დღეს უმაღლეს საბჭოში სხდომა ჩაიშლება

ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სხდომა უნდა დაიწყოს. სხდომაზე აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრი უნდა აირჩიონ. დადასტურებული ინფორმაციით, სხდომას არ დაესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და ასევე „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის ორი წევრი. ამ ფორმით ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მხრიდან უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის მეორედ წარდგენას აპროტესტებენ. დეპუტატები არც უსკოს წევრად უმაღლესი საბჭოს წევრის, ირაკლი ჯაშის შვილის – მამუკა ჯაშის შესაძლო არჩევას ეთანხმებიან.

სხდომას არც ახალი ფრაქციის თავმჯდომარე ასმათ დიასამიძე და მისი ფრაქციის წევრი მურმან ბერიძე დაესწრებიან. სულ ახლახანს გახდა ცნობილი “ბათუმელებისთვის”, რომ სხდომას არც მედეა ვასაძე დაესწრება.

თუ მედეა ვასაძე სხდომას არ დაესწრება, სხდომა ჩაიშლება, რადგან „ქართული ოცნება“ უმაღლეს საბჭოში მხოლოდ ცხრა დეპუტატითაა წარმოდგენილი, რაც ქვორუმისთვის საკმარისი არ არის.

და ბოლოს, “ბათუმელების” ინფორმაციით, სხდომაზე დასწრებას აპირებს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთი წევრი – ჯემალ ფუტკარაძე.

 

აშშ-ს საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები 9 აპრილის შესახებ

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 9 აპრილთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტები გამოაქვეყნა. დოკუმენტები მოიცავს შეერთებული შტატების შესაბამისი სამსახურების მიერ (დაზვერვის დირექტორატი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოსკოვში აშშ-ის საელჩო) 1989 წლის აპრილის თვეში საქართველოში მომხდარი მოვლენების შესახებ მომზადებულ ანალიტიკურ ცნობებს.

დოკუმენტები, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის პარტნიორმა ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებულმა ეროვნული უსაფრთხოების არქივმა გამოითხოვა. დოკუმენტები წლების განმავლობაში გრიფით საიდუმლო ინახებოდა აშშ-ის სახელმწიფო არქივებში.

IDFI-ის ცნობით, დოკუმენტები, ეხება არა მარტო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებს, არამედ იმ პოლიტიკურ დაძაბულობას, რომლის პიკიც იყო 9 აპრილის ტრაგედია. “ეს არის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნდება შეერთებული შტატების სახელმწიფო არქივებში დაცული და გასაიდუმლოებული დოკუმენტები საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ” – აღნიშნულია IDFI-ის ანგარიშში.

დოკუმენტებში განხილულია 1989 წლის 9 აპრილამდე განვითარებული მოვლენები, რომლებმაც სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიეს:

დოკუმენტი 1. 1989 წლის 6 აპრილი – „პოლიტიკური არეულობა საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებით
დოკუმენტი 2. 1989 წლის 7 აპრილი – “აფხაზეთის პირველი მდივანი გადაყენებულია; თბილისში დემონსტრაციები გრძელდება”
დოკუმენტი 3. 1989 წლის 8 აპრილი – „საქართველოს რესპუბლიკაში ეთნიკური კონფლიქტი იწყება“

ასევე, 9 აპრილის ტრაგედიისა და მისი თანმხლები მოვლენების ანალიზი:

დოკუმენტი 4. 1989 წლის 10 აპრილი – „საპროტესტო აქციები ძალადობაში გადაიზარდა“
დოკუმენტი 5. 1989 წლის 11 აპრილი – „საქართველოში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია“
დოკუმენტი 6. 1989 წლის 12 აპრილი – „საქართველოში დაძაბული სიმშვიდეა“
დოკუმენტი 7. 1989 წლის 15 აპრილი – „საქართველოს კომპარტიის ახალი მდივანი“

დოკუმენტი 8. 1989 წლის 26 აპრილი – „პროტესტის კონტროლისთვის თბილისში მომწამლავი ნივთიერებები გამოიყენეს“
IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ერთ-ერთი დოკუმენტიდან, რომელშიც ლენინგრადში შეერთებული შტატების საკონსულოს ოფიცრის 1989 წლის 27 მაისს თბილისში ვიზიტის ამსახველი მოხსენებაა, გადმოცემულია საკონსულოს წარმომადგენლის და ეროვნული მოძრაობის ლიდერ ზვიად გამსახურდიას შორის გამართული საუბრის შინაარსი (დოკუმენტი 9. 1989 წლის 27 მაისი – “საუბარი ქართველ დისიდენტთან“). საუბრის ჩანაწერის მიხედვით, გამსახურდიამ ღიად გააკრიტიკა იმ დროინდელი საბჭოთა მთავრობა, მათ შორის პრეზიდენტი გორბაჩოვი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე, და ორივე მათგანი მოიხსენია, როგორც საქართველოს მტრები.

დოკუმენტის მიხედვით – “გამსახურდია ირწმუნებოდა, რომ მთელი თბილისი მოწამლული იყო ქიმიური ნივთიერებით, რომელიც 9 აპრილის აქციის დასაშლელად გამოიყენეს. მისი თქმით, ეს საკითხები საქართველოს სამედიცინო საგამოძიებო კომისიისა და გაეროს ყურადღების ქვეშ მოექცა.

9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, გამსახურდია ამბობდა, რომ 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სამხედროების მიერ ხალხის დიდი მასის სამხედრო ნიჩბებით დარბევის დროს. 450-ზე მეტი ჰოსპიტალიზებულ იქნა, მათგან 200 კი 27 მაისსაც საავადმყოფოში იმყოფებოდა გაზით მოწამლვისა და სამხედრო ნიჩბებით მიყენებული ზიანისა და ჭრილობების გამო. გამსახურდიას თქმით, ცნობილი 21 მსხვერპლის გარდა იგი ვერ დაასახელებდა სხვების ვინაობას, რადგან ხელისუფლებამ დააშინა მსხვერპლთა მშობლები, რათა ამ გზით დაეფარა სამხედრო დანაშაულის მასშტაბები” – წერია IDFI-ის ანგარიშში.

 

IDFI-ის ცნობით დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი და სპეცსამსახურები ინტენსიურად აკვირდებოდნენ საბჭოთა საქართველოში დაწყებულ ისტორიულ ძვრებს, თუმცა არ ჰქონდათ ადგილზე მიღებული ფაქტობრივი ინფორმაცია და მეტწილად ეყრდნობოდნენ საბჭოთა და საერთაშორისო პრესის მიერ წარმოდგენილ ცნობებს.

9 აპრილის ტრაგედიაზე აშშ-ის საარქივო ფონდებში დაცული საიდუმლო დოკუმენტების უკეთ გასაცნობად გადადით ბმულზე.

 

ვინ რამდენი პრემია მიიღო საახალწლოდ ბათუმის საკრებულოში

წინასაახალწლოდ გაცემული პრემიები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე განხილვის საგანი რამდენჯერმე გახდა. ამაზე საუბარი საკრებულოს წევრმა გიორგი კაკაბაძემ დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა მას დაახლოებით ასე უპასუხა: ვწუხვარ მხოლოდ იმის გამო, რომ საკრებულოს რიგით წევრზე პრემია არ გაიცემა. კაკაბაძის განმარტებით კი, მისი კრიტიკა „ზედმეტად მაღალი პრემიების მიღებას უკავშირდებოდა.“

„ბათუმელებმა“ 2015 წლის დეკემბერში, ანუ საახალწლოდ გაცემულ პრემიებზე ინფორმაცია გამოითხოვა. დოკუმენტის მიხედვით, ერთ თვეში საკრებულოს თანამდებობის პირებსა და აპარატის თანამშრომლებზე, პრემიის სახით, 59 400 ლარია გაცემული, ხოლო კვარტალური პრემიის სახით – 20 370 ლარი. შესაბამისად, 25-წევრიან ბათუმის საკრებულოში პრემია შეხვდა თანამდებობის 12 პირს და აპარატის 37 თანამშრომელს (პრემია არ შეხვდა საკრებულოს 13 რიგით წევრს).

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, დეკემბერში საკრებულოს თავმჯდომარემ პრემიის სახით 2750 ლარი მიიღო. მოადგილეებს კი, თითოეულს, პრემიის სახით 2350 ლარი დაერიცხათ. 2000-ლარიანი პრემია მიიღეს საახალწლოდ საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების ხელმძღვანელებმა.

„შეეგუეთ რეალობას“ – ბიზნესმენი სუს-ის თანამშრომლისგან ზეწოლაზე

ბიზნესმენმა თემელ ლომაძემ აჭარის ხელისუფლების პირველ პირს – არჩილ ხაბაძესა და სუს-ის პირველ პირს აჭარაში, ირაკლი ერისთავს წერილობით აცნობა, რომ ის ერთ-ერთი პროექტიდან სუს-ის მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობით ახლახან გააძევეს. ბიზნესმენის პრობლემით არც ერთი უწყების პირველი პირი არ დაინტერესებულა. თემელ ლომაძის თქმით, მის ჩანაცვლებას გეგმავს კომპანია „რეალ მშენი“, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელს წილები ასევე აქვს იმ კომპანიაში, რომელსაც არჩილ ხაბაძემ ერთი წლის წინ 60-მილიონიანი „ანბანის კოშკი“, 20 წლის ვადით, 1 ლარად გადასცა.

თემელ ლომაძეს 2016 წლის 9 იანვარს ტელეფონზე მისთვის უცნობმა პირმა დაურეკა და შეხვედრა შესთავაზა. „მითხრეს, რომ ჩემს სახლთან არიან და მათთან გასვლა მთხოვეს. ერთი მათგანი ეგრევე ვიცანი – ბუბა [ემზარ] ბოლქვაძე იყო, აჭარის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხულო-ქედა-შუახევის კურატორი. ზარის ავტორმა კი თავი წარმომიდგინა, როგორც შპს `რეალ მშენის~ დირექტორი ზაურ გოგიტიძე“, – ამბობს თემელ ლომაძე.

ლომაძის თქმით, გოგიტიძემ მას აუხსნა, რომ თავი უნდა დაანებოს ბათუმში, ზუბალაშვილის #39-ში 9-სართულიანი სახლის აშენების პროექტს, რადგან მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ სურთ ამ მისამართზე მცხოვრებ ოჯახებს. „ამხანაგობამ უკვე ჩვენთან გააფორმა ხელშეკრულება, მას თქვენთან აღარ სურს ურთიერთობა, ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე და კეთილი ინებეთ და შეეგუეთ რეალობას, რომ ამხანაგობის წევრებს არ უნდათ თქვენთან ურთიერთობა – ამიხსნა ზაურ გოგიტიძემ“, – უთხრა „ბათუმელებს“ თემელ ლომაძემ.

თემელ ლომაძე ამბობს, რომ თუ მოინდომებენ სამართალდამცავები ამ შეხვედრის ნამდვილობას დაადასტურებენ, რადგან შეხვედრა შედგა მემედ აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში, სადაც რამდენიმე ორგანიზაციას ვიდეოთვალი აქვს განთავსებული.

თემელ ლომაძე
თემელ ლომაძე
„მე მათ ვუთხარი, რომ არ მიმიღია ამხანაგობისგან ხელშეკრულების შეჩერების დოკუმენტი, ამდენად თქვენი განცხადება ჩემთვის გაუგებარია-მეთქი. ბუბა [ემზარ] ბოლქვაძემ ამის შემდეგ გააგრძელა ჩემი დარწმუნება, რომ მშვიდობიანად გავიდე საქმიდან. მე მათთან დავაფიქსირე, რომ მანამ ვიბრძოლებ, სანამ სტრასბურგში არ წავაგებ. ამას არ ელოდნენ, იფიქრეს, რომ მოვიდა კომიტეტის თანამშრომელი, რაღაც სიმაღლე და ამით შეიძლება შემაშინონ“, – უთხრა „ბათუმელებს“ თემელ ლომაძემ.
როგორც ლომაძე ამბობს, მან ამ შეხვედრის შემდეგ ძალიან ინერვიულა, რადგან შეურაცხყოფილი დარჩა. „მითხრეს, რომ მე სამი წელია ვერ მოვიპოვე მშენებლობის ნებართვა, მათ კი მალე ექნებათ ეს ნებართვა“.

მართლაც, თემელ ლომაძემ 12 იანვარს მიიღო წერილი ზუბალაშვილის #39-ში მცხოვრები ოჯახების – „ამხანაგობა 13“-სგან, რომელშიც წერია:

„გაცნობებთ, რომ „ამხანაგობა 13“-ის და მისი თითოეული წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შპს `ნიუ ჰაუსთან~ ყოველგვარი ურთიერთობა შეწყდა. შესაბამისად, შპს „ნიუ ჰაუსი“ არ წარმოადგენს „ამხანაგობა 13“-ის და მისი წევრების ნების გამტარებელს, რისთვისაც გთხოვთ შეწყვიტოთ „ამხანაგობა 13“-ის თუ მისი წევრების სახელით მოქმედება და მათ ქონებაზე სხვადასხვა დაწესებულებაში განცხადების შეტანა“.

წერილში ამხანაგობის წევრები გამოხატავენ უკმაყოფილებას დაწყებული საქმის ბოლომდე მიუყვანლობის გამო. ზუბალაშვილის #39-ის მცხოვრებლებსა და შპს „ნიუ ჰაუს“ შორის ხელშეკრულება 2013 წელს გაფორმებულა.

