სიახლეები

ტურიზმი უცვლელი პრობლემებით

26.07.2014 • 2539
ტურიზმი უცვლელი პრობლემებით

ტურიზმი
ტურიზმი

„ყოველთვის ივლისში ჩამოვდივარ დასასვენებლად. ბინას კერძო სექტორში ვქირაობ, სასტუმროს ვერ ვწვდები. 20 ლარს ვიხდი დღეში, მაგრამ პირობებით არ ვარ უკმაყოფილო. დაახლოებით 800-1000 ლარი მიჯდება ბათუმში დასვენება ორი კვირით. ამბობენ, თურქეთშიც შეიძლება ამ ფასად დასვენებაო, მაგრამ მაინც ბათუმი მირჩევნია,“ – ამბობს ნათია, რომელიც მეოთხე წელია ბათუმში დასასვენებლად თბილისიდან ჩამოდის. მისი დაკვირვებით ფასები ბათუმში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, თუმცა არც მომსახურების ხარისხი გაუმჯობესებულა. „უბრალოდ, უკვე ვისწავლეთ, სად უნდა მივიდეთ, რომ იაფად ვიკვებოთ და არ მოგვატყუონ. პირველად რომ ჩამოვედი, თანხა არ მეყო და მშობლებს ვთხოვე დახმარება, შემდეგ ასე აღარ მომხდარა. ისე, წელს ბათუმი უფრო მოწყენილი მეჩვენება, შარშან მგონი უფრო მეტი ტურისტი იყო “, – ამბობს ის. 

ოფიციალური სტატისტიკა შარშანდელთან შედარებით, გაიზარდა თუ არა ტურისტების რაოდენობა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში ჯერ არ აქვთ. აქ ამბობენ, რომ დეპარტამენტმა ტენდერი გამოაცხადა კვლევაზე, თუ რა მეთოდით უნდა დაითვალოს ტურისტების რაოდენობა. „მოგეხსენებათ, კერძო სექტორში განთავსებული ტურისტების რაოდენობის დათვლა ძალიან რთულია, ამიტომაც  გვექნება ახალი მეთოდოლოგია და წელს სექტემბრის პირველ რიცხვებში უკვე გვექნება შედეგები“, – ამბობს დემურ დიასამიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე.

თუმცა, მისი თქმით, აჭარაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა რომ გაიზარდა, ამაზე ბათუმის მიმართულებით გასულ წელთან შედარებით გაზრდილი ავიარესების რაოდენობაც მეტყველებს: „სეზონის პიკზე უკრაინიდან გვექნება მინიმუმ 11 ფრენა კვირაში, ანუ დღეში თითქმის ორი ფრენა, გასულ წელს თუ იყო პოლონეთიდან კვირაში ორი ფრენა, წელს მინიმუმ 4 ფრენა იქნება. იგივე შეიძლება ითქვას საკრუიზო ტურიზმთან დაკავშირებით, გასულ წელს თუ 16 საკრუიზო ლაინერი შემოვიდა, წელს მინიმუმ 24 შემოვა, რაც თითქმის ასპროცენტიანი ზრდაა“.  

„ფასისა და ხარისხის შეუსაბამობა“, – ასე აყალიბებს აჭარაში ტურისტული სეზონის და, ზოგადად, ბაზრის პრობლემას დემურ დიასამიძე და აქვე იმასაც დასძენს, რომ ეს არა მარტო ბათუმის, არამედ რეგიონის, ქვეყნის პრობლემაა. „საბაზრო ეკონომიკის პირობებში საფასო პოლიტიკაში სახელმწიფო პირდაპირ ვერ ჩაერევა, ვერავის უბრძანებს, თუ რა ფასად უნდა გაყიდოს ხინკალი ან ქაბაბი, ან სასტუმროში რა ფასი უნდა ჰქონდეს“, – ამბობს ის.

ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე წლევანდელი სეზონის წარმატებად ცხრა სამიზნე ქვეყანაში [თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ბელორუსია, ისრაელი, ყაზახეთი, პოლონეთი და რუსეთი] წარმოებულ სარეკლამო კამპანიას და აჭარის მაღალმთიანეთსა და ბათუმში გახსნილ ტურისტულ ცენტრებს მიიჩნევს, რის შედეგადაც ტურისტული ცენტრების რაოდენობა აჭარაში ცხრამდე გაიზარდა. აჭარის ტურისტული პოტენციალის სარეკლამო კამპანიისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით მილიონ-ნახევარი ლარი დაიხარჯა.

„ჩვენი სამიზნე ჯგუფი არის მეზობელი ქვეყნები, ამ ქვეყნებიდან მარტივად შეიძლება ჩვენთან ჩამოსვლა, კომფორტულად გრძნობენ თავს განსაკუთრებით სომხები და აზერბაიჯანელები, რადგან ენის ბარიერი არა აქვთ. თურქეთიდან კი სტაბილურად იზრდება ტურისტების რაოდენობა, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ახალი ბაზრები, იგივე ბელორუსია, უკრაინა, პოლონეთი, ისრაელი. ამ ქვეყნებიდან უნდა გავზარდოთ ტურისტების რაოდენობა, რომ არ ვიყოთ ერთ კონკრეტულ ბაზარზე დამოკიდებული, რადგან თუ ერთ კონკრეტულ ქვეყანაში რაღაც შეიცვალა, პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობა, ეს ჩვენზე არ უნდა აისახოს, ჩვენი ტურიზმი არ უნდა იყოს ერთ ბაზარზე მიბმული“, – ამბობს დემურ დიასამიძე.

ვითარდება თუ არა ტურიზმი აჭარაში იმის გათვალისწინებით, რომ მთავარი პრობლემები, რომლებიც დაბალი ხარისხის სერვისსა და მაღალ ფასს უკავშირდება, წლების მანძილზე უცვლელი რჩება? „ბათუმელებმა“ ამ შეკითხვით ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ეკა ბახტაძეს მიმართა. იგი ამბობს, რომ ზოგადად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გატარებული პოლიტიკა სწორია, მაგრამ არსებობს ხელშემშლელი ფაქტორები: „ტურიზმის დეპარტამენტის მუშაობა არ იქნება საკმარისი, თუ სხვა სახელმწიფო სტრუქტურებმა არ გაააქტიურეს მუშაობა, ესაა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ძეგლების დაცვა, სისუფთავე პლაჟზე და ასე შემდეგ. აქ საჭიროა ერთიანი, კოორდინირებული მუშაობა. ტურიზმი ყველაფერთანაა კავშირში და მასზე ყველა სექტორი ახდენს გავლენას, იგივე, არამეგობრულად განწყობილი ტაქსის მძღოლიც კი, რომელმაც შეიძლება ტურისტი აეროპორტიდან წამოიყვანოს. ასევე, კერძო სექტორმა უნდა ისწავლოს მარკეტინგი, რა არის მომხმარებლის კმაყოფილება და ამის ხარჯზე მოგების მიღება“.

შეიცვალა თუ არა უკეთესობისკენ სიტუაცია ბოლო ხუთი წლის მანძილზე? ეკა ბახტაძე  პასუხობს, რომ პროგრესს ხედავს და შემდეგი მაგალითი მოჰყავს: „ვხედავ უფრო მეტ პოლონელ, უკრაინელ ტურისტს, ვხედავ ბალტიისპირეთიდან ჩამოსულ ტურისტებს… ჩნდება ისეთი სეგმენტი, რომლისთვისაც აჭარის რეგიონი არის საინტერესო. ვხედავ პროგრესს, თუმცა ბევრი რამ აკლია ტურიზმის გავითარებას აჭარაში. მთავარია, ყველა კურორტმა, მათ შორის ბათუმმაც თავისი პოზიცია ნახოს, ამას მარკეტინგში პოზიციონირება ეწოდება, ანუ რატომ უნდა ჩამოვიდეს ბათუმში ტურისტი. აქ ათი დღე უნდა დაისვენო თუ რამდენი, რაზეა ეს ქალაქი გათვლილი…“

ეკა ბახტაძის აზრით, ბათუმი ტურისტულ ბაზარზე ჯერ კიდევ ეძებს თავის ნიშას. „თუ ავიღებთ ანტალიას, ბოდრუმს და ასე შემდეგ, იქ სხვა მომსახურებაა, თურქეთში არის ისეთი ტიპის სასტუმროები, რომლის მსგავსი ჩვენთან საერთოდ არაა. თურქეთში სასტუმროებში ისეა ინფრასტრუქტურა მოწყობილი, სულ რომ არ გავიდეს ტურისტი სასტუმროდან, ის მაინც კმაყოფილია, მსგავსი ინფრასტრუქტურა ჩვენთან საერთოდ არ არსებობს, არც სანაპირო ზოლია იმხელა, ამიტომ შეუძლებელია თანაბარ პროდუქტად განვიხილოთ თურქეთისა და ჩვენი კურორტების მომსახურება. ბათუმს აქვს პოზიციონირება უფრო საქმიანი ტურიზმისთვის, ვიქენდებისთვის – უცხოელი ტურისტებისთვის. შიდა ტურისტები კი  რა თქმა უნდა, მოდიან იმისთვის, რომ უფრო ხანგრძლივი დროით დასვენონ“, – ამბობს ეკა ბახტაძე.

შეიცვალა თუ არა აჭარაში ტურიზმთან დაკავშირებული მდგომარეობა ბოლო წლების მანძილზე? „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა იმ ტურისტებს დაუსვა, რომლებიც წლებია ბათუმში ისვენებენ. მათგან უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არა, მცირე ნაწილს კი მიაჩნია, რომ – კი. 21 წლის ნიკა ალასანია ამბობს, რომ წელს უკეთესად ისვენებს ვიდრე შარშან, რადგან მხოლოდ ზღვაზე არ დადის: „მტირალაზე ვიყავით მეგობრები, ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ახლა ხულოში ვაპირებთ კარვებით წასვლას. მეტი ინფორმაცია მაქვს, შეიძლება იმიტომ ვისვენებ უკეთ“.

ნიკა აქვე დასძენს, რომ კარგი იქნება, თუ ინტერნეტში უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ბათუმსა და აჭარაში დასვენებაზე. 34 წლის თამარ ფოფხაძე კი მიიჩნევს, რომ ბათუმში „ბოლო ორი წელია მოწყენილობაა“: „ადრე სულ ტელევიზორში იყო ბათუმი, სიახლეები იყო, სულ ახალი ადგილების ნახვა გვინდოდა. წელს არ ვიცი რა დამხვდება ბათუმში ჩასულს“.  

გადაბეჭდვის წესი


ასევე: