Batumelebi | რა ხეხილის დაზღვევა შეუძლია ფერმერს რა ხეხილის დაზღვევა შეუძლია ფერმერს – Batumelebi
RU | GE  

რა ხეხილის დაზღვევა შეუძლია ფერმერს


საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგროდაზღვევისთვის წელს ათი მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. აგროდაზღვევა სასოფლო-სამეურნეო კულტურების 38 სახეობაზე გავრცელდება. ფერმერების მოსავალს ქვეყანაში მოქმედი ლიცენზირებული კომპანიები დააზღვევენ. ზარალის შემთხვევაში ფერმერს 90% აუნაზღაურდება. 

 

სოფელი აჭარაში
სოფელი აჭარაში

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო მეორე წელია რაც აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამას ახორციელებს. სახელმწიფო პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით გასული წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა და წელსაც გრძელდება. პროგრამის დასაფინანსებლად 2015 წელს სახელმწიფომ 10 მილიონი ლარი გამოყო. ფერმერების მოსავალს ექვსი სადაზღვევო კომპანია დააზღვევს.

 

პროგრამის მენეჯერი ლევან მაღრაძე ამბობს, რომ აგროდაზღვევა სასოფლო-სამეურნეო კულტურების 38 სახეობაზე გავრცელდება და ეს კულტურები ეკონომიკური და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით შეარჩიეს. აგროდაზღვევისთვის საჭირო თანხა კი ქვეყნის ბაზარზე შესაძლო მოთხოვნებიდან გამომდინარე დათვალეს.
„ყურადღება ისეთ კულტურებზე გავამახვილეთ, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული და მოსახლეობის შემოსავლის წყაროა. სახელმწიფო დაზღვევის 60%-ს გადაიხდის, 40% კი ფერმერმა უნდა გადაიხადოს. წელს სადაზღვევო კომპანია შეწყვეტს აგროდაზღვევას, როგორც კი ბიუჯეტი ამოიწურება, თუმცა ჩვენი გათვლებით, 10 მილიონი ლარი საკმარისია სადაზღვევო პერიოდის ამოწურვამდე, 10 დეკემბრამდე“, – ამბობს ლევან მაღრაძე.

 

აგროდაზღვევით სარგებლობა ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეუძლია, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში ხუთ ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი აქვს. 5 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთს სახელმწიფო არ დააზღვევს, გარდა ხორბლის შემთხვევისა, რომლის დაზღვევა 15 ჰექტრამდე ნაკვეთზე ვრცელდება.

 

„ფართობზე შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ რეგისტრირებულ კოოპერატივს. თუმცა, სადაზღვევო კომპანია დაზარალებულ კოოპერატივს ზარალს მხოლოდ 50 000 ლარამდე აუნაზღაურებს“, – განმარტავს პროგრამის მენეჯერი.
დაინტერესებულ ფერმერსა თუ სასოფლო-სამეურნო კოოპერატივს შეუძლია ხუთი სადაზღვევო კომპანიიდან მისთვის სასურველი აირჩიოს. ზარალის შემთხვევაში ნებისმიერი სადაზღვევო კომპანია ვალდებულია დაზღვეულ ფერმერს ზარალის 90% აუნაზღაუროს. ფერმერს მოსავლის ზარალი იმ შემთხვევაში აუნაზღაურდება, თუ სეტყვით, ჭარბი ნალექით, ქარიშხლითა და საშემოდგომო ყინვით (ციტრუსების შემთხვევაში) იქნება გამოწვეული. ზარალი არ აუნაზღაურდება ფერმერს, თუ ზარალის ოდენობა 10%-ს არ გადააჭარბებს და ზიანი მწერებითა ან დაგვიანებული მწიფობით იქნება გამოწვეული.

 

ლევან მაღრაძის თქმით, სადაზღვევო პროგრამით გათვალისწინებული 38 კულტურიდან ამ ეტაპზე ყველა კულტურა დაეზღვევა გარდა ციტრუსისა, სადაზღვევო კომპანიები ციტრუსის ბაღებს მაისის ბოლოს დააზღვევენ.
ზარალის შემთხვევაში კომპანია წინასწარ განსაზღვრული ფასით უანგარიშებს ბენეფიციარს ზარალის ოდენობას, მაგრამ თუ სასოფლო-სამეურნეო კულტურების სარეალიზაციო ფასი გაიზრდება, ზარალის ანაზღაურებაზე არსებული სარეალიზაციო ფასი გავლენას ვერ მოახდენს.

 

სახელმწიფო პროგრამით 1 კილოგრამი ხორბალი, სიმინდი, ბადრიჯანი, წიწაკა, ჭარხალი, კიტრი და ხახვი 50 თეთრად არის შეფასებული; ზარალის შემთხვევაში კომბოსტოსა და საზამთროს მწარმოებელი ფერმერები მიიღებენ – 0,25 და 0,3 ლარს. მოცვი – 3,5 ლარად, კაკალი – 4 ლარად, თხილი – 3 ლარადაა შეფასებული. ანუ თუ მაგალითად, გლეხი მოინდომებს 100 კილოგრამი ნიგვზის დაზღვევას, წელიწადში 160 ლარის გადახდა მოუწევს პირადად მას, ხოლო 240 ლარს – სახელმწიფო გადაიხდის. იგივე პრინციპით – თუ დააზღვევს 100 კილოგრამ კიტრს, 30 ლარს სახელმწიფო გადაიხდის, ხოლო 20 ლარი თავად გლეხმა უნდა გადაიხადოს.

 

ლევან მაღრაძე ამბობს, რომ ბენეფიციარმა დაზღვეული მოსავლის მთლიანი ღირებულების 40% უნდა გადაიხადოს წლიურად. გადახდის ინტენსივობა კი სადაზღვევო კომპანიების პირობებზეა დამოკიდებული.
„ზარალი დაითვლება სტანდარტის მიხედვით. ზარალის დროს ბენეფიციარმა 24 საათის განმავლობაში უნდა შეატყობინოს კომპანიას, რომელმაც ადგილზე უნდა შეიწავლოს და შეაფასოს ზარალი“, – ამბობს ლევან მაღრაძე.
მისი თქმით, გასულ წელს სახელმწიფომ დაზღვევის 93% დაფარა, წელს კი სახელმწიფოს თანამონაწილეობა აგროდაზღვევაში დაბალია. პროგრამის მენეჯერის განმარტებით, ამ მიდგომით სახელმწიფო მომხმარებელს აგროდაზღვევას აჩვევს.

 

„თავიდან იყო გათვლილი, რომ სახელმწიფო თანადაფინანსებიდან ეტაპობრივად გამოვიდოდა. შარშან დაზღვევის 93% დავაფინანსეთ, რაც აგროდაზღვევის სფეროში არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა, წელს კი, სახელმწიფოს წილი 60%-ია.“
ლევან მაღრაძის თქმით, გასულ წელს დაზღვეულთა დაახლოებით 17% აჭარაზე მოდიოდა, აქ მოსახლეობამ ძირითადად ვაზი და ციტრუსი დააზღვია.

 

ფერმერები, რომელებმაც დაზღვევით ისარგებლეს, სადაზღვევო კომპანიების მუშაობით მეტ-ნაკლებად კმაყოფილნი არიან.
„7 500 მეტრ მიწის ნაკვეთზე ციტრუსის ბაღი მაქვს გაშენებული და ორი წელია ვაზღვევ. წელს რომელ კომპანიაში დავაზღვევ, ჯერ არ გადამიწყვეტია. 15 ტონა მოსავალი მომყავს, თუმცა გასულ წელს 8 ტონა დამიზღვიეს. როცა ზარალდები, გეუბნებიან რაც მოკრიფე, მხოლოდ ესაა დაზღვეული, რაც არა – დაუზღვეველიაო. ზარალის 36% ამინაზღაურეს, შეიძლება მეტიც მქონდა ზარალი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ – თუ მთელი მოსავლის ზარალს ვნახავ, სადაზღვევო კომპანია მისი მოყვანის საფასურს მაინც ამინაზღაურებს“, – ამბობს მურად მალაყმაძე.

 

ომარ მიქელაძე წელს კივის დაზღვევასაც გეგმავს: „შარშან მხოლოდ მანდარინი დამიზღვიეს, წელს თუ კივსაც დააზღვევენ, უნდა დავაზღვიო. მე კმაყოფილი ვარ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ზარალი არ აუნაზღაურეს“, – ამბობს ფერმერი.
დააზღვევს თუ არა სახელწიფო ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა მეფუტკრეობა და საკალმახე მეურნეობა? ლევან მაღრაძის თქმით, ეს პერსპექტივაში განიხილება:

 

„რთული პროდუქტია აგროდაზღვევა და, შესაბამისად, არ გავდივართ დიდ მასშტაბებზე, ვაზღვევთ მხოლოდ მოსავალს, ვინაიდან ამ კუთხით მუშაობის უფრო დიდი გამოცდილება აქვს სადაზღვევო კომპანიებს, ვიდრე მსხვილფეხა საქონლის თუ საკალმახე მეურნეობის დაზღვევის, თუმცა ვაპირებთ 2016 წელს გამართული იყოს აგროდაზღვევა, უფრო ბევრ სფეროს მოიცავდეს“. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეკა ბარამიძე