მთიანი აჭარა

”ხულო აჭარის მაღალმთიანეთის ცენტრი უნდა გახდეს” – ინტერვიუ ხულოს ახალ გამგებელთან

26.07.2014 • 3357
”ხულო აჭარის მაღალმთიანეთის ცენტრი უნდა გახდეს” – ინტერვიუ ხულოს ახალ გამგებელთან

 

ბესიკ ბაუჩაძე

ბატონო ბესიკ, თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის მეორე ტური დაგჭირდათ. როგორ ფიქრობთ,  ქართული ოცნების“  რეიტინგი ხომ არ დაეცა ხულოში?

პირველ ტურში მხოლოდ 45 ხმა დამაკლდა, არც ერთი ხელისუფლების დროს ეს 45 ხმა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით გაყალბებაზე, ხულოში ეს იყო პრეცედენტი, რომელიც მომავალ თაობებს წაადგება.

ქართული ოცნების“ რეიტინგი არ დაცემულა, ამას ისიც მოწმობს, რომ „ოცნებამ“  მაღალი კვოტა მიიღო საკრებულოში, პირველ რიგში ეს კანდიდატების სიმრავლემ გამოიწვია და მეორეც – რომ მყოლოდა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ან სხვა რომელიმე პარტიის ოპონენტი და არა ემზარ ბოლქვაძე „ალიანსიდან“, 70%-ით მოვიგებდი არჩევნების პირველ ტურს. მაგრამ ჩემი ოპონენტი, ემზარ ბოლქვაძე, ავტორიტეტული პიროვნებაა, წლების განმავლობაში პოლიციის თანამშრომელი იყო და ღირსეულად ეჭირა თავი.

როგორია თქვენი გეგმები, რას გააკეთებთ?

ხულოს მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ პოტენციალზე სამეცნიერო კვლევები მაქვს ჩატარებული, რვა თვის განმავლობაში ამავე მუნიციპალიტეტში გამგებლის მოვალეობას ვასრულებდი, შესაბამისად ვიცი, როგორია სოციალური ფონი და რა სჭირდება ხულოს. ხულოს გამგეობაში მომზადებული შევდივარ. რაც აუცილებლად გასაკეთებელია და პირველ რიგში განვახორციელებ, გამგეობის სტრუქტურის რეორგანიზაციაა, სტრუქტურა მოქნილი უნდა იყოს, რომ საშუალება მომცეს ყველა ღონისძიება მოკლე დროში ხარისხიანად შევასრულო. დღეს არსებული სტრუქტურა თანამედროვე გამოწვევებს არ შეესაბამება, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ადამიანურ რესურსზე, ბევრი პროფესიონალია, მაგრამ მარტო პროფესიონალიზმი ვერ იქნება წარმატების ფაქტორი, საჭიროა ორგანიზებული სისტემის შესაბამისობაში მოყვანა.

საარჩევნო პროგრამაში მოცემული გვაქვს პრიორიტეტები, რის განხორციელებასაც ვგეგმავთ: ეს არის გზების, ელექტრომომარაგების, წყლის სისტემების მოწესრიგება. სოციალური, ინფრასტრუქტურული, განათლების, სპორტის და ა.შ. თითოეული კუთხით გვაქვს ხედვები, რომლის განხორციელებასაც შევძლებთ.

გადავხედავ საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობას, არის თუ არა ჩავარდნა და როგორ მიდის პრიორიტეტული ღონისძიებები, როგორ სრულდება მუნიციპალური და სოფლის პროგრამები. ამასთან, საბიუჯეტო ცვლილებებია გასატარებელი: ჩვენ მოვამზადებთ შესაბამის პროექტს, რომლითაც ის ხარვეზები და ნაკლოვანებები, რაც მიმდინარე საბიუჯეტო ნაწილში გვაქვს, უნდა აღმოიფხვრას.

ვნახავ 2015 წლის პრიორიტეტული ღონისძიებების ნუსხას, მიდგომა ასეთია, რომ წინმსწრებად ვიყიდოთ მომავალი წლის პრიორიტეტული ღონისძიებების პროექტები, რომ მომზადებული შევხვდეთ 2015 საბიუჯეტო წელს.

