გამჟღავნების თეორიული შესაძლებლობა არსებობს და დაინტერესებულ პირს, ვისაც ამ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება მათი დაშანტაჟების შესაძლებლობა ექნება.

 

საქმე იმაშია, რომ სექსმუშაკების ოჯახის წევრებმა უმეტეს შემთხვევაში მათი საქმიანობის შესახებ არ იციან. ისინი არ საქმიანობენ მშობლიურ ქალაქსა თუ დასახლებაში, არამედ საქართველოს დიდ ქალაქებში მიგრირებენ, ან სულაც საზღვარგარეთ მიემგზავრებიან სამუშაოდ. ამიტომ, სექსმუშაკებისთვის ანონიმურობა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

 

რამდენად რეალურია, რომ საქართველოში პროსტიტუციის ლეგალიზაცია მოხდეს, ამ შეკითხვას ბევრი მათგანი არასერიოზულად აღიქვამს. მათ მიაჩნიათ, რომ დღეს ეს საკითხი ყველაზე ნაკლებად აღელვებს სახელმწიფოს, შესაბამისად, მათი უფლებების დაცვის კუთხით გაუმჯობესებას უახლოეს წლებში არ ელოდებიან. მათი მოლოდინით პროსტიტუციის ლეგალიზაცია როგორც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შემცირებას, ასევე დისკრიმინაციის შემთხვევების შემცირებასაც გამოიწვევს, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ლეგალიზაციის მიმართ საზოგადოებას მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ექნება და ამას არვინ დაუშვებს.

 

სექსინდუსტრიაში მომუშავე ქალები საქმიანობას იმ შემთხვევაში დაანებებენ თავს, თუ სამუშაოს ანაზღაურება შესაბამისი იქნება იმ შემოსავალთან, რაც მათ დღეს აქვთ. ისეთი სამუშაოს პოვნა კი, რომლითაც ოჯახის რჩენას შეძლებენ, მათ არარეალურად მიაჩნიათ, ვინაიდან სათანადო არც პროფესიული უნარ-ჩვევები და არც სხვა სამუშაო გამოცდილება აქვთ, ხოლო სახელმწიფოს, როგორც უკვე ითქვა, მათთვის ყველაზე ნაკლებად სცალია.

 

ერთი რამის თქმა ცალსახად შეიძლება – სანამ სექსინდუსტრიის მომხმარებელი იარსებებს, მანამდე იარსებებს სექსმუშაკიც. ამიტომ, ადრე თუ გვიან, სახელმწიფო იძულებული გახდება ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგას.

 

ოჩი კონცელიძე

გადაბეჭდვის წესი