კვირის ამბები

რა იწვევს თირკმლის უკმარისობას

15.05.2015 • 49134
რა იწვევს თირკმლის უკმარისობას

რა ფუნქცია აკისრია თირკმლებს? – დოდო ხაბაძის თქმით, თირკმლის მთავარი ფუნქცია ჰომეოსტაზის (შინაგანი გარემოს) მუდმივობის შენარჩუნებაა, რაც გამოიხატება ფილტრაციით, მილაკოვანი რეაბსორსით, სეკრეციითა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზით. კერძოდ, თირკმლები ინარჩუნებენ სისხლში სითხის ბალანსს და ისეთი მინერალების კონცენტრაციას, როგორიცაა: კალიუმი, ფოსფორი და ნატრიუმი. თირკმლები ფილტრავენ სისხლში ნარჩენებსა და ზედმეტ სითხეებს, რომლებიც შემდეგ შარდთან ერთად გამოიყოფა ორგანიზმიდან. როცა თქდ მწვავე სტადიას აღწევს, ორგანიზმში სითხეების, ელექტროლიტებისა და ნარჩენების სახიფათო დონე გროვდება.

რა არის თირკმლების ქრონიკული დაავადება? – ეს არის თირკმლების დაზიანება ან მათი ფუნქციის დაქვეითება, რომლის ორ ფორმას არჩევენ: ქრონიკულსა და მწვავეს. თირკმლების ქრონიკული დაავადების პროგრესირების შედეგად თირკმლების ტერმინალური უკმარისობა ყალიბდება, ანუ თირკმლის ფუნქცია სრულად იშლება.
თირკმლის ფუნქციის დაქვეითებისას ფერხდება კრეატინინის გამოყოფა და მისი დონე იზრდება სისხლში, შესაბამისად, თირკმლის ფუნქცია სისხლში კრეატინინის დონით განისაზღვრება. თირკმლის ფუნქციის შემფასებელი ინდიკატორი გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებელია. ”თირკმლის ქრონიკულ დაავადებას ხუთი სტადია აქვს: პირველი სტადია – ნეფროპატიის (თირკმლის ნებისმიერი დაავადების) ნიშნები, ამ დროს გლომერული ფილტრაციის სიჩქარე ნორმალურია ან მომატებული, მე-2 სტადიაში შეინიშნება მისი მსუბუქი შემცირება, მე-3 სტადიაში – ზომიერი შემცირება, მე-4 სტადიაში უკვე მნიშვნელოვნად შემცირებულია, მე-5 სტადია კი ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადიაა – ამ დროს ხდება პაციენტის გადაყვანა თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე ანუ ჰემოდიალიზზე”, – განმარტავს დოდო ხაბაძე.

გამომწვევი მიზეზები – თდქ-ს დიაგნოზის დასმისას დიდი ყურადღება ექცევა ანამნეზს (ცნობები ავადმყოფობის შესახებ), ნეფროლოგის თქმით, იგი სრულად უნდა იყოს შესწავლილი, რადგან მისი მიზეზი შესაძლოა იყოს როგორც თირკმლის, ისე სხვა ორგანოების დაავადებები. ”ეს შეიძლება იყოს ონკოლოგიური და ენდოკრინოლოგიური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ავთვისებიანი ჰიპერტენზია (მაღალი წნევები), ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი. ასევე, თირკმლის ტრავმები, ინფექციები და სხვა”, – ამბობს ექიმი.

სიმპტომები – თქდ შესაძლოა იქამდე არ გამოვლინდეს, სანამ თირკმლების ფუნქცია მკვეთრად არ დაქვეითდება. თუმცა შესაძლოა პაციენტს რამდენიმე სიმპტომი მაინც აღენიშნებოდეს. ”ზოგადი მახასიათებლებით რომ დავიწყოთ, ახასიათებს საერთო სისუსტე, უმადობა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, შრომის უნარიანობის დაქვეითება, შარდის რაოდენობის შემცირება, რაც შარდოვანასა და კრეატინინის მაღალ დონეს უკავშირდება. თუმცა, პირველ ნიშნად მაინც თავის ტკივილი და მაღალი არტერიული წნევა მიიჩნევა”, – ამბობს ნეფროლოგი. ექიმის თქმით, შარდის გამოყოფის შემცირების გამო ორგანიზმი სითხით იტვირთება, ანუ ხდება მისი ჰიპერჰიდრადაცია, რაც ხშირად სუნთქვის უკმარისობით და სხეულზე შეშუპებით ვლინდება.

დიაგნოსტიკა – იმის გამო, რომ თქდ შესაძლოა საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ექიმის რეკომენდაციით აუცილებელია პერიოდულად სისხლისა და შარდის გამოკვლევა. ”თირკმლის დაავადების სკრინინგი შარდისა და სისხლის ანალიზით ხდება და რადგანაც დაავადება ყოველთვის გამოკვეთილი სიმპტომებით არ ვლინდება, აუცილებელია წელიწადში ორჯერ მაინც გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან”, – ამბობს დოდო ხაბაძე. თუმცა, მისივე თქმით, თირკმლის დაავადების გამოვლენის ოქროს სტანდარტად ბიოფსია მიიჩნევა.

მკურნალობა – თქდ-ს მკურნალობისას ძირითადი აქცენტი კეთდება თირკმლის დაზიანების პროგრესირების შენელებაზე, როგორც წესი, ეს ძირითადი მიზეზის კონტროლით ხდება. დაავადების საწყის ეტაპებზე, მკურნალობა შესაძლოა იყოს მედიკამენტოზური. მაგრამ, თუ თქდ განვითარდა თირკმლის ტერმინალურ უკმარისობამდე (ბოლო სტადია), რომლის დროსაც საფრთხე ექმნება პაციენტის სიცოცხლეს – აუცილებელი ხდება, ხელოვნური თირკმლის აპარატის (დიალიზის) გამოყენება ან უკეთეს შემთხვევაში, თირკმლის ტრანსპლანტაცია.

დიალიზი – ექიმის განმარტებით, ხელოვნური თირკმლის აპარატის საშუალებით, პაციენტის სისხლი 4-5 საათის განმავლობაში ცირკულირებს – ორგანიზმიდან გამოსული სისხლი შედის დიალიზატორში და დიალიზატორიდან გამოსული აზოტოვანი შლაკებისგან გაწმენდილი სისხლი უბრუნდება პაციენტს. პროცედურა კვირაში სამჯერ ტარდება.

კვების რაციონი – ნეფროლოგის თქმით, პაციენტები თირკმლის პათოლოგიებით უნდა მოერიდონ მარილიანი (ნატრიუმი), ცხარე და ცხიმიანი საკვების, ასევე ნახარშების (ბულიონები) მიღებას. აშშ-ის თირკმლის ნაციონალური ფონდის რეკომენდაციით, თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს პაციენტები უნდა ერიდონ გაზიანი სასმელების მიღებას (რომელთაც არანაირი კვებითი ღირებულება არ გააჩნიათ და შეფუთულია შაქარში), დამუშავებული ხორც-პროდუქტების მიღებას (შებოლილი ძეხვი, ლორი და სხვა პროდუქტები, რომლებიც ნატრიუმისა და ნიტრატების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ), ასევე კარაქს (რომელიც შეიცავს ქოლესტერინს, კალორიებსა და მაღალი დონის გაჯერებულ ცხიმებს) და მაიონეზს (რომელიც ასევე დიდი რაოდენობით კალორიებსა და ცხიმებს შეიცავს).

წყარო: აშშ-ს თირკმლის ნაციონალური ფონდი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: