სიახლეები

როცა პაციენტი ექიმს კვლავაც იძულებით ელოდება

15.05.2015 • 2452
როცა პაციენტი ექიმს კვლავაც იძულებით ელოდება

 

შუახევის სოფლიდან მშობიარეს ხულოში გადაყვანის ისტორია


შუახევის რეფერალური საავადმყოფო
შუახევის რეფერალური საავადმყოფო

აჭარის სამ მუნიციპალიტეტში –  ქედაში, ხულოსა და შუახევში, სადაც 100 ათასზე მეტი ამომრჩეველი ცხოვრობს, თითო რეფერალური საავადმყოფო ფუნქციონირებს. 25 აპრილიდან ამ მუნიციპალიტეტებში, საავადმყოფოების მფლობელმა კორპორაცია „ევექსმა“ სტაციონარული მომსახურება შეწყვიტა. მოსახლეობა სოფლებში სწორედ ამის გასაპროტესტებლად ემზადებოდა, როდესაც 5 მაისს შუახევის საავადმყოფოში მიყვანილი დაჭრილი, 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლები დღემდე დარწმუნებულნი არიან, რომ ქირურგის ყოფნის შემთხვევაში დაჭრილის გადარჩენა შეიძლებოდა. მათი თქმით, ქირურგი სწორედ 25 აპრილის შემდგომი ცვლილებების გამო აღარ ჰყავდა კლინიკას.

 

კორპორაცია „ევექსი“ არ იზიარებს გარდაცვალებასთან დაკავშირებულ მოსაზრებას. აქ ამბობენ, რომ ახალგაზრდას სიცოცხლისთვის შეუსაბამო ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და გარდაცვალების რეალური მიზეზიც ეს იყო.
დაჭრილის გარდაცვალების მიზეზებს ჯერ კიდევ სწავლობს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს სპეციალური კომისია. ამ უწყებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ექსპერტიზის დასკვნები არ არის მზად, ამიტომ ვერავის ბრალეულობაზე ვერ ისაუბრებენ.

 

შეცვალა თუ არა რაიმე დათო დავითაძის გარდაცვალებამ აჭარის ხელისუფლებისა თუ „ევექსის“ მიდგომაში?


 აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კომპანია 2011 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას აუცილებლად შეასრულებს. მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების უწყვეტობას. როგორც ჩანს, ამის მიღწევა ჯერ კიდევ არ არის ადვილი, რადგან „ბათუმელების“ ინფორმაციით, შაბათს, 10 მაისს, კვლავაც დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც შუახევის რეფერალურში გინეკოლოგი არ მორიგეობდა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ ამ კლინიკის ერთ-ერთმა ექიმმაც დაუდასტურა. 


„მშობიარე ჩამოიყვანეს სოფელ შუბნიდან, რომელიც დაბას 27 კილომეტრით არის დაშორებული. გინეკოლოგი ჩამოვიდა ხულოდან და პაციენტს შესთავაზე ხულოში გადაყვანა, მაგრამ ის ბათუმში წაიყვანეს. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა, იმავე დროს ვინმეს რომ დასჭირვებოდა გინეკოლოგი ხულში ან შუახევში? არსებობს რისკი, რომ ასე სხვა ფატალური შედეგიც დაგვიდგეს“, – ამბობს ერთ-ერთი ექიმი, რომელიც ამ დრომდე მუშაობს შუახევის საავადმყოფოში, როგორც მორიგე-ექიმი. მას „ევექსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად აკრძალული აქვს კომენტარის გაკეთება, შესაბამისად, მის ვინაობას არ ვასახელებთ. 

 

ხულოს საავადმყოფოს გინეკოლოგის თამრიკო ბოლქვაძე ადასტურებს 10 მაისს შუახევში მის გამოძახებას: „სატელეფონო ზარი დაფიქსირდა დილის 8 საათზე. შუახევის მენეჯერმა მთხოვა ჩასვლა. იქ დამხვდა მშობიარე, რომელსაც ხულოში გადაყვანა შევთავაზე, რადგან ჯერ მშობიარობა მოსალოდნელი არ იყო და მე ამდენი ხნით ხულოს საავადმყოფოს ვერ მივატოვებდი, მაგრამ მშობიარის ოჯახმა პაციენტის ბათუმში გადაყვანა გადაწყვიტა“. თამრიკო ბოლქვაძე ადასტურებს, რომ იმ დროს შუახევის კლინიკაში მის გარდა სხვა გინეკოლოგი არ ყოფილა.

 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ლევან გორგილაძის თქმით კი, „ევექსთან“ მიღწეული შეთანხმებით, შუახევში ყოველდღიურად უნდა მორიგეობდეს მეანი-გილოკოლოგი, ქირურგი და ანესთეზიოლოგი სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევებისთვის. „9 მაისს, ღამის საათებში, ვიყავი შუახევში, იყო რეანომობილი, იყო ანესთეზიოლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი. დღეს, დღის მეორე ნახევარში გადაამოწმებენ არსებულ სიტუაციას, რომელსაც მე მომაწვდიან და მე მივაწვდი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს. დღევანდელი (10 მაისის) სიტუაცია არ ვიცი, რადგან დღეს სერიოზული პრობლემით ვიყავი დაკავებული, ქობულეთის ხანძარს ვგულისხმობ“.


რა უჯდება „ევექსს“  ექიმები მთაში


შუახევის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი რომან ხიმშიაშვილია. ის „ბათუმელებს“ ეუბნება, რომ მისი მართვის ქვეში მყოფი კლინიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ვერ ისაუბრებს. „დაუკავშირდით პრესცენტრს“, – ამ სიტყვებით გვემშვიდობება რომან ხიმშიაშვილი.

 

იმავეს ამბობს ქირურგი ტარიელ ბერიძეც, რომელიც მხოლოდ ერთი განმარტების გაკეთებაზე თანხმდება „ბათუმელებს“:  „მე ვცხოვრობ ბათუმში. იმ დღეს, როცა დაჭრილი პაციენტი შეიყვანეს შუახევის კლინიკაში, მე ვიყავი ბათუმში, ჩემს სახლში. მე ვარ ერთადერთი ქირურგი შუახევის საავადმყოფოში. მეტს ვერაფერს გეტყვით“.

 

კიდევ ერთი ექიმი, ვისაც „ბათუმელები“ ესაუბრა და ვის ვინაობასაც ასევე კონფიდენციალურად ვტოვებთ, ამბობს, რომ „შუახევის საავადმყოფოში ახლა არსებული მდგომარეობა საავადმყოფოს დახურვისკენ წასვლას ნიშნავს“: „კვირაში ერთ დღეს ვმორიგეობდი. იმ შემთხვევაში თუ პაციენტი არ მეყოლებოდა, მაშინ „ევექსი“ საათში 1.60 ლარს მიხდიდა, დღეში 30 ლარი, ანუ თვეში ოთხი მორიგეობა – 120 ლარი. თანხა იმ შემთხვევაში მემატებოდა, თუ დაზღვეული პაციენტი შემოვიდოდა. ჩემ მსგავსად 120 ლარს „ევექსი“ შვიდ ადამიანს უხდიდა“.

 

იმავე ექიმის თქმით, ის შუახევში კვირაში ერთხელ მხოლოდ იმიტომ მიდიოდა, რომ წარმოშობით იქაურია და როგორც ექიმი, „იქაურების“ წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს: „მართლა ხათრის გამო ვჩერდებოდით ექიმები, თორემ რომელი ჭკუათმყოფელი იმუშავებს 120 ლარზე. ბოლო დროს კი, სწორედ იმიტომ ვფიქრობდი წამოსვლაზე, რომ პასუხისმგებლობა მაწუხებდა, მაგალითად, მორიგეობის დროს, მთელი ღამის განმავლობაში ერთადერთი ექიმი ხარ დამხმარე პერსონალის გარეშე. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ექიმის მოვალეობას სათანადოდ ვერ შეასრულებ და ასე ცალკეულ შემთხვევაზე პასუხისგება ინდივიდუალურად მოგიწიოს“.

 

რამდენი ექიმი ჰყავს „ევექსს“ ქედაში? – ამ ტრადიციული კითხვით „ბათუმელებმა“ ქედის კლინიკის მენეჯერსაც მიმართა. კოლეგების მსგავსად ფრიდონ სირაბიძემაც პრესცენტრთან გადაგვამისამართა.

 

ერთადერთი მენეჯერი, ვინც საკუთარი ვინაობის დასახელებას დათანხმდა, ეს ხულოს საავადმყოფოს მთავარი ექიმი რუსლან აბულაძეა. მისი თქმით, ხულოში მთელი შემადგენლობა აღდგა, ანუ პრობლემა აღარ აქვთ: „კლინიკის წარმომადგენლებს გვქონდა შეხვედრა ხელმძღვანელებთან, სადაც ღიად დავაფიქსირე ჩემი აზრი და იმავეს გეტყვით თქვენც: მე ამ შეხვედრაზე ვუთხარი, რომ თუ ხულოში სამედიცინო მომსახურება დაიხურებოდა, მაშინ მე ჩემს მხარდამჭერ ექიმებთან ერთად წავიდოდი. ამან ეტყობა გავლენა მოახდინა. ახლა იმ რეჟიმში ვმუშაობთ, როგორც ადრე. ამბულატორია გვაქვს სრულად – გვყავს პედიატრი, ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ოფთალმოლოგი, ოკულისტი და უროლოგი, რომელიც კვირაში ერთხელ ამოდის ბათუმიდან. სამდღიანი წყვეტა შეეხო ქირურგებს, გინეკოლოგებს, მეანებსა და ნევროპათოლოგს, სულ ექვს ექიმს – ორი ქირურგი გვყავს, სამი – გინეკოლოგი, ერთი – ნევროპათოლოგი“.

 

რამდენს ხარჯავს ერთ თვეში „ევექსი“ ამ ექვსი ექიმის შესანარჩუნებლად? – რუსლან აბულაძე ამბობს, რომ „ქირურგი საშუალოდ 700-800 ლარს იღებს, გინეკოლოგი – 500 ლარს, ნევროპათოლოგი – 500-400 ლარს. ეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ეყოლებათ“.

 

რუსლან აბულაძის ინფორმაციით, ხულოს საავადმყოფოში ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის გინეკოლოგებსა და ქირურგებზე. „ყველაზე მეტი დატვირთვა გვაქვს სამშობიარო ხაზით და ქირურგიაში, პედიატრია და თერაპია -უფრო ნაკლებად. თვეში საშუალოდ 18-20 მშობიარე გვყავს, წლის განმავლობაში 335-340 მშობიარე გამოდის“.
რუსლან აბულაძის ინფორმაციით, „ევექსს“ მთელ საქართველოში მათი კლინიკის ტიპის 8 კლინიკა აქვს და მხოლოდ ხულოში, ტყიბულსა და ახმეტაში რჩებოდა საავადმყოფო იმ ფორმით, რა ფორმითაც ადრე არსებობდა. „იმავე შეხვედრაზე მე ვთქვი, რომ ქედას და შუახევსაც აქვს ისეთი სოფლები, რომლებიც ხულოს მსგავსად, დაბიდან 30-40 კილომეტრით არის დაშორებული. ჩემი აზრით, ამ სიშორიდან როცა რაიონულ ცენტრში მიდის პაციენტი, იმან გარკვეული მომსახურება უნდა მიიღოს-მეთქი“.

 

რუსლან აბულაძეს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, მისი აზრით რა როლი იქონია დათო დავითაძის გარდაცვალებაში ქირურგის არყოფნამ. „მაგ პაციენტთან ჩემი ანესთეზიოლოგი იყო გამოძახებული. 40 წუთში ჩავიდა ადგილზე. იმისგან ვიცი, რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობა მიაყენეს – ღვიძლის ვენა-პორტა ჰქონდა დაზიანებული“, – ამბობს რუსლან აბულაძე.



„ევექსის“ მოვალეობები სახელმწიფოს წინაშე

 

2011 წლის 11 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „უნიმედი აჭარას“ რეგიონის ოთხ მუნიციპალიტეტში (გარდა ხელვაჩაურისა) 10 სამედიცინო დაწესებულება 1 ლარად ერთი პირობით გადაეცა – კომპანიას უნდა შეენარჩუნებინა სამედიცინო სერვისების უწყვეტობა. ხელშეკრულების თანახმად კომპანიის საკუთრებაში გადავიდა აჭარის სამივე მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური. ასევე, ქობულეთის რაიონული და ბავშვთა საავადმყოფოები, ჩაქვის პოლიკლინიკა და ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

 

ამის სანაცვლოდ, 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, სახელმწიფომ გარკვეული ვალდებულებებიც დააკისრა „უნიმედ აჭარას“, რომლის სამართალმემკვიდრეც არის „ევექსი“. მათ შორის, „3.1.5: უზრუნველყოს ხულოს, ქედის, შუახევისა და ქობულეთის მინიციპალიტეტებში სასწრაფო სამედიცინო სერვისების შენარჩუნება გარდამავალ პერიოდში. ამასთან შეინარჩუნოს ავტოპარკი მუშა მდგომარეობაში, მუდმივი სატელეფონო კავშირი, ერთიან სადისპეტჩერო სისტემაში ჩართულობა და სასწრაფო სამედიცინო სერვისების მიწოდება სახელმწიფო პროგრამისა და პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში“.

 

„3.1.7: უზრუნველყოს ხულოს, ქედის, შუახევისა და ქობულეთის მინიციპალიტეტებში დანართი #3-ით გათვალისწინებული ბაზისური სამედიცინო სერვისების უწყვეტობა, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გარდამავალი პერიოდის დასასრულიდან 7 წლის განმავლობაში… სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით“.

 

„ევექსის“ პოზიცია

 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მინისტრ დავით სერგეენკოსა და „ევექსის“ დირექტორის შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა. ამ შეხვედრაზე საუბარი იყო როგორც დათო დავითაძის გარდაცვალებაზე, ისე „ევექსის“ შემდგომ საქმიანობაზე აჭარის მუნიციპალიტეტებში. „ევექსის“ დირექტორმა გიორგი მინდიაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს უთხრა:

 

„ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო, რომ… ვაპირებდით პროგრამიდან გამოსვლას, თუმცა არც ერთ ექიმს, სერვისს, ქირურგს ეს არ შეხებია. თქვენ ნახეთ კიდეც, რომ არც ერთი ლიცენზია ჩაბარებული არ იყო. კვირას რაც მოხდა, მხოლოდ დამატებითი დაზღვევისთვის დაემატა რეანომობილი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში იქ იმყოფებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, 4 წლის ბავშვის რეფერალი მოხდა 4:30 საათზე შუახევიდან ბათუმში… და ამ მომენტში სამი უმძიმესი დაჭრილი შევიდა შუახევში. ვფიქრობ, ეს არის ისეთი შემთხვევა, რომელიც არამხოლოდ შუახევში, არამედ თბილისშიც შეიძლება მოხდეს…

 

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არავითარი ცვლილება უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში შუახევთან მიმართებაში არ მომხდარა და ეს ფაქტი [პროგრამიდან გამოსვლა] არანაირად არ იყო დაკავშირებული ამ შემთხვევასთან [გარდაცვალება].“

გადაბეჭდვის წესი