საავადმყოფოები დონეების მიხედვით – რა უნდა იცოდეს ორსულმა


აჭარა პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის პროექტში ჩაერთო, რაც იმ სამედიცინო დაწესებულებების დონეებად დაყოფას გულისხმობს, რომლებიც დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სამედიცინო სერვისებს სთავაზობენ პაციენტებს. ამჟამად საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯგუფი აჭარაში სამედიცინო დაწესებულებებს სწავლობს.

ბათუმის სამშობიარო სახლი, რეფერალური საავადმყოფო, კლინიკა „მედინა“, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი – ეს ბათუმში მდებარე იმ სამედიცინო დაწესებულებების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც პერინატალური მოვლის რეგიონალიზაციის პროექტში პირველ, მეორე ან მესამე დონეს მიიღებენ. პროექტის მიზანი დედათა და ჩვილ ბავშვთა მოვლის ხარისხის გაუმჯობესებაა.

„პროექტის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი ორსულისა და ახალშობილისთვის არსებობდეს არამარტო ბაზისური სამეანო-ნეონატალური სერვისი, რომელიც მხოლოდ ფიზიოლოგიურ ორსულობას და მშობიარობას გაუმკლავდება, არამედ სერვისი, რომელიც სხვადასხვა ტიპის გართულებების მართვასაც შეძლებს,“ – განმარტავს ნინო ბერძული, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2014 წელს ქვეყნის მასშტაბით 96 დაწესებულება შეისწავლა და აღმოჩნდა, რომ სამედიცინო დაწესებულებათა 80 პროცენტზე მეტი მხოლოდ ბაზისურ დონეს აკმაყოფილებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ კლინიკებში ექიმებს მხოლოდ ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობა და მშობიარობა შეეძლოთ ემართათ ხარისხის შესაბამისად და არა გართულებები. მინისტრის მოადგილის განმარტებით, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სამედიცინო დაწესებულებების დონეებად დაყოფა.

შესწავლის შედეგად აჭარაში ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ორსულთა, მშობიარეთა და ჩვილ ბავშვთა მართვა ხორციელდება, სამ დონედ დაიყოფა. პირველი დონე საბაზისოა, მეორე დონეს მიიღებს სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც აქვს უფრო მაღალი ხარისხის სერვისი და პირველ დონეზე მაღალი სამედიცინო მომსახურების სტანდარტი, ხოლო მესამე, ყველაზე მაღალ დონეს მიიღებს სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც შეუძლია გაუმკლავდეს ორსულთა, დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობის მძიმე და უკიდურესად მძიმე შემთხვევებს.

პირველ ეტაპზე, სამინისტროსთან არსებული ჯგუფი შედის დაწესებულებაში და მდგომარეობა ფასდება დაწესებულების მოთხოვნის შესაბამისად. თუ, მაგალითად, დაწესებულება ითხოვს პირველ დონეს, იგი შესაბამისი ინსტრუმენტით ფასდება და ეძლევა რეკომენდაცია, აკმაყოფილებს თუ არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ დონეს. იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება არ აკმაყოფილებს მოთხოვნილ დონეს, მას ეძლევა შესაძლებლობა სამი თვის განმავლობაში აღმოფხვრას ხარვეზები და ხდება განმეორებითი შეფასება, როდესაც უკვე ენიჭება დონე.

„დონეებად დაყოფა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ დაწესებულებამაც უნდა იცოდეს, რისი კომპეტენცია აქვს მას, რა გართულების მართვის შესაძლებლობა აქვს ფუნქციური, ადამიანური რესურსიდან გამომდინარე და რისი უფლება არ აქვს, რა სცდება მის კომპეტენციას, რომ დროულად გადაამისამართოს პაციენტი მეორე ან მესამე დონის სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტსაც ეცოდინება, რომ თუ მას გარკვეული გართულებები აქვს, ის უნდა მივიდეს არა საბაზისო დონის, არამედ უფრო მაღალი დონის დაწესებულებაში, რომ იქ გარანტირებულად მიიღოს მაღალი ხარისხის სერვისი. ეს არის ძირითადი პრინციპი,“ – ამბობს ნინო ბერძული.

სამედიცინო დაწესებულებების შეფასების ინსტრუმენტი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებითაა დამტკიცებული. ნინო ბერძულის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც მიიღებს მისი დონისთვის შეუსაბამო პაციენტს, სახელმწიფო საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში გაწეული მომსახურების საფასურს არ აუნაზღაურებს. კითხვაზე, საიდან ექნება პაციენტს ინფორმაცია, რომელ დონეს აკმაყოფილებს ესა თუ ის სამედიცინო დაწესებულება, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად სამედიცინო დაწესებულებას ეკისრება:

„აქ მარტო დაფინანსებაზე კი არა არის საქმე, ქალისა და ბავშვის სიცოცხლეზეა ლაპარაკი. დაწესებულებამ იმ გართულების მართვის პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს, რასაც ის თავს ვერ გაართმევს, ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური თუ ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. ამიტომ არის პერინატალური რეგიონალიზაციის მოდელი მიჩნეული ერთ-ერთ საუკეთესოდ იმისათვის, რომ მოხდეს დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირება.“

პირველი, მეორე ან მესამე დონე სამედიცინო დაწესებულებას ერთი წლით ენიჭება. ნინო ბერძული ამბობს, რომ ერთ წელიწადში მონიტორინგი ისევ შედგება და დონე განახლდება.

„ჩვენ ამ სერტიფიკატს საბოლოოდ არ ვაძლევთ დაწესებულებას. მიიღო ერთხელ და ამით დასრულდა ყველაფერი – ასე არ არის, რადგან სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლოა გაუმჯობესდეს ან გაუარესდეს მდგომარეობა.“

პროექტი ეტაპობრივად მიმდინარეობს და აქამდე იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში განხორციელდა. ნინო ბერძული ამბობს, რომ შედეგები „საკმაოდ კარგია“:

„მოხდა პაციენტების ნაკადების გადანაწილება სწორად. თუ კი აქამდე ყველა პაციენტი, ორსული ქაოტურად მიდიოდა რომელ დაწესებულებაშიც უნდოდა, მიუხედავად იმისა, იმ დაწესებულებას ჰქონდა თუ არა კომპეტენცია ემართა კონკრეტული ორსული ან მისი გართულება, დღეს, ამ რეგიონებში ეს გადანაწილებულია სწორად. როცა ფიზიოლოგიურად ნორმალურად მიმდინარეობს ორსულობა და მშობიარობა – პაციენტი მიდის პირველი დონის დაწესებულებაში, ვისაც გარკვეული დონის გართულებები აქვს – მეორე დონეზე და ყველაზე მძიმე პაციენტების გადანაწილება, განსაკუთრებით 34 კვირამდე მშობიარობების გადანაწილება ხდება მესამე დონეზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ მშობიარობა, განსაკუთრებით 34 კვირაზე ქვემოთ, საჭიროებს ინტენსიურ მოვლას. დაწესებულება აუცილებლად უნდა იყოს აღჭურვილი, ჰყავდეს შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალი და სჯობს პირდაპირ ასეთ ადგილას მივიდეს ორსული, ვიდრე იმშობიაროს მეორე ან პირველ დონეზე და შემდეგ მანქანით მოხდეს გადაყვანა.“

რა დონეებს მიიღებენ სამედიცინო დაწესებულებები აჭარაში, ეს სამი თვის შემდეგ გახდება ცნობილი. იმერეთში პირველი დონე მხოლოდ ერთმა დაწესებულებამ დააკმაყოფილა, ოთხმა სამედიცინო დაწესებულებამ კი ამ რეგიონში ვერც საბაზისო, პირველი დონე დააკმაყოფილა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს მოდელი განვითარებულ ქვეყნებში წარმატებით მუშაობს და მნიშვნელოვნად ამცირებს ორსულთა და ახალშობილთა სიკვდილიანობის მაჩვენებელს. ნინო ბერძულის თქმით, დონეებად დაყოფის პირველი რეკომენდაცია საქართველომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან დაახლოებით 20 წლის წინ მიიღო, თუმცა პროექტი ამ დრომდე ვერ განხორციელდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com