Batumelebi | სტუდენტები: უნივერსიტეტი სწავლას გვაძალებს სტუდენტები: უნივერსიტეტი სწავლას გვაძალებს – Batumelebi
RU | GE  

სტუდენტები: უნივერსიტეტი სწავლას გვაძალებს

 

 

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო წლის დაწყებისთანავე სტუდენტებს უთხრეს, რომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით 16-ქულიანი საგამოცდო ბარიერი 21 ქულამდე გაიზარდა. ამ ინფორმაციამ სტუდენტების ვნებათაღელვა გამოიწვია, ისინი უკმაყოფილონი არიან იმის გამო, რომ მათ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტი მუშაობა მოუწევთ. სტუდენტების მოთხოვნით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც თავად სტუდენტებისგან შედგება. კომისიის მიზანია განსაზღვროს, არის თუ არა საგამოცდო ბარიერი სწავლის ხარისხის შესაბამისი. 21-ქულანი ბარიერი საქართველოს თითქმის ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტშია.

 

 

სასწავლო წლის დასაწყისში, სტუდენტები თვითმმართველობის წევრებსა და დამოუკიდებელ სტუდენტურ მოძრაობა “ალტერნატივას” წევრებთან ერთად უნივერსიტეტის რექტორთან ბარიერის დაწევის მოთხოვნით შევიდნენ. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა კომისია, რომელიც გამოავლენდა გაიზარდა თუ არა სწავლის ხარისხი ბოლო ორი წლის განმავლობაში. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ სწავლის ხარისხი გაიზარდა, რასაც სტუდენტები არ ეთანხმებიან.

 

გიორგი ქებულაძე, მესამე კურსის სტუდენტი ფიქრობს, რომ 21-ქულიანი საგამოცდო ბარიერი არ შეესაბამება სასწავლო ხარისხს, სწორედ ამიტომ ის ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა ამ ცვლილებას: “ჩატარდება კვლევა, მერე კი გავიგებთ არის თუ არა შესაბამისობაში ბარიერი ხარისხთან. მაღალი სასწავლო ბარიერი არ ნიშნავს იმას, რომ სწავლის ხარისხი გახდება უკეთესი. ჩემი აზრით, ორი წლის განმავლობაში უნივერსიტეტში არ შეცვლილა არაფერი, სასწავლო გარემო, ლექტორების პროფესიონალიზმი, თუნდაც სილაბუსებს არანაირი ცვლილება არ დატყობია, როცა გაიზრდება ხარისხი, მერე უნდა გაიზარდოს საგამოცდო ბარიერიც”.

 

უნივერსიტეტის რექტორი ალიოშა ბაკურიძე სამწუხარო ფაქტს უწოდებს იმას, რომ სტუდენტებს მსგავსი მოთხოვნა გაუჩნდათ. “უნივერსიტეტის პრეროგატივაა დააწესოს საგამოცდო ბარიერი, სტუდენტს აქვს უფლება მოითხოვოს ხარისხი, რომ უფრო მეტი ვასწავლოთ. სწავლების ხარისხი რომ გაიზარდოს, ამისათვის საჭიროა როგორც მოსწავლემ, ასევე მასწავლებელმა გამოიჩინოს მზაობა. ჩვენ ვალდებულება გვაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ჩვენ უნდა მოვამზადოთ სპეციალისტი, რომელიც დასაქმდება, ძალიან დიდი კონკურენციაა, თუ არ შევცვალეთ რამე, ამ კონკურენციას ვერ გაუძლებს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტი”, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე.

 

უნივერსიტეტმა 21-ქულიანი საგამოცდო ბარიერის დაწესების გადაწყვეტილება ორი წლის წინ მიიღო, თუმცა მაშინაც ამ გადაწყვეტილებას სტუდენტების პროტესტი მოჰყვა და ბარიერი 11 ქულამდე დაწიეს იმ პირობით, რომ მომდევნო წელს ისევ გაიზრდებოდა 21 ქულამდე. მომდევნო წელს კი უნივერსიტეტმა ბარიერი მხოლოდ ხუთი ქულით გაზარდა, წელს კი ბარიერი იმ ქულას გაუთანაბრდა, რაც სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც საგამოცდო მინიმუმია.

 

“ორი წლის წინ სტუდენტებთან გვქონდა შეთანხმება, რომ ბარიერი საბოლოოდ მაინც გაიზრდებოდა 21 ქულამდე, თუმცა ჩვენ პროცესი გადავდეთ იმის გამო, რომ ჩატარდა კონკურსი აკადემიურ თანამდებობებზე, ყველა პირი ვალდებული იყო წარმოედგინა კომისიისათვის სალექციო მასალა. ამის შედეგად მოიხსნა დღის წესრიგიდან ლიტერატურის პრობლემა. თავად სტუდენტები ვამუშავეთ ხელშეკრულებით წიგნების დასასკანერებლად, რომ მოხსნილიყო ბიბლიოთეკაში პრობლემა. მთელს უნივერსიტეტში მუშაობს უკვე Wi-Fi, იცვლება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ყოველ დღე ტარდება კონფერენციები, განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ვიწვევთ პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტში. ეს მოწმობს, რომ ვმუშაობთ ხარისხის გასაუმჯობესებლად”, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე.

 

რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხარისხის გაზრდის მაჩვენებლად მიაჩნიათ ისიც, რომ უნივერსიტეტმა საერთაშორისო გაცვლითი პროექტებისა და პროგრამების – Tempus და Erasmus mundus – მიხედვით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილი დაიკავა. ასევე, ექსპერიმენტული დარგების განვითარებისთვის გრანტის ფარგლებში უნივერსიტეტში შემოდის ლაბორატორია, რომელიც ნახევარ მილიონადაა შეფასებული. ამ ლაბორატორიის შედეგად, უნივერსიტეტის ბაზაზე იქმნება დასავლეთ საქართველოს ქრომატოგრაფიული ცენტრი.

 

“მე არ ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი საკმარისია უნივერსიტეტისთვის, ბევრი პრობლემა რჩება, რომლის მოგვარებასაც სტუდენტები სამართლიანად მოითხოვენ. დღეს რაც ვისწავლეთ, ის საკმარისი არ არის, კვალიფიკაციის ამაღლება მუდმივ რეჟიმში უნდა ხდებოდეს. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ხუთი ქულის შესაბამისი ღონისძიებები უნივერსიტეტში გატარებულია. მთავარია, სტუდენტებმა დამოუკიდებელი საათები სწორად გამოიყენონ”, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე და მოსაზრების გასამყარებლად სტატისტიკას იშველიებს.

 

“როცა არ იყო ბარიერი, უნივერსიტეტში გამოცდებზე ჩაჭრილ სტუდენტთა რაოდენობა იყო 40 პროცენტი, 11- ქულიანი ბარიერისას ეს რიცხვი შემცირდა 20 პროცენტით, 16 ქულის დროს კი დავალიანება ჩამოვიდა 15 პროცენტამდე. თუ სტუდენტებს ექნებათ სწავლის მზაობა, პრობლემები ნამდვილად არ შეექმნებათ. სტუდენტები ამბობენ, რომ ამ უნივერსიტეტში მაღალი მომზადების აბიტურიენტი არ შემოდის, აქ ასე არ ხდება, სტუდენტი შემოდის რაღაც დონით და ის აქედან უნდა გავუშვათ უფრო მაღალი დონით”, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე.

 

21-ქულიანი ბარიერი არ მოსწონს ილია ბერიძესაც. ის მესამე კურსის სტუდენტია და მიიჩნევს, რომ სწავლას არ უნდა აძალებდეს სტუდენტს უნივერსიტეტი: “ჩემი გასული წლების შედეგებით რომ ვიმსჯელოთ, ამ ბარიერის გამო პრობლემები არ შემექმნება, მაგრამ სტუდენტებს ვეთანხმები ხარისხის თემაზე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ბარიერის არსებობას, უნივერსიტეტში არის როგორც სწავლის ხარისხის, ასევე სტუდენტების მოტივაციის პრობლემა, ბევრი სტუდენტი ზარმაცობს. მე არ ვთვლი, რომ სტუდენტს სწავლა უნდა დააძალო, სისტემური პრობლემაა, სტუდენტს გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ ის უნივერსიტეტში სასწავლებლად მიდის, ამისთვის დაძალება არ უნდა სჭირდებოდეს”, – ამბობს ილია.

 

თუმცა უნივერსიტეტში ისეთი სტუდენტებიც არიან, ვისაც საგამოცდო ბარიერის არსებობა მიზანშეწონილად მიაჩნიათ. ევროპის მცოდნეობის მეორე კურსის სტუდენტი თეა ხოხიშვილი ფიქრობს, რომ სწავლის ხარისხს საგამოცდო ბარიერი გააუმჯობესებს. “მოტივაციას გიმაღლებს ბარიერი, როცა ბარიერი 11-დან 16 ქულამდე გაიზარდა, მე უფრო კარგად მოვემზადე გამოცდისთვის. შესაბამისად, უფრო მაღალი ქულები მივიღე, ასე მოხდება ამ შემთხვევაშიც. ვფიქრობ, ჩემი და არა მარტო ჩემი შედეგები გაიზრდება”, – ამბობს თეა.

 

თვითმმართველობის თავმჯდომარე ზურაბ მესხიძე ფიქრობს, რომ აუცილებელია ბარიერის 21-ქულამდე გაზრდა, რადგან ეს არის მინიმუმი, რაც უნდა დააკმაყოფილოს სტუდენტმა: “საგამოცდო ბარიერი მიმაჩნია ერთ-ერთ საშუალებად სწავლის ხარისხის გასაზრდელად. სტუდენტმა ნახევრად მაინც უნდა ისწავლოს საგანი. ვფიქრობ სულ სხვა თემაა ხარისხი, ამ შემთხვევაში გააჩნია, თუ რა ფაკულტეტზე სწავლობ და ვინ გასწავლის. ბევრი სტუდენტი შემოდის ჩვენთან ლექტორებზე საჩივრით. კვლევის ჩატარების შემდეგ ანალიზი იქნება საკმაოდ რთული”, – ამბობს ზურაბ მესხიძე, რომლისთვისაც მისაღებია ბარიერის გაზრდა, თუნდაც იმიტომ, რომ მსგავსი პრაქტიკა თითქმის ყველა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელს აქვს: “მე არ ვეთანხმები სტუდენტების მოსაზრებას, თითქოს ეს იყოს ადმინისტრაციის მიერ მოფიქრებული იმის გამო, რომ სტუდენტს საგნების გავლა თავიდან მოუხდეს. თავად რექტორისგან მივიღეთ შემოთავაზება, რომ სტუდენტს, რომელიც მიიღებს 16 ქულაზე მეტს, მაგრამ ვერ გადალახავს საგამოცდო ბარიერს, შეეძლება ეს საგანი უფასოდ გაიაროს ხელმეორედ”.

 

ზურაბ მესხიძე აქვე აღნიშნავს, რომ საკუთარი პოზიციის მიუხედავად, მხარს სტუდენტების უმრავლეობას დაუჭერს, როგორც თვითმმართველობის თავმჯდომარე.

 

უნივერსიტეტის რექტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ბათუმის უნივერსიტეტში არ არის ლიმიტირებული სტიპენდიანტების ოდენობა: ამის მიუხედავად უნივერსიტეტის ზოგიერთი მიმართულებით სახელობითი სტიპენდიანტი ვერ გამოვლინდა. “მე პირადად დავაწესე ცხრა სტიპენდია, ვერ მეტყვით სტუდენტს, რომელიც სწავლობდეს და ეკონომიკურად მას უნივერსიტეტი ხელს არ უმართავდეს. სტიპენდიების გარდა უნივერსიტეტში მოქმედებს სოციალური პროგრამები. მთავარია, ისწავლონ”, – ამბობს ალიოშა ბაკურიძე.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ქეთი ლაბაძე