სიახლეები

სტომატოლოგთა კონგრესი ბათუმში

25.07.2014 • 2342
სტომატოლოგთა კონგრესი ბათუმში

 

ზურაბ ალხანიშვილი
ზურაბ ალხანიშვილი

„წელს კონგრესის ათი წლის იუბილეა და მასშტაბური ღონისძიებები დავგეგმეთ. წელს უფრო პრაქტიკული ნაწილი დავტვირთეთ, არის სხვა და სხვა სექცია,  რამდენიმე დარბაზში ერთდროულად მიმდინარეობს ლექციები“  – ამბობს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი.

 

მისი თქმით, კონგრესზე 400 ექიმია რეგისტირებული, მათი უმრავლესობა აჭარის რეგიონიდანაა. ასევე, კონგრესში მონაწილეობენ  ექიმები მეზობელი ქვეყნებიდან და ლექციები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,  ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობს.

 

„მედიცინაში და განსაკუთრებით  სტომატოლოგიაში ძალიან მნიშვნელოვანია განათლება. სტომატოლოგია ის დარგია, რომელიც ტექნოლოგიაზე ძალიან არის დამოკიდებული, თუ სისტემატურად არ გაეცანი სიახლეებს, არ დაესწარი მასტერკლასებს, ამ ბაზარზე, რომელიც უზომოდ კონკურენტუნარიანია, ძალიან ძნელია, რომ თავი გადაირჩინო“ – ამბობს ზურაბ ალხანიშვილი კონგრესის მნიშვნელობაზე საუბრისას.

 

კონგრესის პარალელურად სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარეობს სტომატოლოგიური მასალების, ახალი ტექნოლოგიების და ფარმაცევტული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სადაც სტომატოლოგიის სფეროში მოღვაწე თითქმის ყველა კომპანიაა წარმოდგენილი. კონგრესი ორი დღის მანძილზე გაგრძელდება, თუმცა კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი მასტერ-კლასები ბათუმის სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებში 30 ივლისამდე გაგრძელდება.

 

ზურაბ ალხანიშვილის თქმით, კონგრესის ფარგლებში  გაიმართება მრგვალი მაგიდა სტომატოლოგიაში ახალი რეგულაციის საკითხებზე, სადაც სტომატოლოგთა ასოციაცია წარმოადგენს თავისი პირველადი სამუშაოების ანგარიშს: „როცა დაიწყო ახალ რეგულაციებზე საუბარი, ჩვენ მივედით  სამინისტროში და შევთანხმდით, რომ სტომატოლოგია ასოციაცია სამინისტროს მიაწვდის რეკომენდაციებს და ამ რეკომენდაციებს სამინსიტრო მეტნაკლებად გაითვალისწინებს. ასოციაციამ დაიწყო უკვე ამაზე მუშაობა,  ძირითადი მონახაზი ჩვენ უკვე გვაქვს და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს გავაცნობთ საზოგადოებას.“

 

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ხუთი ათასამდე ექიმს აერთიანებს. წელს ასოციაციას ახალი პრეზიდენტი ყავს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი  ქეთევან გოგილაშვილი.

 

ზურაბ ალხანიშვილის თქმით, ასოციაცია „ძალიან დიდი ტრადიციების მქონე ორგაზანიაციაა. ეს არის მემკვიდრე იმ პირველი კბილის ექიმების საზოგადოებებისა, რომელიც ძველად იყო საქართველოში.“  

გადაბეჭდვის წესი