აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო მესამე დღეა 23 წლის მამაკაცს უშედეგოდ ეძებს. მისი ნივთები, მათ შორის პირადობის მოწმობა, 23 ივლისს, ბათუმში, ზღვის ნაპირას, რესტორან „სან-რემოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ღამის 11 საათზე იპოვეს.
სააგენტოს ხელმძღვანელის, მამუკა თურმანიძის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები და მეთვალყურეობა ამ დრომდე გრძელდება, წუხელ სამძებრო სამუშაოებს სამბალიანმა შტორმმა შეუშალა ხელი, რადგან წყალში ხილვადობა დაბალი იყო.
მამუკა თურმანიძე ამბობს, რომ ეს მის პრაქტიკაში პირველი შემთხვევაა, როცა სამი დღის მანძილზე ზაფხულში ვერ ახერხებენ ადამიანის პოვნას: „სამი დღე მაქსიმუმია, რადგან ზაფხულში წყალი თბილია. 2012 წლიდან ვმუშაობ სამაშველო სამსახურში და ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ ხნის მანძილზე ვერ ვპოულობთ.“
სამაშველო სამუშაოებში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის თანამშრომლებიც.
საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის #1 განყოფილება იძიებს.