კვირის ამბები

გოგა ნიქაბაძის ზამთარი

23.12.2014 • 2700
გოგა ნიქაბაძის ზამთარი

 

გოგა ნიქაბაძე
გოგა ნიქაბაძე

გოგა, რა ფერებია აქტუალური ზამთრის სეზონისთვის და რა იქნება მოდაში წელს?


მე არასოდეს არ ვაკეთებ მუქ ტონალობაში ტანსაცმელს. ფერებს მოაქვს განწყობა. თუ გვაქვს შანსი ფერებით გავხადოთ ხალისიანი ჩვენი ყოველდღიურობა, ეს უნდა გავაკეთოთ. მე ვარჩევ ტონებს სწორად, არ ვაკეთებ ტანსაცმელს მკვეთრ ფერებში, ძალიან ნათელი ფერი შეიძლება ამოვარდნილი იყოს ზამთრის პირობებისგან, ვთქვათ როცა მჭირდება ყვითელი, არჩევანს ვაკეთებ ლიმონის ფერზე. ფერებს დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორად უნდა შეუსაბამო ის სილუეტს და კანის ფერს, ელექტრონული ფერები არ მომწონს. როცა ფერზე ვაკეთებთ აქცენტს, მინიმალური უნდა იყოს ტანსაცმლის თარგის სირთულე.

ზამთრის კოლექცია მე უკვე ვაჩვენე მოსკოვის შოურუმზე. ჩემი ნამუშევრები ცოტა აზიურ სტილშია წარმოდგენილი, მთლიანი კოლექცია ჩალმებით იყო შეკრული. თავსაბურავი არის ძალიან ეფექტური, თუ თქვენ ვერ ასწრებთ თმის გაკეთებას, შეგიძლიათ თმა უბრალოდ შეიკრათ და ზემოდან მოიხვიოთ ჩალმა. ჩემი კოლექციები გამოირჩევა იმით, რომ უპირატესობას ვანიჭებ თავისუფალ სტილს, თავისუფალი სილუეტები წარმოდგენილია როგორც ქალის, ისე მამაკაცის ხაზში. ვფიქრობ, ეს სტილი კომფორტს ანიჭებს ადამიანს, მით უფრო, რომ საქართველოში ძირითადად შენობები არ არის დათბუნებული, თავისუფალი სილუეტის პირობებში კი ადამიანს შეუძლია ოდნავ თბილი დანამატი შიგნითვე ჩაიცვას, თან არ სჭირდება ყოველ წუთას შესწორება, ისე როგორც გამოყვანილ ტანსაცმელს. ზამთრის სეზონზე წარმოდგენილი მქონდა პალტოები, რომლებსაც ახლდა ჟილეტები, რომელიც შეგიძლია მოიცვა როგორც ჟილეტი, პალტოს გარეშეც. მე არ მიყვარს როცა ადამიანს აცვია ჩვეულებრივ, მომწონს როცა სპორტულ სტილშიც კი იგრძნობა დახვეწილობა.

 

გოგა ნიქაბაძის, 2015 წლის ზამთრის კოლექცია
გოგა ნიქაბაძის, 2015 წლის ზამთრის კოლექცია

როგორი ხასიათის ქალი წარმოადგინეთ კოლექციის მომზადებისას?

 ჩემს კოლექციებში წარმოდგენილი ქალი ყოველთვის არის გარკვეული თავის თავში, ზუსტად იცის საით მიდის, ინდივიდუალურობა მოსწონს. მიყვარს ადამიანები, რომლებმაც კონკრეტულად იციან, რა უნდათ. მეც ასეთი ვარ, ვერაფერმა ვერ შემცვალა, განათლების მიუხედავად, ჩემი ხედვა დარჩა უცვლელი. არასოდეს არ ვხატავ ესკიზებს სრულყოფილად, ძირითად მონახაზს ვაკეთებ, დეტალებს კი მორგების დროს ცოცხალ მოდელზე ვაზუსტებ, სწორედ ამიტომაც იწვევს ალბათ ჩემი კოლექციები მოდის კრიტიკოსების მოწონებას. წერენ, რომ მე ვაკეთებ ჩემს მოდას და არ ვარ ჩაფლული მოდურ ტრენდებში.

 რაზე მუშაობთ ახლა?

