ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისთვის 2014 წელს 39 პირი დაჯარიმდა, სამართალდარღვევა ადმინისტრაციული კანონით ისჯება და 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. მათგან აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა ზოგიერთი დააჯარიმა, ზოგს კი გაფრთხილება მისცა.
ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისათვის 76 პირი დაჯარიმდა, ამ შემთხვევაში კოდექსი 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. დაჯარიმებული პირი თუ ტექნიკური რეგლამელამენტის მოთხოვნებს ისევ დაარღვევს, ჯარიმა გაუორმაგდება. გასულ წელს მსგავსი შემთხვევა, ანუ განმეორებითი დარღვევა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის ინპექტორებმა ცხრაჯერ დააფიქსირეს.
სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების დაყრის, ნარჩენებისა და ნაგვის გატანის, გატანა-გადაზიდვისა და დასუფთავების წესების დარღვევა სხვადასხვა შემთხვევაში 200 დან 1000 ლარამდე დაჯარიმებას ითვალისწინებს, გასულ წელს ამ მიზეზის გამო ჯარიმა თერთმეტჯერ გამოწერეს.
სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე მოპოვების ფაქტი მიმდინარე წელს 204 – ჯერ დაფიქსირდა, დარღვევა 1000-დან 1500 ლარამდე ჯარიმებას ითვალისწინებს. ხოლო ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის მიმდინარე წელს ჯარიმა ოცდასამჯერ გამოწერეს. ამ შემთხვევაში დამრღვევი 500 ლარით ჯარიმდება.
სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში ან წყალსაცავში ორმოცდაათ ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, ამ წესის დარღვევისთვის გასულ წელს თორმეტი პირი დაჯარიმდა.
სტუდენტი ედო მჟავანაძე უკვე სამი წელია საქველმოქმედო აქციებს აწყობს. მის ამ წამოწყებას მალევე სხვებიც შეუერთდნენ, ედოს ორგანიზაციაში სულ შვიდი მუდმივი წევრია, თუმცა საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას ათობით მოხალისე იღებს:
ლელა ცინარიძე და ედო მჟავანაძე
“ქობულეთში მოხუც ქალს ვერ დავეხმარე, ის გაიყინა ცივ ზამთარში. მაშინ ვთქვი, რომ ჩემს ქვეყანაში ადამიანები არ უნდა იყინებოდნენ. გაზეთი “ბათუმელებმა” მომცა შესაძლებლობა მოსაზრება გამომექვეყნებინა, რის შემდეგაც დავგეგმეთ აქცია. პირველ აქციას ისეთი გამოხმაურება მოყვა, გადავწყვიტეთ ყოველ წელს მოგვეწყო ეს აქციები.” – ამბობს ედო მჟავანაძე.
ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ უფრო მეტი მეტი მოხალისე სჭირდებათ, რადგან საქმე ძალიან ბევრია: “წელს ყველაზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა დახმარების სურვილი. ისეთ წვიმიან ამინდს დაემთხვა ტანსაცმლის შეგროვების დღე, რომ ვფიქრობდით არავინ არ მოვიდოდა, მაგრამ იმ დღეს ყველაზე მეტი ნივთი მივიღეთ, კიდევ ველოდებით ნივთებს. ტანსაცმელს ახლა დავახარისხებთ, მერიაში განცხადება დავწერეთ, ველოდებით, რომ მანქანას გამოგვიყოფენ, რათა ბენეფიციარებს თავად მივუტანოთ ნივთები სახლში.” – ამბობს ედო მჟავანაძე.
აქციის მონაწილეები ტანსაცმელს სამი დღის განმავლობაში ერას მოედანზე აგროვებდნენ, აქვე აკითხავდნენ მონაწილეებს ბენეფიციარები: “როცა ვინმე შორიახლო იდგა დამორცხვებით, ვხვდებოდი, რომ საჭიროებდა დახმარებას. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მოდიოდნენ და პირდაპირ ნივთების წაღებას ცდილობნენ. ჩვენ ყველა მათგანის საკონტაქტო მონაცემი ჩავიწერეთ, სპეციალურად ყველა მათგანისთვის შევქმნით ფუთას, იმის მიხედვით თუ რა სჭირდება ამა თუ იმ ბენეფიციარს. მოქალაქეებს აქ მოჰქონდათ სათამაშოები, ჩანთები, ბავშვის საწოვარა, მივიღეთ წერილებიც, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ აქციაში ვღებულობ მონაწილეობას, გასულ წელს მხოლოდ ტანსაცმელი მივიტანე, წელს მოხალისე ვარ” – ამბობს ლელა ცინარიძე.
აქციის ორგანიზატორები ბათუმის უნივერსიტეტის სპორტდარბაზში 28 დეკემბრამდე შეაგროვებენ ნივთებს, 28-29 დეკემბრიდან კი ბენეფიციარებს დაურიგებენ.
სილამაზის სალონ „შვარცკოფში“ 31 დეკემბერს ბოლო კლიენტი საღამოს 9 საათზეა ჩაწერილი. „31 დეკემბერს საღამოს საათები მთლიანად დაკავებულია, თავისუფალია მხოლოდ დღის საათები. ჩაწერა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ახალი წლიდან 2 იანვარს ვიწყებთ მუშაობას“ – ამბობს რუსუდან ნიკოლეიშვილი, სალონ „შვარცკოფის“ ადმინისტრატორი.
მსურველებს სასურველი ვარცხნილობის გასაკეთებლად 31 დეკემბრამდე შეუძლიათ ჩაეწერონ სალონ „იმიჯში“. „სალონი ბოლო კლიენტის მომსახურებამდე მუშაობს. წინა საახალწლოდ ჩვენს სალონში ფასები არ იცვლება. ამ დღეებში უფრო სადღესასწაულო ვარცხნილობის გაკეთება სურთ“ – ამბობს ლანა კურცხალიძე, „იმიჯის“ ადმინისტრატორი.
სილამაზის სალონი ალექსი
სალონი „ალექსი“ 31 დეკემბერს ღამის 10 საათამდე მუშაობს. როგორც აქ თქვეს, 31 დეკემბერს საღამოს საათებში მსურველები აქაც უკვე ჩაწერილნი არიან, „უფრო თმის დასავარცხნად მოგვმართავენ, იშვიათად იკეთებენ სადღესასწაულო ვარცხნილობას“ – ამბობს ზინა ოგანეზოვა, ადმინისტრატორი.
სილამაზის სალონებში ამბობენ, რომ 31 დეკემბრის საღამო ბოლო წლებში ტრადიციულად დატვირთულია. შესაბამისად, იმატებს სილამაზის სალონების შემოსავალიც.
„მეგობრებო, მინდა კომენტარი გავაკეთო ბათუმის ახალ ლოგოსთან დაკავშირებით. ყველა ვხვდებით, რომ გარემოებები საკმაოდ კომიკურად განვითარდა (ჩემი კოლეგებიც, არაკოლეგებიც და ა.შ.). უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ: ჩემი ლოგოს გამარჯვების ფაქტი არ დამიშვია – გავაკეთე არა პირველობის მიზნით, არამედ საკუთარი დიზაინერული „ვალი“ მოვიხადე ქალაქ ბათუმის წინაშე და კონკურსში გელა გელაშვილის სახელით მივიღე მონაწილეობა. რა თქმა უნდა, არც მიაქტიურია საკუთარი ლოგოს გა-PR-ების მიზნით და არც არავისთვის მითქვამს, რომ ლოგოს ავტორი მე ვარ. გავაკეთე – ავტვირთე – შევეშვი. ჩემს და გასაოცრად და თურმე სავალალოდაც, ლოგომ გაიმარჯვა და მეტიც – პლაგიატიც აღმოჩნდა. არ დაგიმალავთ, მსგავსი იდენტურობისას, ნებისმიერს რომ ეთქვა დამთხვევააო, რთულად დასაჯერებელი იქნებოდა. თუმცა არაერთი ჩვენგანი (დიზაინერებს ვგულისხმობ) აღმოჩენილა მსგავს უხერხულ ვითარებაში. იმასაც დავძენ, რომ ლოგოს „დაპლაგიატების“ ფაქტი ჩემთვის პირველია და ყოველთვის, მხოლოდ მივესალმები სიახლეებს – კარგია რომ განვიცადე ეს ზეციური ნეტარება. როგორც წესი, აქამდე თქვენთვის კარგად ნაცნობ ჩემს ნამუშევრებს აპლაგიატებდნენ, რასაც ვებრძვი მთელი ჩემი შეგნებული პროფესიონალური მოღვაწეობის მანძილზე. ალბათ მართლაც რთულად დასაჯერებელია, მაგრამ იმედია ვაცნობიერებთ, რომ ჩემს კარიერას სასწორზე არ დავდებდი არცერთი კონკურსის და არა კონკურსის გამო. ძირითადი სათქმელი ვთქვი და აქვე დავძენ, რადგან მოხდა მსგავსი დამთხვევა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ბათუმის ლოგოა თუ რომელიმე ახლადშობილი პატარა კომპანიის – ვხსნი ჩემს კანდიდატურას კონკურსიდან და წარმატებებს ვუსურვებ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს! გემშვიდობებით და გთხოვთ, ასე ძალიანაც ნუ მლანძღავთ,“ – წერს ანუკა მაღალაშვილი ფეისბუქზე.
სპეციალური კომისია ბათუმის ახალი ლოგოს შესარჩევად ბათუმის მერიაში დღეს საღამოს 7 საათზე შეიკრიბება.
კომისიის ერთ-ერთი წევრი, ნათია აფხაზავა დღეს საღამოს გასამართ სხდომაზე კომპანია „ეისითისთან“ კონტრაქტის გაწყვეტის საკითხის დაყენებას აპირებს.
„არასერიოზული პროცესები მიმდინარეობს ბათუმის ლოგოს ირგვლივ. მე ვფიქრობ, რომ უნდა დასრულდეს ეს პროცესი. კომპანია „ეისითი“ ვერ ახერხებს ამ პროცესების მართვას და ეფექტურად წარმართვას. თავიდანვე ჩემი მოთხოვნაც იყო, რომ კონტრაქტი შეჩერებულიყო და ამ საკითხის დასმას ვაპირებ კომისიაზე და არა ისე, რომ მეორე ადგილას გასული ლოგო გახდეს ბათუმის ლოგო.
უკვე ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტის იმიჯისთვის და ზოგადად ამ პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის კომპონენტის გათვალისწინებითაც არამიზნობრივია იმ ლოგოს მიღება, რომელიც მეორე ადგილას გავიდა,“- ამბობს ნათია აფხაზავა.
ბათუმის ახალი ლოგოს შესარჩევად სხდომა დღეს, 24 დეკემბერს საღამოს 7 საათზე გაიმართება. მეორე ადგილზე გასული ლოგო გელა წულაძის „ყირამალაა.“
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს, რომელსაც სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოუტანს, შეეძლება მისი საქმე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს. სისხლის სამართლის კოდექსი აქამდე პირს ამის უფლებას უზღუდავდა.
2014 წლის 13 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეაჩერა ბ. ი-ს საკასაციო საჩივრის განხილვა. საქმის მიხედვით, ბ. ი. გამართლებულია მისთვის წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა იგი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს მის მიერ გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის ნაწილში.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული კონსტიტუციური ნორმის საწინააღმდეგოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის კანონი) შესაბამისი ნორმები გამორიცხავენ გამართლებული პირის მიერ საკასაციო (ისევე როგორც სააპელაციო) საჩივრის შეტანის უფლებას, კერძოდ, ამავე კოდექსის 546-ე მუხლის თანახმად, საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან 518-ე მუხლში მითითებული პირები, ხოლო სსსკ-ის 518-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვთ სახელმწიფო ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, დაზარალებულს, მსჯავრდებულს, დამცველს, მსჯავრდებულისა და დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენლებს.
იოსებ კევლიშვილი აჭარის გარემოს დაცვითი ზედამხემხედველობის სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში კახეთის რეგიონის ორგანიზაციას ხელმძღვანელიბდა, მანამდე კი საქართველოს სოფლის მეურნეობის მელიორაციის სამსახურში მუშაობდა. იგი პროფესიით ინჟინერ-მშენებელია.
იოსებ კევლიშვილის განმარტებით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახური მომავალ წელს მუშაობას ხე-ტყის მასალის უკანონო მოპოვებისა და ლიცენზიების მოპოვების კანონიერების კონტროლის მიმართულებით გააგრძელებს, ხოლო რეაგირება ქუჩაში ნარჩენების დატოვების ფაქტებზე გამკაცრდება.
ნაძვის მოჭრა კანონით დასჯადია და პირს, რომელიც ნაძვს უკანონოდ მოჭრის, ჯარიმა დაეკისრება. კერძოდ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. თუ ნაძვს დაცულ ტერიტორიებზე მოჭრით, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იქნება, ასევე კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
ნაძვის ხეების რეალიზაცია ერთადერთ შემთხვევაშია დასაშვები – თუ იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში – ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები პრევენციულ ღონისძიებებს ე.წ. ცხელ წერტილებში – სახელმწიფო ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე, ქალაქის შემოსასვლელებთან და დასახლებულ პუნქტებში, ასევე საავტომობილო გზებზე განახორციელებენ.
სამმართველომ სპაციალურად წინასაახალწლო დღეებში საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით ვიდეო რგოლი მოამზადა.
ბათუმელი გიორგი თბილისში სწავლობს, ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტია. გიორგიმ დღეს მოსამართლეებს უთხრა, რომ კაცებს, ქალებისგან განსხვავებით, კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობის უფლებაც ერღვევათ. მისი შეფასებით, სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობის არმქონე მამაკაცებისთვის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ვალდებულება დისკრიმინაციულია.
მოსარჩელე გიორგი კეკენაძე
გიორგი კეკენაძე სადავო ნორმის დისკრიმინაციულ ხასიათზე საუბრისას აღნიშნავს, რომ არის სტუდენტი, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ეწურება სამხედრო სამსახურის გადავადების ვადა და ექვემდებარება სამხედრო სამსახურში გაწვევას. ამიტომაც განსხვავებით ქალებისაგან, როგორც მოსარჩელე, ისე, ზოგადად, ამავე კატეგორიის მამაკაცები, ერთი წლის განმავლობაში მოკლებულნი იქნებიან პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს
სასამართლო პროცესზე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ისევე როგორც იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროები არ იზიარებენ მოსარჩელის პოზიციას. ამიტომაც მისი შეფასებით სადავო ნორმები არაკონსტიტუციურად სასამართლომ არ უნდა ცნოს.
პარლამენტის წარმომადგენელმა სასამართლოში დღეს შუამდგომლობაც დააყენა. ის ითხოვს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის [ექსპერტის] დაკითხვას სადავო ნორმებზე.ხოლო იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წერილობითი პოზიცია მოსამართლეებს დღეს გააცნო.
ადერკინ კოპლატაძემ აჭარის ცის ქვეშ განვლო თავისი ცხოვრების ღრმაშინაარსიანი გრძელი გზა, სამშობლოს მტკიცე სიყვარულით, თავისი ხალხისადმი უბადლო მზრუნველობითა და ერთგულებით. 16 წელი ედგა სათავეში ბათუმის საქალაქო კომიტეტს. ხალხის უანგარო მსახურმა დიდი პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა აჭარაში. აკი, ამიტომაც მიუძღვნეს წიგნი, სათაურით – „წუთისოფელს კაცად შერჩა ბოლომდე“, რომლის იდეის ავტორი გახლავთ, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიისა და პედაგოგიური მეცნიერების დოქტორი, პუბლიცისტი, იური ბიბილეიშვილი. რედაქტორი კი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ოთარ სტაჟაძე.
ადერკინ კოპლატაძე
საკმაოდ მრავალგვერდიან კრებულში მეგობრებისა და შემფასებელთა აზრებია გაშუქებული, რომლის შესახებაც მინდა უფროს თაობასთან ერთად, ახალგაზრდა თაობამაც იცოდეს ადერკინ კოპლატაძის როლი აჭარის ცხოვრებაში. გთავაზობთ მოკლე ამონარიდებს, რამოდენიმე ავტორის ჩანაწერებიდან:
„მისი მცდელობითა და თაოსნობით ბევრი რამ გაკეთდა ბათუმის განვითარების, კეთილმოწყობისა და გამშვენიერებისათვის, მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. ბათუმი რომ დღეს ჩვენი ქვეყვის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, ამაში საგულისხმო წვლილი მიუძღვის ბ-ნ ა. კოპლატაძის შემოქმედებით ძიებასა და გაქანებას“ (ოთარ სტაჟაძე).
„ბ-ნი ადერკინისთანა ახალგაზრდების აღზრდაზე ოცნებობდნენ ჩვენი დიდი პედაგოგები: იაკობ გოგებაშვილი, საბა – სულხან ორბელიანი. ჩვენი მწერლები: ილია, აკაკი, ვაჟა, გალაქტიონი. (პავლე გამყრელიძე).
„ბათუმში ყოფნისას თქვენთან გატარებული დღეები ჩემთვის დაუვიწყარია“ (ლადო გუდიაშვილი ).
„ბათუმში მოღვაწეობისას ადერკინი იყო ჩემი მამობილი, უფროსი ძმა, ძმაკაცი, მისი ყურადღება დღევანდელ დღემდე არ მომკლებია“ (გოგი ქავთარაძე).
„მე გავიცანი ადერკინკოპლატაძე, ადამიანი „სკაზკა“ (შალვა კვინტრაძე).
„ადერკინ კოპლატაძე! კაცი ცოდნით გამოჩენილი, ორგანიზატორული ნიჭით დაჯილდოვებული, უამბიციო, უპრეტენზიო, ბუნებით ინტელიგენტი, სიკეთითა და მშვენიერებით სავსე, სამაგალითო მეოჯახე, მეგობრებისათვის თავდადებული და სხვათა დამხმარე“ (რამაზ ფანცხავა).
„იგი ქართული ტრადიციების გამტარებელი, ქართული ოჯახის მახვშია, რომელიც ნამდვილ ბურჯად უდგას მეუღლეს, საამაყო შვილებსა და შვილიშვილებს“ (თბილისი, ნელი არღვლიანი).
პირადად მე დავსძენდი, რომ ოჯახური განწყობა დიდ როლს თამაშობს სამსახურეობრივ საქმიანობაში და ვფიქრობ, რომ ბ–ნი ადერკინის ულამაზეს მეუღლეს, ქალ;ბატონ ნაზის, რომელმაც სასიქადულო შვილები აღუზარდა, როგორც იტყვიან: „ლომის წილი უდევს ბ–ნი ადერკინის სახელმწიფო მოღვაწედ, ერის კაცად ჩამოყალიბებაში.
„ბ–ნი ადერკინის მოღვაწეობა, მისი ცხოვრების წესი სამაგალითოა მომავალი თაობისათვის“. (ანზორ ბალუაშვილი).
„წუთისოფელს კაცად შერჩა ბოლომდე! ჩემი რწმენით მარადიულია ბ–ნი ადერკინის ცხოვრება, რომელსაც თავიდან ბოლომდე წითელ ზოლად გასდევს სიკეთის ქმნა“ (სულიკო ინაიშვილი).
„ყოველი კეთილი საქმე იმითაა გამორჩეული, რომ მას ღმერთის მადლი ამკობს“ (ადერკინ კოპლატაძე).
სწორედ ასეთი მადლით შემკობილმა, სასიკეთო აზრებით გამშჭვალულმა, გამოიჩინა ინიციატივა და 2000 წელს დააფუძნა არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია, პენსიონერთა კავშირი, რომლის თავმჯდომარედ კავშირის გამგეობის წევრებმა, თავად ბ–ნი ადერკინი აირჩიეს. პენსიონერთა კავშირი დღემდე არ აკლებს მზრუნველობას სოც. დაუზღვეველ და გაჭირვებულ პენსიონერებს. საქველმოქმედო ორგანიზაციების ხელშეწყობით, პენსიონერთა კავშირის საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულები ქალაქის რაიონული და რეგიონალური პენსიონერთა კავშირის თავმჯდომარეები. მზრუნველობა გამოიხატება საქველმოქმედო სამედიცინო დახმარებით, წამლებით, პროდუქტებით, ტანსაცმლით, კინოთეატრებში უფასო დასწრებით, საკურორტო მომსახურეობით, მატერიალურად თუ სხვადასხვა…
აი, რა მედგრად აგრძელებს აჭარაში გაკვალულ გზას აღმოსავლეთში, წლებით დახუნძლული ხალასი კაცი, თავის ერთგულ, მუხლჩაუხრელ, გონიერ თანამშრომლებთან ერთად, რომელმაც ისეთივე სიყვარული მოიპოვა აქ თბილისელებში, როგორც მანდ აჭარაში.
„ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ხნიერ ასაკში ისეთ ორგანიზაციაში მოვხვდი, რომელსაც ბ–ნი ადერკინი ხელმძღვანელობს“ (თბილისი, ჯემალ ფაშალიშვილი).
„ჯერ ერთი იმას ქება არ უყვარს, არც ვაქებ, უბრალოდ, რაც მასში დავინახე, რაც მისგან შევიგრძენი, ყველა ადამიანს რომ ჰქონდეს, ჩვენი ცხოვრება ბევრად ბედნიერი და საინტერესო იქნებოდა“ (თბილისი, ამირან გაფრინდაშვილი).
„ვამაყობ ბ-ნ ადერკინთან ურთიერთობით“ (თბილისი, ნიკოლოზ ნეფედოვი).
„ბ-ნი ადერკინისთანა ხალხის მსახური, ნეტავი ბევრი გვყავდეს საქართველოში“ (თბილისი, სერგო ხერგიანი).
„მათ შორის, ვისთანაც კი მქონია სამსახურეობრივი ურთიერთობა, გამოვარჩევდი ბატონ ადერკინს“ (თბილისი, სერგო მანჯგალაძე).
„ასეთ ხელმძღვანელს, როგორიც ბ-ნი ადერკინია, პატიოსნად, უერთგულესად უნდა ედგე გვერდში“ (თბილისი, თინა გოგინავა).
ბატონმა ადერკინმა მწერლობაშიც კი თავისი სიტყვა თქვა. გამოსცა ბიოგრაფიული კრებული „ჩემი წუთისოფელი“, რომელიც ავტოგრაფით ამშვენებს ჩემი წიგნების თაროს. წაკითხვისას ვფიქრობდი, ნეტავ ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს ამ საუკეთესო კრებულის წაკითხვა, რომ ფურცლებზე გასხივოსნებული სამაგალითო აზრები გაითავისოს და ცოდნა გაიმდიდროს. პირადად მე საკმაოდ ხანდაზმულმა, ცხოვრების მორევში ღრმადჩახედულმა ბევრი რამ ყურად ვიღე, კითხვისას წარმოვიდგინე მოგონებებში ჩაფლული, დღეს მემუარებს ბევრი სწერს, ყველა როდია ზღაპრული.
„არ ვიცი რამდენად დამაჯერებლად ჩამოვაყალიბე ჩემი მოსაზრება მკითხველისათვის, მაგრამ მინდა, რომ ყველამ ირწმუნოს თავისი ძალა, სიძლიერე საკუთარ თავში, დაიჯეროს, რომ მის გარეშე საზოგადოება სრულყოფილი ვერასოდეს ვერ იქნება“ – წერს ბ–ნი ადერკინი. ამ სიტყვებმა სიცოცხლისადმი ინტერესი გამიათკეცა. „ის ვერაიქმს კახაბრობას, ვინც არ არის კახაბერი“ (ეთერ ცივაძე).
ამრიგად, დიდ ქართველზე დიდად სათქმელი მოკლედ გიამბეთ, რამეთუ თქვენი გაზეთი პატარა მარგალიტია, რომელშიაც ყველაფერს ვერ ჩატევ.
ბატონო ადერკინ! გილოცავთ 94 წლის იუბილეს, 29 დეკემბერს, გილოცავთ ახალ წელს, ვულოცავ თქვენს ოჯახს.
გმირობა არის ასეთ ასაკში დააბიჯებდე წელგამართული,
იყო უფლის და ერის მსახური, ქუდად გეხუროს ზეცა ქართული.
თქვენთან ერთად ვულოცავ სრულიად აჭარას ახალი წლის მობრძანებას, ბათუმელებს, რომლებიც თქვენი მემუარებით უფრო მეტად შემაყვარეთ.
„ეს არ არის პლაგიატი“ – ამბობს კომპანია „ეისითის“ კონსალტინგის დირექტორი ირინა დუმბაძე. ეს კომპანია უზრუნველყოფდა ბათუმის ლოგოს შესარჩევი კონკურსის ჩატარებას.
„რაც დაიდო სოციალურ ქსელებში, ეს არის „shutterstock“-ზე, საიტზე, საიდანაც დიზაინერები ყიდულობენ სიმბოლოებს, რომ ინტეგრირება მოახდინონ თავიანთ ნამუშევრებში, ზოგი რაღაც დეტალს იყენებს და ასე შემდეგ. „shutterstock“-ზე დადებული სიმბოლო ნიშნავს იმას, რომ თქვენც შეგიძლიათ იყიდოთ და გამოიყენოთ და ეს არ არის პლაგიატი. პლაგიატი სხვა რამეა, ესაა როცა კომპანიას აქვს თავისი ლოგო და შენ გადმოიღებ პირდაპირ“ – ამბობს ირინა დუმბაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ლოგოტიპი თავისი ვიზუალით შეესაბამება ბათუმს.
„ბათუმელებმა“ ლოგოს ავტორთან დაკავშირება სცადა, თუმცა მისი ტელეფონი ამ დროისთვის გამორთულია.
ბათუმის დაწუნებული ლოგო
გამარჯვებული ლოგოტიპის საპრიზო პრემიაა 1200 ლარი. „ეისითი“ ბათუმის მერიის მიერ 2014 წლის შვიდ მაისს, ბათუმის ბრენდკონცეფციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც სამუშაო 32 ათას ლარად შეასრულა. ბათუმის ლოგო ინტერნეტში ხმის მიცემის საშუალებით კომპანიამ 8 ივნისს გამოავლინა, თუმცა საზოგადოებამ ლოგო ბათუმისთვის შეუფერებლად მიიჩნია და პეტიციაც კი შედგა ლოგოს შეცვლის მოთხოვნით, ამიტომ კომპანიამ ბათუმის ლოგოს კონკურსი ხელახლა გამოაცხადა, ლოგოს შესარჩევად კომისიამ იმუშავა და შედეგები 23 დეკემბერს გახდა ცნობილი.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიმპიური სტანდარტის მოედანი, რომელიც შეესაბამება საერთაშოსო სტანდარტებს, არის ბათუმში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ოპტიმალურად იყოს გამოყენებული ყინულის მოედნის შესაძლებლობები. ანუ სპორტის ის სახეობები, რომელიც თამაშდება ყინულზე, მაქსიმალურად გვქონდეს ათვისებული. ამავდროულად ძირითადი მიზეზი, რატომაც დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჰოკეის გუნდი შეიქმნას, არის ის, რომ კლუბი გათავისუფლებული იქნება ადმინისტრაციის ხარჯებისგან, განსხვავებით სხვა კლუბებისგან, რომლებიც საჭიროებენ ადმინისტრაციულ ხარჯებს, ისეთს, როგორიცაა, მაგალითად კლუბის დირექტორის დანიშვნა, ბუღალტერიის წარმოებისათვის სხვა ახალი რესურსების მოზიდვა და ა.შ. ეს კლუბი იქნება სპორტულ ახალგაზრდული კლუბის ბაზაზე და ამ კლუბის ბიუჯეტი მოხმარდება მხოლოდ კლუბის სპორტულ განვითარებას და არაფერს სხვას,“- აცხადებს ირაკლი ბერიძე, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი.
მისივე თქმით ბათუმში ჰოკეის გუნდის ჩამოყალიბების იდეას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ჰოკეის ფედერაციის მიერ, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.
„საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციისგან გვაქვს მიღებული დასტური იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ინვენტარის გარკვეულ ნაწილს საჩუქრად გადმოსცემენ ბათუმის კლუბს, თუ ეს კლუბი შეიქმნება. ამავდროულად ისინი გვპირდებიან და ეს დოკუმენტურადაც არის დადასტურებული, ბათუმელ ახალგაზრდებს, მათ ვინც იქნებიან ასისტენტები ჰოკეის მთავარი მწვრთნელის, ზაფხულში, 2015 წლიდან გაუშვებენ ფინეთში გადამზადებაზე და მოამზადებენ თავიანთი ხარჯებით,“ – ამბობს ირაკლი ბერიძე.
ირაკლი ბერიძის თქმით ამ დროისათვის ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში მხოლოდ ფიგურულ ციგურაობაზე 500 აღსაზრდელი ჰყავთ.
„ყინულის ჰოკეი იქნება კიდევ ერთი დამატებითი სპორტის სახეობა, რომელიც ყინულის მოედანზე ბავშვს მოიყვანს. ვთვლით, რომ ეს იქნება ბათუმელი მშობლებისათვის და ბავშვებისათვის სტიმული, რომ ყინულზე სასრიალოდ მოვიდნენ. ძალიან კარგად გვაქვს გათავისებული ის პასუხისმგებლობა, რაც უკავშირდება არაპროფესიული სპორტის სახეობისთვის ბათუმში ადგილის დათმობას, მაგრამ ვთვლით, რომ საპილოტე ვერსია ამ კლუბის მუშაობისა 2015 წელს უნდა დაიწყოს და ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ მიღება ჰოკეის კლუბში. ეს იქნება კარგი საშუალება, რომ ბავშვი სპორტით დაკავდეს და თან ჯანსაღი სპორტით, ისეთით, როგორიც არის ჰოკეი,“- აცხადებს ირაკლი ბერიძე.
საქართველოში ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია 2004 წლის ოქტომბერში შეიქმნა. საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი 2008 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ოთხმა გუნდმა მიიღო. დღეისათვის ყინულის ჰოკეის მოთამაშეთა ოდენობა ქვეყნის მასშტაბით 270 მოთამაშეს აჭარბებს, აქედან 170-ზე მეტი მოზარდია. დღეისათვის საქართველოში ორი სტანდარტული და ორი მომცრო ზომის მოედანი ფუნქციონირებს. ირაკლი ბერიძის თქმით, ბაკურიანის და ბათუმის ყინულის მოედნებზე საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაა შესაძლებელი.
სასწავლო წლის დასაწყისში, სტუდენტები თვითმმართველობის წევრებსა და დამოუკიდებელ სტუდენტურ მოძრაობა “ალტერნატივას” წევრებთან ერთად უნივერსიტეტის რექტორთან ბარიერის დაწევის მოთხოვნით შევიდნენ. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელიც გამოავლენდა გაიზარდა თუ არა სწავლის ხარისხი ბოლო ორი წლის განმავლობაში. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ სწავლის ხარისხი გაიზარდა, რასაც სტუდენტები არ ეთანხმებიან.
გიორგი ქებულაძე, მესამე კურსის სტუდენტი ფიქრობს, რომ 21-ქულიანი საგამოცდო ბარიერი არ შეესაბამება სასწავლო ხარისხს, სწორედ ამიტომ ის ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ამ ცვლილებას: “ჩატარდება კვლევა, მერე კი გავიგებთ არის თუ არა შესაბამისობაში ბარიერი ხარისხთან. მაღალი სასწავლო ბარიერი არ ნიშნავს იმას, რომ სწავლის ხარისხი გახდება უკეთესი. ჩემი აზრით, ორი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში არ შეცვლილა არაფერი, სასწავლო გარემო, ლექტორების პროფესიონალიზმი, თუნდაც სილაბუსებს არანაირი ცვლილება არ დატყობია, როცა გაიზრდება ხარისხი, მერე უნდა გაიზარდოს საგამოცდო ბარიერიც”.
უნივერსიტეტის რექტორი ალიოშა ბაკურიძე სამწუხარო ფაქტს უწოდებს იმას, რომ სტუდენტებს მსგავსი მოთხოვნა გაუჩნდათ. “უნივერსიტეტის პრეროგატივაა დააწესოს საგამოცდო ბარიერი, სტუდენტს აქვს უფლება მოითხოვოს ხარისხი, რომ უფრო მეტი ვასწავლოთ. სწავლების ხარისხი რომ გაიზარდოს, ამისათვის საჭიროა როგორც მოსწავლემ, ასევე მასწავლებელმა გამოიჩინოს მზაობა. ჩვენ ვალდებულება გვაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ჩვენ უნდა მოვამზადოთ სპეციალისტი, რომელიც დასაქმდება, ძალიან დიდი კონკურენციაა, თუ არ შევცვალეთ რამე, ამ კონკურენციას ვერ გაუძლებს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი”, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე.
უნივერსიტეტმა 21-ქულიანი საგამოცდო ბარიერის დაწესების გადაწყვეტილება ორი წლის წინ მიიღო, თუმცა მაშინაც ამ გადაწყვეტილებას სტუდენტების პროტესტი მოჰყვა და ბარიერი 11 ქულამდე დაწიეს იმ პირობით, რომ მომდევნო წელს ისევ გაიზრდებოდა 21 ქულამდე. მომდევნო წელს კი უნივერსიტეტმა ბარიერი მხოლოდ ხუთი ქულით გაზარდა, წელს კი ბარიერი იმ ქულას გაუთანაბრდა, რაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც საგამოცდო მინიმუმია.
“ორი წლის წინ სტუდენტებთან გვქონდა შეთანხმება, რომ ბარიერი საბოლოოდ მაინც გაიზრდებოდა 21 ქულამდე, თუმცა ჩვენ პროცესი გადავდეთ იმის გამო, რომ ჩატარდა კონკურსი აკადემიურ თანამდებობებზე, ყველა პირი ვალდებული იყო წარმოედგინა კომისიისათვის სალექციო მასალა. ამის შედეგად მოიხსნა დღის წესრიგიდან ლიტერატურის პრობლემა. თავად სტუდენტები ვამუშავეთ ხელშეკრულებით წიგნების დასასკანერებლად, რომ მოხსნილიყო ბიბლიოთეკაში პრობლემა. მთელს უნივერსიტეტში მუშაობს უკვე Wi-Fi, იცვლება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ყოველ დღე ტარდება კონფერენციები, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ვიწვევთ პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტში. ეს მოწმობს, რომ ვმუშაობთ ხარისხის გასაუმჯობესებლად”, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე.
რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხის გაზრდის მაჩვენებლად მიაჩნიათ ისიც, რომ უნივერსიტეტმა საერთაშორისო გაცვლითი პროექტებისა და პროგრამების – Tempus და Erasmus mundus – მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილი დაიკავა. ასევე, ექსპერიმენტული დარგების განვითარებისთვის გრანტის ფარგლებში უნივერსიტეტში შემოდის ლაბორატორია, რომელიც ნახევარ მილიონადაა შეფასებული. ამ ლაბორატორიის შედეგად, უნივერსიტეტის ბაზაზე იქმნება დასავლეთ საქართველოს ქრომატოგრაფიული ცენტრი.
“მე არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საკმარისია უნივერსიტეტისთვის, ბევრი პრობლემა რჩება, რომლის მოგვარებასაც სტუდენტები სამართლიანად მოითხოვენ. დღეს რაც ვისწავლეთ, ის საკმარისი არ არის, კვალიფიკაციის ამაღლება მუდმივ რეჟიმში უნდა ხდებოდეს. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ხუთი ქულის შესაბამისი ღონისძიებები უნივერსიტეტში გატარებულია. მთავარია, სტუდენტებმა დამოუკიდებელი საათები სწორად გამოიყენონ”, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე და მოსაზრების გასამყარებლად სტატისტიკას იშველიებს.
“როცა არ იყო ბარიერი, უნივერსიტეტში გამოცდებზე ჩაჭრილ სტუდენტთა რაოდენობა იყო 40 პროცენტი, 11- ქულიანი ბარიერისას ეს რიცხვი შემცირდა 20 პროცენტით, 16 ქულის დროს კი დავალიანება ჩამოვიდა 15 პროცენტამდე. თუ სტუდენტებს ექნებათ სწავლის მზაობა, პრობლემები ნამდვილად არ შეექმნებათ. სტუდენტები ამბობენ, რომ ამ უნივერსიტეტში მაღალი მომზადების აბიტურიენტი არ შემოდის, აქ ასე არ ხდება, სტუდენტი შემოდის რაღაც დონით და ის აქედან უნდა გავუშვათ უფრო მაღალი დონით”, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე.
21-ქულიანი ბარიერი არ მოსწონს ილია ბერიძესაც. ის მესამე კურსის სტუდენტია და მიიჩნევს, რომ სწავლას არ უნდა აძალებდეს სტუდენტს უნივერსიტეტი: “ჩემი გასული წლების შედეგებით რომ ვიმსჯელოთ, ამ ბარიერის გამო პრობლემები არ შემექმნება, მაგრამ სტუდენტებს ვეთანხმები ხარისხის თემაზე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ბარიერის არსებობას, უნივერსიტეტში არის როგორც სწავლის ხარისხის, ასევე სტუდენტების მოტივაციის პრობლემა, ბევრი სტუდენტი ზარმაცობს. მე არ ვთვლი, რომ სტუდენტს სწავლა უნდა დააძალო, სისტემური პრობლემაა, სტუდენტს გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ ის უნივერსიტეტში სასწავლებლად მიდის, ამისთვის დაძალება არ უნდა სჭირდებოდეს”, – ამბობს ილია.
თუმცა უნივერსიტეტში ისეთი სტუდენტებიც არიან, ვისაც საგამოცდო ბარიერის არსებობა მიზანშეწონილად მიაჩნიათ. ევროპის მცოდნეობის მეორე კურსის სტუდენტი თეა ხოხიშვილი ფიქრობს, რომ სწავლის ხარისხს საგამოცდო ბარიერი გააუმჯობესებს. “მოტივაციას გიმაღლებს ბარიერი, როცა ბარიერი 11-დან 16 ქულამდე გაიზარდა, მე უფრო კარგად მოვემზადე გამოცდისთვის. შესაბამისად, უფრო მაღალი ქულები მივიღე, ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც. ვფიქრობ, ჩემი და არა მარტო ჩემი შედეგები გაიზრდება”, – ამბობს თეა.
თვითმმართველობის თავმჯდომარე ზურაბ მესხიძე ფიქრობს, რომ აუცილებელია ბარიერის 21-ქულამდე გაზრდა, რადგან ეს არის მინიმუმი, რაც უნდა დააკმაყოფილოს სტუდენტმა: “საგამოცდო ბარიერი მიმაჩნია ერთ-ერთ საშუალებად სწავლის ხარისხის გასაზრდელად. სტუდენტმა ნახევრად მაინც უნდა ისწავლოს საგანი. ვფიქრობ სულ სხვა თემაა ხარისხი, ამ შემთხვევაში გააჩნია, თუ რა ფაკულტეტზე სწავლობ და ვინ გასწავლის. ბევრი სტუდენტი შემოდის ჩვენთან ლექტორებზე საჩივრით. კვლევის ჩატარების შემდეგ ანალიზი იქნება საკმაოდ რთული”, – ამბობს ზურაბ მესხიძე, რომლისთვისაც მისაღებია ბარიერის გაზრდა, თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი პრაქტიკა თითქმის ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს აქვს: “მე არ ვეთანხმები სტუდენტების მოსაზრებას, თითქოს ეს იყოს ადმინისტრაციის მიერ მოფიქრებული იმის გამო, რომ სტუდენტს საგნების გავლა თავიდან მოუხდეს. თავად რექტორისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ სტუდენტს, რომელიც მიიღებს 16 ქულაზე მეტს, მაგრამ ვერ გადალახავს საგამოცდო ბარიერს, შეეძლება ეს საგანი უფასოდ გაიაროს ხელმეორედ”.
ზურაბ მესხიძე აქვე აღნიშნავს, რომ საკუთარი პოზიციის მიუხედავად, მხარს სტუდენტების უმრავლეობას დაუჭერს, როგორც თვითმმართველობის თავმჯდომარე.
უნივერსიტეტის რექტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბათუმის უნივერსიტეტში არ არის ლიმიტირებული სტიპენდიანტების ოდენობა: ამის მიუხედავად უნივერსიტეტის ზოგიერთი მიმართულებით სახელობითი სტიპენდიანტი ვერ გამოვლინდა. “მე პირადად დავაწესე ცხრა სტიპენდია, ვერ მეტყვით სტუდენტს, რომელიც სწავლობდეს და ეკონომიკურად მას უნივერსიტეტი ხელს არ უმართავდეს. სტიპენდიების გარდა უნივერსიტეტში მოქმედებს სოციალური პროგრამები. მთავარია, ისწავლონ”, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე.
მოსწავლეებს სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გიგლა მოსიძე, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ნანა ხალითბა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის მოადგილე ეკატერინე კენჭაძე, ამავე სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ინგა ზარანდია, მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები თეონა შანთაძე და მარიამ სტეფნაძე, “ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი” -ს იურისტი ნანა ბერიძე ესაუბრნენ.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა ბათუმის სკოლის მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური კლიპის და სოციალური რგოლების ჩვენება გაიმართა, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
კვლევაში მონაწილეობას მიიღებენ ცხრავე ფაკულტეტის მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტები, საერთო რაოდენობის 30 %. როგორც კომისია რექტორთან შეთანხმდა, თუ კვლევა დაადასტურებს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას ბოლო წლებთან შედარებით, ბარიერი დარჩება 21 ქულა, ხოლო თუ კვლევა აჩვენებს, რომ სწავლის ხარისხი გაუარესდა ან იგივეა ბოლო წლების განმავლობაში, საგამოცდო ბარიერი დარჩება 16 ქულა.
როგორ აფასებენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები სტუდენტების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მათ უნივერსიტეტი სწავლას არ უნდა აძალებდეს? წაიკითხეთ მათი მოსაზრებები.
ნანა ტრაპაიძე, ასოცირებული პროფესორი: სწავლა შრომაა. ამის გაცნობიერება მნიშვნელოვანია. სწავლა, როგორც შრომა, შეიძლება დააკისრო, მოსთხოვო საკუთარ თავს, ან დაგაკისროს, მოგთხოვოს სხვამ (მშობელმა, მასწავლებელმა, ლექტორმა). პირველი თვითიძულებითია და მეორისგან იმით განსხვავდება, რომ უკავშირდება ინტელექტუალური განვითარების მოთხოვნილებას და პასუხისმგებლობის შეგნებას, რომელიც არ საჭიროებს გარედან “ბიძგებს”. სტუდენტი თავის ასაკში ასეთი პასუხისმგებლობის მატარებელი უკვე უნდა იყოს. სამწუხაროდ, სწავლის კულტურისა და პასუხისმგებლობის ნაკლებობა სცდება საკუთრივ უნივერსიტეტის პრობლემების სფეროს.
არ ვიცი რას ნიშნავს “სწავლას აძალებენ”, რა კონკრეტული შინაარსი დევს ამ უკმაყოფილებაში. თუ ეს უკავშირდება საგამოცდო ბარიერის აწევას 21 ქულამდე, მაშინ უკმაყოფილების მიზეზი თავისთავად ეს ფაქტი კი არ უნდა იყოს, არამედ ის მიზეზები, რომელთა გამოც ბარიერის დაძლევა მათი აზრით ძნელი ხდება.
როგორც არ უნდა იყოს, უნივერსიტეტი ვალდებულია სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე პასუხისმგებლობა თავად აიღოს. ეს გულისხმობს ხარისხზე პასუხისმგებლობას ქმედითი მექანიზმებით, რომელმაც უნდა იმუშაოს სისტემურად და გათვლილი იქნება დიდ დროზე. ვფიქრობ, უნივერსიტეტში ხდება ცვლილებები, რომელიც სწორედ დროში განვითარებას უკავშირდება.
პაატა ჩაგანავა, ასოცირებული პროფესორი: არავინ არაფერს არ აძალებს სტუდენტს უნივერსიტეტის ფარგლებში, ვისაც სურვილი აქვს სწავლის, ის მოდის უნივერსიტეტში. ჩემთვის სამწუხაროა, რომ ამას ამბობენ სტუდენტები. ამ გამონათქვამიში რამდენიმე ასპექტს ვხედავ, ერთი ის, რომ ქართულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ყველას დიპლომი უნდა ჰქონდეს სახლში, მშობლები აძალებენ შვილებს ჩაბარებას უნივერსიტეტში. არიან სტუდენტები, რომლებსაც არ მოსწონთ ის სპეციალობა, რომელზეც სწავლობენ, შესაბამისად სწავლის პროცესზეც გული არ მისდით. მეორე პრობლემა დგას შრომის ბაზარზე, დამსაქმებელი ითხოვს მხოლოდ დიპლომიან ადამიანს, რომელსაც მნიშვნელობა არა აქვს რაში აქვს უმაღლესი განათლება მიღებული, მაგალითად, ფილოლოგი მუშაობს ბანკში. სტუდენტები ხედავენ, რომ დაბალი კვალიფიკაციის სამსახურისთვის მეტი არ არის საჭირო, ამიტომაც „გაძრომას~ ცდილობენ. მესამე პრობლემას ჩემს თავში ვხედავ, ამას რომ იტყვის ჩემი სტუდენტი, ესე იგი მე ვერ ვარ კარგი პედაგოგი, ისე ვერ ვაწყობ სასწავლო პროცესს, რომ სტუდენტს ეს აზრი არ გაუჩნდეს.
თუ ჩვენ გვინდა, რომ სტუდენტებმა უკეთ ისწავლონ, ეს მხოლოდ მათთვის და მათი მომავლისთვის კეთდება. რა თქმა უნდა, სახელზეც ვფიქრობთ, თუ ბევრ კარგ პროფესიონალს გამოუშვებს უნივერსიტეტი, გაიზრდება რეიტინგიც და შესაძლებლობებიც. სტუდენტი არის ჩვენი მთავარი შემფასებელი და დამკვეთი, ამიტომ ყურადღებით უნდა შევხედოთ სტუდენტების მოსაზრებას, მაგრამ სამწუხაროდ ისინი არ არიან ყოველთვის სამართლიანები. მე ხარისხის ცენტრში ვმუშაობ, გამოკითხვებში ცუდ შეფასებებს იმსახურებენ მკაცრი და მომთხოვნი ლექტორები, ვინც `ადვილად~ წერს ნიშნებს მას მაღალ შეფასებებს აძლევენ, ამიტომაც მხოლოდ ამით ვერ ვიხელმძღვანელებთ. ყველა უნივერსიტეტს აქვს ხარვეზები სწავლებასთან დაკავშირებით, სისტემური სახე აქვს მოგვარებაზე ზრუნვას.
ასიკო ცინცაძე, ასოცირებული პროფესორი: სამწუხაროა, რომ სტუდენტები აქცენტს აკეთებენ ქულებზე და არა იმაზე, რომ მიიღონ უმაღლესი განათლება. მათ უნდათ დაბალი ბარიერი იმისათვის, რომ ნაკლები ისწავლონ, სტუდენტი მაქსიმალური ქულისთვის უნდა ემზადებოდეს და არა 21-ისთვის. სემესტრულად მომუშავე სტუდენტს 21 ქულიანი ბარიერი არ უნდა აშინებდეს, ეს არის საშუალო ცოდნა, მაღალი კი არა დაბალია ეს ბარიერი. გამოცდისთვის რომ ემზადები, 40 ქულაზე უნდა მოემზადო. სამწუხაროდ, სტუდენტი, რომელიც ამას აპროტესტებს, აქ მოდის არა განათლებისთვის, იმისთვის რომ გახდეს მაღალკვალიფიციური კადრი, არამედ მას სურს `გაძვრეს~ და ისე მიიღოს დიპლომი.
ვფიქრობ, სტუდენტებს სასწავლო კუთხით უნდა ჰქონდეთ პრეტენზიები, აკადემიურად მაღალ დონეს უნდა ითხოვდნენ, კვალიფიციურ კადრებს და არა ბარიერის დაწევას. პროფესორის მოვალეობაა, სალექციო მასალასთან ერთად სტუდენტებს გაუღვიძოს სწავლის სურვილი, პასიური სტუდენტისგანაც მიიღოს შედეგი, ბავშვური სიზარმაცე გადაალახინოს და სტუდენტურ ცხოვრებაში გააქტიუროს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დასაქმება პირდაპირ კავშირშია მაღალ კვალიფიკაციასთან, ბარიერი უფრო გააუმჯობესებს სტუდენტების მობილიზაციას.
„სანდასუფთავების“ ხელმძღვანელის ინფორმაციით ნაგავდამჭერი ხაფანგები მდინარეში ზღვის შენაკადებთან ახლოს უნდა დამონტაჟდეს, ეს ზღვას მდინარისგან ჩამოტანილი ნარჩენებისგან დაიცავს.
„ეს არის მარტივი კონსტრუქცია და მის შესაძენად არც თუ ისე დიდი თანხაა საჭირო“ – განაცხადა დავით ასამბაძემ.
გუშინ თბილისში გამართულ გამგეობის სხდომაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ორგანიზაციის იურისტი, ანა ნაცვლიშვილი აირჩიეს, ხოლო მის მოადგილედ – ნათია კაციტაძე.
ლელა აბესაძე წლების განმავლობაში ლევან ვარშალომიძის მეზობელი იყო ბათუმში. როგორც თავად აცხადებს, ის 2007 წელს იძულებული გახდა დათანხმებოდა საკუთარი ბინის ვარშალომიძეებისთვის გადაცემას (ბარათაშვილის ქუჩიდან, სადაც ის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ერთ სახლში ცხოვრობდნენ, ლელა აბესაძე ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაიყვანეს.) სწორედ ამ გარიგებას უძღოდა წინ აბესაძის უშიშროების შენობაში გამოკეტვა.
ლელა აბესაძე
ლელა აბესაძე ამბობს, რომ პროკურატურას საქმის გამოძიებით პირველად 2009 წელს მიმართა, საჩივარი არჩევნების შემდეგ, 2012 წელში განაახლა. ლელა აბესაძე ამბობს, რომ მას რამდენიმე წელია პოლიციასა და პროკურატურას შორის ატარებენ, მაგრამ საქმის მიმდინარეობის შესახებ ვერაფერს იგებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან საჯაროდ საუბარი.
ლელა აბესაძე 2007 წელს დაწყებულ მოვლენებს იხსენებს:
„ლევან ვარშალომიძის ოჯახმა ყველა მეზობლისგან იყიდა ბინა, მაგრამ ერთგვარი შეუთანხმებლობის გამო, მე უარზე ვიყავი და საკმაოდ დაგვეძაბა ურთიერთობა. ერთ დღესაც, 2007 წლის 10 ივლისს, ჩემს ბინაში, ანუ ბარათაშვილის ქუჩის 20 ნომერში, ღამის 11 საათზე ამოვიდა 10 პოლიციელი. მათ მოსვლის მიზეზი ასე ამიხსნეს – „დღეს თქვენთან მეორედ იყო პატრული“.
დილით მართლაც მომიხდა ინციდენტი: ახლობელმა გაყიდა ბინა და მთხოვა, რომ მისი წიგნები და სხვა ნივთები ცოტა ხნით ჩემთან დამეტოვებინა. როცა დავაპირე ამის გაკეთება, სახლის დაცვამ არ მომცა ნივთების შეტანის უფლება და პატრულს გამოუძახეს. წამიყვანეს მესამე განყოფილებაში და მითხრეს, რომ წიგნებს ვერ შევიტანდი. მე შევთავაზე, რომ შეემოწმებინათ ნივთები და მოეცათ უფლება შემეტანა. უარი მითხრეს; ეს მოხდა დილით.
საღამოს, ბევრი ფეხის ხმა როცა მომესმა, მივხვდი, რომ ჩემთან მოდიოდნენ, რადგან სართულზე არავინ აღარ ცხოვრობდა. კარები ღია მქონდა, შემოვიდნენ გენო გელაძე და უბნის რწმუნებული. იმდენი კაცი ახლდათ, რომ ოთხაში ვერ ეტეოდნენ. ისევ მესამე განყოფილებაში წამიყვანეს – ჩაცმის უფლებაც კი არ მომცეს.
პოლიციაში დამკითხეს, სამკაულები მომაძრეს… ბოლოს მეგონა სახლში გამიშვებდენ, მაგრამ მითხრეს, რომ სასამართლოში მიგვყევხარო. იმ ღამით მიმიყვანეს უშიშოების ეზოში. იქ იყო ვინმე ბატონი სულიკო, რომელმაც მითხრა, რომ სასამართლო მეორე დღეს 11:30 საათზე იქნებოდა. მთელი ღამე საკანში სკამზე დამჯდარმა გავათენე. მეორე დღეს მიმიყვანეს სასამართლოში, სადაც მოსამართლე ბეჟანიძემ მომაყოლა ამბავი, მეგონა ჯარიმით გამომიშვებდა, მაგრამ ოთხი დღე და ღამე მომისაჯა. ხუთი საშინელი ღამე გავატარე უშიშროების წინასწარი დაკავების დაწესებულებაში.
11 ივლის გამოვედი გარეთ. მეორე დილით მივედი მესამე განყოფილებაში ჩემი სამკაულებისა და ტელეფონის წამოსაღებად. დაიწყეს ფორიაქი, ოქმი უნდა შევადგინოთო. ბოლოს მითხრეს, თქვენი ჯანმრთელობა უნდა შევამოწმოთო. ორ წუთში გაჩნდა სასწარაფოს მანქანა, პოლიციელებმა ისევ გამაკავეს და ჩამსვეს ამ მანქანაში. პუშკინის ქუჩაზე ვიკითხე, სად მიგყევართ-მეთქი.ფსიქიატრიულში წამიყვანეს, ექსპერტიზა უნდა გაიაროო. ნაზი შამანაურის ამბავი გამახსენდა, როცა ის საგიჟეში გამოკეტეს.
ექიმი იყო რუსული გვარის, უნდოდათ რაღაც შეეთითხნათ, მაგრამ მთავარმა ექიმმა წინააღმდეგობა გაუწია, არ დაწერა, რომ მე ფსიქიკური პრობლემები მაქვს.
დაახლოებით დღის პირველ საათზე მოვიდა გელა ხახნელიძე (ჩემი ნაცნობი და ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე), რომელმაც მითხრა, რომ ირაკლი ვარშალომიძემ (ლევან ვარშალომიძის ძმა) დაურეკა ვახო კაზაზიშვილს (ლევან ვარშალომიძის დაცვის უფროსი), სად წაგიყვანიათ ლელა, ახლავე მოგხსნით სამსახურიდანო. ამასობაში ფსიქიატრიულში მოვიდა ვახო კაზაზიშვილი და სახლში წამომიყვანა.
ამ ყველაფერზე პირველად 2009 წელს მივმართე პროკურატურას გამოძიების თხოვნით, ქუთაისელი პროკურორი იყო და იმან ჩამომართვა ჩვენება, დოკუმენტზე ხელიც მომაწერინა, მაგრამ მერე თქვა, რომ არ ჩამოურთმევია. არჩევნების შემდეგ ყველას დავუგზავნე საჩივრები, პარლამენტს, პრეზდენტს, ბესელიას, წულუკიანს, უზენაესი საბჭო ვითომ მეხმარებოდა. ვითხოვდი, რომ ჩემი საქმე შეესწავლათ.
ქალაქის პროკურატურაში თბილისიდან ჩამოსულ არსენ ხინჯიკაძესთან მივედი. მან მითხრა, რომ ხელახლა დამეწერა განცხადება. ამჯერად სულიკო ვარშანიძემ დამკითხა, რომელიც მესამე განყოფილებაში მუშაობს, საქმის ზედამხედველი პროკურორი კი ზური კონცელიძეა. მოვითხოვე, დაეკითხათ ლევან ვარშალომიძე, სწორედ მისი ოჯახის ძალისხმევით დამაკავეს და გამომკეტეს ხუთი დღე უშიშროებაში.
წელს სამი თვე ვირბინე პროკურატურასა და პოლიციას შორის. ასეჯერ მითხრეს, რომ წერილობით მომწერდნენ ჩემი საქმის მიმდინარეობის შესახებ, შენც არ მომიკვდე. ხინჯიკაძე აღარ არის ქალაქის პროკურორი, კონცელიძე მემალებოდა, მაგრამ ერთ დღესაც გამოვიჭირე და იცით რა მითხრა?! – განცხადება დაწერე, რომ გადაწყვეტილება გინდაო. მართლაც დავწერე განცხადება. თითქმის ორი თვე გავიდა, მაგრამ პასუხი ჯერ კიდევ არ მიმიღია“.
პაატა დუმბაძე – შპს „ ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელი
საკრებულოს წევრები ორგანიზაციაში დასაქმებული მძღოლების შრომითი პირობებით დაინტერესდნენ. შპს „ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით ამ დროისათვის ორგანიზაციაში 220 მძღოლია დასაქმებული, რომელთა ანაზღაურებაც ცოტა ხნის წინ გაიზარდა და საათში 4 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს. მძღოლს შეუძლია კვირაში ერთი დღე დაისვენოს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით თითოეული მძღოლი საშუალო დატვირთვით თვეში 60 ლარიდან 800 ლარამდე ანაზღაურებას გამოიმუშავებს. პერიოდულად მოწმდება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ორგანიზაციაში მათი ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხიც განიხილება.
პაატა დუმბაძის ინფორმაციით ამ დროისათვის ყველა მძღოლთან გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება: „ეს საკითხიც პროფესიულ კავშირებთან ერთად გავიართ.“
საკრებულოს წევრები დაინტერესდნენ, ხორციელდება თუ არა ყოველ დილით მძღოლის როგორც ალკოტესტზე შემოქმება, ასევე წნევის გასინჯვა, რაზეც პაატა დუმბაძემ უპასუხა, რომ ალკოტესტზე შემოწმება ეტაპობრივად ხორციელდება, რადგან „ყოველდღე ეს შეუძლებელია“.
საკრებულოს წევრის ირაკლი ჩავლეიშვილის რეკომენდაციით შპს „ავტოტრანსპორტმა“ მძღოლები როგორც ალკოტესზე უნდა შეამოწმოს ყოველი სამუშაო დღის წინ, მათ წნევაც უნდა უკონტროლონ:
„არსებობს ელეტროხელსაწყო რომელიც წნევას სინჯავს ძალიან მცირე დროში და ამაში რთული არაფერია.“
საკრებულოს წევრი კობა ჩხეიძე დაინტერესდა, თუ რამდენია ე.წ „მინის მოსაცდელების“ დამონტაჟებისა და მისი შენახვის ხარჯი, ასევე რამდენია რეკლამიდან შემოსული შემოსავალი, რაზეც პაატა დუმბაძემ უპასუხა რომ ამ ინფორმაციის გასაცემად ის მზად არ იყო.
ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით 2015-2018 წლებში განსახორციელებელ პროექტებში მუნიციპალური ტრანსპორტის მგზავრთა ნაკადის მთვლელი სისტემით აღჭურვა, მოსაცდელების მოწესრიგება, ტერმინალების მოწყობა, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსების შეძენა დაასახელა, მისივე ინფორმაციით: „ამ პროექტების განხორციელებას მთლიანობაში დაახლოებით ათი მილიონი ლარი დასჭირდება.“
მოვალი წლის ბათუმის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც საკრებულოს ჯერ არ დაუმტიკებია შპს „ ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დაფინანსება 3 300 000 ლარია, გარდა ამისა მერიამ პედაგოგებისა და მოსწავლეების უფასოდ მგზავრობის დასაფინანსებლად ბიუჯეტში მილიონ 300 000 ლარი გაითვალიწინა – პაატა დუმბაძის მიხედვით ეს თანხა შესაძლებელია ორგანიზაციამ მთლიანდა არ აითვისოს: „ ჩვენ ვაკეთებთ იმ მომსახურების რაპორტს, რაც გავწიეთ, შესაბამისად გვირიცხავს მერია თანხას“.
საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელს ურჩია ავტობუსების გამართულობა – გაახლებისა და კომფორტულად მგზავრობის საკითხზეც იზრუნოს: „მე კონკრეტული მიზნით ვმგზავრობ ავტობუსით და იქ რომ ვზივარ თავი აკვანში მგონია“ – განაცხადა თამაზ თურმანიძემ შეხვედრაზე. ის აიპების მიერ საკრებულოს წევრებისთვის ანგარიშის ჩაბარებისა და განვითარების სტრატეგიის გასაცნობად სამუშაო შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო.
კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოვება დღეს, 23 დეკემბერს შედგა თბილისში. კონკურსში 30 ჟურნალისტი და ბლოგერი მონაწილეობდა.
„რადიო სიუჟეტის ნომინაციაში გაიმარჯვა “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტმა ნინო თარხნიშვილმა, “საუკეთესო ჟურნალისტური მოკვლევის” ნომინაციაში გამარჯვებული გახდა ქეთი ღვედაშვილი, ჟურნალ “ლიბერალის” ჟურნალისტი. “საუკეთესო სტატიის” ავტორი გახდა ლანა ირემაშვილი, ambebi.ge-ის ჟურნალისტი. “საუკეთესო ბლოგპოსტის” ნომინაციაში გამარჯვებულები გახდნენ თაკო კურატაშვილი და მანუჩარ მეგრელიშვილი. კონკურსანტებს გადაეცათ ფულადი პრიზი, 500 ლარის ოდენობით, დანარჩენ კონკურსანტებს კი სიმბოლურად სასაჩუქრე პაკეტი” – ამბობს ნინო ღვედაშვილი, კონკურსის კოორდინატორი.
“პრობაციონერთა, მსჯავრდებულთა და ყოფილ მსჯავრდებულთა მდგომარეობის შესახებ საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული, ჩვენ გვინდა, რომ მედიის როლი გაძლიერდეს, მაღალი ეთიკური და ჟურნალისტური სტანდარტების დამკვიდრება მნიშვნელოვანია,” – ამბობს ნინო ღვედაშვილი.
“ჩანაწერები ციხიდან” – ამ სახელწოდებით გამოქვეყნდა გაზეთ „ბათუმელებში“ მანუჩარ მეგრელიშვილის ჩანაწერები, რომელიც ციხეში მყოფი ადამიანების ცხოვრებას ასახავს. მანუჩარისათვის ეს მეორე მოგებული კონკურსია, 2013 წელს მანუჩარ მეგრელიშვილი გახდა პროზაული კონკურსის – „ასი სიტყვა“ – გამარჯვებული თხზულებისთვის – „წერილი ციხიდან.“
ტურნირში 2005 წელს დაბადებული ბავშვების ექვსი გუნდი მონაწილეობს ქუთაისიდან, ოზურგეთიდან, თბილისიდან (ორი გუნდი) და ბათუმიდან (სამი გუნდი).
ტურნირის ორგანიზატორია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი. დეპარტამენტის სპორტის განყოფილების უფროსის მინდია ქათამაძის თქმით, ტურნირისთვის ექვსი ათას ლარამდეა გამოყოფილი.
თამაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. შეხვედრები გაიმართება ხვალაც. 25 დეკემბერს კი ჩემპიონატის გამარჯვებული გამოვლინდება.
მოდელირების დასაწყისში დელეგატებმა წარმოადგინეს თავიანთი ქვეყნების პოციზია თემასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც დებატების რეჟიმში იმსჯელეს და განიხილეს არსებული პრობლემები. ფორმალური და არაფორმალური მოლაპარაკების შემდეგ მოკავშირეების მიერ წარმოდგენილი რეზოლუციებიდან კენჭისყრის შედეგად მიღებული იქნა ერთი, როგორც მოდელირების საბოლოო შედეგი.
მოდელირების ბოლოს გამოვლინდნენ საუკეთესო დელეგატები: ანი დოლიძე, ლიკა ფირცხალაიშვილი, მარიტა გორგილაძე და მზიკო ფარტენაძე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ შემაჯამებელ მოდელირებაში ქალაქ თბილისში.
გაეროს მოდელირების კონფერენცია ჩატარდა პროექტის ფარგლებში “ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში” (ANI), რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
19 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, სტუდენტ გიორგი ბოლქვაძის საჩივარი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა და ფაკულტეტზე დეკანის არჩევნების მე-2 ტური დაინიშნა, რომელიც 2014 წლის 22 დეკემბერს ჩატარდა, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული ქეთი ბერიძე გახდა.
ირაკლი მანველიძე
სწორედ 19 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს დეკანობის მეორე კანდიდატი ირაკლი მანველიძე, მან საჩივარი სასამართლოში არჩევნების დღეს შეიტანა: „19 დეკემბერს საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. სამართლებრივი არგუმენტები არ იქნა წარმოდგენილი, საკითხის განხილვას ვესწრებოდი, სხდომაზევე გამოვლინდა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები სტუდენტის მხრიდან. მაგალითად, ის ამბობს, რომ 13 და 14 დეკემბერს ჩემთან ჰქონდა ინტენსიური შეხვედრა, როდესაც განვახორციელე თითქოსდა მასზე ზეწოლა, თუმცა კომისიის დასმულ შეკითხვაზე, სად ხდებოდა ეს შეხვედრები, ვერ უპასუხა, ვერც დრო დაასახელა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს სტუდენტი ამ რიცხვებში იყო ქობულეთში სემინარზე. ბრალდებებიც წინააღმდეგობრივია, როდესაც მის საჩივარში საუბარია შანტაჟზე, ზეწოლაზე, ზემოქმედებაზე, მოსყიდვაზე და დახმარებაზე, თუ ერთგან ზეწოლას ვახდენდი, შემდგომ როგორ ვეხმარებოდი? თუ შანტაჟი იყო, მოსყიდვა რაღა საჭირო გახდებოდა?”
გიორგი ბოლქვაძე
სტუდენტი გიორგი ბოლქვაძე ამბობს, რომ შეხვედრა არა 13-14 დეკემბერს, არამედ 12 დეკემბერს შედგა. მისივე თქმით, ამის ვიდეო ჩანაწერიც არსებობს: “13-14 ბორჯომში ვიყავი, საჩივარში 12 რიცხვი მიწერია, დროც მითითებული მაქვს და ადგილიც, რადგან ეს შეხვედრა დააფიქსირა სათვალთვალო კამერებმა. თუ გამოძიების საჭიროება მოითხოვს, შეუძლიათ უნივერსიტეტის ვიდეოჩანაწერების ნახვა, ასევე, კომისიას წარვუდგინე სატელეფონო ამონაწერი, რამდენჯერ დარეკა, რა დროს დარეკა ყველაფერი დაფიქსირებულია. ეს ყველაფერი, ჩემი არგუმენტები და მოწმეები გახდა საფუძველი იმის, რომ გაბათილებულიყო არჩევნების შედეგები” – ამბობს გიორგი ბოლქვაძე.
ირაკლი მანველიძემ სასამართლოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თხოვნით მიმართა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც არჩევნები ორჯერ ჩაიშალა, უნივერსიტეტს არჩევნები ერთვიანი ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაენიშნა: “ამას მოითხოვს დებულება, არჩევნები თავიდან უნდა გამოეცხადებინათ. მეორე გარემოება – ერთი თვის განმავლობაში საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა გვქონდა აღნიშნული გადაწყვეტილების, თუმცაღა ფაქტობრივად მეორე დღეს დანიშნეს არჩევნები. ეს ფაქტი უკანონოა, დალოდებოდნენ ამ ერთ თვეს, იქნებ სასამართლოში შევიდოდა სარჩელი, არ უფიქრიათ, რომ მათი გადაწყვეტილება შეიძლება კითხვითი ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. 19 დეკემბრის პარასკევს, ადმინისტრაციამ ღამის 10 საათზე დაასრულა მუშაობა, ორშაბათ კი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.მე გუშინდლამდე ვერ მივმართავდი სასამართლოს, რადგან კომისიის გადაწყვეტილება სამუშაო დღემდე ვერ მომეწოდებოდა, მომეწოდა თუ არა, დღის პირველ საათზე შევიტანე სასამართლოში სარჩელი, არჩევნების შედეგები კი ხუთ საათზე გახდა ცნობილი” – აცხადებს ირაკლი მანველიძე.
უნივერსიტეტის იურისტი და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ ყველა პროცედურა წესების დაცვით ჩატარდა. მისი თქმით უნივერსიტეტის დებულება, რომელიც რექტორის ბრძანებით 20 ივნისს იქნა მიღებული, პირველი ტურის შედეგების გაუქმების შემდეგ ითვალისწინებს მეორე ტურის დანიშვნას, კომისიის გადაწყვეტილებით კი მეორე ტურის შედეგები მთლიანად გაბათილდა და 22 დეკემბერს არჩევნების მეორე ტური ჩატარდა:
“საჩივრის საფუძველზე მეორე ტურის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, ჩაითვალა, რომ 22 დეკემბერს კვლავ მეორე ტური გაიმართა, ამიტომაც ამ წესის დაცვა არ გვევალებოდა. თუმცა ეს მისი უფლებაა, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. უნივერსიტეტის დებულების თანახმად ვადლდებული ვიყავით არჩევნები ამ ვადებში ჩაგვეტარებინა. საარჩევნო კომისიაში არ შემოსულა საჩივარი, დღის ბოლოს იწურება ვადა, თუ არ შემოვა საჩივარი, დეკანის თანამდებობაზე დაინიშნება ქეთი ბერიძე, საქმეში არსებული მასალები სათანადო რეაგირებისთვის უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას და საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნათ” – აცხადებს გიორგი დიასამიძე.
დეკანის არჩევნებში სასურველ კანდიდატს ხმას ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტები აძლევენ. ერთ-ერთი მათგანია სტუდენტი გიორგი ბოლქვაძე, რომელმაც არჩევნების დასრულების და ირაკლი მანველიძის გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მის მიმართ არჩევნების პროცესში ზეწოლა განხორციელდა ირაკლი მანველიძის მხრიდან და საარჩევნო ბიულეტენის გაუქმება მოითხოვა.
ირაკლი მანველიძის თქმით სტუდენტის ყველა ბრალდება მის წინააღნმდეგ უსაფუძვლოა: “მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადება ამ სტუდენტის მიერ დაწერილი არ არის. ის ალბათ ადმინისტრაციის რომელიმე ოთახშია დაწერილი. როგორც ჩანს ამ ბავშვს აქვს შემორჩენილი წყენა, რადგან ერთ-ერთ სასწავლო კურსში ვერ მიიღო ნიშანი და ჩაიჭრა, ეს ნამდვილად არ არის ჩემი ბრალი, რადგან 30 საათიდან გაცდენილი აქვს 18 საათი, საერთოდ ეს სტუდენტი ლექციებზეც არ დადის, სხვა ლექტორებთან შეგიძლიათ მოიკითხოთ ეს.” – ამბობს ირაკლი მანველიძე, რომელიც გიორგი ბოლქვაძის საკონფერენფერენციო თემის მეცნიერ-ხელმძღვანელია: “მე ვალდებული ვარ სტუდენტს მსგავსი სამუშაოს შესრულებაში დავეხმარო, სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს” – ამბობს ის.
გიორგი ბოლქვაძე ირწმუნება, რომ ადმინისტრაციის არც ერთი წარმომაგდენლი მას არ დახმარებია საჩივრის დაწერაში: „მე ვარ დამოუკიდებელი პიროვნება, არავის დაუწერია ჩემი საჩივარი. რაც შეეხება ჩარჩენილ საგანს, გამოცდაში მის მიერ ჩემთვის დაწერილი შეფასების გამო უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურიგან მას აქვს შენიშვნა მიღებული, შეგიძლიათ ეს დოკუმენტი ნახოთ კანცელარიაში. შენიშვნაში წერია, რომ მან სუბიექტურად შეაფასა ჩემი ნაშრომი, სილაბუსიდან გადახვევა ჰქონდა, დამინიშნეს განმეორებითი გამოცდა, თუმცა, რადგანაც ისევ ირაკლი მანველიძესთან უნდა ჩამებარებინა ეს გამოცდა, მე უარი ვთქვი. მინდა, რომ ეს საგანი სხვასთან გავიარო. მის ლექციაზე კი ჩვენი დაძაბული ურთიერთობის გამო არ დავდიოდი” – ამბობს გიორგი ბოლქვაძე.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიმართავენ მამაკაცები, რომლებიც დაბრკოლებებს აწყდებიან დამსაქმებლებთან ურთიერთობისას საქართველოს შრომის კოდექსის 27–ე მუხლით გარანტირებული უფლების – ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით.
ამავე საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალთა შრომითი უფლებების მე-2 ტალღის ცვლილებების განხილვისას გათვალისწინებული იქნას ხსენებული საკითხი და ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფმა განიხილოს შესაძლო გადაჭრის გზები.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 25 აგვისტოს ბრძანება გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს მამაკაცებს, ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით ბავშვის მოვლის გამო. კერძოდ, ბრძანების მიხედვით, შვებულების თანმდევი კომპენსაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია გაიცემა მხოლოდ ქალზე და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრზე. მაშინ როცა საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის მიხედვით გარანტირებულია აღნიშნული უფლებით სარგებლობა დასაქმებულთათვის მათი სქესის მიუხედავად.
შპს „სანდასუფთავების“ დირექტორის დავით ასამბაძის ინფორმაციით მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები, რომლებიც ანტისეპტიკური მასალითაა დამზადებული და გარემოს ზიანს არ მიაყენებს, ბათუმის გარეუბნებისა და შემოერთებული ტერიტორიებისთვის იქნება გამიზნული.
მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების შესყვიდვა – დამონტაჟების იდეა დღეს შპს „სანდასუფთავების“ ხელმძღვანელმა საკრებულოს წევრებს გააცნო, მისივე ინფორმაციით ეს სისტემა ამიერკავკასიის ქვეყნებსა და თურქეთშია აპრობირებული და კარგად მუშაობს.
შპს „სანდასუფთავებამ“ სიახლის გამოცდის მიზნით 50 ერთეული მიწისქვეშა კონტეინერი უკვე შეისყიდა და მისი დამონტაჟების მიზნით შესაბამისი კომპანიის შესარჩევად ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული. ამ შესყიდვის საწყისი სატენდერო ღირებულება 65 000 ლარია, ხოლო ერთ ერთეულ კონტეინერის ფასი 9100 ლარია.
შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლებმა განმარტეს, რომ ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში მათ აღარ ექნებათ კონფლიქტური სიტუაცია მოსახლეობასთან დასახლებულ უბნებში კონტეინეტების განთავსებასთან დაკავშირებით, რასაც მათი განმარტებით, „ამ დრომდე ხშირად აქვს ადგილი და მუდმივად საქმის გარჩევის საგანია“
საკრებულოს წევრებმა ორგანიზაციას იდეა მოუწონეს.
საკრებულოს წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა „სანდასუფთავების“ თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა „კარგად მუშაობისთვის და იმ ძალისხმევისთვის რასაც ისინი შტორმებისა და ცუდი ამინდებისას მოსახლეობის დასახმარებლად არ იშურებენ“
საკრებულოს წევრმა ჯაბა ბერიძემ კი ორგანიზაციას შენიშვნა მისცა იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. ღია კონტეინერები ხშირად არ ირეცხება რაც ანტისანიტარიის წყაროა: „სწორედ ამიტომ არ უნდა მოსახლეობას კონტეინერი მათი სახლების წინ დაიდგას.“
თემურ ყურაშვილის რეკომენდაციით კი შპს „სანდასუფთავებამ“ ე.წ ტრასის კონტეინერებიც უნდა განათავსოს, რომელსაც მძღოლები გამოიყენებენ.
უმაღლესი საბჭო წინასაახალწლოდ ავტოპარკსაც განაახლებს. ერთი თვის წინ გაფორმებული ხელშეკრულებით „კია მოტორს ჯორჯიას“-გან საბჭო 2014 წელს გამოშვებულ, ექსპლუატაციაში არმყოფ მაღალი გამავლობის მსუბუქ „KIA SPORTAGE“-ს მარკის ავტომობილს და საგარანტიო პირობების ფარგლებში მის მომსახურებას 37 675 ლარად შეიძენს.
უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, წინასაახალწლოდ,1600 ლარზე მეტი ღირებულების მისალოცი ბარათები, სუვენირები და ქოთნებიც შეიძინა. მათ შორის: 63 ლარიანი სასაჩუქრე სურათის ჩარჩო; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამაგიდე დროშები (20 ცალი, თითო 6 ლარად); გრანიტში ნაწარმოები სუვენირი „აჭარული განდაგანა“ (20 ცალი, თითო 25 ლარად); ექვსი ცალი 25-ლარიანი საყვავილე ქოთანი; ექვსი ცალი სუვენირი „ძველი ბათუმი“ , ასევე ძველი ბათუმის ექვსი სურათი; 15 მაგნიტური ბარათი, ასი ცალი მისალოცი ბარათი და კონვერტები.
უმაღლესმა საბჭომ მთავარი „საახალწლო საჩუქარი“ რეგიონის მთავრობასაც გაუკეთა – 18 დეკემბერს აჭარის ბიუჯეტი დაამტკიცა. თუმცა, მომავალი წლის ბიუჯეტის მიხედვით, უმაღლეს საბჭოში ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხაც იზრდება – მიმდინარე წელთან შედარებით 71 800 ლარით და ჯამში 3 468 900 ლარია. ახალი წლიდან უმაღლეს საბჭოში მომუშავეთა რიცხვიც 120-დან 125-მდე გაიზრდება.
2015 წელს უმაღლესი საბჭო, ხელფასების ჩათვლით, მთლიანობაში 4 958 800 ლარს დახარჯავს.
ნათია იმნაძის საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში
სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტს უჩივის. აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის 99-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომისათვის საჯარო სამსახურიდან მოხელის გათავისუფლების წესს. ამავე კანონის 79-ე მუხლი ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, ხოლო მისი პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს საჯარო მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმიდან გამომდინარე, მის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების დროს მას სათანადოდ არ ჰქონდა გარანტირებული ზეპირი მოსმენის უფლება. მოსარჩელის ადვოკატი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ზეპირი მოსმენის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში (ზეპირი ახსნა-განმარტებით, მოწმეების დაკითხვით, მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების სანდოობის შემოწმებით) პირს აქვს ეფექტური შესაძლებლობა ამტკიცოს, რომ მას არ ჰქონია დისციპლინური გადაცდომა.
ასევე სადაო ნორმაა ის, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს წინასწარ დეტალურად ეცნობოს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ჰქონდეს მას გონივრული დრო დაცვის მოსამზადებლად. ასეთი გარანტიების არარსებობის პირობებში საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლებას და ასევე კონსტიტუციის 29-ე მუხლს, რომლის თანახმად საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი კომენტარს არ აკეთებს.
ამის პარალელურად ნათია იმნაძე საქალაქო სასამართლოშიც დაობს. ის სამსახურში აღგენას მოითხოვს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება ორივე მხარემ, ნათია იმნაძემ და სახალხო დამცველის აპარატმაც უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
„ბათუმელებთან“ საუბრისას ნათია იმნაძე ამბობს, რომ პირველმა და მეორე ინსტანციამ დაადგინა, რომ ბრძანება მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ იყო უკანონო, თუმცა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ისევ სახალო დამცველის აპარატს დაავალა მსჯელობა სამსახურში გათავისუფლებული თანამშრომის აღდგენაზე, რაც მოსარჩელის აზრით არალოგიკურია: „რომ არ აღგვადგინოს, და არც აღგვადგენს, ანუ თავიდან უნდა გავასაჩივროთ მაშინ და ასე უნდა ვიაროთ წრეზე, ამიტომ მიგვაჩნია, რომ არ არის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება ლოგიკური“.
„ორი წელი ვიყავი საიას აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ამ ხნის მანძილზე იყო რამდენიმე საქმე, სადაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საიას. ზოგადად არ ყოფილა რეგიონში ისეთი თემა, რაზეც ჩვენ არ გვქონდა შემხებლობა სამართლებრივი კუთხით. ვცდილობდით ის სტრატეგია და ის ხედვები რაც საის აქვს, გაგვეტარებინა,“ – ამბობს გია ქარცივაძე.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის ახალი თავმჯდომარის, ასევე აჭარისა და ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეების ვინაობა დღეს საღამოს გაირკვევა.
როგორ იმოქმედებს მთავრობა „ოცნების ქალაქში“ თვითნებურად შესახლებულებთან დაკავშირებით და რატომ ვერ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ ამ საკითხზე? – ეს შეკითხვა გასულ კვირას „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს დაუსვა. ხაბაძემ განაცხადა, რომ გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც რეალურად საჭიროებენ დახმარებას, შესახლებულების მიმართ მთავრობა იქნება მკაცრი.
„რეალურად 70-73 ოჯახია გაჭირვებული. ჩვენ ყველა სტრუქტურა ჩავრთეთ საჯარო რეესტრის ჩათვლით და შევისწავლეთ ყველაფერი. სხვათა შორის, იქ ძვირადღირებული მანქანებიც დგას. ყველა დაჯარიმდება, თუ არ დაემორჩილება მითითებას, არც ერთი ეკომიგრანტი იქ არ იქნება, მათ ჩვენ ბინით ან კომპენსაციებით უზრუნველვყოფთ. ვისაც სახლი არ აქვს და ნაქირავებში ცხოვრობს, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ კატეგორიას როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო? – სახელმწიფო ვალდებულია თავშესაფრით უზრუნველყოს ეკომიგრანტი, რომელსაც სტიქიამ დაუნგრია სახლი. იქ კი ამბობენ, რომ ორი ძმა ერთად ცხოვრობს სამ-სამი ბავშვით. სიდედრთან ან დედამთილთან არა აქვს კარგი ურთიერთობა, – ასეთი ძალიან ბევრია. ამ კატეგორიას როგორ დავეხმაროთ? – სოციალური სამსახური მათ ხომ ყოველთვიურად ეხმარება.
გამოვყოფთ ჯგუფს და დავადგენთ, ვისაც სახლი საერთოდ არ აქვს, ამ კატეგორიას დროებით თავშესაფარს მივცეთ და თუ იაფი სახლის პროექტით მივდივართ, იქ რიგში ჩადგებიან. ეს მაქსიმუმ თებერვალში უნდა მოგვარდეს. ძალაც რომ დაგვჭირდეს, გამოვიყენებთ.
მუნიციპალიტეტების ჩართვით ჩვენ ყველა ოჯახი შევისწავლეთ, თითოეულ ოჯახში მივიდნენ, დასურათებულია თუ ვინ სად ცხოვრობს და გვაქვს მეზობლების განცხადებებიც. მთავრობის ცვლილების დროს ხშირად ხდება თურმე, რომ ვიღაცას უნდა რაღაც მოიხვეჭოს, შეაცოდოს თავი. ჩემმა მეზობლებმაც იკითხეს, თუ იქ დავმაგრდებით, მართლა მოგვცემენ მიწასო? კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ვერავინ მიიღებს ვერაფერს, ჩვენ არასამთავრობოებთან ერთად გავიარეთ ეს საკითხი და მე მზად ვარ, კიდევ ერთხელ შევისწავლოთ. ისინიც ამბობენ, რომ ასეთ გაუსაძლის სიტუაციაში არ უნდა იყოს ხალხი და მეც ვეთანხმები. იქ სამი დღის განმავლობაში ჯამში 1450 ჯიხური დავთვალეთ, შესწავლას და დანგრევას ერთად დავიწყებთ.“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებთან“.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ვრცელი ინტერვიუ გაზეთ „ბათუმელების“ #48 ნომერში გამოქვეყნდა.
გოგა, რა ფერებია აქტუალური ზამთრის სეზონისთვის და რა იქნება მოდაში წელს?
მე არასოდეს არ ვაკეთებ მუქ ტონალობაში ტანსაცმელს. ფერებს მოაქვს განწყობა. თუ გვაქვს შანსი ფერებით გავხადოთ ხალისიანი ჩვენი ყოველდღიურობა, ეს უნდა გავაკეთოთ. მე ვარჩევ ტონებს სწორად, არ ვაკეთებ ტანსაცმელს მკვეთრ ფერებში, ძალიან ნათელი ფერი შეიძლება ამოვარდნილი იყოს ზამთრის პირობებისგან, ვთქვათ როცა მჭირდება ყვითელი, არჩევანს ვაკეთებ ლიმონის ფერზე. ფერებს დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორად უნდა შეუსაბამო ის სილუეტს და კანის ფერს, ელექტრონული ფერები არ მომწონს. როცა ფერზე ვაკეთებთ აქცენტს, მინიმალური უნდა იყოს ტანსაცმლის თარგის სირთულე.
ზამთრის კოლექცია მე უკვე ვაჩვენე მოსკოვის შოურუმზე. ჩემი ნამუშევრები ცოტა აზიურ სტილშია წარმოდგენილი, მთლიანი კოლექცია ჩალმებით იყო შეკრული. თავსაბურავი არის ძალიან ეფექტური, თუ თქვენ ვერ ასწრებთ თმის გაკეთებას, შეგიძლიათ თმა უბრალოდ შეიკრათ და ზემოდან მოიხვიოთ ჩალმა. ჩემი კოლექციები გამოირჩევა იმით, რომ უპირატესობას ვანიჭებ თავისუფალ სტილს, თავისუფალი სილუეტები წარმოდგენილია როგორც ქალის, ისე მამაკაცის ხაზში. ვფიქრობ, ეს სტილი კომფორტს ანიჭებს ადამიანს, მით უფრო, რომ საქართველოში ძირითადად შენობები არ არის დათბუნებული, თავისუფალი სილუეტის პირობებში კი ადამიანს შეუძლია ოდნავ თბილი დანამატი შიგნითვე ჩაიცვას, თან არ სჭირდება ყოველ წუთას შესწორება, ისე როგორც გამოყვანილ ტანსაცმელს. ზამთრის სეზონზე წარმოდგენილი მქონდა პალტოები, რომლებსაც ახლდა ჟილეტები, რომელიც შეგიძლია მოიცვა როგორც ჟილეტი, პალტოს გარეშეც. მე არ მიყვარს როცა ადამიანს აცვია ჩვეულებრივ, მომწონს როცა სპორტულ სტილშიც კი იგრძნობა დახვეწილობა.
გოგა ნიქაბაძის, 2015 წლის ზამთრის კოლექცია
როგორი ხასიათის ქალი წარმოადგინეთ კოლექციის მომზადებისას?
ჩემს კოლექციებში წარმოდგენილი ქალი ყოველთვის არის გარკვეული თავის თავში, ზუსტად იცის საით მიდის, ინდივიდუალურობა მოსწონს. მიყვარს ადამიანები, რომლებმაც კონკრეტულად იციან, რა უნდათ. მეც ასეთი ვარ, ვერაფერმა ვერ შემცვალა, განათლების მიუხედავად, ჩემი ხედვა დარჩა უცვლელი. არასოდეს არ ვხატავ ესკიზებს სრულყოფილად, ძირითად მონახაზს ვაკეთებ, დეტალებს კი მორგების დროს ცოცხალ მოდელზე ვაზუსტებ, სწორედ ამიტომაც იწვევს ალბათ ჩემი კოლექციები მოდის კრიტიკოსების მოწონებას. წერენ, რომ მე ვაკეთებ ჩემს მოდას და არ ვარ ჩაფლული მოდურ ტრენდებში.
რაზე მუშაობთ ახლა?
მე ერთი თვის წინ მქონდა მოსკოვში საზაფხულო კოლექციის ჩვენება. ახლა მივემგზავრები მოსკოვში, წინა საახალწლოდ მიმაქვს პატარა კოლექცია, დაახლოებით ოცი კოსტიუმი, უფრო კოქტეილისა და საღამოს კაბები, რომლებიც შევქმენი შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის. მიმაქვს ასევე ფეხსაცმელები, რომლებსაც ელოდებიან ჩემი ბრენდის მოყვარულები.
გოგა ნიქაბაძის, 2015 წლის ზამთრის კოლექცია
რთულია შენთვის ერთდროულად მუშაობა ბათუმსა და მოსკოვში?
ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბათუმის გარდა სხვაგან ვიმუშავებდი, მთელი ქალაქი არის ჩემი სახლი, აქ ყველგან ვგრძნობ თავს კომფორტულად. ბათუმი არის ის ქალაქი, რომელიც მე მაძლევს შთაგონებას, რომელიც მავსებს პოზიტივით, ზღვის ენერგიით. როდესაც მე მოვხვდი მოსკოვში ოთხი წლის წინ, გზაში ვეკითხებოდი ჩემს თავს – სად მიდიხარ?! იქ არავინ მყავდა გარდა ბიძისა, რომელთანაც დღემდე ვცხოვრობ იქ ყოფნის პერიოდში. მოდის სფეროში არავის არ ვიცნობდი, სტაჟირება უნდა გამევლო სლავა ზაიცევთან, რომელმაც ძალიან დიდი დახმარება გამიწია შემდგომში. მალევე შემიყვარდა მოსკოვი, იმიტომ, რომ კარგად მიმიღო ქალაქმა, “მერსედესის” მოდის კვირეულზე ჩემი კოლექცია იწვევს დიდ მოწონებას. აქ მზადდება კოსტიუმები და შემდგომ მიგვაქვს მოსკოვში.
პოლიტიკური ვითარება არ გიქმნით დისკომფორტს?
არანაირად. იქ საერთოდ არ მიდის ამაზე საუბარი. როცა ხელოვანი ხარ, ეს არ უნდა გაინტერესებდეს, პოლიტიკური სიტუაციის გამო ადამიანური ურთიერთობები არ უნდა დაზარალდეს. მიხარია, რომ ჩემს ქვეყანას ღირსეულად წარმოვადგენ მოსკოვში.
გოგა ნიქაბაძის, 2015 წლის ზამთრის კოლექცია
მოსკოვში მხოლოდ შეკვეთებზე მუშაობთ? რომელიმე მაღაზიაში თუ იყიდება თქვენი სამოსი?
ქალაქის ცენტრში, ძველ მოსკოვში, მდებარეობს შოურუმი, რომელთანაც მაქვს კონტრაქტი, სწორედ იქ მაქვს წარმოდგენილი ჩემი კოლექცია. თუმცა გადავწყვიტე, რომ გაზაფხულზე მოსკოვში გავხსნა ჩემი შოურუმი, მაგრამ იმ მაღაზიებთან რომელთანაც ვთანამშრომლობ, არ ვწყვეტ თანამშრომლობას, არასოდეს არ ვუჩივი ფანტაზიას, მაქვს იმის უნარი, რომ ყველა მაღაზიაში გავაკეთო განსხვავებული ხაზი.
მკვეთრად განსხვავებული მოთხოვნებია ბათუმისგან?
მე არ მომწონს ის, რომ ჩვენთან ჩაცმისას ადამიანები კარგავენ ინდივიდუალიზმს და ხდებიან ერთფეროვნები. ადამიანმა იმიტომ უნდა ჩაიცვას კარგად, რომ ეს მას სიამოვნებას ანიჭებს, ჩვენთან ძირითადად ეს იმიტომ ხდება, რომ ვიღაცას აჩვენონ. მთავარია ვიცხოვროთ საკუთარი თავისთვის, თავისუფლები ვიყოთ. აქ წუწუნი გვიყვარს, მეც უამრავი პრობლემა მაქვს, მაგრამ არასოდეს გამომაქვს გარეთ. მოვთქვამთ იმაზე, რომ თავი გვტკივა, რომ რაღაცა არ გამოვიდა. ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში ეს ბედკრულობა მოგონილია. დადებითის მომტანია სილაღე, თუ პოზიტივით შევხედავთ მოვლენებს, უფრო ბედნიერები ვიქნებით.
თავად თუ აძლევთ სხვებს შენიშვნებს? თუ აკრიტიკებთ ჩაცმულობის გამო ვინმეს?
მე უფრო რჩევების მიცემა მიყვარს, ამ ყველაფერს სწორად ვაკეთებ, დახმარებას ვთავაზობ და ჩემს აზრს ვუზიარებ. მაგალითად, ამ ფერს ეს უხდება, ამასთან ჯობია ეს ჩაიცვა. ადრე უფრო ვაქცევდი ყურადღებას, ვაკრიტიკებდი კიდეც, განვიხილავდი მეგობრებში, ახლა თითქოს ბლოკირება მოვახდინე, აღარ ვაქცევ ყურადღებას. საერთოდ, ქართველებს უცნაური აღქმა გვაქვს სტილის, მაგალითად ეძებენ მოკლე კაბას. რომ ვეკითხები, რატომ უნდათ მაინცადამაინც მოკლე, მპასუხობენ, რომ არ არიან მაღლები და მოკლე უნდა ჩაიცვან, რომ დაბალი არ გამოჩნდნენ. თუ სწორად წარმოვაჩენთ, გრძელი კაბაც ძალიან მოუხდებათ არამაღალ გოგონებს.
გოგა ნიქაბაძის, 2015 წლის ზამთრის კოლექცია
მუშაობთ ქალისა და მამაკაცის ხაზზე, ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?
ხაზის დამატებას არ ვგეგმავ. რაც ზუსტად ვიცი, ეს არის ის, რომ შემოდგომასა და გაზაფხულზე მოსკოვის შოურუმზე მაქვს ჩვენებები. ბათუმის მაღაზიაში ზაფხულში რემონტის გაკეთებას ვგეგმავთ, ცოტათი ვცვლი მაღაზიის ინტერიერს და თან ვაპირებ მამაკაცის ხაზის დამატებას.
გოგა ნიქაბაძის, 2015 წლის ზამთრის კოლექცია
შეგიძლიათ თქვენს პირად ცხოვრებაზე გვითხრათ რამე?
ასი პროცენტით შეყვარებული ვარ, ყოველთვის თბილია ჩემი პირადი სივრცე. მე არ მიყვარს ერთი კუთხით განხილვა პირადი ცხოვრების, ეს არის ჩემი საქმე, ჩემი სამეგობრო წრე და ერთი კონკრეტული ადამიანი. ამ ეტაპზე სერიოზული ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ არის ერთი ადამიანი, რომელთანაც თავს კომფორტულად ვგრძნობ.
როგორც ვიცი მომავალი დიზაინერები, ვგულისხმობ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს, გაკითხავენ რჩევებისათვის, თქვენც დადიხართ მათ ჩვენებებზე. მოგწონთ მათი მუშაობა?
არის რამდენიმე ახალგაზრდა, რომელთაც აქვთ რეალური შანსი, რომ განვითარდნენ და წარმატებული კარიერა შეიქმნან. უბრალოდ ბევრი უნდა იმუშაონ. პროფესიონალიზმი მოდის პრაქტიკიდან, მე ინსტიტუტში სწავლამდე მქონდა ბევრი რამ გაკეთებული, 14 წლიდან ვმუშაობდი საკუთარ თავთან. კი მაკითხავდნენ რჩევებზეც, ეს ძალიან მომწონს, რადგან ჩანს, რომ აანალიზებენ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის გამოცდილი ადამიანისგან რჩევების მოსმენა, მხარს დავუჭერ ნიჭიერ და მონდომებულ ადამიანებს. ვურჩევ, რომ ბევრი იმუშაონ და ინდივიდუალიზმი არ დაკარგონ.
მზევინარ იმედაშვილი ბათუმის #2 საჯარო სკოლაში 16 წელია მუშაობს, ის სკოლაში ინფორმატიკასა და ფიზიკას ასწავლის. მზევინარ იმედაშვილის მოსწავლე ოლიმპიადის შედეგებით საუკეთესო ათეულში მოხვდა.
„ინფორმატიკის ოლიმპიადაში საუკეთესო ათეულში მოსწავლის შესვლა ძალიან კარგი შედეგია, რადგან ამ მხრივ დიდია კონკურენცია. როცა გაკეთებულ საქმეს დაგიფასებენ, სასიამოვნოა. აქამდე მხოლოდ ბავშვები ჯილდოვდებოდნენ ოლიმპიადების შედეგებით, წელს არის პირველად, როცა მასწავლებელი დააჯილდოვეს. ეს, რა თქმა უნდა, წამახალისებელია, მასწავლებლები უფრო მეტს გააკეთებენ იმისთვის, რომ მათი მოსწავლეები იყვნენ საუკეთესოები. მატერიალური წახალისება კიდევ უფრო გაზრდის შედეგებს, თუმცა ვფიქრობ, მასწავლებლები ისედაც გულით ეკიდებიან თავის საქმეს. მე, მაგალითად, სულ არ ვიცოდი თუ წავხალისდებოდი, მაქსიმუმი გავაკეთე მაშინაც, მომავალშიც ასე გავაგრძელებ“, – ამბობს მზევინარ იმედაშვილი.
ინგა ჯაფარიძე
პრემია მოულოდნელი აღმოჩნდა #14 სკოლის რუსულის მასწავლებლისთვისაც. ინგა ჯაფარიძე #14 საჯარო სკოლაში უკვე 16 წელია ასწავლის. ინგა ჯაფარიძე: „წლების განმავლობაში აჩვენებენ ჩემი მოსწავლეები კარგ შედეგს ოლიმპიადაზე. პირველად მივიღეთ ამისთვის პრემია. წელს მესამე ტურში გადავიდა რამდენიმე მოსწავლე, ყველაზე კარგი შედეგი მესამე ტურში ჩემმა ერთმა მოსწავლემ, თამარ ქერქაძემ აჩვენა. მოტივაციას ზრდის მსგავსი წახალისება. მოგეხსენებათ მასწავლებლის ანაზღაურება რაც არის, სხვის დასანახავადაც ძალიან კარგია, მათ დაინახეს, რომ შრომა ფასდება. თავად მოსწავლემ 500-ლარიანი ვაუჩერი მიიღო კომპიუტერულ მაღაზიაში“.
2014 წელს აჭარის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისათვის სიგელები და სიმბოლური საჩუქარები 13 ექიმს და სამინისტროს 6 თანამშრომელს გადაეცემა.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია პრეზენტაციები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2014 წლის საქმიანობის, ქ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსპექტივების, ქ. ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს მიღწევების და სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ საქმიანობის შესახებ.
სადღესასწაულო ღონისძიებას დაესწრებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე; უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე; უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე; სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები და სამინისტროს წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში „აჭარის ექიმთა საზოგადოება“ სამედიცინო დაწესებულების 6 ხელმძღვანელს და ერთ ექიმს დააჯილდოებს.
მედიცინის მუშაკის დღე აჭარაში 1996 წლის 23 დეკემბერიდან აღინიშნება.
მათ შორის არ არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ინტერფრაქციული შეხვედრა საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” ინიციატივით მიმდინარეობს. შეხვედრები დღეს კულტურის ცენტრის წარმომადგენლების მოსმენით დაიწყო, 27 დეემბრამდე სხვა ფრაქციების მომავალი წლის გეგმებისა და მიმდინარე წლის ანგარიშის მოსმენები გაგრძელდება.