სიახლეები

სახლის პროექტი ზონალურ საბჭოში და მის შემდეგ

13.05.2015 • 2485
სახლის პროექტი ზონალურ საბჭოში და მის შემდეგ

 

ბათუმი
ბათუმი

პროექტები, რომლებიც მაღლივი შენობების მშენებლობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში ანუ ძეგლის მიმდებარედ ითვალისწინებს, მშენებლობის ნებართვის მიღებამდე კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოსთან უნდა შეთანხმდეს. იმ შემთხვევაში, თუ ზონალური საბჭოს ცხრა წევრიდან ხუთი მაინც პროექტის დამტკიცებას მხარს დაუჭერს, საკითხი დადებითად გადაწყდება, ხუთი უარის შემთხვევაში კი, კომპანია მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებს. შესაძლებელია ასევე, რომ დეველოპერმა ზონალურ საბჭოს, მისივე შენიშვნების გათვალისწინებით, კორექტირებული პროექტით მეორედაც მიმართოს, რაც პრაქტიკის გათვალისწინებით ხშირ შემთხვევაში დადებითი პასუხის საფუძველი ხდება. მშენებლობაზე „მწვანე შუქის“ შემდეგ კი, თავად არქიტექტორები საუბრობენ ტენდენციაზე, როცა უკვე შეთანხმებული შენობის პარამეტრები მშენებლობის დასრულებამდე მენაშენის მოთხოვნების შესაბამისად იცვლება. 

 

„მოვა მენაშენე, შეგითანხმებს პროექტს, რომლის მიხედვითაც აშენებს შვიდსართულიანს. საძირკველს კი ცხრასართულიანისთვის ამოჭრის და იქვე მანსარდიც ექნება ჩაფიქრებული. შემდეგი შეთანხმებები უკვე ნაკლებ ხმაურს იწვევს, რადგან სამშენებლო მოედანი უკვე არსებობს და ხალხიც შეჩვეულია. მენაშენეს რამდენჯერმე შეაქვს მერიასთან შეთანხმებით ცვლილება პროექტში და პარამეტრები მისთვის სასარგებლოდ იცვლება“ – ამბობს ბათუმის ყოფილი მთავარი არქიტექტორი გიორგი რამიშვილი.

 

ამ ტენდენციის არსებობას მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი ირაკლი ახალაძეც ადასტურებს: „დიახ, არის ორი ან სამი სართულის დამატების შემთხვევები, ამას კანონმდებლობა არ კრძალავს“. მისივე განმარტებით, თუ პროექტი ძეგლის დაცვის ზონაში ხორციელდება, შეთანხმებას ზონალურ საბჭოსთან ცვლილებაც ითვალისწინებს.

 

ამ დროის მონაცემებით სამშენებლო კომპანია „სახლი პიაცასთან“ ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე #74-ში მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის ზონაში უნდა განხორციელდეს, ამიტომაც კომპანიამ მშენებლობის ნებართვის მისაღებად პროექტი შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს წარუდგინა. საბჭოს სხდომაზე საკითხის დადებითად გადაწყვეტას საბჭოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. საოქმო ჩანაწერის მიხედვით რამდენიმე წევრმა პროექტი ძეგლთან მიმართებაში სიმაღლის გამო დაიწუნა. საბოლოო ჯამში, კომპანიას ახალი წინადადების წარდგენა მომიჯნავე შენობის განვითარების კონტექსტში შესთავაზეს. კომპანიამ კორექტირებული პროექტით საბჭოს უკვე მიმართა და პასუხს ელოდება.

 

საბჭომ ძეგლთან მიმართებაში სიმაღლის გამო უარი უთხრა კომპანია „ბიგ ჰაუსსაც.“ კომპანია ბარათაშვილის ქუჩაზე, #22-ში მაღლივი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ბარათაშვილის #23-ში მეოცე საუკუნის დასაწყისში აგებული ცირკის შენობა მდებარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. საბჭოს წევრებმა განმარტეს, რომ ამ უბანში მაქსიმალური სიმაღლე ექვსი სართული შეიძლება იყოს, რის შემდეგაც კომპანიამ სააგენტოს მეორედ მიმართა: „ფასადი დაბალი იქნება, მაგრამ შიგნით გვინდა უფრო მაღალი იყოს, რაც მეტი – მით უკეთესი, არ ვიცი რამდენის უფლებას მოგვცემენ“ – უთხრა კომპანიის დირექტორმა „ბათუმელებს“. მისივე ინფორმაციით „ბიგ ჰაუსი“ მრავალბინიან კორპუსს „ბათუმში არასტანდარტული საცხოვრისის ნაცვლად ახალი კორპუსების მშენებლობის“ პროგრამის ფარგლებში ააშენებს. პროგრამა მოსახლეობასთან შეთანხმებით არასტანდარტული საცხოვრისის ათვისების შემთხვევაში ახალი კორპუსის მშენებლობის შეთანხმებისას შეღავათებს ითვალისწინებს.

 

შპს „დეველოპმენტმა“ ზონალურ საბჭოს შეთანხმების თაობაზე 26 მაისის ქუჩაზე #21-ში, რვასართულიანი სახლის მანსარდით მშენებლობის თაობაზე მიმართა. საბჭომ კომპანიას სიმაღლის გამო უარი უთხრა და პროექტის არქიტექტურის დახვეწაზე მიუთითა. ამ ქუჩაზე, #32-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, 1899 წელს აგებული ყოფილი სამუსიკო სკოლის შენობა მდებარეობს.

 

ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩის #19-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის რესტავრაცია-დაშენების თაობაზე შეთანხმებას ითხოვდა შპს „აკმე ჯორჯიაც“. საბჭოს წევრებმა: თენგიზ ცინცაძემ, ზაურ ახვლედიანმა და ბიძინა აფხაზავამ პროექტის დამტკიცებაზე უარი თქვეს სიმაღლის გამო. ვლადიმერ მგალობლიშვილის, ირაკლი ახალაძის, ალექსანდრე მითაიშვილისა და ზაალ მამუჭაძის თანხმობით საკითხი დადებითად გადაწყდა.

 

საბჭომ უარი უთხრა ასევე კომპანია „დარ ბილდინგს“ ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #17-ში მრავალსართულიანი სახლის მშენებლობაზე. საბჭოს წევრების მოსაზრებით, „პროექტის სიმაღლე გააუარესებს ძეგლის აღქმას.“

 

შეთანხმება ითხოვა შპს „ბაკურმაც“, კომპანია ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, #1-ში მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას გეგმავს. კომპანიას საბჭომ უარი რამდენიმე მიზეზის გამო უთხრა: „მშენებლობა არღვევს ძეგლის ისტორიულ განაშენიანებას“, „იწვევს რეკრეაციული ზონის განადგურებას.“

 

2015 წლის იანვარში, თებერვალსა და მარტში ზონალურმა საბჭომ კიდევ რამდენიმე ათეული პროექტი განიხილა, მათგან ნახევარზე მეტმა უარყოფითი პასუხი მიიღო. დაწუნებული პროექტების ავტორებმა კი, შენიშვნები გაითვალისწინეს და პროექტები ზონალურ საბჭოს ისევ გადაუგზავნეს.

 

ზონალურ საბჭოში ბათუმის მერიისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც შედიან. საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დირექტორი ხელმძღვანელობს და ხმების გაყოფის შემთხვევაში მას გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს.

გადაბეჭდვის წესი