Batumelebi | არჩილ ხაბაძე თვითნებურად შესახლებულებზე: “ძალაც რომ დაგვჭირდეს, გამოვიყენებთ“ არჩილ ხაბაძე თვითნებურად შესახლებულებზე: “ძალაც რომ დაგვჭირდეს, გამოვიყენებთ“ – Batumelebi
RU | GE  

არჩილ ხაბაძე თვითნებურად შესახლებულებზე: “ძალაც რომ დაგვჭირდეს, გამოვიყენებთ“

 

აჭარის სამთავრობო კომისიამ ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახების ინდივიდუალურად შესწავლა დაიწყო. ამ წუთებში კომისიის წევრები „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ოჯახებს ხვდებიან. როგორც კომისიის თავმჯდომარემ, რამაზ ჯინჭარაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, მათი მოლოდინი არსებულ რეალობას შეესაბამება. კომისიამ ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ოჯახი ინდივიდუალურად უნდა შეისწავლოს. 

არჩილ ხაბაძე

არჩილ ხაბაძე

როგორ იმოქმედებს მთავრობა „ოცნების ქალაქში“ თვითნებურად შესახლებულებთან დაკავშირებით და რატომ ვერ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ ამ საკითხზე? – ეს შეკითხვა გასულ კვირას „ბათუმელებმა“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს დაუსვა. ხაბაძემ განაცხადა, რომ გარდა იმ ოჯახებისა, რომლებიც რეალურად საჭიროებენ დახმარებას, შესახლებულების მიმართ მთავრობა იქნება მკაცრი.

„რეალურად 70-73 ოჯახია გაჭირვებული. ჩვენ ყველა სტრუქტურა ჩავრთეთ საჯარო რეესტრის ჩათვლით და შევისწავლეთ ყველაფერი. სხვათა შორის, იქ ძვირადღირებული მანქანებიც დგას. ყველა დაჯარიმდება, თუ არ დაემორჩილება მითითებას, არც ერთი ეკომიგრანტი იქ არ იქნება, მათ ჩვენ ბინით ან კომპენსაციებით უზრუნველვყოფთ. ვისაც სახლი არ აქვს და ნაქირავებში ცხოვრობს, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ კატეგორიას როგორ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო? – სახელმწიფო ვალდებულია თავშესაფრით უზრუნველყოს ეკომიგრანტი, რომელსაც სტიქიამ დაუნგრია სახლი. იქ კი ამბობენ, რომ ორი ძმა ერთად ცხოვრობს სამ-სამი ბავშვით. სიდედრთან ან დედამთილთან არა აქვს კარგი ურთიერთობა, – ასეთი ძალიან ბევრია. ამ კატეგორიას როგორ დავეხმაროთ? – სოციალური სამსახური მათ ხომ ყოველთვიურად ეხმარება.

გამოვყოფთ ჯგუფს და დავადგენთ, ვისაც სახლი საერთოდ არ აქვს, ამ კატეგორიას დროებით თავშესაფარს მივცეთ და თუ იაფი სახლის პროექტით მივდივართ, იქ რიგში ჩადგებიან. ეს მაქსიმუმ თებერვალში უნდა მოგვარდეს. ძალაც რომ დაგვჭირდეს, გამოვიყენებთ.

მუნიციპალიტეტების ჩართვით ჩვენ ყველა ოჯახი შევისწავლეთ, თითოეულ ოჯახში მივიდნენ, დასურათებულია თუ ვინ სად ცხოვრობს და გვაქვს მეზობლების განცხადებებიც. მთავრობის ცვლილების დროს ხშირად ხდება თურმე, რომ ვიღაცას უნდა რაღაც მოიხვეჭოს, შეაცოდოს თავი. ჩემმა მეზობლებმაც იკითხეს, თუ იქ დავმაგრდებით, მართლა მოგვცემენ მიწასო? კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ვერავინ მიიღებს ვერაფერს, ჩვენ არასამთავრობოებთან ერთად გავიარეთ ეს საკითხი და მე მზად ვარ, კიდევ ერთხელ შევისწავლოთ. ისინიც ამბობენ, რომ ასეთ გაუსაძლის სიტუაციაში არ უნდა იყოს ხალხი და მეც ვეთანხმები. იქ სამი დღის განმავლობაში ჯამში 1450 ჯიხური დავთვალეთ, შესწავლას და დანგრევას ერთად დავიწყებთ.“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ „ბათუმელებთან“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ვრცელი ინტერვიუ  გაზეთ „ბათუმელების“ #48 ნომერში გამოქვეყნდა.

აქცია ოცნების ქალაქში

აქცია ოცნების ქალაქში

შეგახსენებთ, რომ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლემბმა ახალი კომისიის შექმნა და აქ მცხოვრებთა მდგომარეობის ხელახლა  შესწავლა  ორი კვირის წინ გამართულ აქციაზე მოითხოვეს. თვითნებურად შესახლებულები ამბობენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არასწორი ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, თუ რამდენ ადამიანს ესაჭიროება დახმარება „ოცნების ქალაქში“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"