„გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ერთადერთი ოლიმპიური სტანდარტის მოედანი, რომელიც შეესაბამება საერთაშოსო სტანდარტებს, არის ბათუმში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ოპტიმალურად იყოს გამოყენებული ყინულის მოედნის შესაძლებლობები. ანუ სპორტის ის სახეობები, რომელიც თამაშდება ყინულზე, მაქსიმალურად გვქონდეს ათვისებული. ამავდროულად ძირითადი მიზეზი, რატომაც დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ ჰოკეის გუნდი შეიქმნას, არის ის, რომ კლუბი გათავისუფლებული იქნება ადმინისტრაციის ხარჯებისგან, განსხვავებით სხვა კლუბებისგან, რომლებიც საჭიროებენ ადმინისტრაციულ ხარჯებს, ისეთს, როგორიცაა, მაგალითად კლუბის დირექტორის დანიშვნა, ბუღალტერიის წარმოებისათვის სხვა ახალი რესურსების მოზიდვა და ა.შ. ეს კლუბი იქნება სპორტულ ახალგაზრდული კლუბის ბაზაზე და ამ კლუბის ბიუჯეტი მოხმარდება მხოლოდ კლუბის სპორტულ განვითარებას და არაფერს სხვას,“- აცხადებს ირაკლი ბერიძე, ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი.
მისივე თქმით ბათუმში ჰოკეის გუნდის ჩამოყალიბების იდეას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოს ჰოკეის ფედერაციის მიერ, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.
„საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაციისგან გვაქვს მიღებული დასტური იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ინვენტარის გარკვეულ ნაწილს საჩუქრად გადმოსცემენ ბათუმის კლუბს, თუ ეს კლუბი შეიქმნება. ამავდროულად ისინი გვპირდებიან და ეს დოკუმენტურადაც არის დადასტურებული, ბათუმელ ახალგაზრდებს, მათ ვინც იქნებიან ასისტენტები ჰოკეის მთავარი მწვრთნელის, ზაფხულში, 2015 წლიდან გაუშვებენ ფინეთში გადამზადებაზე და მოამზადებენ თავიანთი ხარჯებით,“ – ამბობს ირაკლი ბერიძე.
ირაკლი ბერიძის თქმით ამ დროისათვის ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში მხოლოდ ფიგურულ ციგურაობაზე 500 აღსაზრდელი ჰყავთ.
„ყინულის ჰოკეი იქნება კიდევ ერთი დამატებითი სპორტის სახეობა, რომელიც ყინულის მოედანზე ბავშვს მოიყვანს. ვთვლით, რომ ეს იქნება ბათუმელი მშობლებისათვის და ბავშვებისათვის სტიმული, რომ ყინულზე სასრიალოდ მოვიდნენ. ძალიან კარგად გვაქვს გათავისებული ის პასუხისმგებლობა, რაც უკავშირდება არაპროფესიული სპორტის სახეობისთვის ბათუმში ადგილის დათმობას, მაგრამ ვთვლით, რომ საპილოტე ვერსია ამ კლუბის მუშაობისა 2015 წელს უნდა დაიწყოს და ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ მიღება ჰოკეის კლუბში. ეს იქნება კარგი საშუალება, რომ ბავშვი სპორტით დაკავდეს და თან ჯანსაღი სპორტით, ისეთით, როგორიც არის ჰოკეი,“- აცხადებს ირაკლი ბერიძე.
საქართველოში ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაცია 2004 წლის ოქტომბერში შეიქმნა. საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი 2008 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ოთხმა გუნდმა მიიღო. დღეისათვის ყინულის ჰოკეის მოთამაშეთა ოდენობა ქვეყნის მასშტაბით 270 მოთამაშეს აჭარბებს, აქედან 170-ზე მეტი მოზარდია. დღეისათვის საქართველოში ორი სტანდარტული და ორი მომცრო ზომის მოედანი ფუნქციონირებს. ირაკლი ბერიძის თქმით, ბაკურიანის და ბათუმის ყინულის მოედნებზე საერთაშორისო ტურნირების ჩატარებაა შესაძლებელი.