ჩვენთვის პრიორიტეტულია სკოლამდელი აღზრდა, 2015 წელში ჩვენ გვექნება 15 საბავშვო ბაღი.

თქვენი გეგმის, რეორგანიზაციის ნაწილია საკადრო ცვლილებები,  პოლიტიკური ნიშნით აპირებთ კადრების შერჩევას? 

საკონკურსო პროცესი პოლიტიკური ნიშნით არ იქნება დატვირთული. პოლიტიკა უფრო დიდ ცენტრებში, მეგაპოლისებში კეთდება, ხულოში პოლიტიკური ნიშნით მიდგომების ჩამოყალიბება და აქცენტების გაკეთება არ იქნება ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი მოქმედება. მე, პირადად, ხელს შევუწყობ სამართლიანობას და სამართლიანობის პრინციპით რეორგანიზაციის პროცესის ჩატარებას.

კადრებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხია სახელფასო პოლიტიკა, აჭარის მაღალმთიანეთში, მათ შორის ხულოშიც, დაბალი ანაზღაურება აქვთ კულტურისა და სპორტის სფეროს წარმომადგენლებს. გეგმავთ თუ არა ხელფასების ზრდას? 

აქაც უნდა მოხდეს ცვლილება, გარკვეულ ნაწილში არის გაბერილი შტატები, რასაც რეორგანიზაცია დაალაგებს. შრომის ანაზღაურება საარსებო მინიმუმთან შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი და შესაბამისი უნდა იყოს დაქირავებული მუსახელის მიერ შესრულებული სამუშაოსი.

ხულოს მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მესაქონლეობასა და მეკარტოფილეობას ეწევა. შესაბამისად, არაერთხელ უთხოვიათ მათ ხორცის, რძისა და კარტოფილის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა. ხომ არ გეგმავთ რამეს ამ მიმართულებით?

ჩემი გამგებლობის პერიოდში ერთ-ერთი კომპანია დაინტერესებული იყო კარტოფილის მზა პროდუქტის საწარმო გაეხსნა. კომპანიამ დაბის მიმდებარედ ფართობის გამოყოფა წერილობით გვთხოვა, რაც ჩემ წინასაარჩევნო პროცესს დაემთხვა, შესაბამისად, არ ვიცი პროცესები როგორ განვითარდა.

რა პოტენციალი გააჩნია მუნიციპალიტეტს და როგორ უნდა დაიგეგმოს პრიორიტეტები?

ჩვენი რესურსიდან გამომდინარე საჭიროა ტურიზმის განვითარება, აქცენტს ვაკეთებთ აგრო, ეკო, საცხენოსნო ტურიზმის განვითარებაზე, გვაქვს ერთი კურორტი და ორი საკურორტო ტერიტორია, გოდერძის უღელტეხილზე წელს დასრულდება სათხილამურო ბაზის მშენებლობა. ტურიზმი თავისთავად ინდუსტრიაა და ის შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის ყველა სფეროს განვითარებას, ჩვენ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ თანამედროვე აგრარული პროდუქტების მიღებაში.

ვფიქრობ, საჭიროა ხულოში პროფესიული სასწავლებლის გახსნა, რომლისთვისაც  ვიბრძოლებ. ამასთან, საუბარია საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტის გადმოტანაზე.

ხულო უნდა გახდეს სავაჭრო და ტურისტული ცენტრი აჭარის მაღალმთიანეთში, იგი აუცილებლად უნდა შევიდეს ტურისტულ პროდუქტში ისტორიული ძეგლებითა და კურორტებით.

სოფლებში მიგრაციის პროცესია, რასაც ძირითადად მატერიალური ფონი განაპირობებს.  გაქვთ თუ არა კონკრეტული  გეგმები ამ კუთხით და რას გააკეთებთ სოფლების შესანარჩუნებლად?

თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ მხოლოდ ეკონომიკური პირობები არის ფაქტორი სოფლების დაცარიელების, მე ვფიქრობ, არ არის სწორი. სხვა ფაქტორებიც -მეწყერი და სტიქიური უბედურებები განაპირობებს ამას. ჩვენი ოპონენტები როცა იძახიან, მოსახლეობა მთას ტოვებსო, ვერ დავეთანხმები, რადგან ხშირ შემთხვევაში მეწყერი ქმნის განსახლების აუცილებლობას. თუ მოეწყობა მინისაწარმოები, ტურისტული ინფრასტრუქტურა და მოსახლეობას შემოსავალი გაუჩნდება, არ იფიქრებენ წასვლაზე.

ხულოს მოსახლეობის უმრავლესობა ზაფხულს იალაღზე ატარებს, მთებზე მათ არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და იალაღებთან მისასვლელი გზები ამორტიზებულია, რამდენად შესაძლებელია პრობლემის მოგვარება?

იალაღებზე ელექტრომომარაგების მოწესრიგებას 2015 წელს დავიწყებთ. რაც შეეხება გზებს, გარკვეული მიმართულებით დავიწყეთ გზების მოასფალტება, ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს ცენტრალური გზიდან სოფლის ცენტრებამდე გზების მშენებლობა უნდა დავასრულოთ, ეს დაახლოებით 250 კილომეტრია.

აუცილებელია მთის გზების რეაბილიტაცია, წელს ვერ მოხერხდა და ყველა მთაში ვერ მივედით. ძირეულად და მასიურად დავიწყეთ იმ გზების შეკეთება, სადაც უფრო მეტი ხალხი მოძრაობს, მომავალში უფრო მომზადებულად შევხვდებით სეზონს. დღეს საუბრობენ გზებზე, მაგრამ არც ერთი გზა გაკეთებული არ დაგვხვედრია.

დაბა ხულოში მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ ის წყალი, რომელსაც ისინი მოიხმარენ, ეკოლოგიურად დაბინძურებულია. რას გააკეთებთ პრობლემის მოგვარებისთვის?

ჩვენ დავიწყეთ დაბაში არსებული წყლის პრობლემების მოგვარება, ჩემი გამგებლობის პერიოდში ვიყიდეთ მილიონნახევრიანი პროექტი, რომელიც დაბასა და მიმდებარე სოფლებში წყლის პრობლემას მოაგვარებს. პროექტის დასრულების შემდეგ 24-საათიანი სუფთა წყალმომარაგება იქნება. სასმელი წყლის პრობლემა დაბასა და მიმდებარე სოფლებში 2015 წელს არ იარსებებს.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ძირითადად ცენტრალური და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული  მიზნობრივი ტრანსფერით ივსება. რამდენად საკმარისია არსებული თანხა პრობლემის გადასაჭრელად?

ადგილობრივი შემოსავალი 300 000 ლარია, ხულოს ბიუჯეტი ძირითადად დოტაციაზეა, დღეს არსებული ბიუჯეტი საშუალებას ვერ გვაძლევს ყველა პრობლემა გადაიჭრას. ვფიქრობ, ბიუჯეტი უნდა გაიზარდოს, ხელისუფლების მხრიდან ამის თაობაზე თანხმობა არის, მაგრამ რამდენით გაიზრდება ამ ეტაპზე  არ ვიცი.

 

თქვენი გათვლით რამდენით უნდა გაიზარდოს ადგილობრივი ბიუჯეტი?

ქვეყანას რის შესაძლებლობაც აქვს, ამის მიხედვით უნდა განსაზღვრა, თორემ საჭიროება ძალიან ბევრია. იმ რესურს, რაც მოგვეცემა, უფრო ეფექტურად გამოვიყენებთ და რაციონალურად გავხარჯავთ, ისეთ საქმეებში დაიხარჯება ფული, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობას წლობით წაადგება.

რა ქონებას ფლობთ?

მაქვს 755 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ბათუმში, ანგისის დასახლებაში და `ტოიოტა რავ-4~ მარკის ავტომანქანა. მყავს ორი შვილი, უფროსი პირველი კურსის სტუდენტია, 50%-იანი გრანტი მოიპოვა და ჯავახიშვილის უნივერსიტეტში სწავლობს, უმცროსი სკოლის მოსწავლეა, მეუღლე პროფესიით გეოგრაფია, მაგრამ ამ ეტაპზე არ მუშაობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: