კვირის ამბები

ლევან ვარშალომიძის ყოფილი მეზობელი პროკურატურის გულგრილობაზე

23.12.2014 • 1715
ლევან ვარშალომიძის ყოფილი მეზობელი პროკურატურის გულგრილობაზე

 

ლელა აბესაძე წლების განმავლობაში ლევან ვარშალომიძის მეზობელი იყო ბათუმში. როგორც თავად აცხადებს, ის 2007 წელს იძულებული გახდა დათანხმებოდა  საკუთარი ბინის ვარშალომიძეებისთვის გადაცემას (ბარათაშვილის ქუჩიდან, სადაც ის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ერთ სახლში ცხოვრობდნენ, ლელა აბესაძე ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაიყვანეს.) სწორედ ამ გარიგებას უძღოდა წინ აბესაძის უშიშროების შენობაში გამოკეტვა.

 

ლელა აბესაძე
ლელა აბესაძე

 

 

ლელა აბესაძე ამბობს, რომ პროკურატურას საქმის გამოძიებით პირველად 2009 წელს მიმართა,  საჩივარი არჩევნების შემდეგ, 2012 წელში  განაახლა. ლელა აბესაძე ამბობს, რომ მას რამდენიმე წელია პოლიციასა და პროკურატურას შორის ატარებენ, მაგრამ  საქმის მიმდინარეობის შესახებ ვერაფერს იგებს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მან საჯაროდ საუბარი.

 

ლელა აბესაძე 2007 წელს დაწყებულ მოვლენებს იხსენებს:

 

„ლევან ვარშალომიძის ოჯახმა ყველა მეზობლისგან იყიდა ბინა, მაგრამ ერთგვარი შეუთანხმებლობის გამო, მე უარზე ვიყავი და საკმაოდ დაგვეძაბა ურთიერთობა. ერთ დღესაც, 2007 წლის 10 ივლისს,  ჩემს ბინაში, ანუ ბარათაშვილის ქუჩის 20 ნომერში, ღამის 11 საათზე ამოვიდა 10 პოლიციელი. მათ მოსვლის მიზეზი ასე ამიხსნეს – „დღეს თქვენთან მეორედ იყო პატრული“.

 

დილით მართლაც მომიხდა ინციდენტი: ახლობელმა გაყიდა ბინა და მთხოვა, რომ მისი წიგნები და სხვა ნივთები ცოტა ხნით  ჩემთან დამეტოვებინა. როცა დავაპირე ამის გაკეთება, სახლის დაცვამ არ მომცა ნივთების შეტანის უფლება და პატრულს გამოუძახეს. წამიყვანეს მესამე განყოფილებაში და მითხრეს, რომ წიგნებს ვერ შევიტანდი. მე შევთავაზე, რომ შეემოწმებინათ ნივთები და მოეცათ უფლება შემეტანა. უარი მითხრეს; ეს  მოხდა დილით.

 

საღამოს, ბევრი ფეხის ხმა როცა მომესმა, მივხვდი, რომ ჩემთან მოდიოდნენ, რადგან სართულზე არავინ აღარ ცხოვრობდა. კარები ღია მქონდა, შემოვიდნენ გენო გელაძე და უბნის რწმუნებული. იმდენი კაცი ახლდათ, რომ ოთხაში ვერ ეტეოდნენ. ისევ მესამე განყოფილებაში წამიყვანეს – ჩაცმის უფლებაც კი არ მომცეს.

 

პოლიციაში დამკითხეს, სამკაულები მომაძრეს… ბოლოს მეგონა სახლში გამიშვებდენ, მაგრამ მითხრეს, რომ სასამართლოში მიგვყევხარო. იმ ღამით მიმიყვანეს უშიშოების ეზოში. იქ იყო ვინმე ბატონი სულიკო, რომელმაც მითხრა, რომ სასამართლო მეორე დღეს 11:30 საათზე იქნებოდა. მთელი ღამე საკანში სკამზე დამჯდარმა გავათენე. მეორე დღეს მიმიყვანეს სასამართლოში, სადაც მოსამართლე ბეჟანიძემ მომაყოლა ამბავი, მეგონა ჯარიმით გამომიშვებდა, მაგრამ ოთხი დღე და ღამე მომისაჯა. ხუთი საშინელი ღამე გავატარე უშიშროების წინასწარი დაკავების დაწესებულებაში.

 

11 ივლის გამოვედი გარეთ. მეორე დილით მივედი მესამე განყოფილებაში ჩემი სამკაულებისა და ტელეფონის წამოსაღებად. დაიწყეს ფორიაქი, ოქმი უნდა შევადგინოთო. ბოლოს მითხრეს, თქვენი ჯანმრთელობა უნდა შევამოწმოთო. ორ წუთში გაჩნდა სასწარაფოს მანქანა, პოლიციელებმა ისევ გამაკავეს და ჩამსვეს ამ მანქანაში. პუშკინის ქუჩაზე ვიკითხე, სად მიგყევართ-მეთქი.ფსიქიატრიულში წამიყვანეს, ექსპერტიზა უნდა გაიაროო. ნაზი შამანაურის ამბავი გამახსენდა, როცა ის საგიჟეში გამოკეტეს.

 

ექიმი იყო რუსული გვარის, უნდოდათ რაღაც შეეთითხნათ, მაგრამ მთავარმა ექიმმა წინააღმდეგობა გაუწია, არ დაწერა, რომ მე ფსიქიკური პრობლემები მაქვს.

 

დაახლოებით დღის პირველ საათზე მოვიდა გელა ხახნელიძე (ჩემი ნაცნობი და ერთ-ერთი საარჩევნო უბნის თავმჯდომარე), რომელმაც მითხრა, რომ ირაკლი ვარშალომიძემ (ლევან ვარშალომიძის ძმა) დაურეკა ვახო კაზაზიშვილს (ლევან ვარშალომიძის დაცვის უფროსი), სად წაგიყვანიათ ლელა, ახლავე მოგხსნით სამსახურიდანო. ამასობაში ფსიქიატრიულში მოვიდა ვახო კაზაზიშვილი და სახლში წამომიყვანა.

 

ამ ყველაფერზე პირველად 2009 წელს მივმართე პროკურატურას გამოძიების თხოვნით, ქუთაისელი პროკურორი იყო და იმან ჩამომართვა ჩვენება, დოკუმენტზე ხელიც მომაწერინა, მაგრამ მერე თქვა, რომ არ ჩამოურთმევია. არჩევნების შემდეგ ყველას დავუგზავნე საჩივრები, პარლამენტს, პრეზდენტს, ბესელიას, წულუკიანს, უზენაესი საბჭო ვითომ მეხმარებოდა. ვითხოვდი, რომ ჩემი საქმე შეესწავლათ.

 

ქალაქის პროკურატურაში თბილისიდან ჩამოსულ არსენ ხინჯიკაძესთან მივედი. მან მითხრა, რომ ხელახლა დამეწერა განცხადება. ამჯერად სულიკო ვარშანიძემ დამკითხა, რომელიც მესამე განყოფილებაში მუშაობს, საქმის ზედამხედველი პროკურორი კი ზური კონცელიძეა. მოვითხოვე, დაეკითხათ ლევან ვარშალომიძე, სწორედ მისი ოჯახის ძალისხმევით დამაკავეს და გამომკეტეს ხუთი დღე უშიშროებაში.

 

წელს სამი თვე ვირბინე პროკურატურასა და პოლიციას შორის. ასეჯერ მითხრეს, რომ წერილობით მომწერდნენ ჩემი საქმის მიმდინარეობის შესახებ, შენც არ მომიკვდე. ხინჯიკაძე აღარ არის ქალაქის პროკურორი, კონცელიძე მემალებოდა, მაგრამ ერთ დღესაც გამოვიჭირე და იცით რა მითხრა?! – განცხადება დაწერე, რომ გადაწყვეტილება გინდაო. მართლაც დავწერე განცხადება. თითქმის ორი თვე გავიდა, მაგრამ პასუხი ჯერ კიდევ არ მიმიღია“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: