ებოლა და საქართველოს საზღვრები

 

 

ბოლო მონაცემებით, საფრთხის შემცველი ოთხი ქვეყნიდან საქართველოში 86 ადამიანია შემოსული, რომელთაგან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 73 ადამიანი უკვე მოიხსნა დაკვირვებიდან და მათ ებოლას ვირუსი არ დაუდგინდა, 13 მათგანს კი ისევ აკვირდებიან. „აქედან უმეტესობა ნიგერიელი სტუდენტი იყო, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ. ერთი კი – ლიბერიაში საქმიან ვიზიტზე მყოფი საქართველოს მოქალაქე”, – ამბობს ის.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარო ჩხაიძის თქმით, აჭარაში მხოლოდ ერთ ადამიანს აკვირდებოდნენ, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ ნიგერიიდან შემოვიდა. თუმცა, მისივე თქმით, ნიგერიის მოქალაქე ჯანმრთელია და მას უკვე აღარ აკვირდებიან, რადგან 20 ოქტომბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალური განცხადებით, ნიგერია ებოლასგან თავისუფალ ქვეყანად გამოცხადდა. “ნიგერიაში ორი საინკუბაციო პერიოდის (ექვსი კვირის) განმავლობაში დაკვირვების შედეგად ქვეყანაში ახალი შემთხვევები აღარ დაფიქსირებულა”, – ამბობს მარო ჩხაიძე.

ებოლას ვირუსის მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი 21 დღეა, ამიტომაც რისკჯგუფს მიკუთვნებულ ადამიანებზე დაკვირვება სწორედ ამდენ ხანს გრძელდება. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას რისკჯგუფს მიკუთვნებული ადამიანები რეგისტრაციას გადიან და მათ შესაბამისი სამახსოვროები ურიგდებათ, რომელშიც აღწერილია ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, პირღებინება, თავის ტკივილი, სისხლჩაქცევა და სხვა) და დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს კოორდინატები, რომელსაც უნდა მიმართოს ადამიანმა ამ სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში.

 

მარო ჩხაიძის თქმით, ებოლას გადადების გზების გათვალისწინებით, არ არსებობს არანაირი რისკი იმისა, რომ ვირუსი საზღვაო ან საჰაერო გზით შემოსულ ტვირთსა და ამანათს შემოჰყვეს საქართველოში. მისივე თქმით, ეს არ არის ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსი. „ებოლათი დაავადება მხოლოდ ინფიცირებულთან უშუალო კონტაქტით, მისი სისხლის, ნერწყვისა და სხვა ბიოლოგიური სითხეების ორგანიზმში მოხვედრით არის შესაძლებელი, ამიტომ ტვირთის მეშვეობით ამ ვირუსის საქართველოში შემოსვლის საშიშროება ნამდვილად არ არსებობს”, – განმარტავს მარო ჩხაიძე.
ამ ეტაპზე სასაზღვრო პუნქტებში დეზინფექცია მხოლოდ მეორადი მოხმარების საქონელს (ავეჯი, ტანსაცმელი) უტარდება (თუ ასეთი ტვირთი დიდი წონისაა, ტვირთის მეპატრონემ დეზინფექციის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა იქონიოს). იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დასენიანებული ან/და დასენიანების რისკის მქონე ქვეყნებიდან შემოდის სატრანსპორტო საშუალებები, “საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და კონტროლის ზონებში სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის” მე-3 მუხლის მიხედვით, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს ევალება “შეამოწმოს დასენიანებული რეგიონებიდან შემოსული ბარგი და ხელბარგი, ტვირთი, კონტეინერები, სატრანსპორტო საშუალებები, საქონელი, საფოსტო გზავნილები და ადამიანის გვამი, ინფექციისა და კონტამინაციის წყაროების (გადამტანებისა და რეზერვუარების ჩათვლით) არარსებობაში დარწმუნების მიზნით”, – ნათქვამია დოკუმენტში.

შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, საქართველოს არც ერთ იმ ქვეყანასთან არ აქვს სახმელეთო, საჰაერო ან/და საზღვაო მიმოსვლა, სადაც ებოლას ვირუსი მძვინვარებს: „ჩვენთან არც ტვირთი ჩამოდის ამ ქვეყნებიდან, ამიტომ ამბობენ ექსპერტები, რომ ჩვენთან ამ ვირუსის გავრცელების საფრთხე მინიმალურია.”

ხატია მოისწრაფიშვილის თქმით, საზღვარზე ფიტოსანიტარული და, ზოგადად, დაავადებათა კონტროლი, მათი ძირითადი სამოქმედო დადგენილების გარდა მთავრობის ახალი #1807 დადგენილებითაც რეგულირდება: “ებოლასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გამოსცა დამატებით განკარგულება, სადაც დამატებითი მითითებებია გაწერილი კონკრეტულად ამ ვირუსთან დაკავშრებული საფრთხეების მინიმიზირებისთვის, ეს ყველაფერი იმპლიმენტირებულია საბაჟოებზე”.

ეს დოკუმენტი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით შეიქმნა. “ებოლასგან თავისუფალი ქვეყნები, რომლებიც ასევე საფრთხეში არიან, სრულ მზადყოფნაში უნდა იყვნენ ქვეყანაში ებოლათი დაინფიცირების დაფიქსირების შემთხვევისთვის, რისთვისაც სპეციალური გეგმა უნდა არსებობდეს, რომელიც ინფექციის პროფილაქტიკის კონტროლს, სიტუაციაზე დაკვირვებას, ლაბორატორიულ პოტენციალის უზრუნველყოფას, საზოგადოების ინფორმირებას და სპეციალური რეგულაციების არსებობას მოიცავს”, – ნათქვამია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში. ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა საქართველომ 1-ელ ოქტომბერს შეიმუშავა, რომელშიც ამირან გამყრელიძის თქმით, კონკრეტულადაა გაწერილი თუ რა პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლების თითოეულ შტოს იმ შემთხვევაში, თუ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდება საქართველოში, ან პრევენციის რა ზომები უნდა გატარდეს.

სამოქმედო გეგმის მიხედვით, შემოსავლების სამსახური, გარდა გამშვები პუნქტების კონტროლისა და საინფორმაციო ბროშურების დარიგებისა, საჭიროების შემთხვევაში “უზრუნველყოფს იმ მგზავრთა მართვას (მათ შორის, ტრანზიტული), რომლებიც მოემგზავრებიან ებოლათი დასენიანებული ქვეყნებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და მსხვილი გამშვები პუნქტების გავლით და აღენიშნებათ დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება”, – ვკითხულობთ დადგენილებაში.
სამოქმედო დოკუმენტის მიხედვით, ყველა რეგიონში გამოიყო პრიორიტეტული მიმღები დაწესებულებები, აჭარის შემთხვევაში ეს ბათუმის რეფერალური საავადმყოფო იქნება. მარო ჩხაიძის თქმით, ამ ეტაპზე ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები ტარდება სხვადასხვა კლინიკის მედპერსონალთან. მათ აცნობენ ამ ინფექციის გადაცემის გზებს, მკურნალობის, პრევენციისა და კონტროლის საკითხებს და ასევე პერსონალური დამცავი საშუალებებისა და ხელსაწყოების სწორად გამოყენებას.

ეკოპარკები პოლიეთილენის ნაცვლად

“ბიბლუსის” პიარმენეჯერი მარიამ წამალაშვილი ამბობს, რომ ქსელი მუყაოს პარკების კამპანიას 2013 წლიდან აწარმოებს, თუმცა მომხმარებელი მაინც პოლიეთილენის პარკებს ამჯობინებს -“ქართველი მომხმარებელი არ არის მზად იმისთვის, რომ მთლიანად ამოვიღოთ მოხმარებიდან პოლიეთილენის პარკები”, – ამბობს ის. “ბიბლუსის” ქსელის 45 ფილიალიდან თითოეულში ყოველდღიურად 150-მდე მომხმარებელი შედის და მარიამ წამალაშვილის თქმით, მათგან მხოლოდ 40% თუ სარგებლობს მუყაოს პარკით.

წიგნის მაღაზიათა ქსელი “ბიბლუსი”, გამომცემლობა “პალიტრა L-ის” მაკულიტერატურის პროექტშია ჩართული, შესაბამისად, მუყაოს პარკის ფურცელი, რომელიც ბიბლუსის ქსელში გამოიყენება, სწორედ მათ მიერ შეგროვებული მაკულატურისგან მზადდება. “რადგან გარემოს დაცვა ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობაცაა, პოლიეთილენის პარკების პარალელურად, შემოვიღეთ მუყაოს პარკები, რომლებიც მეორადი გადამუშავების ფურცლისგან მზადდება”,- ამბობს მარიამი.

კიდევ ერთი ქართული კომპანია, რომელიც დაარსების დღიდან მხოლოდ ქაღალდის პარკით ყიდის თავის პროდუქციას, სააფთიაქო ქსელი “ფარმადეპოა”. „თითქმის ხუთი წელია ანუ დაარსების დღიდან “ფარმადეპო” ეკოპოლიტიკას ატარებს. “ეს არ ყოფილა რომელიმე ორგანიზაციის ან რაიმე კონკრეტულ კვლევაზე დაფუძნებული ინიციატივა, უბრალოდ, ჩვენ თავიდანვე გვჯეროდა, რომ არ შეიძლება დააბინძურო და დააზიანო გარემო, რომელშიც ცხოვრობ”, – ამბობს “ფარმადეპოს” მარკეტინგის მენეჯერი ჯაბა დალაქიშვილი. მისივე თქმით, მაკულატურის მოგროვების მიზნით მათთან პერიოდულად მიმდინარეობს აქცია, რომლის ფარგლებშიც “ფარმადეპოს” ხუთი პარკის სანაცვლოდ მათი მომხმარებელი მედიკამენტზე 20%-იან ფასდაკლებას იღებს.

კრაფტის ქაღალდი, რომლისგანაც “ფარმადეპოს” პარკებია დამზადებული, ეკოპროდუქტია, იგი სრულად ბიოდეგრადირებადია, ბოლომდე ბუნებრივად იშლება/იხრწნება, თუმცა ქაღალდისა და მუყაოს ეკოლოგიური შეფუთვების კანადური საბჭოს ერთ–ერთი კვლევის (PPEC – Understanding Recycled Content) თანახმად, ხშირად კრაფტის ფურცლის დასამზადებლად პირველადი მასალა – ახლად მოჭრილი ხე, ხის ნაფოტი ან ხის ბურბუშელა/ნახერხი გამოიყენება.

“მწვანე ალტერნატივას” პოლიტიკის ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე “ნეტგაზეთთან” ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ქაღალდის პარკის წარმოებაზე დახარჯული რესურსით გამოწვეულ ზიანს (იქნება ეს მოჭრილი ხე თუ გადამუშავებაზე დახარჯული ელექტროენერგია), პოლიეთილენით გამოწვეული ზიანი ყოველთვის არ აღემატება. “გააჩნია, ეს ქაღალდის პარკი როგორ არის წარმოებული, თუ ეს არის გადამუშავებული ქაღალდისგან ნაწარმოები, მაშინ შეიძლება, მაგრამ თუ ამისთვის ხელუხლებელი ტყეები უნდა მოიჭრას, ეს უკვე მიუღებელია” – ამბობს ის.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის კვლევის მიხედვით, საქართველოში ერთი მოსახლე საშუალოდ 525 ერთჯერად პოლიეთილენის პარკს მოიხმარს წელიწადში, მაშინ როცა ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 200 პარკია ერთ ადამიანზე. სწორედ ამიტომ კანონპროექტში – “ნარჩენების მართვის კოდექსი”, რომელიც მთავრობამ 23 ოქტომბერს დაამტკიცა და რომელიც სულ მალე პარლამენტმა უნდა მიიღოს, შესულია რეგულაციები, რომლითაც სახელმწიფო გარკვეული სუფსიდიების დაწესებისა თუ სხვადასხვა მექანიზმის სახით შეეცდება შეამციროს პოლიეთილენის პარკების ჭარბი გამოყენება ქვეყანაში და ხელი შეუწყოს იმ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რომლებითაც შესაძლებელი იქნება პოლიეთილენი ჩანაცვლდეს, არა მარტო გადამუშავებული მაკულატურისგან დამზადებული ქაღალდის პარკებით, არამედ სხვა, მრავალჯერადი გამოყენების პარკებით, რომლებიც ასევე ბიოდეგრადირებადი, მცენარეული წარმოშობის მასალისგან მზადდება. „საამისოდ უნდა შეიქმნას შეგროვების სისტემები და დაინერგოს რეციკლირების სისტემა (ანუ გადამუშავება და მისგან ხელახალი პროდუქციის წარმოება)”, – ამბობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი. მისივე თქმით, ნარჩენების სეპარირება, ქუჩებში სხვადასხვა ფერის ურნების დადგმასაც გულისხმობს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისთვის იქნება განკუთვნილი. ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, ამ სისტემების დანერგვა გარკვეულ ფინანსებზე, მუნიციპალიტეტების შესაძლებლობებსა და დიდწილად მოსახლეობის ცნობიერებაზეცაა დამოკიდებული.

ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საკითხის მოგვარებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც მწარმოებელ კომპანიას, რომლის პროდუქტის მოხმარების შედეგადაც წარმოიშვება ნარჩენები, ავალდებულებს სეპარირებულად შეაგროვოს ეს ნარჩენები და გადაამუშაოს ისინი. “მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება/პასუხისმგებლობა ევროკავშირის ყველა ქვეყანაშია დანერგილი. მაგალითად, რომელიმე სასმელის, პლასტიკის ბოთლებში ჩამომსხმელი კომპანია, რომელიც ათეულობით მილიონ ბოთლს აწარმოებს და რომლის პროდუქტის გამოყენების შედეგად წარმოიშობა მუნიციპალური ნარჩენი, ვალდებული იქნება თვითონვე იზრუნოს ამ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავებაზე. ეს ეხება როგორც ქართულ კომპანიებს, ისე იმპორტიორ კომპანიებსაც – ამას შეფუთვის ნარჩენები ჰქვია”, – ამბობს ალვერდ ჩანქსელიანი.

ევროპული გამოცდილებით ასეთი კომპანიები ერთიანდებიან, ქმნიან ასოციაციებს, დებენ ხელშეკრულებებს მუნიციპალიტეტებთან. ალვერდ ჩანქსელიანის თქმით, ეს პროცესი კანონპროექტის მიღებისთანავე ვერ დაინერგება და იგი შესაძლოა ეტაპობრივად განხორციელდეს: “სერიოზული მომზადებაა საჭირო იმისთვის, რომ კომპანიებს ესმოდეთ ამ მოთხოვნების შინაარსი. გარდა გარემოს დაცვისა, ეს ეკონომიკურადაც საინტერესო იქნება ქვეყნისთვის, რადგანაც იქმნება ნარჩენების გადამუშავების მთელი ინდუსტრია, რაც საგრძნობლად შეამცირებს დასაქმების პრობლემას”.

 

ჟილინის არხი – სამუშაოები წინასწარ გათვალისწინებულ გრაფიკს ჩამორჩა

 

 

 

“უკვე მივეცით გაფთხილება გეგმა-გრაფიკის დარღვევასთან დაკავშირებით და მივიღეთ პირობა, რომ გამოასწორებენ”, – უთხრა “ბათუმელებს” მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ბახტაძემ.


შპს “ჰიდროს” დირექტორის მოადგილის ტიტე დუმბაძის ინფორმაციით, სამუშაოებს ხელი უამინდობამ შეუშალა: “თქვენც იცით როგორი წვიმები იყო, თუმცა დიდი გადაცდომა არ გვაქვს. სამუშაოები მიმდინარეობს და პრობლემები არ იქნება”.


რეკომენდაციას ჟილინის არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაგეგმვისას ამინდის ფაქტორის გათვალისწინებაზე ხელშეკრულებაც ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც გარკვეული სამუშაოები წელიწადის იმ დროს უნდა ჩაეტარებინათ, როცა ბათუმში ნალექიანობა იკლებს.


სპეციალისტები განმარტავენ, რომ განსხვავებით ბათუმის შიგა სანიაღვრე ქსელებისგან, ჟილინის არხის წყალგამტარში წყალი მუდმივად გაედინება როგორც წლის მაქსიმალური, ასევე მინიმალური ნალექის პერიოდში. განსხვავება მხოლოდ არხში გამდინარე წყლის რაოდენობაშია.


ნალექების მაქსიმალური პერიოდისათვის არხში გამდინარე წყლის რაოდენობამ, ზღვაში მიერთების წინ, შეიძლება მიაღწიოს 10 000 ლ/წმ. ხოლო მინიმალური ნალექების დროს (გვალვის პერიოდში) 50ლ/წმ-დე მცირდება:

“ჟილინის არხზე საამშენებლო სამუშაოები უნდა ჩატარდეს წლის მინიმალური ნალექის დროს, როდესაც საჭირო წყალქცევითი სამუშაოები შედარებით ადვილი შესასრულებელი იქნება. არხზე საამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს (ქანობის მიმართულებიდან გამომდინარე) ქვემოდან ზემოთ. რადგან ზღვის სანაპირო ზოლთან არსებული ახლად აშენებული წყალგამტარი ნაგებობა აკმაყოფილებს პროექტით მოთხოვნილ პირობებს, იგი უცვლელადაა ჩართული ახალ საპროექტო სისტემაში. არხის მშენებლობა განხორციელდება მხოლოდ ამ ნაგებობიდან ზემოთ”, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.


ამ შემთხვევაში სანიაღვრე კანალიზაციის გამყვანი სისტემა რკინა-ბეტონის დახურული და ღია არხები ხშირ შემთხვევაში დასილულია. მას არ გააჩნია საკმარისი ქანობი, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს მოსული წვიმის წყლის გატარებას.


ჟილინის არხად წოდებული სანიაღვრე კანალიზაციის სისტემა იწყება მთისძირის ქუჩიდან. იგი დასაწყისში მცირე ზომის მიწის არხია. შესაბამისად, არხის კვეთის ფართობი თანდათან იზრდება და ზღვასთან მიერთების წინ, არხის სიგანე 6-8 მეტრს აღწევს. არხის საერთო სიგრძე 3 320 მეტრია. მუშა პროექტით დაზუსტებული ანგარიშებით ჟილინის არხზე ნიაღვრის წყლების მოდინების საანგარიშო ჯამური ფართობი 285.7ჰა-ს შეადგენს.


არხის განივი კვეთის ფორმები არაერთგვაროვანია, ხშირად არხის კვეთები შეზღუდულია მოსახლეობის მიერ აგებული კედლებით, ბოგირებით, ფარდულებით, ბეტონის ფილებით და სხვადასხვა ხელოვნური ნაგებობით, რაც იწვევს არხის გამტარუნარიანობის შემცირებას და ინტენსიური წვიმის დროს მიმდებარე ტერიტორიების დატბორვას.


შექმნილ არასასურველ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს არხში მოხვედრილი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგავი, რომლითაც ჩახერგილია არხის ფერდობები, შექმნილია მიმდებარე დასახლებაში ანტისანიტარული გარემო და დაბინძურებულია ზღვასთან მიერთების ადგილი.


არხს მთელ სიგრძეზე უერთდება კანალიზაციის წყალი კერძო სახლებიდან და დასახლებული უბნებიდან. ჟილინის არხის უდიდესი ნაწილი მიწის ღია ნაგებობაა. გამონაკლისია მხოლოდ არხის მცირე უბანი, ბაგრატიონის ქუჩის გადაკვეთიდან ინასარიძის ქუჩამდე. ამ უბანზე ჩაწყობილია ბეტონის მილები. რომლის ქანობი იმდენად მცირეა, რომ ვერ უზრუნველყოფს მაქსიმალური საანგარიშო ხარჯის გატარებას და თავისთავად იწვევს მილდენების წინა უბანში ტერიტორიების პერიოდულ დატბორვას.


იმის გამო, რომ ჟილინის არხის ღია სისტემა ხშირად მიმდებარე ტერიტორიებისთვის ანტისანიტარული გარემოს შექმნის ძირითადი კერაა, მერიაში ღია არხის დახურული სისტემით შეცვლა გადაწყვიტეს.


შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს მერიის ზედამხედველობის სამსახურის გარდა, ასევე, მერიის დაკვეთით, შპს “გზამშენპროექტი” ახორციელებს.


ხელშეკრულებაში ნათქვამია ისიც, რომ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ტექნიკურ ზედამხედველსა და მიმწოდებელს შორის შესაძლებელია დაზუსტდეს სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, თუმცა ამ ცვლილებებმა სამუშაოების დასრულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა არ უნდა გადაწიოს.


მიმწოდებელი ასევე ვალდებულია თითოეულ ეტაპზე ანგარიშსწორებამდე საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მომზადება შესარულებული სამუშაოს პროექტთან შესაბამისობაზე.


ჟილინის არხის რეკოსტრუქციის პროექტზე, რაც ბათუმში გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის სისტემის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. ხელშეკრულება ავანსს არ ითვალისწინებს და მერია კომპანიას თანხას ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ურიცხავს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საგარანტიოდ კომპანიამ მერიის ანგარიშზე ამ თანხის 5 %, ანუ 250 000 ლარი ჩარიცხა.

წისქვილი, როგორც ასეთი

 

 ახლო წარსული რომ გავიხსენო – არ მახსენდება ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში არც ერთი ხალხმრავალი თუ ოდნავ ხმაურიანი პროტესტიც კი, რომ მას პირდაპირ ან გადაკვრით “ოკუპანტის, მტრის და სახელმწიფოს საწინააღმდეგო წისქვილზე არ დაესხას წყალი”. მნიშვნელობა არ ჰქონდა პოლიტიკური ძალა გამოხატავდა პროტესტს, მედია, არასამთავრობო ორგანიზაცია, ვეტერანი, პენსიონერი თუ მასწავლებელი.

არ მესმის, რას ნიშნავს პროტესტის გამოხატვისთვის შესაფერისი დრო და ვითარება. ვერ ვხვდები, როგორ უნდა მოვმართო ემოცია ისე, რომ მათ (ხელისუფალთ) თუ არ სურთ ჩემი ყვირილის გაგონება, შევიკავო, თუმცა გამუდმებით ითხოვდნენ, გვიმტკიცებდნენ, რომ ახლა ამის დრო არ იყო, მტერი კარს იყო მომდგარი, ხალხი დაძაბული, დაღლილი იყო, ინვესტორები დაფრთხებოდნენ და ა.შ.


ერთხელ პრემიერმა ღარიბაშვილმა შეწუხებულმა იმით, რომ ძალიან აქტიურობდნენ რაღაც საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, საყვედურნარევი ტონით განაცხადა: რომ არა ბატონი ბიძინა, დღეს მთელი საქართველო “ცოცხებგაკეთებული” ივლიდითო (ნუ, რა თქმა უნდა, არ ვციტირებ, მაგრამ დედააზრი ეს იყო), აქამდე ხმას რატომ ვერ იღებდით, თქვენ ამ ყველაფრით `ნაცმოძრაობის წისქვილზე ასხამთ წყალსო”.


რა გამოდის: წისქვილი კონსტანტაა, არ ცვდება და არ ძველდება, უბრალოდ, ხელისუფლების ცვლასთან ერთად მხოლოდ მეპატრონეს იცვლის. ე.ი. ქობულეთელმა რომ მისი საკრებულოს ის გადაწყვეტილება გააპროტესტოს, რომლითაც პრემიებს წელიწადში ნაცვლად ოთხისა შვიდჯერ მიიღებენ, ხულოელმა რომ თავისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვერათვისება და უკან მიბრუნება, იმ დროს, როცა სოფლების უმრავლესობაში ისეთი გზაა ურემითაც ვერ შეხვალ, ბათუმელმა რომ მისი ახლად არჩეული საკრებულოს წევრების 500 ლარით ხელფასის ზრდა, მაშინ როცა ერთი თეთრის საქმე არ გაუკეთებიათ ჯერ, რელიგიურმა უმცირესობებმა რომ რწმენის უფლების არ ქონა, როცა ქვეყანაში წამყვან რელიგიურ ინსტიტუტს რამდენიმე ათეული მილიონი ერიცხება ქვეყნის ბიუჯეტიდან, სტუდენტებმა განათლების ხარისხი, ადამიანის უფლებათა დამცველი კომიტეტისა თუ კომისიის თავმჯდომარის ჰომოფობიური განცხადებებითა და ძალადობის პირდაპირი მოწოდებებით საზოგადოება აღშფოთდეს, არასამთავრობო სექტორმა და მედიამ რომ არანორმალურ პრემიებზე, ნეპოტიზმზე, კორუფციულ ტენდერებზე ილაპარაკოს – ამ ყველაფერს თურმე ყველა ხელისუფლების ენაზე მხოლოდ ვიღაცის “წისქვილზე წყლის დასხმა” ჰქვია.


ზოგადად, როგორი ცუდი მდგომარეობაც უნდა იყოს, მგონია, რომ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს მოცემულ მომენტში: სამყარო კანონზომიერია, ესაა რაც დავიმსახურეთ ამ დროისთვის, მაგრამ არც არასდროს მიფიქრია, რომ მეტი არ შეიძლება, უკეთესად არ გამოვა ხვალ, თუ დღეს არ გამოვიდა. ამიტომ, ხშირად დავცინი ცინიკურად წარსულს და აწმყოს, დავცინი იმ მილიონობით ადამიანს, ვისაც სჯეროდა და სჯერა, რომ “ის წისქვილი” მართლა არსებობს. იმათ, ვისაც ჰგონიათ, რომ ჯერ მიშასგან დაიწყო საქართველო და მერე ბიძინამ გააგრძელა, იმათ, ვინც ამ მთავრობის დროს გამოწერილ “სახელფასო დანამატებს” იმ მთავრობის დროს არსებული ასევე კოლოსალური პრემიებით “აპრავებს”, ვისთვისაც ცოლის ნათესავი ნათესავი არაა, ვისთვისაც ჩვეულებრივი ამბავია, აიფონი და ნოუთბუქი რომ ბიუჯეტის ხარჯზე უნდა იყიდოს მინისტრმა ან საკრებულოს წევრმა, რუსეთი რომ ჩვენი მართლმადიდებელი ძმაა და გიჟდებიან ქართველებზე, მიშას დროს რომ ჩაწყობები არ იყო ან დუმბაძის ნეპოტიზმს რომ ხაბაძისა ჯობია, მუსლიმანი რომ არ შეიძლება იყოს ქართველი, მამაოს კურთხევის გარეშე რომ მარხვაში სექსი არ შეიძლება, აიდი ბარათში რომ ეშმაკია ჩაყოლებული, სააკაშვილის დროს საგარეო ვიზიტებზე დახარჯული მილიონები რომ უფრო მეტად ანგრევდა ქვეყანას, ვიდრე ღარიბაშვილის დროს… გძელდება ასე დაუსრულებლად…


რომ გითხრათ, ამდენ ცინიზმს დიდი შედეგი მოაქვს ან რამეს შეცვლის-მეთქი, მოგატყუებთ. უფრო მრავალმილიონიანი, საქვეყნო ტრენინგი გვჭირდება თემაზე: `ეს ქვეყანა ყველასია თანაბრად, მიუხედავად ჩვენ შორის განსხვავებებისა, ანუ როგორ ვისწავლოთ სახელმწიფოს წისქვილზე წყლის დასხმა”. ერშიც და ბერშიც რამდენიმე ადამიანი მეგულებოდა, ვისაც ამის ორგანიზების თეორიული შანსი მაინც ჰქონდა, თუმცა დღემდე, მთელი ქვეყანა მხოლოდ იმაში გაწვრთნეს, რომ მათ წისქვილს არ მიაკლდეს წყალი. აი, საერთოზე როდის გადავალთ, ღმერთმაც კი არ იცის.

ეკომგრანტების სახლი ქედაში

 

 

აჭარის მთავრობის პროექტის – „სოციალური და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის” ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლი შენდება.


ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შენობა საცხოვრებელ ბინებად გადატიხრეს, მესამე სართული დააშენეს და ყოფილი საავადმყოფოს 12-ბინიან საცხოვრებელ კორპუსად აწყობენ. სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შპს „შანსი 2010″ აწარმოებს.


დაბა ქედაში, თამარ მეფის ქ. #9-ში, ყოფილი საავადმყოფოს ორსართულიანი შენობის საცხოვრებელ ბინებად მოწყობისთვის ელექტრონული ტენდერი სამინისტრომ 20 მაისს 521 400 ლარზე გამოაცხადა, ხელშეკრულება „შანსი 2010~-თან 27 ივნისს 413 809 27 ლარზე გაფორმდა. კომპანიამ, სატენდერო პირობების მიხედვით, დასრულებული ობიექტი წლის ბოლომდე უნდა ჩააბაროს.


სამუშაოების საქმის მწარმოებელი ზაზა ვერძაძე: „ოთახები გადაიტიხრა, მესამე სართული დაშენდა, სახურავი გადაიხურა, ფაქტობრივად, შავი სამუშაოები დავასრულეთ, კოსმეტიკური რემონტი დავიწყეთ. სატენდერო პირობების მიხედვით ჭაღებსა და გამათბობლებს დავაყენებთ, სამზარეულოში კი ონკანი გაკეთდება, ობიექტს დროულად ჩავაბარებთ”.


ვის შეხვდება ბინა ხელისუფლებისგან სიმბოლურ ფასად, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას აჭარის მთავრობის სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისია მიიღებს. სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე აჭარის ჯანდაცვის მინისტრია, კომისიის შემადგენლობაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებთან ერთად სხვადასხვა უწყების მინისტრები და მუნიციპალიტეტების გამგებლებიც არიან.


აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე და სამთავრობო კომისიის წევრი რამაზ ჯინჭარაძე აცხადებს, რომ ბინის გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილებას სამთავრობო კომისია მას შემდეგ მიიღებს, როცა კომისია მონიტორინგს აწარმოებს და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას შეისწავლის. მისი თქმით, აქცენტი იმ ოჯახზე გაკეთდება, რომლებიც პირველ ეტაპზე საჭიროებენ საცხოვრებელი ფართობებით დახმარებას.


„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობას იმ ოჯახების შესახებ სრული ინფორმაცია აქვს, ვისაც პირველ ეტაპზე სჭირდება დახმარება და ვისი სახლებიც სტიქიამ დააზარალა. ჩვენ ყველა ასეთ ოჯახს გადავამოწმებთ, მონიტორინგს ვაწარმოებთ. თუ ვინ მიიღებს საცხოვრებელ ბინას, ამ საკითხზე სამთავრობო კომისია იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია ერთობლივად მიიღებს. კომისიის გადაწყვეტილებით შეასახლებენ ოჯახებს. ბინას, ვფიქრობ, I-II კატეგორიის დაზარალებული ოჯახები, ანუ ისინი მიიღებენ, ვინც პირველ რიგში საჭიროებს დახმარებას”, – აცხადებს რამაზ ჯინჭარაძე.


ქედის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის დავით თედორაძის თქმით, ამ დროის მონაცემებით I კატეგორიას მიკუთვნებული ოჯახები მუნიციპალიტეტს არ ჰყავს (გარემო, სადაც ცხოვრება სიცოცხლისთვის საჭიროა და დაუყოვნებლივ გასახლებას საჭიროებს), მე-2 კატეგორიას კი 14 ოჯახი მიეკუთვნება, აქედან 12 სოფელ ჯალაბაშვილებში ცხოვრობს. მესამე კატეგორიაში -238, მეოთხეში კი 290 ოჯახი ირიცხება. „ჩვენ ვსწავლობთ ოჯახებს და მონაცემებს სამთავრობო კომისიას ვაწვდით”,- ამბობს დავით თედორაძე.


54-ბინიანი სოციალური სახლი ქედაში პირველად 2012 წელს ყოფილი საავადმყოფოს ოთხსართულიან შენობაში გაიხსნა. შენობის რეკონსტრუქციისთვის მაშინ 690 000 ლარი დაიხარჯა. მაშინაც ოჯახების შესახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიამ მიიღო. 


კომისიის გადაწყვეტილებით 2012 წელს ბინა სოციალურ სახლში 52-მა ქედელმა ოჯახმა მიიღო. სოციალურ სახლში ორი ბინა ამ დრომდე თავისუფალია. დავით თედორაძის თქმით, თავისუფალი ბინა სარეზერვო ფონდში ირიცხება და საჭიროების შემთხვევაში გამგეობა ოჯახს ბინით დაკმაყოფილებისთვის სამთავრობო კომისიასთან უშუამდგომლებს.


კითხვაზე, სოციალური სახლის მოწყობით მოგვარდება თუ არა ეკომიგრანტების პრობლემა ქედაში წელს, რამაზ ჯინჭარაძე ასე პასუხობს: „ეკომიგრანტების პრობლემაზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ვერ გათვლი, სტიქია განვითარდება თუ არა, ან რა სახის ზიანს მოიტანს. თუ საჭიროება იქნება, შესაბამისად, ახალ პროექტებზე ვიფიქრებთ, ამ ბინით კი დღეს არსებული I-II კატეგორიაში მცხოვრები ოჯახების პრობლემა ქედაში სრულად მოგვარდება”.

ქობულეთის ”შუქურა” ვარჯიშისას

ქობულეთის ”შუქურა” ვარჯიშისას / 30.10.2014

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის რიგით 26-ე ჩემპიონატის მე-10 ტურში ქობულეთის “შუქურასა” და გორის “დილას” გამართული შეხვედრა გულშემატკივარის სტადიონზე შეჭრის გამო ჩაიშალა. მეორე მატჩის დასაწყისში გორის „დილას“ ქომაგი მოედანზე შეიჭრა და მსაჯს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც მსაჯებმა მატჩის გაგრძელებაზე უაირი განაცხადეს. “დილას” გულშემატკივარის საქციელის გამო „შუქურას“ შეხვედრა მოგებად ჩაეთვალა და სამი ქულა მიიწერა.

გორის „დილას“, კი საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა 5000 ლარის ჯარიმა და საკუთარ მოედანზე სამი შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარება მიუსაჯა.

მომდევნო თამაშს „შუქურა“ 2 ნოემბერს ჩაატარებს და გასვლით შეხვედრაში „სამტრედიას“ დაუპირისპირდება. მატჩი ნეიტრალურ სტადიონზე მარტვილში გაიმართება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თანამშრომელი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით „2011 წლის 15 დეკემბერს, შპს  „ლ ენდ კ ჰოლდინგი“-ს   დირექტორმა, იაშარ მუსტაფა გუვენმა, წერილით მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და წარადგინა შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესახებ, „დანი აუდიტის“ დირექტორის, ჯემალ ძნელაძის მიერ შედგენილი, ყალბი აუდიტორული დასკვნა.

 

ყალბი დასკვნის მიხედვით, კომპანიის მიერ შესრულებულმა ინვესტიციამ თითქოსდა შეადგინა 5 075 148 ლარი, რეალურად კი განხორციელებული იყო 2 643 845 ლარის ინვესტიცია. დასკვნის წარდგენის პერიოდში, სამინისტროს მხრიდან ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, ლევან მჟავანაძეს კანონით ევალებოდა შესრულებული ვალდებულების შემოწმება და კონტროლი, თუმცა ის გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და არ მოახდინა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მონაცემთა გადამოწმება“.

 

„კომპანიამ მოიტანა დოკუმენტაცია რომ განხორციელებული ჰქონდა 3 მილიონის ინვესტიცია. პროკურატურა ამბობს რომ ინვესტიცია არის 2 მილიონ 700 ათასამდეო. ე.ი. უნდა გადაგემოწმებინა რომ ეს დასკვნა სწორი იყო თუ არაო. აუდიტში რაც წერია იმის მიხედვით ყველაფერი სწორად მაქვს გაკეთებული, მაგრამ თვითონ აუდიტის დასკვნა არაა სწორიო. აუდიტსაც აღუძრეს საქმე.

 

ასეთი დასკვნები  შემოდის ძალიან ბევრი და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა მისი გადამოწმების. ვალდებულება არ მქონდა გადამოწმების. ექსპერტი იმიტომაა რომ ენდო უნდა მის დასკვნას,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ლევან მჟავანაძე.

 

მისივე თქმით ჯერ სასამართლო არ გამართულა, შესაბამისად არ იცის გამოძიების დასრულებამდე დარჩება თუ არა დაკავებულ თანამდებობაზე.

 

გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებენ არც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.  

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს

 

„საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქონების მოტყუებით დაზიანების, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მისცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საწარმოთა მართვის და სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, ლევან მჟავანაძე, შპს „დანი აუდიტის“ დირექტორი ჯემალ ძნელაძე, ხოლო  შპს „ლ ენდ კ ჰოლდინგი“-ს დირექტორი  იაშარ მუსტაფა გუვენი დააკავეს.

 

 „გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „ლ ენდ კ ჰოლდინგ“-მა 2008 წლის 25 აგვისტოს გამართულ აუქციონზე, 800 720 ლარად შეიძინა ქ. ბათუმში, 20 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი. აუქციონის პირობის მიხედვით, 36 თვის ვადაში უნდა განხორციელებულიყო არანაკლებ 3 000 000  აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია და დასაქმებულიყო საქართველოს 100 მოქალაქე.

 

2011 წლის 15 დეკემბერს, შპს  „ლ ენდ კ ჰოლდინგი“-ს   დირექტორმა, იაშარ მუსტაფა გუვენმა, წერილით მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და წარადგინა შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესახებ, „დანი აუდიტის“ დირექტორის, ჯემალ ძნელაძის მიერ შედგენილი, ყალბი აუდიტორული დასკვნა.

 

ყალბი დასკვნის მიხედვით, კომპანიის მიერ შესრულებულმა ინვესტიციამ თითქოსდა შეადგინა 5 075 148 ლარი, რეალურად კი განხორციელებული იყო 2 643 845 ლარის ინვესტიცია. დასკვნის წარდგენის პერიოდში, სამინისტროს მხრიდან ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსს, ლევან მჟავანაძეს კანონით ევალებოდა შესრულებული ვალდებულების შემოწმება და კონტროლი, თუმცა ის გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და არ მოახდინა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მონაცემთა გადამოწმება.

 

აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად, სახელმწიფოს 2 301 000 ლარის ზიანი მიადგა.

 

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 342-ე და 362-ე მუხლებით.

ბათუმის დელფინარიუმი მერიის საკუთრებაში დაბრუნდა

დღეს ამ საკითხზე საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კირთაძემ ბრიფინგი გამართა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედების წინასაარჩევნოდ გამოყენებაში დაადანაშაულა.

„ეს ნიშნავს იმას რომ ბათუმის ბიუჯეტი მინიმუმ ორჯერ იქნება შესამცირებელი წინა წლებთნ შედარებით. იმ ვალდებულებების შესასრულებლად რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა 19 წლის განმავლობაში, მომავალ წელს თვითმართველობას მოუწევს რამდენიმე მილიონი ლარის დახარჯვა. ბიძინა ივანიშვილმა ეს ქველმომედება გამოიყენა არჩევნებისთვის. როგორც კი ჩაატარა არჩევნები მაშინვე გაააუქმა ხელშეკრულება და შეწყვიტა ბათუმის თვითმართველობაში არსებული ორგანიზაციების დაფინანსება,“ – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

კირთაძის ბრალდებებს ბათუმის მერის მოადგილე  ზურაბ ბერიძე გამოეხმაურა, რომელმაც  ბრალდებები უარყო. მერის მოადგილის თქმით „მენეჯმენტ სერვისმა“ 2013 წლიდან დღემდე  4 მილიონ ლარზე მეტი ინვენსტიცია განახორციელა დელფინარიუმში.

„ბათუმის მერიის მიერ შექმნილი ორგანიზაციები უნდა ფინანსდებოდეს ბათუმის ბიუჯეტიდან. იმის გამო რომ დელფინარიუმი გადმოეცა ბათუმის მერიას, ამით არცერთ პროექტს დაფინანსება არ მოაკლდება. ეს არის პოლიტიკური რაკურსით დასმული საკითხი რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია,“ -განაცხადა ზურაბ ბერიძემ.

ხელშეკრულება, რომლის გაუქმების თხოვნითაც „მენეჯმენტ სერვისმა“ ბათუმის მერიას მიმართა და რომელიც უკვე გაუქმდა,  2013 წლის 11 იანვარსაა დადებული. კომპანიას „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ 2032 წლამდე უნდა ემართა.

????????????????????????????????????

ბათუმის დელფინარიუმი

ბათუმის მერიის ახალი პროგრამა სოციალურად დაუცველთათვის

 

ბათუმის მერიამ სოციალურად დაუცველი და სხვა სოციალური კატეგორიის მოსახლეობისთვის, რომლებიც უსახსრობის გამო ვერ ახერხებენ მკურნალობის დაფინანსებას, თანადაფინანსების პროგრამა აამოქმედა. პროგრამის პრეზენტაცია დღეს მერიაში გაიმართა.

 

ახალი პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციართა ოპერაციული და ქიმიოთერაპიით მკურნალობის დაფინანსება, ასევე მატერიალური დახმარება მედიკამენტების შეძენისათვის.

 

ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამით ისარგებლებენ ბათუმში 2014 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც ასევე რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 200 000 ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.

 

სარგებლობა შეეძლებათ შშმ პირებს, ომის ვეტერანებს, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის მონაწილეებს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეებს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, მარტოხელა დედებს და მათი შვილებს.

 

პროგრამით ასევე ისარგებლებენ ის მოქალაქეები, რომელთა დახმარების საჭიროება დასტურდება ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.

 

პროგრამის ბიუჯეტი 280  000 ლარს შეადგენს.

 

მემორანდუმი ბათუმის მერიას, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებს შორის

 

მემორანდუმის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო და კერძო სკოლებსა და ქ. ბათუმში არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში განხორციელდება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ხელშეწყობა, საინფორმაციო შეხვედრა-სემინარები, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით რეკომენდაციების მიწოდება გადამდებ დაავადებათა პრევენციის მიზნით.

 

მომორანდუმს ხელი მოაწერეს აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, აჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, ბათუმის ბაღების გაერთიანების, ბათუმის რესურსცენტრის წარმომადგენლები და საჯარო სკოლის დირექტორები.

უცნობი ტურისტული მარშრუტი აჭარაში

ჩირუხი, სარიჩაირი, თხილვანა, შუამთა, ბეშუმი – ეს აჭარის მაღალმთიანეთში მდებარე იაილების სახელწოდებებია. იაილები ზაფხულის საძოვრებია. ყოველი წლის მაისში, ზემო აჭარაში მცხოვრებნი, ძირითადად ასაკოვანი ქალები, საკუთარ სახლებს ტოვებენ და საქონელი სამი თვით იაილებში მიჰყავთ. მათ მემთეურებსაც უწოდებენ. მოგზაურობა აჭარის იაილებში ჩირუხიდან დავიწყეთ. შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე საძოვრებამდე სამარშრუტო ტაქსით მივედით. ჩირუხიდან ბეშუმამდე გზა, 36 კილომეტრი კი, ფეხით დავფარეთ.

ჩირუხში ასვლა ჩვეულებრივი, ხაზის მიკროავტობუსითაა შესაძლებელი. მარშრუტს სოფელ შუბნამდე მიჰყავხარ, შუბნიდან კი ტრანსპორტის გამოცვლა მოგიწევს. ზაფხულობით სამარშრუტო ტაქსი იაილებში დღეში ორჯერ მიდის. აკლიმატიზაციას თუ ძნელად გადიხარ, რეკომენდებულია პირველ დღეს ჩირუხში დაბანაკდე. პატარა გორაზე კარგი საკემპინგე ადგილია, სადაც კოცონის დანთება და კარვის გაშლაა შესაძლებელი.

ჩირუხი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი 25/08/2014

ჩირუხიდან გზა სარიჩაირის იაილებისკენ მიდის. იმისათვის, რომ სარიჩაირის იაილებში გადახვიდე, მაღალი მთა უნდა გადაიარო. ორი კილომეტრის სიგრძის ციცაბო ფერდობის ავლას, საშუალოდ, ერთი საათი სჭირდება. მთის გადავლის შემდეგ ორიოდე კილომეტრში სარიჩაირის იაილები იწყება.   სარიჩაირის იაილა რამდენიმე კილომეტრზეა გაშლილი. საიჩაირიდან გზა სოფელ ბაკი-ბაკოში გადადის.

ჩვენი ტურისტული მარშრუტი სოფელში გავლას არ ითვალისწინებდა, ხიხანის ციხის ძირში ორკილომეტრიანი მოკლე გზით უნდა გადავსულიყავით. ეს გზა ტყეზე გადის. თუმცა ადგილობრივებთან შეხვედრამ გეგმები შეგვიცვალა. როგორც გვითხრეს, მოკლე გზა, მომრავლებული მგლების გამო, არც თუ ისე უსაფრთხო იყო. გვირჩიეს სოფელ ბაკოში ჩასვლა და იქიდან ხიხანის ციხეზე გადასვლა.

მარშრუტი დაგრძელდა. სოფელში ჩასულებმა აღმოვაჩინეთ, რომ ღამდებოდა, წვიმა იწყებოდა და ციხემდე მისასვლელად კიდევ ხუთი კილომეტრი გვქონდა დარჩენილი. ამიტომ მანქანა დავიქირავეთ. იმისათვის, რომ ხიხანის ციხეზე მოხვდე, სასაზღვრო პოლიციაში კონტროლი უნდა გაიარო. ციხე თურქეთ-საქართველოს საზღვართან ახლოსაა. ციხიდან 1800 მეტრში ქართული საგუშაგოა. თუ ტურისტს პირადობის მოწმობა არ აქვს, ეს გარკვეულ დაბრკოლებას შეუქმნის და შესაძლოა ხიხანის ციხეზე ვერ შევიდეს. ჩვენი საბუთები შეამოწმეს და უპრობლემოდ გაგვიშვეს. ღამე ხიხანის ციხის ძირას, საკემპინგე ადგილას გავათიეთ. წვიმა და სეტყვა ერთდროულად წამოვიდა. ვერც კარვის გაშლა მოვასწარით, ვერც კოცონის დანთება. დილას ხიხანის ციხე დავლაშქრეთ და გეზი შუამთისკენ ავიღეთ.

შუამთამდე მისვლამდე თხილვანის იაილები უნდა გაიარო. ულამაზესი გზა მთებში გადის. გზად ერთი ტბა შეგვხვდა, გველებით სავსე. ისე გავერთეთ იმის ცქერით, როგორ ცურავდნენ გველები ტბაში, რომ ფოტოების გადაღება გვიან მოვიფიქრეთ. შუამთაში ორი ულამაზესი ტბა დაგვხვდა და ძალიან კარგი მასპინძლები. სახლში შეგვიპატიჟეს, ტელეფონები დავმუხტეთ, მაწვნით გაგვიმასპინძლდენენ და თეთრობის უღელტეხილს შევუყევით.

ზღვის დონიდან 2 330 მეტრზე ასვლას 40 წუთზე ნაკლები დრო მოვანდომეთ. მთაზე ასვლის შემდეგ კი დავიწყეთ დაშვება ბეშუმისკენ. ციცაბო აღმართს ციცაბო დაღმართი მოჰყვა. დაახლოებით სამი კილომეტრი გზა ფერდობზე ეშვება და ბოლოს ბეშუმში ჩადიხარ.

ხედი თეთრობიდან

თუ დრო გაქვს, მარშრუტი ოთხდღიანია, მაგრამ ვინაიდან დრო არ გვქონდა, რამდენიმე მთაზე ასვლა გამოვტოვეთ, ასევე ვერ ვნახეთ მწვანე ტბა, რომელიც ბეშუმთან ახლოსაა. გზა არ არის რთული. ჯგუფში, რომელიც ოთხი ადამიანისგან შედგებოდა, გამოცდილ მოლაშქრეებთან ერთად დამწყებიც იყო, რომელმაც გამოცდილებზე უკეთ იარა.

„ამ ლაშქრობაში გამოვცადე ჩემი თავი, თან ვტკბებოდი იმით, რასაც ვნახულობდი, რასაც ვხედავდი. ყველას ვურჩევ იმოგზაუროს, სიამოვნებისთვის, თუნდაც უნდა იმოგზაურონ იმისათვის, რომ ნახონ სად ცხოვრობენ. ეს ლაშქრობა საუკეთესო იყო ექსტრემისთვის, საკუთარი შესაძლებლობის გამოცდისთვის,“ – ამბობს ქეთი კაკალაძე, რომელიც პირველად იყო ლაშქრობაში.

მარშრუტი ჩირუხი-სარიჩაირი-ხიხანის ციხე-შუამთა-თეთრობი-ბეშუმი მხატვარმა ბექა ბოლქვაძემ შეიმუშავა. მოლაშქრე ამბობს, რომ ეს საუკეთესო გზაა მაღალმთიანი აჭარის გასაცნობად.

„ორი წლის წინ ერთი გერმანელი ტურისტი მყავდა, რომელმაც მითხრა ზემო აჭარა უნდა მომატაროო. არ ვიცოდი როგორ უნდა მეჩვენებინა. დავიწყე რუკით ძებნა,  რომელ მარშრუტზე დავმდგარიყავი, ალპურში მევლო თუ ტყით მევლო, თავისთავად ტყით გამიძნელდებოდა  და დავიწყე ალპურში მარშრუტების ძებნა. მერე დავხაზე ეს გზა და უკვე რამდენჯერმე გავიარე სხვადასხვა ჯგუფთან ერთად. იმდენად კარგი ტურისტული გზა არის, თუკი მარკირება მოხდება, სამომავლოდ ზემო აჭარისთვის იქნება კარგი,“ – ამბობს ბექა.

ლაშქრობას სამი დღე დასჭირდა. ჯამში 36 კილომეტრი ვიარეთ ფეხით. იმ შემთხვევაში, თუ ამ გზის გავლას გადაწყვეტთ, გირჩევთ გამოცდილი მოლაშქრე გაიყოლოთ თან. სხვა შემთხვევაში, არამარკირებული გზების გამო, მოგზაურობა გაგირთულდებათ.

კაცები ქალთა მკვლელობების შესახებ

გიორგი ჩუბინიძე

„მე ორი გოგონას მამა ვარ და არც კი მინდა იმის გაფიქრება, რომ ჩემს შვილებზე შეიძლება ვინმემ იძალადოს“, – ამბობს რაგბისტი გიორგი ჩუბინიძე. მისი აზრით, ქალთა მკვლელობების გამართლება ტრადიციების სახელით გაუმართლებელია: „ხშირად მესმის, რომ კაცის სიძლიერე ქალის მორჩილებაშია, ეს ჩემთვის მიუღებელია. ძალადობა არ არის ქართული ტრადიცია, ეს არის უწიგნურობის, გაუნათლებლობის შედეგი. საქართველოში ცხოვრობს თაობა, რომელიც ბაღის, სკოლისა და ყველანაირი განვითარების გარეშე გაიზარდა. ქუჩის მენტალიტეტზე იყვნენ ადამიანები ჩამოკიდებული. ეს ადამიანები დღეს ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე არიან და არ ვიცი, ეს პრობლემი როგორ უნდა მოგვარდეს“, – ამბობს ის.

გიორგის აზრით, სტერეოტიპების ნგრევას ხშირად ქალები უშლიან ხელს: „ყველაზე მეტად ქალების დამოკიდებულება მაოცებს, გამოკითხვების დროს სწორედ ისინი ამართლებენ ქალზე ძალადობას. ეს იმიტომ არის პრობლემა, რომ საქართველოში შვილებს ძირითადად დედები ზრდიან, ამიტომ მათი მენტალობა შვილებზეც გადადის. კაცი უნდა იყოს ოჯახში უფროსი, მაგრამ არა მჩაგვრელი და ტერორისტი“.

სტერეოტიპული აზროვნება აზიანებს როგორც ქალებს, ასევე კაცებს – მიიჩნევს გიორგი. მისი აზრით, ცვლილებები ორივე მხარემ უნდა დაიწყოს: „ადრე გოგოს გაათხოვებდნენ, მზითს გაატანდნენ და დამთავრდა. ჩემთვის ასეთი აზროვნება მიუღებელია. მეც მყავს გათხოვილი და, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ის „პატრონს ჩავაბარე“ და ოჯახისგან არაფერი სჭირდება. ვფიქრობ, კაცები ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდნენ. თუ ავტობუსში ქალს ადგილს უთმობ პატივისცემის ნიშნად, სახლში მისული კი ცოლს ცემ, ეს არ არის ქალის პატივისცემა. რა მნიშვნელობა აქვს სად დაიჩაგრება ქალი, სახლში თუ სხვაგან. გამოსავალი, ჩემი აზრით, მაინც განათლება, თვითშეგნების გაზრდაა. ვიცი, რომ განათლება ყოველთვის იმარჯვებს ძალაზე“.

ლადო ბაზიაშვილი

ექიმი, ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი მიიჩნევს, რომ კაცის მხრიდან ძალადობის მიზეზები კომპლექსურად უნდა ვეძებოთ: „მიზეზი შეიძლება იყოს როგორც სოციალური მდგომარეობა, ასევე აღზრდა, უკულტურობა. ნათქვამია – „კაცი რომ გაღარიბდება, ცოლს დაუწყებს ჯავრობასო“. აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ მასობრივი უმუშევრობაცაა. კაცი ზის სახლში და ოჯახისთვის, შვილისთვის ელემენტარულ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს. როცა ეს სიტუაცია პერმანენტულად გრძელდება, ჯანსაღი ფსიქიკის კაციც კი კრიზისს ვეღარ უძლებს, იწყებს ლოთობას ან ნარკოდამოკიდებული ხდება. სტრესი და უარყოფითი ემოცია შემდეგ სხვადასხვა ფორმით ვლინდება, რასაც სავალალო შედეგებამდე მივყავართ“.

ექიმის აზრით, ქალთა მიმართ აგრესია თანამედროვე ქართულ ოჯახში კაცის დომინანტური როლის შესუსტებამ გაამძაფრა: „როცა კაცი ფიქრობს, რომ ის ოჯახის თავია, მაშინ ის „თავის“ კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდეს. „წადი მამაშენს უთხარი“, „მამაშენი თუ იტყვის…“ და ა.შ. ქართველი კაცი ამ სიტუაციასაა მიჩვეული. კაცი, ცალკე აღებული ვერ იქნება პრობლემა, რადგან ქართველი კაცები ქართული ოჯახიდან მოდიან. შესაბამისად, ისე იქცევიან, როგორც აღზარდეს. „უფროსი შენ უნდა იყო შვილო, ქალის ჭკუაზე არ უნდა იარო“, – ეს ესმის მთელი ცხოვრება. როცა ქალი გახდა დომინანტი ფინანსურად, კაცმა ჩათვალა, რომ ამით მისი გავლენა ოჯახში შემცირდა. ამას დაემატა მეზობლების, მეგობრების ან ნათესავის მიერ რაღაც არასწორად ნათქვამი და კაციც მენტალურ წნეხში მოექცა. ვფიქრობ, ოქროს შუალედი მაინც კაცებმა უნდა გამონახონ“.

ოქროს შუალედის საპოვნელად, როგორც ლადო ბაზიაშვილი ამბობს, აუცილებელია შინაგანი პროტესტი: „თუ კაცი ნაკლებად რეალიზებულია, ვიდრე ქალი, თვითონ უნდა ჰკითხოს თავის თავს – რატომ? იფიქროს კრიზისიდან გამოსვლის გზებზე და მეტად მომთხოვნი გახდეს საკუთარი თავის მიმართ“.

ამ კრიზისების დაძლევაში ექიმი არ გამორიცხავს სახელმწიფოს როლსაც:  „სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს სად იმალება პათოლოგენეზი. დარწმუნებული ვარ, ეს მექანიზმი მარტო კაცში არ იქნება ჩადებული. ვფიქრობ, პათოლოგიური მარცვალი უფრო დიდ არეალში – ქვეყანაში და მის მენტალიტეტში დევს. ცემა, მკვლელობა კრიმინალია და ამის წინააღმდეგ საზოგადოების ყველა სეგმენტი უნდა ჩაერთოს. გულგრილობის შემთხვევაში, დანაშაულის თანამონაწილე იქნება ყველა“.

გიორგი ბაგრატიონი

გიორგი ბაგრატიონი სტუდენტია. მას მიაჩნია, რომ „ნამდვილი მამაკაცი“ ქალს არ სცემს, რადგან ქალის ცემა გონებრივი სისუსტეა. „ბავშვობაში ქართველი კაცი ჩოხა-ახალუხიანი, ყანწიანი და მოქეიფე წარმომედგინა. შემდეგ მესმოდა: „მამა მოვა და დაგსჯის“. ქართულ ოჯახში მამა გახდა პოტენციური მოძალადე, დამსჯელი. ოჯახიდან მოდის ის, რომ გოგოს არ შეუძლია გვიან მოვიდეს სახლში, ბიჭს კი საერთოდაც რომ არ მოვიდეს, ეპატიება. აღზრდის ბრალია ის, რომ კაცები ცოლებს საკუთრებად მიიჩნევენ, ქალები კი ეგუებიან იმ აზრს, რომ „კაცია და ქალებში უნდა გაიაროს“. ქორწინება ერთგულებას ავალდებულებს ცოლსაც და ქმარსაც. თუ მორწმუნეები ვართ, მაშინ მით უმეტეს. საქართველოში შვილების 90 პროცენტს მხოლოდ დედები ზრდიან, ამიტომ არის „ყველაფერი დედის ბრალი“, ეს მიდგომაც შესაცვლელია“.

გიორგი ბაგრატიონის აზრით, მენტალური ცვლილებები განათლების სისტემაში უნდა დაიწყოს: „გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, მასწავლებლების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით სოფლებში, იტყვის, რომ ქალის ადგილი „კუხნაშია“. უნივერსიტეტში არაერთი ლექტორისგან მომისმენია, – „რატომ სწავლობთ გოგონებო, წადით „კუხნაში“. ასეთი სწავლებისა და აღზრდის შედეგია ის, რაც ჩემი თანატოლი გოგონებისგან მესმის, რომ ქალის ისტორიული ვალდებულებაა ქმარს პერანგი დაუუთოვოს“.

გიორგის აზრით, არასწორი აზროვნების შედეგია ქალების ნაწილის ფემინიზმთან მტრობაც: „გასულ ზამთარში ქალებს თოვლიანი ქუჩები გააწმენდინეს. მართლაც მძიმე სამუშაო იყო. ქალები ამბობდნენ, რომ ამ საქმეს აიძულებდნენ. ბევრი გოგო ამბობდა, რომ ეს იყო ფემინიზმის შედეგი, რადგან ქალისა და კაცის შრომა გაათანაბრეს. ცხადია, ეს არასწორი შეფასებაა. ზოგი ქალი ფიქრობს, რომ თუ ფემინიზმი დამკვიდრდება, მას აღარ დაუთმობენ ადგილს ავტობუსში და ის ნაკლებად პატივსაცემი გახდება. ამ აზროვნების შეცვლაში სწორედ კაცებმა უნდა ითამაშონ მნიშვნელოვანი როლი“.

დავით ეცადეიშვილი

რატომ ვერ ანგრევს სტერეოტიპებს განათლების თანამედროვე სისტემა და რაში არსებობს გამოსავალი? ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის დირექტორი, დათო ეცადეიშვილი მიიჩნევს, რომ ძალადობის მასშტაბებიდან გამომდინარე, კითხვებზე პასუხების მისაღებად აუცილებელია ფსიქოლოგიური კვლევა:
„აღზრდა და სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ განათლება არ არის საკმარისი. ყველამ იცის, რომ მკვლელობა, ნარკოტიკის მოხმარება და ა.შ. დანაშაულია, მაგრამ მაინც ხომ აკეთებენ. ცოლ-ქმრის პრობლემას ვერც მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობა მოაგვარებს. ვფიქრობ, ძალადობა კომპლექსური პრობლემაა საქართველოში და მოგვარებაც კომპლექსურად უნდა მოხდეს“.

პედაგოგის აზრით, საზოგადოების პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, რომ ის არ გახდეს ძალადობის მიმართ გულგრილი:
„დიდია ოჯახის ფაქტორიც, რა უნდა მოსთხოვო მეზობელს, როცა მშობლები ხედავენ, რომ მისი შვილი ძალადობის მსხვერპლია და ისინი მაინც წინააღმდეგნი არიან მიატოვოს ქმარი. შვილის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრი? და თუ საზოგადოებრივ აზრს ამხელა ძალა აქვს, მაშინ საზოგადოებას უნდა მოეთხოვოს პასუხი, როცა განქორწინებული ქალის მიმართ მენტალურად ძალადობს. რამდენმა ადამიანმა იცოდა, რომ ყოფილი ქმარი ქალს უთვალთვალებდა, მაგრამ არავინ არაფერი გააკეთა. საზოგადოება დღეს ყველაფრის მიმართ გულგრილია. რამდენი ადამიანი ერევა, როცა ორი კაცი ჩხუბობს ქუჩაში? „შარია“ – ამბობენ და მიდიან. პატრულსაც კი არ ურეკავენ და ეს შეიძლება სისტემის ნაკლიც იყოს, რადგან შემდეგ ამ ადამიანს ათასჯერ მაინც უწევს დაკითხვაზე მისვლა“.

დათო ეცადეიშვილი ძალადობის ზრდაში გავლენიანი ინსტიტუტების როლსაც ხედავს: „მენტალიტეტის ბრალია, რომ ქართულ ოჯახში კაცი მიიჩნევა დომინანტად, ამას დაემატა პატრიაქრის განცხადებაც, რომ ქალი უნდა მორჩილებდეს კაცს, რომ კაცის გადასაწყვეტია ქალის ბედი, რომ განქორწინების უფლება კაცს აქვს და ქალს არა, თუნდაც თავისუფალი ცხოვრების უფლება და ა.შ. ვერც სკოლა აწვდის სწორ ფასეულობებს, რადგან ხშირად მასწავლებლებიც ისეთი სტერეოტიპებით აზროვნებენ, როგორც დანარჩენი საზოგადოება“.

პედაგოგის აზრით, ყველა ამ დეტალს თან ერთვის თვითრეალიზაციის პრობლემაც: „როცა ქალი სახლში ზის და ქმრის მოსვლას ელოდება, ის ნაკლებად ფიქრობს თავის უფლებებზე, რეალიზებული ქალის თვალსაწიერი კი ფართოა. სახლში დამჯდარი კაციც ვერ ეგუება იმას, რომ ქალი მასზე ძლიერი გახდა. ვინც შეგნებით შეხედა ამ ამბავს, მშვიდობიანად დაშორდა, ვინც ვერა, დადგა ტრაგიკული დასასრული. ამიტომ, სიტუაციის შეცვლას მხოლოდ სახელმწიფო ვერ შეძლებს, ამაზე პასუხისმგებლობა ყველა სეგმენტმა უნდა აიღოს“.

სურსათის უვნებლობის სამსახურმა ბათუმში „საზანდარსა“ და საშაურმეს საქმიანობა შეუჩერა

 

აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი შერვაშიძე თქმით, საშაურმესა და „საზანდარში“ დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი, კერძოდ, მოუწესრიგებელი იყო გამწოვები. კვების ამ ობიქეტებს გარკვეული პერიოდით შეუჩერდათ  საქმიანობა.


„რაც შეეხება კაფე-ბარ „ოცნებას“, მას ჰქონდა დაახლოებით ერთი თვე პრობლემის აღმოსაფხვრელად, მაგრამ წინა ინსპექტირების დროს გაცემული 9 რეკომენდაციიდამ, მათ 8 არ შეასრულეს და კაფე-ბარი დაჯარიმდა 400 ლარით“ – განაცხადა  გიორგი შერვაშიძემ.

 

გიორგი შერვაშიძის თქმით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს კვების ობიექტებმა პრობლემის აღმოფხვრის შემდგომ განცხადებით უნდა მიმართონ, „ჩატარდება ინსპექტირება და თუ აღმოფხვრილი იქნება პრობლემა, ისინი გააგრძელებენ ჩვეულებრივად საქმიანობას“.  

 

მისივე განმარტებით, წელს აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურმა გეგმიური ინსპექტირება  151, არაგეგმიური ინსპექტირება კი  47 კვების ობიექტში ჩაატარა. დაჯარიმებულია 87 კვების ობიექტი სხვადასხვა ოდენობის თანხით.

მუფთი გადადგომას არ აპირებს

 

ჯემალ პაქსაძე- აჭარის მუფთი
ჯემალ პაქსაძე- აჭარის მუფთი

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაიწყო ხელმოწრები თქვენი გადაყენების მოთხოვნით. იცით ამის შესახებ?


მეც ინტერნეტის საშუალებით გავიგე. ესაა ერთი-ერთი მეჩეთის წინამძღვარი. რამდენდაც ვიცი, არავის ხელი არ მოუწერია, მეორეც – თუნდაც მოაწეროს, ჩვენ გვყავს 19-კაციანი რელიგიის საბჭო სრულად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში, რომელიც ირჩევვს მუფთს. მრევლისა და პიროვნებების გადაწყვეტლებებით მუფთი არც გადადგება და არც დაინიშნება. აქ  უნდა შედიოდეს ყველა რაიონის მუფთი. სასულიერო პირის გადადგომა, ერთი პიროვნების რაღაც პოლიტიკური ნიშნით, როგორც თვითონ ფიქრობს და რაღაც განცხადებს აკეთებს, ეს არის პოლიტიკური, ვიღაც უკანმდგომი ჰყავთ…  ვხვდები,  რომ ეს მისი საკუთარი აზრებიც არ არის.

 

აპირებთ გადადგომას?


ამ ეტაპისთვის არ ვაპირებ.

 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოხეში, ყოფილი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის გახსნაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ თანხმობა თქვენგან მიიღო, სწორია?  


არავითარ შემთხვევაში. ჩვენთან ამაზე ოფიციალური მოლაპარაკება არ ყოფილა, ჩვენ ვერ შევთანმხდით, ასე ჩავთვალოთ. ჩვენ გვაქვს მეჩეთები, საკულტო ნაგებობები, რომლებიც არის საქართველოს ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს ბალასზე და გვინდა, რომ გადმოგვცეს სახელწიფომ უსასყიდლოდ და გაგვათავისუფლონ გადასახადიდანაც, რადგან ჩვენ დაფინანსება არ გაქვს და სამუფთო ვერ გადაიხდის ამ გადასახადებს.

 

გუბერნატორი რას გთხოვდათ?


გუბერნატორი შეგვხვდა, გაგვეცნო, გაგვაცნო საკითხები. მე ვიყავი ადრე იქ, დაახლოებით ოთხი-ხუთი თვის წინ, მოსახლეობასთან შეხვედრაზე. არის ერთ მხარე, სადაც ცხოვრობენ რაჭველები, მართლმადიდებელი მოსხლეობა და არის ჩვენი, მუსლიმანი მოსახლეობა. სიმართლე გითხრათ, მეც მანტერესებს ეს შენობა ვინ ააგო, იქ ლოცვა შესრულდა თუ არ შესრულდა, უნდა დავიწყოთ ისტორიკოსებთან მუშაობა. იყო ასეთი საკითხი გუბერნატორის მხრიდან დასმული, რომ ვთქვათ, არ იყოს სადაო და იყოს ბიბლიოთეკა, რომელსაც ორივე მხარე გამოიყენებს, მართლმადიდებლებიც და მუსლიმებიც.

 

დოკუმენტი, რომელსაც თქვენ ხელი მოაწერეთ, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ბათუმში მეჩეთის აშენება არ არის საჭირო?


ჟურნალისტებმა მკითხეს, რომ მართალია თუ არა, რომ ეს წერილი სპეცსსამსახურების თანამშრომლებმა მომიტანეს ხელის მოსაწერად. ეს ჩვენ შევადგინეთ, შემიძლია წმინდა ყურანს დავადო ხელი.  

 

წლებია ვდაობთ, რომ გვინდა მეჩეთი. ჯერ ერთი, მუფთი როგორ იტყვის ამას, როცა მთელი ჩემი შეხვედრები პრემიერთან, ყოფილ მთავრობასთან, მარტო მოთხოვნა არის მეჩეთის. ჩვენ გვინდა მეჩეთი, გვინდა  სამუფთო რეზიდენცია, თეოლოგიური ფაკულტეტი, სადაც ბავშვები აქ ისწავლიან და აქ მიიღებენ განათლებას და სამუფთო სამმართველო გასცემს სერტიფკატი იქნება თუ დიპლომი. არის ერთი მიწა, სადაც გვინდა საქორწინო დარბაზთან ერთად მეჩეთი. საქორწინო დარბაზი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სარწმუნოებიდან გამომდინარე, არ უნდა იყოს ალკოჰოლი და ა.შ. გვინდა ეს საკითხები მოვაგვაროთ. ღმერთმა დაგვიფაროს, მე მეჩეთი არ მოვითხოვო. ეს გამორიცხულია, რომ მე მეჩეთი არ მინდა და ამ შენობის გამო უარი ვთქვი.   

 

ასფალტი თხილნარი – აგარის გზაზე

 

 2 კილომეტრიან მონაკვეთზე რამდენიმე ათეული წელია ასფალტის საფარი არ განახლებულა. არსებულ ობიექტზედასაქმებულია 25 ადამიანი, მათ შორის 12 ადგილობრივია. ჩატარებული სამუშაოების საერთო ღირებულება 306 400 ლარია. სამუშაოები, რომელსაც აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ბონდი-2009“, 18 ნოემბრისთვის დასრულდება.   

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სასწავლო დაწესებულებებში ჰიგიენური მდგომარეობა შეამოწმა

 

სამუშაო შეხვედრა ქობულეთის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და ბაღების დირექტორებთან

 

,,ECHO30 ენტეროვირუსით გამოწვეული ვირუსული მენინგიტის ეპიდაფეთქების კონტროლის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 19 სექტემბრის N1724 განკარგულების თანახმად აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლებმა მონიტორინგი ჩაატარეს სასწავლო აღმზრდელობით დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობის შეფასების მიზნით.

 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მარო ჩხაიძის თქმით წყალმომარაგება ქალაქის სკოლებში უფრო მოწესრიგებულია, ვიდრე მუნიციპალიტეტებში.

 

„გვაინტერესებდა როგორი იყო წყალმომარაგება სასწავლო დაწესებულებებში. ბათუმში წყალმომარაგება და საკანალიზაციო სისტემა ცენტრალურია, რაც ნამდვილად კარგია და სასიამოვნო, მაგრამ რაც უფრო ვშორდებით ბათუმს, სურათი იცვლება და მუნიციპალიტეტებში ძირითადად ადგილობრივი წყალმომარაგება გვხვდება. უკეთესი მდგომარეობა აღმოჩნდა მუნიციპალიტეტის ბაღებში  სანიტარული კვანძების მხრივ.  სადეზინფექციო საშუალებები ყველგან იყო ქალაქის სკოლებსა და ბაღებში. გარკვეული მარაგი აქვთ მინიციპალიტეტის სკოლებსაც“ – ამბობს მარო ჩხაიძე.

76 წლის ტაქსის მძღოლის ძალადობა არასრულწლოვანზე – დახურული პროცესი ბათუმის სასამართლოში

 

მოსამართლემ სასამართლო პროცესი იმის გამო დახურა, რომ დაზარალებული არასრულწლოვანია. 

 

ბრალდებული 76 წლისაა და ის ბათუმში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მას 9 წლის არასრულწლოვან გოგონასთან, რომელიც მისი მეზობელი იყო, გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირის დამყარება ედება ბრალად. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წინასწარპატიმრობაში მყოფს თხუთმეტიდან ოც წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

„დალაგებული არ გვაქვს – დაყრას იწყებენ“

„ადამიანი, რომელიც სადარბაზოში არ ინარჩუნებს სისუფთავეს, ის ეზოს გაუფრთხილდება?! დალაგების მიუხედავად, სამწუხაროდ შედეგი გვაქვს ნული. დალაგებული არ გვაქვს, რომ დაყრას იწყებენ, არანაირი მორიდება არ აქვთ, არ სურთ სისუფთავის შენარჩუნება, აივნებიდანაც კი ყრიან ნაგავს, ჩვენი საზოგადოების კულტურა ეს არის. ყველაზე რთულია მუშაობა ზაფხულში, დამსვენებლებზე როცაა ბინები გაქირავებული, ნაგავი პირდაპირ ფანჯრებიდან მოდის ეზოში, რამდენჯერმე თავში მოგვხვედრია“, –  ამბობს ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის უფროსი დავით ასამბაძე.

ბათუმში შიდა ეზოებს მოსახლეობის წერილის ან მერიის მიერ სანდასუფთავების სამსახურისათვის მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ალაგებენ. „მერია თავად გვაძლევს ამ ეზოების ჩამონათვალს და ბოლო პერიოდში სულ უფრო იზრდება ეს ოდენობა. შარშან მხოლოდ ერთხელ ვალაგებდით თვეში ეზოებს, წელს – ორჯერ, მაგრამ ეფექტი ვერ მივიღეთ. ხალხს ჰგონია, რომ ეზოს დალაგებას სანდასუფთავების მხრიდან უფრო ინტენსიური ხასიათი აქვს, ამიტომაც არ ერიდებიან. ვფიქრობ, მცხოვრებლები უფრო მეტად უნდა იყვნენ დაინტერესებული, თავად რომ იხდიდნენ დასუფთავებისთვის ფულს, უფრო მეტად დაიცავდნენ სისუფთავეს, როცა მუქთაა, არ აინტერესებთ“, – ამბობს დავით ასამბაძე.

მიხეილ თურმანიძე, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერში მდებარე კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ სამი სახლის შიდა ეზოს დალაგება თვეში სამჯერ ვერ იქნება საკმარისი, რადგან ეზოში სტადიონი მდებარეობს, სადაც მუდმივად იმყოფებიან ბავშვები: „ყოველდღე რომ დაალაგო, დასალაგებელია, ბავშვები მუდმივად სტადიონზე არიან, რაც შედეგს გვაძლევს. ამხანაგობის წევრები ვაძლევთ რჩევებს მშობლებს, გააფრთხილონ შვილები, რომ სისუფთავის შენარჩუნება შეძლონ. ჩვენ ჩვენი ძალებითაც ვცდილობთ დასუფთავებას, პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქეები ალაგებენ მიმდებარე ტერიტორიას. ადრე უფრო დიდი პრობლემა იყო, ვიდრე ახლა, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, ეზოში საღამოობით სტადიონზე შეკრებილი ბავშვების ხმაური უფრო აწუხებს სამეზობლოს, ვიდრე ნაგავი“, – ამბობს მიხეილ თურმანიძე.

ჯემალ ქათამაძე რუსთაველის ქ. 57/58-ში მდებარე სახლის ამხანაგობის წევრია. ის ამბობს, რომ სანდასუფთავების თანამშრომლები თხუთმეტი დღის შუალედში ასუფთავებენ ეზოებს. „ხშირად ვუწერ ხელს აქტზე, რომ ისინი ნამდვილად იყვნენ დასალაგებლად. ეზოში ოთხი სანაგვე ურნა დგას, არანაირი მიზეზი არ არის იმის, რომ ნაგავი გარეთ დაიყაროს. თუ ეზო დანაგვიანებულია, ეს არის ქარის შედეგი, თვეში ორჯერ დალაგება არ არის საკმარისი, ურნებიდანაც კი ყრის ძლიერი ქარი ნაგავს“, – ამბობს ჯემალ ქათამაძე.

ეზოები თუ ქუჩები მხოლოდ ბავშვებისა და ქარის მიზეზით რომ არ ნაგვიანდება, ეს „ბათუმელების“ ფოტოკამერამ არაერთხელ დააფიქსირა. მაგალითად, გორგილაძის #105-დან მამაკაცმა ნაგავი პირდაპირ ფანჯრიდან გადმოყარა, ფოტოკამერის დანახვაზე კი სახლში შევიდა. ამ კორპუსში მცხოვრები ნათია ცენტერაძე ამბობს, რომ არ შეუმჩევია, ნაგავს უფროსები ყრიდნენ. მისი მოსაზრებით ეს შეიძლება ბავშვებმა ჩაიდინონ. „არ დამინახავს, რომ ვინმე ყრიდეს, ბავშვებზე მიმიცია შენიშვნა, სანდასუფთავების თანამშრომლები ალაგებენ მხოლოდ ტერიტორიას“, – ამბობს ნათია. ასევე „ბათუმელების“ ფოტოობიექტივში მოხვდა ქალი რუსთაველის ქუჩიდან, რომელმაც პირდაპირ აივნიდან გადმოყარა ნაგავი აივნის დახვეტის შემდეგ.

სანდასუფთავების თანამშრომლების ინფორმაციით, ამ კუთხით ყველაზე პრობლემურია სოციალური სახლი და ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღალი კორპუსები. „დიდი კორპუსები არის პრობლემური, რადგან უფრო მეტი მცხოვრებია. ქარმაც იმატა ქალაქში, ზღვისპირას, განსაკუთრებით მშენებარე სახლებში, ეს პრობლემებს ქმნის“ – ამბობს დავით ასამბაძე.

ნაგვის დაყრა და გარემოს დაბინძურება კანონით ისჯება. დასუფთავების წესების დარღვევა ადმინისტრაციული კანონის 140-ე პრიმა 2 მუხლით ისჯება. ფიზიკური პირი 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირი და დაწესებულება 1000 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორებით ფიზიკური პირის მიერ გარემოს დაბინძურება კი ისჯება 500 ლარით, იურიდიული პირების შემთხვევაში – 3 ათასი ლარით.

ბათუმის პორტში სასამსახურო ძაღლმა მარიხუანა აღმოაჩინა

 

ნარკოტიკული საშუალება ბორანზე „ვილნიუს სივეის“ სომხეთის მოქალაქე ი.ლ.-ის კუთვნილ ავტომობილში იყო დამალული. მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის კინოლოგიის ცენტრის სასამსახურო ძაღლის მეშვეობით იპოვეს.

 

საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა ქ. ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველოს მეხუთე განყოფილებას.

 

ევროკავშირი – მოვალეობები და სარგებელი

 

ვანო ჩხიკვაძე, ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო”: “ბოლო სამი თვის მანძილზე საქართველოში აქტუალური გახდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც აძლევს საქართველოს განვითარების შესაძლებლობას. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი გახლავთ ის, რომ ზუსტი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ რას ეხება ეს ხელშეკრულება. სამ საკითხზე გავამახვილებ ყურადღებას: 1. მითებსა და მოლოდინებზე, რომლებიც არის შექმნილი ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით; 2. იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ასოცირების ხელშეკრულებამ და განსაკუთრებით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ; 3. ანტიდისკრიმინაციულ კანონზე, რომელზეც არასწორი მოლოდინი და არასწორი შთაბეჭდილებები შეიქმნა.

 

საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება არ უნდა იყოს ჩაკეტილი პროცესი, ბევრმა ადამიანმა უნდა იცოდეს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ, ის, თუ რა ვალდებულებები და უფლებები მოაქვს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას.

 

2014 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ეს არის საკმაოდ დიდი დოკუმენტი, დაახლოებით 1200-გვერდიანი, სადაც თითქმის ყველა სფეროა განხილული, თუ როგორ უნდა მიუახლოვდეს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას, სულ 320-ზე მეტი რეგულაცია და დირექტივაა, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ეხება ტრანსპორტს, გარემოს დაცვას, სოფლის მეურნეობას და ა.შ.

 

ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პირველი ცრუ მოლოდინი იყო ის, რომ ასოცირება გამოიწვევდა ეკონომიკურ სირთულეებს. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ჩატარდა კვლევა, თუ რა შედეგებს მოიტანს ასოცირების ხელშეკრულება გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივაში. 2012 წელს განისაზღვრა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ვაჭრობის ნაწილში, მოკლევადიან პერსპექტივაში, იქნება 1,7 % – არც თუ ისე დიდი, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში – 4,3 %. საქართველოდან ექსპორტი მოკლევადიან პერსპექტივაში გაიზრდება 9%-ით, გრძელვადიან პერსპექტივაში – 12 %-ით. იმპორტი მოიმატებს 4,4%-ით მოკლევადიან პერსპექტივაში, გრძელვადიან პერსპექტივაში კი – 7,5%-ით. ხელფასების ზრდას რაც შეეხება, მოკლევადიან პერსპექტივაში ზრდა მოხდება 1,5%-ით, გრძელვადიან პერსპექტივაში კი- 3,6%-ით. მოკლევადიან პერსპექტივაში ფასები გაიზრდება 1%-ით, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაშ 0.6 %-ით.

 

ევროკავშირთან დაახლოება არ მოხდება ერთ კვირაში, ერთ თვეში ან ერთ წელიწადში. საქართველოს აქვს გარკვეული ვალდებულებები, ეტაპობრივად მიუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. მაგალითად, ყველაზე ცნობილი საკითხი, რომელიც უკავშირდება ავტომანქანების ტექნიკურ დათვალიერებას, ე.წ. `”ტეხასმოტრს”. იქ წერია, რომ ეს არის სავალდებული, მაგრამ „ტეხასმოტრის” შემოწმება არ მოხდება დღეს და ხვალ, საქართველოს აქვს 2-დან 4-წლიანი ვადა, რომ შეასრულოს ეს პუნქტი. ეს იქნება ეტაპობრივი და გარდამავალი პერიოდი, რომ ქვეყანა მოემზადოს, ხალხმა ინფორმაცია მიიღოს.

 

მეორე საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, არის ის, რომ მისი შესრულება არ იქნება ადვილი, როგორც ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, ასევე ფინანსური რესურსების გამოც. ეს არ არის ხარჯი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა გაიღებს, ეს არის ინვესტიცია, რომელსაც რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩადებ და მერე უფრო მეტს ამოიღებ, მეტ სარგებელს მიიღებ.

 

მესამე საკითხი და მითი, რაც უკავშირდება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას არის ის, რომ ამას თან მოყვება უვიზო მიმოსვლა და თითქოს საქართველო დაიცლება მოსახლეობისგან. ეს გზა, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ, ბალკანეთის ქვეყნებმა უკვე გაიარეს და მათ მეტ-ნაკლებად შეძლეს განეხორციელებინათ ის რეფორმები, რაც ასოცირების ხელშეკრულებაშია ჩაწერილი. იგივე უვიზო მიმოსვლით დიდი ხანია სარგებლობენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სერბეთი, მაკედონია, ბოსნია და ა.შ და ამას დიდი დარტყმა არ მიუყენებია მათთვის მიგრაციის კუთხით.
შემდეგი საკითხი, რასაც ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავდა, არის ის, რომ ზოგიერთს ერჩივნა რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ევროკავშრთან ურთიერთობის სანაცვლოდ, რადგან ჰგონიათ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობისას დაიკარგება ქართველობა, ჩვენი იდენტობა, თუმცა ევროკავშირის სლოგანია – მრავალფეროვნება ერთიანობაში. ევროკავშირში გაწევრიანებულია 28 სახელმწიფო, 24 ენაზე მოსაუბრე ხალხი, შესაბამისად, თითოეულ მათგანს აქვს ეროვნული იდენტობის დაცვის გარანტია.

 

შემდეგი საკითხი, რაზეც ხშირად აპელირებდნენ, დაკავშირებულია მართლმადიდებლობასთან, თითქოს რელიგიური პრობლემები შეიქმნებოდა. ჩვენს გარდა ეს გზა უკვე განვლო ოთხმა მართლმადიდებლურმა ქვეყანამ: კვიპროსმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა და საბერძნეთმა და ამ ქვეყნების მართლმადიდებლური ეკლესია არ დაკნინებულა ევროკავშირში გაწევრიანების გამო.

 

კიდევ ერთი მითი, რომელიც უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულებას, არის ის, რომ თითქოს უნდა დაკანონდეს ერთსქესიანთა ქორწინება. ეს ხელშეკრულება არაერთხელ მაქვს წაკითხული და მსგავსი მოთხოვნა არ არის ჩადებული საქართველოს მიმართებში, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნებში: არის ქვეყნები, სადაც დაუშვებელია ერთსქესიანთა ქორწინება და არის ქვეყნები, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება უკვე იყო დაშვებული, რადგან ქვეყანამ თავად მიიღო ეს კანონი, ევროკავშირს ამასთან დაკავშირებით არანაირი მოთხოვნა არ გააჩნია. მაგალითად, კვიპროსში, ესტონეთში, საბერძნეთში, მალტაში, რუმინეთსა და სლოვაკეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაშვებული არ არის, კონსტიტუციითაა აკრძალული ერთსქესიანთა ქორწინება ხორვატიაში, ლიტვაში, ბულგარეთსა და ლატვიაში. ყველა ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრია.

 

კიდევ ერთი მტკივნეული საკითხი უკავშირდება იმას, რომ თითქოს საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანების სანაცვლოდ უარი უნდა თქვას ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვგულისხმობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ისევ და ისევ, მსგავსი მოთხოვნა არც ოფიციალურ და არც არაოფიციალურ დონეზე ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს.

 

შემდეგი საკითხი არის ვაჭრობის საკითხი _ ეს არ არის საშუალება, რომელიც ხვალვე ამოქმედდება, თუმცა პირველი სექტემბრიდან ხელშეკრულების 80 პროცენტი შევიდა ძალაში, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართველ ბიზნესმენს შეუძლია შეიტანოს პროდუქტი ევროკავშირის ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება უკვე ამოქმედებულია, ჯერ ძალიან ადრეა, რომ შევაფასოთ, მოგვიტანა თუ არა ამან შედეგი, სულ 20 დღეა გასული. არსებობს პრობლემები, რაც შეთანხმების სრულად ამოქმედებამდე გადასაჭრელია: ქვეყანამ უნდა მოახდინოს მისი პროდუქციის სტანდარტების გათანაბრება ევროკავშირის სტანდარტებთან. მაგალითად, თაფლი, ევროკავშირის ტერიტორიაზე რომ შეიტანო, საჭიროა სპეციალური სერტიფიკატი. პრობლემა არის ორი: პირველ რიგში _ მსგავსი ლაბორატორია, რომელიც გააკეთებს თაფლის ანალიზს, არ არსებობს საქართველოში; მეორე პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ როცა ანალიზის გასაკეთებლად ეს თაფლი მიაქვთ სხვა ქვეყანაში, ხშირად პასუხი ჩამოდის უარყოფითი. მესამე პრობლემა შეიძლება იყოს კონკურენცია, რადგან ძალიან ბევრ ქვეყანას შეაქვს ევროკავშირის ქვეყნებში თაფლი, მაგალითად, ჩინეთიდან შედის თაფლი, რომელიც 2 ევრო ღირს.

 

რაც შეეხება ხილს, ეს საკითხი უკავშირდება ფერმერების განათლებას საქართველოში. ის პესტიციდები, რასაც იყენებენ ქართველი ფერმერები, მიუღებელია ევროკავშირისთვის. თან პრობლემაა ისიც, რომ საქართველოში ხილი მოჰყავთ სეზონურად. დიდი პერსპექტივა აქვს თხილს, რომ გავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში, რადგან მსოფლიოში მეოთხე-მეხუთე ადგილზე ვართ თხილის წარმოებაში. რძე და ხორცის ნაწარმი პრობლემურია, რადგან ეს არის მალფუჭებადი პროდუქცია და შენახვის განსაკუთრებულ პირობებს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ფერმერების განათლება, თუ როგორ შეიძლება დაიცვას ფერმერმა ევროსტანდარტები, რომ პროდუქცა გაიტანოს ევროპაში.

 

ბოლოს უნდა განვიხილოთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რამაც საზოგადოების დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ამ კანონის მიზანი არის ის, რომ განსხვავებული კანის, რწმენის, შეხედულების ადამიანი არ იყოს დევნილი, არ მოხდეს მასზე ზეწოლა, ყველა იყოს თანასწორი. დაახლოებით 10 000-მა ადამიანმა საქართველოდან გააკეთა განაცხადი ევროკავშირში თავშესაფრის მიღებაზე, რომ ისინი არიან დისკრიმინირებული საქართველოში. საქართველო რომ ჩაითვალოს უსაფრთხო ქვეყანად და ხალხი არ მიდიოდეს ქვეყნიდან დისკრიმინაციის გამო, აუცილებელია ანტიდისკრიმინაციული კანონის შემოღება. ერთ-ერთი მიმართულება, რის გამოც საქართველომ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, არის სწორედ ეს.”
მოქალაქის შეკითხვა: მე მაინტერესებს, რა ხდება მანდარინის გატანაზე?

 

ვანო ჩხიკვაძე: “მანდარინზე არის შეზღუდვა. არის სამი კატეგორიის პროდუქცია, რომელზეც ვრცელდება შეზღუდვები. მაგალითად, 220 ტონაზე მეტ ნიორს საქართველოდან ვერ შეიტან, მეორე კატეგორიის პროდუქციაზე გეუბნებიან, რომ საბაჟო გადასახადი უნდა გადაიხადო, და მესამე კატეგორიის პროდუქციის შეტანა შესაძლებელია ნებისმიერი რაოდენობით, მაგრამ პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტს. რაც შეეხება თაფლს, ამბობენ, რომ ფუტკარს არ უნდა მისცე ისეთი წამალი, რომელიც აისახება თაფლზე. მანდარინთან დაკავშირებით, შეტანა შესაძლებელია, მხოლოდ უნდა გადაიხადო ის საბაჟო გადასახადი, რომელიც მოქმედებს ევროკავშირში და რომელიც ყველგან განსხვავებულია. არანაირი პრობლემა არ არის თხილთან დაკავშირებით, მაგრამ ითხოვენ, რომ დაცული იყოს შენახვის პირობები და გრძელვადიანი კონტრაქტი.

 

გარანტირებულად უნდა იცოდნენ, საქართველოდან ყოველწლიურად რა რაოდენობის თხილი შევა ევროკავშირში, რათა წარმოებაში პრობლემა არ შეიქმნას. სახელმწიფოს მხრიდან საჭიროა ფერმერების ლობირება, უნდა მოხდეს გაერთიანება და ერთობლივი ძალით გატანა. ჩემი აზრით, კარგი იქნება ფერმერების გაერთიანება, იმიტომ რომ, ამით, თუ თხილზე მიდგება საქმე, შეიძლება ყველაზე მეტად იხეიროს დიდმა კომპანიამ, რომელსაც გააჩნია ჰექტრობით მიწა. მცირემიწიანმა ფერმერებმა ამას შეუძლიათ დაუპირისპირონ გაერთიანება.”

13937 მოსწავლე საგნობრივი ოლიმპიადისთვის ემზადება

 

ა) ქართული ენა და ლიტერატურა – VII;  VIII;  IX;  X;  XI-XII კლასები;

ბ) ინგლისური ენა  – VII;  VIII;  IX;  X;  XI-XII კლასები;;

გ) მათემატიკა  – VII;  VIII;  IX;  X;  XI-XII კლასები;

დ) ფიზიკა  –  IX;  X;  XI-XII კლასები; 

ე) ქიმია  –  X;  XI-XII კლასები;;

ვ) ბიოლოგია – IX;  X;  XI და XII კლასები; 

 

რუსული სექტორის მოსწავლეებისათვის ფიზიკაში, მათემატიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ოლიმპიადა ჩატარდება რუსულ ენაზე.

 

2014  წელს საგნობრივ ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის სულ დარეგისტრირდა 13937 მოსწავლე. მათ შორის: ქართულ ენასა და ლიტერატურაში 4255 მოსწავლე, მათემატიკაში – 2991, ინგლისურ ენაში – 3100, ფიზიკაში -1048, ქიმიაში – 825 და ბიოლოგიაში -1718.

 

 

საგნობრივი ოლიმპიადის მიზანია სასწავლო პროცესის სტიმულირება, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება, სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება.

 

ბმულზე შეგიძლათ ნახოთ საგნობრივი ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების განრიგი. 

მერიის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი: ჩემს პრინციპებს არ ვღალატობ

 

 

მერაბ ქიძინიძე
მერაბ ქიძინიძე

ორი თვეა რაც მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ჩაიბარეთ, რისი გაკეთება მოასწარით ამ დროის განმავლობაში?

 

თავის ქებასავით არ გამომივიდეს, მაგრამ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთე.  სულ 1700 ლარად ჩვენ შევძელით საერთაშორისო ტურნირის გამართვა ფეხბურთში, რაც, მინიმუმ, 20 ათას ლარს ითხოვს. ვფიქრობ, ეს კარგი პრეცედენტი იქნება. ეს მოხერხდა არასამთავრობო ორგანიზაცია `საქართველო ბრანდებურგის საზოგადოების~ დახმარებით, რომელსაც მე 2006 წლიდან ვხელმძღვანელობ. ამ ორგანიზაციიდან ვთანამშრომლობ ჩემს გერმანელ პატნიორებთან. მათთან ერთად ჩვენ უკვე შევძელით დაახლოებით 48 საერთაშორისო პროექტის განხორციელება. როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ გრანტებს და შემდეგ ახორციელებენ პროექტებს, ასე მუშაობს ეს ორგანიზაციაც. ამ ყველაფერს ვახმართ ახალგაზრდა ბავშვებს, რომ მათ მოახერხონ ევროპული გამოცდილების მიღება.

 

 

რადგან ამ სფეროზე დაიწყეთ საუბარი გკითხავთ – „ბათუმელებთან ბევრი სპორტსმენი წუხს იმის გამო, რომ საერთაშორისო ტურნირებში ქულები აკლდებათ რიგ ღონისძიებებში ვერმონაწილეობის გამო, რაც დაფინანსებას საჭიროებს. გსმენიათ ამის შესახებ?

 

დიახ, ვიცი ასეთი შემთხვევების შესახებ. როდესაც ახალგაზრდას აქვს მონაცემები, ბეჯითია და მიზანდასახული, რა თქმა უნდა, ყველა უნდა წახალისდეს. ჩვენ გვაქვს შესაბამისი პროგრამა. შესაძლებლობა უნდა მივცეთ მათ, რომ როგორმე მიიღონ მონაწილეობა შეჯიბრებებში და სარეიტინგო ქულები დააგროვონ.

 

სპორტი, განათლება, კულტურა ეს ის სფეროებია, რომლებსაც თქვენ კურირებთ. რისი შეცვლა გინდათ, რა შედის თქვენს გეგმებში?

 

ის პროგრამები, რომლებსაც მერია აფინანსებს და ახორციელებს, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ხშირ შემთხვევაში, მათ შესახებ საზოგადოებისთვის უცნობია. პროგრამებს ვერ იყენებენ. ახლა ჩვენ გავაკეთეთ უცხოეთში სტაჟირების პროგრამა და მუშაობს ტურიზმის მიმართულებით, მაგრამ მომავალ წელს უკვე იქნება არამხოლოდ ტურიზმის, არამედ ნებისმიერი მიმართულებით. ამ წელს უკვე ვეღარ შევძლებთ ბიუჯეტში ცვლილების შეტანას. მომავალში გაფართოვდება პროგრამის არეალი. იმავე პროგრამას ახლა განვიხილავთ უნივერსიტეტში, სტუდნტებს რომ მიეცეთ საშუალება დასვან კითხვები, რაც აინტერესებთ, გამოიყენონ ყველაფერი, რაც ამ პროგრამაშია ჩადებული. ასევე, ბიუჯეტში 200 000 ლარი განკუთვნილი გვაქვს ახალგაზრდების შემოქმედებით პროექტებზე, თუკი ვინმეს რამე პროექტი აქვს. იქნება კვოტები განსაზღვრული და ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლება მოიტანოს პროექტი,  თუკი ის იქნება შედეგიანი, მას დავუფინანსებთ. ჩვენი მიზანია დაიხვეწოს ის პროგრამები, რომლებსაც მერია ახორციელებს და გათვლა გაკეთდეს შედეგზე. მეორე ის არის, რომ რაც შეიძლება შევძლოთ ამ პროგრამების სამოქალაქო საზოგადოებამდე მიტანა.

 

ცოტა უცნაურია, თქვენ რომ ამის სურვილს გამოთქვამთ, რადგან ბათუმის მერიის ვებგვერდის მიხედვით ამ დრომდე მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ კახიძეა და არა თქვენ

 

შენიშვნა სამართლიანია. ეს ხარვეზი გამოსწორდება. ვებგვერდის განახლებასთან დაკავშირებით არის ტექნიკური პრობლემები, რაც მოგვარდება და ყველა საჯარო ინფორმაცია იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი. ამ ხარვეზს ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვასწორებთ. დამატებით კიდევ ერთ გვერდს ვამზადებთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავაფართოვოთ შინაარსობრივი მხარე.  

 

თქვენი, როგორც ადმინისტრაციის უფროსის ფუნქციებში კიდევ რა შედის ?

 

განათლების განყოფილების გარდა ადმინისტრაციაში შემოდის პროტოკოლის, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის, მოქალაქეთა მიღებისა და ჯილდოების გაცემის განყოფილება. ამასთან სამდივნო, რომელიც ბათუმის მერს, ვიცე-მერებს, მრჩევლებსა და რეფერენტებს აერთიანებს.

 

კონკრეტულ პროექტებზეც რომ მითხრათ, რაიმე ახალზე მუშაობთ?

 

ბიუჯეტის შედგენა ბოლო ეტაპზე იყო, როცა დავინიშნე. ასეთ დროს რთულია შეიტანო რაიმე სიახლე. ვაპირებ დავეხმაროთ ბათუმში და, ზოგადად, აჭარაში  ფეხბურთის განვითარებას. ვფიქრობთ, ასევე პროგრამაზე, რომელიც გაითვალისწინებს უცხო ენების შესწავლას. ვაპირებთ ენების ცენტრის გაკეთებას. გერმანიის პოდსდამის უნივერსიტეტთან გვაქვს კავშირი. ცენტრს ექნება სასწავლო პროგრამებით აღჭურვილი ოცამდე კომპიუტერი. ამ პროგრამით დავეხმარებით ახალგაზრდებს ინგლისურის, გერმანულის, იტალიურის, ფრანგულის, თურქულისა და სხვა ენების შესწავლაში. ცოდნის მიღება ამ დარგებში საკმაოდ ძვირი უჯდებათ ჩვენს ახლაგაზრდებს და ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ.

 

რა კრიტერიუმებით შეარჩევს ეს ცენტრი მოსწავლეს?

 

ვფიქრობთ, რომ სურვილი ბევრს ექნება. ფასი იქნება ძალიან დაბალი, რადგან ეს გათვლილი იქნება ნებისმიერ იმ ახალგაზრდაზე, რომელსაც აქვს სურვილი ისწავლოს. პროექტი დასახვეწია. გვაქვს ასევე იდეა, რომელიც ეხება ბათუმს და მის ისტორიულ ნაწილს. ბათუმში უამრავი ადამიანი ცხოვრობდა, საქმიანობდა მოღვაწეობდა, გვინდა ეს პუბლიცისტიკაშიც გადავიტანოთ, მაგალითად, გერმანელები აჭარაში, ინგლისელები _ ბათუმში და ასე შემდეგ.

 

ამბობენ, რომ ზაფხულის შემდეგ ბათუმში კულტურული ცხოვრება კვდება. იმიტომ ხომ არა, რომ მერია და სხვა შესაბამისი სტრუქტურები ძირითადად აქცენტს საკურორტო სეზონზე აკეთებენ?

როდესაც საზოგადოება ვაკუუმზე მიგანიშნებს, სწორედ ამაზე უნდა იმუშაოს ხელისუფალმა. ეს ჩვეულებრივი მიდგომაა. მე, პირადად, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ისეთივე პოზიციაზე ვიყავი, როგორც თქვენ და სხვა მოქალაქეები, მაგრამ როცა აქ ჩავიხედე, დავინახე, რომ ბევრი ღონისძიება ტარდება. ალბათ გაშუქებაა არასაკმარისი. მაგალითად, ამ დღეებში მიმდინარეობს ფოლკლორული ფესტივალი, თუმცა დარბაზი მხოლოდ ნახევრად ივსება. ტელევიზიაში ხშირად გადის ინფორმაცია იმაზე, თუ რა ჩატარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ვავრცელებთ ინფორმაციას იმაზე, თუ რა და როდის ტარდება. ამაში გვაქვს რაღაც გამოსასწორებელი.

 

 

თქვენ იყავით  უმაღლესი საბჭოს წევრი და ერთერთი კომისიის თავმჯდომარე. მაშინ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრი იყავით ?

 

კარგია, რომ ეს კითხვა დამისვით. მეც მინდა საზოგადოებას ვუთხრა ამის შესახებ. როდესაც ასლან აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ დაიწყო მოძრაობა, შეიქმნა მოძრაობა „აჭარა“, ძალიან მალევე ჩვენ შევქმენით მეორე წინააღმდეგობრივი მოძრაობა „ჩვენი აჭარა“, მე ვარ ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. შემდეგ დაიწყეს უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება. 18 კანდიდატი დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, 8 კანდიდატი „აჭარამ“ და ოთხი კვოტა მოგვცეს ჩვენ, ანუ ზურაბ ჟვანიას გუნდს. ასე შევედი მე უმაღლეს საბჭოში.  რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი არ ვყოფილვარ.

 

მაგრამ უმრავლესობის ფრაქციის წევრი ხომ იყავით, რომელსაც მაშინ ნაციონალური მოძრაობაწარმოადგენდა?

 

დიახ, უმრავლესობის წევრი ვიყავი.

 

იზიარებდით მაშინ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას?

 

უმაღლესი საბჭო შეიკრიბა ივლისში და დეკემბერში უკვე დავუპირისპირდი ლევან ვარშალომიძეს. საკითხი შეეხებოდა პრივატიზაციის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას. რაც მოყვა ამას, ძალიან არასასიამოვნო გასახსენებელია ჩემთვის, მაგრამ ეს ყველამ იცის, ვინც მაშინ ჩემ ირგვლივ იყო. ბევრი რამ გადავიტანეთ მე და ჩემმა ოჯახმა და ამაზე არ მინდა საუბარი. მე გამაჩნია პრინციპები, რომლებსაც არ ვღალატობ და ყოველთვის ვრჩები მათი ერთგული.

 

უმაღლესი საბჭოს წევრობის ვადის ამოწურვის შემდეგ თქვენ უმაღლეს საბჭოში დასაქმდით, როგორ მოახერხეთ?

 

უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დამირეკეს მთავრობის აპარატიდან. ბატონ ლევანს სურს თქვენთან შეხვედრა დასაქმების საკითხთან დაკავშირებითო, მე უარი ვუთხარი. ამის შემდეგ მიხეილ მახარაძემ დამირეკა და მთხოვა მივსულიყავი მასთან, მან შემომთავაზა ხელშეკრულებით მემუშავა უმაღლესი საბჭოს აპარატში. როგორც ჩანს, ჯობდა ვყოფილიყავი დასაქმებული, ვიდრე გარეთ.

ბათუმში ენმ-ის ოფისთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  125-ე მუხლით მიმდინარეობს. 

 

კოდექსში კი ეს მუხლი ასეა განმარტებული: ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე.

 

პრობლემები CityPass ბარათით სარგებლობისას მუნიციპალურ ტრანსპორტში


მუნიციპალური ტრანსპორტი, ბათუმი
მუნიციპალური ტრანსპორტი, ბათუმი

მოქალაქეების განცხადებით, CityPass ბარათზე, რომელიც „ლიბერთი ბანკში“ მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების გადასახდელად აიღეს, მათ პრობლემები ექმნებათ, რადგან ბარათის აპარატზე გატარების დროს, ხშირად იმაზე მეტი თანხა იჭრება ბარათიდან, ვიდრე მგზავრობა ღირს. როგორ უნდა მოიქცეს მომხმარებელი?


CityPass ბარათზე მოქმედებს სხვადასხვა ტარიფი, რომელიც დაწესებულია „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ მიერ. შესაბამისად, გადახდის დროს, მომხმარებელს ანგარიშიდან ეჭრება ზუსტად ის თანხა, რა ტარიფიც გაწერილია CityPass ბარათზე. მომხმარებელს ანგარიშის ამონაწერის მიღება შეუძლია რამდენიმე გზით: ინტერნეტბანკი (მომსახურება უფასოა), მობაილბანკინგი (ასევე უფასოა და მუშაობს Android და iOS სისტემის სმარტფონებზე) ან ეწვიოს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალს ამონაწერის მისაღებად. ამონაწერში ნათლად ჩანს, რომ მომხმარებელს ანგარიშიდან ეჭრება ზუსტად ის თანხა, რომელი ტარიფითაც სარგებლობს. ბანკში მსგავსი შემთხვევა არ ფიქსირდება, როდესაც მომხმარებელს გაწერილ ტარიფზე მეტი ეჭრება ანგარიშიდან. საკითხის გასარკვევად, მომხმარებელს ვურჩევთ დარეკოს ბანკის ცხელ ხაზზე: 0322555500, ოპერატორი ჩაინიშნავს საკითხს და შემდგომ დაუკავშირდება შესაბამისი პასუხით.

 

არის შემთხვევები, როცა ბარათზე თანხა ჩარიცხულია, თუმცა გატარების დროს ბარათი ამბობს, რომ გადახდა შეუძლებელია“. ამ დროს როგორ უნდა მოიქცეს მგზავრი?

 

იმისათვის, რომ მგზავრი არ შეფერხდეს, მომხმარებელს მივეცით საშუალება, რომ ანგარიშზე თანხის არარსებობის შემთხვევაშიც შეძლოს მგზავრობის საფასურის გადახდა სამი დღის განმავლობაში (მაქსიმუმ 3 ლარის გამოყენება). შესაბამისად, რეკომენდებულია მომხმარებელმა დროულად შეავსოს ბალანსი, რათა შეუფერხებლად შეძლოს მგზავრობის საფასურის გადახდა. თუ მომხმარებლის ანგარიშზე სამი დღის განმავლობაში ფიქსირდება უარყოფითი ნაშთი (მაქსიმუმ 3 ლარის ოდენობით), ამ შემთხვევაში CityPass ბარათი იბლოკება. ბარათის გასააქტიურებლად, მომხმარებელმა უნდა დაფაროს დავალიანება, ხოლო ბარათი გააქტიურდება თანხის ჩარიცხვიდან 1 საბანკო დღის გასვლის შემდეგ.

 

შემდეგი შემთხვევა იყო ასეთი, მოქალაქემ ორჯერ გაატარა ბარათი, თუმცა კონტროლიორი ამბობდა, რომ მხოლოდ ერთი გადახდა იყო დაფიქსირებული, რის გამოც მოქალაქეს პრობლემები შეექმნა. ვინ არის ასეთ დროს პასუხისმგებელი სიზუსტეზე?

 

რთულია ამაზე საუბარი. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ კონტროლიორი ავტომატურ რეჟიმში ხედავს გადახდების რაოდენობას. თუ გამოჩნდა ერთი გადახდა, მაშინ ავტომატურად მეორე გადახდაც გამოჩნდება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მომხმარებელმა ანგარიშის ამონაწერში იხილოს კონკრეტულ თარიღში განხორციელებული გადახდა. თუ ორივე გადახდა დაფიქსირებულია კონტროლიორის მიერ შემოწმებამდე.

 

თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა ამ დროს მოქალაქეების უფლებები, როცა თანხა გადახდილია, მაგრამ ტექნიკური პრობლემების გამო ისინი მაინც ჯარიმდებიან ან პერმანენტულ რეჟიმში უწევთ საკითხის გარკვევა?

 

მომხმარებელს აქვს სრული უფლება გაასაჩივროს ჯარიმა და მოითხოვოს მისი გაუქმება. თუმცა, თუ მომხმარებლის ანგარიშზე 3 დღის განმავლობაში ფიქსირდება უარყოფითი ნაშთი (მაქსიმუმ 3 ლარის ოდენობით), ბარათი იბლოკება და მის გააქტიურებას 2 საბანკო დღე სჭირდება. 

 

მოქალაქეები ამბობენ და თქვენც ადასტურებთ, რომ ბარათზე ჩარიცხული თანხა მხოლოდ 24 საათის განმავლობაში აისახება, ეს სისტემური ხარვეზია? 

 

დიახ, ანგარიშზე თანხა აისახება ჩარიცხვიდან ერთი საბანკო დღის გასვლის შემდეგ. მაგალითად, თუ მომხმარებელმა ბალანსი შეავსო კვირა დღეს, რომელიც არის არასაბანკო დღე, შესაბამისად, ორშაბათი საჭიროა ბარათის გასააქტიურებლად და ავტობუსში თანხის გამოყენებას მომხმარებელი შეძლებს სამშაბათს. თუმცა, როგორც მანამდე აღვნიშნე, მომხმარებელს საშუალება აქვს გადაიხადოს მგზავრობის საფასური, სანამ თანხა ანგარიშზე აისახება. მნიშვნელოვანია, მომხმარებელს უარყოფითი ნაშთი არ ჰქონდეს 3 დღის განმავლობაში (მაქსიმუმ 3 ლარი) – სხვა მხრივ პრობლემა არ შეექმნება.

 

თუ ბარათიდან იმაზე მეტი თანხა იჭრება, ვიდრე მგზავრობა ღირს (და ამის ძალიან ბევრი შემთხვევაა, ჩვენ დაგვიკავშირდნენ ამის თაობაზე მოქალაქები), ზედმეტად დახარჯული თანხის  კომპენსირება როგორ მოხდება?

 

მსგავს შემთხვევაზე ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. მომხმარებელი დარწმუნდება ამონაწერის გაკეთების დროს, რომ ზუსტად ის თანხა ეჭრება, რა ტარიფზეც არის გაწერილი მისი ბარათი.

 

  მოქალაქეების თქმით, ბარათზე დარიცხული თანხის შემოწმების დროს, მობილურ ოპერატორს 4 თეთრი მიაქვს, ეს მომსახურება ფასიანია, თუ აქაც სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე?

 

სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში საუბარია SmartPAY-ის მომსახურებაზე – მომხმარებელს შეუძლია საბანკო მომსახურების მიღება ნებისმიერი ტიპის მობილური ტელეფონით: მობილური ბალანსის შევსება, თანხის გადარიცხვა, კომუნალური გადასახადის დაფარვა კალათით, სესხის აღება, ანგარიშზე ნაშთის შემოწმება. მოცემული პროდუქტის გამოყენებით, მომხმარებლის ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე ნაშთის შემოწმების საკომისიო შეადგენს 4 თეთრს.

 

 

 

 


932 ათასი ლარი ქობულეთის „შუქურას“

 

 

 

 

როგორც იმედა ხაჯიშვილი ამბობს „შუქურასთვის“ 2014 წლის ბოლომდე 932 000 ლარი გამოიყო.

 

„ამ თანახაში გათვალისწინებულია ფეხბურთელებისთვის წინა სახელფასო დავალიანება და გასაცემი პრემიები. თანხა მოძიებული იქნა რესპუბლიკურ ბიუჯეტში და ტრანსფერის სახით გამოიყო  ქობულეთისთვის“ – განმარტავს იმედა ხაჯიშვილი.

 

მისივე თქმით, დეპუტატებში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა „შუქურასთვის“ ამ თანხის გამოყოფას.

 

„სხდომას 35 ადამიანი ესწრებოდა. ოფიციალურად ოთხი ადამიანი გამოვიდა ბიუჯეტის წინააღმდეგ. არ გვაქვს ამისი ფუფუნება, რომ ამხელა ფული გადავუხადოთ ფეხბურთს ბიუჯეტიდანო – იყო ასეთი განწყობა დეპუტატებში. მაგრამ ჩვენ ფორსმაჟორში ვიყავით, რადგან ფეხბურთელებს სამი თვის აუღებელი ხელფასები ჰქონდათ, მათში იყო პროტესტის მუხტი და შეიძლებოდა თამაშზე უარი ეთქვათ. ეს კი გამოიწვევდა იმას, რომ გუნდი მოხვდებოდა არა პირველ არამედ, მეორე ლიგაში. ამ დილემურ სიტუაციაში ჩვენმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ მხარი დაეჭირათ “შუქურას” მუნიციპალური დაფინასნებისთვის“.

 

იმედა ხაჯიშვილი ვარაუდობს, რომ ქობულეთის “შუქურას” დაფინანსება კვლავ გაგრძელდება მინიციპალიტეტიდან და 2015 წელს 600 000 ლარამდე იქნება კლუბის ბიუჯეტი. თუმცა იმ შემთხვევაში თუ კლუბი შედეგს ვერ მოიპოვებს უმაღლეს ლიგაში, იმედა ხაჯიშვილი ამბობს, რომ ფეხბურთელებს სახელფასო ფონდი შეუმცირდებათ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უმაღლეს ლიგაში აჭარიდან ორი გუნდი თამაშობს – ბათუმის „დინამო“ და ქობულეთის „შუქურა“. სატურნირო ცხრილში 16 გუნდს შორის „შუქურა“ რვა ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და ერთი ქულით მხოლოდ ზუგდიდს უსწრებს. 

ფუტზალის აჭარის თასის მეოთხედფინალში ბათუმის დინამომ ”ფანები” 9:2 დაამარცხა

აჭარის რეგიონული პირველობა ფუტზალში 11 ოქტომბერს დაიწყო, სადაც 24 გუნდი მონაწილეობდა. მერვედფინალებიდან შეირჩა 16 გუნდი, რომელიც A და B ჯგუფებში გადანაწილდნენ. A ჯგუფში თამაშობდა „ნავთობტერმინალი“, სომხური დიასპორის გუნდი „ახბიური“, „კოკა-კოლა“ და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „ბსუ“. B ჯგუფში დაწყვილდნენ „პირატები“, „ბათუმის დინამო“, საზღვაო აკადემიის და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გუნდები.

მეოთხედფინალებში გავიდნენ A ჯგუფიდან ნავთობტერმინალი და ბსუ, ხოლო B ჯგუფიდან „დინამო ბათუმი“ და „პირატები“.

ნახევარფინალი 7 ნოემბერს ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში, მ. ლერმონტოვის ქ. #27 გაიმართება, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან დინამო ბათუმი – ბსუ და მეორე წყვილი „პირატები“ – „ნავთობტერმინალი“.

ფინალი 9 ნოემბერს ჩატარდება.

ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს ფუტზალის ასოციაცია და აჭარის რეგიონალური ფუტზალის ასოციაცია.

აჭარის რეგიონალური ფუტზალის ასოციაციის პრეზიდენტის არტიომ ნაცაკანიანის თქმით, ფინალში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ფუტზალის საქართველოს ჩემპიონატ 2015-ში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც საპრიზო ფონდიც გათამაშდება.

აჭარის რეგიონის ტურნირის ფინალში კი ფეხბურთელები სხვასახვა ნომინაციებში გამოვლინდებიან.


ბათუმში ენმ-ის ოფისთან საპატრულო პოლიცია გამოიძახეს

 

 

ამ წუთებში პარტიის ოფისთან აქციის მონაწილეები ისევ იმყოფებიან: “არ უნდა შეგრჩეთ 7 ნოემბერი, გახსოვდეს სტუდენტების დარბევა”- ასეთია აქციის ერთ-ერთი  მონაწილის პოზიცია. 

რამდენიმე წუთის განმავლობაში ბათუმში, მემედ აბაშიზის გამზირზე სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი მდებარეობს, მოძრაობა შეჩერებული იყო.

15 ათასი ლარის კომპენსაცია სახელმწიფოსგან დეპუტატის ძმას

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დეპუტატი იაშა შერვაშიძე და ქედის გამგებელი დავით დუმბაძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დეპუტატი იაშა შერვაშიძე და ქედის გამგებელი დავით დუმბაძე

გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის საკითხებში მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ 31 მაისს განვითარებული სეტყვის შედეგად მუნიციპალიტეტში დაზარალებულები მიღებული კომპენსაციით კმაყოფილები არიან. „ყველაზე დიდი კომპენსაცია – თუ ზუსტად მახსოვს, იყო 14 ათასი ლარი“, – ამბობს სატელეფონო საუბარში მერაბ ტაკიძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სწორედ ამდენი თანხა მიიღო კომპენსაციის სახით საქართველოს პარლამენტში ქედის მაჟორიტარი დეპუტატის იაშა შერვაშიძის ძმამ, ნოდარ შერვაშიძემ. ამ ინფორმაციის გადამოწმება თავად ნოდარ შერვაშიძესა და მის ძმასთან შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან სატელეფონო ზარს არც ერთმა მათგანმა არ უპასუხა.

 

თავის მხრივ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა პირველი მაისის თემში გამგებლის წარმომადგენლის კანდიდატმა დავით შავლიძემ: „კომპენსაცია მივიღეთ ზარალის მიხედვით, მე, მაგალითად, 400 ლარი ავიღე. სოფლის თავკაცებმა გამოგვკითხეს რამდენი ძირი კიტრი-პომიდორი გვქონდა. თუ რამე საეჭვო იქნებოდა, მერე მოდიოდნენ გამგეობიდან და ამოწმებდნენ. რაც შეეხება დეპუტატის ძმას, მას 2000 ძირზე მეტი ვაზი აქვს, ყველა ჯიშის, ჩხავერიც. 10 ტონამდე ყურძენს კრეფდა, დაახლოებით 15 ათას ლარამდე მიიღო კომპენსაცია. ნოდარ შერვაშიძე მეურნეობას უძღვება – ჰექტარ-ნახევარზე აქვს ვაზი გაშენებული, აქვს მარანი. იაშას არ მიუღია კომპენსაცია, იაშას მეურნეობა სოფელში არ აქვს“.

 

რა კრიტერიუმებით გაიცა კომპენსაცია, რატომ დაეხმარა სახელმწიფო იმ ოჯახებს, რომლებიც სეტყვამ დააზრალა და რატომ არ დაეხმარა მათ, ვისი მოსავალიც ზუსტად იმავე პერიოდში ყინვამ გაანადგურა? რა კრიტერიუმებით შეარჩიეს დაზარალებულები? – როგორც ირკვევა ამ კითხვებს ქედის მუნიციპალიტეტშიც სვამენ და ბევრი ოჯახია უკმაყოფილო. მაგალითად, სოფელ ძენწმანში ასეთი ფაქტი დაფიქსირდა: კომპენსაცია მიიღო მერაბ სურმანიძის ორმა უახლოესმა მეზობელმა, მაგრამ თავად მერაბ სურმანიძეს უთხრეს, რომ მისი ვენახი სეტყვას არ დაუზიანებია.

 

ამის შესახებ სმენია მერაბ ტაკიძესაც, გამგებლის თანაშემწეს სოფლის მეურნეობის საკითხებში. მერაბ ტაკიძე: „მერაბ სურმანიძე ჩემი მეგობარია, ის 15 ტონა ყურძენს კრეფს, მე –  ექვს ტონას. მერაბის ვენახი სეტყვას არ დაუზიანებია, მაგის ყურძენი დააზიანა გაზაფხულზე ყინვამ. მერაბ სურმანიძე იყო ჩემთან მაგ თემაზე, თვითონ თქვა, რომ მისი ყურძენი სეტყვას არ დაუზიანებია. გაზაფხულზე ყინვით მთელი დასავლეთი საქართველო დაზარალდა, ყველას როგორ გადაუხდის სახელმწიფო კომპენსაციას?!“ 

აჭარის მთავრობა: ხელვაჩაურში სოციალურ ბინის 3000 ოჯახი ელოდება

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოციალური სახლის მშენებლობა მოინახულა

პროექტში გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობაც. პროექტს, რომლის ღირებულება 2 013 999 ლარია, ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „მშენებელი 80“ განახორციელებს. სამუშაოებზე 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

 

„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი პროექტია. ჩვენ რამდენიმე თვის წინ ხულოში ჩავუყარეთ საფუძველი ასეთივე სახლის სარძიკველს. ეს სხვა რაიონებშიც გაგრძელდება, სანამ მსგავსი სახლების საჭიროება იქნება. 2014 წლის ბიუჯეტში ხელვაჩაურში სოციალური სახლის მშენებლობისთვის გავითვალისწინეთ 2 მილიონ ლარზე მეტი. ეს 50 ბინა პირველ და მეორე კატეგორიაში მყოფ ეკომიგრანტებს გადაეცემათ. მშენებლობა 2015 წლის ბოლომდე დასრულდება, მანამდე კი შევარჩევთ იმ ოჯახებს, ვინც იცხოვრებს ამ კორპუსებში.

 

 არსებული მდგომარეობით ყველა I და II კატეგორიის ეკომიგრანტს ბენზეს დასახლებაში გადავეცით ბინები“- განაცხადა არჩილ ხაბაძემ მშენებლობის მიმდინარეობის გაცნობის შემდეგ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური ბინის მოლოდინში 3000 ოჯახია. 


აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ჯანდაცვის მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დღეს ახალი სოციალური სახლის მშენებლობა მოინახულეს და პროექტის დეტალებს გაეცნენ.

 

„სკოლებში გენდერულ საკითხებზე დისკუსიებისა და ლექციების ჩატარება აუცილებელია“

 

თამთა კვარაცხელია, ბათუმის #16 საჯარო სკოლის დირექტორი: „სკოლა იღებს პასუხისმგებლობას, ვინაიდან სკოლა საზოგადოების ნაწილია. პროცესები, რაც საზოგადოებაში მიმდინარეობს, სკოლასაც ეხება, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად. სკოლა ვერ იქნება იზოლირებული ამ პროცესებისგან. ჩვენ ვგეგმავთ მთელ რიგ ღონისძიებებს, ნოემბრის დასაწყისში ჩვენს სკოლაში იგეგმება კონფერენცია, სადაც იქნება წარმოდგენილი თემები, რომლებიც ეხება ძალადობას. ვფიქრობ სკოლაში უნდა მოხდეს ბულინგის (ბავშვებზე ძალადობის) პრევენცია, – ასეთ სამწუხარო ფაქტებზე უნდა იყოს მწვავე რეაქცია. მასწავლებლებს, განსაკუთრებით კი დამრიგებლებს, აქვთ მითითებები მიცემული, რომ გააკეთონ განსაკუთრებული აქცენტები ძალადობაზე, პიროვნების თავისუფლებასა და რეალიზებაზე. ასევე, აქციის ტიპის ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, მაგალითად ნახატების აქცია – „არა ძალადობას“.

 

სასიცოცხლოდ აუცილებელია სკოლებში გენდერულ საკითხებზე დისკუსიებისა და ლექციების ჩატარება, ვინაიდან საზოგადოებაში თავი იჩინა ამ ხრივ დაგროვილმა აგრესიამ. თემა არის ძალიან ფაქიზი, მნიშვნელოვანია, თუ ვინ წაიკითხავს ამ ლექციებს, ამას სკოლა დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტს, განათლების სამინისტროსთან კონსულტაციებია საჭირო.

 

ნაადრევ ქორწინებაში მყოფ მოსწავლეებს ჩვენ ვეხმარებით იმაში, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ, დაქორწინებულ მოსწავლეებს უსწავლიათ ჩვენთან, ახლაც გვყავს გათხოვილი გოგონა მე-12 კლასში, თუმცა გასულ წელს მე-11 კლასელმა გოგონამ სწავლა მიატოვა გათხოვების მერე.

 

რამდენიმე წლის წინ ინიციატივა – სკოლებში ესწავლებინათ „სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენა~ საზოგადოებამ ცუდად მიიღო. ვფიქრობ, აუცილებელია მოსწავლეებს ჰქონდეთ ინფორმაცია სქესობრივ ცხოვრებასა და ჰიგიენაზე, მაგრამ აქაც პრობლემა დგას სპეციალისტზე, რადგან რესურსი არ გვაქვს.“

 

ნარგიზ ჯინჭარაძე, ქობულეთის #5 საჯარო სკოლის დირექტორი: „პრობლემა არის საყოველთაო, ეს არის საზოგადოების არაინფორმირებულობის ან გულგრილობის შედეგი. სკოლის პასუხისმგებლობა არის იმაში, რომ ჩვენ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის შუამავლები ვართ, ჩვენ უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს და მათ უკან მდგომ ოჯახებს ინფორმაცია, რომ ოჯახური ძალადობა არის დანაშაული, რომელზეც სახელმწიფო მკაცრად რეაგირებს. არის ოჯახები, სადაც ბავშვის აღზრდისას აუცილებელ პირობად მიაჩნიათ ფიზიკური დასჯა, რასაც არ განიხილავენ ძალადობად.

 

 

სასწავლო გეგმით ისწავლება სამოქალაქო განათლება, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის დანაშაული, რა არის ძალადობა. აუცილებელია სკოლებში გენდერულ საკითხებზე უფრო მეტი საუბარი. დიდი ხანია ვმუშაობ სკოლაში, შემიძლია ვთქვა, რომ გაახალგაზრდავებულია ქორწინების ასაკი, ეს კომპლექსური პრობლემაა და მას მარტო სკოლა ვერ გადაწყვეტს, მაგრამ პრობლემას ვხედავთ, სტატისტიკური მონაცემებიც გვაქვს, რაც აჩვენებს, რომ ნაადრევი ქორწინება არ ამართლებს.

 

 

გასულ წელს ორმა გოგონამ მიატოვა სწავლა, ერთი გათხოვილი გოგონა, რომელიც უკვე დედა გახდა, არ ვიცით გააგრძელებს თუ არა სწავლას. გულდასაწყვეტია, რადგან ეს გოგონები არიან გონიერი მოსწავლეები, მათ მიერ გადადგმული გაუაზრებელი ნაბიჯი არ უნდა ვაქციოთ ტრაგედიად, ამიტომაც ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი მათ პიროვნულ განვითარებას. 

 

თაობა, რომლის დროსაც არ ისწავლებოდა სამოქალაქო განათლება, ნაკლებად არის ინფორმირებული. ვფიქრობ, კონსტიტუციის გაცნობა და გენდერულ საკითხებზე დისკუსიები იქნება ეფექტური. ჩვენ მშობლების აღზრდაზე არ ვმუშაობთ, მაგრამ უნდა გავააქტიუროთ მოსწავლეებთან მსგავს საკითხებზე მუშაობა. მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, რომ ოჯახური ძალადობა არის დასჯადი, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ პასუხისმგებლობა აუმაღლდეთ მათ, რომ შემდგომ რეაგირება მოახდინონ მათ გარშემო მომხდარ ფაქტებზეც. საზოგადოებას მიაჩნია, რომ სხვა ოჯახზე საუბარი არასწორია, ამას ისევ `ჩაშვებად~ განიხილავენ, ამიტომაც ჩვენ უნდა გავზარდოთ თაობა, რომელიც იქნება პასუხისმგებლიანი მოქალაქე.“

 

 

ზურაბ ზაქარაძე, ბათუმის #6 საჯარო სკოლის დირექტორი: „სკოლის როლი მნიშვნელოვანია, თაობებს ის ზრდის. ჩვენთან სისტემატურად მუშავდება აღმზრდელობითი საკითხები, მსგავსი თემები განხილვადია კლასსაათებზე თუ კონფერენციებზე. პროცესებშიც აქტიურად ვართ ჩართული, წინასწარ, პროფილაქტიკურ სამუშაობეს ვატარებთ, დამატებითაც შესაძლებელია განხილვა ამ თემების, თუმცა მე ვერ ვხედავ სკოლაში ურთიერთობების დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს.

 

გენდერულ საკითხებზე დისკუსიები ხელს არ შეუშლის სკოლის მუშაობას, პირიქით წაადგება კიდეც, ამიტომაც წინააღმდეგი არ ვარ მსგავსი ინიციატივების, სკოლა საგანმანათლებლო ფუნქციის მატარებელია. სამწუხაროა, რომ ეს საკითხი კვლავ აქტუალურია, 21-ე საუკუნეში გენდერული ბალანსი უნდა იყოს მიღწეული. ეს პრობლემა დღეს არ წამოსულა, ქალების ასპარეზზე გამოსვლას მოჰყვა ძალადობა. ვფიქრობ, ამ მძიმე ფონის მიუხედავად, გვაქვს წინსვლა ამ მიმართულებით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრევენცია აუცილებელია.“

 

 

მედეა გვენეტაძე, ბათუმის #1 საჯარო სკოლის დირექტორი: „სკოლასაც დიდი როლი აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ოჯახი და საზოგადოებაა. მიმაჩნია, რომ მძიმე სოციალური ფონია ამ ყველაფრის გამომწვევი. სკოლაში სამოქალაქო განათლების შემოტანამ ბევრი რამ შეცვალა სიკეთისკენ, მოსწავლეების ცნობიერება ამაღლდა. ჩვენ სკოლაში მუდმივად გვაქვს ღონისძიებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, დებატები იმართება მოსწავლეებს შორის. სამომავლო გეგმები გაგვეზარდა ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო, ვფიქრობ, მშობლებიც უნდა ჩავრთოთ შიდა სასკოლო ღონისძიებებში. სამოქალაქო განათლების ფარგლებში მასწავლებელი ნაადრევ ქორწინებასა და გენდერულ საკითხებზეც საუბრობს მოსწავლეებთან, მათ უხსნიან, რომ არ არიან მზად ოჯახის შექმნისთვის და არ ექნება მათ კავშირს ამ ასაკში მყარი საფუძველი. სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევა გვქონდა ნაადრევი ქორწინების, წელსაც მიიღო ეს გადაწყვეტილება ჩვენმა მოსწავლემ“. 

თაიგული და წიგნები ევროპის ჩემპიონებს

საკრებულოს დეპუტატებმა გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქად წიგნები და თაიგული გადასცეს.

 „ვფიქრობ ძალიან პოპულარულია ჭადრაკი საქართველოში. ის გეგმები, რაც არსებობს 2018 წლამდე ჭადრაკის აღორძინებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ვიმედოვნებ, არა მარტო სპორტის კუთხით, ზოგადად ქალაქს დიდი წარმატებას მოუტანს” – განაცხადა სალომე მელიამ. 

 

„ძალიან გაგვახარეს კლუბის წევრებმა, დიდ წარმატებას მიაღწიეს, სათანადო პირობები კლუბის წევრებს არ აქვთ. მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად ჩავდებთ სახსრებს, რომ სათანადო პირობები შევქმნათ, ფართიც გამოვყოთ და მომავალი წარმატებების იმედად ეს პრობლემები გადავჭრათ.

 

მე მქონდა ამ პრობლემაზე ბათუმის მერთნ საუბარი, მან გამოთქვა მზადყოფნა და ჩვენ მომავალი წლის ბიუჯეტში გამოვყოფთ სახსრებს იმისათვის, რომ არსებული ფართები გავარემონტოთ და შევუქმნათ სპორტსმენებს კარგი პირობები. არა მარტო მოჭადრაკეებს, სპორტის სხვა სახეობებზეც მაქვს საუბარი”- განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა. 

VTD GROUP-ი პირველი კომპანია, რომელიც ჰაერის ნაცვლად დასრულებულ ბინებს ყიდის

 

თავდადებულის ქ.# 50/52-ში მდებარე 15-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი კომპანიის პირველი პროექტია ბათუმში, რომელიც მოიცავს 214 ბინას. კორპუსის მშენებლობა სამი წლის მანძილზე მიმდინარეობდა და 2014 წელს დასრულდა. დარჩენილია კეთილმოწყობითი სამუშაოები.

 

 

თემურ ვერძაძე
თემურ ვერძაძე

 

კორპუსი მდებარეობს ბათუმის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩიდან – ილია ჭავჭავაძის გამზირიდან 20 მეტრში. კორპუსის სიმაღლიდან იშლება ზღვის, მთისა და ქალაქის ხედები. საცხოვრებელი ფართობის მინიმალური ფასი 550 დოლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასისგან მხოლოდ 100 დოლარით განსხვავდება. ფართობის არჩევა 40 კვადრატული მეტრიდან 140 კვადრატულ მეტრამდეა შესაძლებელი. თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში კომპანია მომხმარებელს ფასდაკლებას სთავაზობს. კორპუსი VTD-ის დაკვეთით კომპანია „ანაგმა“ ააგო.

 

 

 

„ანაგი“ VTD-ის პარტნიორი კომპანიაა. პარტნიორთა წრეს წარმოადგენენ ასევე შპს „ელიტ კონსტრაქტინგი“, შპს „მეტალ ფორს ჯორჯია“, შპს „კომფორტელი“ და შპს „სი დო მა“.

კომპანია გარკვეულ სოციალურ პასუხისმგებლობას ასრულებს  ქალაქის, სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე. თავიდან ეს ადგილი იყო ბარაკებით შემოსილი კუთხე, იყო ორი ეზო თავდადებულის ქ. #50/52-ში, სადაც ცხოვრობდა 24 ოჯახი არასანიტარულ პირობებში.  კორპუსს გააჩნია კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა, ავტოსადგომი, სუფთა სადარბაზოები და ლიფტი, როგორც სამგზავრო, ასევე – სატვირთო. კომერციულ მშენებლობაში პირველად VTD-ის კორპუსმა დასახა, რომ მაღალსართულიან შენობაში მგზავრების გარდა ტვირთისთვისაც ყოფილიყო ლიფტი. კორპუსის ირგვლივ, ასევე კეთილმოეწყობა ეზო, სადაც იქნება ბავშვების გასართობი კუთხე და სპორტული მოედანი. საერთო ჯამში VTD GROUP-მა სამი წლის მანძილზე განავითარა 500 კვადრატული მეტრი რეკრეაციული ტერიტორია.

 

 

VTD GROUP-ს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს – სანდო პარტნიორები ჰყავს. ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დასახლდეს კარგ საცხოვრებელ სახლში, უნდა ნახოს რას ყიდულობს. ეს არის დასრულებული კომპლექსი, მას მესამე პირთან არ აქვს ვალდებულება – არ აქვს სესხი ბანკებთან და აქვს მოწესრიგებული სამართლებრივი ბაზა. ბინის ყიდვისთანავე საკუთრება  საჯარო რეესტრში მყიდველს ურეგისტრირდება. ამ მხრივ კომპანიამ პირველმა გადადგა ნაბიჯი და მყიდველს პირველმა შესთავაზა დამთავრებული ბინა.

 

კომპანია ფასებთან მიმართებაში არ არის მოგებაზე ორიენტირებული. VTD GROUP-ის ბინებს მშენებლობის სტანდარტების ადეკვატური ღირებულება აქვს.

 

„სადაც ხარისხიანად შენდება, იქ კომპანია მინიმალურ ფასად 350 დოლარს ვერ დააწესებს,  ყველაფერი დამოკიდებულია ხარისხზე, თუ როგორი ხარისხით, რა მასალით აწარმოებს მშენებლობას კომპანია, როგორია არმატურა და სხვა მასალები. ვინც 350 დოლარად ყიდის ბინებს, ის დასაწყისში იზიდავს კლიენტს. მშენებარე კომპანიების უმეტესობა მშენებლობის დასაწყისში საჭირო თანხის მხოლოდ 20 პროცენტს ფლობს. ეს მექანიზმი ასე მუშაობს – ბიზნესი ითვისებს რაღაც თანხას, გაყიდის ბინებს და მერე თავისთავად ზრდის ღირებულებას. ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია, ჩვენ ინტრიგას იმიტომ არ ვდებთ, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ხარისხიანად, დაწყებული არმატურიდან, დამთავრებული დეტალებით. ჩვენთვის ყველაზე მთავარი მომხმარებლის კმაყოფილებაა“,  – ამბობს თემურ ვერძაძე.

 

კომპანია VTD GROUP-ი სწორედ ბიზნესმენ თენგიზ ვერძაძესა და მის პარტნიორს _ თეიმურაზ ჭუმბურიძეს ეკუთვნის. კომპანიის დირექტორის მოვალეობას თემურ ვერძაძე ასრულებს. ისინი დიდი ხანია ბიზნესში სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ. შპს „ზუნდაგი“, რომელიც თემურ ვერძაძეს ეკუთვნის, პირველი იყო, რომელმაც წლების წინ, პარტნიორებთან ერთად, ბათუმში პირველი კომპლექსური ავტოგასამართი სადგური გააკეთა. ეს ჯგუფი ბიზნესში კვების კუთხითაც არის ჩართული და აქვს დიდი გამოცდილება. ისინი ბათუმში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ თევზისა და ქართული კერძების რესტორანს ფლობენ.


„ახალგაზრდობიდან მქონდა ბიზნესი. ვიყავი მეზღვაური და ვფიქრობდი მქონოდა პრესტიჟული მაღაზიები ევროპული საქონლით. ეს იყო ჩემი პირველი იდეა ბიზნესში. 1992 წელს გვქონდა მაღაზია „პრესტიჟის“ ქსელი ბათუმში. როცა ომი დაიწყო საქართველოში და ვეღარ შემოდიოდა რუსეთიდან, ევროპიდან საქონელი, ყველა ღონეს ვხმარობდით ევროპული საქონლის შემოსატანად. ბიზნესში დიდი მონდომებაა საჭირო. ჩვენ ვმუშაობთ, არ ვფიქრობთ მარტო მოგებასა და სახელის მოხვეჭაზე, ჩვენი დევიზი ყოველთვის იყო  მაღალი ხარისხი“, – ამბობს თემურ ვერძაძე.

რა გეგმები აქვს VTD GROUP-ს? თემურ ვერძაძე ამბობს, რომ ამას უკვე ცხოვრება და სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობა აჩვენებს.

 

„მაქვს იდეა გავაკეთო ავტოპარკინგი. მაგალითად, ჩემს ქუჩას, ანგისის #19-ში, სადაც აშენდა მრავალსართულიანი კორპუსები, არ აქვს ავტოსადგომი. ქუჩა თითქმის ჩაკეტილია.  მინდა ცალკე, ჩემს ტერიტორიაზე გავაკეთო ავტოპარკინგი, თავისი ავტომომსახურების სერვისითა და ავტოსამრეცხაოთი, იქაურობა რომ განიტვირთოს.

VTD GROUP-ი მომავალში კიდევ ერთ საცხოვრებელ კორპუსს ააგებს. მომზადებულია პროექტიც. ჯერჯერობით კომპანია მხოლოდ ბათუმის ტერიტორიაზე აშენებს. თუმცა გაყიდვების ოფისი ბათუმის გარდა თბილისშიც მუშაობს.

 

VTD GROUP-ის გაყიდვების ოფისი ბათუმში: ილია ჭავჭავაძის ქუჩა #23; 

ტელ.: +995 42 22 22 132; მობ.:  +995 577 54 54 80; ელფოსტა: sales@vtd.ge


VTD GROUP-ის გაყიდვების ოფისი თბილისში: ი. აბაშიძის 51;

ტელ.: +995 32 2 18 13 43;  მობ.: +995  599 809 100;  ელფოსტა: info@vtd.ge





შს სამინისტრომ გამოძიება ნივთის დაზიანებისა ან განადგურების მუხლით დაიწყო

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ამ მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,  რაც ნიშნავს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას “ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით”. 

ამ დანაშაულისს ჩამდენი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

 

Exit mobile version