სიახლეები

„სკოლებში გენდერულ საკითხებზე დისკუსიებისა და ლექციების ჩატარება აუცილებელია“

28.10.2014 • 1547
„სკოლებში გენდერულ საკითხებზე დისკუსიებისა და ლექციების ჩატარება აუცილებელია“

 

თამთა კვარაცხელია, ბათუმის #16 საჯარო სკოლის დირექტორი: „სკოლა იღებს პასუხისმგებლობას, ვინაიდან სკოლა საზოგადოების ნაწილია. პროცესები, რაც საზოგადოებაში მიმდინარეობს, სკოლასაც ეხება, როგორც პირდაპირ, ასევე ირიბად. სკოლა ვერ იქნება იზოლირებული ამ პროცესებისგან. ჩვენ ვგეგმავთ მთელ რიგ ღონისძიებებს, ნოემბრის დასაწყისში ჩვენს სკოლაში იგეგმება კონფერენცია, სადაც იქნება წარმოდგენილი თემები, რომლებიც ეხება ძალადობას. ვფიქრობ სკოლაში უნდა მოხდეს ბულინგის (ბავშვებზე ძალადობის) პრევენცია, – ასეთ სამწუხარო ფაქტებზე უნდა იყოს მწვავე რეაქცია. მასწავლებლებს, განსაკუთრებით კი დამრიგებლებს, აქვთ მითითებები მიცემული, რომ გააკეთონ განსაკუთრებული აქცენტები ძალადობაზე, პიროვნების თავისუფლებასა და რეალიზებაზე. ასევე, აქციის ტიპის ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი, მაგალითად ნახატების აქცია – „არა ძალადობას“.

 

სასიცოცხლოდ აუცილებელია სკოლებში გენდერულ საკითხებზე დისკუსიებისა და ლექციების ჩატარება, ვინაიდან საზოგადოებაში თავი იჩინა ამ ხრივ დაგროვილმა აგრესიამ. თემა არის ძალიან ფაქიზი, მნიშვნელოვანია, თუ ვინ წაიკითხავს ამ ლექციებს, ამას სკოლა დამოუკიდებლად ვერ გადაწყვეტს, განათლების სამინისტროსთან კონსულტაციებია საჭირო.

 

ნაადრევ ქორწინებაში მყოფ მოსწავლეებს ჩვენ ვეხმარებით იმაში, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ, დაქორწინებულ მოსწავლეებს უსწავლიათ ჩვენთან, ახლაც გვყავს გათხოვილი გოგონა მე-12 კლასში, თუმცა გასულ წელს მე-11 კლასელმა გოგონამ სწავლა მიატოვა გათხოვების მერე.

 

რამდენიმე წლის წინ ინიციატივა – სკოლებში ესწავლებინათ „სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენა~ საზოგადოებამ ცუდად მიიღო. ვფიქრობ, აუცილებელია მოსწავლეებს ჰქონდეთ ინფორმაცია სქესობრივ ცხოვრებასა და ჰიგიენაზე, მაგრამ აქაც პრობლემა დგას სპეციალისტზე, რადგან რესურსი არ გვაქვს.“

 

ნარგიზ ჯინჭარაძე, ქობულეთის #5 საჯარო სკოლის დირექტორი: „პრობლემა არის საყოველთაო, ეს არის საზოგადოების არაინფორმირებულობის ან გულგრილობის შედეგი. სკოლის პასუხისმგებლობა არის იმაში, რომ ჩვენ სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის შუამავლები ვართ, ჩვენ უნდა მივაწოდოთ მოსწავლეებს და მათ უკან მდგომ ოჯახებს ინფორმაცია, რომ ოჯახური ძალადობა არის დანაშაული, რომელზეც სახელმწიფო მკაცრად რეაგირებს. არის ოჯახები, სადაც ბავშვის აღზრდისას აუცილებელ პირობად მიაჩნიათ ფიზიკური დასჯა, რასაც არ განიხილავენ ძალადობად.

 

 

სასწავლო გეგმით ისწავლება სამოქალაქო განათლება, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ ინფორმაცია იმაზე, თუ რა არის დანაშაული, რა არის ძალადობა. აუცილებელია სკოლებში გენდერულ საკითხებზე უფრო მეტი საუბარი. დიდი ხანია ვმუშაობ სკოლაში, შემიძლია ვთქვა, რომ გაახალგაზრდავებულია ქორწინების ასაკი, ეს კომპლექსური პრობლემაა და მას მარტო სკოლა ვერ გადაწყვეტს, მაგრამ პრობლემას ვხედავთ, სტატისტიკური მონაცემებიც გვაქვს, რაც აჩვენებს, რომ ნაადრევი ქორწინება არ ამართლებს.

 

 

გასულ წელს ორმა გოგონამ მიატოვა სწავლა, ერთი გათხოვილი გოგონა, რომელიც უკვე დედა გახდა, არ ვიცით გააგრძელებს თუ არა სწავლას. გულდასაწყვეტია, რადგან ეს გოგონები არიან გონიერი მოსწავლეები, მათ მიერ გადადგმული გაუაზრებელი ნაბიჯი არ უნდა ვაქციოთ ტრაგედიად, ამიტომაც ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი მათ პიროვნულ განვითარებას. 

 

თაობა, რომლის დროსაც არ ისწავლებოდა სამოქალაქო განათლება, ნაკლებად არის ინფორმირებული. ვფიქრობ, კონსტიტუციის გაცნობა და გენდერულ საკითხებზე დისკუსიები იქნება ეფექტური. ჩვენ მშობლების აღზრდაზე არ ვმუშაობთ, მაგრამ უნდა გავააქტიუროთ მოსწავლეებთან მსგავს საკითხებზე მუშაობა. მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, რომ ოჯახური ძალადობა არის დასჯადი, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ პასუხისმგებლობა აუმაღლდეთ მათ, რომ შემდგომ რეაგირება მოახდინონ მათ გარშემო მომხდარ ფაქტებზეც. საზოგადოებას მიაჩნია, რომ სხვა ოჯახზე საუბარი არასწორია, ამას ისევ `ჩაშვებად~ განიხილავენ, ამიტომაც ჩვენ უნდა გავზარდოთ თაობა, რომელიც იქნება პასუხისმგებლიანი მოქალაქე.“

 

 

ზურაბ ზაქარაძე, ბათუმის #6 საჯარო სკოლის დირექტორი: „სკოლის როლი მნიშვნელოვანია, თაობებს ის ზრდის. ჩვენთან სისტემატურად მუშავდება აღმზრდელობითი საკითხები, მსგავსი თემები განხილვადია კლასსაათებზე თუ კონფერენციებზე. პროცესებშიც აქტიურად ვართ ჩართული, წინასწარ, პროფილაქტიკურ სამუშაობეს ვატარებთ, დამატებითაც შესაძლებელია განხილვა ამ თემების, თუმცა მე ვერ ვხედავ სკოლაში ურთიერთობების დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს.

 

გენდერულ საკითხებზე დისკუსიები ხელს არ შეუშლის სკოლის მუშაობას, პირიქით წაადგება კიდეც, ამიტომაც წინააღმდეგი არ ვარ მსგავსი ინიციატივების, სკოლა საგანმანათლებლო ფუნქციის მატარებელია. სამწუხაროა, რომ ეს საკითხი კვლავ აქტუალურია, 21-ე საუკუნეში გენდერული ბალანსი უნდა იყოს მიღწეული. ეს პრობლემა დღეს არ წამოსულა, ქალების ასპარეზზე გამოსვლას მოჰყვა ძალადობა. ვფიქრობ, ამ მძიმე ფონის მიუხედავად, გვაქვს წინსვლა ამ მიმართულებით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრევენცია აუცილებელია.“

 

 

მედეა გვენეტაძე, ბათუმის #1 საჯარო სკოლის დირექტორი: „სკოლასაც დიდი როლი აქვს, მაგრამ მთავარი მაინც ოჯახი და საზოგადოებაა. მიმაჩნია, რომ მძიმე სოციალური ფონია ამ ყველაფრის გამომწვევი. სკოლაში სამოქალაქო განათლების შემოტანამ ბევრი რამ შეცვალა სიკეთისკენ, მოსწავლეების ცნობიერება ამაღლდა. ჩვენ სკოლაში მუდმივად გვაქვს ღონისძიებები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, დებატები იმართება მოსწავლეებს შორის. სამომავლო გეგმები გაგვეზარდა ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო, ვფიქრობ, მშობლებიც უნდა ჩავრთოთ შიდა სასკოლო ღონისძიებებში. სამოქალაქო განათლების ფარგლებში მასწავლებელი ნაადრევ ქორწინებასა და გენდერულ საკითხებზეც საუბრობს მოსწავლეებთან, მათ უხსნიან, რომ არ არიან მზად ოჯახის შექმნისთვის და არ ექნება მათ კავშირს ამ ასაკში მყარი საფუძველი. სამწუხაროდ, რამდენიმე შემთხვევა გვქონდა ნაადრევი ქორწინების, წელსაც მიიღო ეს გადაწყვეტილება ჩვენმა მოსწავლემ“. 

გადაბეჭდვის წესი