იმავე შინაარსის განცხადება 12 იანვარს „ამხანაგობა 13“-მა შეიტანა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.
თემელ ლომაძის ინფორმაციით, მის პროექტზე სააგენტოში ბოლოს 2015 წლის 11 დეკემბერს იმსჯელეს, მაგრამ განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან, როცა თემელ ლომაძეს გადაწყვეტილება საბჭოს სხდომიდან ერთ კვირაში ბარდებოდა, გადაწყვეტილება თვენახევრის დაგვიანებით – 25 იანვარს ჩაბარდა. ამ გადაწყვეტილებაში კი ეწერა ის, რის შესახებაც, წესით, 11 დეკემბერს ვერ ეცოდინებოდა სააგენტოს დირექტორს, მირანდა ჩარკვიანს. „სააგენტომ უარი 25 იანვარს იმ მოტივით მითხრა, რომ ამხანაგობამ თქვენთან გაწყვიტა ხელშეკრულებაო. ეს ნიშნავს, რომ იმათ უკვე ერთად ჰქონდათ ნამუშევარი იმაზე, რომ ჩემთვის უარი ეთქვათ“, – ამბობს თემელ ლომაძე.

„ბათუმელებთან“ ზაურ გოგიტიძემ დაადასტურა მისი და თემელ ლომაძის შეხვედრა. მან „ბათუმელებს“ უთხრა: „შევხვდი პირადად და ვესაუბრე. მითხრა, რომ სასამართლო დავა მაქვსო. კარგი მაშინ-მეთქი და მას შემდეგ არაფერი მომიკითხია მაგ საქმეზე. ემზარ ბოლქვაძე მაგ დროს ჩემთან ერთად არ ყოფილა. ისე, ჩემი მეგობარია და სულ ერთად დავდივართ, მაგრამ მაგ თემაზე საუბრის დროს არ ყოფილა. ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის არ მიმიმართავს, რომ მითხრა ამ ადამიანმა ვდავობო, თავი დავანებე“.

ზაურ გოგიტიძის თქმით, მას, უშუალოდ, ზუბალაშვილის #39-ში მცხოვრებლებმა მიმართეს: „მოსახლეობამ მითხრა, ინვესტორს ვეძებთო. ამხანაგობის თავმჯდომარემ მითხრა, რომ 7 წლის წინ, 2010 წელში, უნდა აეშენებინა ვიღაცას და ვერ ააშენაო. ეს ადამიანი შეიძლება აგრძელებს კიდევ-მეთქი. არაო, იმასთან წერილობით ყველანაირად კავშირი გაწყვეტილი გვაქვსო – ასე ამიხსნეს – და რა აზრი აქვს შენ ნახავ თუ არაო. მე ვუთხარი, მაინც ვნახავ, ბათუმი პატარაა-მეთქი. დავადგინე ნომერი და შევხვდი. ამ პიროვნებამ [თემელ ლომაძემ] მითხრა, რომ ამხანაგობამ შეუწყვიტა ხელშეკრულება და დავა აქვს, რომ ნებართვა არ მისცეს. მე ვუთხარი, რომ თუ თქვენ აღარ აგრძელებთ, რამე თუ ხარჯი გაქვთ გაწეული, აგინაზღაურებთ მე თვითონ-მეთქი. უარი მითხრა… ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის არც მიმიმართია. არ ვაპირებ მაქ მშენებლობას“.

კითხვაზე, მუშაობს თუ არა შპს „რეალ მშენის“ დაკვეთით არქიტექტორი ზვიად ბურჭულაძე ზუბალაშვილის #39-ის პროექტზე, ზაურ გოგიტიძემ თქვა: „დეკემბერში იყო მოსახლეობასთან საუბარი და ბურჭულაძე იქამდე მუშაობდა პროექტზე, მერე აღმოვაჩინე ეს ადამიანი [თემელ ლომაძე]. ბურჭულაძე ესკიზს ამზადებდა, ოღონდ ეს იყო დეკემბერში. ბურჭულაძეს ჩემმა მეგობარმა დამაკავშირა“.

სხვა ინფორმაცია აქვს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრს, ნინო ინაიშვილს. ის ამბობს, რომ ზუბალაშვილის #39-ის პროექტზე მუშაობის შესახებ საბჭოს წევრმა ზვიად ბურჭულაძემ არა გასული წლის დეკემბერში, არამედ ახლახან განაცხადა საბჭოში.

`ბათუმელებს~ ზუბალაშვილის #39-ში მცხოვრებლებმა ასევე გასულ კვირას დაუდასტურეს, რომ კომპანიას დეტალებზე ესაუბრებიან, თუმცა, უარი თქვეს კომპანიის დასახელებაზე.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ მოიკვლია ირაკლი ერისთავმა მისი თანამშრომლის ბიზნესში სავარაუდო ჩარევის შესახებ ინფორმაცია, სუს-ის პრესცენტრში მხოლოდ ეს განმარტეს: „თუ აღნიშნულმა პიროვნებამ შემოიტანა წერილი, გენერალური ინსპექცია აუცილებლად მოიკვლევს ფაქტს, რათა დადგინდეს, რის საფუძველზე აცხადებს აღნიშნული პიროვნება იმას, რასაც აცხადებს“.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და სუს-ს თემელ ლომაძემ 30 მარტს მიმართა წერილობით.

მშენებლობა, რომლის წამოწყებასაც თემელ ლომაძე სამი წლის წინ გეგმავდა და ახლახან ჩამოაშორეს საქმეს, თავიდანვე სკანდალური იყო. სწორედ მაშინ დაგეგმა თემელ ლომაძემ ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩის #39-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კორპუსის დაშენება. ბიზნესმენს სამი წლის წინ მშენებლობის უფლება მისცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომაც, თუმცა, ნებართვის გაცემისთანავე დაიწყო საზოგადოების მკვეთრი პროტესტი და სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა სასამართლომ ორ კვირაში გააუქმა.

მას შემდეგ სააგენტოში არც თუ ისე ცოტა რამ შეიცვალა, დირექტორის ჩათვლით, მაგრამ ბიზნესმენის თქმით, სააგენტოს მოქმედი დირექტორი, მირანდა ჩარკვიანი ყოველთვის ეუბნებოდა, რომ ძეგლზე მშენებლობის უფლებას აუცილებლად მისცემდა, უბრალოდ, „პროექტი უნდა მოეყვანა შესაბამისობაში“. თემელ ლომაძე ამბობს, რომ სააგენტოს ხელმძღვანელობის რეკომენდაციების გათვალისწინებით სამი წლის განმავლობაში სააგენტოს ოთხი სხვადასხვა პროექტი წარუდგინა.

„ერთი პროექტი იყო 6500 კვადრატული მეტრი, კვადრატულ მეტრში 7 დოლარს ვიხდიდი. იმის გამო, რომ ოთხჯერ გავაკეთე პროექტი სააგენტოს მოთხოვნით, ჯამურად, სადღაც 25 ათასი კვადრატული მეტრი გამოვიდა, რომელსაც თუ გავამრავლებთ 7 დოლარზე, სოლიდური თანხა გამოდის. გარდა ამისა, ცალკე გავაკეთე რესტავრაციის პროექტი, არქიტექტორები თბილისიდან მოვიწვიე, ასევე მქონდა ოფისის ხარჯებიც. ამას დაუმატეთ ჩემი, როგორც ბიზნესმენის რეპუტაციაც“, – ამბობს თემელ ლომაძე „ბათუმელებთან“.

ბიზნესმენის თქმით, მას ეს თანხა ჯერ არ გადაუხდია, მაგრამ დაახლოებით 200 ათასი დოლარის გადახდაზე აქვს სხვადასხვა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება. ის ამბობს, რომ, ჯერჯერობით, დაელოდება პასუხს არჩილ ხაბაძისგან და ასევე სუს-ის ხელმძღვანელობისგან და თუ ამ შემთხვევაშიც ვერაფერს გახდება, სასამართლოს მიმართავს კომპენსაციის მოთხოვნით.
რაც შეეხება „რეალ მშენს“ – ზაურ გოგიტიძე ამ კომპანიაში მხოლოდ დირექტორია. კომპანიას სამი მეწილე ჰყავს: თენგიზ გოგოლაძე (50%), ზურაბ ნასყიდაშვილი (25%) და იმედა მუმლაძე (25%). ამ სამი პირიდან ერთ-ერთი – ზურაბ ნასყიდაშვილი არის 2015 წლის აპრილში დარეგისტრირებული კომპანიის – „ბუსტ ჯორჯიას“ 33 პროცენტის მფლობელი, ხოლო დანარჩენ 67 პროცენტს ფლობს ესპანეთის მოქალაქე ბართლომეო სორელ სელმანკა. სელმანკა ფლობს ასევე ესპანურ კომპანიაა – „Boost Spain S.I.“-ს.

აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში 1344,7 კვ/მ შენობა – „ანბანის კოშკი~ და მასზე მიმაგრებული 5736 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია „Boost Spain S.I.“-ს 20 წლის ვადით 2015 წლის ივლისში გადასცა. 1 ლარად მიღებული ქონების მფლობელს გასართობი ობიექტები წლის ბოლომდე უნდა გაეხსნა. ინვესტორმა პირობა ვერ შეასრულა.

რაც შეეხება ზუბალაშვილის #39-ში არსებულ შენობას, აქ მცხოვრებნი მძიმე საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მისი თავდაპირველი სახით შესანარჩუნებლად კულტურული მემკვიდრეობის დამცველები სამი წელია იბრძვიან.

ზუბალაშვილის #39
ზუბალაშვილის #39

აჭარის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო აქციები ჩატარდება

9 აპრილიდან, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში უფასო სამედიცინო აქციები იწყება.

პირველი აქცია ხვალ, 9 აპრილს შუახევის მუნიციპალიტეტის უჩამბის თემში ჩატარდება. აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს შპს „მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის“, შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკის“ და შპს „ქ. ბათუმის სამშობიარო სახლის“ ექიმები ჩაატარებენ. მოსახლეობა ადგილზე მიიღებს ოფთალმოლოგის, ქირურგის, უროლოგის, თერაპევტის, ენდოკრინოლოგის, პედიატრის, გინეკოლოგის და კარდიოლოგის მომსახურებას. აქცია 12:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.

მორიგ სამედიცინო აქციას 16 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ხიხაძირის თემში, შპს „ონკოლოგიური საავადმყოფოს“, შპს “საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ და შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტის მერისის თემში შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ექიმები ჩაატარებენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია 23 სამედიცინო ბრიგადის გასვლა.

კომიქსის პროექტი სოციალური ცვლილებებისთვის საქართველოში

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო კომიქსის პროექტს იწყებს. პროექტის მიზანს, რომელიც აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ნიჭიერი მხატვრებისა და მწერლების ჯგუფის ჩამოყალიბება  წარმოადგენს, რომელიც შექმნის კომიქსს საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებზე.

პროექტში მონაწილეობისათვის, ორგანიზატორები იწვევენ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც უყვართ ხატვა/წერა და სურვილი აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ან/და მიიღონ გამოცდილება კომიქსების შექმნაში. კომიქსისათვის მწერლისა და მხატვრის პოზიცია ანაზღაურებადია და პრეტენდენტები შეირჩევიან სპეციალური სააპლიკაციო ფორმით, რომელიც მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაგზავნონ 15 აპრილამდე ელექტრონული ფოსტის მისამრთზე: geocomicbook@gmail.com.

მონაწილეებს პროექტის ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ტრენინგებს, მაისსა და ივნისში, რომლებსაც ამერიკის საელჩოს მოწვევით ჩაატარებენ მხატვარი დეივიდ მეკი, მწერალი ვან ჯენსენი და ქართული კომიქსის „ამირანი“ შემქმნელი ნიკოლოზ ხომასურიძე.

 

მერიის გაფრთხილება: 8 აპრილს 15 საათამდე 6 მაისის პარკში ბავშვებს ნუ გაიყვანთ

ბათუმის მერია მოსახლეობას აფრთხილებს, 8 აპრილს, 15 საათამდე თავი შეიკავონ ბავშვების 6 მაისის პარკში გასეირნებისგან, რადგან ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური პარკში ხე-მცენარეებს შხამქიმიკატებით შეწამლავს.

„მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ როცა ხდება ხე-მცენარეების შხამქიმიკატებით შეწამვლა, გარკვეული დროით ეს მავნეა ადამიანისთვისაც. რამდენიმე საათის განმავლობაში არ უნდა შეეხონ შეწამლულ ფოთლებს, განსაკუთრებით ბავშვები, ვინაიდან შეიძლება მერე თითები პირში ჩაიდონ, რაც მომწამვლელია. ამიტომ, აჯობებს რამდენიმე საათი ბავშვები არ გაიყვანონ პარკში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსი ეთერ მაჭუტაძე.

მისივე თქმით, ბათუმში შხამქიმიკატებით შეწამვლის სამუშაოები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. 6 მაისის პარკში ხე-მცენარეების შეწამვლა 8 აპრილს დილის 9 საათზე დაიწყება. ამ ეტაპზე მცენარეების შეწამვლის პროცესი ბათუმში ამით დასრულდება.

ეთერ მაჭუტაძის ინფორმაციით, ხე-მცენარეებს  წელიწადში ოთხჯერ წამლავენ.

6 მაისის პარკი ბათუმში
6 მაისის პარკი ბათუმში

20 წლის ბაჩო ცხომელიძის გადასარჩენად ბსუ-ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

8 აპრილს, 15 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტის, ბაჩო ცხომელიძის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.

20 წლის ბაჩო ცხომელიძეს ლიმფური ჯირკვლის სიმსივნე აქვს. იგი ამ ეტაპზე თურქეთში, აჯიბადემის კლინიკაში მკურნალობს.

ბსუ-ს სტუდენტები საქველმოქმედო კონცერტის ბილეთებს ყიდიან
ბსუ-ს სტუდენტები საქველმოქმედო კონცერტის ბილეთებს ყიდიან

„ბაჩო ჩვენი კურსელია, აპარატზე იყო შეერთებული, ახლახან  მოვიდა გონს, მაგრამ ოპერაციისთვის 30 000 დოლარი ესაჭიროება. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ როგორც შეგვიძლია, ვატარებთ საქველმოქმედო კონცერტს, რომელზე დასასწრებ ბილეთებსაც 5 და 10 ლარად ვყიდით“, – ამბობს ბსუ-ს მენეჯმენტის მეორე კურსის სტუდენტი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლევან გორგილაძე. მისი თქმით კონცერტის ორგანიზებაში ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა ეხმარება.

