Batumelebi | დეკანის არჩევნები და დაპირისპირება სტუდენტსა და ლექტორს შორის ბათუმში დეკანის არჩევნები და დაპირისპირება სტუდენტსა და ლექტორს შორის ბათუმში – Batumelebi
RU | GE  

დეკანის არჩევნები და დაპირისპირება სტუდენტსა და ლექტორს შორის ბათუმში

 

22 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. არჩევნების შედეგად გამარჯვებული ქეთი ბერიძე გახდა, თუმცა ეს შედეგი საბოლოო შეიძლება ამჯერადაც არ აღმოჩნდეს, დეკანობის მეორე კანდიდატი ირაკლი მანველიძე სასამართლოს მიმართავს და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვს.  

19 დეკემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, სტუდენტ გიორგი ბოლქვაძის საჩივარი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა და ფაკულტეტზე დეკანის არჩევნების მე-2 ტური დაინიშნა, რომელიც 2014 წლის 22 დეკემბერს ჩატარდა, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული ქეთი ბერიძე გახდა.

ირაკლი მანველიძე
ირაკლი მანველიძე

სწორედ 19 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოითხოვს დეკანობის მეორე კანდიდატი ირაკლი მანველიძე, მან საჩივარი სასამართლოში არჩევნების დღეს შეიტანა: „19 დეკემბერს საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. სამართლებრივი არგუმენტები არ იქნა წარმოდგენილი, საკითხის განხილვას ვესწრებოდი, სხდომაზევე გამოვლინდა ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები სტუდენტის მხრიდან. მაგალითად, ის ამბობს, რომ 13 და 14 დეკემბერს ჩემთან ჰქონდა ინტენსიური შეხვედრა, როდესაც განვახორციელე თითქოსდა მასზე ზეწოლა, თუმცა კომისიის დასმულ შეკითხვაზე, სად ხდებოდა ეს შეხვედრები, ვერ უპასუხა, ვერც დრო დაასახელა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს სტუდენტი ამ რიცხვებში იყო ქობულეთში სემინარზე. ბრალდებებიც წინააღმდეგობრივია, როდესაც მის საჩივარში საუბარია  შანტაჟზე, ზეწოლაზე, ზემოქმედებაზე, მოსყიდვაზე და დახმარებაზე, თუ ერთგან ზეწოლას ვახდენდი, შემდგომ როგორ ვეხმარებოდი? თუ შანტაჟი იყო, მოსყიდვა რაღა საჭირო გახდებოდა?” 

გიორგი ბოლქვაძე
გიორგი ბოლქვაძე

სტუდენტი გიორგი ბოლქვაძე ამბობს, რომ შეხვედრა არა 13-14 დეკემბერს, არამედ 12 დეკემბერს შედგა. მისივე თქმით, ამის ვიდეო ჩანაწერიც არსებობს: “13-14 ბორჯომში ვიყავი, საჩივარში 12 რიცხვი მიწერია, დროც მითითებული მაქვს და ადგილიც, რადგან ეს შეხვედრა დააფიქსირა სათვალთვალო კამერებმა. თუ გამოძიების საჭიროება მოითხოვს, შეუძლიათ უნივერსიტეტის ვიდეოჩანაწერების ნახვა, ასევე, კომისიას წარვუდგინე სატელეფონო ამონაწერი, რამდენჯერ დარეკა, რა დროს დარეკა ყველაფერი დაფიქსირებულია. ეს ყველაფერი, ჩემი არგუმენტები და მოწმეები გახდა საფუძველი იმის, რომ გაბათილებულიყო არჩევნების შედეგები” – ამბობს გიორგი ბოლქვაძე.  

  

ირაკლი მანველიძემ სასამართლოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თხოვნით მიმართა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც არჩევნები ორჯერ ჩაიშალა, უნივერსიტეტს არჩევნები ერთვიანი ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაენიშნა: “ამას მოითხოვს დებულება, არჩევნები თავიდან უნდა გამოეცხადებინათ. მეორე გარემოება – ერთი თვის განმავლობაში საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა გვქონდა აღნიშნული გადაწყვეტილების, თუმცაღა ფაქტობრივად მეორე დღეს დანიშნეს არჩევნები. ეს ფაქტი უკანონოა, დალოდებოდნენ ამ ერთ თვეს, იქნებ სასამართლოში შევიდოდა სარჩელი, არ უფიქრიათ, რომ მათი გადაწყვეტილება შეიძლება კითხვითი ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. 19 დეკემბრის პარასკევს, ადმინისტრაციამ ღამის 10 საათზე დაასრულა მუშაობა, ორშაბათ კი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.მე გუშინდლამდე ვერ მივმართავდი სასამართლოს, რადგან კომისიის გადაწყვეტილება სამუშაო დღემდე ვერ მომეწოდებოდა, მომეწოდა თუ არა, დღის პირველ საათზე შევიტანე სასამართლოში სარჩელი, არჩევნების შედეგები კი ხუთ საათზე გახდა ცნობილი” – აცხადებს ირაკლი მანველიძე.

უნივერსიტეტის იურისტი და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ ყველა პროცედურა წესების დაცვით ჩატარდა. მისი თქმით უნივერსიტეტის დებულება, რომელიც რექტორის ბრძანებით 20 ივნისს იქნა მიღებული, პირველი ტურის შედეგების გაუქმების შემდეგ ითვალისწინებს მეორე ტურის დანიშვნას, კომისიის გადაწყვეტილებით კი მეორე ტურის შედეგები მთლიანად გაბათილდა და 22 დეკემბერს არჩევნების მეორე ტური ჩატარდა:

“საჩივრის საფუძველზე მეორე ტურის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, ჩაითვალა, რომ 22 დეკემბერს კვლავ მეორე ტური გაიმართა, ამიტომაც ამ წესის დაცვა არ გვევალებოდა. თუმცა ეს მისი უფლებაა, შეუძლია მიმართოს სასამართლოს. უნივერსიტეტის დებულების თანახმად ვადლდებული ვიყავით არჩევნები ამ ვადებში ჩაგვეტარებინა. საარჩევნო კომისიაში არ შემოსულა საჩივარი, დღის ბოლოს იწურება ვადა, თუ არ შემოვა საჩივარი, დეკანის თანამდებობაზე დაინიშნება ქეთი ბერიძე, საქმეში არსებული მასალები სათანადო რეაგირებისთვის უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას და საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნათ” – აცხადებს გიორგი დიასამიძე. 

დეკანის არჩევნებში სასურველ კანდიდატს ხმას ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი და ფაკულტეტის საბჭოს წევრი სტუდენტები აძლევენ. ერთ-ერთი მათგანია სტუდენტი გიორგი ბოლქვაძე, რომელმაც არჩევნების დასრულების და ირაკლი მანველიძის გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ მის მიმართ არჩევნების პროცესში ზეწოლა განხორციელდა  ირაკლი მანველიძის მხრიდან და საარჩევნო ბიულეტენის გაუქმება მოითხოვა. 

ირაკლი მანველიძის თქმით სტუდენტის ყველა ბრალდება მის წინააღნმდეგ უსაფუძვლოა: “მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს განცხადება ამ სტუდენტის მიერ დაწერილი არ არის. ის ალბათ ადმინისტრაციის რომელიმე ოთახშია დაწერილი. როგორც ჩანს ამ ბავშვს აქვს შემორჩენილი წყენა, რადგან ერთ-ერთ სასწავლო კურსში ვერ მიიღო ნიშანი და ჩაიჭრა, ეს ნამდვილად არ არის ჩემი ბრალი, რადგან 30 საათიდან გაცდენილი აქვს 18 საათი, საერთოდ ეს სტუდენტი ლექციებზეც არ დადის, სხვა ლექტორებთან შეგიძლიათ მოიკითხოთ ეს.” – ამბობს ირაკლი მანველიძე, რომელიც გიორგი ბოლქვაძის საკონფერენფერენციო თემის მეცნიერ-ხელმძღვანელია: “მე ვალდებული ვარ სტუდენტს მსგავსი სამუშაოს შესრულებაში დავეხმარო, სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს” – ამბობს ის.  

გიორგი ბოლქვაძე ირწმუნება, რომ ადმინისტრაციის არც ერთი წარმომაგდენლი მას არ დახმარებია საჩივრის დაწერაში: „მე ვარ დამოუკიდებელი პიროვნება, არავის დაუწერია ჩემი საჩივარი. რაც შეეხება ჩარჩენილ საგანს, გამოცდაში მის მიერ ჩემთვის დაწერილი შეფასების გამო უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურიგან მას აქვს შენიშვნა მიღებული, შეგიძლიათ ეს დოკუმენტი ნახოთ კანცელარიაში. შენიშვნაში წერია, რომ მან სუბიექტურად შეაფასა ჩემი ნაშრომი, სილაბუსიდან გადახვევა ჰქონდა, დამინიშნეს განმეორებითი გამოცდა, თუმცა, რადგანაც ისევ ირაკლი მანველიძესთან უნდა ჩამებარებინა ეს გამოცდა, მე უარი ვთქვი. მინდა, რომ ეს საგანი სხვასთან გავიარო. მის ლექციაზე კი ჩვენი დაძაბული ურთიერთობის გამო არ დავდიოდი” – ამბობს გიორგი ბოლქვაძე. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი ლაბაძე