ვაკანსია დასაქმების სააგენტოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე

 

ხელფასი 750 ლარი. 

 

კონკურსანტს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და მოეთხოვება შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია; აჭარის კონსტიტუცია; ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონი,  საქართველოს შრომის კოდექსი, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 13 სექტემბრის №43 დადგენილება.


კანდიდატს ეძლევა ერთ თვიანი გამოსაცდელი ვადა. 
 

საკვალიფიკაციო მოთხოვნებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები იხილეთ აქ.

კონკურსანმა ასევე უნდა იცოდეს საოფისე პროგრამები და ინგლისური ენა კარგად.

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

I – აპლიკაციების შეფასება/გადარჩევა

II – ტესტირება: 
ა) ტესტირება – ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ საკანონმდებლო აქტებში
ბ) ტესტირება – ინგლისური ენაში
გ) კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნის შესამოწმებელი პრაქტიკული დავალება

 

 

 

აჭარის მთის სამზარეულო

ზაფხულობით აჭარის მაღალმთიანეთში საზაფხულო საძოვრებზე წასული ქალები ყოველ დილით ახლადმოწველილ რძეს სეფერატორში – რძისგან ნაღების გამოსაცალკევებელ აპარატში ატარებენ. ნაღებს, რომელსაც აჭარაში კაიმაღს ეძახიან, სპეციალურ ჭურჭელში ათავსებენ. კაიმაღისგან ქალები ამზადებენ იაღს – იმავე ერბოს. სწორედ იაღია ის მთავარი ინგრედიენტი, რომლის გარეშეც ტრადიციული აჭარული კერძის მომზადება შეუძლებელია.
საუზმე მთაში

ბორანო, სინორი, ყურუთი, ფხალლობიო, ჰასუთა, ხავიწი – ეს იმ კერძების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც აჭარის რეგიონისთვისაა დამახასიათებელი. თითოეული კერძის ისტორია რამდენიმე საუკუნეს ითვლის და დღემდე თითქმის ყოველდღიურად მზადდება ოჯახებში. დილა მთაში შეიძლება დაიწყოთ ჩაით და დაწნული ყველით, ჰასუთასთან და ბორანოსთან ერთად. შუადღეს შეგიძლიათ მიირთვათ ხავიწი და კაიმაღი, ხოლო ვახშმად – ყურუთი, სინორი ან ბორანო.
ბორანო აჭარული სამზარეულოს გამორჩეული კერძია. მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს და ხშირად მისი მომზადების წესიც განსხვავებულია. ბორანოს მომზადების რეცეპტი ზემო აჭარაში, ღორჯომის თემში, სოფელ გორგაძეებში მცხოვრებმა მაყვალა ირემაძემ გაგვიზიარა.

ღორჯომში ბორანოს „ბორას“ ეძახიან და მას სხვადასხვაგვარად ამზადებენ. არსებობს კვერცხი-ბორა, კარტოფილი-ბორა და იაღი-ბორა.

„იაღი ბორა მზადდება ასე: დავწვავთ იაღს (მთაში დამზადებული კარაქი, ერბო), წინასწარ გვექნება გამზადებული დაწნული ყველი დაჭრილი, გამდნარ იაღში ჩავყრით ამ ყველს და ცოტახანს გავაჩერებთ ღუმელზე“, – გვიყვება მაყვალა. კარტოფილის ბორას მომზადების პროცესიც ანალოგიურია. წინასწარ მოხარშულ კარტოფილს და დაჭრილ ყველს აწყობენ გამდნარ იაღში, ცოტახანს ღუმელზე აჩერებენ და კარტოფილის ბორანოც მზადაა.

კიდევ ერთი განსაკუთრებული კერძი, რომელსაც აჭარაში ამზადებენ, არის სინორი. სინორი მზადდება ნადუღისა და საფუარის გარეშე გამომცხვარი პურის თხელი ფენებისგან.

„მოვზელთ პურის ფქვილს, გავიყვანთ თხელ ფენებად და გამოვაცხობთ ამ თხელ ფენებს, მერე დავახვევთ და დავჭრით. დავასხამთ ნადუღს და წამოვადუღებთ ღუმელზე. თუ გინდა, რომ სინორი ტკბილი გამოვიდეს, მაშინ შაქარი უნდა დაამატო“, –  გვიყვება ღორჯომში მცხოვრები აიშე ირემაძე. სინორის დასამზადებელი სპეციალურად გამომცხვარი ფენების შეძენა, მაგალითად, ბათუმში, ბაზარსა და სუპერმარკეტებშიც არის შესაძლებელი.

ყურუთი აჭარული სამზარეულოს ნამდვილი დელიკატესია. მის დასამზადებლად საკმაოდ დიდი დრო და შრომაა საჭირო. მაყვალა ირემაძე გვიყვება, თუ როგორ მზადდება ყურუთი.

„ყურუთის გასაკეთებლად საჭიროა ნადუღი. ჩავწურავთ ნადუღს, გავაკეთებთ ქაქიას. ქაქია კეთდება რძისა და მჭადის ფქვილისგან. დავასხამთ ამ ქაქიას ნადუღს და მოვზელთ. შემდეგ კაიმაღს დავამატებთ. მასა უნდა იყოს ხასი, ანუ ელასტიური. გავაკეთებთ პატარა მრგვალ ბურთებს. ამ ბურთებს სინზე ან „ჟარონაზე“ დავაწყობთ და გავფენთ მზეზე გამოსაშრობად. დაახლოებით ერთი თვე სჭირდება ყურუთის გამოშრობას. როცა გამოშრება, მერე შევწვავთ და მივირთმევთ“, – ამბობს მაყვალა.

ქალბატონმა მაყვალამ კიდევ რამდენიმე აჭარული კერძის რეცეპტი გაგვიზიარა. აი, როგორ მზადდება ისინი:

ხავიწი – „ხავიწი კეთდება კაიმაღით. დავდგამთ ფეჩზე კაიმაღს, რომ ადუღდება, ჩავყრით მჭადის ფქვილს, მერე დავასხამთ წყალს, ვადუღებთ ღუმელზე მანამ, სანამ არ გასქელდება. მივიღებთ თეთრ მასას და მივირთმევთ“.
ფხალლობიო – „მოვხარშავთ ლობიოს ცალკე, ფხალს – ცალკე. რომ მოიხარშება, იმას ნიგოზსა და ნიორში შევკაზმავთ. ერთმანეთში ავურევთ მარილით. გამოვა ფხალლობიო. ადვილი გასაკეთებელია“.

იაღლიპური და იაღლიმჭადი: „გავცრით მჭადის ფქვილს, დავასხამთ კაიმაღს, ხასი (ელასტიური) რომ იყოს, ჩავაკრავთ კვერებად და ნელ ცეცხლზე გამოვაცხობთ. ასევე კეთდება იაღის პურიც.

ქალაჯო – „დავწვათ იაღს, ჩავასხამთ ნადუღს და ჩავაყრით ნიორს. ცოტა წყალს დავასხამთ. გამომცხვარი მჭადი გვექნება გამზადებული, წვრილ-წვრილად დატეხილი, ის რომ ადუღდება, იმ დამტვრეულ მჭადს ჩავყრით. რომ ადუღდება და ცოტა შესქელდება, გადმოვდგამთ. ძალიან გემრიელი კერძია“.

დოშორვა –  „დავწვავთ იაღს, მოვხრაკავთ ხახვს, ჩავაყრით მჭადის ფქვილს, ჩავასხამთ დოს, ვაშუშებთ. მარილსაც დავაყრით და რომ მომზადდება, მივირთმევთ“.

იაღს, რომელიც აჭარული სამზარეულოს განუყრელი ნაწილია, ძირითადად ზაფხულობით, მთაში ამზადებენ. იაღის დამზადების პროცესს მაყვალა ირემაძე ასე აღწერს:

იაღი

„იაღი მზადდება რძისგან. ახლადმოწველილ რძეს სეპარატორში გავატარებთ, კაიმაღი ცალკე გადადინდება, რძე – ცალკე. კაიმაღი არის იგივე იაღი. კაიმაღი რომ გამოდის, ავათავებთ ასე 40 კილოს, ის დამჭადდება, მაგრად დასქელდება. ამის მერე გრილ ამინდში ჩავასხამთ გობებში და მოვურევთ ხელით. კაიმაღი გაიგდებს წურუქს, ასე ვუწოდებთ. იაღი დარჩება ყვითლად. დავაგუნდავებთ ამ იაღს და ცივ წყალში გავრეცხავთ. ერთი ოცჯერ მაინც უნდა გაირეცხოს ცივ წყალში, რომ კარგი იყოს. მერე დავამარილებთ, ჩავდებთ ქვაბში და შევინახავთ.“

იმის გამო, რომ მთის კერძები, ძირითადად კარაქზე მზადდება, საკმაოდ მსუყეა. მსუყეა ტკბილეულიც, რომელსაც მთაში, სახლებში ამზადებენ.

ჰასუთა ერთგვარი დესერტია, რომელსაც აჭარაში ასევე აჭარული სამზარეულოს ღირსეული წევრია.

„ჰასუთას მომზადებას სულ რაღაც 15 წუთი სჭირდება. გავადნობთ ერბოს, მერე ჩავყრით მჭადის ფქვილს, ვაცდით მანამ, სანამ ცოტა არ გაწითლდება. მერე დავასხამთ ადუღებულ წყალს, ამის შემდეგ შაქარს მოვაყრით, გამოვაშუშებთ და მორჩა, ჰასუთა მზადაა“, – გვაცნობს ტკბილეულის დამზადების რეცეპტს აიშე ირემაძე.

კიდევ ერთი ნუგბარი ყაისაფაა, რომელიც ვაშლისგან მზადდება. აი, როგორია ყაისაფას დამზადების აიშე ირემაძისეული რეცეპტი:

აიშე ირემაძე

„ვაშლს მოვკრეფთ, მოვხარშავთ, გავხეხავთ, ჟარონებზე დავასხამთ თხლად. ხუთი დღე სჭირდება, მზიანი დარი რომ გახმეს და მივიღოთ ტყლაპი. შემდეგ ავაძრობთ ამ ტყლაპს, წვრილ ნაფლეთებად დავფლეთთ. მოვათავსებთ ჭურჭელში, დავასხამთ წყალს და ავადუღებთ. დავაყრით შაქარს, მოვხარშავთ მაგრად, დავაყრით ნიგოზს, დავწვავთ იაღს, კარგად რომ დაიწვება, იმას დავასხამთ და უგემრიელესი საჭმელი გამოდის“.

ბეთმეზიც აჭარული ნუგბარია. მზადდება მსხლისგან. მწიფე მსხალს ჩახეხავდნენ სპეციალურ ჭურჭელში. შემდეგ გამოაცლიდნენ წვენს, ამ წვენს ჩაასხამდნენ სპილენძის ჭურჭელში და ადუღებენ მანამ, სანამ თაფლივით სქელი არ გახდებოდა. გაცივების შემდეგ კი მიირთმევდნენ.

მაყვალა ირემაძე

აჭარაში გავრცელებულ ტკბილეულებს შორის სუფრის მშვენება არის ბაქლავა. ბაქლავას დიდი რაოდენობით ქორწილის დროს ამზადებენ ე.წ. სადილისთვის. სადილი აჭარისთვის დამახასიათებელი ძველი ტრადიციაა. როცა გოგო გათხოვდებოდა, გოგოს ნათესავები მიდიოდნენ ახალდაქორწინებულების ოჯახში და მიჰქონდათ ბაქლავითა და შაქარლამით სავსე კალათები. ამას გარდა ნათესავები გოგოს ჩუქნიდნენ ფულს ან სამკაულს. დღეს ეს ტრადიცია შეიცვალა და სადილი, ძირითადად, ქორწილებში მიაქვთ.

ბაქლავა მზადდება შემდეგნაირად: კვერცხსა და შაქარს კარგად ათქვეფენ, დაამატებენ 7 ჭიქა პურის ფქვილს, მიღებულ მასას ერთ საათს გააჩერებენ.

ამის შემდეგ მზა მასას 35 ნაწილად დაყოფენ, რომელიც ცომის გასაყვანი ჯოხით (ზემო აჭარაში იუხის ჩხირს ეძახიან) თხელ ფენებად გაჰყავთ. ფენა რამდენადაც სიფრიფანა იქნება, ბაქლავა იმდენად ნაზი და გემრიელი გამოვა.

სინზე, რომელზეც ბაქლავა უნდა გამოცხვეს, უსვამენ ცხიმს, აფენენ პირველ ფენას, უსვამენ ცხიმს და ასე გრძელდება ბოლო ფენის დადებამდე. ხუთ ადგილას აყრიან წინასწარ მომზადებულ შაქარსა და ნიგოზს. ნახევარი კილოგრამი ნიგოზი და ამდენივე შაქარია საჭირო ერთი ტაბლა ბაქლავისთვის. მას შემდეგ, რაც ბოლო ფენას დადებენ, დაჭრიან რომბისებურად. თავზე მოასხამენ კარაქს და დგამენ ღუმელში შესაწვავად. ოცი ნაჭერი ბაქლავის დასამზადებლად საჭიროა 250 გრამი ცხიმი, 2 ცალი კვერცხი, 0,5 ლიტრი თბილი წყალი, 1 კილოგრამი შაქარი და ნახევარი კილოგრამი ნიგოზი.

კიდევ ერთი ტკბილეული, რომელიც აჭარული სამზარეულოს განუყრელი ნაწილია არის შაქარლამა. შაქარლამა შაქრის, ფქვილისა და კარაქისგან მზადდება.

ადნობენ 1 კილოგრამ კარაქს, ჩაყრიან გამდნარ კარაქში 1 კილოგრამ შაქარს და მანამდე თქვეფენ, სანამ მასა არ გათეთრდება. ათქვეფილ კარაქსა და შაქარში ჩაყრიან 2 კილოგრამ პურის ან ბრინჯის ფქვილს და ზელენ. მას შემდეგ რაც შაქრის, კარაქისა და ფქვილის მასა მზად იქნება, მას პატარა ბურთების ფორმას აძლევენ და შემდეგ ამ ბურთებს ხალავენ.

მიხეილ ალავიძე – ბათუმის ”დინამოსა” და ეროვნული ნაკრების მეკარე

მიხეილ, როგორ მოხვდით ფეხბურთში?


ფეხბურთზე მშობლებმა მიმიყვანეს ექვსი წლის ასაკში. პირველი გუნდი, სადაც ვითამაშე, იყო „შევარდენი“, პირველი მწვრთნელი კი – გოგი ქავთარაძე. ამის მერე იყო „ნორჩი დინამოელი“ გელა გომელაურთან, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში. მერე „ოლიმპის სკოლაში“ გავაგრძელე თამაში, სადაც ზორბეგ ებრალიძე წვრთნიდა გუნდს. ”ოლიმპის სკოლიდან” თბილისის „თბილისში“ გადავედი, მაშინ 19 წლის ვიყავი. თბილისის ”თბილისი” მალე დაიშალა და „ოლიმპი~ გადაკეთდა `რუსთავად“. 2006-2007 წლებში ჩემპიონები გავხვდით.
”ოლიმპის” მერე იყო თბილისის „ლოკომოტივი“.მერე აზერბაიჯანში წავედი ბაქოს „სტანდარტში“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახლანდელი მწვრთნელი კახა ცხადაძე წვრთნიდა. 2008-2009 წლის სეზონი იქ დავრჩი და ისევ „ოლიმპში“ დავბრუნდი.
„ოლიმპის“ მერე წავედი უზბეკეთში „შურტანში“, სადაც ორი წელი ვიყავი. მალე იქ ლეგიონელი მეკარის ლიმიტი აიკრძალა და საქართველოში დავბრუნდი.
„შურტანიდან“ რომ წამოვედი 2012 წელს, პატარა ტრავმა მქონდა. ჩამოვედი და დამიკავშირდა ბათუმის „დინამო“.

„დინამოში“ მეორეჯერ დაბრუნდით, რა სხვაობაა 2012 წლისა და დღევანდელ „დინამოს“ შორის?


მაშინაც კარგი გუნდი ვიყავით, თუმცა მაშინ სხვა მიზანი გვქონდა – უმაღლეს ლიგაში გადასვლა და მივაღწიეთ კიდეც. მაშინაც იმავე პირობებში ვიყავით – არც ბაზა გვქონდა, არც – სტადიონი. თუმცა ბოლო წლებში უფრო მეტი გამოცდილი ფეხბურთელი დაგვემატა გუნდში, რამაც ჩვენი ძალები გაზარდა.

მიხეილ ალავიძე | ბათუმის დინამო 2-1 ლანჩხუთის გურია | 25 აპრილი 2015

მიმდინარე სეზონს როგორ შეაფასებთ, რომელი იყო თქვენთვის გამორჩეული მატჩი?


არავინ ელოდა ჩვენს ასეთ წარმატებულ გამოსვლას, ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე ვართ ახლა, თუმცა ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ყველაზე კარგი მატჩი შემიძლია გამოვარჩიო „სამტრედიის“ წინააღმდეგ 4:1 რომ მოვიგეთ (თასის გათამაშება 1/8 ფინალი, 17 ნოემბერი, 2014 წელი). სამწუხაროდ გასვლითი მატში წავაგეთ და ვერ გავედით თასზე, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ეგ თამაში იყო ჩემთვის. კიდევ ბევრი კარგი თამაში გვქონია, მაგალითად, გასვლითი თამაში თბილისის „დინამოსთან“, სახლში შეხვედრა გორის „დილასთან“.

როგორია დინამოს შიდა სამზარეულო, რა შრომის ფასად გიჯდებათ წარმატების მოპოვება?

ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ძალიან მეგობრული გუნდი ვართ. თუ გუნდში მეგობრული სიტუაცია არ არის, იქ რამის გაკეთება ძნელია!

თქვენ იბრძვით უმაღლესი ლიგისთვის, წელს კი ეროვნული ინტერესების დასაცავადაც გამოგიძახეს… რამდენად მზად იყავით ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, ელოდით კახა ცხადაძისგან ამ გადაწყვეტილებას?

ასაკობრივი ნაკრების გამოკლებით, ეროვნულ ნაკრებში არ ვყოფილვარ და ეს პირველი გამოძახება იყო. მართალი გითხრათ, ველოდებოდი და უეჭველი მეგონა – ასე ნამდვილად არ იყო. ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ძალიან გამიხარდა – ეროვნულ ნაკრებში თამაში მეტი პასუხისმგებლობაა.

როგორ შეაფასებთ კახა ცხადაძის სამწვრთნელო საქმიანობას?

კახა ცხადაძეს, როგორც მწვრთნელს, ვიცნობ ბაქოს „სტანდარტიდან“. იმის მერე ძალიან გამოცვლილია, უფრო ჩამოყალიბებული ხედვა აქვს. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.

შემდეგში როგორ ხედავთ თქვენს კარიერას – დარჩებით ბათუმის „დინამოში“, თუ დაბრუნდებით თბილისში?


 მაგაზე არ მიფიქრია. ეს მომავლის საქმეა.

ხანძრისგან დაზარალებულ ოჯახს 5 ათასი ლარით დაეხმარებიან

 

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურში, ხვიჩა შაინიძის სახლს ცეცხლი 27 მარტს ღამის 11 საათზე გაუჩნდა. მამამ სამივე მცირეწლოვანი შვილის გამოყვანა მოახერხა, მაგრამ სახლი მთლიანად გადაიწვა.

 

ხვიჩა შაინიძის ოჯახი, სახლის დაწვის შემდეგ მეზობელთან ცხოვრობდა.

 

 

რა ხეხილის დაზღვევა შეუძლია ფერმერს

 

სოფელი აჭარაში
სოფელი აჭარაში

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო მეორე წელია რაც აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამას ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გასული წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა და წელსაც გრძელდება. პროგრამის დასაფინანსებლად 2015 წელს სახელმწიფომ 10 მილიონი ლარი გამოყო. ფერმერების მოსავალს ექვსი სადაზღვევო კომპანია დააზღვევს.

 

პროგრამის მენეჯერი ლევან მაღრაძე ამბობს, რომ აგროდაზღვევა სასოფლო-სამეურნეო კულტურების 38 სახეობაზე გავრცელდება და ეს კულტურები ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით შეარჩიეს. აგროდაზღვევისთვის საჭირო თანხა კი ქვეყნის ბაზარზე შესაძლო მოთხოვნებიდან გამომდინარე დათვალეს.
„ყურადღება ისეთ კულტურებზე გავამახვილეთ, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული და მოსახლეობის შემოსავლის წყაროა. სახელმწიფო დაზღვევის 60%-ს გადაიხდის, 40% კი ფერმერმა უნდა გადაიხადოს. წელს სადაზღვევო კომპანია შეწყვეტს აგროდაზღვევას, როგორც კი ბიუჯეტი ამოიწურება, თუმცა ჩვენი გათვლებით, 10 მილიონი ლარი საკმარისია სადაზღვევო პერიოდის ამოწურვამდე, 10 დეკემბრამდე“, – ამბობს ლევან მაღრაძე.

 

აგროდაზღვევით სარგებლობა ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში ხუთ ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აქვს. 5 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთს სახელმწიფო არ დააზღვევს, გარდა ხორბლის შემთხვევისა, რომლის დაზღვევა 15 ჰექტრამდე ნაკვეთზე ვრცელდება.

 

„ფართობზე შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ რეგისტრირებულ კოოპერატივს. თუმცა, სადაზღვევო კომპანია დაზარალებულ კოოპერატივს ზარალს მხოლოდ 50 000 ლარამდე აუნაზღაურებს“, – განმარტავს პროგრამის მენეჯერი.
დაინტერესებულ ფერმერსა თუ სასოფლო-სამეურნო კოოპერატივს შეუძლია ხუთი სადაზღვევო კომპანიიდან მისთვის სასურველი აირჩიოს. ზარალის შემთხვევაში ნებისმიერი სადაზღვევო კომპანია ვალდებულია დაზღვეულ ფერმერს ზარალის 90% აუნაზღაუროს. ფერმერს მოსავლის ზარალი იმ შემთხვევაში აუნაზღაურდება, თუ სეტყვით, ჭარბი ნალექით, ქარიშხლითა და საშემოდგომო ყინვით (ციტრუსების შემთხვევაში) იქნება გამოწვეული. ზარალი არ აუნაზღაურდება ფერმერს, თუ ზარალის ოდენობა 10%-ს არ გადააჭარბებს და ზიანი მწერებითა ან დაგვიანებული მწიფობით იქნება გამოწვეული.

 

ლევან მაღრაძის თქმით, სადაზღვევო პროგრამით გათვალისწინებული 38 კულტურიდან ამ ეტაპზე ყველა კულტურა დაეზღვევა გარდა ციტრუსისა, სადაზღვევო კომპანიები ციტრუსის ბაღებს მაისის ბოლოს დააზღვევენ.
ზარალის შემთხვევაში კომპანია წინასწარ განსაზღვრული ფასით უანგარიშებს ბენეფიციარს ზარალის ოდენობას, მაგრამ თუ სასოფლო-სამეურნეო კულტურების სარეალიზაციო ფასი გაიზრდება, ზარალის ანაზღაურებაზე არსებული სარეალიზაციო ფასი გავლენას ვერ მოახდენს.

 

სახელმწიფო პროგრამით 1 კილოგრამი ხორბალი, სიმინდი, ბადრიჯანი, წიწაკა, ჭარხალი, კიტრი და ხახვი 50 თეთრად არის შეფასებული; ზარალის შემთხვევაში კომბოსტოსა და საზამთროს მწარმოებელი ფერმერები მიიღებენ – 0,25 და 0,3 ლარს. მოცვი – 3,5 ლარად, კაკალი – 4 ლარად, თხილი – 3 ლარადაა შეფასებული. ანუ თუ მაგალითად, გლეხი მოინდომებს 100 კილოგრამი ნიგვზის დაზღვევას, წელიწადში 160 ლარის გადახდა მოუწევს პირადად მას, ხოლო 240 ლარს – სახელმწიფო გადაიხდის. იგივე პრინციპით – თუ დააზღვევს 100 კილოგრამ კიტრს, 30 ლარს სახელმწიფო გადაიხდის, ხოლო 20 ლარი თავად გლეხმა უნდა გადაიხადოს.

 

ლევან მაღრაძე ამბობს, რომ ბენეფიციარმა დაზღვეული მოსავლის მთლიანი ღირებულების 40% უნდა გადაიხადოს წლიურად. გადახდის ინტენსივობა კი სადაზღვევო კომპანიების პირობებზეა დამოკიდებული.
„ზარალი დაითვლება სტანდარტის მიხედვით. ზარალის დროს ბენეფიციარმა 24 საათის განმავლობაში უნდა შეატყობინოს კომპანიას, რომელმაც ადგილზე უნდა შეიწავლოს და შეაფასოს ზარალი“, – ამბობს ლევან მაღრაძე.
მისი თქმით, გასულ წელს სახელმწიფომ დაზღვევის 93% დაფარა, წელს კი სახელმწიფოს თანამონაწილეობა აგროდაზღვევაში დაბალია. პროგრამის მენეჯერის განმარტებით, ამ მიდგომით სახელმწიფო მომხმარებელს აგროდაზღვევას აჩვევს.

 

„თავიდან იყო გათვლილი, რომ სახელმწიფო თანადაფინანსებიდან ეტაპობრივად გამოვიდოდა. შარშან დაზღვევის 93% დავაფინანსეთ, რაც აგროდაზღვევის სფეროში არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა, წელს კი, სახელმწიფოს წილი 60%-ია.“
ლევან მაღრაძის თქმით, გასულ წელს დაზღვეულთა დაახლოებით 17% აჭარაზე მოდიოდა, აქ მოსახლეობამ ძირითადად ვაზი და ციტრუსი დააზღვია.

 

ფერმერები, რომელებმაც დაზღვევით ისარგებლეს, სადაზღვევო კომპანიების მუშაობით მეტ-ნაკლებად კმაყოფილნი არიან.
„7 500 მეტრ მიწის ნაკვეთზე ციტრუსის ბაღი მაქვს გაშენებული და ორი წელია ვაზღვევ. წელს რომელ კომპანიაში დავაზღვევ, ჯერ არ გადამიწყვეტია. 15 ტონა მოსავალი მომყავს, თუმცა გასულ წელს 8 ტონა დამიზღვიეს. როცა ზარალდები, გეუბნებიან რაც მოკრიფე, მხოლოდ ესაა დაზღვეული, რაც არა – დაუზღვეველიაო. ზარალის 36% ამინაზღაურეს, შეიძლება მეტიც მქონდა ზარალი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ – თუ მთელი მოსავლის ზარალს ვნახავ, სადაზღვევო კომპანია მისი მოყვანის საფასურს მაინც ამინაზღაურებს“, – ამბობს მურად მალაყმაძე.

 

ომარ მიქელაძე წელს კივის დაზღვევასაც გეგმავს: „შარშან მხოლოდ მანდარინი დამიზღვიეს, წელს თუ კივსაც დააზღვევენ, უნდა დავაზღვიო. მე კმაყოფილი ვარ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ზარალი არ აუნაზღაურეს“, – ამბობს ფერმერი.
დააზღვევს თუ არა სახელწიფო ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მეფუტკრეობა და საკალმახე მეურნეობა? ლევან მაღრაძის თქმით, ეს პერსპექტივაში განიხილება:

 

„რთული პროდუქტია აგროდაზღვევა და, შესაბამისად, არ გავდივართ დიდ მასშტაბებზე, ვაზღვევთ მხოლოდ მოსავალს, ვინაიდან ამ კუთხით მუშაობის უფრო დიდი გამოცდილება აქვს სადაზღვევო კომპანიებს, ვიდრე მსხვილფეხა საქონლის თუ საკალმახე მეურნეობის დაზღვევის, თუმცა ვაპირებთ 2016 წელს გამართული იყოს აგროდაზღვევა, უფრო ბევრ სფეროს მოიცავდეს“. 

ქალების ხმა ლიტერატურაში – ინტერვიუ ლია ლიქოკელთან

 

 

ლია ლიქოკელი
ლია ლიქოკელი

ლია, რამდენად აინტერესებს ქალი ავტორი საზოგადოებას ჩვენს კულტურაში, რომელიც საკმაოდ პატრიარქალურია? და ზოგადად, რა სტერეოტიპები არსებობს მწერალი ქალების მიმართ, თქვენ თუ გიგრძვნიათ ეს საკუთარ თავზე?

 

 ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპები და ჯერ კიდევ არ არის ქალი ავტორი გათანაბრებული კაც ავტორთან, ასე მგონია. თუმცა დღეს უკეთესი სიტუაცია გვაქვს, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ იყო. შეიძლება მიზეზი იყოს ის, რომ ქალებმა აქტიურად დაიწყეს წერა და გამოჩნდნენ ძლიერი ქალი ავტორები. 

საკმაოდ არასერიოზულად აღიქმებოდა დიდი ხნის განმავლობაში ქალი ავტორების ტექსტები არა იმის გამო, რომ არის ნაკლებად ოსტატურად დაწერილი ან ნაკლებად მნიშვნელოვანი და საინტერესო, უფრო იმის გამო, თუ რაზე წერენ ქალები. ის თემები, რაზეც ქალები წერდნენ, რაღაცნაირად ნაკლებ ღირებულად მიიჩნეოდა თითქოს. ვიცით შემთხვევები, როდესაც ქალი ავტორები იბეჭდებოდნენ ფსევდონიმებით. ეს ძალიან მაბრაზებს. იცი რა, შენ ქალი ხარ და ამიტომ შენს წიგნს არავინ წაიკითხავს, არავინ იყიდის, სერიოზულად შეიძლება არ აღგიქვან და მოდი, ფსევდონიმით დავბეჭდოთ, მამაკაცის სახელით მაგალითად. ნატო დავითაშვილი არის ამის მაგალითი ჩემთვის, მისი პირველი წიგნი ფსევდონიმით დაიბეჭდა. „თან ფენტეზის წერ, თან ქალი ხარ, მოდი არ გინდა…“ „შენ ისე წერ, კაცივით, არ ეტყობა ქალის დაწერილი“, – ეს ითვლება დიდ ქათინაურად.

 

 გამოდის, რომ „ღირსებად“ მიიჩნევა, თუ ნაწარმოებს სქესი არ ეტყობა. რატომ? ჩვენი კულტურა ქალის გრძნობებს თვალს არიდებს?

 

დიახ, შეიძლება ითქვას თვალს არიდებს. ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მიჩვეული ვართ ამას. მე სადაც გავიზარდე, ასეთი სიტუაცია ხშირად იყო, „ქალის საქმე არ არის“, „ქალის ენა გაერია“ – იტყვიან ამბავზე. „შენ არ ილაპარაკო“, „შენ ვინ გეკითხება“ – ეს ოჯახურ საკითხებზე. აქაც ასეა, თითქოს მონოპოლია აქვს მამაკაცებს, რომ მათი კუთხიდან დანახული და მათ მიერ აღქმული სამყარო უფრო ლეგიტიმურია, ვიდრე ის, რასაც ქალი დაინახავს.

 

მომისმენია, რომ ქალს ყოველთვის ხელს უშლის გრძნობები, არამარტო ლიტერატურასთან დაკავშირებით. სენტიმენტალიზმი გასაგებია, რაც შეეხება მგრძნობიარობას, მე ვერ წარმომიდგენია ეს ნაკლი და დანაშაული იყოს.
მე ნაკლებად მიყვარს სტერილური პოეზია. რაღაც მძაფრი თუ არ მხვდება, ნაკლებად ვკითხულობ ასეთ პოეზიას. ქალები საკმაოდ თამამები არიან ამ მიმართულებით, უფრო რისკავენ თავისუფლად ილაპარაკონ გრძნობებზე და ნაკლებად ეშინიათ, რომ გამოჩნდებიან სენტიმენტალურები ან სუსტები.

 

 თუმცა ქალი ავტორების მიმართ ამ მიმართულებით კრიტიკა უფრო ნაკლებად გვესმის, თუკი ეს ეხება პატრიოტული თემატიკის ლექსებს…

 

 ქალებს რომ წამოეწყოთ პატრიოტულ თემებზე საუბარი, დღეს ალბათ ასე პოპულარული არ იქნებოდა. რაღაც პრივილეგიები მანდაც ჩანს. არიან ქალი ავტორები, რომლებიც ამ გზით ეწერებოდნენ ხოლმე მთავარ ლიტერატურულ დინებაში და უფრო სერიოზულად აღიქვამდა მკითხველი.

 

„არ არის შენი საქმე წერა“, – ასეთი რამ თუ უთქვამთ?

 

 მომიკრავს ყური, თუმცა პირადად არ უთქვამთ.

 

 რაც შეეხება კრიტიკას. გვხვდება ირიბი მინიშნებები, რომ აი, ქალურობაზე ასეთი ხაზგასმა არ ღირს. შეგინიშნავთ ეს? 

 

 კი, შემიმჩნევია. მე მგონია, რომ როცა რაღაც იწერება კონკრეტული ფორმით, როცა ავტორი ხაზს უსვამს თავის სქესს, ამას იმიტომ აკეთებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენ თუ დავიწყებთ დარეგულირებას გარედან, რაზე შეიძლება წერა, როგორი ფორმით შეიძლება წერა, როგორ გრძნობებზე შეიძლება წერა, რომელი კუთხით შეიძლება აღვიქვათ გარემო და როგორ მივაწოდოთ მკითხველს, ეს იქნება სასაცილო და ხელოვნური. მე თუ ვყვები იმაზე, რაზეც ვყვები, ეს მჭირდება და ამიტომ ვლაპარაკობ. მე კრიტიკა არ მიყვარს საერთოდ. არ ვგულისხმობ იმას, რომ არ მიყვარს, როცა მაკრიტიკებენ. სულ მგონია, რომ ხანდახან ზედმეტი იმიტომ მოსდის კრიტიკას, როცა გარედან ცდილობს ჩაერიოს იმაში, რაც არ არის მაინცადამაინც კონტროლირებადი.

 

ჩემზეც მომისმენია ეს. ყოფილა შემთხვევა, კონკურსებზე, მაგალითად, სადაც ანონიმურად იდო ხოლმე ტექსტები, ძალიან გამთათხეს იმის გამო, რომ „რა არის ეს ქალურობა და გოგოობის სულში შემოჩხერა“.

 

 თუმცა კაცურობის „შემოჩხერით“ გაღიზიანება იშვიათად გვხვდება…

 

 როგორაა იცით, თითქოს ის, რაც კაცური თემაა და მამაკაცების სამყაროა, არის ნამდვილი სამყარო. ქალი მუტანტად გამოიყურება იქ, სადაც სხვა კანონები არსებობს, განსაზღვრული და გაწერილი. ძირითადი ხაზია ის და ქალური ხაზი თითქოს გადახვევაა.

 

 ქალი ავტორების ტექსტები არც თუ ისე შორეულ წარსულში ღირებულ ტექსტებად იშვიათად მიიჩნეოდა, ასე იყო საქართველოში და არა მხოლოდ. თქვენი აზრით, ბოლო ხანს რა შეიცვალა? ისმის ქალების ხმა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში?

 

თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ნამდვილად ძლიერად ისმის ქალების ხმა და არაფრით არ ჩამოუვარდება მამაკაცების ხმას. ჩემი რჩეული პოეტები დღეს არიან ქალები. მართლა მოიცალეს ქალებმა და უფრო აქტიურად დაიწყეს წერა, გარეთ გამოსვლა, ლაპარაკი. ახლა უფრო ადვილია. ლიტერატურაში თუ მოხდება ცვლილება, შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს, მაგრამ ზოგადად, რადგან ეს თემა ძალიან აქტიური ხდება, ეს ძვრა ნამდვილად არის და ეს ლიტერატურაზეც გადადის. დღეს ისეთი საშიში აღარ არის, რადგან ქალი ხარ – დღეს ამის გამო ასე პირდაპირ არავინ დაგჩაგრავს. თუმცა დაკვირვებული ვარ, პოეტებს უფრო პატიობენ და პროზაიკოს ქალებზე უფრო ქილიკობენ. პროზა ჯერ კიდევ კაცის საქმედ ითვლება. თითქოს მეტი ძალისხმევა სჭირდება, ნებისყოფა. 

 

 დღემდე ხშირად ხდება, რომ მწერლისა თუ პოეტის წარდგენისას, თუ ქალია ავტორი, ხაზს უსვამენ: მწერალი ქალი, პოეტი ქალი, ან თუნდაც რეჟისორი ქალი… ეს გაღიზიანებთ?

 

მე არ მაღიზიანებს. სასაცილოდ მეჩვენება, ირონიით ვარ განწყობილი ამის მიმართ. შეიძლება ისიც მოქმედებს, რომ ძალიან თავდაჯერებული ვარ მაგ მიმართულებით და ვიცი, რომ ქალი პოეტი – ეს არ მაკნინებს და ეჭვიც არ მეპარება, რომ ასეთი მიდგომა სისულელე და სასაცილოა.

შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში
შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში

როცა პაციენტი ექიმს კვლავაც იძულებით ელოდება

 

შუახევის სოფლიდან მშობიარეს ხულოში გადაყვანის ისტორია


შუახევის რეფერალური საავადმყოფო
შუახევის რეფერალური საავადმყოფო

აჭარის სამ მუნიციპალიტეტში –  ქედაში, ხულოსა და შუახევში, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს, თითო რეფერალური საავადმყოფო ფუნქციონირებს. 25 აპრილიდან ამ მუნიციპალიტეტებში, საავადმყოფოების მფლობელმა კორპორაცია „ევექსმა“ სტაციონარული მომსახურება შეწყვიტა. მოსახლეობა სოფლებში სწორედ ამის გასაპროტესტებლად ემზადებოდა, როდესაც 5 მაისს შუახევის საავადმყოფოში მიყვანილი დაჭრილი, 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები დღემდე დარწმუნებულნი არიან, რომ ქირურგის ყოფნის შემთხვევაში დაჭრილის გადარჩენა შეიძლებოდა. მათი თქმით, ქირურგი სწორედ 25 აპრილის შემდგომი ცვლილებების გამო აღარ ჰყავდა კლინიკას.

 

კორპორაცია „ევექსი“ არ იზიარებს გარდაცვალებასთან დაკავშირებულ მოსაზრებას. აქ ამბობენ, რომ ახალგაზრდას სიცოცხლისთვის შეუსაბამო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და გარდაცვალების რეალური მიზეზიც ეს იყო.
დაჭრილის გარდაცვალების მიზეზებს ჯერ კიდევ სწავლობს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს სპეციალური კომისია. ამ უწყებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ექსპერტიზის დასკვნები არ არის მზად, ამიტომ ვერავის ბრალეულობაზე ვერ ისაუბრებენ.

 

შეცვალა თუ არა რაიმე დათო დავითაძის გარდაცვალებამ აჭარის ხელისუფლებისა თუ „ევექსის“ მიდგომაში?


 აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კომპანია 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას აუცილებლად შეასრულებს. მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტობას. როგორც ჩანს, ამის მიღწევა ჯერ კიდევ არ არის ადვილი, რადგან „ბათუმელების“ ინფორმაციით, შაბათს, 10 მაისს, კვლავაც დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც შუახევის რეფერალურში გინეკოლოგი არ მორიგეობდა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ ამ კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმაც დაუდასტურა. 


„მშობიარე ჩამოიყვანეს სოფელ შუბნიდან, რომელიც დაბას 27 კილომეტრით არის დაშორებული. გინეკოლოგი ჩამოვიდა ხულოდან და პაციენტს შესთავაზე ხულოში გადაყვანა, მაგრამ ის ბათუმში წაიყვანეს. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, იმავე დროს ვინმეს რომ დასჭირვებოდა გინეკოლოგი ხულში ან შუახევში? არსებობს რისკი, რომ ასე სხვა ფატალური შედეგიც დაგვიდგეს“, – ამბობს ერთ-ერთი ექიმი, რომელიც ამ დრომდე მუშაობს შუახევის საავადმყოფოში, როგორც მორიგე-ექიმი. მას „ევექსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად აკრძალული აქვს კომენტარის გაკეთება, შესაბამისად, მის ვინაობას არ ვასახელებთ. 

 

ხულოს საავადმყოფოს გინეკოლოგის თამრიკო ბოლქვაძე ადასტურებს 10 მაისს შუახევში მის გამოძახებას: „სატელეფონო ზარი დაფიქსირდა დილის 8 საათზე. შუახევის მენეჯერმა მთხოვა ჩასვლა. იქ დამხვდა მშობიარე, რომელსაც ხულოში გადაყვანა შევთავაზე, რადგან ჯერ მშობიარობა მოსალოდნელი არ იყო და მე ამდენი ხნით ხულოს საავადმყოფოს ვერ მივატოვებდი, მაგრამ მშობიარის ოჯახმა პაციენტის ბათუმში გადაყვანა გადაწყვიტა“. თამრიკო ბოლქვაძე ადასტურებს, რომ იმ დროს შუახევის კლინიკაში მის გარდა სხვა გინეკოლოგი არ ყოფილა.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან გორგილაძის თქმით კი, „ევექსთან“ მიღწეული შეთანხმებით, შუახევში ყოველდღიურად უნდა მორიგეობდეს მეანი-გილოკოლოგი, ქირურგი და ანესთეზიოლოგი სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევებისთვის. „9 მაისს, ღამის საათებში, ვიყავი შუახევში, იყო რეანომობილი, იყო ანესთეზიოლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი. დღეს, დღის მეორე ნახევარში გადაამოწმებენ არსებულ სიტუაციას, რომელსაც მე მომაწვდიან და მე მივაწვდი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს. დღევანდელი (10 მაისის) სიტუაცია არ ვიცი, რადგან დღეს სერიოზული პრობლემით ვიყავი დაკავებული, ქობულეთის ხანძარს ვგულისხმობ“.


რა უჯდება „ევექსს“  ექიმები მთაში


შუახევის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი რომან ხიმშიაშვილია. ის „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ მისი მართვის ქვეში მყოფი კლინიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვერ ისაუბრებს. „დაუკავშირდით პრესცენტრს“, – ამ სიტყვებით გვემშვიდობება რომან ხიმშიაშვილი.

 

იმავეს ამბობს ქირურგი ტარიელ ბერიძეც, რომელიც მხოლოდ ერთი განმარტების გაკეთებაზე თანხმდება „ბათუმელებს“:  „მე ვცხოვრობ ბათუმში. იმ დღეს, როცა დაჭრილი პაციენტი შეიყვანეს შუახევის კლინიკაში, მე ვიყავი ბათუმში, ჩემს სახლში. მე ვარ ერთადერთი ქირურგი შუახევის საავადმყოფოში. მეტს ვერაფერს გეტყვით“.

 

კიდევ ერთი ექიმი, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა და ვის ვინაობასაც ასევე კონფიდენციალურად ვტოვებთ, ამბობს, რომ „შუახევის საავადმყოფოში ახლა არსებული მდგომარეობა საავადმყოფოს დახურვისკენ წასვლას ნიშნავს“: „კვირაში ერთ დღეს ვმორიგეობდი. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი არ მეყოლებოდა, მაშინ „ევექსი“ საათში 1.60 ლარს მიხდიდა, დღეში 30 ლარი, ანუ თვეში ოთხი მორიგეობა – 120 ლარი. თანხა იმ შემთხვევაში მემატებოდა, თუ დაზღვეული პაციენტი შემოვიდოდა. ჩემ მსგავსად 120 ლარს „ევექსი“ შვიდ ადამიანს უხდიდა“.

 

იმავე ექიმის თქმით, ის შუახევში კვირაში ერთხელ მხოლოდ იმიტომ მიდიოდა, რომ წარმოშობით იქაურია და როგორც ექიმი, „იქაურების“ წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს: „მართლა ხათრის გამო ვჩერდებოდით ექიმები, თორემ რომელი ჭკუათმყოფელი იმუშავებს 120 ლარზე. ბოლო დროს კი, სწორედ იმიტომ ვფიქრობდი წამოსვლაზე, რომ პასუხისმგებლობა მაწუხებდა, მაგალითად, მორიგეობის დროს, მთელი ღამის განმავლობაში ერთადერთი ექიმი ხარ დამხმარე პერსონალის გარეშე. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ექიმის მოვალეობას სათანადოდ ვერ შეასრულებ და ასე ცალკეულ შემთხვევაზე პასუხისგება ინდივიდუალურად მოგიწიოს“.

 

რამდენი ექიმი ჰყავს „ევექსს“ ქედაში? – ამ ტრადიციული კითხვით „ბათუმელებმა“ ქედის კლინიკის მენეჯერსაც მიმართა. კოლეგების მსგავსად ფრიდონ სირაბიძემაც პრესცენტრთან გადაგვამისამართა.

 

ერთადერთი მენეჯერი, ვინც საკუთარი ვინაობის დასახელებას დათანხმდა, ეს ხულოს საავადმყოფოს მთავარი ექიმი რუსლან აბულაძეა. მისი თქმით, ხულოში მთელი შემადგენლობა აღდგა, ანუ პრობლემა აღარ აქვთ: „კლინიკის წარმომადგენლებს გვქონდა შეხვედრა ხელმძღვანელებთან, სადაც ღიად დავაფიქსირე ჩემი აზრი და იმავეს გეტყვით თქვენც: მე ამ შეხვედრაზე ვუთხარი, რომ თუ ხულოში სამედიცინო მომსახურება დაიხურებოდა, მაშინ მე ჩემს მხარდამჭერ ექიმებთან ერთად წავიდოდი. ამან ეტყობა გავლენა მოახდინა. ახლა იმ რეჟიმში ვმუშაობთ, როგორც ადრე. ამბულატორია გვაქვს სრულად – გვყავს პედიატრი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოკულისტი და უროლოგი, რომელიც კვირაში ერთხელ ამოდის ბათუმიდან. სამდღიანი წყვეტა შეეხო ქირურგებს, გინეკოლოგებს, მეანებსა და ნევროპათოლოგს, სულ ექვს ექიმს – ორი ქირურგი გვყავს, სამი – გინეკოლოგი, ერთი – ნევროპათოლოგი“.

 

რამდენს ხარჯავს ერთ თვეში „ევექსი“ ამ ექვსი ექიმის შესანარჩუნებლად? – რუსლან აბულაძე ამბობს, რომ „ქირურგი საშუალოდ 700-800 ლარს იღებს, გინეკოლოგი – 500 ლარს, ნევროპათოლოგი – 500-400 ლარს. ეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ეყოლებათ“.

 

რუსლან აბულაძის ინფორმაციით, ხულოს საავადმყოფოში ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის გინეკოლოგებსა და ქირურგებზე. „ყველაზე მეტი დატვირთვა გვაქვს სამშობიარო ხაზით და ქირურგიაში, პედიატრია და თერაპია -უფრო ნაკლებად. თვეში საშუალოდ 18-20 მშობიარე გვყავს, წლის განმავლობაში 335-340 მშობიარე გამოდის“.
რუსლან აბულაძის ინფორმაციით, „ევექსს“ მთელ საქართველოში მათი კლინიკის ტიპის 8 კლინიკა აქვს და მხოლოდ ხულოში, ტყიბულსა და ახმეტაში რჩებოდა საავადმყოფო იმ ფორმით, რა ფორმითაც ადრე არსებობდა. „იმავე შეხვედრაზე მე ვთქვი, რომ ქედას და შუახევსაც აქვს ისეთი სოფლები, რომლებიც ხულოს მსგავსად, დაბიდან 30-40 კილომეტრით არის დაშორებული. ჩემი აზრით, ამ სიშორიდან როცა რაიონულ ცენტრში მიდის პაციენტი, იმან გარკვეული მომსახურება უნდა მიიღოს-მეთქი“.

 

რუსლან აბულაძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, მისი აზრით რა როლი იქონია დათო დავითაძის გარდაცვალებაში ქირურგის არყოფნამ. „მაგ პაციენტთან ჩემი ანესთეზიოლოგი იყო გამოძახებული. 40 წუთში ჩავიდა ადგილზე. იმისგან ვიცი, რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა მიაყენეს – ღვიძლის ვენა-პორტა ჰქონდა დაზიანებული“, – ამბობს რუსლან აბულაძე.



„ევექსის“ მოვალეობები სახელმწიფოს წინაშე

 

2011 წლის 11 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „უნიმედი აჭარას“ რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში (გარდა ხელვაჩაურისა) 10 სამედიცინო დაწესებულება 1 ლარად ერთი პირობით გადაეცა – კომპანიას უნდა შეენარჩუნებინა სამედიცინო სერვისების უწყვეტობა. ხელშეკრულების თანახმად კომპანიის საკუთრებაში გადავიდა აჭარის სამივე მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური. ასევე, ქობულეთის რაიონული და ბავშვთა საავადმყოფოები, ჩაქვის პოლიკლინიკა და ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

 

ამის სანაცვლოდ, 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, სახელმწიფომ გარკვეული ვალდებულებებიც დააკისრა „უნიმედ აჭარას“, რომლის სამართალმემკვიდრეც არის „ევექსი“. მათ შორის, „3.1.5: უზრუნველყოს ხულოს, ქედის, შუახევისა და ქობულეთის მინიციპალიტეტებში სასწრაფო სამედიცინო სერვისების შენარჩუნება გარდამავალ პერიოდში. ამასთან შეინარჩუნოს ავტოპარკი მუშა მდგომარეობაში, მუდმივი სატელეფონო კავშირი, ერთიან სადისპეტჩერო სისტემაში ჩართულობა და სასწრაფო სამედიცინო სერვისების მიწოდება სახელმწიფო პროგრამისა და პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში“.

 

„3.1.7: უზრუნველყოს ხულოს, ქედის, შუახევისა და ქობულეთის მინიციპალიტეტებში დანართი #3-ით გათვალისწინებული ბაზისური სამედიცინო სერვისების უწყვეტობა, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გარდამავალი პერიოდის დასასრულიდან 7 წლის განმავლობაში… სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით“.

 

„ევექსის“ პოზიცია

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მინისტრ დავით სერგეენკოსა და „ევექსის“ დირექტორის შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. ამ შეხვედრაზე საუბარი იყო როგორც დათო დავითაძის გარდაცვალებაზე, ისე „ევექსის“ შემდგომ საქმიანობაზე აჭარის მუნიციპალიტეტებში. „ევექსის“ დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს უთხრა:

 

„ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო, რომ… ვაპირებდით პროგრამიდან გამოსვლას, თუმცა არც ერთ ექიმს, სერვისს, ქირურგს ეს არ შეხებია. თქვენ ნახეთ კიდეც, რომ არც ერთი ლიცენზია ჩაბარებული არ იყო. კვირას რაც მოხდა, მხოლოდ დამატებითი დაზღვევისთვის დაემატა რეანომობილი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში იქ იმყოფებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, 4 წლის ბავშვის რეფერალი მოხდა 4:30 საათზე შუახევიდან ბათუმში… და ამ მომენტში სამი უმძიმესი დაჭრილი შევიდა შუახევში. ვფიქრობ, ეს არის ისეთი შემთხვევა, რომელიც არამხოლოდ შუახევში, არამედ თბილისშიც შეიძლება მოხდეს…

 

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არავითარი ცვლილება უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში შუახევთან მიმართებაში არ მომხდარა და ეს ფაქტი [პროგრამიდან გამოსვლა] არანაირად არ იყო დაკავშირებული ამ შემთხვევასთან [გარდაცვალება].“

შუახევში მომხდარი მკვლელობის საქმე

ბრალდებულის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი ჯემალ კიკნაძე იცავს. პირველ სასამართლო სხდომაზე მან მოსამართლეს პატიმრის გათავისუფლება გირაოს – ოცი ათასი ლარის სანაცვლოდ სთხოვა. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც მან განმარტა, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ პროკურორის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, არ არის გამორიცხული ბრალდებულმა ახალი დანაშაული ჩაიდინოს, ან ხელი შეუშალოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას და მიემალოს გამოძიებას.

მოსამართლემ თქვა, რომ ერთ-ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დათო დავითაძეს, ხოლო ორი ადამიანი დაჭრა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა: `მოწმე, რომლის მანქანითაც ბრალდებული გადაადგილდებოდა, ამბობს, რომ ბრალდებული მანქანის უკანა სალონში წამოწვა“.

„მიიმალა თუ არა შემთხვევის ადგილიდან მას შემდეგ, რაც ადამიანს დანით ჭრილობა მიაყენა?“ – პროკურორის ამ კითხვას ბრალდებულმა არ უპასუხა. ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

ფაქტი გასულ კვირას შუახევის ცენტრში, ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. შელაპარაკების დროს მუცლის არეში დაჭრილი 25 წლის დათო დავითაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს და 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებული ყოფილი პატიმარია, როგორც მან მოსამართლეს უთხრა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის გამო. ბრალდებული იმ 190 ადამიანს შორის მოხვდა, რომლებსაც ხელისუფლებამ ოფიციალურად უწოდა „პოლიტპატიმარი და პოლიტიკური ნიშნით დევნილი“.

პროკურორმა რამაზ შავაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე ტარდება სამედიცინო ექსპერტიზა. შესაძლოა ექსპერტების დასკვნის შემდეგ ბრალდებულის კვალიფიკაცია დაზუსტდეს. მანამდე კი გამოძიება ორი დაჭრილი ადამიანის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდება და ეძებს დანას, რომლითაც ბრალდებულმა სამი ადამიანი დაჭრა, მათგან ერთ-ერთს კი, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

საერთაშორისო კონფერენცია ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში”

 

კონფერენციის გახსნას აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე დაესწრნენ.

 

 

კონფერენციაში დსთ-ს ქვეყნებისა და საქართველოს 80-ზე მეტი მედიკოსი მონაწილეობს.

 

რა იწვევს თირკმლის უკმარისობას

რა ფუნქცია აკისრია თირკმლებს? – დოდო ხაბაძის თქმით, თირკმლის მთავარი ფუნქცია ჰომეოსტაზის (შინაგანი გარემოს) მუდმივობის შენარჩუნებაა, რაც გამოიხატება ფილტრაციით, მილაკოვანი რეაბსორსით, სეკრეციითა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზით. კერძოდ, თირკმლები ინარჩუნებენ სისხლში სითხის ბალანსს და ისეთი მინერალების კონცენტრაციას, როგორიცაა: კალიუმი, ფოსფორი და ნატრიუმი. თირკმლები ფილტრავენ სისხლში ნარჩენებსა და ზედმეტ სითხეებს, რომლებიც შემდეგ შარდთან ერთად გამოიყოფა ორგანიზმიდან. როცა თქდ მწვავე სტადიას აღწევს, ორგანიზმში სითხეების, ელექტროლიტებისა და ნარჩენების სახიფათო დონე გროვდება.

რა არის თირკმლების ქრონიკული დაავადება? – ეს არის თირკმლების დაზიანება ან მათი ფუნქციის დაქვეითება, რომლის ორ ფორმას არჩევენ: ქრონიკულსა და მწვავეს. თირკმლების ქრონიკული დაავადების პროგრესირების შედეგად თირკმლების ტერმინალური უკმარისობა ყალიბდება, ანუ თირკმლის ფუნქცია სრულად იშლება.
თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას ფერხდება კრეატინინის გამოყოფა და მისი დონე იზრდება სისხლში, შესაბამისად, თირკმლის ფუნქცია სისხლში კრეატინინის დონით განისაზღვრება. თირკმლის ფუნქციის შემფასებელი ინდიკატორი გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებელია. ”თირკმლის ქრონიკულ დაავადებას ხუთი სტადია აქვს: პირველი სტადია – ნეფროპატიის (თირკმლის ნებისმიერი დაავადების) ნიშნები, ამ დროს გლომერული ფილტრაციის სიჩქარე ნორმალურია ან მომატებული, მე-2 სტადიაში შეინიშნება მისი მსუბუქი შემცირება, მე-3 სტადიაში – ზომიერი შემცირება, მე-4 სტადიაში უკვე მნიშვნელოვნად შემცირებულია, მე-5 სტადია კი ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადიაა – ამ დროს ხდება პაციენტის გადაყვანა თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე ანუ ჰემოდიალიზზე”, – განმარტავს დოდო ხაბაძე.

გამომწვევი მიზეზები – თდქ-ს დიაგნოზის დასმისას დიდი ყურადღება ექცევა ანამნეზს (ცნობები ავადმყოფობის შესახებ), ნეფროლოგის თქმით, იგი სრულად უნდა იყოს შესწავლილი, რადგან მისი მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც თირკმლის, ისე სხვა ორგანოების დაავადებები. ”ეს შეიძლება იყოს ონკოლოგიური და ენდოკრინოლოგიური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ავთვისებიანი ჰიპერტენზია (მაღალი წნევები), ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი. ასევე, თირკმლის ტრავმები, ინფექციები და სხვა”, – ამბობს ექიმი.

სიმპტომები – თქდ შესაძლოა იქამდე არ გამოვლინდეს, სანამ თირკმლების ფუნქცია მკვეთრად არ დაქვეითდება. თუმცა შესაძლოა პაციენტს რამდენიმე სიმპტომი მაინც აღენიშნებოდეს. ”ზოგადი მახასიათებლებით რომ დავიწყოთ, ახასიათებს საერთო სისუსტე, უმადობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, შრომის უნარიანობის დაქვეითება, შარდის რაოდენობის შემცირება, რაც შარდოვანასა და კრეატინინის მაღალ დონეს უკავშირდება. თუმცა, პირველ ნიშნად მაინც თავის ტკივილი და მაღალი არტერიული წნევა მიიჩნევა”, – ამბობს ნეფროლოგი. ექიმის თქმით, შარდის გამოყოფის შემცირების გამო ორგანიზმი სითხით იტვირთება, ანუ ხდება მისი ჰიპერჰიდრადაცია, რაც ხშირად სუნთქვის უკმარისობით და სხეულზე შეშუპებით ვლინდება.

დიაგნოსტიკა – იმის გამო, რომ თქდ შესაძლოა საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ექიმის რეკომენდაციით აუცილებელია პერიოდულად სისხლისა და შარდის გამოკვლევა. ”თირკმლის დაავადების სკრინინგი შარდისა და სისხლის ანალიზით ხდება და რადგანაც დაავადება ყოველთვის გამოკვეთილი სიმპტომებით არ ვლინდება, აუცილებელია წელიწადში ორჯერ მაინც გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან”, – ამბობს დოდო ხაბაძე. თუმცა, მისივე თქმით, თირკმლის დაავადების გამოვლენის ოქროს სტანდარტად ბიოფსია მიიჩნევა.

მკურნალობა – თქდ-ს მკურნალობისას ძირითადი აქცენტი კეთდება თირკმლის დაზიანების პროგრესირების შენელებაზე, როგორც წესი, ეს ძირითადი მიზეზის კონტროლით ხდება. დაავადების საწყის ეტაპებზე, მკურნალობა შესაძლოა იყოს მედიკამენტოზური. მაგრამ, თუ თქდ განვითარდა თირკმლის ტერმინალურ უკმარისობამდე (ბოლო სტადია), რომლის დროსაც საფრთხე ექმნება პაციენტის სიცოცხლეს – აუცილებელი ხდება, ხელოვნური თირკმლის აპარატის (დიალიზის) გამოყენება ან უკეთეს შემთხვევაში, თირკმლის ტრანსპლანტაცია.

დიალიზი – ექიმის განმარტებით, ხელოვნური თირკმლის აპარატის საშუალებით, პაციენტის სისხლი 4-5 საათის განმავლობაში ცირკულირებს – ორგანიზმიდან გამოსული სისხლი შედის დიალიზატორში და დიალიზატორიდან გამოსული აზოტოვანი შლაკებისგან გაწმენდილი სისხლი უბრუნდება პაციენტს. პროცედურა კვირაში სამჯერ ტარდება.

კვების რაციონი – ნეფროლოგის თქმით, პაციენტები თირკმლის პათოლოგიებით უნდა მოერიდონ მარილიანი (ნატრიუმი), ცხარე და ცხიმიანი საკვების, ასევე ნახარშების (ბულიონები) მიღებას. აშშ-ის თირკმლის ნაციონალური ფონდის რეკომენდაციით, თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს პაციენტები უნდა ერიდონ გაზიანი სასმელების მიღებას (რომელთაც არანაირი კვებითი ღირებულება არ გააჩნიათ და შეფუთულია შაქარში), დამუშავებული ხორც-პროდუქტების მიღებას (შებოლილი ძეხვი, ლორი და სხვა პროდუქტები, რომლებიც ნატრიუმისა და ნიტრატების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ), ასევე კარაქს (რომელიც შეიცავს ქოლესტერინს, კალორიებსა და მაღალი დონის გაჯერებულ ცხიმებს) და მაიონეზს (რომელიც ასევე დიდი რაოდენობით კალორიებსა და ცხიმებს შეიცავს).

წყარო: აშშ-ს თირკმლის ნაციონალური ფონდი

შიდსით ინფიცირებულთა სტატისტიკა

 

 

 

2015 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 4886 შემთხვევა, რომელთაგან 3595 მამაკაცი და 1291 – ქალია. ცენტრის ინფორმაციით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. რეგისტრირებული პაციენტებიდან შიდსი განუვითარდა 2935-ს და გარდაიცვალა 1006 პაციენტი. 
2015 წელს, აპრილის მონაცემებით, საქართველოში 191 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აივ მკურნალობაზეა 2652 (მათ შორის აფხაზეთში – 321) პაციენტი. აივ ინფიცირებულთა უმრავლესობა თბილისში ცხოვრობს (1640 ადამიანი), რეგიონებს შორის მეორე ადგილზეა სამეგრელო, სადაც 688 ადამიანია აივ ინფიცირებული; მესამეზე – იმერეთი – 657 ადამიანი და მეოთხეზე აჭარა – 573. 

მსოფლიოში აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე დაინფიცირდა თითქმის 60 მლნ ადამიანი და 25 მლნ გარდაიცვალა შიდსით გამოწვეული დაავადებების გამო. 

ყველაზე უფრო ”დაზარალებული” სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნები არიან, სადაც აივ ინფიცირებულ ადამიანთა 68% ცხოვრობს.

 

მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით თურქეთისა და ბანგლადეშის მოქალაქეები დააკავეს

 

 

საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული თურქლს თ, ბანგლადეშის მოქალაქეები – 1993 წელს დაბადებული მუსტაკ ა. და 1986 წელს დაბადებული მურად მ. დააკავეს.

 

სამართალდამცავებმა თურქლს თ-ს მფლობელობაში არსებული, „დაფის“ მარკის, მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერებისას სალონში მოწყობილი სამალავი აღმოაჩინეს, რომელშიც ბანგლადეშის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
 
 
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული სამალავის საშუალებით თურქლს თ. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მუსტაკ ა-სა და მურად მ-ს უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.
 
 
გამოძიება თურქლ თ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო მურად მ-ს და მუსტაკ ა-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
 

ქართველი ვარსკვლავი ლადო ათანელი ბათუმში იმღერებს

 

 

ლადო ათანელი

 

ლადო ათანელს სცენაზე პარტნიორობას გაუწევენ მისივე სახელობის კონკურსის „თანადგომას“ გამარჯვებულები, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტები: ირაკლი კახიძე, ინგა ჯახუტაშვილი და სულხან ჯაიანი.

 

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის კაპელა და სიმფონიური ორკესტრი.

 

 „ჯოკონდა“ ბათუმის მუსიკალური ცენტრის სცენაზე პირველად შესრულდება. 

 

 

ანზორ თხილაიშვილი საფინანსო კომისიის თავმჯდომარე გახდა

 

ანზორ თხილაიშვილი

ანზორ თხილაიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში კოალიცია „ქართული ოცნების“ სახელით მაჟორიტარული წესით აირჩიეს. ის კოალიციაში „თავისუფალი დემოკრატების“ პარტიიდან შევიდა, პარტიის ლიდერის ირაკლი ალასანიას ოპოზიციაში წასვლის შემდეგ კი, მან პარტია დატოვა. ამ დრომდე ანზორ თხილაიშვილი უმაღლესი საბჭოს აგრარულ კომისიას ხელმძღვანელობდა. ცოტა ხნის წინ ამ კომისიის მიერ პარლამენტში ინიცირებული პროექტი მიწის რეფორმის შესახებ პარლამენტის იურიდიულმა კომისიამ პირველივე მოსმენაზე დაიწუნა.

 

აგრარული კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე უმაღლესი საბჭო მომავალ სხდომაზე იმსჯელებს. სახელისუფლებო ფრაქციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ჩიტიშვილის ინფორმაციით უმაღლეს საბჭოში ამ თანამდებობაზე დეპუტატ მერაბ აბაშიძის კანდიდატურას განიხილავენ.

ისევ ვაკანტურია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა.

იყიდება დაშენებული შავი კარკასი გორგილაძის ქუჩაზე

 

ზურაბ გორგილაძის ქუჩის ბოლოში იყიდება 100-კვ.მ დაშენებული შავი კარკასი.
ფასი: 35 ათასი დოლარი.

 

მობ.: 577 25 25 85; 597 01 99 63;

ტელ.: (0422) 24 85 85

მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ადამიანები დახმარებას ითხოვენ

 

სოფელი თხილვანა. 13:05.2015

მისივე ინფორმაციით, მეწყერი საცხოვრებელ სახლებთან ახლოს არის გააქტიურებული, რაც ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. 

სოფელი თხილვანა. 13:05.2015

მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ “ბათუმელებთან” საუბრისას განაცხადა, რომ  ინფორმაციას თხილვანაში მეწყრის გააქტიურების შესახებ გადაამოწმებს, გამგეობისთვის ადგილობრივ მოსახლეობას დახმარების თხოვნით  ჯერ არ მიუმართავს.  გამგებლის  ინფორმაციით, მაღალმთიან აჭარაში მდებარე ეს სოფელი “მეწყერზე დგას” და ადგილობრივი მოსახლეობის 80% მთავრობამ სოფლიდან გაასახლა, თუმცა ისინი უკან, მამაპაპისეულ სახლებში დაბრუდნენ. 

სოფელი თხილვანა. 13:05.2015

მივა თუ არა ბათუმის მერი საკრებულოს სხდომაზე

 

სხდომა ბათუმის საკრებულოში
სხდომა ბათუმის საკრებულოში

ორი კვირის წინ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა საკრებულოს თავმჯდომარეს წერილი მისწერა, სადაც მან ირაკლი ჭეიშვილს განუმარტა, თუ რატომ ვერ დაესწრებოდა საკრებულოს სხდომას. ამ სხდომაზე მერიას წარმომადგენლობითი ორგანოსთვის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში უნდა წარედგინა.

 

კანონმდებლობით, ბიუჯეტის ანგარიშის წარდგენა ქალაქის მერს ევალება. მოხსენების შემდეგ კი, საკრებულოს წევრებს საშუალება უნდა მიეცეთ მერს დაუსვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, მიაწოდონ მათი აზრი ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხზე და გამოთქვან შენიშვნები.

 

საგანგებოდ მიწერილ წერილში მერმა საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს განუმარტა, რომ სხდომას საპატიო მიზეზით, ავსტრიის რესპუბლიკაში მივლინების გამო ვერ დაესწრებოდა. ავსტრიაში ბათუმის მერი საქალაქო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. მერის ნაცვლად საკრებულოს ანგარიში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ არჩილ ვანაძემ წარუდგინა.

 

მერის სხდომაზე არმისვლას აქტიურად აპროტესტებს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე: „არ მოდის მერი სხდომაზე. ის ზის სამუშაო კაბინეტში და მონიტორის საშუალებით უყურებს სხდომას, რადგან არ აქვს პასუხები კითხვებზე. ბოლოს რომ იყო სხდომაზე, გაბრაზებული ელაპარაკებოდა საკრებულოს წევრებს, რადგან კითხვებზე ვერ უპასუხა. არც შარშან და არც წელს მერმა შესრულების ანგარიში თავად არ წარმოადგინა.“

 

გიორგი კირთაძეს წინა მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა, თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა 2007-2010 წლების მოწვევის ბათუმის საკრებულოშიც, როცა ბათუმის მაშინდელი მერის რობერტ ჩხაიძის სხდომაზე არმისვლას საკრებულოს ოპოზიცია – რესპუბლიკელ ირაკლი ჩავლეიშვილს (რომელსაც ახლა საკრებულოს მოადგილის თანამდებობა უკავია) აქტიურობით თითქმის ყველა სხდომაზე ითხოვდა. თუმცა რობერტ ჩხაიძე სხდომაზე არ მისულა არც ანგარიშის წარსადგენად და არც ბიუჯეტის დამტკიცებისას.

 

კითხვაზე, რამდენად ხშირად მოდიოდა სხდომაზე რობერტ ჩხაიძე და ეს საკითხი მწვავედ მაშინ რატომ არ იდგა დღის წესრიგში გიორგი კირთაძისთვის? _ ყოფილი თავმჯდომარე პასუხობს:

 

„მაშინ ჩავლეიშვილი ყველა სხდომაზე ითხოვდა რობერტ ჩხაიძის დასწრებას. მაგრამ მაშინ ასეთი პერიოდულობით სხდომების გაცდენა არ ხდებოდა. მე ვამბობ, რომ ქალაქის მერი პრინციპულად არ მოდის საკრებულოს სხდომაზე. თუ რობერტი ვერ მოდიოდა, მოდიოდა ვიცე-მერი, რომელიც ბიუჯეტზე იყო პასუხისმგებელი და ჰქონდა პასუხები, როცა კითხვას ვსვამდით. ჩვენ პასუხის გამცემი აღარ გვყავს სხდომაზე“.

 

მერის სხდომაზე არ მისვლის საკითხს აპროტესტებენ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიც“.

 

„რაც წინა მოწვევის საკრებულოებში ხდებოდა, იყო მანკიერი პრაქტიკა და არ უნდა გაგრძელდეს. მერს არ აქვს ვალდებულება ყველა სხდომაზე მოვიდეს, მაგრამ ვალდებულია წარმოადგინოს ანგარიში და უპასუხოს საკრებულოს წევრების კითხვებს. უკვე მერამდენე სხდომაა რაც საკრებულოს წევრები ვითხოვთ მერის მოსვლას, მაგრამ უშედეგოდ. წინა მოწვევის საკრებულოს პირობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მაინც საკრებულოს თავმჯდომარესთან შემოდიოდა, რადგან საკრებულოს თავმჯდომარე აწერდა ხელს. ახლა მერი აწერს ხელს, თუმცა ანგარიშვალდებულია საკრებულოსთან. როცა ინფორმაციას ვითხოვთ წერილობით, ვიღებთ მას და ამ კუთხით პრობლემა არ გვაქვს. თუმცა გვქონია შემთხვევები, საკითხი ისე შემოუტანიათ სხდომაზე, რომ ამით უმრავლესობაც გაკვირვებული დარჩენილა“, – ამბობს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე კობა ჩხეიძე.

 

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა საკრებულოსა და მერიას შორის სუბორდინაციის საკითხზე „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა. თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩავლეიშვილის განმარტებით, საკითხი დღის წესრიგში არც ისე მწვავედ დგას და არც მერთან შესვლაა პრობლემა.

 

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა, ისე როგორც მისი წინამორბედი – „ნაციონალური მოძრაობა“, მერის სხდომაზე მისვლა-მიუსვლელობის საკითხს პრობლემად არ მიიჩნევს. უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, „მერის არ მისვლა საპატიო იყო და მომავალში მერი სხდომაზე ისევ მივა.“

 

„მერს ყველა სხდომაზე მისვლა კანონმდებლობით არ ევალება. ანგარიშის წარდგენისას ის ავსტრიაში იმყოფებოდა, ამიტომ ანგარიში წარადგინა უფლებამოსილმა პირმა“ – განმარტეს მერის პრესსამსახურში.

მემორანდუმი შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ ცენტრსა და მე-5 საჯარო სკოლას შორის

საგანმანათლებლო პროცესში დაგეგმილი აქტივობები, პრაქტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას და თეორიული ცოდნის ამაღლებას ემსახურება. სამეცნიერო ცენტრი უზრუნველყოფს პედაგოგთა და მოსწავლეთა თანამშრომლობას საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ერთობლივი სასწავლო სემინარების, კონფერენციებისა და „ვორქშოპების“ ორგანიზებას. სამეცნიერო ცენტრის განცხადებით მემორანდუმი ძალაში 2015 წლის 14 (თოთხმეტი) მაისიდან შევიდა.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილ პირველ პრაქტიკულ აქტივობას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრმა დღეს, 14 მაისს უმასპინძლა. 

დევნილთა სამინისტრომ 35 ეკომიგრანტი ოჯახი შეარჩია სახლების გადასაცემად

 

პირველ ეტაპზე კომისიის მიერ შერჩეულ იქნა 47 ეკომიგრანტი  ოჯახი, რომლებსაც სამინისტრო ასევე საცხოვრებელ ფართობს შეუსყიდის. სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებული ოჯახები განსახლების ადგილსა და საცხოვრებელ სახლს სურვილის მიხედვით აირჩევენ. 

 

ეკომიგრანტების განცხადებებს სწავლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანებით შექმნილი „სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისია“.

 

სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის მუშაობაში ჩართულები არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატის,  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო 2015 წლის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, 90-მდე ეკომიგრანტი ოჯახს უსაფრთხო გარემოში საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფას გეგმავს.

 

ამ პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელ ფართობს ძირითადად აჭარაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის ყიდულობენ. სამინისტროში ეკომიგრანტი ოჯახებისგან განცხადებების მიღება კვლავაც გრძელდება.

მოსწავლეების მდუმარე აქცია ქობულეთში

 

აქციას მუნიციპალიტეტისა და რესურსცენტრის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

აქცია ქობულეთში

წალკის მუნიციპალიტეტიდან გამოსახლებული ხუთსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

 

ეკომიგრანტი ამბობს, რომ  საცხოვრებელი სახლი ცხრა წლის წინ ადგილობრივი ბერძნის  გრიშა ჩიქნიზოვასგან შეისყიდა, თუმცა მისი ოფიციალურად გაფორმება ვერ შეძლო:

 

„ სახლის მეპატრონეს, მოწმეების თანდასწრებით 2  500  დოლარი გადავუხადე, დარჩენილი 1 500 დოლარი კი სახლის გაფორმების შემდეგ უნდა მიმეცა.  სახლის გადმოსაფორმებლად  ჩამოსვლა მას რამდენჯერმე ვთხოვე, მაგრამ მეუბნებოდა, რომ არ ეცალა. ახლა დაბრუნდა და ითხოვს, რომ სახლი დავუბრუნო“.

 

როგორც რამინ ლომიძე გვეუბნება, სახლის იურიდიული მეპატრონე სახლის საფასურის ნაწილის გადახდის ფაქტს არ უარყოფს: „ის, რომ თანხის ნაწილი გადახდილი მაქვს, პოლიციაშიც ადასტურებს, მაგრამ ამბობს, რომ ეს თანხა ქირავნობის იყო და არა შესყიდვის. ამიტომ იმ თანხის  დაბრუნებაზეც უარს ამბობს“.  

 

ადგილობრივი ხელისუფლება და პოლიცია, როგორც გამოსახლებული ეკომიგრანტი ამბობს, რამინ ლომიძეს სასამართლოში წასვლას ურჩევს:  „სასამართლო სანამ შედგება, თვეები გავა, მე კი მთელი ოჯახით გარეთ დამტოვეს“.   

 

რამინ ლომიძე ამბობს, რომ ოჯახმა ცხრა წლის წინ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ბეღლები მეწყრული პროცესების გამო დატოვა. აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე “ბათუმელებთან” საუბრისას, ამბობს, რომ წალკიდან გამოსახლებულმა ოჯახმა განცხადება, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უნდა დაწეროს, ეს უწყება კი განცხადებას თბილისში, დევნილთადა განსახლების სამინისტროში განსახილველად გააგზავნის, თუ დადგინდა, რომ ოჯახი სტიქიის დროსაა დაზარალებული სახელმწიფო მას სახლს შეუსყიდის.

ვაკანსია მენეჯერის პოზიციაზე

 

სამუშაო გრაფიკი: სრული


მოთხოვნები: ასაკი: 23 წლიდან; უმაღლესი განათლება; რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა აუცილებელია (წერა, მეტყველება); ინგლისური ენის ცოდნა. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. კანდიდატს უნდა ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება აღნიშნულ სფეროში.სასურველია ასევე მართვის მოწმობის ქონა და მანქანის მართვის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელური, თავაზიანი, მოწესრიგებული.


მოვალეობები: დოკუმენტაციის წარმოება, საბუთებისა და სხვა დოკუმენტაციის ორგანიზება, დახარისხება და შედგენა, პერსონალთან კომუნიკაცია.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსთან ერთად შემდეგ მისამართზე: moffice120@gmail.com ანაზღაურება: 950 ლარი.

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

გამგებლის მოადგილე: მდინარეში ნაპოვნია 22 და 24 წლის მამაკაცების გვამები

 

გამგებლის მოადგილემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ დაღუპულები არიან გელა ცეცხლაძე და გოჩა ფუტკარაძე. მისივე  ინფორმაციით, ბიჭები  მეზობელ სოფელში პირუტყვს აძოვებდნენ, გზად შემოაღამდათ,  ჩამოწვა ნისლიც, მდინარე კი, რომელიც ახალგაზრდებს უნდა გადაელახათ, ადიდებული იყო. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ერთ-ერთ მათგანს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა, ხოლო მეორე მისაშველებლად გადახტა.

 

დაღუპულები ერთ სოფელში, მეზობლად ცხოვრობდნენ და მეგობრები იყვნენ.

 

 

10 379 საქმეს 20-წევრიანი დეპარტამენტი გამოიძიებს

 

ანა ნაცვლიშვილი; შალვა შავგულიძე; არჩილ ჩოფიკაშვილი

ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელად მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი წარადგინა. ნადარეიშვილის მოადგილედ პროკურორი კოკა კაციტაძე დანიშნეს. პროკურატურის განცხადებით, „დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება გამოიძიოს 2012 წლის 1 ოქტომბრიდან მთავარ პროკურატურაში შესულ საჩივარ-განცხადებებში მითითებული დანაშაულებრივი ფაქტები. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთი დანაშაულების გამოძიებას, როგორიცაა: ქონების უკანონოდ ჩამორთმევა, ცემა-წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და ყველა ის დანაშაული, რომლის ჩადენაშიც საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი იმხილება.

 

ახალი დეპარტამენტი უზრუნველყოფს როგორც ზემოთ მითითებული სავარაუდო დანაშაულის ფაქტების გამოძიებას, ასევე გამოძიების პროცესში საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას”, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაული გამოიძიოს და შექმნას სამართლიანობის აღდგენის მექანიზმი: „მაგრამ ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი და ეფექტური მექანიზმი. ეს დეპარტამენტი იმიტომ არ არის დამოუკიდებელი, რომ ის ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორის წინაშე, მაშინ როცა ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, საქართველოში მთავარი პროკურორი ვის წინაშე უნდა იყოს ანგარიშვალდებული“.

 

საია მიიჩნევს, რომ წინასწარი კონსულტაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე მსგავსი საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნა არ არის გამართლებული: `ახირება არ არის ჩვენი პრეზენტაციაზე მისვლა, მაგრამ არც კი დავუპატიჟებივართ. ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია ისეთი ორგანიზაციების ჩართულობა, რომლებსაც წლების განმავლობაში მსხვერპლებთან ჰქონდა შეხება. ვფიქრობ, საერთაშორისო სტანდარტის პრაქტიკა და უცხოელი ექსპერტების ამ პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვანია“.

საიამ დეპარტამენტს შეხვედრაც კი სთხოვა, მაგრამ ეს შეხვედრა არ შედგა – დეპარტამენტის თანამშრომლებმა არ მოისურვეს.
დეპარტამენტი დაკომპლექტდა 20 თანამშრომლით: დეპარტამენტის უფროსი, მოადგილე, 4 პროკურორი, 10 გამომძიებელი და 4 კოორდინატორი.
“კადრების შერჩევა მოხდა განსაკუთრებული სიფრთხილით. დეპარტამენტში გამომძიებლებლად და პროკურორებად დაინიშნენ პირები, რომელთა მიმართ მთავარ პროკურატურაში შემოსულ საჩივარ-განცხადებებში სამართლებრივი პრეტენზია არ ფიქსირდება. გამოსაძიებელი საქმეებისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება დეპარტამენტში დაზარალებულთა კოორდინატორების დანიშვნის შესახებ, რომლებიც საქმის შედეგებით დაინტერესებულ დაზარალებულებს მუდმივ რეჟიმში მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, _ წერია პროკურატურის განცხადებაში.

 

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ყოფილ პროკურორებს „ძალიან გაუჭირდებათ ობიექტურად გამოიძიონ საქმეები, როცა მათ კოლეგებს უჩივიან. ეს არარეალურად ჩანს~. მისივე თქმით, პროკურატურის განცხადებაც მიუთითებს იმაზე, რომ მათთან დღემდე მუშაობენ ის ადამიანები, რომელთა მიმართაც საზოგადოებას კითხვები აქვს.

 

დეპარტამენტში “სამართლიანობის აღდგენის” მოთხოვნით ბათუმიდანაც ჩივიან. ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა მთავარ პროკურატურაში შექმნილ ახალ დეპარტამენტს განცხადებით უკვე მიმართა, თუმცა მისთვის უცნობია რაიმე ქმედითი ნაბიჯი გადადგეს თუ არა: “ფაქტია, რომ ახალმა ხელისუფლებამ ძალიან დიდი მოლოდინი გააჩინა საზოგადოებაში და ეს მოლოდინები ვერ გაამართლა. არ შეიძლება ახალი დეპარტამენტისგან რაიმე განსაკუთრებულს ელოდო მაშინ, როცა პროკურატურაში არსებითი სახის რეფორმა არ გატარებულა, სასამართლოში არსებითად არაფერი შეცვლილა. სახელმწიფოსგან ეს შეიძლება იყოს დროის მოგების მიზნით გაკეთებული ერთგვარი მანევრი”.

ახალი დეპარტამენტის მუშაობის პრინციპზე კითხვები აქვს დეპუტატ შალვა შავგულიძესაც. ის “თავისუფალი დემოკრატების” წევრია, მანამდე კი ადვოკატად მუშაობდა. დეპუტატი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ სამართლიანობის აღდგენის დანაპირებზე, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართულმა ოცნებამ” გასცა, პასუხისმგებლობას თავადაც გრძნობს, როგორც კოალიციის შემადგენლობაში მყოფი პარტიის წევრი: “ხელისუფლებაში “ართული ოცნების” მოსვლის შემდეგ შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც ცნობილი იყო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის სახელით”. კანონპროექტი უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვის შესაძლებლობას და ასევე, სამართლიანობის აღდგენას, სამართალწარმოების პროცესში დაშვებული უკანონობისა და უსამართლობის გამოსწორებას ისახავდა მიზნად“.

 

ამ კანონპროექტის სამუშაო ჯგუფის წევრი პარლამენტიდან შალვა შავგულიძე იყო. კანონპროექტი, რომელიც ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ კიდევ უფრო დაზუსტდა, მთავრობამ დასამტკიცებლად პარლამენტში არ შეიტანა: „ეს იმით ახსნეს, რომ კანონპროექტის ამოქმედებას მოყვებოდა საქმეების გადასინჯვა, შესაბამისად, მოსალოდნელი რეაბილიტაციის მოთხოვნაც დაზარალებულებისგან. სახელმწიფო ბიუჯეტი ამ კანონიერი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად არ იყო მზად”.

 

იურისტი დეპუტატის შეხედულებით, როცა ხელისუფლება საუბრობს სამართლიანობის აღდგენაზე, კონკრეტულად უნდა გაიწეროს რა შემთხვევაში როგორ მოიქცევა სახელმწიფო: „მაგალითად, თუ ქონება ჩამორთმეულია უკანონოდ და მიქცეული სახელმწიფო საკუთრებაში, ასეთ დროს როგორ უბრუნდება დაზარალებულს; თუ ჩამორთმეული გასხვისდა და ახლა ჰყავს კეთილსინდისიერი მყიდველი, ამ დროს რა ხდება? იმ შემთხვევაში, თუ დადგინდებოდა, რომ რომელიმე პირს ქონება უკანონოდ ჩამოერთვა ამა თუ იმ სამართალწარმოების გამოყენებით, მიყენებული მატერიაული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობას იღებდა თუ არა სახელმწიფო, თუ, უბრალოდ, საჩივრებს გამოიძიებდნენ და დაადგენდნენ, მაგალითად, რომ რომელიმე გამომძიებელმა აიძულა პირი და უკანონოდ ჩამოართვა ქონება. თუ გამომძიებელი მიეცემოდა პასუხისგებაში, თუ დადგება მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი, მაშინ რა მოხდება? ამ დეპარტამენტს კი, რომელშიც პროკურორები გაერთიანდნენ, დამატებითი უფლებამოსილება არ გააჩნია. ამიტომ გაურკვეველია, რაზე იღებს სახელმწიფო პასუხისმგებლობას“, – ამბობს შალვა შავგულიძე.

 

7 მაისს საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილს შალვა შავგულიძემ შუამდგომლობა სთხოვა პარლამენტში მთავარი პროკურორის მისვლაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატს ურჩია კითხვები წერილობით გააგზავნოს პროკურატურაში. დეპუტატის ეს მოთხოვნა [პროკურორი მივიდეს პარლამენტში] მომდევნო საპარლამენტო სხდომაზე დღის წესრიგშია შეტანილი, თუმცა მთავარი პროკურორის დაბარებას საპარლამენტო უმრავლესობის ნებართვა სჭირდება. შალვა შავგულიძე ვარაუდობს, რომ მისი კოლეგები უმრავლესობიდან ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერენ. შალვა შავგულიძემ კითხვა სამართლიანობის აღდგენასა და პროკურატურაში ახალშექმნილ დეპარტამენტზე პრემიერსაც დაუსვა. ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვებს არ უპასუხა. “არ მგონია სწორი იყოს პროკურატურის შესახებ განცხადებები პრემიერმა გააკეთოს. მთავრობას გვსურს გავემიჯნოთ პროკურატურის საქმიანობას, ესაა ჩემი მთავარი არგუმენტი“, – თქვა ღარიბაშვილმა.

 

პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა. მან საზოგადოებას საჯაროდ უთხრა, რომ სამართლიანობის აღდგენას სწორედ ეს დეპარტამენტი მოახერხებდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე საქართველოს პროკურატურაში 52 530 საჩივარი შევიდა. აქედან გამოძიების დაწყებას ითხოვდნენ 10 379 საქმეზე, მათ შორის, ქონების უკანონო ჩამორთმევაზე შევიდა 697 საჩივარი, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე – 3 495, სხვა კატეგორიაზე -6 186 საჩივარი.

 

2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 367 საჯარო მოხელისა და მასთან გათანაბრებული პირის მიმართ, ამ სტატისტიკაში შედიან: გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი. პროკურატურის ინფორმაციით, სამოხელეო დანაშაულზე საქმის განხილვით გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 147 საქმეზე, გამამართლებელი განაჩენი – 29 საქმეზე, სისხლის სამართლებრივი პასუხის განრიდება გაფორმდა 13 საქმეზე.
იურისტები ამბობენ, რომ შეუძლებელია, ახალშექმნილ დეპარტამენტში მომუშავე 20-კაციანმა საგამოძიებო ჯგუფმა ათიათასობით განცხადების შესწავლა მოახერხოს.

დაბინძურებული მუნიციპალური ტრანსპორტი ბათუმში [ფოტო]

 

ბატონო პაატა, ავტობუსის სამარშრუტო ხაზზე გასვლამდე თუ ხდება მისი სანიტარული დამუშავება?

ყოველდღიურად ხდება. როცა ავტობუსი შემოდის ხაზიდან, მუშაობას ასრულებს, ჩვენ გვაქვს ადგილზე სამრეცხაო და ყოველდღიურად ვრეცხავთ ავტობუსის გარე ძარას და  იატაკს.  

 

სალონი თუ ირეცხება და რა პერიოდულობით?

სალონის გარეცხვას რაც შეეხება, მაგას უკვე პერიოდულობით ვაკეთებთ. ყოველდღიურად მაგას დასჭირდება 50 თანამშრომელი. ზუსტად პერიოდულობას ვერ გეუბნებით. ზამთარში სხვა დრო აქვს,  ზაფხულში – სხვა დრო, ამინდს გააჩნია. კონკრეტულად გეგმა-გრაფიკი ამის არ არსებობს.

 

ავტობუსების სალონებში სკამები მოძველებულია,  თუ აპირებთ განახლებას?

სკამებს ვცვლით პერიოდულად. პირველ რიგში, მე დავაბრალებ ამას ჩვენი მოსახლეობის ვანდალურ ფაქტებს და ქმედებებს, რაც ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მოსაცდელებზე. გვყავს კატეგორია ხალხის, რომელიც აზიანებს ჩვენს ქონებას. შესაბამისად ყველა გატეხვაზე სკამები რომ ვცვალოთ, მაშინ მომსახურებაში არ გვეყოფა მილიონები. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არსებული რესურსი გამოვიყენოთ.

 

წვიმის დროს ფანჯრის მხარეს განთავსებულ სკამებზე ხშირად წყალი ჩამოდის. ამ პრობლემის მოგვარებას თუ აპირებთ?

ავტობუსში წვიმის დროს რომ წყალი ჩამოდის, ეგ თქვენგან მესმის პირველად. ეგ უნდა ვნახო მაშინ, მე ვერ ვხვდები რაზე საუბრობთ. თუ ფანჯარა ღია არის წვიმის დროს, მაშინ შემოვა წყალი, მაგრამ თუ ფანჯარა დახურულია და წყალი ჩამოდის, ჭერიდან ხომ არ ჩამოვა. ეგეთი ფაქტი არ ვიცი.

 

მუნიციპალური ავტობუსის სალონი 13.05.2015 ფოტო: სერა ძნელაძე

 

სკამი #7 ავტობუსში 13.05.2015 ფოტო: სერა ძნელაძე

 

 

#11 ავტობუსი 13.05.2015 ფოტო: სერა ძნელაძე

 

 

 

 

 

 

 

სასჯელაღსრულების სამინისტრო: ვადასტურებთ, რომ ბათუმში პატიმრებმა უცხო სხეული გადაყლაპეს

 

მსჯავრდებულები პროტესტის მიზეზად სამედიცინო სერვისების მიუწოდებლობას ასახელებდნენ.


“მოგახსენებთ, რომ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვამდე, თითოეულ მათგანს სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტების მიერ გაეწია კონსულტაცია, ჩატარებული ჰქონდათ სხვადასხვა სახის გამოკვლევები, მათ შორის მაღალტექნოლოგიური (3 მსჯავრდებულის შემთხვევაში) და დანიშნული ჰქონდათ შესაბამისი მკურნალობა.


უცხო სხეულის გადაყლაპვის შემდეგ მსჯავრდებულებს  შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწიათ. ამჟამად, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფებიან სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მზადაა, მსჯავრდებულების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიაწოდოს მათთვის გაწეული სამედიცინო მომსახურეობების შესახებ” – განუცხადეს “ბათუმელებს” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში. 

 

 

 

ჯანდაცვის მინისტრი შუახევის საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტზე

 

დასკვნის მიხედვით, კლინიკაში არ იყო დაცული სანებართვო და ვალდებულებითი პირობები.

 

„კლინიკაში არ იყო დაცული რამდენიმე მნიშვნელოვანი სანებართვო და ვალდებულებითი პირობა, რამაც მკვეთრად გაზარდა რისკი (მე ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ეს კავშირში არის გარდაცვალებასთან) და შეამცირა ხარისხი გადაუდებელი მდგომარეობის მართვისა. კლინიკის მმართველ კომპანიას, „უნიმედ აჭარას“ ჰქონდა აღებული ვალდებულება, რომ გადაუდებელი მდგომარეობის დროს მათ უზრუნველეყოთ პაციენტების გადაყვანა უფრო მაღალი დონის კლინიკაში. ეს არ განხორციელდა. ჩვენ მთელი ქრონომეტრაჟი შევისწავლეთ. იმ პერიოდში ადგილზე იმყოფებოდა რაიონული სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც შეეძლოთ ასეთ შემთხვევაში გამოეყენებინათ და გადაეყვანათ ეს ადამიანი, რაც მისი გადარჩენის შანსებს გაზრდიდა. პაციენტის შესვლიდან მხოლოდ 40 წუთის შემდეგ არის გაკეთებული გამოძახება კატასტროფის მედიცინის ცენტრში, მანქანა მართალია დაუყოვნებლივ გავიდა, მაგრამ რომდესაც ადგილზე მივიდა, პაციენტი სამწუხაროდ გარდაცვლილი იყო,“ – თქვა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.  

 

მინისტრის თქმით, არ შესრულდა სანებართვო პირობებით გათვალისწინებული რიგი მოთხოვნები, რამაც რისკის ქვეშ დააყენა ქირურგიული და სამეანო პროფილის პაციენტების მოვლა.

 

უშუალოდ რამ გამოიწვია 24 წლის ახალგაზრდის გარდაცვალება, ამ თემაზე პარასკევს, 15 მაისს, პროფესიული განვითარების საბჭოზე დარგის ექსპერტები იმსჯელებენ.

 

არჩილ ხაბაძე ავსტრიული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა

 

შეხვედრაზე განიხილეს აჭარაში მყარი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მიმდინარე პრობლემები და მათი მოგვარების გზები; პროგრამა ECOProfit-ის საპილოტე პროექტის აჭარაში განხორციელების შესაძლებლობები და ალტერნატიული ენერგიის წარმოების სფეროში სამომავლო პერსპექტივები; ასევე საუბარი შეეხო აჭარის რეგიონის გარემოს დაცვითი კონცეფციის შემუშავებას.

„აჭარის მთავრობა აპირებს რეგიონში დანერგოს ინოვაციური გადაწყვეტილებები ნარჩენების მართვის სისტემასთან მიმართებაში, რომელიც საშუალებას მისცემს რეგიონს არსებული ნარჩენებისაგან მიიღოს განახლებადი ენერგია. უნდა შემცირდეს მყარი ნარჩენებისგან ბიომასის გამოყოფა და მოხდეს მისი ენერგიის რესურსად გამოყენება. ასევე, იგეგმება არსებული ნაგავსაყრების გაუქმება და თანამედროვე ახალი ნაგასვაყრის მოწყობა.“ – აღნიშნა ფერდინანდ კოხმა.

ხანძარმა ხულოში ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

 

ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

„სამწუხარო ფაქტი მოხდა, დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად დეკანაშვილების თემში, სოფელ გოდგაძეებში ჩოგაძეების სახლი დაიწვა. ხანძრის დროს მოხუცი ქალი დაიღუპა. როგორც ოჯახის წევრებმა მითხრეს მოხუცებული მწოლიარე იყო, ხანძრის დროს კი ოჯახის სხვა წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

 

ხანძრის მიზეზები ჯერ არ არის დადგენილი, აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ. შენობა, რომელიც დაიწვა, ნახევრადკაპიტალური იყო. რაც შეეხება დაზარალებულ ექვსსულიან ოჯახს, ისინი  ამ დროისთვის ახლობელთან დავაბინავეთ, გავუწევთ როგორც ფინანსურ, ასევე მატერიალურ დახმარებას“ – განაცხადა ბესიკ ბაუჩიძემ „ბათუმელებთან”.

როდის გაიხსნება “დანკინ დონატსი” ბათუმში

 

 

სოსო ფხაკაძე
სოსო ფხაკაძე

ბატონო სოსო, ბათუმში სავაჭრო ცენტრი „სმარტი“ 2013 წელს უნდა გახსნილიყო. რატომ დაგვიანდა? 

 

დავიწყოთ იმით, რომ ძალიან საინტერესო ობიექტს ვხსნით, ეს მარტო “სმარტი” არ არის, ეს არის სავაჭრო ცენტრი საკმაოდ დიდი ზომის, თითქმის 7 ათასი კვ/მ. ჩვენი ჯგუფი დღეს წარმოადგენს ჰოლდინგს, სადაც გაერთიანებულია რამდენიმე პროექტი. საწყის ეტაპზე როდესაც დავიწყეთ აქ მშენებლობა, მოლაპარაკებას ვაწარმოებდით კომპანია „ვენდისთან“. თავიდანვე გვინდოდა, რომ მაქ მხოლოდ სუპერმარკეტი არ გვქონოდა.

 

ანუ სხვა ბრენდებიც შემოგყავთ?

 

 დიახ, “სმარტის” გამო კი ავირჩიეთ ეს ადგილი ბათუმში, მაგრამ თავიდანვე გვინდოდა მარტო „სმარტი” არ ყოფილიყო წარმოდგენილი. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და დავიწყეთ „ვენდის“ რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში. „ვენდის“ პირობებიდან გამომდინარე, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს უნდოდათ, რაღაც პერიოდი ჯერ თბილისში განვვითარებულიყავით და შემდეგ გავსულიყავით დედაქალაქის გარეთ. წარმატებული განვითარების ისტორია უნდა გქონდეს თბილისში, რომ რეგიონებში გახვიდე.

 

გამოდის, კიდევ გადაიდება ბათუმში ცენტრის გახსნა?

 

ფორსირებას ვეღარ ვაკეთებთ, ანუ ვერ დავაჩქარებთ მაქ მშენებლობას… იმიტომ, რომ ჩვენ ჩამოვიდეთ ახლა და იქ ავაშენოთ მარტო „სმარტი“ და „ვენდი“, შემდეგ ორ წელიწადში გავხსნათ, არ იქნება სწორი. „ვენდის“ მაქ მთელი ფართობის 20% უკავია – თავისი დრაივით, დაბადების დღისა თუ სათამაშო ზონებით, ყავის ცენტრით და ა.შ. ეს ისეთი ობიექტი იქნება, რომ ყველა ბათუმელს გაუხარდება.

 

ეს არ არის მარტივი პროცესი. წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა „ვენდის“ შემოსაყვანად. შემდეგ, შარშან, წლის ბოლოს მივიღეთ თანხმობა, რომ გაკეთდეს „ვენდი“ ბათუმში. მეორე საკითხი – შარშან წლის ბოლოს, სადღაც ნოემბერში, ხელი მოვაწერეთ ახალ კომპანიასთან ხელშეკრულებას – ეს არის „დანკინ დონატსი“.

 

 „დანკინ დონატსის“ ბათუმშიც გახსნით?

 

დღეს არის „დანკინ დონატსის“ სამი რესტორანი საქართველოში და იქნება 35. წლის ბოლომდე თბილისში გვექნება 15. წელს, იანვარში დავაყენე საკითხი, რომ ბათუმშიც გავაკეთოთ, მაგრამ იგივე მითხრეს – მოდი, ჯერ თბილისში განვვითარდეთ, ფეხი მოვიკიდოთ… ამერიკული მხარე თუ არ მოგცემს სერტიფიცირებას ადგილისას, ვერ გახსნი ობიექტს. ამერიკაში იგზავნება სპეციალური პაკეტი, სხვადასხვა პარამეტრები, მაგალითად, რამდენი ავტომანქანა, რამდენი ადამიანი დადის და ა.შ. და ისინი ამის საფუძველზე იძლევიან ნებართვას გახსნაზე.

 

დღეს გვაქვს ასეთი სიტუაცია, „დანკინ დონატსი“ გვეუბნება – კიდევ ორი რესტორანი გახსენით (რაც მოხდება ორ კვირაში ზუსტად, თბილისში), ამის შემდეგ, ხუთი რესტორანი რომ გექნებათ, დავაკვირდეთ სამი თვე გაყიდვებს, შევხედოთ როგორ განვითარდება პროცესი და შემდეგ მოგცემთ საშუალებას, გახვიდეთ თბილისს გარეთ.

 

გადაწყვეტილი გვაქვს, რომ „სმარტი“ მარტო აღარ იყოს, ის ყოველთვის წავა „ვენდისთან“ და „დანკინ დონატსთან“ ერთად.
თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურთან იხსნება პირველი დრაივის ტიპის რესტორანი 13 მაისს. ამერიკის ელჩი და ქალაქის მერი გახსნიან ამ ობიექტს. ყველა ბრენდს ერთმანეთს ვუკავშირებთ. რაც შეეხება ბათუმს, მანდ „ვისოლი“ არ იხსნება ხედავთ, მაგრამ იქნება „სმარტი“, „ვენდი“ დიდი ფორმატის და „დანკინ დონატსი“ ერთ შენობაში და ეს იქნება ხელით საჩვენებელი ობიექტი ბათუმელებისთვის.

 

მაინც რა დრო დაგჭირდებათ დაახლოებით?

 

ამას სოსო ფხაკაძე და ჩემი ჯგუფი არ წყვეტს, ეს არის ევოლუციური პროცესი, პარტნიორობა ამერიკულ მხარესთან. მოგეხსენებათ, „ვენდი“ – 45, „დანკინ დონატსი“ კი – 65 წლის კომპანიაა. ამიტომ მე მანდ ვერ დავაჩქარებ, არის ობიექტური გარემოებები და ამ გარემოებების გათვალისწინებით გვაქვს ძალიან თბილი დამოკიდებულება ორივე ბრენდთან. დარწმუნებული ვარ, როგორც კი, ხუთი რესტორანი გვექნება „დანკინ დონატსის“ თბილისში, ამის შემდეგ გავა 2-3 თვე და ვეტყვით, აი, რა გავაკეთეთ და ისინიც გვეტყვიან, კარგი პარტნიორები ხართ და გადით თბილისს გარეთო. თბილისში კი, მაისის ბოლომდე გვექნება ეს ხუთი რესტორანი.

 

ბათუმში მშენებლობის ნებართვა კომპანია „ველაჯიოზე“ გაიცა და ობიექტი 2013 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო (ამჯერად „ველაჯიოს“ შვილობილი „ველაჯიო დეველოპმენტი“ აგრძელებს მშენებლობას). რატომ ვერ ჩაბარდა ობიექტი დროულად?

 

„ველაჯიო“ ჩვენი კომპანიაა 100%-ით. ბათუმის მერიას მივმართეთ, ვთანამშრომლობთ ეფექტურად. ავუხსენით ის ობიექტური გარემოებები, თუ რის გამო ვერ ვხსნიდით სავაჭრო ცენტრს. ისინიც დაუდგნენ ბიზნესს გვერდით ძალიან ადამიანურად, პროფესიონალურად, სხვას არც მოველოდით და გადაავადეს ცენტრის გახსნა.

 

 მერიაში გვითხრეს, რომ ვადა 2015 წლის 29 აგვისტომდე მოგცეს. გამოდის, კიდევ გადაავადებენ?

 

კი, ამ ზაფხულამდე არის ვადა, მაგრამ ამაზე ხელის ჩაკიდება არ გამოვა. ჩვენ სიკეთეს ვაკეთებთ, შეიძლება გადავადდეს, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ კარგი პროდუქტი. მე შემიძლია მოვიდე ხვალ და მარტო „სმარტი“ გავხსნა, მაგრამ რატომ, რა აზრი აქვს. იყოს ყველაფერი ერთად ჰარმონიაში. შენობის ერთი ნაწილი გავხსნათ და დანარჩენი არა, ეს არ გამოვა, ჩვენ გვინდა მაქ სამივე ბრენდი ერთად გავაკეთოთ.

 

 რამდენი ადამიანის დასაქმებას აპირებთ?

 

 მინიმუმ 220 ადამიანი დასაქმდება ცენტრში. ამას დაემატება კიდევ გასაქირავებელი ფართობები, დაახლოებით 2200 კვ/მ. იქ განთავსდება სხვადასხვა მაღაზია და ობიექტი – აფთიაქი, ბანკი და ისინი კიდევ დაასაქმებენ ხალხს. 10 ან 12 მაღაზია იქნება, ალბათ – ტანსაცმლის, პარფიუმერიის… ეს იქნება ძალიან ცივილური სავაჭრო ცენტრი, მაღალი სტანდარტის. მაქ „ვენდის“ დრაივიც ექნება ერთ კუთხეში, პარკირებაც გაკეთდება.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 13 მილიონი დოლარის სესხი გაქვთ აღებული. ეს ბათუმში მშენებარე ობიექტთან არის რაიმე კავშირში?

 

ევრობანკისგან საკრედიტო რესურსი ჩვენ ავიღეთ სამი წლის წინ, დავამატეთ ჩვენი სახსრებიც და ავაშენეთ უკვე რამდენიმე ცენტრი. სექტემბერში გლდანში გაიხსნება დიდი სავაჭრო ცენტრი. რა მიზანიც გვქონდა – ვასრულებთ ჩვეულებრივად. ბათუმის ცენტრის გახსნა ხომ არ იყო შეთანხმებული ბანკთან? – ასე თუ ისმის კითხვა, ეს არის ბანკი, რომელთანაც გვაქვს კარგი პარტნიორული ურთიერთობა. ბანკთან ერთი დღე დაგვჭირდა იმ ობიექტური მიზეზების ასახსნელად, თუ რატომ არ გაიხსნება ჯერ ბათუმის ცენტრი. ეს მოტივირებულია ბიზნესგადაწყვეტილებით და ბანკსაც ის უნდა, რომ შენ წარმატებული საქმე აკეთო, სადაც ამდენი ბრენდი იქნება და ეს იქნება ცოტა მოგვიანებით, ამაზე არავითარი პრობლემა არ არის.

 

 „ველაჯიო დეველოპმენტის“ 49% წილიც გაასხვისეთ ბულგარეთში რეგისტრირებულ კომპანია „ჯი სთარზე“. ეს რით იყო განპირობებული?

 

 ეს კომპანიაც ჩვენი პარტნიორია. საქართველოში დიდი უძრავი ქონების კომპანიის შექმნა გვინდა და ამიტომ შემოვიყვანეთ. „ჯი სტარს“ სოლიდური გამოცდილება აქვს ამ კუთხით. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ბიზნესი გამსხვილდეს. თუ გვინდოდა, ვთქვათ, ჩვენი ძალებით 10 ცენტრის გაკეთება, ახლა პარტნიორთან ერთად გავაკეთებთ, ვთქვათ, 30-ს. ბიზნესში ასე ხდება – რაღაც ეტაპს მიაღწევ, შემდეგ პარტნიორი გჭირდება შემოიყვანო, რომ უფრო დიდი ბიზნესი შექმნა.

 

 და ბოლოს, ამ ყველაფრის ფონზე, „სმარტი“ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე დახურეთ. მიზეზი?

 

 ჩვენ ბიზნესმენები ვართ და როცა ვაკეთებთ ბიზნესს, უნდა მივიღოთ ეკონომიკური მოგება. იმ ადგილმა არ გაამართლა და ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ტვირთი არ ყოფილიყო ეს ობიექტი, ამიტომ დავხურეთ. ასე იქცევა ყველა დიდი ბრენდი მსოფლიოში… ხდება ისე, რომ ზოგიერთი კომპანია ვერ იღებს გადაწყვეტილებას დახუროს და არიგებს მოგებას ამა თუ იმ მაღაზიაში, თუ სავაჭრო ობიექტში, ესაა ცუდი. ჩვენ ეგეთი ბიზნესმენები არ ვართ _ თუ არ მუშაობს, არ ამართლებს, ჯობს დავხუროთ, სხვა რამე გავაკეთოთ ან გავაქირაოთ. მითუმეტეს, ახლა გვაქვს სხვა ბრენდებიც. მაგალითად, „დანკინ დონატს“ 4-ჯერ ნაკლები პერსონალი სჭირდება ოპერირებისთვის, ვიდრე სჭირდება „სმარტს“. არ ვადასტურებ, თუმცა არც გამოვრიცხავ, რომ მაგ ადგილზე გავხსნათ „დანკინ დონატსი“. 

 

გაძლევთ გარანტიას, რომ ბათუმში კარგ და თბილ სამ ბრენდს მოვიყვანთ ძალიან მალე. „სმარტი“ რაც იყო და არის, პატარა ფორმატში იყო. „სმარტი“ ამ ახალ ცენტრში იქნება წარმოდგენილი სრულად.

ფრიდონ საყვარელიძის საჯარო ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში

 

ლექცია ჩატარდება აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის – „უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ ფარგლებში. 

 

ლექცია გაიმართება 55-ე აუდიტორიაში. დასწრება თავისუფალია. 

საკუთრების იძულებით დათმობა ქობულეთში ავტობანის მშენებლობის გამო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ქობულეთის შემოვლითი გზის განვითარების პროექტის განხორციელების მიზნით, აუცილებელია, პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გამოსყიდვა:

„აღსანიშნავია, რომ ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება მესაკუთრეებთან უმეტესად მიღწეულია (დაახლოებით – 90%), მაგრამ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ქობულეთის შემოვლითი გზის განვითარების პროექტით განსაზღვრული სამუშაოების ზოლში ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა აჭყვაში და სოფელ ხუცუბანში მდებარე 3 უძრავი ქონების თანამესაკუთრესთან, რომლებმაც, შესაბამის საკომპენსაციო თანხის მიღებაზე ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტს“ უარი განუცხადეს.

ეს უძრავი ქონებები განთავსებულია ქობულეთის შემოვლითი გზის განვითარების პროექტის მშენებლობის ტერიტორიაზე, შესაბამისად, მათზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება“.

ექსპროპრიაციას ამჯერად დაექვემდებარა ეკატერინე კახიძის, ნანა ბაუჟაძის, მერი და სულეიმან სურმანიძეების თანასაკუთრებაში არსებული 2501 კვ/მ  მიწის ნაკვეთი  და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები; ასევე ბეგლარ, თემურ, თენგიზ და მაყვალა ქამაშიძეების თანასაკუთრებაში არსებული  მიწის ორი ნაკვეთი –  ჯამში 1736 კვ/მ ფართობის და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

2009 წლის 29 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) – საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა – პროექტი I. სწორედ აღნიშნული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში, ,,საავტომობილო გზების დეპარტამენტის“ მიერ ქობულეთის შემოვლითი გზის განვითარების პროექტისთვის დამუშავდა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ დამტკიცდა მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმა (LARP III).

სახლის პროექტი ზონალურ საბჭოში და მის შემდეგ

 

ბათუმი
ბათუმი

პროექტები, რომლებიც მაღლივი შენობების მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში ანუ ძეგლის მიმდებარედ ითვალისწინებს, მშენებლობის ნებართვის მიღებამდე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს. იმ შემთხვევაში, თუ ზონალური საბჭოს ცხრა წევრიდან ხუთი მაინც პროექტის დამტკიცებას მხარს დაუჭერს, საკითხი დადებითად გადაწყდება, ხუთი უარის შემთხვევაში კი, კომპანია მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებს. შესაძლებელია ასევე, რომ დეველოპერმა ზონალურ საბჭოს, მისივე შენიშვნების გათვალისწინებით, კორექტირებული პროექტით მეორედაც მიმართოს, რაც პრაქტიკის გათვალისწინებით ხშირ შემთხვევაში დადებითი პასუხის საფუძველი ხდება. მშენებლობაზე „მწვანე შუქის“ შემდეგ კი, თავად არქიტექტორები საუბრობენ ტენდენციაზე, როცა უკვე შეთანხმებული შენობის პარამეტრები მშენებლობის დასრულებამდე მენაშენის მოთხოვნების შესაბამისად იცვლება. 

 

„მოვა მენაშენე, შეგითანხმებს პროექტს, რომლის მიხედვითაც აშენებს შვიდსართულიანს. საძირკველს კი ცხრასართულიანისთვის ამოჭრის და იქვე მანსარდიც ექნება ჩაფიქრებული. შემდეგი შეთანხმებები უკვე ნაკლებ ხმაურს იწვევს, რადგან სამშენებლო მოედანი უკვე არსებობს და ხალხიც შეჩვეულია. მენაშენეს რამდენჯერმე შეაქვს მერიასთან შეთანხმებით ცვლილება პროექტში და პარამეტრები მისთვის სასარგებლოდ იცვლება“ – ამბობს ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი.

 

ამ ტენდენციის არსებობას მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ახალაძეც ადასტურებს: „დიახ, არის ორი ან სამი სართულის დამატების შემთხვევები, ამას კანონმდებლობა არ კრძალავს“. მისივე განმარტებით, თუ პროექტი ძეგლის დაცვის ზონაში ხორციელდება, შეთანხმებას ზონალურ საბჭოსთან ცვლილებაც ითვალისწინებს.

 

ამ დროის მონაცემებით სამშენებლო კომპანია „სახლი პიაცასთან“ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე #74-ში მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში უნდა განხორციელდეს, ამიტომაც კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მისაღებად პროექტი შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს წარუდგინა. საბჭოს სხდომაზე საკითხის დადებითად გადაწყვეტას საბჭოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. საოქმო ჩანაწერის მიხედვით რამდენიმე წევრმა პროექტი ძეგლთან მიმართებაში სიმაღლის გამო დაიწუნა. საბოლოო ჯამში, კომპანიას ახალი წინადადების წარდგენა მომიჯნავე შენობის განვითარების კონტექსტში შესთავაზეს. კომპანიამ კორექტირებული პროექტით საბჭოს უკვე მიმართა და პასუხს ელოდება.

 

საბჭომ ძეგლთან მიმართებაში სიმაღლის გამო უარი უთხრა კომპანია „ბიგ ჰაუსსაც.“ კომპანია ბარათაშვილის ქუჩაზე, #22-ში მაღლივი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ბარათაშვილის #23-ში მეოცე საუკუნის დასაწყისში აგებული ცირკის შენობა მდებარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. საბჭოს წევრებმა განმარტეს, რომ ამ უბანში მაქსიმალური სიმაღლე ექვსი სართული შეიძლება იყოს, რის შემდეგაც კომპანიამ სააგენტოს მეორედ მიმართა: „ფასადი დაბალი იქნება, მაგრამ შიგნით გვინდა უფრო მაღალი იყოს, რაც მეტი – მით უკეთესი, არ ვიცი რამდენის უფლებას მოგვცემენ“ – უთხრა კომპანიის დირექტორმა „ბათუმელებს“. მისივე ინფორმაციით „ბიგ ჰაუსი“ მრავალბინიან კორპუსს „ბათუმში არასტანდარტული საცხოვრისის ნაცვლად ახალი კორპუსების მშენებლობის“ პროგრამის ფარგლებში ააშენებს. პროგრამა მოსახლეობასთან შეთანხმებით არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების შემთხვევაში ახალი კორპუსის მშენებლობის შეთანხმებისას შეღავათებს ითვალისწინებს.

 

შპს „დეველოპმენტმა“ ზონალურ საბჭოს შეთანხმების თაობაზე 26 მაისის ქუჩაზე #21-ში, რვასართულიანი სახლის მანსარდით მშენებლობის თაობაზე მიმართა. საბჭომ კომპანიას სიმაღლის გამო უარი უთხრა და პროექტის არქიტექტურის დახვეწაზე მიუთითა. ამ ქუჩაზე, #32-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 1899 წელს აგებული ყოფილი სამუსიკო სკოლის შენობა მდებარეობს.

 

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩის #19-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის რესტავრაცია-დაშენების თაობაზე შეთანხმებას ითხოვდა შპს „აკმე ჯორჯიაც“. საბჭოს წევრებმა: თენგიზ ცინცაძემ, ზაურ ახვლედიანმა და ბიძინა აფხაზავამ პროექტის დამტკიცებაზე უარი თქვეს სიმაღლის გამო. ვლადიმერ მგალობლიშვილის, ირაკლი ახალაძის, ალექსანდრე მითაიშვილისა და ზაალ მამუჭაძის თანხმობით საკითხი დადებითად გადაწყდა.

 

საბჭომ უარი უთხრა ასევე კომპანია „დარ ბილდინგს“ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #17-ში მრავალსართულიანი სახლის მშენებლობაზე. საბჭოს წევრების მოსაზრებით, „პროექტის სიმაღლე გააუარესებს ძეგლის აღქმას.“

 

შეთანხმება ითხოვა შპს „ბაკურმაც“, კომპანია ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, #1-ში მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას გეგმავს. კომპანიას საბჭომ უარი რამდენიმე მიზეზის გამო უთხრა: „მშენებლობა არღვევს ძეგლის ისტორიულ განაშენიანებას“, „იწვევს რეკრეაციული ზონის განადგურებას.“

 

2015 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ზონალურმა საბჭომ კიდევ რამდენიმე ათეული პროექტი განიხილა, მათგან ნახევარზე მეტმა უარყოფითი პასუხი მიიღო. დაწუნებული პროექტების ავტორებმა კი, შენიშვნები გაითვალისწინეს და პროექტები ზონალურ საბჭოს ისევ გადაუგზავნეს.

 

ზონალურ საბჭოში ბათუმის მერიისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც შედიან. საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი ხელმძღვანელობს და ხმების გაყოფის შემთხვევაში მას გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს.

რატომ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება

 

სიმონ ჯანაშია. ფოტო: რადიო თავისუფლება
სიმონ ჯანაშია. ფოტო: რადიო თავისუფლება

 ბატონო სიმონ, დავიწყოთ იმით, თუ რა არის კრიტიკული აზროვნება. 


 კრიტიკული აზროვნება არ არის ერთი კონკრეტული უნარი, არამედ არის სულ სხვადასხვა უნარის გამოყენება იმისთვის, რომ იყო მრავალმხრივი, რაციონალურად აწონ-დაწონილი გადაწყვეტილებებით. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პიროვნული განვითარებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. მაგალითად, რაში გამოიხატება კრიტიკული აზროვნება – ეს არის უნარი, დავინახოთ მოვლენები მრავალი პერსპექტივიდან, არ ვეძებოთ მარტივი პასუხები რთულ კითხვებზე. ეს არის შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მოსაზრებები, რომლებსაც არ აქვთ რაიმე დასაბუთება ან მტკიცებულებები; უნარი, დავინახოთ, რომ ხშირ შემთხვევაში რაიმე პრობლემის გადასაჭრელად არსებობს არა ერთი, არამედ რამდენიმე პერსპექტივა. კრიტიკული აზროვნება გვეხმარება, რომ ალტერნატივებს შორის ვიპოვოთ საუკეთესო და არა ერთადერთი. 

 

კრიტიკული აზროვნების უნარი ეხმარება ადამიანს სწორი ნაბიჯები გადადგას თავის ცხოვრებაში, არ იყოს მანიპულაციების მსხვერპლი, შეეძლოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, რაც იქნება მისთვის ან მის გარშემო მყოფი ადამიანებისათვის სასიკეთო. აქედან გამომდინარე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია შეეძლოს კრიტიკულად აზროვნება. მაგალითად, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს ადამიანი აღარ იქნება მარტივად მართვადი, არ იქნება ოპონენტის მარიონეტი. კრიტიკული აზროვნება ასევე ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ქმედებებზე.

 

როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება?


 კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანია ვასწავლოთ მრავალმხრივ კონტექსტში. ცალკე საგანი კრიტიკული აზროვნებაში არ არსებობს და უაზრობაც იქნებოდა ასეთი საგნის არსებობა, ამიტომ უნდა ისწავლებოდეს ნებისმიერ საგანში. მაგალითად, როდესაც მათემატიკას ვასწავლით, გვჭირდება დაფიქრება იმაზე, ხომ არ არსებობს ამოცანების ამოხსნის ალტერნატიული გზები. დაფიქრება იმაზე, ხომ არ შეიძლება მათემატიკა გამოვიყენოთ სხვა ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად. ლიტერატურაში კრიტიკული აზროვნება გვეხმარება დავინახოთ სხვადასხვა შრე, რომელსაც ავტორი გვთავაზობს, ან ალტერნატიული ინტერპრეტაციები.

 

კრიტიკული აზროვნება გვეხმარება ასევე იმაში, რომ განსხვავებულ აზრზე შეგვეძლოს საკუთარი პოზიციის წარმოჩენა. ეს ნებისმიერ საგანში უნდა გამოიყენებოდეს. ამის გარდა მხოლოდ საგნებში არ უნდა ისწავლებოდეს კრიტიკული აზროვნება, მნიშვნელოვანია ვასწავლოთ მოსწავლეებს გადაწყვეტილების მიღება და ქცევა ზოგადად ცხოვრებაში, არა მხოლოდ დისციპლინასთან მიმართებაში. მაგალითად, მოსწავლე უნდა აკეთებდეს ხშირად არჩევანს საკუთარ სწავლასთან დაკავშირებით, სკოლაში არსებულ კულტურასთან დაკავშირებით, გამოხატავდეს საკუთარ დამოკიდებულებას.

 

ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ სკოლაში ცუდად ისწავლება კრიტიკული აზროვნება, არის ის, რომ კრიტიკული აზროვნება გაიგივებულია უარყოფით კრიტიკასთან. ბევრი სკოლადამთავრებული მიიჩნევს, რომ კრიტიკულად აზროვნებ მხოლოდ მაშინ, თუ რაღაც არ მოგწონს. სინამდვილეში კრიტიკული აზროვნება ნიშნავს შეფასებებს მრავალი კუთხით და არა მხოლოდ ნეგატიური, არამედ პოზიტიური კუთხითაც.

 

კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ის ფაქტორიც, როდესაც მასწავლებლები მოსწავლეებს ეკითხებიან აზრს გაკვეთილების მიღმაც. მაგალითად, როდესაც დერეფანში მასწავლებელი შეხვდება მოსწავლეს და აქვს მხოლოდ რამდენიმე წუთი, უკეთესი იქნება თუ ის დაელაპარაკება მოსწავლეს არა მხოლოდ იმის შესახებ, რასაც ასწავლის, არამედ ზოგადად სკოლაში თუ იმის გარეთ არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

 

ეროვნული სასწავლო გეგმით სწავლების პროცესში უმთავრესი უნდა იყოს კრიტიკული აზროვნება. თქვენი შეფასებით, რამდენად პასუხობს დღეს სკოლაში არსებული რეალობა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს?


 ეროვნული სასწავლო გეგმა არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რასაც სახელმწიფო უყენებს სკოლას, მაგრამ არის ამ მოთხოვნის სხვა წყაროებიც. მაგალითად, საზოგადოებაში არსებული კულტურა, რომელიც მაინცადამაინც წამახალისებელი არ არის კრიტიკული აზროვნების.


როდესაც ვხედავთ იმას, რომ მასწავლებლები ხშირად ბრაზდებიან, თუ მოსწავლე ეჭვქვეშ დააყენებს მათ მოსაზრებებს, ეს სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ კრიტიკული აზროვნების კულტურა არ არის სკოლებში. მეორე – მოსაზრება, რომ არის ტაბუდადებული თემები, რომელთა შესახებ კრიტიკული აზროვნება იკრძალება. ეს ძირითადად რელიგიური თემებია და სკოლებში გავრცელებულია პრაქტიკა, როდესაც მასწავლებლები და მშობლები უკრძალავენ ერთმანეთს საჯაროდ საკამათო საკითხებზე საუბარს, რაც შეიძლება ვიღაცისთვის რწმენის სფერო იყოს. ეს არის პრინციპში ძალიან საშიში, იმიტომ რომ მოსწავლეებს ასწავლის კრიტიკული აზროვნების ნაცვლად ავტორიტეტებისა და სისტემების მორჩილებას. ეს არის პრობლემა.

 

ასევე კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა ჩანს მედიაში. თუ დავაკვირდებით ძირითადად რა გადის პრაიმტაიმში, ვნახავთ, რომ იშვიათად არის რაიმეს ანალიზი, სადაც მოშველიებულია მტკიცებულებები, სტატისტიკა. ძირითადად, ესაა ემოციური კამათი რაღაცის შესახებ, რაც კრიტიკული აზროვნება ნამდვილად არ არის.

 

კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა ჩანს იმაშიც, თუ როგორ იყენებენ სკოლაში სახელმძღვანელოებს მასწავლებლები. მაგალითად, როცა ისტორიის სახელმძღვანელოებში გაჩნდა საისტორიო წყაროები და სავარჯიშოები, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს უნდა შეეფასებინათ წყაროს ავთენტურობა, წყაროს ავტორის მოტივაცია და ა.შ., ამის ნაცვლად მასწავლებლებმა სავარჯიშოები გარდაქმნეს დამახსოვრების სავარჯიშოებად. მოსწავლე, იმის ნაცვლად, რომ შეაფასოს რა მსგავსებები და განსხვავებებია ერთი და იმავე მოვლენის ამსახველ სხვადასხვა წყაროს შორის, ვალდებულია მოყვეს, გაიმეოროს ის, რაც ითქვა მრავალი საუკუნის წინ. ხშირად მასწავლებლებს ავიწყდებათ, რომ კრიტიკული აზროვნების განვითარების გარდა ასევე მნიშვნელოვანია შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაც.

 

 რა როლი აქვს მასწავლებელს კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობაში და რამდენად არიან მზად ქართველი მასწავლებლები, რომ ასწავლონ კრიტიკული აზროვნება მოსწავლეებს? 

 

მასწავლებელი, პირველ რიგში, მაგალითი უნდა იყოს. მოდი, შევხედოთ საზოგადოებრივი მსჯელობის რა ფორმებია დღეს გავრცელებული, მათ შორის სკოლებშიც. მაგალითად, შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ყველა მოსწავლე არის ასეთი, ან ყველა პოლიტიკოსი არის ასეთი და ასეთი. ამ დროს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ფრთხილად ისაუბრებდა ამაზე და იტყოდა, მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი, ან ზოგიერთი მოსწავლე, ან ზოგიერთი პოლიტიკოსი და ა.შ. ეს არის სააზროვნო ენა, რომელიც გვაჩვენებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი ემოციებით ვიმართებით, არამედ გვაქვს რაციონალური გზები, ის, თუ როგორ შეიძლება ვიურთიერთოთ ჩვენ გარშემო არსებულ სოციალურ თუ ფიზიკურ სამყაროსთან. ეს არის მნიშვნელოვანი, ერთი რომ იცოდნენ ენა, მეორე – იყვნენ მაგალითი, რაც გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელი მრავალმხრივად უნდა აფასებდეს იმას, რასაც ასწავლის. მასწავლებელი, რომელიც მოსწავლის შეფასებაში წერს უბრალოდ „ყოჩაღს“ ან ამბობს, ეს რა ცუდად დაგიწერიაო, ვერ იქნება მაგალითი სხვებისთვის. მაგალითი რომ იყოს, ის უნდა უხსნიდეს მოსწავლეს, თუ რას აკეთებს ის კარგად ან ცუდად.

 

 როგორ შეიძლება კრიტიკული აზროვნება სასწავლო პროცესის ნაწილი გახდეს და არ დარჩეს მხოლოდ საუბრის და განხილვის დონეზე? ტარდება ტრენინგები, საუბრობენ კრიტიკული აზროვნების სწავლების აუცილებლობაზე, თუმცა რეალურად ეს არ ხდება. როგორ ფიქრობთ, სად არის პრობლემა?

 

 ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ არ გვაქვს მაინცადამაინც კარგი მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასწავლიან ან როგორ ავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას. დღეს უფრო კარგად ასწავლიან კრიტიკულ აზროვნებას, ვიდრე ათი წლის წინ. ახლა რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მასწავლებლებს აკლიათ გამოცდილება. სპეციალურ სავარჯიშოებს, სხვათა შორის, ახლა უფრო მეტი მასწავლებელი იყენებს, ვიდრე თუნდაც ხუთი წლის წინ. მაგალითად, დებატებს გაცილებით მეტი მასწავლებელი მიმართავს, ასევე როლურ თამაშებსაც. მაგრამ ცხადია, ეს არ არის საკმარისი. მთავარი არის ღირებულებების ცვლილება. სანამ მასწავლებლები თავად არ იქნებიან კრიტიკულად მოაზროვნეები, სანამ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები უფრო მეტ პატივისცემას არ დაიმსახურებენ, ვიდრე ისინი, ვინც ავტორიტეტებს უსმენს, მანამდე კრიტიკული აზროვნება იქნება განათლების მხოლოდ მექანიკური ნაწილი.

Exit mobile version