ლევან გორგილაძის თქმით, სტუდენტები ხელმოწერების შეგროვებასა და ბათუმის მერიისათვის დახმარების თხოვნით მიმართვას აპირებენ.

საქველმოქმედო კონცერტზე იმღერებენ და იცეკვებენ ბათუმელი მომღერლები და უნივერისტეტის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები.

ბილეთების შეძენა მსურველებს უნივერისტეტის ეზოში შეუძლიათ. კონცერტი ბსუ-ს სააქტო დარბაზში ჩატარდება.

ბაჩო ცხომელიძის დასახმარებლად შექმნილია შემდეგი საბანკო ანგარიშები:

საქართველოს ბანკი [BANK OF GEORGIA]:

GE36BG00000000722160700

ბანკი რესპუბლიკა [BANK REPUBLIC]:

GE49BR00 0001 0151 5880 81

 

დისკუსია ღია მმართველობის თემაზე

ხვალ, 8 აპრილს, 16 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ ჩაატარებს საჯარო კონსულტაციებს  ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“  განცხადებით, შეხვედრები ორგანიზებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ და მიზნად ისახავს საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, მომდევნო ორი წლის მანძილზე მთავრობის მიერ დაგეგმილი იმ ღონისძიებების შესახებ, რაც ღია და მონაწილეობითი მმართველობის უზრუნველყოფას ემსახურება.

„გარდა ამისა, შეხვედრის მიზანია საზოგადოების ჩართულობის გაზრდა, მათი მოსაზრებების, იდეების შეკრება, რათა მთავრობის სამოქმედო გეგმა და გაწერილი ღონისძიებები პასუხობდეს და შეესაბამებოდეს მოქალაქეთა საჭიროებებს,“- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო, მსოფლიოს 69 სახელმწიფოსთან ერთად, ღია მმართველობის პარტნიორობის წევრია. ინიციატივის ფარგლებში წევრი სახელმწიფოები ადგენენ ორწლიან სამოქმედო გეგმას, მეტი გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველყოფის მიზნით.

„საქართველომ დაასრულა მე-2 სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია 2015 წლის ბოლოს და ამჟამად მუშაობს რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე, რომელიც 2016 წლის ივნისში დამტკიცდება მთავრობის დადგენილებით და გაიგზავნება ღია მმართველობის პარტნიორობის სამდივნოში, ვინაიდან პარტნიორობის ფუნდამენტური ღირებულებებია: ღიაობა, გამჭვირვალობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა სამოქმედო გეგმის შემუშავებას სამოქალაქო და ფართო საზოგადოებასთან მჭიდრო კონსულტაციების მეშვეობით ახორციელებს“- ნათქვამია ცენტრის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საჯარო კონსულტაციების სამუშაო ჯგუფი შედგება სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისაგან.

პარტნიორული პროექტი საქართველოს, ნორვეგიისა და ყირგიზეთის უნივერსიტეტებს შორის

7 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელი მოეწერა პროექტს „მდგრადი ტურიზმი: სოფლად მეწარმეობა და კულტურული მემკვიდრეობა“. პროექტი წარმოადგენს შვიდ  უნივერსიტეტს  (საქართველოს, ნორვეგიისა და ყირგიზეთის) შორის თანამშრომლობის შეთანხმებას მდგრადი ტურიზმის სწავლების მიმართულებით.

თანამშრომლობა მოიცავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის  სტაჟირებას, პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის  ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელებას და მდგრადი ტურიზმის  სწავლების სფეროში კურიკულუმის შემუშავებას.

პროექტი ოთხწლიანია და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა აღნიშნულ პროექტში მონაწილეობენ ბათუმის საზღვაო აკადემია და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ბსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტურიზმის ფაკულტეტის 3 სტუდენტი აღნიშნული პროექტის ფარგლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ  ნორვეგიის უნივერსიტეტში (USN)  გაემგზავრება.

„მორალისტობა მორწმუნის იმიჯით ამორალურია“

ყველაზე აგრესიული და გამაოგნებელი კომენტარი, რომელიც ფეისბუქში დაწერეს, მსახიობ შორენა ბეგაშვილის 15 წლის შვილის მისამართით იყო – „ნეტა მოკვდეს“. გოგონა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს. „ღირსია შორენა“, „დაჯექი ახლა შორენა, ისწორე ძუძუები და ილაპარაკე სექსზე“, – ეს კომენტარებიც სოციალურ ქსელში დაიწერა. ცნობილი ადამიანები ამბობენ, რომ მათი შვილები სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარან განკიცხვის მსხვერპლნი. რა განაპირობებს მათ მიმართ ასეთ სიძულვილს? – თემაზე „ბათუმელები“ ქალთა ფონდის ხელმძღვანელს საქართველოში, ნანა ფანცულაიას ესაუბრა.

ქალბატონო ნანა, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს სიძულვილი ასეთი ძლიერი იმ ადამიანების ან მათი შვილების მიმართ, ვისთანაც მხოლოდ ვირტუალური შეხება გვაქვს და რეალურად ნაკლებად ვიცნობთ მათი ცხოვრების დეტალებს? 

ცნობილი ადამიანების შვილების კრიტიკით, რეალურად დარტყმები მათ მშობლებზე, კონკრეტულად კი დედებზე მოდის. სამიზნე, ძირითადად, ქალია, ან შვილი, გოგონა. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი აღიქმება როგორც სიამოვნების ან დაკვირვების ობიექტი და არა როგორც პიროვნება, ინდივიდი. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი არ არის თანასწორუფლებიანი და მიიჩნევენ, რომ ქალის წარმატებას მისი გარეგნული სილამაზე, სხეულის ფორმები განაპირობებს. როცა ქალები ასეთ კონკურენციის პირობებში არიან ჩაყენებული, ისინი ვერ იქნებიან სოლიდარულები ერთმანეთის მიმართ.

წარმატებულ ქალს, რომელიც ხმამაღლა ამბობს, რომ შეყვარებულია, ან აქვს თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, მაშინვე თავს ესხმიან, ანუ ამას ვერ პატიობენ მათ და ეს აგრესია გადადის შვილებზეც?

როგორ უნდა „აპატიოს“, როცა ამის უფლება ჩვენს საზოგადოებაში აქვს მხოლოდ კაცს. სწორედ ამიტომ ფიქრობენ, რომ ქალის დაშანტაჟება შეყვარებულით უფრო ადვილია, ვიდრე კაცის. ის ფარული ჩანაწერებიც სწორედ ამ მოტივით გავრცელდა სწორედ ქალებზე და არა კაცებზე. ქალის სექსუალობა ამ ქვეყანაში გაკონტროლებულია. აბსურდამდეც კი მივდივართ, რადგან, ერთი მხრივ, ხაზს ვუსვამთ ქალის სექსუალობას, მეორე მხრივ, კი ვცდილობთ მისი სექსუალობა ვაკონტროლოთ. ჩვენი კულტურა არ უშვებს ქალის სექსუალურ თავისუფლებას თავისი სურვილის მიღმა. იმას, რაც დასაშვებია კაცისთვის, არ უშვებს ქალისთვის. ამიტომ, ძლიერი და პროფესიონალი ქალიც ხდება თვალთვალისა და კონტროლის ობიექტი.

თქვენ თქვით, რომ ქალს არ პატიობენ წარმატებას და თავისუფლებას. მხოლოდ ქალის მიმართ არის აგრესია თუ, ზოგადად, წარმატებული ადამიანების მიმართ?

ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოება უფრო აგრესიული იყო პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც თქვა, რომ მდიდარი სექსუალური ცხოვრება აქვს, ან წინა პრეზიდენტის მიმართ, რომლის სექსუალურ ისტორიებზეც ხშირად საუბრობდა საზოგადოება, ვიდრე წარმატებული ქალების მიმართ. პოლიტიკურმა ოპონენტებმა შეიძლება თქვეს, რომ არ არის კარგი, როცა პრეზიდენტი თავის სექსუალურ ცხოვრებაზე საუბრობს, თუმცა საზოგადოება გაცილებით ტოლერანტულია კაცის სექსუალური ცხოვრების მიმართ, ვიდრე ქალის. ქალი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ეს განცხადება იქნებოდა ბევრად უფრო დიდი სკანდალი. „ეს კიდევ პოლიტიკაშია?“ – მსგავსი კითხვა არასოდეს გაჩნდებოდა კაცის მიმართ, თუკი მისი პირადი ცხოვრების დეტალები გასაჯაროვდებოდა, როგორც ეს მოხდა ქალი პოლიტიკოსის შემთხვევაში.

ქალი პოლიტიკოსების მიმართ ფარული კადრების გავრცელება ხომ არ უკავშირდება ქალთა მოძრაობას – „მეტი ქალი პოლიტიკაში?“

პოლიტიკაში ყოფნა ძალაუფლების ქონას ნიშნავს, რომელიც საქართველოში, ძირითადად, კაცების ხელშია. როცა ბევრი აქტიური ქალია პოლიტიკაში, შინაგანად ეს არის ძალაუფლების დათმობის, ძალაუფლების გადაცემის საფრთხე კაცებისთვის. ჩვენი საზოგადოება კი მიჩვეულია ქალის ჩაგვრას, ამიტომ არ უნდათ მეტი ქალი პოლიტიკაში. ამიტომ ხდება წარმატებული და პროფესიონალი ქალების დისკრედიტაცია. კაცს არასოდეს ეტყვის კაცი სარკასტულად – „მოგესალმებით შეყვარებულო“ ესა და ესაო. როცა კაცის დისკრედიტაცია უნდათ სექსუალურ ნაწილში, იქ, ძირითადად, საუბარია ხოლმე მის სექსუალურ ორიენტაციაზე და არა იმაზე, რომ მას საყვარელი ჰყავს, ან ვინმეზე შეყვარებულია.

„შორენას მოეკითხა ცოდვების გამო“ – იყო ასეთი კომენტარიც ფეისბუქში, როცა მას შვილი ჰყავდა ცუდად. რა კატეგორიის ხალხია ე.წ. მორალური პოლიცია ფეისბუქში, რომლებიც ადამიანებს კიცხავენ „გარყვნილი“ ცხოვრების გამო?

ეს პოსტსაბჭოური მოვლენაა, რომელიც იყო ე.წ. ყალბი მორალის მქადაგებელი და ამისგან ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა. მათ ჰგონიათ, რომ ვიღაცის პირად ცხოვრებაზე რაღაც ეთქმით. მორალისტობა მორწმუნის იმიჯით უფრო ამორალური მგონია. ლანძღო ადამიანები, მათი შვილები მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ მოგწონს მათი ცხოვრების წესი, უბრალოდ, სიბნელეა. მორწმუნემ უნდა იცოდეს, რომ ღმერთი ვის მოკითხავს ცოდვებს, ეს მისი საქმე არ არის. ერთი მოსამართლე ამბობდა: „ჩვენ წმინდა წერილით ვხელმძღვანელობთო“. თუ მართლა ხელმძღვანელობ, მაშინ მორალისტი ვერ იქნები, რადგან ქრისტიანული სარწმუნოება ამბობს – „არ განიკითხო“. დემოკრატიული კატეგორიებითა და კონსტიტუციით თუ მელაპარაკები, მაშინ მით უფრო არ გაქვს უფლება, სხვისი თავისუფლება შეზღუდო.

სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა დაწერა ფეისბუქსისასტიკეზე. ის ფიქრობს, რომ ამ სიძულვილით ადამიანები ვერ გასცდნენ ინსტინქტს, – „ადამიანი ადამიანისთვის მგელია“. ბავშვების მიმართ სიძულვილიც ინსტინქტია, თუ კიდევ სხვა რამ?

მე უფრო სოციალური მოვლენა მგონია, რომელიც მყარად არის კონსტრუირებული. ადამიანებმა მორალისტური ფრაზების მიღმა, რაღაც მეტი უნდა იცოდნენ. მაგრამ დღესაც, საზოგადოების დიდი ნაწილი – „რას იტყვის ხალხით“ ცხოვრობს. როცა ადამიანის პირადი ცხოვრება კონტროლდება, ის შემდეგ სხვისი ცხოვრების კონტროლს იწყებს. შინაგანი თავისუფლების დეფიციტია ქვეყანაში. ჩვენ ახლა ვსწავლობთ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, განათლება და საკუთარ თავზე ბევრი ფიქრი გვჭირდება. თუ ვიქნებით თვითკრიტიკულები, ნაკლებად სარკასტულები ვიქნებით სხვების მიმართ.

 

“უფრო ახლოს” ბათუმში, ახალ სცენაზე

8 აპრილს ბათუმში, ნინოშვილის ქუჩის #2-ში მდებარე თეატრში, „ახალი სცენაზე”, პრემიერა გაიმართება. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი წარმოადგენს თემურ ჩხეიძის სახელოსნოსა და სამეფო უბნის თეატრის ერთობლივ პროექტს, რეჟისორ ნინი ჩაკვეტაძის სპექტაკლს – “უფრო ახლოს”, ბრიტანელი სცენარისტის, პატრიკ მარბერის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.

„პიესა იმ ოთხ ადამიანზეა, რომელთაც ცხოვრებაში დაუდგათ ეტაპი, რომელთან გამკლავებაც დიდ სირთულეს წარმოადგენს მათთვის. უფრო ზუსტად, პიესა ვნებებზეა – იმაზე, თუ რა ემართებათ ადამიანებს, როდესაც ისინი გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებიან, ეჯახებიან ისეთ შეგრძნებებს, რომელთა კონტროლიც მათ არ შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ პიესა 90-იან წლებშია დაწერილი, იგი დღესაც თანამედროვე და აქტუალურია,“ – ამბობს სპექტაკლის რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძე.

პიესის ოთხი მოქმედი გმირის როლს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობები: დავით ჯაყელი, მამუკა მანჯგალაძე, მერი ნაკაშიძე და მარინა ბურდული ასრულებენ. პატრიკ მარბერის პიესა ქართულ სცენაზე პირველად დაიდგმება.

ბათუმში დრამატული თეატრის „ახალი სცენა“ დაახლოებით რვა თვის წინ, თეატრის ყოფილ სადურგლოში გაიხსნა და ამ დროის მანძილზე აქ უკვე 10 სპექტაკლი დაიდგა. ერთსართულიანი შენობის თანამედროვე და პომპეზურობას მოკლებული გარემო, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ანდრო ენუქიძის თქმით, ხელს უწყობს უფრო დემოკრატიული ჟანრის სპექტაკლების დადგმას.

„აქ არის მეტის საშუალება ამ მხრივ, მაგრამ ნურც იმას იფიქრებს ვინმე, რომ „ახალ სცენაზე“ აკადემიური ხასიათის სპექტაკლის დადგმა შეუძლებელია. მიხეილ ჩარკვიანმა დადგა „ჩურჩული და კივილი“ [ინგმარ ბერგმანის კინოსცენარის მიხედვით], ახლა ნინი ჩაკვეტაძე დგამს პატრიკ მარბერის პიესას და ისიც საკმაოდ თამამი სპექტაკლია, მაგრამ ამავდროულად არ არის გამორიცხული აქ ვაჟა-ფშაველას და დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები დაიდგას,“ – ამბობს ანდრო ენუქიძე. მისივე შეფასებით, სწორედ ამან განაპირობა ისიც, რომ „ახალმა სცენამ“ ახალგაზრდა მაყურებელიც მოიზიდა დარბაზში:

„თეატრებში ზოგადად არსებობს ახალგაზრდა მაყურებლის არ ყოლის პრობლემა, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ „ახალ სცენაზე“ ახალგაზრდა მაყურებლის რაოდენობა მატულობს.

ბათუმში იყო პერიოდი, როცა თეატრი მხოლოდ ნომინალურად არსებობდა, თუნდაც ბავშვთა ოპერის შემთხვევა ავიღოთ, რომელსაც დიდი ყურადღება ექცეოდა და ეს სულაც არ არის ცუდი, მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა დრამატული თეატრის ხარჯზე. ანუ ბათუმში არის მთელი თაობა მშობლების, რომელთაც არ უვლიათ თეატრში და შესაბამისად არც მათ შვილებს უვლიათ. ძალიან დიდი წყვეტაა მაყურებელთა თაობებს შორის და სწორედ ამ წყვეტის ამოვსებაში, ქალაქსა და თეატრს შორის იმ ხიდის აგებას ემსახურება ჩვენი ეს საქმიანობა და ტენდენცია არის დადებითი,“ – ამბობს ანდრო ენუქიძე.

რაც შეეხება ზოგადად მაყურებელთა რაოდენობას, „ახალი სცენის“ დარბაზში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, მათ ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია აქვთ რეგიონებში: „თეატრის კრიტიკოსების საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, ჩვენ [„ახალი სცენა“] პირველ ადგილზე ვართ რეგიონებში მაყურებლის დასწრების მიხედვით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ 90-მდე ადგილი გვაქვს და, რა თქმა უნდა, ცოტა უკეთეს პოზიციაში ვართ, ვიდრე თეატრი, სადაც 400 ადგილია. თუმცა ამ მაჩვენებელსაც თავისი არითმეტიკული სისწორე გააჩნია. უკვე ხშირია, როცა ზედმეტი აგიტაციის გარეშე, პირდაპირ ქუჩიდან მოსული მაყურებელი თავისით ყიდულობს ბილეთს,“ – ამბობს ის.

წელს „ახალ სცენაზე“ იგეგმება დადგმა ლიტველი რეჟისორისა და ინგლისელი სადადგმო ჯგუფის მონაწილეობით. გარდა ამისა, ბათუმის დრამატულმა თეატრმა ხელშეკრულება გააფორმა პოლონურ დასთან, რომლის ფარგლებშიც, პროექტების გაცვლა და ერთობლივი პროექტის შექმნაა დაგეგმილი.

„ახალ სცენაზე“ სტუდენტებიც ხვდებიან, ძირითადად მსახიობების ამპლუაში. ანდრო ენუქიძის განმარტებით, სტუდენტური პროექტების განხორციელება უახლოესი მომავლის პერსპექტივაა.

ამ ეტაპზე ბათუმის დრამატული თეატრის ძირითად შენობას ფონდი „ქართუ“ უტარებს რეაბილიტაციას. სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც თეატრის ძველ შენობას კიდევ ერთი – ექსპერიმენტალური სცენა შეემატება, 2017 წელს დასრულდება და თეატრს საკუთრებაში უკვე სამი სცენა ექნება: ძირითადი შენობის დიდი სცენა, ექსპერიმენტული სცენა და „ახალი სცენა“. ანდრო ენუქიძე ამბობს, რომ მაშინ უფრო ფართოდ გაუღებენ კარს ახალგაზრდა რეჟისორებს.

უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარე და წევრი უნდა აირჩიოს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით, მიმდინარე წლის 8 აპრილს მოწვეულია უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომა. დღის წესრიგში ერთი საკითხია: აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარისა და წევრის ფარული კენჭისყრით არჩევა.

უსკოს თავმჯდომარე და წევრი უმაღლესმა საბჭომ 15 აპრილამდე უნდა დაამტკიცოს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის მიერ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოში მეორედაა წარდგენილი დავით კვაჭაძის კანდიდატურა [რომელიც „ქართული ოცნების“ სასურველ კანდიდატად განიხილება];  წევრობის კანდიდატებად კი საბჭოს წარედგინა მამუკა ჯაში და რუსუდან მიქელაძე.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატმა რუსუდან მიქელაძემ კანდიდატურა მოხსნა [ის „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველ კანდიდატად განიხილებოდა].

არჩილ ხაბაძემ უსკოს თავმჯდომარეობისა და უსკოს წევრობის კანდიდატურები უმაღლეს საბჭოს 28 მარტს წარუდგინა.

უსკო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ატარებს. უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პრეზიდენტმა 2016 წლის 8 ოქტომბერს დანიშნა.

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე დიაბეტის თემას ეძღვნება

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღნიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით წელს ეს დღე დიაბეტს ეძღვნება, რადგან დიაბეტის გავრცელება სწრაფად იზრდება მსოფლიოში და ზოგ ქვეყანაში დიაბეტის ეპიდემიაა – მიიჩნევს ჯანმო.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით შაქრიანი დიაბეტით ავადობის ტენდენცია 2008-2014 წლებში მზარდია.

„2014 წელს ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე წინა წელთან შედარებით 1.4-ჯერ მომატებულია და 586.5-ს შეადგენდა. ბოლო წლებში გამოვლენილი ინციდენტობის მატება, სავარაუდოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტურ ფუნქციონირებას, მაღალ მოცვასა და შესაბამისად, გამოკვლევების გახშირებას უკავშირდება. საქართველოში დიაბეტის სიკვდილიანობის სტანდარტიზირებულ მაჩვენებლებს აქვს საკმაოდ გამოხატული მზარდი ტენდენცია ევროპის რეგიონისაგან განსახვავებით, სადაც პირიქით, მაჩვენებლები იკლებს. დიაბეტის ჰოსპიტალური ლეტალობა გარკვეულად დაკავშირებულია დაავადების მძიმე ფორმების ხვედრით წილთან, გართულებების სიხშირესა და სტაციონარული მომსახურების ხარისხთან. 2014 წელს ჰოსპიტალიზირებულთა შორის დიაბეტით ლეტალობა 2.8%-ს შეადგენდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.2-ჯერ მეტია“. – აღნიშნულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მომზადებულ ბუკლეტში.

2016 წლის ჯანმრთელობის მსოფლიო დღის ამოცანებია:

დიაბეტის შემთხვევათა რაოდენობის ზრდის, დიაბეტის გლობალური ტვირთისა და გართულებების შედეგების გაცნობიერება განსაკუთრებით საშუალო და მცირე შემოსავლიანი ქვეყნების მოსახლეობის მიერ.

ეფექტური ქმედებების განხორციელება, რაც გულისხმობს დიაბეტის პრევენციასა და დროულ დიაგნოსტიკას, დიაბეტით დაავადებული ადამიანების მკურნალობასა და მათზე ზრუნვას.

დიაბეტზე ეპიდზედამხედველობის სისტემის გაუმჯობესება.

შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებაა. ითვლება, რომ მრავალ განვითარებად და ინდუსტრიულ ქვეყანაში დიაბეტმა ეპიდემიის ხასიათი მიიღო, მას სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეოთხე-მეხუთე ადგილი უჭირავს მრავალ განვითარებულ ქვეყანაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზ ეგამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დიაბეტის შემთხვევათა დიდი წილის პრევენცია შესაძლებელია. დიაბეტი ტიპი 2-ის პროფილაქტიკისა და დაავადების გადავადებისათვის ძალიან ეფექტურია ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა. სხეულის ნორმალური წონის შენარჩუნება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი საკვები ამცირებს დიაბეტით დაავადების რისკს.

4 წლის შვილის ცემაში ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

„ცნობ თუ არა თავს დამნაშავედ?“ – მოსამართლე დავით მამისეიშვილის ამ კითხვას შვილის ცემაში ბრალდებულმა არ უპასუხა. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ბრალდებულმა თქვა, რომ თავს შეიკავებს. ამ დიალოგით დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში გახმაურებული ოჯახური ძალადობის საქმის განხილვა.

ნაცემი ბავშვი საბავშვო ბაღში 16 თებერვალს თავად მამამ დატოვა. ბაღის გამგემ სოციალური აგენტი გამოიძახა, აგენტმა – სასწრაფო სამედიცინო დახმარება და პოლიცია. მაშინ „ბათუმელებთან“ ოჯახის მეზობლებმა თქვეს, რომ ბავშვი სისტემატური ძალადობის მსხვერპლი არ იყო და არც ამჯერად უნდა დაისაჯოს მამა შვილის ცემისთვის. სასამართლო დარბაზი ბრალდებულის მეზობლებით და ახლობლებით გაივსო.

„დავუშვათ, ისევ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მოექცა ბრალდებული და ისევ სცემა ბავშვს, როგორ შეიძლება სასამართლომ თავი დაიზღვიოს?“ – იკითხა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, როცა ის ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის მიზანშეწონილობის საკითხს განიხილავდა.

„ბავშვი უკვე გამოიკითხა. თვეზე მეტია ბრალდებული პატიმრობაშია, ის არის ამ ბავშვისთვის დედაც და მამაც [ნაცემი ბავშვის დედა გარდაცვლილია]. ბავშვი მამის სურათებს ხატავს და ენატრება… ყველა მეზობელი და ახლობელი ადასტურებს, რომ მამა შვილისთვის საფრთხეს არ ქმნის“, – დაახლოებით ამ სიტყვებით დაასაბუთა ადვოკატმა მერი ცინარიძემ ბრალდებულის გათავისუფლების აუცილებლობა.

„ვიდრე ჩამოვიდოდი დარბაზში, კიდევ ერთხელ ვფიქრობდი ნაცემ ბავშვზე. მთავარი არის არასრულწლოვნის ინტერესები, მაგრამ მგონი ეს დრო, რაც პატიმრობაში ხართ, საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ შვილის ცემას არავითარი გამართლება არ ექნება“, – ამ სიტყვების შემდეგ მოსამართლემ ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლა იმ პირობით, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე შვილთან ურთიერთობა მამას არ ექნება.

სასამართლო არსებით განხილვაზე აღარ დაკითხავს ბრალდებულს და შვილს [ამ ორი მოწმის გამოკითხვის მასალები ორივე მხარემ უდავოდ მიიჩნია].

მ.მ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევაში ედება ბრალი, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. ეს მუხლი სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე.

“რეგიონებში როგორ არის პარტია წარმოდგენილი, ესაა გადამწყვეტი”

„დღეს სხვა ვითარებაა და საჭიროა, საქართველოს მოსახლეობამ გააკეთოს შესაბამისი არჩევანი“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელებმა“ კონკურენციაზე გააკეთეს აქცენტი. „რესპუბლიკური პარტია~ და პარტია „ქართული ოცნება“ დღემდე იყვნენ პარტნიორობის რეჟიმში, დღეიდან კი გადადიან პარტნიორობა-კონკურენციის რეჟიმში“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. რამდენად ცვლის პოლიტიკურ რეალობას მმართველი პოლიტიკური პარტიების განაცხადი – არჩევნები ცალ-ცალკე მოიგონ? „ბათუმელებმა“ ბლიც-ინტერვიუ პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძესთან ჩაწერა.

ვახტანგ ძაბირაძე: პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ „რესპუბლიკელები“ რჩებიან უმრავლესობაში, მათი გასვლა არასასურველ სიტუაციას და არასტაბილურ გარემოს შექნიდა. ჩნდება იმის საშუალებაც, რომ დაიწყოს მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე საკმაოდ რთულია ამ პროცედურის მიყვანა, ეს ოპოზიციას აწყობს. ამიტომ უმრავლესობის დატოვება გამოიწვევს სახელისუფლებო რყევებს და საზოგადოებაში იმის განცდას, რომ ქვეყანაში არასტაბილური ვითარებაა. ამის გამოყენებას ქვეყნის გარეთაც შეეცდებიან. სწორი გადაწყვეტილებაა, როდესაც „რესპუბლიკელები“ ამბობენ, რომ ისინი არ დატოვებენ უმრავლესობას. ვფიქრობ, „რესპუბლიკელებს“ და „ეროვნულ ფორუმსაც“ აქვთ პასუხისმგებლობის განცდა და ისინი ამ ნაბიჯს არ გადადგამენ.

თუკი „რესპუბლიკელები“ უმრავლესობაშიც დარჩებიან და მინისტრებსაც შეინარჩუნებენ, რა გაზრდის მათ პოლიტიკურ აქტივს?

აქტივებს ვეღარ მოიპოვებს პარტია, რომელიც ხელისუფლებაში იყო. რას იტყვის, ოთხი წელი ქვეყანა ინგრეოდა და ჩვენ მაინც უმრავლესობაში ვიყავითო? ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. ასევე ფაქტია, რომ სტრატეგიულ საკითხებში ისევ უნდა დაეთანხმონ ერთმანეთს. შესაბამისად, „რესპუბლიკელები“ აშკარად ეცდებიან მოძებნონ ახალი ნიშა. ჩემი აზრით, ისინი, ძირითადად, ისაუბრებენ იმაზე, თუ რა იქნება ხვალ. შექმნილ რეალობას კი, თუ ადეკვატურები უპასუხებენ, ამას დააფასებს ამომრჩეველი.

რა გამოჩნდა ამ პროცესით, რომელიც „რესპუბლიკელებმა“ დაიწყეს?

ჯერ კიდევ შემოდგომაზე თქვეს „რესპუბლიკელებმა“, რომ საჭიროა თამაშის წესების შემუშავება, რომ ვიცოდეთ, ვინ რას აკეთებსო. მერე ისინი სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, მაგრამ ესეც ჩაიშალა, ვისი მიზეზით და რატომ, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ჩაიშალა. ანუ რაღაც საფუძველი შეიქმნა. პარტია „ქართულ ოცნებას“ რომ სდომოდა ეს, აქამდე გააკეთებდა. „რესპუბლიკელებმა“, როგორც ჩანს, გარკვეული ნიადაგი მოსინჯეს და ისე მიიღეს გადაწყვეტილება. კონკრეტულად რა, ჯერ არ ვიცი.

ახალი პოლიტიკური გაერთიანებების შექმნას ელოდებით?

არაფერია გამორიცხული.

ჯერჯერობით ყველა აცხადებს, ცალ-ცალკე მივდივართ არჩევნებზეო, მაგრამ არჩევნები როცა მოახლოვდება, უფრო ნათლად დაინახავენ პოლიტიკოსები ამის საჭიროებას. ჩემი შეფასებით, „რესპუბლიკელებს“ და კოალიციის სხვა სუბიექტებსაც, პარტია „ქართული ოცნების“ გარდა, ყველას დაახლოებით ერთნაირი შანსი აქვთ. ამ მოცემულობით არც ერთს არ აქვს საარჩევნო ბარიერის გადალახვა გარანტირებული, თუმცა შანსი აქვთ.

ჩვენი ელექტორატი არ არის მყარი.გვინახავს არჩევნები, სადაც წინა დღით გამოსვლას რადიკალურად გადაუწყვეტია ამომრჩევლის ნება, ასევე არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებს.

ამ ბოლო ცვლილებებმა რამდენად შეიძლება შეცვალოს ამომრჩევლის განწყობა?

ყველაფერი პოლიტიკური სპექტრის აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. ერთი რამ ვიცი: „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული არ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ არჩევნებს არ იგებს ფული, როგორც ეს ბევრს ჰგონია. არჩევნებში წარმატება ორ რამეს მოაქვს: ძლიერ პარტიულ სტრუქტურას და პროგრამას. ჩვენს შემთხვევაში, პარტიული სტრუქტურა რაიონებში შედარებით „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. რეგიონებში როგორ არის პარტია წარმოდგენილი, ესაა გადამწყვეტი.

არსებულ რეალობას თუ გავითვალისწინებთ, მაგალითად, ბათუმში პარტია „ქართული ოცნების“ ოფისიც კი ახლახან გაიხსნა, რამდენად შესაძლებელია დარჩენილ დროში პარტიული სტრუქტურების ჩამოყალიბება და პროცესის ისე გააქტიურება, რომ ამან ამომრჩევლის არჩევანი შეცვალოს?

„ქართულ ოცნებას“ პლუსი აქვს იმ კუთხით, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში უმრავლესობები ჰყავს და ამას ამუშავებს, დანარჩენი პარტიები რას იზამენ, არ ვიცი. თუ არ იმუშავა, გააქტიურდა პოლიტიკური სპექტრი, ამომრჩეველი არ წავა არჩევნებზე, როგორც ეს ახლა კვლევებში ჩანს. ჯერ ადრეა ამ კუთხით ვარაუდების გამოთქმა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჯერ კიდევ 60 პროცენტი ან არ მიდის არჩევნებზე, ან არ იცის, ვის მისცეს ხმა.

ფოტო: რადიო “თავისუფლება”

ხანძარი ბათუმში [ფოტო]

ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ირმა დიმიტრაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ირმა დიმიტრაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ირმა დიმიტრაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ირმა დიმიტრაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ირმა დიმიტრაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ირმა დიმიტრაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 თედო ჯორბენაძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ცაგო კახაბერიძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ცაგო კახაბერიძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ცაგო კახაბერიძის ფოტო
ხანძარი ბათუმში 7.04.2016 ცაგო კახაბერიძის ფოტო

ხანძარი  დღეს, 7 აპრილს, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, დაახლოებით 8:30 საათზე გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე საწყობები იწვის

როგორც  ხანძრის ადგილზე მყოფი “ბათუმელების” ჟურნალისტი იუწყება, ხანძარი საკმაოდ მასშტაბურია – იწვის სხადასხვა კომპანიის საწყობი, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, საკვებ პროდუქტებთან ერთად განთავსებულია საოჯახო ტექნიკა და კომპიუტერები. ხანძარს გადარჩენილ ნივთებს შორის ჩანს შპს “სავარძელის” ავეჯი.

12939714_10210025274334671_1894144263_nხანძარი დიდ ფართობზეა გაკიდებული. ადგილზე იმოფება სახანძრო და სააშველო სამსახურები. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია სახანძრო სამსახურს არ აქვს.

წინასწარი ინფორმაციით, ზარალი მასშტაბურია.

ხანძარი  დღეს, 7 აპრილს, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე, დაახლოებით 8:30 საათზე გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

„წიგნის კუთხე“ – III და IV მერვედფინალური თამაშები

2-3 აპრილს გაიმართა ლიტერატურული კონკურსის „წიგნის კუთხეს“ მესამე და მეოთხე მერვედფინალური თამაშები. კონკურსში კითხვები დაისვა შემდეგი ხუთი ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ:

  • ვაჟა-ფშაველა – “ალუდა ქეთელაური”;
  • ორჰან ფამუქი – “თოვლი”;
  • ალექსანდრე დიუმა – “კავკასია”;
  • პროსპერ მერიმე – “მათეო ფალკონე”;
  • ერნესტ ჰემინგუეი – “მოხუცი და ზღვა”;  

მესამე მერვედფინალურ თამაშში ერთმანეთს შეხვდნენ ბათუმის მე-3 საჯარო სკოლისა [მარიამ ანანიძე, მეგი დოლიძე, ანა დუმბაძე] და სკოლა „ნიკეს“ [მარიამ მიქელაძე, ივა ვარშალომიძე, გიგი დიასამიძე] გუნდები. აღნიშნული თამაშის შედეგებით მეოთხედფინალურ ეტაპზე სკოლა „ნიკეს“ გუნდი გადავიდა, ანგარიშით 8:5.

მეოთხე მერვედფინალური თამაში ბათუმის მე-20 [სალომე ციმნარიძე, ნათია ბასილაძე, ანა აბაშიძე] და მე-7 [გია დავითაძე, ლერი ქონიაძე, თამთა მახარაძე] საჯარო სკოლების გუნდებს შორის გაიმართა. ამ გუნდებიდან მეოთხედფინალურ ეტაპზე, ანგარიშით – 11:5 გადავიდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის გუნდი.

„წიგნის კუთხე“ წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას, რომელსაც გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში ახორციელებს ბათუმში.

პროექტის ფარგლებში ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, სულ 16 გუნდი. უკვე გასულ კვირაში შედგა „წიგნის კუთხეს“ პირველი და მეორე მერვედფინალური თამაში.

გადაცემა კიდევ ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, გამარჯვებული გუნდები კი დასაჩუქრდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

მოქალაქეები მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესახებ (ვიდეო)

იცით თუ არა მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც შეგიძლიათ საგამოძიებო ორგანოს ჩვენება მისცეთ მოსამართლის თანდასწრებით? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა ბათუმის ქუჩებში მოქალაქეებს დაუსვა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილი ახალ წესს იცნობს, თუმცა არ იცის, როგორ იმოქმედებს, თუკი თავად დაიბარებენ მოწმის სახით. მოქალაქეთა ერთი ნაწილისთვის მოსამართლის დასწრება გამორიცხავს ზეწოლას პროკურატურისგან, ნაწილი კი თვლის, რომ სასამართლოს ჩართულობა ამ პროცესში არაფერს შეცვლის.

ახალი წესის მიხედვით, თუკი მოწმე დაკითხვაზე უარს ამბობს, პროკურატურამ უნდა დაასაბუთოს მოწმის დაკითხვის აუცილებლობა და მიმართოს სასამართლოს. მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, პროკურორი მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავს.

მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 20 თებერვლიდან მოქმედებს. დღემდე, ბათუმში მხოლოდ ერთი მოწმეა დაკითხული ამ წესით. თაღლიოთობის საქმეზე პროკურატურამ მოწმე 30 მარტს, მოსამართლე დავით მამისეიშვილის თანხმობით დაკითხა.

ბათუმისა და ბაქოს უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

6 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

„ეს არის აზერბაიჯანში ამ მიმართულებით ერთ-ერთი მსხვილი უნივერსიტეტი, საკმაოდ წარმატებული, დიდი ტრადიციების მქონე და მათ აქვთ ძალიან ფართო ურთიერთობები, მსოფლიოს, განსაკუთრებით ევროპის შესაბამის უნივერსიტეტებთან, ამიტომ ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლობა და ურთიერთობა ამ უნივერსიტეტთან მე ვფიქრობ, რომ წარმატებული იქნება“, – ამბობს ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში.

09615623-d500-4730-b788-089bc0cb7197მერაბ ხალვაშის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში, ამ ეტაპზე იქნება საუბარი გაცვლით პროგრამებზე, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. საბოლოო ჯამში კი მემორანდუმის მიზანია ერთობლივი თანამშრომლობა  აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში.

 

მემორანდუმის გაფორმება მოხდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა, გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში რაშად ისმაილოვი, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობების დარგში, ნარგიზა აბდულაევა და პროფესორი ფაილა ისმაილოვა.

უსკოს წევრობის კანდიდატმა რუსუდან მიქელაძემ კანდიდატურა მოხსნა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატმა რუსუდან მიქელაძემ კანდიდატურა მოხსნა. ის „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველ კანდიდატად განიხილებოდა. ვარაუდობდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისი მხარდაჭერის სანაცვლოდ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძეს დაუჭერდა მხარს, რომლის არჩევასაც მანამდე ამ პარტიამ მხარი არ დუჭირა.

„ჩემი არჩევა არ არჩევის საკითხი სალაპარაკო გახდა. თითქოს მე არ მქონდა უფლება უსკოს წევრი გავმხდარიყავი, რადგან ჩემი მეუღლე ნაციონალური მოძრაობის წევრია. მე თავად უპარტიო ვარ და უსკოში მუშაობის გამოცდილებაც მაქვს.“

რუსუდან მიქელაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რაულ თავართქოლაძის მეუღლეა.

დავით კვაჭაძე „ქართული ოცნების“ სასურველ კანდიდატად განიხილება. მისი კანდიდატურა უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მეორედ წარადგინა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ უსკოს თავმჯდომარეობისა და უსკოს წევრის კანდიდატურები 15 აპრილამდე უნდა დაამტკიცოს.

ამავე თემაზე: დავით კვაჭაძე ისევ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატია
უსკოს თავმჯდომარის კანდიდატურას კენჭს ხელახლა უყრიან
დავით კვაჭაძე: ბოლო პერიოდში დავინტერესდი უსკოს საქმიანობით

მაჭახლის ხეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსს ითხოვს

სოფელ ჩიქუნეთში მთავრობის წარმომადგენლებს ელოდებიან. მაჭახლის ხეობის მოსახლეობა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მოთხოვნით 12 აპრილს მორიგ აქციას გამართავს. ამის შესახებ დღეს, ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, როინ მალაყმაძემ განაცხადა. იმავე დღეს მოსახლეობა „მაჭახლის განვითარების ფონდის“ დაფუძნებასაც აპირებს.

„პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ პასუხი მარტის დასაწყისში, რომ კონტროლზე აიყვანენ ამ საკითხს, მაგრამ არაფერი შეცვლილა. ჩვენი მოთხოვნა „მთის კანონიდან“ გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც, სიმაღლის მიუხედავად შესაძლებელია მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭოს ადგილს, რომელიც გამორჩეულია თავისი ისტორიულ-გეოგრაფიული მახასიათებლებით. საუბარია შემთხვევაზე, როცა სოფელი არ მდებარეობს კანონით განსაზღვრულ სიმაღლეზე. ვთვლით, რომ მაჭახლის ხეობის მიმართ განსაკუთრებული მიდგომა უნდა არსებობდეს“ – უთხრა როინ მალაყმაძემ „ბათუმელებს“.

მაჭახლის ხეობის 10 სოფლიდან ამ დროისთვის მხოლოდ ერთს – ქვედა ქოქოლეთს აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.

2016 წლის 17 თებერვლისთვის, სოფელ აჭარის აღმართში მოსახლეობამ „სახალხო კრების“ მოწყობა დააანონსა  და აჭარის მთავრობაც მიიწვია. კრების მოთხოვნა ხეობისთვის სტატუსის მინიჭება იყო. „რამდენადაც ვიცით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეუძლია ინიციატივით შევიდეს პარლამენტში და მოითხოვოს შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ მაშინ სოფელ ზედა ჩხუტუნეთის მკვიდრმა, ბექა ქობულაძემ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შესაძლოა ერთი სართული და მანსარდა დაემატოს

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაძლოა ერთი სართული და მანსარდა დაემატოს. ამასთან, ეზოში აშენდება ოთხსართულიანი სასწავლო კორპუსი და სასწავლო თეატრი.

ორსართულიან [ყოფილი კოლეჯის] შენობაში, სადაც დღეს ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ფილიალია, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი უნდა განთავსდეს.

„სსიპ „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის“ განთავსებისათვის, ბათუმში, ზ. გორგილაძის/ვაჟა-ფშაველას ქ. N19/32 მდებარე შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია/მშენებლობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე“ ტენდერი ხელოვნების უნივერსიტეტმა უკვე გამოაცხადა. დოკუმენტაციის მომზადებაში უნივერსიტეტი მაქსიმუმ 45 ათასი ლარის გადახდას აპირებს.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით: „საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისას გათვალისიწინებული უნდა იქნას, რომ არსებული შენობა არის ორსართულიანი. კონსტრუქციული კვლევის საფუძველზე მას უნდა დაემატოს დამატებით ერთი სართული და ქუჩის მხრიდან ოთხი მეტრით შეწეული მანსარდი. ეზოში უნდა აშენდეს ოთხსართულიანი სასწავლო კორპუსი და სასწავლო თეატრი [დეტალები ზუსტდება შემსყიდველთან]. არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილების გარდა მუშა პროექტი უნდა შეიცავდეს:  შიგა ელექტროსამონტაჟო სამუშაოების, გათბობის, გაგრილების, წყალკანალიზაციის პროექტს; ხარჯთაღრიცხვას; მშენებლობის ორგანიზების პროექტს. ასევე, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისიწნებულ შესაბამის დოკუმენტებსა და ინფორმაციას.“

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის განცხადებით, სააგენტოსთვის აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არავის მიუმართავს.

 

ამ შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ერთ სართულს და მანსარდას დააშენებენ / ბათუმი, გორგილაძისა და ვაჯა-ფშაველას კვეთა
ამ შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, შესაძლოა ერთი სართული და მანსარდა დააშენონ / ბათუმი, გორგილაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთა

რატომ არ ინტერესდებიან ინვესტორები ქობულეთით

„ბოლო წლების განმავლობაში ქობულეთში არც ერთი მსხვილი ინვესტიცია არ განხორციელებულა,“ – განაცხადეს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ქობულეთში გამართულ ბრიფინგზე.

„მაშინ, როცა მივლინებებში სოლიდური თანხა იხარჯება და ამას გამგებელი ინვესტიციების მოზიდვით ამართლებს, მუნიციპალიტეტში არც ერთი ახალი, მსხვილი ინვესტიცია არ განხორციელებულა. გამგეობა ინვესტიციად ასახელებს კერძო სახლების მშენებლობას და იმ ობიექტებს, სადაც ინვესტიცია 2012 წელს ჩაიდო,“ – აცხადებს რეზო ხარაზი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

პარტიამ ინვესტიციების შესახებ საჯარო ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამოითხოვა. რეზო ხარაზის თქმით, ქობულეთში რამდენიმე საინვესტიციო პროექტი შეჩერებულია. ამის მაგალითად ხარაზი გელაურის თხილის საწარმოს ასახელებს, რომელიც ამ დროისთვის არ მუშაობს, ასევე ბაზართან ახლოს სავაჭრო ცენტრის მშენებლობას. „ბიზნესმენი ათაბაძე აპირებდა აქ მასშტაბური პროექტის განხორციელებას, სავაჭრო ცენტრისა  და ავტოპარკინგის მოწყობას, მაგრამ არაფერი გაკეთებულა,“ – განაცხადა რეზო ხარაზმა.

savachro centri
ადგილი ქობულეთის ცენტრში, სადაც სავაჭრო ცენტრი უნდა აშენებულიყო

„ათაბაძეს ჯერ კიდევ რომ არ დაუსრულებია სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, ეს „ნაციონალების“ ბრალია,“ – ამბობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სულხან ევგენიძე. მისი განმარტებით, ამ ინვესტორს ხელშეკრულება წინა ხელისუფლების დროს გაუფორმდა და ერთადერთ ვალდებულებად მაშინ მხოლოდ 100 ათასი დოლარის ინვესტიციის ჩადება განისაზღვრა: „გარდა ამისა, იქ იყო ელექტროტრანსფორმატორის პრობლემა. ჩვენ გამოვუყავით მიწის ნაკვეთი ამ ბიზნესმენს, ტრანსფორმატორი უკვე გადატანილია და მალე აშენდება სავაჭრო ცენტრი. რაც შეეხება გელაურის თხილის საწარმოს, იქ დანადგარებს ელოდებიან და ამ ზაფხულს ამოქმედდება“.

„ინვესტორებს ძირითადად ინტერესი აქვთ ზღვისპირა ზოლში, სადაც თავისუფალი მიწის ნაკვეთი თითქმის ყველა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისე გაასხვისა, რომ მათი მესაკუთრე ფიზიკური პირები თუ კომპანიები აღარ იძებნებიან. რეალურად თავისუფალია მიწები, სადაც არაფერი კეთდება. ჩვენ ამ პირებს არაერთხელ მივწერეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. ეს საკითხი დასმულია აჭარის მთავრობის დონეზე და ვნახოთ, იქნებ რამე სამართლებრივი ფორმა მოიძებნოს, რომ ეს მიწები დაბრუნდეს, ან იქ რამე მოეწყოს.  იყო შემთხვევა, როცა წინა ხელისუფლების დროს, მიწა გაყიდეს ვალდებულებებით, მერე მესაკუთრემ აიღო ბანკისგან სესხი და ქონება იპოთეკით დატვირთა და გაუჩინარდა. ბანკმა ეს მიწა გაყიდა და სხვაა მესაკუთრე. ბევრია ასეთი შემთხვევა,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სულხან ევგენიძემ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი არ მალავს, რომ ინვესტორებს ერთგვარი შიშიც აქვთ: „მაინც შიშობენ ქობულეთში დიდი ფულის ჩადებას. წელს ველოდებით უკრაინულ და ყაზახურ ინვესტიციებს, მაგალითად, ბობოყვათში იგეგმება სასტუმრო კომლექსის აშენება, ეს ინვესტორი 10 ათასი კვადრატული მეტრის შესყიდვას აპირებს. ასევე საუბარია ქობულეთში ასფალტის ქარხნის მოწყობაზე. თუ ეს ინვესტიციები განხორციელდება, ქობულეთის მიმართ ინტერესიც გაიზრდება,“ – აცხადებს სულხან ევგენიძე.

ფულადი წახალისება ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისთვის

საქართველოს მთავრობამ „ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვისათვის საქართველოს მოქალაქე პაციენტის ფულადი წახალისების ოდენობა და გაცემის წესი“ დაამტკიცა. ფულადი წახალისების გაცემა განხორციელდება  უნაღდო ანგარიშსწორებით, პირად საბანკო ანგარიშზე [18 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, კანონიერი წარმომადგენლის ანგარიშზე] ჩარიცხვის გზით, რეგულარული ფორმის ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე და  რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის. მთავრობის დადგენილება ძალაში 2017 წლის პირველი იანვრიდან შევა.

ფულადი წახალისება გაიცემა ორ ეტაპად

პირველ ეტაპზე თანხა გაიცემა იმ პაციენტებზე, რომლებიც მკურნალობის ინტენსიური ფაზის [დიაგნოზის დადგენისა და მკურნალობაში ჩართვიდან არანაკლებ 60 კალენდარული დღე] დასრულებიდან ამბულატორიულ მკურნალობაზე ყოფნის პირველი 28 კალენდარული დღის განმავლობაში გამოიჩენენ სრულ დამყოლობას მკურნალობისადმი;

მე-2 ეტაპზე თანხა გაიცემა  იმ პაციენტებზე, რომლებსაც მკურნალობის პირველი ეტაპის დასრულებიდან მკურნალობის სრული კურსის დასრულებამდე არ ექნებათ გაცდენილი ხუთ კალენდარულ დღეზე მეტი [მათ შორის, გაცდენები არ უნდა იყოს მიყოლებით 5 დღე];

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ინტენსიური ფაზის დასრულებიდან პირველი 28 დღის განმავლობაში მკურნალობას გადის ჰოსპიტალში, მასზე პირველი ეტაპის დაფინანსება არ გაიცემა.

რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზის დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის ფულადი წახალისება გაიცემა თვეში ერთხელ,  ამბულატორიულ მკურნალობაზე ყოფნის პერიოდში სრული დამყოლი კვირისათვის.

პაციენტის ფულადი წახალისების ოდენობა

ფულადი წახალისება, მკურნალობის ერთ ციკლზე, რეგულარული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს მიეცემა არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში, ხოლო რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს – არაუმეტეს 20 თვის განმავლობაში.  რეგულარული ფორმის ტუბერკულოზის ნაცვლად, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზის მკურნალობის რეჟიმზე პაციენტის გადაყვანა განიხილება როგორც მკურნალობის ახალი ციკლი და ფინანსდება ამ წესის შესაბამისად.

ფულადი წახალისების ოდენობა, მედიკამენტების რეგულარულად მიღებისათვის, რეგულარული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტებისათვის შეადგენს პირველი ეტაპის სრულად შესრულებისათვის 60 ლარს [ხელზე ასაღებ თანხას], ხოლო მე-2 ეტაპის სრულად შესრულებისათვის, მიუხედავად მკურნალობის გამოსავლისა – 100 ლარს [ხელზე ასაღებ თანხას]. რეზისტენტული პაციენტებისათვის ფულადი წახალისების რაოდენობა შეადგენს 100 ლარს [ხელზე ასაღებ თანხას] თვეში.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, ფულადი წახალისების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს ტუბერკულოზის ამბულატორიული მკურნალობის მიმწოდებელებისგან  წარდგენილი მკურნალობის მონიტორინგის მონაცემები და ტუბერკულოზით დაავადებული  პაციენტის ან 18 წლამდე ასაკის პაციენტის შემთხვევაში, მისი კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერით დადასტურებული თანხმობა ფულადი წახალისების სქემაში მონაწილეობაზე;

ფულადი წახალისების ანგარიშგება/ანაზღაურების მექანიზმები, ანგარიშგებისათვის აუცილებელი ფორმები და მათი შევსების წესი განისაზღვრება სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  მიერ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით;

პაციენტი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, ზემოაღნიშნულ ფულად წახალისებას მიიღებს სოციალური დახმარების სახით, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.

მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით და 1,5 მილიონზე მეტი იღუპება“

ექსპერტიზის დასკვნა ხელვაჩაურში ქალის მკვლელობის საქმეზე

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პირი, ვისაც ხელვაჩაურში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში 39 წლის ქალის მკვლელობა ედება ბრალად, შეურაცხადია. სასამართლოს მორიგ სხდომაზე პროკურორმა რამაზ შავაძემ ეს მტკიცებულება სადავოდ მიიჩნია და იმ სამი ექსპერტის დაკითხვა მოითხოვა, რომლებიც დასკვნას ხელს აწერენ. ამავე დასკვნის მიხედვით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს ჯანმრთელი იყო.

თუკი ექსპერტიზის დასკვნა უდავოდ იქნება მიჩნეული, სასჯელს მ.მ. სამედიცინო-ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის გამოჯანმრთელებამდე. მ.მ.-ს 109-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლამდე პატიმრობა ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„ბრალდებულის დასწრება სასამართლო პროცესზე მიზანშეწონილი არ არის“, – მოსამართლის ვიოლეტა ფორჩხიძის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ბრალდებული მ.მ. სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს. მანამდე ბრალდებული სასამართლო დარბაზის გისოსებში ბადრაგთან ერთად იყო და სკამზე თავის შეკავებას ძლივს ახერხებდა.

ამავე სხდომაზე, დაცვის მხარის ადვოკატმა შუამდგომლობა დასვა: „ხომ არ გვემსჯელა იმაზე, რომ ბრალდებული ახლაც სამედიცინო დაწესებულებაში განთავსდეს“. მოთხოვნას პროკურორი არ დაეთანხმა. რამაზ შავაძის აზრით, მიუღებელია დადგენილ ფაქტად იმის მიჩნევა, რომ ბრალდებული ფსიქიკურად დაავადებულია. შუამდგომლობას არც მოსამართლე დაეთანხმა. „ამის საჭიროებას თავად სასჯელაღსრულების სამინისტრო განსაზღვრავს“, – თქვა ვიოლეტა ფორჩხიძემ.

მკვლელობა ხელვაჩაურის გზატკეცილზე გასული წლის 2 სექტემბერს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ქალს მრავლობითი ჭრილობები იმიტომ მიაყენა, რომ ორი ბოთლი ლუდის ნისიად გაცემაზე მიიღო უარი. სასამართლომ უკვე დაკითხა მოწმის სახით ა.კ, რომელიც ამავე ბრალდებულმა დანით დაჭრა, როცა ის მკვლელობის დროს სუპერმარკეტში აღმოჩნდა. ის ამ საქმის ერთადერთი თვითმხილველი იყო. მოკლულს სამი ჭრილობა მარტო გულის არეში, რვა კი კისერში ჰქონდა მიყენებული.

მოკლულ ქალს 300 დოლარის ღირებულების ოქროს ყელსაბამი მოგლიჯა ბრალდებულმა და სახლში წავიდა. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

47852

ახალი პოლიტიკური ბალანსი ბათუმის საკრებულოში

მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელებმა“ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კოალიციისგან დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილებაზე განაცხადეს, ბათუმის საკრებულოში ოპოზიციურ ფრაქციებს იმედი მიეცათ, რომ მათი ოცნებაც შეიძლება ახდეს. ისინი ვარაუდობენ, რომ კონკრეტულ საკითხებზე კენჭიყრისას შესაძლოა დაფიქსირდეს კონფიგურაცია: 14 ხმა („რესპუბლიკელების“ ჩათვლით) 11 ხმის წინააღმდეგ – ზუსტად ამდენი წევრი ჰყავს სახელისუფლებო გუნდს საკრებულოში.

მივდივართ, მაგრამ ვრჩებით, – დაახლოებით ასეთი იყო „რესპუბლიკელების“ პათოსი მას შემდეგ, რაც მათ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გარეშე მონაწილეობაზე განაცხადეს. პერემიერ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარემ და „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ პარტია აცნობიერებს ამორჩეველთან პასუხისმგებლობას, რის გამოც ის არჩევნებამდე კოალიციურ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას; რესპუბლიკელი მინისტრები, სხვა რესპუბლიკელ თანამდებობის პირებთან ერთად, პოსტებზე დარჩებიან: „არჩევნებამდე ერთად მივალთ“. დავით უსუფაშვილმა ისიც დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკელები“ „კოალიციურ და კონკურენტულ“ გარემოში გააგრძელებენ მუშაობას.

ძალების მსგავსი გადანაწილების შემდეგ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა, თვითმმართველობების საკრებულოებშიც შესაძლოა უმცირესობაში აღმოჩნდეს. ასეა ბათუმის საკრებულოშიც, სადაც გადაწყვეტილებებს ამ დრომდე კოალიცია „ქართული ოცნება“ იღებდა: 25-წევრიან საკრებულოში პარტია „ქართულ ოცნებას“ 11 წევრი ჰყავს, მათგან ორი „კონსერვატორი“. გასულ კვირამდე კოალიციის რიგებში სამი „რესპუბლიკელიც“ იყო.

აქამდე სამი ოპოზიციური ფრაქციის წევრებს ბათუმის საკრებულოში (ფრაქციების სულ ცხრა წევრი და ორი დამოუკიდებელი წევრი ჰყავდთ „პატრიოტთა ალიანსიდან“) გადაწყვეტილების მიღების შანსი არ ჰქონდათ. ახლა იმედი გაუჩნდათ, რომ შესაძლოა ეს რეალობა შეიცვალოს.

`ბევრი გადაწყვეტილება იყო ბათუმის საკრებულოში, რასაც რესპუბლიკელები არ ეთანხმებოდნენ, ეს გადაწყვეტილებები მათთვის პრინციპულად მიუღებელი იყო, თუმცა კოალიციის რეჟიმიდან გამომდინარე უწევდათ კენჭისყრაში მონაწილეობა და ქართული ოცნების პოზიციის მხარდაჭერა. ახლა ისინი კოალიციის რეჟიმში რჩებიან, თუმცა მათთვის პრიორიტეტი იქნება პარტიული გადაწყვეტილებები. ფრაქცია რესპუბლიკელები ბათუმის საკრებულოში პარტიული პრინციპების მომხრედ დარჩებიან და აღარ დაუჭერენ მხარს მათთვის მიუღებელ პოზიციას კოალიციის შენარჩუნების გამო. ეს მათ აღარ დასჭირდებათ. რაც შეეხება ძალთა გადანაწილებას, დღეს საკრებულოში „ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგა. შესაბამისად, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც დადგება დღის წესრიგში, იქნება მხარდაჭერილი ფრაქციებს შორის პრინციპული შეთანხმების შემთხვევაში, რადგან ეს იქნება 14 ხმა – 11 ხმის წინააღმდეგ“, – ამბობს კობა ჩხეიძე, ბათუმის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარე.

კოლეგის მსგავსად ახალ პოლიტიკურ რეალობას იმედიანად ვერ ხვდებიან საკრებულოს სხვა ოპოზიციურ ფრაქციაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ეჭვობს, რომ პრინციპული გადაწყვეტილების მიღებისას „ქართული ოცნება“ დამატებით ორ ხმას „პატრიოტთა ალიანსის“ ორი წევრისგან მიიღებს. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ 11 ხმას კიდევ ორი ხმა დაემატება და ოპოზიციას ერთი ხმით მოუგებს.

როგორია მათი ხედვა ახალ პოლიტიკურ რეალობაში? – ამ კითხვაზე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების პოზიცია უცნობია, მათთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა.

ფრაქცია ქართულ ოცნებაში ორი კონსერვატორია – დიმა დარჩია და თემურ ორაგველიძე. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც, ჯერჯერობით, არ აურჩევიათ ამ პარტიის თავმჯდომარედ, განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ მომავალ არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა. შესაბამისად, კოალიციაში ჯერ კიდევ შემავალ „კონსერვატორებსა“ და „მრეწველებს“ მოუწევთ თავად გადაწყვიტონ, როგორ მოიქცევიან მომავალში.

„როდესაც ხარ პარტია, უნდა იცოდე, რომ კოალიცია შესაძლებელია ნებისმიერ დროს დაიშალოს. ყველამ მისი გადაწყვეტილება მიიღო და ამაში ცუდი არაფერია. რაც შეეხება ახალ ბალანსს საკრებულოში, მინდა გითხრათ, რომ რესპუბლიკურ პარტიას არ უთქვამს, რომ ოპოზიციაში მიდის, ფაქტია ისიც, რომ რაღაც საკითხებზე მათ ან დაუჭერიათ მხარი, ან არა… შესაძლებელია ეს გაგრძელდეს, ისევ დაუჭირონ მხარი ან არ დაუჭირონ. ჩვენ, კონსერვატორები, ჯერჯერობით, ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ ვრჩებით“ – ამბობს დიმა დარჩია.

საკრებულოში კიდევ ერთი ფრაქციაა, რომელსაც ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი გიორგი ცინცქილაძე ხელმძღვანელობს. მას ვერ დავუკავშირდით. ამ ფრაქციის წევრი გიორგი კაკაბაძე კი „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ პოლიტიკური ვაჭრობა მათ ფრაქციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ვერ შედგება და „ქართულ ოცნებას“ მათი იმედი ვერასდროს ექნება“.

სინამდვილეში რას შეცვლიან რესპუბლიკელები, უახლოეს სხდომაზე გამოჩნდება. პირველი პრინციპული საკითხი, რომლის კენჭისყრის ეტაპზე ადეკვატურ რეაქციას „კოალიციური დისციპლინისგან“ გათავისუფლებული „რესპუბლიკელებისგან“ ოპოზიცია ელის, 2015 წლის ბიუჯეტის ანგარიშია. „არა მგონია, მისი შესრულებით ვინმე აღფრთოვანებული იყოს, მათ შორის რესპუბლიკელები“, – ამბობს კობა ჩხეიძე.

„რა თქმა უნდა, ვექვემდებარებოდით კოალიციურ პრინციპებს, თუმცა საკრებულოში უფრო პრინციპულები ვიყავით“, – ასეთია საკრებულოს წევრის, ზაურ ახვლედიანის პასუხი, რომელიც ამ პარტიის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

შეხვედრა არასამთავრობოებთან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი 5 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. სააგენტოს ხელმძღვანელმა არასამთავრობოებს საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის პროექტი [სამუშაო დოკუმენტი] გააცნო.

სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, განიხილება თვითმმართველობების თითო, არქიტექტურული საბჭოს ორი და ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ერთი წევრის ძეგლთა დაცვის საბჭოში შეყვანის საკითხი. სააგენტო მუშაობს ასევე კრიტერიუმების დადგენაზე, რომლის მიხედვითაც საბჭოს დააკომპლექტებენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის საბჭოში შეყვანის წინააღმდეგი არიან. მათი თქმით, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის გამოყენება სურს ინვესტიციის მოსაზიდად და ის ძეგლების დაცვის მიმართულებით ვერ იმუშავებს.

შეხვედრაზე რამდენჯერმე ახსენეს მოქმედი საბჭოს წევრი შოთა გუჯაბიძე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქვთ ეჭვი, რომ ცვლილებები მისი საბჭოდან გაშვების ინტერესებს უკავშირდება.
„ზუსტად ვიცოდი, რომ როგორც კი ამ თემაზე ხმას ამოივიღებდი, ეს მიებმებოდა კონკრეტულ პერსონალებს. ეს მიებმებოდა რაღაც სუბიექტურ მოტივაციებს… ჩემთვის ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა საერთოდ არ დამეწყო ამაზე ლაპარაკი, მეთქვა არ არსებობს კონპლექტაციის წესი. არაუშავს, იყოს როგორც არი. ამ თემამ, რეალურად, პირველ რიგში დამარტყა მე. მიუხედავად ამისა, ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ თემაზე უნდა ვიმუშაო.“ – აღნიშნა შეხვედრაზე მირანდა ჩარკვიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ცვლილებების პროექტზე შეფასებებს მას შემდეგ გააკეთებენ, რაც დოკუმენტს გაეცნობიან.

ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის საქმე

„თურქი ხარ, თათრის შვილიო. ამოვიღე პასპორტი და ვაჩვენე, წერია თუ არა აქ, რომ ქართველი ვარ-მეთქი. არაო, მასე საქართველოს პასპორტი ბევრს აქვსო“, – თქვა მოწმე დავით ცეცხლაძემ, რომელიც მუსლიმთა თემის წარმომადგენელია და იქვე, სასამართლო დარბაზში მყოფ პირებზეც მიუთითა სასამართლოს – ესენი გვავიწროვებდნენო. მოწმე დღევანდელ სხდომაზე დეტალურად მოუყვა მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს 2014 წლის სექტემბრის დღეებზე, როცა დაპირისპირების შემდეგ მუსლიმთა პანსიონზე ღორის თავი მიაჭედეს.

„პანსიონთან ბარიკადები მოაწყვეს, საბურავები და რაღაც სამშენებლო მასალები იყო. მორიგეობაც დააწესეს: დღისით ქალები მორიგეობდნენ, ღამე – კაცები. პირობა ასეთი იყო, სამი კაცის მეტი შენობაში არ უნდა გაჩერებულიყო. მათი თქმით, ბავშვები არ უნდა შეგვეპარებია შენობაში, ვისთვისაც ეს პანსიონი გაკეთდა. შენობიდან მარტო მე გამოვდიოდი, რომ საკვები მიმეტანა დანარჩენებისთვის. ერთ საღამოს, როცა კარები გამოვიხურე, ვიღაც უკან გამომყვა. მაღაზიაში რომ შევედი, მხარზე ხელი დამკრა და მითხრა, „თქვენ, თურქებს, აქ საერთოდ არაფრის ყიდვის უფლება არ გაქვთო“. არაფერი მიპასუხია, მოვერიდე სიტუაციის გართულებას. მეორე მაღაზიაში ვიყიდე საჭმელი და ის კაცი ისევ მიმყვა პანსიონთან, „თქვენ აქ სამზე მეტნი ხართო“. ვუთხარი, შემოდი და ნახეთ-მეთქი. როცა დარწმუნდა, რომ მართლა სამი ვიყავით, გავიდა“.

მოწმის ჩვენების მიხედვით, პოლიცია ამ პროცესს შორიდან ადევნებდა თვალს, მათ შორის, ბარიკადების მოწყობას და მორიგეობასაც. „პოლიცია ყოველთვის იყო, მაგრამ მოშორებით იდგნენ, ახლოს არასდროს მოსულან. ვინც მორიგეობდა და ჩვენ გვაკონტროლებდა, იმათ ელაპარაკებოდნენ პოლიციელები, მათთან ერთად ჭამდნენ, ხან ლუდს სვამდნენ. პოლიცია არც მაშინ მოსულა, როცა ხელით მიბიძგეს და თათარი ხარო, მეძახდნენ“, – ამბობს დავით ცეცხლაძე.

მოწმის ამ ნაწილს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესების დამცველი გამოეხმაურა: „თქვენ აღნიშნეთ, რომ პოლიცია მოშორებით იყო, თან იმდენად, რომ თქვენ ვერ გაარჩიეთ, რამდენი პოლიციელი იმყოფებოდა. იქნებოდა პოლიციისთვის ასეთი მანძილიდან აღსაქმელი დაპირისპირება?“  შეკითხვას დავით ცეცხლაძემ  კითხვითვე უპასუხა: „რისთვის იყო აბა პოლიცია იქ?“

ამ საქმეზე „ქართველ მუსლიმთა ერთობა“ ქობულეთში მცხოვრები სამი ფიზიკური პირის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც ედავება. სარჩელის მოთხოვნა დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრა და მორალური ზიანის ანაზღაურებაა. მუსლიმი მოსწავლეების პანსიონის ინტერესებს სასამართლოში „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.

დღევანდელ სხდომაზე მოწმემ ასევე თქვა, რომ ისინი დღმდე ვერ ახერხებენ პანსიონის ამოქმედებას და დაპირისპირებას ერიდებიან: „2014 წლის 15 სექტემბერს უნდა გახსნილიყო ეს პანსიონი. ქობულეთში კიდევ არის ერთი პანსიონი, რომელიც 10 ბავშვზეა გათვლილი და იქ 30 მოსწავლე რჩება. ეს პანსიონი რომ ამოქმედებულიყო, 50 სკოლის მოსწავლის მიღებას მოვახერხებდით. სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როცა გაიგეს, რომ ჩვენ პანსიონს ბავშვების მისაღებად ვამზადებდით. მაშინვე გვითხრეს, სისხლს დავღვრით და აქ პანსიონს ვერ გახსნითო“.

საქმის განხილვა ივნისამდე იმ მიზეზით გადაიდო, რომ მოპასუხე მხარეებს შორის ერთ-ერთმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოუცლელობა მოიმიზეზა. მორიგ სხდომაზე სასამართლოს ჩვენება ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ უნდა მისცეს, რომელიც დღეს ასევე მოუცლელობის მიზეზით ვერ გამოცხადდა.

რა დარღვევები დააფიქსირა შიდა აუდიტმა „აჭარის ტელევიზიაში“

ტენდერის გამოცხადება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ტენდერის მოგება გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე, როცა ეს აუცილებელი მოთხოვნაა; ხელშეკრულების გაფორმება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გარანტიის წარმოდგენის გარეშე – ეს და სხვა დარღვევები სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ შიდა აუდიტორულ ანგარიშშია დაფიქსირებული. ანგარიში 2015 წელს სრულად ასახავს. ტენდერები სხვადასხვა სატელევიზიო ტექნიკის, ასევე გადაცემის შესყიდვას შეეხება.

„ყველა იმ სამსახურზე, ვინც იყო ჩართული ტენდერის პროცედურებში, მიცემული მაქვს ერთთვიანი ვადა. ამ დროში მათ უნდა წარმოადგინონ განმარტებები იმ დარღვევებზე, რაც აუდიტმა დააფიქსირა“ – უთხრა „ბათუმელებს“ სოსო სტურუამ, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორმა. ის ერთ-ერთია პასუხისმგებელ პირებს შორის, ვინც სატენდერო დოკუმენტაციას ხელს აწერს. მისი თქმით, დარღვევებზე რეაგირებას შემსრულებელი სამსახურების კონკრეტული პასუხები განსაზღვრავს.

სოსო სტურუას განმარტებები არ მოუთხოვია მარკეტინგის სამსახურისთვის იმის მიუხედავად, რომ აუდიტის დასკვნაში ხაზგასმულია ამ სამსახურის არაეფექტური მუშაობის შესახებ.

„ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები აუდიტს, რომ თითქოს გასულ წელს რეკლამისთვის არ ვიმუშავეთ და ამ კუთხით არც ერთი ხელშეკრულება გაფორმდა. საქმე ისაა, რომ აჭარის ტელევიზია რეკლამებში შეზღუდულია და რის საშუალებაც გვაქვს, იმაზე ფასდაკლებებია დაწესებული. ნებისმიერ საშუამავლო კომპანიას არავინ ზღუდავს ამ სისტემით ისარგებლოს და მოიტანოს რეკლამა,“ – აცხადებს სოსო სტურუა.

„აჭარის ტელევიზიის“ შიდა აუდიტმა დააფიქსირა ისიც, რომ კადრების სტაბილურობისთვის ტელევიზიაში შესაბამისი გარემო არ არის, რადგან არ არის განსაზღვრული თანამშრომელთან ხელშეკრულების შეწყვეტის კონკრეტული პირობა.

„მრჩეველთა საბჭოს მიერ ზემოხსენებული უფლების რეალიზება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის კანონისმიერი საფუძვლის გამოყენება მართლზომიერი უნდა იყოს და ამასთან, ნაკარნახევი უნდა იყოს ობიექტური აუცილებლობით, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია დაწესებულების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორთან – კადრების სტაბილურობასთან,“ – წერია აუდიტის დასკვნაში.

ხელშეკრულების პირობებზე ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს უნდა ემუშავა. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნატა იმედაიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მენეჯმენტს უკვე მიაწოდეს  ზოგადი ჩარჩო და ძირითადი მოთხოვნები, ხოლო საბოლოო ფორმა საბჭოსთან შესათანხმებლად ჯერ არ შესულა: „ჯერ კიდევ 2014 წელს დამტკიცდა ტიპიური ფორმის ხელშეკრულება, მაგრამ პრაქტიკაში დავინახეთ, რომ დასაქმებულთა მოთხოვნებს ის ვერ პასუხობდა. გასულ წელს, დიდი მოლაპარაკებების შედეგად შევიმუშავეთ ზოგადი პრინციპები, რასაც კონკრეტული სახე მენეჯმენტმა უნდა მისცეს და შეგვითანხმოს“ .

აუდიტის დასკვნაში, მრჩეველთა საბჭოს ნაწილში, კიდევ ერთ ხარვეზზეა საუბარი -აჭარის რადიოს პროგრამული პრიორიტეტები განსაზღვრული ისევ არ არის: „მოსახლეობასთან შეხვედრებიც გვქონდა ამ კუთხით, მაგრამ რადიო ჯერ ტექნიკურად არ არის მზად იმისთვის, რასაც საზოგადოება მოითხოვს. შესაბამისად, უფრო დიდი ხარვეზი იქნებოდა, რომ დაგვედო პრიორიტეტები, რომლებიც ვერ განხორციელდებოდა,“ – ამბობს ნატა იმედაიშვილი.

რაც შეეხება დასკვნაში დაფიქსირებულ სხვა დარღვევებს, იმავე ტენდერების კუთხით, ნატა იმედაიშვილი 22 აპრილს ელოდება, როცა ტელევიზიის სამსახურებმა დარღვევებზე პასუხი უნდა წარმოადგინოს: „რეაგირება სიმწვავეზე იქნება დამოკიდებული. ჩემი აზრით, ზოგიერთ ნაწილში არის დაფიქსირებული მნიშვნელოვანი დარღვევები. ჯერჯერობით, შეფასებებს ვერ გავაკეთებ.“

ნატა იმედაიშვილი არ ფიქრობს, რომ შიდა აუდიტის კრიტიკული დასკვნა ვინმეს ინტერესს შეიძლება ემსახურებოდეს: „ეს დამოკიდებულია პროცესზე. 2014 წელს ჩვენ გარე აუდიტი მოვიწვიეთ, მათ მიერ მომზადებული დასკვნა დადებითი იყო“.

შიდა აუდიტის სამსახური „აჭარის ტელევიზიაში“ მიმდინარე წლის პირველ თებერვალს შეიქმნა. მანამდე ამ კუთხით ტელევიზიაში მხოლოდ ერთი აუდიტორი მუშაობდა. აუდიტის სამსახურის უფროსი ზვიად ბერიძეა, რომელმაც გვითხრა, რომ მას კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს.

2015 წელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ ბიუჯეტი 6 მილიონ 473 ათასი ლარი იყო.

ლატვიური ქორეოგრაფიული ანსამბლი ქედაში

ქედის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა: „ელესამ“, „ბეთლემმა“, „იაგუნდმა“, „ფესვებმა“ და ლატვიაში, ქალაქ დაუგავპილსში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ამიზიერისმა“ ქედაში ერთობლივი კონცერტი გამართეს. ღონისძიებაზე, რომელიც ქედის კულტურის ცენტრში გაიმართა, წარმოდგენილი იყო ქართული და ლატვიური ფოლკლორული ცეკვები და სიმღერები.

კონცერტის დასასრულს „ელესამ“ და ლატვიურმა ანსამბლმა ქართული სიმღერა „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“ შეასრულა; ღონისძიება „ბეთლემისა“ და „ამიზიერისის“ ცეკვით დასრულდა.

„პირველად ვიმყოფები საქართველოში. ძალიან კარგი კონცერტი გამოგვივიდა ერთობლივად. ჩემთვის ეს დიდი გამოცდილებაა, მოვიხიბლე მაყურებლით, გარემოთი, ვფიქრობ აუცილებლად ჩამოვალ კიდევ საქართველოში,“ – ამბობს ანსამბლ „ამიზიერისის“ მოცეკვავე ლინდ გრანდი.

„კულტურული ღონისძიებები ქვეყნებსა და თაობებს შორის მეგობრობის საფუძველია… ხუთი წლის წინ დაწყებული მეგობრობა ბათუმსა და დავუგავპილსს შორის აჭარის მთიანეთზეც გავრცელდა – გასულ წელს ჩვენი ანსამბლი „ელესა“ იმყოფებოდა დავუგავპილსში და ხუთი დღის განმავლობაში მართავდა კონცერტებს. წელს კი ლატვიელი მეგობრები ჩამოვიდნენ,“ – ამბობს ქედის გამგებელი დავით დუმბაძე.

12901056_993017370793969_8290575816767880718_oლატვიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში 20 ქვეყანას შორის საქართველოს სწორედ ქედის „ელესა“ ბენდთან ერთად წარმოადგენდა.

„ანსამბლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გასტროლები სხვა ქვეყნებში, კვალიფიკაციას იმაღლებ, გამოცდილებას იღებ, ეს კი ერთგვარად აისახება შედეგზე,“ – ამბობს „ელესას“ წევრი ნოდარ გორგილაძე.

ქედაში ტურნეთი მყოფ ლატვიურ ანსამბლს ქედის გამგებელმა ადგილობრივი თვითმმართველობის გერბი გადასცა საჩუქრად.

ლატვიური ანსამბლი ქედაში
ლატვიური ანსამბლი ქედაში

 

ბათუმის „დედათა და ბავშვთა ცენტრიდან“ 30 თანამშრომელი გაათავისუფლეს

სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიორგი ნიორაძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბათუმში, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკურ ცენტრში“ თანამშრომლების შემცირება რეორგანიზაციის საფუძველზე მოხდა. მისი განცხადებით, შემცირება შეეხო როგორც სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პერსონალს.

„ამ კონკრეტულ დაწესებულებაში 30 ადამიანს შეეხო რეორგანიზაციის პროცესი. კორპორაციის მხრიდან ყველა მათგანთან იყო დროული კომუნიკაცია და ყველა იურიდიული მხარე იყო დაცული“.

გიორგი ნიორაძის თქმით, კადრების განახლება საზოგადოების დაკვეთაა, „რადგან მას უფრო კვალიფიციური კადრები სჭირდება. კორპორაციაც დაინტერესებულია იმით, რომ კვალიფიციური კადრები ჰყავდეს. კერძო სექტორი თვითონ არეგულირებს კადრების საჭიროებებს“.

გიორგი ნიორაძის თქმით, კორპორაცია „ევექსმა“ 2015 წელს მთლიან ქსელში 1900 ახალი თანამშრომელი აიყვანა, მიმდინარე წელს კი 400 ახალი თანამშრომელი: „აქედან,70 ახალი სამუშაო ადგილი აჭარაში შევქმენით“.

16 წლის ქეთას ოპერაციას გაუკეთებენ

16 წლის ქეთას ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში მას შემდეგ მკურნალობენ, რაც გაზეთ „ბათუმელებში“ მისი მძიმე დამწვრობის შესახებ გამოქვეყნდა სტატია38403. ქეთა მაშინ საზოგადიოებას დახმარების თხოვნით მიმართავდა.

7 წლის ასაკში ქეთამ სამზარეულოში დაგროვილი ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

კლინიკის სპეციალისტების ინფორმაციით, გასული წლის აპრილიდან საზღვაო ჰოსპიტალისა და კუზანოვის კლინიკის ერთობლივი ინიციატივით ქეთას ნაწიბურის საწინააღმდეგო გამწოვი თერაპიის სამკურნალო კურსი დაენიშნა. ეს ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პროცესს ჰოსპიტლის პლასტიკური ქირურგი ქეთი ფირცხალაშვილი აკვირდებოდა.

სპეციალისტების თქმით, სამკურნალო პროცესმა დადებითი დინამიკა აჩვენა. ამჟამად კი იგეგმება ოპერაცია დარჩენილი მქაჩავი ნაწიბურების კორექციისთვის. ოპერაციას პროფესორი ივა კუზანოვი ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ კლინიკის დირექტორმა თამარ ქაჩლიშვილმა დაუდასტურა.
ქეთა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს.

ხულოში სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნა და სუფრა სტუმრებისთვის

18-19 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისა და ასევე, 13-15 მაისს ქ. ბათუმში მე-9 საერთაშორისო ტურისტული გამოფენის „exspo-batumi 2016“-ის ღონისძიების ორგანიზების მომსახურებაში ხულოს მუნიციპალიტეტი ჯამში 4 ათას 18 ლარის დახარჯვას გეგმავს.

აქედან:

18-19 აპრილს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური უბედურების დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზებისთვის მაქსიმუმ 1977 ლარია განსაზღვრული:

სატენდერო დოკუმენტაციიდან
სატენდერო დოკუმენტაციიდან

2016 წლის 13-15 მაისს ქ. ბათუმში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „expo-batumi 2016“-ის ღონისძიების ორგანიზებისთვის კი ხულოს მუნიციპალიტეტს 2131 ლარი აქვს გათვლილი:

სატენდერო დოკუმენტაციიდან
სატენდერო დოკუმენტაციიდან

ზემოაღნიშნულ ღონისძიებებს მუნიციპალიტეტი გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეისყიდის, რომელიც მიმდინარე წლის 8 აპრილს დასრულდება.

სატენდერო პირობების თანახმად, მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს წინასწარ განსაზღვრული ღონისძიებების თარიღების შესაბამისად. მომსახურების საჭიროებას მიმწოდებელს მუნიციპალიტეტი შეატყობინებს ერთი დღით ადრე ელფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით;

მომსახურების მიღება-ჩაბარებას განახორციელებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

სოფელ წაბლანაში 1989 წელს განვითარებულმა მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კატაპულტები 41 ათას ლარად გონიოს ციხისთვის

კატაპულტააჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო საალყო მანქანების – კატაპულტების [სამი ცალი] დამზადებაში მაქსიმუმ 41 400 ლარს გადაიხდის. სატენდერო პირობების თანახმად, უნდა დამზადდეს არამოქმედი პატარა, დიდი და მოქმედი პატარა კატაპულტები. კატაპულტები უკვე არსებული სარეკონსტრუქციო პროექტის მიხედვით დამზადდება.

სატენდერო დოკუმენტაციიდან
სატენდერო დოკუმენტაციიდან

გონიო-აფსაროსის მუზეუმ ნაკძალში განსათავსებელი საინჟინრო [საალყო] მანქანების დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოების შესყიდვაზე სააგენტოს მიერ გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 20 აპრილს დაიწყება და 25 აპრილს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციიდან
სატენდერო დოკუმენტაციიდან

ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 90 დღეში უნდა განახორციელოს.

სატენდერო დოკუმენტაციიდან
სატენდერო დოკუმენტაციიდან
Exit mobile version