კვირის ამბები

რატომ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება

13.05.2015 • 8845
რატომ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება

 

სიმონ ჯანაშია. ფოტო: რადიო თავისუფლება
სიმონ ჯანაშია. ფოტო: რადიო თავისუფლება

 ბატონო სიმონ, დავიწყოთ იმით, თუ რა არის კრიტიკული აზროვნება. 


 კრიტიკული აზროვნება არ არის ერთი კონკრეტული უნარი, არამედ არის სულ სხვადასხვა უნარის გამოყენება იმისთვის, რომ იყო მრავალმხრივი, რაციონალურად აწონ-დაწონილი გადაწყვეტილებებით. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პიროვნული განვითარებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. მაგალითად, რაში გამოიხატება კრიტიკული აზროვნება – ეს არის უნარი, დავინახოთ მოვლენები მრავალი პერსპექტივიდან, არ ვეძებოთ მარტივი პასუხები რთულ კითხვებზე. ეს არის შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დავაყენოთ მოსაზრებები, რომლებსაც არ აქვთ რაიმე დასაბუთება ან მტკიცებულებები; უნარი, დავინახოთ, რომ ხშირ შემთხვევაში რაიმე პრობლემის გადასაჭრელად არსებობს არა ერთი, არამედ რამდენიმე პერსპექტივა. კრიტიკული აზროვნება გვეხმარება, რომ ალტერნატივებს შორის ვიპოვოთ საუკეთესო და არა ერთადერთი. 

 

კრიტიკული აზროვნების უნარი ეხმარება ადამიანს სწორი ნაბიჯები გადადგას თავის ცხოვრებაში, არ იყოს მანიპულაციების მსხვერპლი, შეეძლოს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, რაც იქნება მისთვის ან მის გარშემო მყოფი ადამიანებისათვის სასიკეთო. აქედან გამომდინარე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია შეეძლოს კრიტიკულად აზროვნება. მაგალითად, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დროს ადამიანი აღარ იქნება მარტივად მართვადი, არ იქნება ოპონენტის მარიონეტი. კრიტიკული აზროვნება ასევე ნიშნავს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ ქმედებებზე.

 

როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნება?


 კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვანია ვასწავლოთ მრავალმხრივ კონტექსტში. ცალკე საგანი კრიტიკული აზროვნებაში არ არსებობს და უაზრობაც იქნებოდა ასეთი საგნის არსებობა, ამიტომ უნდა ისწავლებოდეს ნებისმიერ საგანში. მაგალითად, როდესაც მათემატიკას ვასწავლით, გვჭირდება დაფიქრება იმაზე, ხომ არ არსებობს ამოცანების ამოხსნის ალტერნატიული გზები. დაფიქრება იმაზე, ხომ არ შეიძლება მათემატიკა გამოვიყენოთ სხვა ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად. ლიტერატურაში კრიტიკული აზროვნება გვეხმარება დავინახოთ სხვადასხვა შრე, რომელსაც ავტორი გვთავაზობს, ან ალტერნატიული ინტერპრეტაციები.

 

კრიტიკული აზროვნება გვეხმარება ასევე იმაში, რომ განსხვავებულ აზრზე შეგვეძლოს საკუთარი პოზიციის წარმოჩენა. ეს ნებისმიერ საგანში უნდა გამოიყენებოდეს. ამის გარდა მხოლოდ საგნებში არ უნდა ისწავლებოდეს კრიტიკული აზროვნება, მნიშვნელოვანია ვასწავლოთ მოსწავლეებს გადაწყვეტილების მიღება და ქცევა ზოგადად ცხოვრებაში, არა მხოლოდ დისციპლინასთან მიმართებაში. მაგალითად, მოსწავლე უნდა აკეთებდეს ხშირად არჩევანს საკუთარ სწავლასთან დაკავშირებით, სკოლაში არსებულ კულტურასთან დაკავშირებით, გამოხატავდეს საკუთარ დამოკიდებულებას.

 

ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ სკოლაში ცუდად ისწავლება კრიტიკული აზროვნება, არის ის, რომ კრიტიკული აზროვნება გაიგივებულია უარყოფით კრიტიკასთან. ბევრი სკოლადამთავრებული მიიჩნევს, რომ კრიტიკულად აზროვნებ მხოლოდ მაშინ, თუ რაღაც არ მოგწონს. სინამდვილეში კრიტიკული აზროვნება ნიშნავს შეფასებებს მრავალი კუთხით და არა მხოლოდ ნეგატიური, არამედ პოზიტიური კუთხითაც.

 

კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას ხელს უწყობს ის ფაქტორიც, როდესაც მასწავლებლები მოსწავლეებს ეკითხებიან აზრს გაკვეთილების მიღმაც. მაგალითად, როდესაც დერეფანში მასწავლებელი შეხვდება მოსწავლეს და აქვს მხოლოდ რამდენიმე წუთი, უკეთესი იქნება თუ ის დაელაპარაკება მოსწავლეს არა მხოლოდ იმის შესახებ, რასაც ასწავლის, არამედ ზოგადად სკოლაში თუ იმის გარეთ არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

 

ეროვნული სასწავლო გეგმით სწავლების პროცესში უმთავრესი უნდა იყოს კრიტიკული აზროვნება. თქვენი შეფასებით, რამდენად პასუხობს დღეს სკოლაში არსებული რეალობა ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს?


 ეროვნული სასწავლო გეგმა არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რასაც სახელმწიფო უყენებს სკოლას, მაგრამ არის ამ მოთხოვნის სხვა წყაროებიც. მაგალითად, საზოგადოებაში არსებული კულტურა, რომელიც მაინცადამაინც წამახალისებელი არ არის კრიტიკული აზროვნების.


როდესაც ვხედავთ იმას, რომ მასწავლებლები ხშირად ბრაზდებიან, თუ მოსწავლე ეჭვქვეშ დააყენებს მათ მოსაზრებებს, ეს სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ კრიტიკული აზროვნების კულტურა არ არის სკოლებში. მეორე – მოსაზრება, რომ არის ტაბუდადებული თემები, რომელთა შესახებ კრიტიკული აზროვნება იკრძალება. ეს ძირითადად რელიგიური თემებია და სკოლებში გავრცელებულია პრაქტიკა, როდესაც მასწავლებლები და მშობლები უკრძალავენ ერთმანეთს საჯაროდ საკამათო საკითხებზე საუბარს, რაც შეიძლება ვიღაცისთვის რწმენის სფერო იყოს. ეს არის პრინციპში ძალიან საშიში, იმიტომ რომ მოსწავლეებს ასწავლის კრიტიკული აზროვნების ნაცვლად ავტორიტეტებისა და სისტემების მორჩილებას. ეს არის პრობლემა.

 

ასევე კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა ჩანს მედიაში. თუ დავაკვირდებით ძირითადად რა გადის პრაიმტაიმში, ვნახავთ, რომ იშვიათად არის რაიმეს ანალიზი, სადაც მოშველიებულია მტკიცებულებები, სტატისტიკა. ძირითადად, ესაა ემოციური კამათი რაღაცის შესახებ, რაც კრიტიკული აზროვნება ნამდვილად არ არის.

 

კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა ჩანს იმაშიც, თუ როგორ იყენებენ სკოლაში სახელმძღვანელოებს მასწავლებლები. მაგალითად, როცა ისტორიის სახელმძღვანელოებში გაჩნდა საისტორიო წყაროები და სავარჯიშოები, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს უნდა შეეფასებინათ წყაროს ავთენტურობა, წყაროს ავტორის მოტივაცია და ა.შ., ამის ნაცვლად მასწავლებლებმა სავარჯიშოები გარდაქმნეს დამახსოვრების სავარჯიშოებად. მოსწავლე, იმის ნაცვლად, რომ შეაფასოს რა მსგავსებები და განსხვავებებია ერთი და იმავე მოვლენის ამსახველ სხვადასხვა წყაროს შორის, ვალდებულია მოყვეს, გაიმეოროს ის, რაც ითქვა მრავალი საუკუნის წინ. ხშირად მასწავლებლებს ავიწყდებათ, რომ კრიტიკული აზროვნების განვითარების გარდა ასევე მნიშვნელოვანია შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაც.

 

 რა როლი აქვს მასწავლებელს კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობაში და რამდენად არიან მზად ქართველი მასწავლებლები, რომ ასწავლონ კრიტიკული აზროვნება მოსწავლეებს? 

 

მასწავლებელი, პირველ რიგში, მაგალითი უნდა იყოს. მოდი, შევხედოთ საზოგადოებრივი მსჯელობის რა ფორმებია დღეს გავრცელებული, მათ შორის სკოლებშიც. მაგალითად, შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ყველა მოსწავლე არის ასეთი, ან ყველა პოლიტიკოსი არის ასეთი და ასეთი. ამ დროს კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ფრთხილად ისაუბრებდა ამაზე და იტყოდა, მოსწავლეების მნიშვნელოვანი ნაწილი, ან ზოგიერთი მოსწავლე, ან ზოგიერთი პოლიტიკოსი და ა.შ. ეს არის სააზროვნო ენა, რომელიც გვაჩვენებს, რომ ჩვენ არა მხოლოდ საკუთარი ემოციებით ვიმართებით, არამედ გვაქვს რაციონალური გზები, ის, თუ როგორ შეიძლება ვიურთიერთოთ ჩვენ გარშემო არსებულ სოციალურ თუ ფიზიკურ სამყაროსთან. ეს არის მნიშვნელოვანი, ერთი რომ იცოდნენ ენა, მეორე – იყვნენ მაგალითი, რაც გულისხმობს იმას, რომ მასწავლებელი მრავალმხრივად უნდა აფასებდეს იმას, რასაც ასწავლის. მასწავლებელი, რომელიც მოსწავლის შეფასებაში წერს უბრალოდ „ყოჩაღს“ ან ამბობს, ეს რა ცუდად დაგიწერიაო, ვერ იქნება მაგალითი სხვებისთვის. მაგალითი რომ იყოს, ის უნდა უხსნიდეს მოსწავლეს, თუ რას აკეთებს ის კარგად ან ცუდად.

 

 როგორ შეიძლება კრიტიკული აზროვნება სასწავლო პროცესის ნაწილი გახდეს და არ დარჩეს მხოლოდ საუბრის და განხილვის დონეზე? ტარდება ტრენინგები, საუბრობენ კრიტიკული აზროვნების სწავლების აუცილებლობაზე, თუმცა რეალურად ეს არ ხდება. როგორ ფიქრობთ, სად არის პრობლემა?

 

 ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ არ გვაქვს მაინცადამაინც კარგი მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ასწავლიან ან როგორ ავითარებენ კრიტიკულ აზროვნებას. დღეს უფრო კარგად ასწავლიან კრიტიკულ აზროვნებას, ვიდრე ათი წლის წინ. ახლა რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ მასწავლებლებს აკლიათ გამოცდილება. სპეციალურ სავარჯიშოებს, სხვათა შორის, ახლა უფრო მეტი მასწავლებელი იყენებს, ვიდრე თუნდაც ხუთი წლის წინ. მაგალითად, დებატებს გაცილებით მეტი მასწავლებელი მიმართავს, ასევე როლურ თამაშებსაც. მაგრამ ცხადია, ეს არ არის საკმარისი. მთავარი არის ღირებულებების ცვლილება. სანამ მასწავლებლები თავად არ იქნებიან კრიტიკულად მოაზროვნეები, სანამ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები უფრო მეტ პატივისცემას არ დაიმსახურებენ, ვიდრე ისინი, ვინც ავტორიტეტებს უსმენს, მანამდე კრიტიკული აზროვნება იქნება განათლების მხოლოდ მექანიკური ნაწილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: