სპორტი

მიხეილ ალავიძე – ბათუმის ”დინამოსა” და ეროვნული ნაკრების მეკარე

15.05.2015 • 3136
მიხეილ ალავიძე – ბათუმის ”დინამოსა” და ეროვნული ნაკრების მეკარე

მიხეილ, როგორ მოხვდით ფეხბურთში?


ფეხბურთზე მშობლებმა მიმიყვანეს ექვსი წლის ასაკში. პირველი გუნდი, სადაც ვითამაშე, იყო „შევარდენი“, პირველი მწვრთნელი კი – გოგი ქავთარაძე. ამის მერე იყო „ნორჩი დინამოელი“ გელა გომელაურთან, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერაში. მერე „ოლიმპის სკოლაში“ გავაგრძელე თამაში, სადაც ზორბეგ ებრალიძე წვრთნიდა გუნდს. ”ოლიმპის სკოლიდან” თბილისის „თბილისში“ გადავედი, მაშინ 19 წლის ვიყავი. თბილისის ”თბილისი” მალე დაიშალა და „ოლიმპი~ გადაკეთდა `რუსთავად“. 2006-2007 წლებში ჩემპიონები გავხვდით.
”ოლიმპის” მერე იყო თბილისის „ლოკომოტივი“.მერე აზერბაიჯანში წავედი ბაქოს „სტანდარტში“, რომელსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახლანდელი მწვრთნელი კახა ცხადაძე წვრთნიდა. 2008-2009 წლის სეზონი იქ დავრჩი და ისევ „ოლიმპში“ დავბრუნდი.
„ოლიმპის“ მერე წავედი უზბეკეთში „შურტანში“, სადაც ორი წელი ვიყავი. მალე იქ ლეგიონელი მეკარის ლიმიტი აიკრძალა და საქართველოში დავბრუნდი.
„შურტანიდან“ რომ წამოვედი 2012 წელს, პატარა ტრავმა მქონდა. ჩამოვედი და დამიკავშირდა ბათუმის „დინამო“.

„დინამოში“ მეორეჯერ დაბრუნდით, რა სხვაობაა 2012 წლისა და დღევანდელ „დინამოს“ შორის?


მაშინაც კარგი გუნდი ვიყავით, თუმცა მაშინ სხვა მიზანი გვქონდა – უმაღლეს ლიგაში გადასვლა და მივაღწიეთ კიდეც. მაშინაც იმავე პირობებში ვიყავით – არც ბაზა გვქონდა, არც – სტადიონი. თუმცა ბოლო წლებში უფრო მეტი გამოცდილი ფეხბურთელი დაგვემატა გუნდში, რამაც ჩვენი ძალები გაზარდა.

მიხეილ ალავიძე | ბათუმის დინამო 2-1 ლანჩხუთის გურია | 25 აპრილი 2015

მიმდინარე სეზონს როგორ შეაფასებთ, რომელი იყო თქვენთვის გამორჩეული მატჩი?


არავინ ელოდა ჩვენს ასეთ წარმატებულ გამოსვლას, ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ადგილზე ვართ ახლა, თუმცა ბრძოლა ჯერ კიდევ წინაა. ყველაზე კარგი მატჩი შემიძლია გამოვარჩიო „სამტრედიის“ წინააღმდეგ 4:1 რომ მოვიგეთ (თასის გათამაშება 1/8 ფინალი, 17 ნოემბერი, 2014 წელი). სამწუხაროდ გასვლითი მატში წავაგეთ და ვერ გავედით თასზე, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი ეგ თამაში იყო ჩემთვის. კიდევ ბევრი კარგი თამაში გვქონია, მაგალითად, გასვლითი თამაში თბილისის „დინამოსთან“, სახლში შეხვედრა გორის „დილასთან“.

როგორია დინამოს შიდა სამზარეულო, რა შრომის ფასად გიჯდებათ წარმატების მოპოვება?

ჩვენი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ძალიან მეგობრული გუნდი ვართ. თუ გუნდში მეგობრული სიტუაცია არ არის, იქ რამის გაკეთება ძნელია!

თქვენ იბრძვით უმაღლესი ლიგისთვის, წელს კი ეროვნული ინტერესების დასაცავადაც გამოგიძახეს… რამდენად მზად იყავით ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, ელოდით კახა ცხადაძისგან ამ გადაწყვეტილებას?

ასაკობრივი ნაკრების გამოკლებით, ეროვნულ ნაკრებში არ ვყოფილვარ და ეს პირველი გამოძახება იყო. მართალი გითხრათ, ველოდებოდი და უეჭველი მეგონა – ასე ნამდვილად არ იყო. ეროვნულ ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. ძალიან გამიხარდა – ეროვნულ ნაკრებში თამაში მეტი პასუხისმგებლობაა.

როგორ შეაფასებთ კახა ცხადაძის სამწვრთნელო საქმიანობას?

კახა ცხადაძეს, როგორც მწვრთნელს, ვიცნობ ბაქოს „სტანდარტიდან“. იმის მერე ძალიან გამოცვლილია, უფრო ჩამოყალიბებული ხედვა აქვს. ვფიქრობ, ჩვენს გუნდს პოტენციალი ნამდვილად გააჩნია.

შემდეგში როგორ ხედავთ თქვენს კარიერას – დარჩებით ბათუმის „დინამოში“, თუ დაბრუნდებით თბილისში?


 მაგაზე არ მიფიქრია. ეს მომავლის საქმეა.

გადაბეჭდვის წესი