სიახლეები

“ეისითი“: ბათუმის ახალი ლოგო პლაგიატი არ არის

24.12.2014
“ეისითი“: ბათუმის ახალი ლოგო პლაგიატი არ არის

ბათუმის ახალი ლოგო
ბათუმის ახალი ლოგო

„ეს არ არის პლაგიატი“ – ამბობს კომპანია „ეისითის“ კონსალტინგის დირექტორი ირინა დუმბაძე. ეს კომპანია უზრუნველყოფდა ბათუმის ლოგოს შესარჩევი კონკურსის ჩატარებას.

„რაც დაიდო სოციალურ ქსელებში, ეს არის „shutterstock“-ზე, საიტზე, საიდანაც დიზაინერები ყიდულობენ სიმბოლოებს, რომ ინტეგრირება მოახდინონ თავიანთ ნამუშევრებში, ზოგი რაღაც დეტალს იყენებს და ასე შემდეგ. „shutterstock“-ზე დადებული სიმბოლო ნიშნავს იმას, რომ თქვენც შეგიძლიათ იყიდოთ და გამოიყენოთ და ეს არ არის პლაგიატი. პლაგიატი სხვა რამეა, ესაა როცა კომპანიას აქვს თავისი ლოგო და შენ გადმოიღებ პირდაპირ“ – ამბობს ირინა დუმბაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ლოგოტიპი თავისი ვიზუალით შეესაბამება ბათუმს. 

„ბათუმელებმა“ ლოგოს ავტორთან დაკავშირება სცადა, თუმცა მისი ტელეფონი ამ დროისთვის გამორთულია.  

ბათუმის დაწუნებული ლოგო
ბათუმის დაწუნებული ლოგო

გამარჯვებული ლოგოტიპის საპრიზო პრემიაა 1200 ლარი. „ეისითი“ ბათუმის მერიის მიერ 2014 წლის შვიდ მაისს, ბათუმის ბრენდკონცეფციაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიაა, რომელმაც სამუშაო 32 ათას ლარად შეასრულა. ბათუმის ლოგო ინტერნეტში ხმის მიცემის საშუალებით კომპანიამ 8 ივნისს გამოავლინა, თუმცა საზოგადოებამ ლოგო ბათუმისთვის შეუფერებლად მიიჩნია და პეტიციაც კი შედგა ლოგოს შეცვლის მოთხოვნით, ამიტომ კომპანიამ ბათუმის ლოგოს კონკურსი ხელახლა გამოაცხადა, ლოგოს შესარჩევად კომისიამ იმუშავა და შედეგები 23 დეკემბერს გახდა ცნობილი.   

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.