კვირის ამბები

შუახევში მომხდარი მკვლელობის საქმე

15.05.2015
შუახევში მომხდარი მკვლელობის საქმე

ბრალდებულის უფლებებს სასამართლოში ადვოკატი ჯემალ კიკნაძე იცავს. პირველ სასამართლო სხდომაზე მან მოსამართლეს პატიმრის გათავისუფლება გირაოს – ოცი ათასი ლარის სანაცვლოდ სთხოვა. მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც მან განმარტა, ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ პროკურორის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, არ არის გამორიცხული ბრალდებულმა ახალი დანაშაული ჩაიდინოს, ან ხელი შეუშალოს საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას და მიემალოს გამოძიებას.

მოსამართლემ თქვა, რომ ერთ-ერთი მოწმის ჩვენების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დათო დავითაძეს, ხოლო ორი ადამიანი დაჭრა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა: `მოწმე, რომლის მანქანითაც ბრალდებული გადაადგილდებოდა, ამბობს, რომ ბრალდებული მანქანის უკანა სალონში წამოწვა“.

„მიიმალა თუ არა შემთხვევის ადგილიდან მას შემდეგ, რაც ადამიანს დანით ჭრილობა მიაყენა?“ – პროკურორის ამ კითხვას ბრალდებულმა არ უპასუხა. ის დუმილის უფლებით სარგებლობს.

ფაქტი გასულ კვირას შუახევის ცენტრში, ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. შელაპარაკების დროს მუცლის არეში დაჭრილი 25 წლის დათო დავითაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს და 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებული ყოფილი პატიმარია, როგორც მან მოსამართლეს უთხრა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის გამო. ბრალდებული იმ 190 ადამიანს შორის მოხვდა, რომლებსაც ხელისუფლებამ ოფიციალურად უწოდა „პოლიტპატიმარი და პოლიტიკური ნიშნით დევნილი“.

პროკურორმა რამაზ შავაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე ტარდება სამედიცინო ექსპერტიზა. შესაძლოა ექსპერტების დასკვნის შემდეგ ბრალდებულის კვალიფიკაცია დაზუსტდეს. მანამდე კი გამოძიება ორი დაჭრილი ადამიანის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ელოდება და ეძებს დანას, რომლითაც ბრალდებულმა სამი ადამიანი დაჭრა, მათგან ერთ-ერთს კი, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: