სიახლეები

შს სამინისტროს კამპანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბათუმის მე-13 სკოლაში

24.12.2014
შს სამინისტროს კამპანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბათუმის მე-13 სკოლაში

 

მოსწავლეებს სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გიგლა მოსიძე, შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ნანა ხალითბა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის მოადგილე ეკატერინე კენჭაძე, ამავე სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრი ინგა ზარანდია, მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური ცენტრის წარმომადგენლები თეონა შანთაძე და მარიამ სტეფნაძე, “ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი” -ს იურისტი ნანა ბერიძე ესაუბრნენ. 

 

სამუშაო ჯგუფის წევრებმა ბათუმის სკოლის მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

 

შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური კლიპის და სოციალური რგოლების ჩვენება გაიმართა, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.