სიახლეები

15 ათასი ლარის კომპენსაცია სახელმწიფოსგან დეპუტატის ძმას

28.10.2014 • 1930
15 ათასი ლარის კომპენსაცია სახელმწიფოსგან დეპუტატის ძმას

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დეპუტატი იაშა შერვაშიძე და ქედის გამგებელი დავით დუმბაძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დეპუტატი იაშა შერვაშიძე და ქედის გამგებელი დავით დუმბაძე

გამგებლის თანაშემწე სოფლის მეურნეობის საკითხებში მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ 31 მაისს განვითარებული სეტყვის შედეგად მუნიციპალიტეტში დაზარალებულები მიღებული კომპენსაციით კმაყოფილები არიან. „ყველაზე დიდი კომპენსაცია – თუ ზუსტად მახსოვს, იყო 14 ათასი ლარი“, – ამბობს სატელეფონო საუბარში მერაბ ტაკიძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, სწორედ ამდენი თანხა მიიღო კომპენსაციის სახით საქართველოს პარლამენტში ქედის მაჟორიტარი დეპუტატის იაშა შერვაშიძის ძმამ, ნოდარ შერვაშიძემ. ამ ინფორმაციის გადამოწმება თავად ნოდარ შერვაშიძესა და მის ძმასთან შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან სატელეფონო ზარს არც ერთმა მათგანმა არ უპასუხა.

 

თავის მხრივ ინფორმაცია „ბათუმელებს“ დაუდასტურა პირველი მაისის თემში გამგებლის წარმომადგენლის კანდიდატმა დავით შავლიძემ: „კომპენსაცია მივიღეთ ზარალის მიხედვით, მე, მაგალითად, 400 ლარი ავიღე. სოფლის თავკაცებმა გამოგვკითხეს რამდენი ძირი კიტრი-პომიდორი გვქონდა. თუ რამე საეჭვო იქნებოდა, მერე მოდიოდნენ გამგეობიდან და ამოწმებდნენ. რაც შეეხება დეპუტატის ძმას, მას 2000 ძირზე მეტი ვაზი აქვს, ყველა ჯიშის, ჩხავერიც. 10 ტონამდე ყურძენს კრეფდა, დაახლოებით 15 ათას ლარამდე მიიღო კომპენსაცია. ნოდარ შერვაშიძე მეურნეობას უძღვება – ჰექტარ-ნახევარზე აქვს ვაზი გაშენებული, აქვს მარანი. იაშას არ მიუღია კომპენსაცია, იაშას მეურნეობა სოფელში არ აქვს“.

 

რა კრიტერიუმებით გაიცა კომპენსაცია, რატომ დაეხმარა სახელმწიფო იმ ოჯახებს, რომლებიც სეტყვამ დააზრალა და რატომ არ დაეხმარა მათ, ვისი მოსავალიც ზუსტად იმავე პერიოდში ყინვამ გაანადგურა? რა კრიტერიუმებით შეარჩიეს დაზარალებულები? – როგორც ირკვევა ამ კითხვებს ქედის მუნიციპალიტეტშიც სვამენ და ბევრი ოჯახია უკმაყოფილო. მაგალითად, სოფელ ძენწმანში ასეთი ფაქტი დაფიქსირდა: კომპენსაცია მიიღო მერაბ სურმანიძის ორმა უახლოესმა მეზობელმა, მაგრამ თავად მერაბ სურმანიძეს უთხრეს, რომ მისი ვენახი სეტყვას არ დაუზიანებია.

 

ამის შესახებ სმენია მერაბ ტაკიძესაც, გამგებლის თანაშემწეს სოფლის მეურნეობის საკითხებში. მერაბ ტაკიძე: „მერაბ სურმანიძე ჩემი მეგობარია, ის 15 ტონა ყურძენს კრეფს, მე –  ექვს ტონას. მერაბის ვენახი სეტყვას არ დაუზიანებია, მაგის ყურძენი დააზიანა გაზაფხულზე ყინვამ. მერაბ სურმანიძე იყო ჩემთან მაგ თემაზე, თვითონ თქვა, რომ მისი ყურძენი სეტყვას არ დაუზიანებია. გაზაფხულზე ყინვით მთელი დასავლეთი საქართველო დაზარალდა, ყველას როგორ გადაუხდის სახელმწიფო კომპენსაციას?!“ 

გადაბეჭდვის წესი