კვირის ამბები

ბიზნესი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა

27.07.2014 • 2560
ბიზნესი და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა

საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს შესახებ “ბათუმელების” მიერ დასმულ შეკითხვებს გოჩა ირემაძემ, „ბათმშენი
2007″ -ის დამფუძნებელმა უპასუხა.

ბატონო გოჩა, სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ როგორ შეაფასებთ დღეს არსებულ ბიზნესგარემოს?

როგორც ვმუშაობდით, ისე ვმუშაობთ, არც არაფერი გამოსწორებულა და არც გაუარესებულა. მე კერძო ბიზნესი მაქვს. ერთადერთი ცვლილება რაც არის, უკრაინელები ყიდულობენ ბინებს. ყაზბეგის ქუჩაზე, ჩემს აშენებულ სახლში, რომელიც ხელისუფლების ცვლილებამდე დავასრულე, არც ერთ უკრაინელს არ უყიდია, მხოლოდ ქართველებმა იყიდეს. შეიძლება ეს ადგილის ბრალია და მათ ყაზბეგის ქუჩა არ მოსწონდათ, თუმცა სახლზე, რომელსაც ახლა ვაშენებ, მათი დაინტერესება აშკარაა.

რამდენად ჯანსაღი კონკურენცია არსებობს ქვეყანაში?

კონკურენცია ნორმალურია და მის გარეშე არც იცხოვრება, კონკურენციისგან თავის დაცვა შეიძლება ხარისხით და მოთმინებით. კონკურენტული გარემო არ არის ხელშემშლელი, რადგან ფასსაც და დაინტერესებასაც ის ზონა განსაზღვრავს, სადაც აშენებ კონკრეტულ სახლს, არის 400 დოლარიანი ბინებიც და 1700-იც [კვ.მეტრი], ყველას თავისი მყიდველი ჰყავს. ჩვენ შემთხვევაში არქიტექტურაც ძალიან მნიშვნელოვანია, 2012 წელს ჩვენი სახლი საუკეთესო არქიტექტურულ ნამუშევრად შეფასდა მთელ საქართველოში, `ოქროს მამლით~ დაგვაჯილდოვეს. ევროპის მასშტაბითაც ვაპირებთ მის ჩვენებას, გამოფენებზე წარვადგენთ, ვნახოთ, იქ როგორ მოიწონებენ ჩვენს არქიტექტურას. სახლის არქიტექტორი 27 წლის ევგენი ზახაროვია, ერთად ვიმუშავეთ ამ პროექტზე, მისი და ჩემი ხედვა ერთმანეთს ავსებდა.

იყიდება თუ არა ბინები და უცხოელები თუ ყიდულობენ?

წელს გავყიდეთ ორი ბინა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ კარგად გაიყიდა, მერე, გაზაფხულზე შეჩერდა, ზაფხულის ბოლოსკენ ისევ დაიწყო, ზაფხული-შემოდგომა _ ამ დროს უფრო ყიდულობენ, ამ ზაფხულს ველოდებით კლიენტებს.
უკრაინელები და რუსები ყიდულობენ. სახლში, რომელსაც ახლა ვაშენებ, სულ 174 ბინაა, აქედან დაახლოებით ათი ბინა იყიდა უცხოელმა, ბინების სამოცი პროცენტი გაყიდულია, ერთი სართული ისედაც ეზოს მცხოვრებლებს უწევთ, მეც აქ ვცხოვრობდი, სწორედ ამის მეშვეობით მოვახერხე მობინადრეების დათანხმება. ჩემი ეზოს გარდა დავითანხმე მეზობლად მდებარე იტალიური ეზოს მობინადრეებიც, საერთო ჯამში, ავითვისე გორგილაძის ცხრა და თერთმეტი ნომრები და ლუკა ასათიანის 24-26.

  გოჩა ირემაძე ირანელ ბიზნესმენთან მოლაპარაკების დროს

გოჩა ირემაძე ირანელ ბიზნესმენთან მოლაპარაკების დროს

მცირდება თუ არა ფასი უძრავ ქონებაზე?

ფასის ვარდნა იყო მას შემდეგ, რაც დაიწყო „ეკონომბინების“ მშენებლობა, ჩვენც, როცა გაგვიჭირდა, ცხრა-ათი ბინა გავყიდეთ 500-600 დოლარში [კვ.მეტრი]. ჩვენთან საშუალო ფასი არის 700 დოლარი ლარის ექვივალენტში. მშენებლობის დაწყებამდე ვიცით, რამდენად უნდა გავყიდოთ ბინები. ზონა, ადგილი განსაზღვრავს ფასს.

სახელმწიფო დაკვეთებს თუ იღებთ?

არა, სახელმწიფო დაკვეთებს არ ვეკარები, ძალიან ბევრი ფირმაა, რომლებსაც ტექნიკურად ძლიერი შესაძლებლობა აქვთ, მათ კონკურენციას ვერ გავუწევთ.

რთულია საქართველოში ბიზნესის წარმოება?

არა, საკმაოდ მარტივია. მოსკოველი პარტნიორი მყავს, რომელთან ერთადაც ჯავახიშვილის ქუჩაზე ავიღე ობიექტი. პარტნიორთან ერთად დავაარსე ახალი შპს. ერთი-ორი დღე დასჭირდა ყველა პროცედურის გავლას. ჩემი პარტნიორი მეუბნება, რომ ამ საქმეს მოსკოვში მინიმუმ ხუთი თვე სჭირდება, ხარჯებიც ხუთჯერ მეტია, ხელისუფლება ამ კუთხით საქმეს გვიადვილებს.

თუ ყოფილა შემთხვევა, როცა უსამართლოდ დაგაჯარიმეს და ამ შემთხვევაში თუ მიგიმართავთ საჩივრით შესაბამისი უწყებებისთვის?

არა, ერთადერთხელ დამაჯარიმეს, ისიც, ვფიქრობ, სამართლიანად. პროექტის დარღვევის გამო, თუმცა მალევე გამოვასწორე.

ცნობილია, რომ ზურაბ გორგილაძის სახლი შეიძინეთ. ეს თქვენი ინიციატივა იყო?

ისეთი გამორჩეული პოეტი, როგორიც ზურაბ გორგილაძეა, ყველას დაფასებას იმსახურებს, მე მისი თაყვანისმცემელი ვარ. ბიზნესმენმა ზვიად აბულაძემ მითხრა, რომ ირანის მოქალაქემ იყიდა ეს სახლი, შემომთავაზა გამოვისყიდოთო. გია აბულაძე, ყოფილი განათლების მინისტრი დაგვეხმარა სახლის პატრონთან კონტაქტზე გასვლაში, ირანელს მენეჯერად ჰყავს აკადემიკოს აკაკი გაწერელიას შვილიშვილი ნინო გაწერელია, ის დაგვეხმარა, სულ სამი ოთხი თვე დაგვჭირდა, მალევე მოვახერხეთ შეთანხმება. სახელმწიფოც ცდილობდა გამოსყიდვას, ამის გამო ფასს უფრო ზრდიდა მეპატრონე. როცა მე შევთავაზე გამოსყიდვა, როგორც კერძო პირმა, დამოკიდებულება შეცვალა. მეკითხებოდა, რომელი პოლიტიკური პარტიიდან ხარო, ავუხსენი, რომ კერძო პიროვნება ვარ, სახლის შესყიდვა კი ქველმოქმედების მიზნით მსურდა. გაგებული ადამიანი აღმოჩნდა, როცა ავუხსენით, რომ ეროვნული მნიშვნელობის სახლია, დაგვითმო.

სახლის გამოსყიდვა 98 ათასი ლარი დამიჯდა, სახელმწიფოს საჩუქრად გადავცემ, რაც კიდევ ხარჯებს უკავშირდება. საბოლოო ჯამში, ეს თანხა 120 ათასი ლარი იქნება.

საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა მაკისრია, აქ რომ მოვიგე, საჭიროა საზოგადოების საკეთილდღეოდ გავაკეთო რამე, თან ჩემთვის რეკლამაც არის. მიმაჩნია, რომ კარგ საქმეს ვაკეთებ, ასე ხდება სხვა შემთხვევებშიც, ახალგაზრდა პოეტებს ბანაკი მოვუწყვე ბეშუმში, ვეხმარები ეკლესიის მშენებლობას ხან თანხით, ხან – მასალებით, როცა დახმარება სჭირდებათ, მომმართავენ, თუ შემიძლია, მეც უარს არ ვეუბნები.

აჭარის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ხართ, რა სიახლეები გაქვთ?

ოთხი წელია სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ვარ, ყოფილმა პრეზიდენტმა ზვიად აბულაძემ შემომთავაზა ამ თანამდებობაზე მე შემეცვალა. მაშინვე ვიცოდი, რომ ეს გარკვეულ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული, წელიწადში შვიდი-რვა ათასი მეხარჯება, მაგრამ როცა ხარ ბიზნესმენი, სხვების საკეთილდღეოთაც უნდა აკეთო საქმე, თან ეს არ არის ისეთი თანხა, რომ ვერ გავწვდე. ჩემთვის სასიამოვნო საქმეა, შეჯიბრებებზე დავყვები ბავშვებს, სპორტის სახეობაა, აზარტია, თან როცა იცი, რომ ბავშვებს ახარებ, ეს ორმაგად გახარებს. ღორჯომში სათხილამურო ზონას ვამატებთ. წელს სათხილამურო ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებია, თუ გამგეობა მოისურვებს ისევ მე დავრჩე პრეზიდენტად, სიამოვნებით დავრჩებოდი.

სამომავლოდ სად გეგმავთ ინვესტირებას?

სამშენებლო ბიზნესში ვაპირებ დარჩენას, ინვესტირებასაც ამ კუთხით ვგეგმავ, ლუკა ასათიანის #26-ში ვაპირებ მშენებლობას, შემდეგ – #28-ში. ჯავახიშვილის ქუჩაზე უკვე გვაქვს მშენებლობის ნებართვა მიღებული, ამ სახლს რომ დავამთავრებ, იქ დავიწყებთ. რამდენიმე მშენებლობას ერთად არ ვაწარმოებ, ერთს დავასრულებ და მერე გადავდივარ მეორეზე.

რამდენად რთულია სამშენებლო ბიზნესში თავის დამკვიდრება?

2006 წელს სულ ხუთი თუ ექვსი სამშენებლო კომპანია ვიყავით, ახლა იქნება ალბათ ას შვიდი. თუ მყიდველი არის, რა უნდა მშენებლობას. მყიდველმა იცის რა უნდა იყიდოს, ყველანაირი ბინაა ყველანაირ ფასად. მაშინ არ იყო რთული ჩემთვის.

დღეს რამდენი ობიექტი გაქვთ?

ერთი კორპუსი ავაშენე ყაზბეგის ქუჩაზე და მეორეს ვაშენებ აქ, სხვა მშენებარე ობიექტი ჯერჯერობით არ მაქვს, უკვე რვა წელია ამ ბიზნესში ვარ და მხოლოდ ორი ბინა ავაშენე.

როდის და როგორ დაიწყეთ ბიზნესსაქმიანობა?

1992 წელს, ინსტიტუტი დავამთავრე თუ არა, მაშინვე ბიზნესში ჩავერთე, ჩაი გაგვქონდა უკრაინაში, ოზურგეთში ჩაის ფაბრიკებში ვყიდულობდით. დაახლოებით ორი წელი ვეწეოდი ამ საქმეს. ამის შემდეგ პაუზა მქონდა გარკვეული პერიოდი, მერე ფქვილის ბიზნესში ჩავერთე, რომელმაც არ გაამართლა კონკურენციის გამო, მანდარინის გატანაც ვცადე, არც ამან გაამართლა, გვქონდა ბევრი ზარალიც და ბევრი წარმატებაც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: