სიახლეები

მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით თურქეთისა და ბანგლადეშის მოქალაქეები დააკავეს

15.05.2015 • 1377
მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ბრალდებით თურქეთისა და ბანგლადეშის მოქალაქეები დააკავეს

 

 

საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული თურქლს თ, ბანგლადეშის მოქალაქეები – 1993 წელს დაბადებული მუსტაკ ა. და 1986 წელს დაბადებული მურად მ. დააკავეს.

 

სამართალდამცავებმა თურქლს თ-ს მფლობელობაში არსებული, „დაფის“ მარკის, მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერებისას სალონში მოწყობილი სამალავი აღმოაჩინეს, რომელშიც ბანგლადეშის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
 
 
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული სამალავის საშუალებით თურქლს თ. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარზე მუსტაკ ა-სა და მურად მ-ს უკანონოდ გადაყვანას ცდილობდა.
 
 
გამოძიება თურქლ თ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), ხოლო მურად მ-ს და მუსტაკ ა-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
 

გადაბეჭდვის წესი