სიახლეები

ბათუმის ლოგოს თავიდან შეარჩევენ

24.12.2014
ბათუმის ლოგოს თავიდან შეარჩევენ

 

„მეგობრებო, მინდა კომენტარი გავაკეთო ბათუმის ახალ ლოგოსთან დაკავშირებით. ყველა ვხვდებით, რომ გარემოებები საკმაოდ კომიკურად განვითარდა (ჩემი კოლეგებიც, არაკოლეგებიც და ა.შ.). უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ: ჩემი ლოგოს გამარჯვების ფაქტი არ დამიშვია – გავაკეთე არა პირველობის მიზნით, არამედ საკუთარი დიზაინერული „ვალი“ მოვიხადე ქალაქ ბათუმის წინაშე და კონკურსში გელა გელაშვილის სახელით მივიღე მონაწილეობა. რა თქმა უნდა, არც მიაქტიურია საკუთარი ლოგოს გა-PR-ების მიზნით და არც არავისთვის მითქვამს, რომ ლოგოს ავტორი მე ვარ. გავაკეთე – ავტვირთე – შევეშვი. ჩემს და გასაოცრად და თურმე სავალალოდაც, ლოგომ გაიმარჯვა და მეტიც – პლაგიატიც აღმოჩნდა. არ დაგიმალავთ, მსგავსი იდენტურობისას, ნებისმიერს რომ ეთქვა დამთხვევააო, რთულად დასაჯერებელი იქნებოდა. თუმცა არაერთი ჩვენგანი (დიზაინერებს ვგულისხმობ) აღმოჩენილა მსგავს უხერხულ ვითარებაში. იმასაც დავძენ, რომ ლოგოს „დაპლაგიატების“ ფაქტი ჩემთვის პირველია და ყოველთვის, მხოლოდ მივესალმები სიახლეებს – კარგია რომ განვიცადე ეს ზეციური ნეტარება.  როგორც წესი, აქამდე თქვენთვის კარგად ნაცნობ ჩემს ნამუშევრებს აპლაგიატებდნენ, რასაც ვებრძვი მთელი ჩემი შეგნებული პროფესიონალური მოღვაწეობის მანძილზე. ალბათ მართლაც რთულად დასაჯერებელია, მაგრამ იმედია ვაცნობიერებთ, რომ ჩემს კარიერას სასწორზე არ დავდებდი არცერთი კონკურსის და არა კონკურსის გამო. ძირითადი სათქმელი ვთქვი და აქვე დავძენ, რადგან მოხდა მსგავსი დამთხვევა, არ აქვს მნიშვნელობა ეს ბათუმის ლოგოა თუ რომელიმე ახლადშობილი პატარა კომპანიის – ვხსნი ჩემს კანდიდატურას კონკურსიდან და წარმატებებს ვუსურვებ მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს! გემშვიდობებით და გთხოვთ, ასე ძალიანაც ნუ მლანძღავთ,“ – წერს ანუკა მაღალაშვილი ფეისბუქზე.

 

 

სპეციალური კომისია ბათუმის ახალი ლოგოს შესარჩევად ბათუმის მერიაში დღეს საღამოს 7 საათზე შეიკრიბება.  

 

კომისიის ერთ-ერთი წევრი, ნათია აფხაზავა დღეს საღამოს გასამართ სხდომაზე კომპანია „ეისითისთან“ კონტრაქტის გაწყვეტის საკითხის დაყენებას აპირებს.

 

„არასერიოზული პროცესები მიმდინარეობს ბათუმის ლოგოს ირგვლივ. მე ვფიქრობ, რომ უნდა დასრულდეს ეს პროცესი. კომპანია „ეისითი“  ვერ ახერხებს ამ პროცესების მართვას და ეფექტურად წარმართვას.  თავიდანვე ჩემი მოთხოვნაც იყო, რომ კონტრაქტი შეჩერებულიყო და ამ საკითხის დასმას ვაპირებ კომისიაზე და არა ისე, რომ მეორე ადგილას გასული ლოგო გახდეს ბათუმის ლოგო.

 

უკვე ვფიქრობ, რომ  მუნიციპალიტეტის იმიჯისთვის და ზოგადად ამ პროცესებში საზოგადოების  მონაწილეობის კომპონენტის გათვალისწინებითაც  არამიზნობრივია იმ ლოგოს მიღება, რომელიც მეორე ადგილას გავიდა,“- ამბობს ნათია აფხაზავა.

 

ბათუმის ახალი ლოგოს შესარჩევად სხდომა დღეს, 24 დეკემბერს საღამოს 7 საათზე გაიმართება. მეორე ადგილზე გასული ლოგო გელა წულაძის „ყირამალაა.“

 

მეორე ადგილას გასული ლოგო

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.