სიახლეები

სახალხო დამცველის ყოფილი თანამშრომელი პარლამენტის წინააღმდეგ

23.12.2014
სახალხო დამცველის ყოფილი თანამშრომელი პარლამენტის წინააღმდეგ

 

ნათია იმნაძის საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

 

სახალხო დამცველის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტს  უჩივის. აღნიშნულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და ამავე კანონის 99-ე მუხლის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან და 42-ე მუხლის მე-3 პუნქტთან  მიმართებით.

 

 

 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 99-ე მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომისათვის საჯარო სამსახურიდან მოხელის გათავისუფლების წესს. ამავე კანონის 79-ე მუხლი ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, ხოლო მისი პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს  საჯარო მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის  შემთხვევაში, მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.

 

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმიდან გამომდინარე, მის მიმართ დაწყებული დისციპლინური წარმოების დროს მას სათანადოდ არ ჰქონდა გარანტირებული ზეპირი მოსმენის უფლება. მოსარჩელის ადვოკატი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ზეპირი მოსმენის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში (ზეპირი ახსნა-განმარტებით, მოწმეების დაკითხვით, მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების სანდოობის შემოწმებით) პირს აქვს ეფექტური შესაძლებლობა ამტკიცოს, რომ მას არ ჰქონია დისციპლინური გადაცდომა.  

 

ასევე სადაო ნორმაა ის, რომ  სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს წინასწარ დეტალურად ეცნობოს მის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ჰქონდეს მას გონივრული დრო დაცვის მოსამზადებლად.  ასეთი გარანტიების არარსებობის პირობებში საჯარო მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება, მოსარჩელის აზრით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტით გარანტირებულ დაცვის უფლებას და ასევე კონსტიტუციის 29-ე მუხლს, რომლის თანახმად საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;  საქმეს არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია.

 

საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი კომენტარს არ აკეთებს.

 

 ამის პარალელურად ნათია იმნაძე   საქალაქო სასამართლოშიც დაობს. ის სამსახურში აღგენას მოითხოვს. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება ორივე მხარემ, ნათია იმნაძემ და სახალხო დამცველის აპარატმაც უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

 

„ბათუმელებთან“ საუბრისას ნათია იმნაძე ამბობს, რომ პირველმა და მეორე ინსტანციამ დაადგინა, რომ ბრძანება  მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ იყო უკანონო, თუმცა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა  ისევ სახალო დამცველის აპარატს დაავალა მსჯელობა სამსახურში გათავისუფლებული თანამშრომის აღდგენაზე, რაც მოსარჩელის აზრით  არალოგიკურია: „რომ არ აღგვადგინოს, და არც აღგვადგენს, ანუ თავიდან უნდა გავასაჩივროთ მაშინ და ასე უნდა ვიაროთ წრეზე, ამიტომ მიგვაჩნია, რომ არ არის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების  გადაწყვეტილება ლოგიკური“.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.