 მე ერთი თვის წინ მქონდა მოსკოვში საზაფხულო კოლექციის ჩვენება. ახლა მივემგზავრები მოსკოვში, წინა საახალწლოდ მიმაქვს პატარა კოლექცია, დაახლოებით ოცი კოსტიუმი, უფრო კოქტეილისა და საღამოს კაბები, რომლებიც შევქმენი შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის. მიმაქვს ასევე ფეხსაცმელები, რომლებსაც ელოდებიან ჩემი ბრენდის მოყვარულები.

 

გოგა ნიქაბაძის, 2015 წლის ზამთრის კოლექცია
გოგა ნიქაბაძის, 2015 წლის ზამთრის კოლექცია

 რთულია შენთვის ერთდროულად მუშაობა ბათუმსა და მოსკოვში?

 ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ბათუმის გარდა სხვაგან ვიმუშავებდი, მთელი ქალაქი არის ჩემი სახლი, აქ ყველგან ვგრძნობ თავს კომფორტულად. ბათუმი არის ის ქალაქი, რომელიც მე მაძლევს შთაგონებას, რომელიც მავსებს პოზიტივით, ზღვის ენერგიით. როდესაც მე მოვხვდი მოსკოვში ოთხი წლის წინ, გზაში ვეკითხებოდი ჩემს თავს – სად მიდიხარ?! იქ არავინ მყავდა გარდა ბიძისა, რომელთანაც დღემდე ვცხოვრობ იქ ყოფნის პერიოდში. მოდის სფეროში არავის არ ვიცნობდი, სტაჟირება უნდა გამევლო სლავა ზაიცევთან, რომელმაც ძალიან დიდი დახმარება გამიწია შემდგომში. მალევე შემიყვარდა მოსკოვი, იმიტომ, რომ კარგად მიმიღო ქალაქმა, “მერსედესის” მოდის კვირეულზე ჩემი კოლექცია იწვევს დიდ მოწონებას. აქ მზადდება კოსტიუმები და შემდგომ მიგვაქვს მოსკოვში.

 პოლიტიკური ვითარება არ გიქმნით დისკომფორტს?

 არანაირად. იქ საერთოდ არ მიდის ამაზე საუბარი. როცა ხელოვანი ხარ, ეს არ უნდა გაინტერესებდეს, პოლიტიკური სიტუაციის გამო ადამიანური ურთიერთობები არ უნდა დაზარალდეს. მიხარია, რომ ჩემს ქვეყანას ღირსეულად წარმოვადგენ მოსკოვში.

გოგა ნიქაბაძის, 2015 წლის ზამთრის კოლექცია
გოგა ნიქაბაძის, 2015 წლის ზამთრის კოლექცია

 მოსკოვში მხოლოდ შეკვეთებზე მუშაობთ? რომელიმე მაღაზიაში თუ იყიდება თქვენი სამოსი?

ქალაქის ცენტრში, ძველ მოსკოვში, მდებარეობს შოურუმი, რომელთანაც მაქვს კონტრაქტი, სწორედ იქ მაქვს წარმოდგენილი ჩემი კოლექცია. თუმცა გადავწყვიტე, რომ გაზაფხულზე მოსკოვში გავხსნა ჩემი შოურუმი, მაგრამ იმ მაღაზიებთან რომელთანაც ვთანამშრომლობ, არ ვწყვეტ თანამშრომლობას, არასოდეს არ ვუჩივი ფანტაზიას, მაქვს იმის უნარი, რომ ყველა მაღაზიაში გავაკეთო განსხვავებული ხაზი.


 მკვეთრად განსხვავებული მოთხოვნებია ბათუმისგან?

 მე არ მომწონს ის, რომ ჩვენთან ჩაცმისას ადამიანები კარგავენ ინდივიდუალიზმს და ხდებიან ერთფეროვნები. ადამიანმა იმიტომ უნდა ჩაიცვას კარგად, რომ ეს მას სიამოვნებას ანიჭებს, ჩვენთან ძირითადად ეს იმიტომ ხდება, რომ ვიღაცას აჩვენონ. მთავარია ვიცხოვროთ საკუთარი თავისთვის, თავისუფლები ვიყოთ. აქ წუწუნი გვიყვარს, მეც უამრავი პრობლემა მაქვს, მაგრამ არასოდეს გამომაქვს გარეთ. მოვთქვამთ იმაზე, რომ თავი გვტკივა, რომ რაღაცა არ გამოვიდა. ვფიქრობ, ხშირ შემთხვევაში ეს ბედკრულობა მოგონილია. დადებითის მომტანია სილაღე, თუ პოზიტივით შევხედავთ მოვლენებს, უფრო ბედნიერები ვიქნებით.

თავად თუ აძლევთ სხვებს შენიშვნებს? თუ აკრიტიკებთ ჩაცმულობის გამო ვინმეს?

 მე უფრო რჩევების მიცემა მიყვარს, ამ ყველაფერს სწორად ვაკეთებ, დახმარებას ვთავაზობ და ჩემს აზრს ვუზიარებ. მაგალითად, ამ ფერს ეს უხდება, ამასთან ჯობია ეს ჩაიცვა. ადრე უფრო ვაქცევდი ყურადღებას, ვაკრიტიკებდი კიდეც, განვიხილავდი მეგობრებში, ახლა თითქოს ბლოკირება მოვახდინე, აღარ ვაქცევ ყურადღებას. საერთოდ, ქართველებს უცნაური აღქმა გვაქვს სტილის, მაგალითად ეძებენ მოკლე კაბას. რომ ვეკითხები, რატომ უნდათ მაინცადამაინც მოკლე, მპასუხობენ, რომ არ არიან მაღლები და მოკლე უნდა ჩაიცვან, რომ დაბალი არ გამოჩნდნენ. თუ სწორად წარმოვაჩენთ, გრძელი კაბაც ძალიან მოუხდებათ არამაღალ გოგონებს.

 

გოგა ნიქაბაძის, 2015 წლის ზამთრის კოლექცია
გოგა ნიქაბაძის, 2015 წლის ზამთრის კოლექცია

 მუშაობთ ქალისა და მამაკაცის ხაზზე, ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?

 ხაზის დამატებას არ ვგეგმავ. რაც ზუსტად ვიცი, ეს არის ის, რომ შემოდგომასა და გაზაფხულზე მოსკოვის შოურუმზე მაქვს ჩვენებები. ბათუმის მაღაზიაში ზაფხულში რემონტის გაკეთებას ვგეგმავთ, ცოტათი ვცვლი მაღაზიის ინტერიერს და თან ვაპირებ მამაკაცის ხაზის დამატებას.

 

გოგა ნიქაბაძის, 2015 წლის ზამთრის კოლექცია
გოგა ნიქაბაძის, 2015 წლის ზამთრის კოლექცია

 შეგიძლიათ თქვენს პირად ცხოვრებაზე გვითხრათ რამე?

 ასი პროცენტით შეყვარებული ვარ, ყოველთვის თბილია ჩემი პირადი სივრცე. მე არ მიყვარს ერთი კუთხით განხილვა პირადი ცხოვრების, ეს არის ჩემი საქმე, ჩემი სამეგობრო წრე და ერთი კონკრეტული ადამიანი. ამ ეტაპზე სერიოზული ურთიერთობა არ მაქვს, მაგრამ არის ერთი ადამიანი, რომელთანაც თავს კომფორტულად ვგრძნობ.

 როგორც ვიცი მომავალი დიზაინერები, ვგულისხმობ ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს, გაკითხავენ რჩევებისათვის, თქვენც დადიხართ მათ ჩვენებებზე. მოგწონთ მათი მუშაობა?

არის რამდენიმე ახალგაზრდა, რომელთაც აქვთ რეალური შანსი, რომ განვითარდნენ და წარმატებული კარიერა შეიქმნან. უბრალოდ ბევრი უნდა იმუშაონ. პროფესიონალიზმი მოდის პრაქტიკიდან, მე ინსტიტუტში სწავლამდე მქონდა ბევრი რამ გაკეთებული, 14 წლიდან ვმუშაობდი საკუთარ თავთან. კი მაკითხავდნენ რჩევებზეც, ეს ძალიან მომწონს, რადგან ჩანს, რომ აანალიზებენ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის გამოცდილი ადამიანისგან რჩევების მოსმენა, მხარს დავუჭერ ნიჭიერ და მონდომებულ ადამიანებს. ვურჩევ, რომ ბევრი იმუშაონ და ინდივიდუალიზმი არ დაკარგონ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: