კვირის ამბები,მთავარი

ბელორუსიის მოქალაქეს ბათუმში ბებიასა და ბაბუას საფლავი აღარ დახვდა

05.08.2016 • 2117
ბელორუსიის მოქალაქეს ბათუმში ბებიასა და ბაბუას საფლავი აღარ დახვდა

ეროვნებით ბელორუსი ოლღა და ვლადიმერ იუცკევიჩები ბათუმელები იყვნენ. ოლღა 1987 წელს გარდაცვლილა, ვლადიმერი – 1995-ში. ისინი ფერიის სასაფლაოზე დაუმარხავთ შვილებს და შვილიშვილებს, რომლებიც საქართველოში  აღარ ცხოვრობენ. 2014 წელს ბებიასა და ბაბუას საფლავების მოსანახულებლად შვილიშვილი ოლია ჩერნიშოვა ჩამოსულა. მას წინაპრების საფლავზე სხვისი საფლავის ქვა დახვდა, რომელზედაც  უცნობი ქალის სახელი და გვარი ამოიკითხა.

„ეს არ არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როცა, ასე ვთქვათ, ძველ საფლავებს ყიდიან და სხვას ასაფლავებენ“, – გვიყვება ადვოკატი ედიშერ მახარაძე, რომელიც აქამდე პროკურატურის პასუხს ელოდებოდა, რაც საფლავის მიტაცების საქმეზე დღემდე მიმდინარეობს: „პროკურატურა ამ ფაქტის გამოძიებას ვერ ახერხებს იმის მიუხედავად, რომ მოქალაქემ არაერთხელ მიმართა პოლიციას. 2011 წელს სხვა არ იყო დასაფლავებული, მაგრამ საფლავი ოლიას განადგურებული დახვდა. ეს გამოიხატება იმაში, რომ აღარ იყო საფლავის ქვა. მოსწორებული იყო ტერიტორია. მაშინ საფლავების მართვას შპს „თანადგომა~ ახორციელებდა. არსებობს 2011 წლის 19 აგვისტოს წერილი, რომელიც ამ ორგანიზაციამ ოლია ჩერნიშოვას მისწერა.“

წერილში აღნიშნულია, რომ დადგენილია იუცკევიჩების საფლავების ადგილი და იგი ცენტრალური შესასვლელის მარცხნივ მდებარეობს. „თანადგომას~ გაუცია განკარგულებაც, რომ საფლავის აღდგენასა და ხელახლა მოწყობაში ოლიას, როგორც იუცკევიჩების შთამომავალს, ხელი არ უნდა შეშლოდა. ოლიამ მაშინ საფლავის სავარაუდო მითვისების მცდელობა პოლიციასაც აცნობა, საფლავი აღადგინა, საფლავის ქვაც და ბელორუსიაში დაბრუნდა. 2014 წელს ჩამოსულ ოლია ჩერნიშოვას ნაცნობ ადგილას სრულიად უცნობი ქალის საფლავი დახვდა. საფლავის ქვა იუწყებოდა, რომ იგი ვინმე ნინა კაშოიანს ეკუთვნოდა.

„ეს არის მიცვალებულის მიმართ უპატივცემულობა და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით. საფლავის მიტაცების გამო ვაპირებთ მივმართოთ სასამართლოს, რადგან პროკურატურისგან უკვე მივიღეთ წერილი, რომ იუცკევიჩების საფლავი საერთოდ არ იძებნება ფერიის სასაფლაოზე და გამოძიებამ სხვა ვერაფერი გაარკვია… ჩემთვის უცნობია რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ნებართვას მიცვალებულის კონკრეტულ ადგილას დაკრძალვაზე გასცემს მერიას დაქვემდებარებული „ბათუმის სასაფლაო“. ფერიის სასაფლაოზე ადგილი ოფიციალურად აღარ არის და დახურულია. ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, რის საფუძველზე მისცეს ნებართვა პირს დაესაფლავებინათ მიცვალებული სხვის საფლავზე,“ – ამბობს ადვოკატი ედიშერ მახარაძე.

„ჩვენთვის უცნობია, სად მდებარეობს ფერიის სასაფლაოზე ზემოთ აღნიშნული პირების სასაფლაო,“ – ეს პასუხი პროკურატურისთვის ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოებს“ 2015 წლის 11 ნოემბერს მიუწერია. წერილში ასევე აღნიშნულია: „დაცული საარქივო ჩანაწერების 1987 წლის გარდაცვლილთა სარეგისტრაციო წიგნში ვლადიმერ აპოლონის ძე იუცკევიჩის მაგივრად მოიძებნა ვლადისლავ იუცკევიჩი, რომლის საფლავის ნომერია 18 365. ამ საფლავის მეპატრონედ გატარებულია მოქალაქე ნ.კ. …რაც შეეხება 1953 წელს გარდაცვლილ ოლეგ ნიკოლოზის ძე იუცკევიჩს, მასზე საარქივო ჩანაწერები ვერ მოიძებნა.“ ოლეგ იუცკევიჩი ვლადიმერის მამა იყო და ისიც იმავე სასაფლაოზე ყოფილა დასაფლავებული.

წერილს „ბათუმის სასაფლაოების~ დირექტორი, ავთანდილ ბურკაძე აწერს ხელს. მან გვითხრა, რომ საფლავების მითვისებას ძირითადად წინა წლებში ჰქონდა ადგილი, ვიდრე ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოები“ ჩამოყალიბდებოდა: „მსმენია, რომ ბევრი იყო ასეთი შემთხვევა. საარქივო მასალის და ჩანაწერების დიდი ნაწილი აღარ არსებობს, განადგურდა. შესაბამისად, დღეს იმის გარკვევა, თუ რა მოხდა წლების განმავლობაში, რთულია. ჩვენ არ ვიცით იუცკევიჩების საფლავი სად იყო. ამის გარკვევა გამოძიების საქმეა. ჩვენი ორგანიზაცია 2012 წლის ბოლოს შეიქმნა“.

რის მიხედვით შეიძლება გაცემულიყო ნებართვა იგივე იუცკევიჩების საფლავზე სხვა ცხედრის დაკრძალვის დროს? – კითხვაზე ავთანდილ ბურკაძემ გვითხრა, რომ თავისუფალი ადგილი ფერიის სასაფლაოზე აღარ არსებობს და ძირითადად იმ შემთხვევაში გასცემენ ნებართვას, როცა დგინდება გარდაცვლილის დასაფლავებულთან ნათესაური კავშირი: „თუკი გვაჩვენებენ დოკუმენტს, მაგალითად, დაბადების მოწმობას და დადასტურდება, რომ გარდაცვლილი ნამდვილად დასაფლავებულის ახლო ნათესავია, მისი დაკრძალვის უფლებას გავცემთ. იშვიათია, როცა მცირე ასეთი თავისუფალი ადგილები იყოს და ასეთ შემთხვევაში, გარდაცვლილის ოჯახი 100 ლარს იხდის.“

ავთანდილ ბურკაძემ გვითხრა, რომ ასევე 100 ლარი უნდა გადაიხადო, თუკი ადასტურებ, რომ დასაფლავებულის ნათესავია გარდაცვლილი და ზემოდან დასაფლავებას ითხოვ: „ზემოდან დასაფლავების ანუ ძველი საფლავის გაუქმების ნებართვას მაშინ გავცემთ, თუკი საფლავი დაახლოებით 30-40 წლისაა. აუცილებელი პირობაა აქაც ნათესაური კავშირის დადგენა.“

ადვოკატის, ედიშერ მახარაძის თქმით, დღემდე ვერ მოხერხდა გარდაცვლილის ოჯახთან დაკავშირება, ვისი საფლავიც ახლა იუცკევიჩების საფლავის ადგილზეა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: