სიახლეები

მივა თუ არა ბათუმის მერი საკრებულოს სხდომაზე

14.05.2015 • 1638
მივა თუ არა ბათუმის მერი საკრებულოს სხდომაზე

 

სხდომა ბათუმის საკრებულოში
სხდომა ბათუმის საკრებულოში

ორი კვირის წინ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა საკრებულოს თავმჯდომარეს წერილი მისწერა, სადაც მან ირაკლი ჭეიშვილს განუმარტა, თუ რატომ ვერ დაესწრებოდა საკრებულოს სხდომას. ამ სხდომაზე მერიას წარმომადგენლობითი ორგანოსთვის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში უნდა წარედგინა.

 

კანონმდებლობით, ბიუჯეტის ანგარიშის წარდგენა ქალაქის მერს ევალება. მოხსენების შემდეგ კი, საკრებულოს წევრებს საშუალება უნდა მიეცეთ მერს დაუსვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, მიაწოდონ მათი აზრი ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხზე და გამოთქვან შენიშვნები.

 

საგანგებოდ მიწერილ წერილში მერმა საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს განუმარტა, რომ სხდომას საპატიო მიზეზით, ავსტრიის რესპუბლიკაში მივლინების გამო ვერ დაესწრებოდა. ავსტრიაში ბათუმის მერი საქალაქო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. მერის ნაცვლად საკრებულოს ანგარიში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ არჩილ ვანაძემ წარუდგინა.

 

მერის სხდომაზე არმისვლას აქტიურად აპროტესტებს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე: „არ მოდის მერი სხდომაზე. ის ზის სამუშაო კაბინეტში და მონიტორის საშუალებით უყურებს სხდომას, რადგან არ აქვს პასუხები კითხვებზე. ბოლოს რომ იყო სხდომაზე, გაბრაზებული ელაპარაკებოდა საკრებულოს წევრებს, რადგან კითხვებზე ვერ უპასუხა. არც შარშან და არც წელს მერმა შესრულების ანგარიში თავად არ წარმოადგინა.“

 

გიორგი კირთაძეს წინა მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა, თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა 2007-2010 წლების მოწვევის ბათუმის საკრებულოშიც, როცა ბათუმის მაშინდელი მერის რობერტ ჩხაიძის სხდომაზე არმისვლას საკრებულოს ოპოზიცია – რესპუბლიკელ ირაკლი ჩავლეიშვილს (რომელსაც ახლა საკრებულოს მოადგილის თანამდებობა უკავია) აქტიურობით თითქმის ყველა სხდომაზე ითხოვდა. თუმცა რობერტ ჩხაიძე სხდომაზე არ მისულა არც ანგარიშის წარსადგენად და არც ბიუჯეტის დამტკიცებისას.

 

კითხვაზე, რამდენად ხშირად მოდიოდა სხდომაზე რობერტ ჩხაიძე და ეს საკითხი მწვავედ მაშინ რატომ არ იდგა დღის წესრიგში გიორგი კირთაძისთვის? _ ყოფილი თავმჯდომარე პასუხობს:

 

„მაშინ ჩავლეიშვილი ყველა სხდომაზე ითხოვდა რობერტ ჩხაიძის დასწრებას. მაგრამ მაშინ ასეთი პერიოდულობით სხდომების გაცდენა არ ხდებოდა. მე ვამბობ, რომ ქალაქის მერი პრინციპულად არ მოდის საკრებულოს სხდომაზე. თუ რობერტი ვერ მოდიოდა, მოდიოდა ვიცე-მერი, რომელიც ბიუჯეტზე იყო პასუხისმგებელი და ჰქონდა პასუხები, როცა კითხვას ვსვამდით. ჩვენ პასუხის გამცემი აღარ გვყავს სხდომაზე“.

 

მერის სხდომაზე არ მისვლის საკითხს აპროტესტებენ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიც“.

 

„რაც წინა მოწვევის საკრებულოებში ხდებოდა, იყო მანკიერი პრაქტიკა და არ უნდა გაგრძელდეს. მერს არ აქვს ვალდებულება ყველა სხდომაზე მოვიდეს, მაგრამ ვალდებულია წარმოადგინოს ანგარიში და უპასუხოს საკრებულოს წევრების კითხვებს. უკვე მერამდენე სხდომაა რაც საკრებულოს წევრები ვითხოვთ მერის მოსვლას, მაგრამ უშედეგოდ. წინა მოწვევის საკრებულოს პირობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მაინც საკრებულოს თავმჯდომარესთან შემოდიოდა, რადგან საკრებულოს თავმჯდომარე აწერდა ხელს. ახლა მერი აწერს ხელს, თუმცა ანგარიშვალდებულია საკრებულოსთან. როცა ინფორმაციას ვითხოვთ წერილობით, ვიღებთ მას და ამ კუთხით პრობლემა არ გვაქვს. თუმცა გვქონია შემთხვევები, საკითხი ისე შემოუტანიათ სხდომაზე, რომ ამით უმრავლესობაც გაკვირვებული დარჩენილა“, – ამბობს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე კობა ჩხეიძე.

 

საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა საკრებულოსა და მერიას შორის სუბორდინაციის საკითხზე „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა. თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ჩავლეიშვილის განმარტებით, საკითხი დღის წესრიგში არც ისე მწვავედ დგას და არც მერთან შესვლაა პრობლემა.

 

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა, ისე როგორც მისი წინამორბედი – „ნაციონალური მოძრაობა“, მერის სხდომაზე მისვლა-მიუსვლელობის საკითხს პრობლემად არ მიიჩნევს. უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, „მერის არ მისვლა საპატიო იყო და მომავალში მერი სხდომაზე ისევ მივა.“

 

„მერს ყველა სხდომაზე მისვლა კანონმდებლობით არ ევალება. ანგარიშის წარდგენისას ის ავსტრიაში იმყოფებოდა, ამიტომ ანგარიში წარადგინა უფლებამოსილმა პირმა“ – განმარტეს მერის პრესსამსახურში.

გადაბეჭდვის წესი