უნდა გაუქმდეს თუ არა სტუდენტური თვითმმართველობა

სტუდენტების აქცია თვითმმართველობების წინააღმდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე კვირას გაგრძელდა. სტუდენტები აპროტესტებდნენ თვითმმართველობის პრივილეგიებსა და ითხოვდნენ მათთვის დაფინანსების შეწყვეტას. აქციების დროს ითქვა ისიც, რომ საერთოდ გაუქმდეს თვითმმართველობა. როგორი უნდა იყოს რეალურად თვითმმართველობა და მოაგვარებს თუ არა სტუდენტურ პრობლემებს თვითმმართველობის გაუქმება? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა.

ბატონო სიმონ, თვითმმართველობის ის მოდელი, რომელიც ქართულ უნივერსიტეტებში დღეს არსებობს, რამდენად უწყობს ხელს სტუდენტის განვითარებას, რეალიზაციას?

სტუდენტური თვითმმართველობა ახალი არ არის საქართველოში, ჯერ კიდევ 90-იან წლებში შემოვიდა უნივერსიტეტებში, მაგრამ 2005 წლიდან ახალი ეტაპი დაიწყო –  კანონით გახდა სავალდებულო და მათ გარკვეული უფლებებიც მიეცათ უნივერსიტეტის მართვაში.

 რატომ გაჩნდა თვითმმართველობების საჭიროება?

ცვლილება მოხდა მაშინ, როცა უნივერსიტეტებში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა იყო კორუფცია და მნიშვნელოვანი იყო, რომ მეტი ჯგუფი ჩართულიყო უნივერსიტეტის მართვაში, ეკონტროლებინა ფინანსების ხარჯვა. მეორე პრობლემა იყო ის, რომ საუნივერსიტეტო ელიტა იღებდა გადაწყვეტილებას და სტუდენტებს არ რთავდა ამაში. თვითმმართველობის ფუნქცია საგანმანათლებლოს გარდა ისიც იყო, რომ სტუდენტებს ესწავლათ, როგორ ჩაატარონ არჩევნები, როგორ უნდა მოახერხონ თვითორგანიზება, როგორ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი მოსაზრებების წარმოჩენა და ა.შ.

დღეს სტუდენტები საუბრობენ იმაზე, რომ თვითმმართველობამ მიიღო ბიუროკრატიული სახე და გახდა შემაფერხებელი მათი იდეების განხორციელებისთვის. ამაზე რას ფიქრობთ?

რამდენიმე პრობლემა გაჩნდა ერთდროულად. პირველი პრობლემა იყო ის, რომ წინა სახელისუფლებო პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა ჩარეულიყო თვითმმართველობის ფუნქციონირებაში, ვთქვათ, ხელმძღვანელების არჩევაში, დანიშვნაში… თვითმმართველობა გახდა პოლიტიკური ინსტრუმენტი. თსუ-ს თვითმმართველობა მიბმული იყო „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მის შეკვეთებს ასრულებდა. მსგავსი მცდელობები იყო სხვა უნივერსიტეტებშიც, მაგრამ თსუ-ში ეს მძაფრად იგრძნობოდა: რაღაც პერიოდში ადმინისტრაციაც კი უწევდა ანგარიშს თვითმმართველობას, რადგან ისინი ელაპარაკებოდნენ პარტიის და არა სტუდენტების სახელით. ისინი შლიდნენ უნივერსიტეტში არასასურველი პოლიტიკური მიმართულების ღონისძიებებს, მაგალითად, რაღაც საგამოძიებო ფილმის ჩვენება, რომელიც არ მოსწონდა ხელისუფლებას, ჩაშალეს და შუქიც კი გამორთეს შენობაში.

თვითმმართველობის პოლიტიზებაზე საუბარი იყო ბათუმის უნივერსიტეტშიც, მაგალითად, ერთ-ერთი თავმჯდომარე 2007 წლის 8 ნოემბერს ბსუ-ს სტუდენტების დარბევის ფაქტსაც კი უარყოფდა, პირველ ეტაპზე. თბილისში აქციების დროს გამოჩნდა პლაკატები – თვითმმართველობა შეადარეს კომკავშირს. თქვენში რა ასოციაციებს იწვევს დღევანდელი თვითმმართველობა?

პრინციპი იგივეა. პოლიტიკურ ძალას უნდა, რომ ჯგუფი, რომელიც მიდრეკილია უკმაყოფილებისკენ, აკონტროლოს. ახლანდელი თვითმმართველობები შეიძლება იყვნენ დაკავშირებული ხელისუფლებასთან და მათ ინტერესს ატარებდნენ, მაგრამ ეს ისე მკაფიოდ აღარ ჩანს, როგორც წინა ხელისუფლების დროს ჩანდა. მაშინ თვითმმართველობის ხელმძღვანელები იკრიბებოდნენ პრეზიდენტთან და იქ მსჯელობდნენ რა უნდა გაეკეთებინათ უნივერსიტეტებში და იღებდნენ პარტიის აქციებში მონაწილეობას. დღეს ასეთი ორგანიზებული ფორმა არ აქვს ამას, რადგან ხელისუფლებაში არის ბევრი ჯგუფი, რომლებიც ერთმანეთს ბევრ რამეში არ ეთანხმებიან.

ბათუმის უნივერსიტეტის ბიუჯეტის თითქმის ერთ პროცენტამდე ყოველწლიურად მიდის თვითმმართველობის ბიუჯეტში. უცხოური გამოცდილება როგორია ამ მხრივ. როგორც ვიცით, იქ უფრო კლუბური სისტემა მოქმედებს და კონკრეტულ პროექტებს აფინანსებენ.

სტრუქტურული პრობლემები არ არის ცალკე, მოწყვეტილი იმ კულტურას, რომელშიც სტრუქტურები ინერგება. დასავლეთში შეიძლება ზუსტად იმავე სტრუქტურის მქონე თვითმმართველობა სხვანაირად მუშაობდეს. ამერიკულ უნივერსიტეტებშიც არის გამოცდილება, რომ თვითმმართველობას შეიძლება ჰქონდეს ბიუჯეტი. ზოგადად, სამართლიანია, როცა სტუდენტებს შეუძლიათ გარკვეული თანხის ათვისება, რადგან უნივერსიტეტის ძირითადი დამფინანსებლები სწორედ ისინი არიან.

საპროტესტო აქციების დროს ითქვა, რომ საერთოდ უნდა გაუქმდეს თვითმმართველობები უნივერსიტეტებში. რამდენად შესაძლებელია ეს, თუ არსებულის ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს?

საუნივერსიტეტო კლუბების არსებობა მნიშვნელოვანია, მაგრამ კლუბები ვერ იქნება წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც სტუდენტების ინტერესს დაიცავს. თუ სტუდენტებს უნდათ, რომ, ვთქვათ, გადასახადი იყოს ნაკლები, ეს უნდა გადაწყვიტოს თვითმმართველობამ, გადასახადის დამკლებთა კლუბს ხომ არ გააკეთებ. ზოგჯერ ამბობენ, რომ, რადგან სტუდენტებს აქვთ თანხა, ეს რყვნის მათ, – პრივილეგიასა და საშუალებას აძლევს საკუთარ თავს მოახმარონ ის. არა მგონია, აქ თანხის პრობლემა იყოს, ეს არის გაუმჭვირვალე პროცედურებისა და სტუდენტების ნაკლებად აქტიურობის შედეგი. ეს იმას ჰგავს, რომ, ვთქვათ, მთავრობა ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს და მოდი, საერთოდ გავაუქმოთო. თვითმმართველობის არსებობა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებში.

 როგორ უნდა გახდეს ეს სისტემა უფრო მოქნილი და სტუდენტებზე ორიენტირებული?

შესაძლებელია თვითმმართველობების სიმრავლე ფაკულტეტების მიხედვით, უფრო მცირე ჯგუფებმა რომ განიხილონ. მაგალითად, სოციალური მეცნიერებების სტუდენტებს თუ უნდათ, რომ ჩაატარონ კვლევა, ამაში უნდა ეხმარებოდეს მათ მიერ არჩეული თვითმმართველობა, ხოლო საერთო თვითმმართველობა იქნებოდა უფრო დიდი ფორუმი, საუნივერსიტეტო პრობლემებზე სამსჯელოდ. მკაფიოდ უნდა გაიწეროს, თუ რაში უნდა დახარჯონ ფული და რაში – არა. მნიშვნელოვანია თვითმმართველობის წევრების ხშირი როტაცია. კლუბების წარმომადგენლები შეიძლება იყვნენ თვითმმართველობაში, ასევე მაჟორიტარული სისტემაც შეიძლება არსებობდეს. ერთი სიტყვით, სხვადასხვა მოდელი შეიძლება, მაგრამ თვითმმართველობის მოდელზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ იქნება ნაკლები დემოკრატია და არა მეტი.

 ბათუმში რექტორის დონეზე ითქვა, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები. თქვენ ხედავთ ამ საჭიროებას? – კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს კანონში?

საკანონმდებლო ცვლილება იმ შემთხვევაში იქნება საჭირო, თუ ჩათვლის უნივერსიტეტი, რომ მას აღარ უნდა თვითმმართველობა და გადაწყვეტს, რომ ეს სტრუქტურა გააუქმოს. სხვა შემთხვევაში ნაკლები პრობლემაა, რადგან უნივერსიტეტს შეუძლია საკუთარი მოდელი შეიმუშაოს, რომელიც პრობლემების უკეთ გადაჭრას უზრუნველყოფს. სხვა დანარჩენი იქნება მხოლოდ ემოციური საუბარი.

ნაჯახით დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

„პაციენტს აქვს თავის ტვინის შერყევა, მარცხნივ იდაყვის ძვლის მოტეხილობა. თაბაშირი უკვე გაუკეთდა, ჭრილობები დამუშავდა და გადის სტაციონარულ მკურნალობას. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა გია კიკაბიძემ.

ნაჯახით დაჭრილი ქალი საავადმყოფოში დილით, 08 საათსა და 15 წუთზე მიიყვანეს. დაჭრილმა ექიმებს უთხრა, რომ მას ყოფილი ქმარი სახლში მიუვარდა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ქალი ბათუმში ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია მე-19 (დანაშაულის მცდელობა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა). ასევე დაკავებულია პირი, ვინც სავარაუდოდ ქალს ჭრილობები მიაყენა.

ბათუმში არასრულწლოვანი დაჭრეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 30 მარტს, საღამოს, ბათუმში, საზღვაო აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი ცივი იარაღით [დანით] დაჭრეს. დაჭრილი [რომელსაც ერთი ჭრილობა ჰქონდა ზურგის არეში] ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, გაუკეთდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა, მედპერსონალის თქმით, ამჟამად სტაბილურია; არასრულწლოვნის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე საქმე აღძრულია სს კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაკავებულია ერთი ბრალდებული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებული სრულწლოვანია და ის ადრე ხულიგნობისთვის არის ნასამართლევი.

პატიმარი ბათუმის ციხიდან: ვშიმშილობ, სანამ წავიქცევი და გონს დავკარგავ

პატიმარი ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გვწერს, რომ მშრალი შიმშიმლი მან 25 მარტიდან დაიწყო. მიზეზი სამედიცინო მომსახურების მიუღებლობაა. კახა მეცხვარიშვილის თქმით, ის იმის გამო ისჯება, რომ საჩივრებს წერს და ციხის ადმინისტრაციამ დაუსაბუთებლად ე.წ. „ანტივანდალურ საკანში“ გადაიყვანა. „აქ არ არის ლოგინი, ვშიმშილობ, რომ ჯანმრთელობაზე მომექცეს ყურადღება და ბეტონის იატაკზე მარტო ლეიბი დევს და რატომ გადაგყავართ-თქო. მით უმეტესს, მე არც თვითდაზიანება მიმიყენებია და არც დავმუქრებულვარ თვითდაზიანების მიყენებით… 26 მარტს ღამე გავხდი ძალიან ცუდათ, შევწყვიტე შიმშილობა. არ გადამიყვანეს საცხოვრებელ საკანში, ხოლო სიტყვიერად შემომითვალა რეჟიმის უფროსმა დათო შატაკიშვილმა უსაფრთხოების მიზნით არისო… 27 მარტს ბრიტვაც მქონდა და სარკეც, მაგრამ საჩივრების გულისთვის მაწამებს. 28 მარტს ისევ დავიწყე მშრალი შიმშილობა, ძალიან ცუდათ ვარ, მაგრამ ვიშიმშილებ, სანამ წავიქცევი და გონს დავკარგავ,“ – წერს პატიმარი.

პატიმრის შიმშილობის ფაქტი დაგვიდასტურეს სასჯელაღსრულების სამინისტროში. „დროდადრო შიმშილობს, შეწყვეტს, მერე ისევ იწყებს. ამ დროისთვის არ შიმშილობს. „ანტივანდალურ საკანში“ მისივე უსაფრთხოების გამო გადაიყვანეს“ – გვითხრეს უწყების პრესსამსახურში, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტეს, რის საფუძველზე ჩათვალა საჭიროდ ციხის ადმინისტრაციამ, რომ პატიმარი ზიანს მიაყენებდა საკუთარ ჯანმრთელობას.

პატიმარი კახა მეცხვარიშვილი 28 მარტს მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა: „პატიმარი შიმშილობდა და ის იყო მოთავსებული უსაფრთხოების საკანში. როგორც დაწესებულების ადმინისტრაციამ განგვიმარტა, პატიმარი იმუქრებოდა თვითდაზიანების მიყენებით. ვსწავლობთ ამ საქმეს, მათ შორის, რამდენად კანონიერად მოათავსეს პატიმარი ე.წ. „ანტივანდალურ საკანში“- უთხრა „ბათუმელებს“ ციალა ქათამიძემ, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსმა.

კახა მეცხვარიშვილს „ბათუმელებისთვის“ არაერთხელ მოუწერია. რამდენიმე დღის წინ მეცხვარიშვილი გვატყობინებდა, რომ მძიმე დაავადებები აქვს და სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებს. მაშინ სასჯელაღსრულების სამინისტრომ გვიპასუხა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება უტარდება პაციენტს და მან მადლობის წერილიც კი გაუგზავნა ციხის ადმინისტრაციის სამედიცინო დეპარტამენტს.

კახა მეცხვარიშვილის საქმეს სწავლობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ეს ორგანიზაცია სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ელოდება წერილს, საიდანაც უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდა თუ გაუარესდა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო მომსახურების გაწევის შემდეგ.

რაულ თავართქილაძე: აჭარაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მოქმედებენ

31 მარტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რაულ თავართქილაძემ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით აჭარის რეგიონში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაქურდული იქნება 25-მდე საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა.

რაულ თავართქილაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუშინ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში დაფიქსირდა ოთხი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს პრესსამსახურმა “ბათუმელებს” უთხრა, რომ ქედის მუნიციპალიტეტში ქურდობის თაობაზე დაფიქსირდა მხოლოდ ორი შეტყობინება და გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით [ქურდობა].

„ქედის ცენტრიდან გატაცებულ იქნა ავტომანქანა, რომელიც შემდგომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში გაძარცვული იპოვეს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ მოქმედებენ ორგანიზებული ჯგუფები, რომლებიც თავაღებული ძარცვავენ და იტაცებენ სახლებსა და ავტომანქანებს, პოლიცია კი უძლურია, ვერაფერს ვერ აკეთებს და ამ ფაქტებიდან არცერთი არ არის გახსნილი”, – განაცხადა რაულ თავართქილაძემ.

რაულ თავართქილაძემ შს მინისტრს მიმართა ინიციატივით შეიქმნას ოპერატიული ჯგუფი, რომელიც გამოიძიებს და გამოავლენს აღნიშნული დანაშაულებების ჩამდენ პირებს.

რატომ დაანგრიეს მშენებარე ეკლესიის ეზოს საზიარო კედელი

ანგისას დასახლებაში  ევდემოზ კათალიკოსის სახელობის მშენებარე ტაძრის ერთ მხარეს ქვის ის ღობე დაინგრა, რომელიც მეზობელთან საზიაროა. ეკლესიის მეზობელი საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზეირბაიჯანელი ნარგიზა ბაირამ კიზია [ჰასთაოღლუ]. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ქვის ღობე პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღის წინ დაანგრია, რადგან კონკრეტული პასუხი ვერც მერიისგან მიიღო და ვერც – საპატრიარქოსგან.

ნარგიზა ბაირამ კიზი ამბობს, რომ მის მიერ კანონიერად შეძენილი მიწის ნაკვეთის ნაწილი ეკლესიამ მიისაკუთრა. გარდა ამისა, მის ოჯახს ეკლესიის მშენებლობის ხელმძღვანელი, მამია კომახიძე ემუქრებოდა, რომელიც ეკლესიის მშენებლობაზე მორჩენილი, ასევე შეწირული მასალის შესყიდვას აიძულებდა.

მშენებარე ტაძარში „ბათუმელებს“ მხოლოდ მეჩუქურთმე დახვდა. გვითხრა, რომ კურთხევა არ აქვს ჟურნალისტებთან ისაუბროს. მშენებარე ტაძრის შენობაზე გამოკრულ ტელეფონის ნომერზე კი, მამუკა კომახიძემ გვიპასუხა. „კვირას გვექნება პარაკლისი, რომელსაც დაესწრება ორივე მხარე და სხვა სასულიერო პირებიც. თქვენც შეგიძლიათ დაესწროთ. იქ გაჟღერდება ჩვენი პოზიცია და გაირკვევა ყველაფერი, მანამდე ვერაფერს გეტყვით“, – გვითხრა მამუკა კომახიძემ და დასძინა, რომ მისი სტატუსი ასეთია – ეკლესიის აღმშენებელი.

ნარგიზ ბაირამ კიზის ინფორმაციით, ამ შეხვედრის თაობაზე მას არავინ დაკავშირებია.

DSCN8671ეკლესიის მეზობლად მცხოვრებლებმა აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი „ბათუმელებთან“ არ გააკეთეს. პირად საუბრებში კი დაგვიდასტურეს, რომ საზიარო კედლები ნამდვილად ეკლესიამ ააგო, მათ შორის, ისიც, რომელიც ეკლესიას არ ესაზღვრება და ამაში ფული ნარგიზა ბაირამ კიზიმ გადაიხადა. ორივე კედელი დანგრეულია. ბაირამ კიზის ოჯახი რეესტრში მიწის ხელახლა დაზუსტებას და შემდეგ სახლის პროექტის შეცვლას აპირებს. სადავო, საზიარო კედელთან დაკავშირებით, „ბათუმელებთან“ ნარგიზა ბაირამ კიზი  ამბობს:

„მიწის ნაკვეთი 2010 წელს შევიძინე დალი დიასამიძისგან. ერთ დღეს მივედით და ჩემს მიწაზე თხილის ნარგავები აღარ დაგვხდა. მოსწორებული იყო ირგვლივ ყველაფერი. მაშინ გავიცანი მამუკა კომახიძე. მითხრა, რომ ეკლესიის მშენებლობა იწყებოდა, თვითონ ხელმძღვანელი იყო და აღარ მითქვამს არაფერი. პირიქით, მამუკას დავუმეგობრდი, მიხაროდა, გვერდით ეკლესია რომ აშენდება, სიწყნარე და წესრიგი იქნება-მეთქი. მერე მამუკამ შეხვედრა მთხოვა და მითხრა, საზიარო ღობე იქნებ ავაშენოთ, ჩვენ-ჩვენი ვიცოდეთო [ბაირამ კიზის და ეკლესიას მხოლოდ ერთი მხარე აქვთ საზიარო]. შემომთავაზა, ჩვენ ავაშენებთ ბეტონის კედლებს თუ ფულს გადაიხდით, ტაძრის მშენებლები მაინც აქ არიანო. იმისთვის, რომ ეკლესიის შესასვლელი ფართო გამოსულიყო, დავთანხმდი, 30 სანტიმეტრი შემოიწიეთ ჩემს მიწაზე-მეთქი. მამუკამ მითხრა სახლის მეორე მხარესაც ჩვენ გაგიკეთებთ ღობესო [საუბარია ქვის კედელზე, რომელიც მშენებარე ეკლესიის ტერიტორიას არ ესაზღვრება. ეს ღობე იყო გამყოფი ბაირამ კიზისა და იქვე მცხოვრები, მერაბ აბაშიძის საკუთრებას შორის]. შევთანხმდით და ამ ორ კედელში ჯამში 6500 ლარი გადავიხადე.“

DSCN8667
ბაირამ კიზიმ დაშალა ის კედელიც, რომელიც ეკლესიასთან საზიარო არ არის.

ნარგიზა ბაირამ კიზის თქმით, პირველი კონფლიქტი მაშინ მოხდა, როცა აღმოაჩინა, რომ ეკლესიას ღობის მშენებლობლობის დროს, 30 სანტიმეტრის ნაცვლად,  დაახლოებით 1,5 მეტრით გაუფართოვებია ტაძრის შესასვლელი. „წავიკამათეთ, მაგრამ მაინც კეთილმეზობლობა ვარჩიე. ჩემი სახლის მშენებლობის პროექტი უკვე დამტკიცებული იყო და ის მიწის შევიწროვებულ ნაკვეთში აღარ ეტეოდა.  მოპირდაპირედ ლადო ფუტკარაძის მიწაა, მისგან ვიყიდე დამტებით 30 კვადრატული მეტრი ნაკვეთი.“

ბაირამ კიზის მონაყოლით, ვიდრე სახლის საძირკვლის ჩაყრას დაიწყებდა, მამუკა კომახიძემ სამშენებლო მასალის შეძენა შესთავაზა: „დამირეკა და მითხრა, კარგი მასალა გვაქვს და დაგჭირდება მშენებლობაზეო. ვუთხარი, სად წავიღო ახლა, ჯერ ფუნდამენტი არ ჩამისხამს-მეთქი. მითხრა, მაგაზე არ ინერვიულო, ეკლესიის შენობაში იქნებაო. 7 კუბურ მეტრ ხის მასალაში 3850 ლარი გადავიხადე. მერე მითხრეს, ხის მასალის შეძენას ნებართვა სჭირდებოდაო, მამუკას ვთხოვე, მოეცა. მითხრა, რომ ასეთი დოკუმენტი არ აქვს, შენაწირიაო. მერე ისევ დამირეკა, მივედით ცოლ-ქმარი და გვითხრა, ეს ღობეც ასაშენებელიაო და დაახლოებით 6 ათასი ესეც დაგვიჯდებაო. [საუბარია ღობეზე, რომელიც მშენებარე ეკლესიის ეზოსა და სხვა პირის ნაკვეთს შორის უნდა გაკეთდეს. იგი ბაირამ კიზის მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე არ არის] ვუთხარი, სხვისი ღობე რატომ უნდა გავაკეთო-მეთქი. მამუკამ მითხრა, თუ სახლის აშენება გინდა, ასეა საჭიროო. ჩემს უკან მთელი საქართველო დგასო, ზემოდან მითხრეს ასეო, ამას ხშირად იმეორებდა. ღობის მშენებლობის დაფინანსებაზე უარი ვუთხარი. დამემუქრა, მაშინ სახლს ვერ ააშენებთო“.

DSCN8660
საზღვრის დარღვევა ამ კუთხეში დააფიქსირა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა

„დაუყონებლივ შეაჩერეთ სამუშაოები და 10 დღის ვადაში მშენებლობა მოიყვანეთ სამშენებლო დოკუმენტაციასთან (პროექტთან) შესაბამისობაში“, – ეს ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითება #26-ში წერია. მითითება 2016 წლის 10 მარტითაა დათარიღებული. ბაირამ კიზის თქმით, ზედამხედველობის სამსახური საცხოვრებელი სახლის საძირკვლის ჩაყრისთანავე მივიდა მათთან: „საძირკველს როცა ვყრიდით, ჩვენს დასანახად დაურეკა მამუკა კომახიძემ მერიას, მოდითო. მართლაც მოვიდნენ და გვითხრეს, 30 სანტიმეტრით გადასულია საძირკვლის ერთი სვეტი მეზობლის ნაკვეთშიო, კიდევ არასასოფლოა თქვენი ნაკვეთი და სასოფლოა ის მიწა, რომელიც დამატებით შეიძინეთ, ესეც უკანონოაო. მაშინ მამა ევდემოზიც მოვიდა და გვითხრა, ჩვენი მამა-პაპური მიწაა, თქვენ ჩამოსული ხართ, ეს იცოდეთო. ეს მოძღვარი ტაძრის მშენებლობას ხშირად ესწრება, მაგრამ მასთან ურთიერთობა მანამდე არ გვქონდა“.

migeba-chabareba
ნარგიზ ბაირამ კიზის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები მის მიერ საპატრიარქოში წერილის გაგზავნისა და ჩაბარების შესახებ

20 მარტს ბაირამ კიზიმ წერილით საქართველოს საპატრიარქოს მიმართა დახმარებისთვის. „თქვენი შეწუხება გადავწყვიტე. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მეზობლური ურთიერთობა, როგორც მამუკას სურს, ისე არ იქნება და ვიმოქმედებთ, როგორც კანონი მოგვიწოდებს და როგორც კადასტრში არის ასახული ჩემი საკუთრებაა და დღეის მდგომარეობით არსებული კედელი უნდა მოვანგრიო და უნდა მოვიყვანო პირვანდელ მდგომაროებაში“,  – აღნიშნულია საპატრიარქოსთვის გაგზავნილ წერილში [წერილი საპატრიარქოს მიმდინარე წლის 23 მარტს ჩაბარდა].

ნარგიზას თქმით, საპატრიარქოში წერილის მიწერამდე, ის ეპისკოპოს დიმიტრისთან მივიდა. „მითხრეს, არ სცალია, ვერ მიგიღებთო, ჩემი ტელეფონი ჩაიწერეს, მაგრამ არ დაურეკავთ. პასუხი ვერც მერიისგან მივიღეთ, რა გამოსავალი არსებობს. მესმის, რომ კედლის დანგრევა გამოსავალი არ არის, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ყურადღება მომაქციონ“,- უთხრა ნარგიზა ბაირამ კიზიმ „ბათუმელებს“. მან ის წერილიც გვაჩვენა, რომლითაც პოლიციას მიმართა და პრობლემის შესწავლა სთხოვა.

წერილი
ნარგიზა ჰასთაოღლუს მიერ გაგზავნილი წერილი ბათუმის მერიაში

გაცემულია თუ არა ნებართვა ეკლესიის მშენებლობაზე? – ამ კითხვით ნარგიზა ბაირამ კიზიმ ბათუმის მერიას წერილობით ორჯერ მიმართა. პასუხი, როგორც თავად ამბობს, არ მიუღია.

ანალოგიური კითხვით – გაცემულია თუ არა ნებართვა ეკლესიის მშენებლობაზე? –  ბათუმის მერიას „ბათუმელებიც“ დაუკავშირდა. პასუხი ამ დრომდე ვერც “ბათუმელებმა” მიიღო.

“ბათუმელების” ზარებს  ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში და არც საპატრიარქოში არ უპასუხეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მერიაში, ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის სახელზე შევიდა წერილი „აეროპორტის გზატკეცილის მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეებისგან“, სადაც აღნიშნულია, რომ „…თურქმა მოქალაქემ შეიძინა მიწის ნაკვეთი, აშენებს სახლს და მშენებლობის პროცესში დაანგრია ტაძრის გალავანი… მიუღებელია ჩვენთვის ასეთი საქციელი და გთხოვთ მიიღოთ სათანადო ზომები, რათა მოსახლეობასა და მშენებარე სახლის მეპატრონეთა შორის დაპირისპირება ავიცილოთ“. ჩვენივე ინფორმაციით, წერილს ხელს 257 ადამიანი აწერს.

„ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა. სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით: „მიმდინარეობს საქმეზე მოკვლევა და საქმე აღიძვრება თუ არა, ვერ გეტყვით“.

DSCN8673
დანგრეული საზირო კედელი [ტაძრის მხრიდან გადაღებული ფოტო]

 

 

 

2 აპრილი აუტიზმის საერთაშორისო დღეა

2 აპრილს, შაბათს 13:00 საათზე „ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ინიციატივით გაიმართება საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა თემაზე – „2 აპრილი, აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე“.

 
ორგანიზატორთა ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებს, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების რეალიზება.

 
2007 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ ორი  აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღედ გამოცხადდა. „აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღის“ მიზანია, დაავადების შესახებ საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება და აუტიზმით დაავადებულთა უფლებების რეალიზება.

 

აუტიზმის შემთხვევათა საგრძნობი მატების ფონზე, აღნიშნული პრობლემა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად შეფასდა. საქართველო ,„აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეს“  2011 წელს შეუერთდა.

“მსოფლიო მოქალაქის” მოგზაურობა ველოსიპედით

„გაუზიარე ველოსიპედით“ [share by bike] – ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც მარტის დასაწყისში საქართველოში ბელგიელი ფლორეან გოფინი ჩამოვიდა. ის თავს მსოფლიო მოქალაქეს უწოდებს და აცხადებს, რომ „ქვეყანა“ მისთვის მხოლოდ სახელწოდებაა. საქართველო მეცხრე ქვეყანაა, სადაც ფლორეანი ველოსიპედით მოგზაურობს, ცდილობს ადამიანებს ესაუბროს გარემოსდაცვით პრობლემებზე და შესთავაზოს გამოსავალი, რომელსაც თანამოაზრეებთან ერთად პოულობს.

28 წლის ფლორეანს ხარისხი აქვს დაცული ენერგეტიკისა და გარემოს დაცვითი საკითხების კვლევებში. მან მოგზაურობა სკოლის დასრულებისთანავე დაიწყო. პირველი ქვეყანა ავსტრალია იყო, სადაც თავისი მანქანით მოგზაურობდა და თან მუშაობდა. შემდეგ ერთი წლის განმავლობაში სწავლობდა ინტერნეტტექნოლოგიებს და ბელგიაში თუ მის საზღვრებს გარეთ ამ პროფილით 6 წელი იმუშავა.

ფლორეანი ამბობს, რომ მისი ცხოვრება ორგანული საკვების შესახებ ერთი კონფერენციის შემდეგ შეიცვალა. ცნობისმოყვარეობის გამო დაესწრო ამ შეხვედრას, სადაც ორგანიზატორების გაცნობის შემდეგ, ცნობისმოყვარეობამ კიდევ უფრო შორს წაიყვანა და მათ საქმიანობაში ჩაერთო. ამ ქსელში [transition network] მოხალისეები არიან გაწევრიანებულები. ქსელის წევრები სწავლობენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საწარმოებისა და ქარხნების მიერ მოხმარებული საწვავისა თუ სხვა ამოწურვადი ბუნებრივი წიაღისეულით, ტყეების გაჩეხვითა თუ დანაგვიანებით გამოწვეულ ნეგატიურ ზეგავლენას ეკოსისტემაზე/გარემოზე. ცდილობენ შექმნან ე.წ. „გარდამავალი სტილი“, ხელი შეუწყონ ამოწურვადი წიაღისეულის [ნავთობი, ქვანახშირი და ა.შ.] აღდგენადი ენერგიით ჩანაცვლებას და დანერგონ ჯანსაღი ცხოვრების სტილი; უარს ამბობენ ქიმიურ საკვებ პროდუქტებსა თუ წამლებზე.

ქსელი ახალისებს განახლებად ენერგიაზე [ქარის, მზის, წყლის] მომუშავე ტექნოლოგიების შექმნის ინიციატივებს. ქსელის წევრებისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თავიანთი დაკვირვებებისა და დასკვნების სხვებისთვის გაზიარებაა. სწორედ ამ ქსელში მოხვედრის შემდეგ შეცვალა ფლორეანმა ცხოვრების სტილი:

„ადრე ვამბობდი, რადგან წვიმს, მოდი მანქანით წავალ სამსახურში-მეთქი, ამის შემდეგ მივხვდი, რომ – არა! გადავწყვიტე საბოლოოდ მეთქვა უარი მანქანაზე, რითაც საწვავის გამოყენებას შევამცირებდი. ასევე ნელ-ნელა უარი ვთქვი არაჯანსაღ ე.წ. „სწრაფ კვებაზე“, ნახევარფაბრიკატებზე, გადამუშავებულ საკვებ-პროდუქტებზე, მინიმუმამდე დავიყვანე ალკოჰოლი, ადრე თუ ხშირად ვსვამდი და დიდ წვეულებებს ვაწყობდი, ახლა შეიძლება დავლიო ძალიან იშვიათად. ვიღებ მხოლოდ ორგანულ საკვებს. უარი ვთქვი ხორცზეც – სულაც არ არის რთული ვეგეტარიანული დიეტა“, – ყვება ფლორეანი.

ფლორეან გოფინი
ფლორეან გოფინი

ის იხსენებს, თუ როგორ შეაგროვა ფული მოგზაურობის დასაწყებად: ეს თანხა 8000 ევროს არ აღემატებოდა და გზად ხუთი თვის განმავლობაში 300 ევროზე მეტი არ დაუხარჯავს: „როცა ეს მოგზაურობა დავგეგმე, უამრავი რამ აღმომაჩნდა, რაც სინამდვილეში არ არის საჭირო და მათი გაყიდვა დავიწყე. კოქტეილების აუქციონიც კი მოვაწყვე, მეგობრებიც მეხმარებოდნენ. მინდოდა კარგი ველოსიპედი მეყიდა, რომ მოგზაურობისთვის ბოლომდე გაეძლო. დიდი თანხაც გადავიხადე. ვიყიდე კარავი, ზურგჩანთა და მზის ენერგიაზე მომუშავე ელემენტები. ასე დავიწყე მოგზაურობა“.

ველოსიპედით მოგზაურობა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფლორეანი ამბობს, რომ თითქმის არ გამხდარა ავად, მსუბუქ სურდოს თუ არ ჩავთვლით, რასაც წამლების გარეშე უმკლავდება:

„გადავადგილდები ველოსიპედით, ვიცავ ძილის რეჟიმს, ვვარჯიშობ და რაც, მთავარია, ვცდილობ ვიფიქრო პოზიტიურად. ადამიანის გონებას პოზიტიური ფიქრების, ემოციებისა და განწყობების სახით უდიდესი ენერგია გააჩნია, რითაც სხეულსაც აჯანსაღებს, იცავს და შინაგანადაც აძლიერებს. ღიმილითაც შეიძლება ეს ენერგია იგრძნო. დაავადებათა თუ იმუნიტეტის დაქვეითების უმთავრესი მიზეზი სტრესი და ნეგატიური განწყობებია, რომელსაც დღევანდელ ეკონომიკურ სისტემაში გვერდს ვერ ავუვლით“.

ფლორეანის აზრით, დღევანდელ ეკონომიკურ სისტემაში ადამიანებს გვაქვს ილუზია, რომ თუ მეტს ვიმუშავებთ, მეტი მანქანა გვეყოლება, მეტ კრუიზში წავალთ, მეტ სასტუმროს ავაშენებთ, მეტად გავმდიდრებით და მეტს დავაგროვებთ. სინამდვილეში კი გვავიწყდება, რომ ამ ყველაფრისთვის ვიყენებთ ნავთობს, გაზს, ვჩეხავთ ტყეებს, ვაშრობთ ჭაობებსა თუ მდინარეებს, ვცვლით კლიმატსა და საბოლოო ჯამში ხელს ვუწყობთ ეკოსისტემის ნგრევას: „უნდა გვესმოდეს, რომ შვიდი მილიარდი ადამიანი თუ ასე გავაგრძელებთ, მალე არაფერი დაგვრჩება. უნდა დავიწყოთ საკუთარი თუ ჩვენ გარშემო მყოფი მიკროსაზოგადოებების ცხოვრების სტილის შეცვლა. თუ ჩვენ აღარ გამოვიყენებთ არაფერს ისეთს, რაც გარემოს ზიანს აყენებს, ამით დავეხმარებით საკუთარ თავს და შევქმნით უკეთეს მსოფლიოს“.

ფლორეანის მცდელობა, ბსუ-ში მოაწყოს მცირე კონფერენცია თავისი პროექტის შესახებ, ჯერჯერობით ვერ განხორციელდა. თუმცა იმედს იტოვებს, რომ ეს საქართველოში მასპინძელი ოჯახის პოვნასავით სულ განუხორციელებელი არ დარჩება. „საქართველოში შემექმნა მასპინძელი ოჯახის პოვნის პრობლემა, 15-მდე შეთავაზება გამოვგზავნე და ნაწილის პასუხიც კი არ დამბრუნებია. რაც დამიბრუნდა, ყველა პასუხი უარი იყო“, – იხსენებს ფლორეანი. იგი თითქმის ყოველდღე დადის უნივერსიტეტში, მუშაობს, ესაუბრება ადამიანებს და თან თავისი ვებგვერდის მომხმარებელს აცნობს მოგზაურობის დეტალებს.
ბათუმის შემდეგ მთებით აღმოსავლეთ საქართველოში, იქიდან კი სომხეთში გადასვლას გეგმავს. მანამდე კი სოფელ ჭარნალში, თურქი მეგობრის ხის კოტეჯშია დაბინავებული.

ფლორეანი ორი წლის მანძილზე გეგმავს მოგზაურობას „transition network“-ის მიერ რეკომენდებულ ქვეყნებში, მისი საბოლოო დანიშნულების პუნქტი კი კოსტარიკაა: „ყველას გვაქვს უფლება ავირჩიოთ ადგილი, სადაც გვინდა ვიცხოვროთ. მე კოსტარიკა მისი კლიმატის გამო ავარჩიე, თან მიყვარს ლათინური ამერიკა. იქ მინდა ჩემი დაპროექტებით სახლი ავაშენო, სადაც ყველაფრისთვის მზის ენერგიას გამოვიყენებ. მცირე მეურნეობაც მინდა წამოვიწყო და ირგვლივ ამ იდეების გარშემო ადამიანები შემოვიკრიბო, რომლებთან ერთადაც საზოგადოების იმ მოდელს შევქმნი, რომელიც დედამიწის შენარჩუნებაზე ზრუნავს“.

ფლორეან გოფინი
ფლორეან გოფინი

შეხვედრა ლაშა ბუღაძესთან ბათუმში

პირველ აპრილს, 19:00 საათზე, მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“ მწერალი ლაშა ბუღაძე მკითხველთან შეხვედრას გამართავს.

დასწრება თავისუფალია. მკითხველს შესაძლებლობა ექნება ავტორს დაუსვას კითხვები ლიტერატურასა და მის შემოქმედებაზე.

მოსამართლემ პოლიციელები ტყუილში გამოიჭირა პოლიციისვე გადაღებული კადრებით

გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა გასულ კვირას იმ პირის მიმართ გამოიტანა, ვისაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა ბრალი. სხვებისგან განსხვავებით, შალვა ქორიძე სამწლიან პატიმრობას იმით გადაურჩა, რომ 4 პოლიციელის, მათ შორის ერთი მაღალჩინოსნის ჩვენება მოსამართლისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა სასამართლოს ჩვენება მისცეს, ადვოკატმა სასამართლოს თავად პოლიციის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეოკადრები წარმოუდგინა, სადაც აშკარად გამოჩნდა, რომ პოლიციელებმა იცრუეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე ახლაც შეგიძლიათ ნახოთ გასული წლის 3 ივლისს გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ სპეციალური ნიღბებით აღჭურვილი სპეცრაზმის თანამშრომლები აკავებენ ორ პირს. დაკავებულთაგან ერთ-ერთი შალვა ქორიძეა. ვიდრე ამ ვიდეოჩანაწერს სასამართლო დარბაზში აჩვენებდნენ, სასამართლოს ჩვენება ბრალდების მხარის ოთხმა მოწმემ მისცა, ოთხივე პოლიციელია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ბრალდებულები სპეციალურმა რაზმმა კი არა, მათ დააკავეს. მოწმე პოლიციელებს შორის ერთ-ერთი შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსი მიხეილ ბარნოვიც იყო.

მან სასამართლო პროცესზე თქვა, რომ შალვა ქორიძემ წინააღმდეგობის გაწევის დროს მაისური შემოახია. „მაჩვენეთ თქვენი მაისური და გაჩვენებთ, როგორ დახია“, – ასე უპასუხა მიხეილ ბარნოვმა დაცვის მხარის ადვოკატის, რამინ პაპიძის შეკითხვას: „როგორ და რა ხარისხით დააზიანა მაისური ბრალდებულმა?”

გარდა მიხეილ ბარნოვისა, ამ საქმეზე მოწმის სახით ჩვენება მისცეს შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლებმა – მალხაზ დუმბაძემ, მინდია მალაყმაძემ და გიორგი ნაკაშიძემ. სასამართლოს მათვე დაუდასტურეს, რომ შალვა ქორიძე თავად დააკავეს და დამხმარე ძალა, ანუ სპეციალური რაზმი ამ პროცესში ჩართული არ ყოფილა. კადრების ნახვის შემდეგ პროკურორმა რამაზ შავაძემ თქვა: „გასაგებია, რომ ეს კადრები გადაღებულია შსს-ს პრესსამსახურის მიერ, მაგრამ არ ვიცი, როდის მოხდა. ჩვენს დაკავების ოქმში ეს დაფიქსირებული არ არის. გადაღება რომ მომხდარიყო, ეს აისახებოდა ოქმის ჩანაწერებში“.

პროკურორს ადვოკატმა რამინ პაპიძემ შეახსენა, რომ თუკი კადრები საეჭვოა, მისი გადამოწმების საშუალება პროკურატურას აქვს.

„ჟურნალისტურ გამოძიებას მე ვერ ჩავატარებდი“, – იმართლა თავი პროკურორმა, რომელმაც ამ ვიდეოკადრების ჩვენებამდე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, არ დაშვებულიყო კადრები დამატებით მტკიცებულებად. „დაცვის მხარემ მოწმე პოლიციელების დაკითხვამდეც იცოდა ამ კადრების არსებობის შესახებ და იგი დროულად უნდა წარმოედგინა“, – ამბობდა რამაზ შავაძე. შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. თამარ ბეჟანიშვილმა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი კადრების ნახვიდან რამდენიმე წუთში გამოაცხადა და შალვა ქორიძე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში გაამართლა. მას მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარების გამო შეეფარდა 10 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„გაუგებარია, რატომ დამალა ბრალდების მხარემ ის, რომ ეს პირები სპეცრაზმელებმა დააკავეს“, – იკითხა მოსამართლემ ჩაქუჩის ჩამოკვრის შემდეგ, ანუ განმარტებების დროს. „ეს დასჭირდათ იმიტომ, რომ შალვა ქორიძეს სპეცრაზმელებმა მანქანაში მუშტებით სცემეს სახეში, როცა ის სიტუაციის გარკვევას ცდილობდა“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

გასული წლის 3 ივლისს სპეცრაზმელებმა, შალვა ქორიძესთან ერთად, ქურდული სამყაროს წევრობისა და გამოძალვის ბრალდებით გ.მ.-ც დააკავეს. გ.მ.-ს საქმის განხილვა სასამართლოში ჯერ არ დასრულებულა. ამ საქმესაც მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს. აქაც მოწმეებად უკვე დაკითხულნი არიან პოლიციელები, ვისი ჩვენებაც მოსამართლისთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა.

 ამ კადრებით დადასტურდა, რომ ბრალდებული დააკავა არა პოლიციამ, არამედ სპეცრაზმმა. ფოტო police.ge გამოქვეყნებული ვიდეომასალიდან
ამ კადრებით დადასტურდა, რომ ბრალდებული დააკავა არა პოლიციამ, არამედ სპეცრაზმმა. ფოტო police.ge გამოქვეყნებული ვიდეომასალიდან

„საგანგაშოა, როცა პოლიციელის ჩვენება სასამართლოსთვის უტყუარი არ არის“, – ასე აფასებენ ამ გადაწყვეტილებას „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. „გამოდის, რომ საქმე გვაქვს ან გამოძიების არაეფექტურობასთან, ან უფრო უარესთან – პოლიციელთა მიერ „შეკერილ“ საქმესთან. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ ეტაპზე დაველოდოთ გადაწყვეტილებას, სადაც სასამართლო განმარტავს, თუ რა გარემოებებით მიიღო გამამართლებელი განაჩენი. სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ, აუცილებელია შსს-ში დაიწყოს შიდა უწყებრივი მოკვლევა, რათა ამან არ მიიღოს განგრძობადი ხასიათი. ამის რისკები ყოველთვის არსებობს, რადგან დაუსჯელობის სინდრომი ხშირად წამახალისებელი ხდება ისეთი კატეგორიის ადამიანებისთვის, ვის ხელშიც ძალაუფლების ბერკეტებია თავმოყრილი“, – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი ხიმშიაშვილმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

დაიწყებს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ პოლიციელების მიმართ საქმის მოკვლევას? – შსს-მ „ბათუმელების“ შეკითხვა უპასუხოდ დატოვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მონაცემებით, 2012 წლიდან დღემდე სასამართლომ 127 პირის საქმე განიხილა, ვისაც პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა ბრალად.

შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში, რომლითაც პოლიციელების ტყუილი დადასტურდა, ასევე ჩანს გიგლა მოსიძე, რომელიც შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. გიგლა მოსიძე ჯერ კიდევ ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსად მუშაობდა, როდესაც საია-ს აჭარის ფილიალის ოფისმა იგი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფირის გაქრობაში დაადანაშაულა (საქმე ეხება 2013 წელს აჭარის სამმართველოს მაშინდელი უფროსის, ვალერი თელიას და საია-ს თანამშრომელს შორის მომხდარ ქუჩის ინციდენტს, როცა ვალერი თელიამ საია-ს თანამშრომლის მიმართ ანთებული სიგარეტი ისროლა და პერანგი შემოახია. ინციდენტის ადგილზე დამონტაჟებული ორი კამერიდან ერთ-ერთზე დაფიქსირებული კადრები წაიშალა. თვითმხილველმა ჟურნალისტმა მაშინ თქვა, რომ კადრები სწორედ გიგლა მოსიძემ ამოიღო).

რაც შეეხება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსს, მიხეილ ბარნოვს, იგი გასული წლის აგვისტოშიც მოხვდა „ბათუმელების“ ფურცლებზე. მაშინ ერთ-ერთი ადვოკატი მას დაკავებულისთვის იძულებით წყლის დალევაში ადანაშაულებდა, რომელშიც შერეული იყო ნარკოტიკული ნივთიერება. ხმაურიან სასამართლო პროცესზე
დაკავებულები ამბობდნენ, რომ მათი დაკავების მიზეზი ე.წ. კანონიერი ქურდის, „ლავას-ოღლის“ ახლობლობაა. უბნის ინსპექტორების სამმართველოს 29 წლის უფროსი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელისა და ამჟამად უკვე შს მინისტრის მოადგილის, ბესიკ ამირანაშვილის გუნდის წევრია.

მოწმეზე ძალადობის სხვა საქმე სასამართლოში

მოწმეზე ძალადობას ედავებიან ქობულეთის პოლიციის უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსს – ირაკლი შაქარიშვილსაც. გასული წლის 2 ნოემბერს 20 წლის რეზო ტაკიძემ თქვა, რომ იგი პოლიციამ სარფის საბაჟოზე დააკავა – ქობულეთის პოლიციის შენობაში მისგან ყაჩაღობის აღიარებას ითხოვდნენ. „შაქარიშვილი იჯდა იქ და მკითხა, მე მიცნობ, ბიჭო? მგონი, ირაკლი ხარ შაქარიშვილი-მეთქი. მომკლა ცემაში, მაგინებდა, გამაგდენ პოლზე. სასაკლაოზე ხარ მოყვანილი, თუ იცი შენო. შარვალი გამხადა ბუტა ანთაძემ, გაუპატიურებით მემუქრებოდა, მაცივრიდან გამოღებულ ცივ წყალს მასხამდნენ. არაფერი ვიცოდი ყაჩაღობის შესახებ. თქვი, რომ შენ იყავიო, თუ არა წამლით გაგივსებ ჯიბეებსო და მაინც გაგიშვებ „სროკზეო“, – ამბობდა რეზო ტაკიძე, ვის საქმესაც ახლა მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.

ამ საქმეშიც მოწმე პოლიციელები არიან: ექვსივე პოლიციელი ყვება, რომ რეზო ტაკიძე საღამოს ათის ნახევარზე მოწმის სახით დაიბარეს (ეს უწყისში მითითებული ოფიციალური დროა), გვარაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი ყაჩაღობის გამო. „თავისი ფეხით მოვიდა პოლიციაში, ვაწარმოებდი ზეპირ გასაუბრებას და ამ დროს ის გახდა აგრესიული, აიღო ჩემი მაგიდიდან კომპიუტერის მონიტორი და დაახეთქა, ხელებს იქნევდა, ფეხი ჩაარტყა პროცესორს. მერე სხვა პოლიციელებსაც აგინა, ვინც იქ შემოვიდა. წაიქცა გასვლის დროს და დავაკავეთ“, – დაახლოებით ამ სიტყვებით აღწერა პოლიციელმა ბესიკ კაკალაძემ პოლიციის შენობაში რეზო ტაკიძესთან შეხვედრა.

პოლიციელს დამაზუსტებელი კითხვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმაც დაუსვა: „რეზო ტაკიძე მოვიდა პოლიციაში 21 საათსა და 30 წუთზე, დაკავების ოქმში წერია, რომ დაკავება 00 საათსა და 10 წუთზე მოხდა. ორსაათნახევარი რატომ დასჭირდა გასაუბრებას? თან თქვენ აღნიშნეთ, რომ ზეპირ გასაუბრებას ახდენდით“.

ბესიკ კაკალაძემ მოსამართლეს უპასუხა, რომ კითხვები ბევრი იყო, რადგან პოლიციას სურდა დროულად გამოეძიებია ყაჩაღობის ფაქტი და ლოგიკური ეჭვები არსებობდა რევაზ ტაკიძის მისამართით.

სასამართლოს ჩვენება მისცეს პოლიციელებმა – ირაკლი დავითაძემ და ჯუმბერ თხილაიშვილმაც. „გვერდით ოთახიდან შემოგვესმა გინებისა და მტვრევის ხმა და შევედით“, – ყვებიან დეტექტივ-გამომძიებლები. „რატომ ვერ აღკვეთეთ დროულად რეზო ტაკიძის აგრესია ამდენმა გამოცდილმა პოლიციელმა?“ – დაცვის მხარის ადვოკატის ამ შეკითხვას პოლიციელებმა უპასუხეს, რომ ისინი ბრალდებულს თავდაპირველად დამშვიდებისკენ მოუწოდებდნენ. „პერანგიდან სამხრე და ჯიბე რომ ჩამომახია, მაშინ იძულებული გავხდით, დაგვეკავებია,“ – აღნიშნა ჯუმბერ თხილაიშვილმა.

სასამართლო ჯერ არ გადასულა დაცვის მხარის მტკიცებულებებზე, სადაც ერთ-ერთი – სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა იქნება. „დასტურდება, რომ რეზო ტაკიძეს ჰქონდა სხეულის დაზიანებები. პოლიციელებმაც ხაზი გაუსვეს თავიანთ ჩვენებაში იმას, რომ თითქოს რეზო თავისით წაიქცა. არადა, მას მთელი სახის მიდამოები ჩალურჯებული ჰქონდა, ასევე მუხლის მიდამოები“, – ამბობს მერი ცინარიძე, რეზო ტაკიძის ადვოკატი. ის დაკავების დღეს იხსენებს, როცა რეზო ტაკიძის სახლი პოლიციელებმა ისე დაათვალიერეს, რომ ბრალდებულის დაკავების შესახებ ოჯახს არაფერი გაუგია:

„ოჯახმა იცოდა, რომ ის თურქეთში სამუშაოდ მიდიოდა. სახლის დათვალიერების დროს პოლიციელებმა თქვეს, რომ სოფელ გვარაში მომხდარ ყაჩაღობას იძიებდნენ, მაგრამ არ უთხრეს ოჯახს, რეზო დაკავებული რომ იყო. დაკავებამდე პროცედურები ადვოკატის გარეშე ჩატარდა. რეზო რეალურად სარფის საბაჟოზე დააკავეს, მაგრამ ეს კადრები ჩვენ არ მოგვაწოდეს. პოლიციას სურდა სწრაფად გაეხსნა ყაჩაღობის ფაქტი და უკანონოდ დაკავებულ პირს აიძულებდნენ ჩვენების მიცემას“.

პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის გარდა, რეზო ტაკიძეს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავებიან. საუბარია კომპიუტერზე, რომელიც პოლიციელების ჩვენებით, ბრალდებულმა დაამტვრია. რეზო ტაკიძე წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. სასამართლო დარბაზიდან იგი მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილმა გაათავისუფლა – დაკავების პროცედურების აშკარა დარღვევის გამო.

ბსუ-მ პოლონეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

30 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სილეზიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაs ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში, სილეზიის უნივერსიტეტის რექტორი ვიესლავ ბანიში, სილეზიის სავოევოდოს საბჭოს წევრი კაზიმეჟ კაროლჟაკი.

მემორანდუმი უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის პოლონეთში [კატოვიცეში] ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 29 მარტს დაიწყო და პირველ აპრილს დასრულდება.

პატიმრების წამება – სასამართლო საქმეს მესამე წელია განიხილავს

„ერთხელ ციხეში პატიმარი მოიყვანეს, ვეკუა იყო გვარად და ნარკოტიკების გადმოტანისთვის უნდა მოეხადა სასჯელი. მისი გვარი ციხის უფროსმა, გიორგი ვეკუამ რომ ამოიკითხა, რეჟიმის უფროსს უთხრა, გაუსწორდი, როგორც საჭიროა, გვარს მირცხვენსო“, – ეს ისტორია მოსამართლე დავით მამისეიშვილს ზაურ მოფინაძემ მოუყვა, ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მესამე წელია გრძელდება ბათუმის ციხის პატიმრების წამების საქმის განხილვა. ბრალდებულები არიან გირაოთი გათავისუფლებული ციხის ყოფილი უფროსი გიორგი ვეკუა და მისი მოადგილე (რეჟიმის უფროსი) ზაზა ჯიქია. მათ პატიმრების წამებასა და არაადამინურ მოპყრობაში ედებათ ბრალი.  პროკურატურამ ამ საქმეზე 116 პირის მოწმის სახით დაკითხვა მოითხოვა. მათ შორის არიან ყოფილი პატიმრები და ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლები. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯერჯერობით 40-მდე მოწმეა დაკითხული, საქმე ვერც წელს დასრულდება.

პატიმრების წამების საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი 2014 წლის 4 მარტიდან განიხილავს.

ციხის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი მთელი საათის განმავლობაში უყვებოდა სასამართლოს წამების სხვა შემთხვევების შესახებაც: „გიორგი ვეკუა 2009 წლიდან დაინიშნა ციხის უფროსად. პაემანი ერთი საათიდან 15 წუთამდე შეზღუდა, სატელეფონო საუბრები კი პატიმრებისთვის საერთოდ აიკრძალა“; „გიორგი ვეკუა და ზაზა ჯიქია უშუალოდ უსწორდებოდნენ ფიზიკურად პატიმრებს“; „სამედიცინო მომსახურებაზე ნათქვამი იყო, რომ პატიმრებს ხშირად არ უნდა მოეთხოვათ. ვინც ამას არ ემორჩილებოდა, ისეთს უზამდნენ, მერე საერთოდ აღარ ითხოვდა“; „ერთი ვინმე თუ დააშავებდა რამეს, მაგალითად, თუ ხმამაღლა რაღაცას წამოიძახებდა, მთელ საკანს უსწორდებოდნენ, სცემდნენ“.

„მეტსახელები ჰქონდათ ციხის უფროსებს?“ – ეს კითხვა მოწმეს პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ დაუსვა?

„კი, ნინძას და ჯეკი ჩანს ეძახდნენ ზაზა ჯიქიას პატიმრები. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან სწრაფი იყო“, – აღნიშნა ზაზა მოფინაძემ.

პროკურორს მოწმემ ასევე უპასუხა კითხვაზე, იდგა თუ არა საჩივრების ყუთი ციხის დერეფანში. „იყო, მაგრამ ჯერ არ დამინახავს კაცი, მაგაში წერილი ჩაეგდოს“. ზაზა მოფინაძე სასამართლოს მოუყვა იმასაც, რომ თვითონ მხოლოდ ერთ პატიმარს სცემა გინების გამო.

ზაზა მოფინაძის თქმით, პატიმრებზე სასტიკი მოპყრობა მაშინვე შემცირდა, როგორც კი ციხის ადმინისტრაცია შეიცვალა. თუმცა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მან სამუშაო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

2012 წლის არჩევნების შემდეგ პატიმრებმა კოლექტიური განცხადებით მიმართეს პროკურატურას. მიმართვიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ უკვე ყოფილი თუ ამჟამინდელი პატიმრები სასამართლოს გადაწყვეტილებას ელიან.

„წიგნის კუთხე“ – ახალი ლიტერატურული კონკურსი ბათუმში [ვიდეო]

გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში [რეგიონალურ დონეზე] იწყებს პროექტს – „წიგნის კუთხე“. პროექტი წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას.

„წიგნის კუთხეში“ ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას, სულ 16 გუნდი. თითოეულ გუნდში, საჯარო განათლების მესამე საფეხურის [IX-XII კლასები] სამი მოსწავლეა.

გადაცემების ჩაწერა მიმდინარეობს შაბათ-კვირას. მონაწილე გუნდები ყოველ კვირა საღამოს, 22:00 საათზე იგებენ იმ ხუთი ლიტერატურული ნაწარმოების ჩამონათვალს, რომლის ირგვლივაც დაისმება შეკითხვები მომდევნო შაბათისა და კვირის თამაშებზე. თუმცა, თუ რომელი ორი გუნდი ითამაშებს ამა თუ იმ კონკრეტულ გადაცემაში, ამას მონაწილეები თამაშამდე ერთი დღით ადრე იგებენ, გუნდები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდებიან.

თამაშში ასევე შედის ბლიც-ტური, სადაც შეკითხვები არამარტო შერჩეული ხუთი წიგნიდან, არამედ სხვადასხვა ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებიდან ისმება.

საბოლოოდ, ფინალური თამაშის მონაწილე გუნდები ითამაშებენ მანამდე გამოცხადებული 35 ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ.

გადაცემები იწერება ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში და ყოველ ოთხშაბათს გამოქვეყნდება batumelebi.ge-ზე.

პროექტის მიზანია მოსწავლეებში ლიტერატურის პოპულარიზაცია და ზოგადად, ახალგაზრდა მკითხველების წახალისება.

 „წიგნის კუთხის“ პირველი და მეორე მერვედფინალური თამაში უკვე გაიმართა. მონაწილეები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ: 

  • ევრიპიდე -„მედეა“; 
  • ნოდარ დუმბაძე – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“;  
  • ოსკარ უაილდი – „დორიან გრეის პორტრეტი“;  
  • დენიელ კიზი – „ყვავილები ელჯერნონისთვის“; 
  • „ანა ფრანკის დღიური“.

პირველი მერვედფინალური თამაში, ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლისა [თაკო ბოლქვაძე; სოფო ბაბიჩევი; მარიამ ცინცაბაძე] და კავკასიის ბიზნესის სკოლის [ლაშა ბაზიაშვილი; ანა კახიძე; თათია ნაგერვაძე] გუნდებს შორის გაიმართა. ამ თამაშის შედეგებით, „წიგნის კუთხის“ მეოთხედფინალში ბათუმის მე-6 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლის გუნდი გადავიდა, ანგარიშით – 7:4.

მეორე მერვედფინალური თამაში, რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისა [გვანცა ძიძიგური; რუსუდან დავითაძე; თამუნა ქათამაძე] და ბათუმის #2 საჯარო სკოლის გუნდებს [ანა გათენაძე; ირაკლი ხუხუნაიშვილი; სესილი მეტრეველი] შორის გაიმართა. ამ თამაშის შედეგით, ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა, ანგარიშით – 18:5, გადაცემის მეოთხედფინალში გადავიდა.

„წიგნის კუთხეს“ ყოველ თამაშზე ჰყავს კვირის სტუმარი, ერთი ძირითადი კითხვით. პირველი კვირის თამაშების სტუმარი იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი, ციალა ქათამიძე. 

გამარჯვებული გუნდები დასაჩუქრდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით [წიგნები, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკა და სხვ.].

 

საიას განცხადება შს სამინისტროს მიერ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე

შს სამინისტრო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ ასრულებს – საქმე ეხება „გაზეთ ბათუმელების“ საჩივარს შს სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც ამ უწყების პრემიების გასაჯაროებას უკავშირდებოდა. სამინისტროს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობასთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაზეთ „ბათუმელებს“ არ აძლევს საჯარო ინფორმაციას სამინისტროს თანამდებობის პირებისთვის გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ, რომლის გაცემაც სამინისტროს დაევალა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას.
საჯარო ინფორმაცია, რომლის გაცემაც სასამართლოს გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირთა მიერ 2013 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე მიღებული პრემიის თანხის ოდენობას, პრემიის მიმღები თანამდებობის პირის სახელის, გვარისა და თანხის ოდენობის მითითებით.

ეჭვის საფუძველს ქმნის ის გარემოება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ სურს საჯარო გახდეს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორია სამინისტროში თანამდებობის პირებისთვის პრემიების გაცემის პრაქტიკა. კერძოდ, სამინისტრო გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ ინფორმაციას გასცემს ჯამურად, მაგრამ არ გასცემს ინფორმაციას იმის თაობაზე თუ ცალკეულმა თანამდებობის პირებმა (მინისტრი, მინისტრის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსი და ა.შ.) რა ოდენობის პრემია მიიღეს 2013 წელს.

აღნიშნულს ადასტურებს გაზეთ „ბათუმელების“ საქმეზე განვითარებული მოვლენები. კერძოდ, გაზეთმა „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა ჯერ კიდევ 2013 წლის 25 ნოემბერს. მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულიად უკანონოდ არ გასცა საჯარო ინფორმაცია, გაზეთმა „ბათუმელებმა“ საიას დახმარებით მიმართა სასამართლოს.

მხოლოდ სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ, სამინისტრომ სასამართლო პროცესზე წარადგინა 2014 წლის 15 იანვრის წერილი, რომლითაც გასცა პრემიების შესახებ ინფორმაცია ჯამურად და არა თანამდებობის პირების მითითებით, ცალ-ცალკე.
სასამართლოს 2015 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემა. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჩივრა როგორც თბილისის სააპელაციო ისე საქართველოს უზენაეს სასამართლოში. შედეგად, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2015 წლის 29 სექტემბერს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლო გადაწყვეტილების ძალით, დაევალა გასცეს ზემოაღნიშნული საჯარო ინფორმაცია.

მიუხედავად სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არათუ არ გასცემს საჯარო ინფორმაციას, 2015 წლის 29 სექტემბრიდან დღემდე არ უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას.

აღნიშნულის გამო გაზეთი „ბათუმელები“ და საია გამოიყენებენ სასამართლოს გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მექანიზმს და ამისათვის მიმართავენ სააღსრულებო ბიუროს, რაც სამწუხაროდ, კიდევ უფრო გააჭიანურებს მედიასაშუალების მიერ იმ საჯარო ინფორმაციის მიღებას, რომელიც კანონის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 5 დეკემბრამდე უნდა გაეცა“.

ასწლოვანი ხის მოგზაურობა – 100 მეტრი დარგვამდე [ფოტო, ვიდეო]

„ციხისძირიდან შეკვეთილში ხის გადატანის პროცესი ჩვეულებრივ რიტმში მიმდინარეობს და შესაძლოა ერთ დღეში ხის დარგვაც დავიწყოთ“ – აცხადებს კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელი ირაკლი შანავა, ინჟინერი. „ტიტას გზით“ ციხისძირიდან შეკვეთილში კიდევ ორ ძირ ხეს – ჭაობის კიპარისს გადმოიტანენ.

ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე ტრანსპორტირებისას პლაჟთან ფიჭვის ხეს გამოედო და ტოტი მოატეხა. შეკვეთილი, 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
შეკვეთილი. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხის გადასაადგილებლად გზას ბეტონის ფილებით ამაგრებენ. კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენლის თქმით, ციხისძირიდან გადმოტანილი ასწლოვანი ტიტას ხე ამ ადგილიდან 100 მეტრში დაირგვება. შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხეს შეკვეთილში ამ ადგილზე დარგავენ. ხის ჩასარგავად ორმოს ამოთხრა დაწყებულია, ტერიტორიაზე უცხო პირებს არ უშვებენ. დაცვის თანამშრომლის თქმით, სწორედ აქ აშენებს დენდროლოგიურ პარკს ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერი. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში, ხედი ავტომაგისტრალიდან. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო
ტიტას ხე შეკვეთილში. 30.03.2016 / თორნიკე თავაძის ფოტო

აჭარის მთავრობამ ექვს ეკომიგრანტ ოჯახს ბინა გადასცა

აჭარის მთავრობის ინფრომაციით, მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განკარგულებით და შერეული სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით, 6 ეკომიგრანტ ოჯახს, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში 6 ბინა საკუთრებაში გადაეცა.

აღნიშნული ოჯახები სტიქიის შედეგად სხვადასხვა დროს დაზარალდნენ.

ბინები ლოტოტრონის პრინციპით გადანაწილდა.

ეკომიგრანტთა ბინები
ეკომიგრანტთა ბინები

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფრომაციით 2013-2015 წლებში აჭარის მთავრობამ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სტიქით დაზარალებულ 243 ოჯახს გადასცა.

2016 წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ამოქმედდა „ეკომიგრანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა, რომლის ფარგლებში ეკომიგრანტი ოჯახებისათვის დაგეგმილია 115 საცხოვრებელი სახლის შეძენა.

16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შოთა გუჯაბიძის მხარდასაჭერად სააგენტოს მიმართა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა წერილით, სააგენტოში მიმდინარე ცვლილებების პარალელურად სარეკომენდაციო საბჭოს წევრის სტატუსი შეუნარჩუნდეს შოთა გუჯაბიძეს, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს.

„ჩვენი ინფორმაციით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული სარეკომენდაციო საბჭოს რეორგანიზაციის მიზნით იგეგმება ბ-ნ შოთა გუჯაბიძისთვის საბჭოს წევრობის სტატუსის შეწყვეტა.

მოგახსენებთ, რომ შოთა გუჯაბიძე არის ბათუმის ისტორიის მკვლევარი, ცნობილი და მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ აქტიური წევრი, რომელიც წლების მანძილზე იბრძვის ურბანული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის.

მისი საქმიანობა მიმართულია ბათუმის ისტორიული ქალაქის დაცვისკენ, მისი ღვაწლი საყოველთაოდ არის ცნობილი და სწორედ ასეთი პიროვნებების ყოფნა მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენი სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი საბჭოს ლეგიტიმაციისა და სანდოობის ფაქტორს.

ამასთანავე, გვინდა შეგახსენოთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების/სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და მონაწილეობა გახლავთ ხელისუფლების ვალდებულება, რაც გამყარებულია ეროვნული კანონმდებლობითა და საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული უმნიშვნელოვანესი კონვენციებით.

ამდენად, ჩვენ, კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს დაცვის სფეროში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ვშუამდგომლობთ თქვენ წინაშე და იმედს ვიტოვებთ, რომ ზემოხსენებულ ფაქტორებთან ერთად გაითვალისწინებთ შოთა გუჯაბიძის საბჭოში მუშაობის გამოცდილებას, ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის პროფესიულ ცოდნას და რაც მთავარია მის შეუბღალავ რეპუტაციას და დადებითად გადაწყვეტთ ამ ადამიანის საბჭოში ყოფნის საკითხს,“ – აღნიშნულია წერილში, რომელსაც შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები აწერენ ხელს:

„ტფილისის ჰამქარი”, „პარტიზანული მებაღეობა”, „სამოქალაქო ინიციატივა”, „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის”, „ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნული კომიტეტი”, მოძრაობა „მწვანე მუშტი”, „თბილისის არქიტექტურული ფორუმი”, „მწვანე ალტერნატივა”, „კამპუსი”, „ცხოველთა უფლებების კომიტეტი”, „ქართველ არქიტექტორთა ინსტიტუტი”, „საყდრისის დაცვის კომიტეტი“, „იარე ფეხით“, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი” და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი“.

საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე პროფესიით რეჟისორია. იგი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრია 2013 წლიდან და წლებია ყველაზე ხშირად აკრიტიკებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პოლიტიკას.

ამჟამად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი სააგენტოსთან არსებულ სარეკომენდაციო საბჭოს განახლებას გეგმავს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

კორუფციულ გარიგებად „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბათუმის მერიის მიმდინარე ტენდერს მიიჩნევენ, რომელიც ბათუმში მინისტადიონების შესაკეთებლად არის გამოცხადებული. სამუშაოების ღირებულება მილიონ 400 ათასი ლარია.

„ტენდერი მხოლოდ სამშენებლო მასალის შესყიდვაზე უნდა გამოცხადებულიყო, რადგან ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსს“ 25 კვალიფიციური თანამშრომელი დაემატა შესაბამისი სახელფასო ფონდით. ეს მუშახელი მუშაობს სტადიონების შეკეთებაზე და ისმის კითხვა: თუ „ბათუმის კორპუსის“ ფუნქციებს განახორციელებს მერია, მაშინ რა საჭირო იყო შტატებისა და სახელფასო ფონდის გაზრდა, ან ორგანიზაციის ამ სახით შენახვა?“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გელა დეკანაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა, გელა დეკანაძე მიიჩნევს, რომ საქმე კორუფციასთან გვაქვს და გიორგი ერმაკოვმა სატენდერო პირობები კონკრეტულ კომპანიებს მოარგო.

სად ჩანს „პირობების მორგება?“ – დეკანაძეს კოკნკრეტული პასუხი არ აქვს: „ეჭვები მაქვს, რომელიც დადასურდება ტენდერის დასრულების შემდეგ“.

25 მუშახელის დასაქმების შესახებ ინფორმაციას აბსურდს უწოდებს ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსის“ ხელმძღვანელი ზურაბ ნაკაიძე. მისი თქმით, სტადიონის შეკეთებაზე სულ 4 ადამიანი მუშაობს „ისინი მიმდინარე შეკეთებაზე მუშაობენ. იმ სტადიონებზე გამოცხადდა ტენდერი, რომლებსაც კაპიტალური რემონტი სჭირდება. ქალაქში სულ 92 მინისტადიონია. თუ სწორად მახსოვს, ტენდერი 37 სტადიონის კაპიტალურ შეკეთებაზეა გამოცხადებული,“ – გვითხრა ზურაბ ნაკაიძემ.

 

დაუჭერენ თუ არა მხარს დეპუტატები არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტს

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის უნდობლობის გამოცხადებას სჭირდება 14 ხმა. ამის მზაობა  უმაღლეს საბჭოში რომ არ არის, კარგად იციან ინიციატორებმაც. ჩვენი ფრაქციისგან იმპიჩმენტის მოთხოვნა ცალსახად არ იქნება გაზიარებული“, – ამბობს „ბათუმელებთან“ რესპუბლიკელი გიორგი მასალკინი, ფრაქცია „ქართული ოცნება – აჭარის“ წევრი.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ზამბახიძემ განაცხადა, რომ იწყებს ხელმოწერებს არჩილ ხაბაძისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად და კონსულტაციებს „რესპუბლიკელებთანაც“ გაივლის. იმპიჩმენტის მთავარ მიზეზად „ნაციონალური მოძრაობა“ უსკო-ს თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურის ხელახლა წარდგენას ასახელებს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მასალკინი საჯაროდ აფიქსირებს უსკო-ს კანდიდატების არჩევის პროცესის მიმართ კრიტიკას, ამბობს: იმპიჩმენტის საფუძველი ეს არ არის. გარდა ამისა, არსებობს კოალიციური დისციპლინა, რომელსაც ზოგჯერ იძულებული ხარ, მხარი დაუჭირო.“

ფრაქცია „დემოკრატიული აჭარას“ მდივანი, „თავისუფალი დემოკრატი“ თემურ კახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ახსენებს, რომ იმპიჩმენტის პროცედურა გასული წლის გაზაფხულზე თვითონ დაიწყეს. „,მაშინ იმპიჩმენტს არავინ დაუჭირა მხარი. იმ ფურცელზე, რომლითაც ჩვენ არჩილ ხაბაძის გადადგომას მოვითხოვდით, მხოლოდ ჩემი და სულხან ღლონტის ხელმოწერაა“, – ამბობს თემურ კახიძე. ფრაქცია „დემოკრატიული აჭარას“ პოზიცია მორიგ იმპიჩმენტზე, მოტივების გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი.

პოზიცია ასევე არ აქვს ფრაქცია „თანასწორობას“. ფრაქციის თავმჯდომარემ,  ასმათ დიასამიძემ გვითხრა, რომ გადაწყვეტილებას ფრაქციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. ეს ფრაქცია რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა. ასმათ დიასამიძე და ამ ფრაქციის წევრი მურმან ბერიძე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ. ფრაქციის მესამე წევრი მედეა ვასაძეა, რომელიც მანამდე დამოუკიდებელი დეპუტატი იყო.

არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერას კატეგორიულად გამორიცხავენ ფრაქციებში – „ქართული ოცნება“ და „ქართული ოცნება თავისუფლება“. „ეს მხოლოდ პოლიტიკური სვლაა და „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს ამით ახალი პოლიტიკური თემა შექმნას. არაფრის მომტანი იქნება ეს პროცესი“, – უთხრა „ბათუმელებს“ ალექსანდრე ჩიტიშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა.

ენერგო-პრო: გაზის გათიშვის შედეგად ბათუმში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა და ხაზები დაზიანდა

ბათუმში დილიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება ბონი-გოროდიკის ტერიტორიაზე მცხოვრებ ზოგიერთ აბონენტს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურის განცხადებით, გაზის გათიშვის გამო ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, რის შედეგადაც ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.

„ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები და მოკლე ხანში ელექტორენერგიის მიწოდება აღდგება,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გიორგი სურმავამ, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან სამსახურის უფროსმა.

კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება  300-მდე აბონენტს.

ქობულეთი-ბათუმის ახალ საავტომობილო მაგისტრალზე მიმდინარე სამუშაოების გამო 29 მარტიდან აჭარაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს. გაზის მიწოდებას ეტაპობრივად  აღადგენენ. რეგიონს ბუნებრივი აირი სრულად 3 აპრილს მიეწოდება.

პუშკინის ქუჩაზე სპეცტექნიკა გამოჩნდა [ფოტო]

დღეს, 30 მარტს, დილიდან ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე, სპეცტექნიკა გამოჩნდა, თუმცა ორმოების ამოვსებისა და მოშანდაკების სამუშაოები ჯერ არ დაუწყიათ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები განაახლა. ორმოების ამოვსებას კი მას შემდეგ დაიწყებენ, რაც წვიმის შედეგად დაგუბებული წყალი დაშრება.

ორმოების ამოვსებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიამ მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელა, რაც „ გაზეთმა ბათუმელებმა” გუშინ, 29 მარტს, გამოაქვეყნა ფოტო პუშკინის ქუჩიდან.

მერიის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში გაიხსნება ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩები, პარალელურად, მოძრაობა გადაიკეტება სელიმ ხიმშიაშვილისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე.“

ქუჩების საკანალიზაციო სისტემი რეაბილიტაციისა და შემდგომ მოასფალტების სამუშაოებისთვის წელს ბათუმის ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის მიუხედავად, ღრმა ორმოები პუშკინისა თუ სხვა ქუჩების იმ მონაკვეთებზე ჯერ კიდევ არ არის ამოვსებული, სადაც სამუშაოები ასე თუ ისე უკვე დასრულდა. შესაბამისად, არც მოშანდაკებითი სამუშაოები ჩატარებულა აქ.

სამუშაოებს კომპანია „ზიმო 7“ აწარმოებს.

12914813_712724958864266_428050714_o

ბათუმი, პუშკინის ქუჩა. ლერი ზოსიძის ფოტო.
ბათუმი, პუშკინის ქუჩა.
ლერი ზოსიძის ფოტო.

12903578_712724972197598_1900280013_o

12914813_712724958864266_428050714_o (1)

ბათუმი, პუშკინის ქუჩა. ლერი ზოსიძის ფოტო.
ბათუმი, პუშკინის ქუჩა.
ლერი ზოსიძის ფოტო.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა ძველი ბათუმის ნგრევის ფონზე

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკა აჭარაში არათანმიმდევრულია და აზიანებს როგორც სახელმწიფოს, ისე ცალკეულ მოქალაქეებს – მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაციები. კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკას შესაბამისი სააგენტო განსაზღვრავს, სადაც ცვლილებები იგეგმება.

აჭარის მთავრობის 23 თებერვლის დადგენილებით, სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ამიერიდან მხოლოდ არქიტექტორი, ეკონომისტი ან იურისტი უნდა იყოს. ეს ნიშნავს, რომ სააგენტოს დირექტორის, მირანდა ჩარკვიანის მოადგილე ვეღარ იქნება ბიძინა აფხაზავა – ის პროფესიით ისტორიკოსია.

მირანდა ჩარკვიანი სააგენტოსთან არსებულ სარეკომენდაციო საბჭოს განახლებასაც გეგმავს. სააგენტოს ხელმძღვანელი პროფესიონალებს სამთავრობო სტრუქტურებში [ბათუმის მერია, თვითმმართველობა, აჭარის ფინანსთა სამინისტრო] და ბათუმში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში ეძებს. სააგენტომ უკვე მიმართა ამ ორგანიზაციებს თხოვნით, გაუწიონ რეკომენდაცია არქიტექტორებს, ინჟინრებს, არქეოლოგებს, კონსტრუქტორებს, ხელოვნებათმცოდნეებს, გეოლოგებს და ა.შ.

ცვლილებების შედეგად საბჭოს სავარაუდოდ დაატოვებინებენ საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელს, ძველი ბათუმის ყველაზე აქტიურ დამცველს, შოთა გუჯაბიძეს. ის პროფესიით კინორეჟისორია და წლებია, ყველაზე ხშირად აკრიტიკებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს პოლიტიკას.

„მე მჭირდება აკადემიური, პროფესიულად გამართული არგუმენტები სარეკომენდაციო საბჭოზე. შოთა გუჯაბიძე ხშირად ამბობს საბჭოზე, რომ არ არის პროფესიონალი“, – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

ის, რომ შოთა გუჯაბიძე წლებია ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს იცავს და ასევე იკვლევს ძველ ბათუმს, მირანდა ჩარკვიანისთვის სუბიექტური არგუმენტია.

„საბჭოს ყველა სხდომა საჯაროა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დასწრება და პოზიციის გამოხატვა… გადაწყვეტილება უნდა მიიღონ პროფესიონალებმა“, – ამბობს სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც პროფესიით ფილოსოფოსია, თუმცა დებულებით მას შეუძლია პროფესიონალებით დაკომპლექტებული საბჭოს მოსაზრება არ გაიზიაროს და ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება. „მე არ ვარ წინააღმდეგი დებულების ეს ნაწილი გადაიხედოს, სჯობს გადაწყვეტილება პროფესიონალებმა მიიღონ“ – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

შოთა გუჯაბიძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრია 2013 წლიდან. საბჭოს წევრობა ანაზღაურებადი არ არის. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მისი საბჭოდან გაშვების საკითხი დგება, პირველად ამის მცდელობა სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს, ბიძინა აფხაზავას ჰქონდა, რომელიც ამბობდა, რომ საბჭო ან გუჯაბიძეს ან ნინო ინაიშვილის უნდა დაეტოვებინა, თუმცა მაშინ შოთა გუჯაბიძე საბჭოში დარჩა.

სარეკომენდაციო საბჭოში კანდიდატის წარსადგენად სააგენტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არ მიუმართავს. მირანდა ჩარკვიანი ამბობს, რომ ფიქრობენ კრიტერიუმებზე, რა ნიშნით შეარჩიონ ორგანიზაციები: „ჩვენთან ერთადერთი ორგანიზაცია „ბათომია“, რომელიც აქტიურობს ამ მიმართულებით, მაგრამ ისიც არ არის იმ დონეზე ფორმირებული სპეციალისტებითა და ექსპერტებით, როგორიცაა, მაგალითად, თბილისში „ტფილისის ჰამქარი“.

„ტფილისის ჰამქარის“ წევრი, კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი კი ამბობს, რომ საზოგადოება „ბათომის~ დამფუძნებლის საბჭოში არ ყოფნის მიზეზი არ არსებობს:

„შოთა გუჯაბიძის და საზოგადოება „ბათომის“ შესახებ იცის არა მხოლოდ აჭარამ, არამედ სრულიად საქართველომ. იმ ადამიანის ადგილი, რომელიც წლებია იცავდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ბათუმში, ვერ დაინახო საბჭოში – ეს ძალიან დიდი ტყუილია, რომელიც ჩინოვნიკმა შეიძლება თქვას. ყველამ იცის, რომ არსებობს „ბათომი“ ნინო ინაიშვილის, მაია ჭიჭილეიშვილისა და შოთა გუჯაბიძის სახით, რომელიც ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მკვლევარია. თუ საბჭო დაკომპლექტდება მოქმედი ჩინოვნიკებით, მათი თავისუფლების ხარისხი გადაწყვეტილების მიღების დროს იქნება დაბალი. საბჭოში უნდა იყვნენ პროფესიონალები და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“.

ცირა ელისაშვილს შენიშვნები აქვს სააგენტოს მოადგილის დანიშვნის შესახებ დებულებაში შესულ ცვლილებაზეც: „სააგენტოში არსებობს განყოფილებები, სადაც ეს ადამიანები [ეკონომისტი, არქიტექტორი, იურისტი] შეიძლება გადანაწილდნენ და არ არის აუცილებელი მაინცადამაინც მოადგილე იყოს კონკრეტული პროფესიის“.

თუ რატომაა აუცილებელი სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე იყოს პროფესიით იურისტი, არქიტექტორი ან ეკონომისტი, ამაზე მირანდა ჩარკვიანს თავისი არგუმენტები აქვს. იგი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ მიმართულებებით სჭირდება სააგენტოს მეტი მუშაობა: „რეაბილიტირებული ძეგლებისგან უნდა შევქმნათ ეკონომიკური აქტივობები და გავაჩინოთ პრეცედენტი, რომ თემს შეუძლია შემოსავალი მიიღოს კულტურული მემკვიდრეობიდან“.

ცირა ელისაშვილი კი მიიჩნევს, რომ გაყიდვაზე ფიქრი არ ევალება სააგენტოს, რომელმაც კულტურული მემკვიდრეობა უნდა დაიცვას: „სააგენტოს ხელმძღვანელის პირდაპირი ვალდებულებაა ისეთი პროექტების მომზადება, რომელიც იცავს კულტურულ მემკვიდრეობას. არსებობს ეკონომიკის სამინისტრო და სხვები, რომლებიც ამ მიმართულებით [გაყიდვაზე] ისედაც მუშაობენ. ვურჩევდი სააგენტოს, ამ ტვირთს ნუ აიღებს საკუთარ თავზე“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს პოლიტიკის შედეგები

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელად მირანდა ჩარკვიანი ერთი წლის წინ დაინიშნა. მის ამ პოზიციაზე დანიშვნას არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ახსოვდა ჩარკვიანის აქტიურობა ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, ოპტიმისტურად შეხვდა, თუმცა ამ ერთი წლის მანძილზე სააგენტოს ხელმძღვანელის პოლიტიკა არაერთხელ გახდა არასამთავრობოების, საზოგადოების კრიტიკის საგანი. ბოლო, ყველაზე გახმაურებული შემთხვევა, როცა სააგენტო კულტურული მემკვდრეობის ძეგლის ხელყოფაში დაადანაშაულეს, ბათუმის ბულვარი იყო.

ვაჟა-ფშაველას 13

ბათუმში ვაჟა-ფშაველას #13 სააგენტოს პოლიტიკის ერთ-ერთი მაგალითია. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აგებულ სახლს თვეების მანძილზე ანგრევდა კომპანია „სლავა 2015“ ქალაქის ცენტრში. შენობა ძეგლის სტატუსმაც ვერ დაიცვა და ამჟამად დანგრეულია. ნგრევის ფაქტს გასული წლის დეკემბრიდან იძიებს პროკურატურა. საქმის ირგვლივ საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს.

გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებიან ამ სახლის ყოფილი ბინადრებიც, რომლებსაც ახლა არც სახლი აქვთ და არც ის იციან, შეასრულებს თუ არა კომპანია „სლავა 2015“ პირობას, შეძლებს თუ არა სახლის აშენებას. მეტიც, ისინი ამბობენ, რომ მეპატრონესთან დაკავშირება უჭირთ.

„ბოლო ხანია აღარ ჩანს ეს ადამიანი. არ ვიცი, რა გვეშველება. სახლი ერთი წელია არ არსებობს, ეს კაცი აქამდე ყველას გვივლიდა, ვის გირაო მოგვცა, ქირას იხდიდა… ქირასაც აღარ იხდის ბოლო ხანია. სულ 11 ოჯახთან აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ეჭვი მაქვს, რომ ვიღაც ურიგდებოდა ჩვენს ინვესტორს და აგულიანებდა, რომ ააშენებინებდნენ სახლს. როცა აპრილში სახლი, ფაქტობრივად, დანგრეული იყო, ივლისში სტატუსი რატომ მიანიჭეს? მესმის, რომ ისეთი შენობა იყო, არ შეიძლებოდა დანგრეულიყო, მაგრამ მაშინ ვიღაცას ხომ უნდა ეფიქრა შენობის გამყარებაზე?“ – ამბობს მანანა ვერძაძე. იმავეს ამბობენ ვაჟა-ფშაველას #13-ს სხვა მცხოვრებნიც.

რა ბედი ეწევათ ამ ადამიანებს? – „სლავა 2015“-ის დამფუძნებელმა მურმან ჯინჭარაძემ „ბათუმელებთან“ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გიორგი ხიმშიაშვილის განცხადებით, ვაჟა-ფშაველას #13 იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ დააზარალა არასწორმა პოლიტიკამ ყველა მხარე:

„აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს არათანმიმდევრულმა პოლიტიკამ დააზარალა როგორც სახელმწიფო, ასევე მოქალაქეები.

სააგენტოს უნდა მიემართა ყველა ზომისთვის, რასაც კანონი ავალდებულებს ძეგლის მოვლისა და დაცვის თვალსაზრისით. სააგენტოს მკაცრი პოლიტიკა იქნებოდა სიგნალი ინვესტორებისთვის. სააგენტოს განცხადებებს თუ დავეყრდნობით, მათ იცოდნენ, რომ ძეგლს შვიდი თვის მანძილზე ანგრევდნენ, მაგრამ ეფექტური დაცვის ღონისძიებები არ გაუტარებიათ. შედეგია ის, რომ დაზარალდნენ მოქალაქეები, დაზარალდა ინვესტორი და ქალაქი, რადგან მას აღარ აქვს კულტურული მემკვდრეობის ძეგლი. ჩვენ ვერ ვნახეთ ძეგლის დაცვის რეალური შედეგი“.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლში. შენობა, რომელიც კულტურული   მემკვიდრეობის ძეგლი იყო, ამჟამად დანგრეულია. შოთა გუჯაბიძის ფოტო.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე სახლში. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო, ამჟამად დანგრეულია. შოთა გუჯაბიძის ფოტო.

არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას არ იღებს სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი, რომელმაც არაერთგზის აღნიშნა, რომ სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ბერკეტი გამოიყენა ძეგლის დასაცავად.

„ჩვენ მოგვმართა კომპანიამ წერილით, წერილზე იყო პროექტის ესკიზი დაკრული – რას ფიქრობთ, რომ ასეთი პროექტი შემოვიტანოთო. საქმეს იძიებს პროკურატურა და ამ საკითხის განხილვა არ მოხდება ძიების დასრულებამდე… გამოძიების შემდეგ შეგვიძლია განვიხილოთ მხოლოდ კონკრეტული წინადადება, ეს წინადადება შეიძლება იყოს დავალება კომპანიისთვის, რომ მაქსიმალურად იმავე შენობასთან მიახლოებული შენობის რეკონსტრუქცია განხორციელდეს“, – ამბობს მირანდა ჩარკვიანი.

საგამოძიებო სტრუქტურების არაეფეტურ მუშაობაზე საუბრობს გიორგი ხიმშიაშვილი: „პერიოდი, რაც გავიდა ძეგლის დანგრევიდან დღემდე, გონივრული შეფასებით იყო საკმარისი იმისთვის, რომ საქმეზე ეფექტური გამოძიება ჩატარებულიყო და დანაშაულში მონაწილე სუბიექტების ბრალეულობა დადგენილიყო… თუ ვაჟა-ფშაველას #13-თან დაკავშირებულ შემთხვევას შევაფასებთ როგორც სამართლებრივ, ისე პოლიტიკურ ჭრილში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი, პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება სააგენტოს და მის ხელძღვანელობას“, – აცხადებს ის.

კლდიაშვილის 25

ბათუმში, მწერალთა კავშირის შენობის გვერდით, XX საუკუნეში აგებული ბათუმური ბელეტაჟი აღარ არსებობს. მის ადგილას სივრცე ყვითელი ლენტითაა მონიშნული. აქ 8-სართულიან კოპუსის აშენებას შპს „აჭარა სითი“ გეგმავს.
კლდიაშვილის #25-ში მდებარე სახ¬ლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა ორგანიზაცია „გეოგრაფიკმა“ სააგენტოს ამ სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა. „გეოგრაფიკმა“ ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაცია სააგენტოს დაკვეთით გასულ წელს ჩაატარა; ბიუჯეტიდან ამისათვის 100 ათასი ლარი დაიხარჯა.

კლდიაშვილის 25. ბელეტაჟი ამჟამად დანგრეულია.
კლდიაშვილის 25. ბელეტაჟი ამჟამად დანგრეულია.

მირანდა ჩარკვიანი ქალაქის ზონალური საბჭოს წევრიცაა. სწორედ ამ საბჭომ გადაწყვიტა კლდიაშვილის #25-ის ბედი, თუმცა იგი ამ სახლს ვერ იხსენებს. „კვირის განმავლობაში ბევრი პროექტი შემოდის, ამიტომ ზეპირად ვერ ვიტყვი“, – ამბობს ის. მისი თქმით, „გეოგრაფიკმა“ სამუშაოები დეკემბერში დაასრულა და სააგენტო ამჟამად მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ამუშავებს, შესაბამისად, როდის და რა პირობებში გაიცა სახლის დემონტაჟის უფლება, მოსაკვლევია.

ისტორიული ბელეტაჟების, ერთსა¬რთულიანი ბათუმის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, – მიიჩნევს ცირა ელისაშვილი. იგი ფიქრობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის მართვის მსგავსი პოლიტიკა არათუ იცავს, არამედ ანგრევს კულტურულ მემკვიდრეობას: „ესაა სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ შეიცვალოს ქალაქის ისტორიული სახე, რომ მივიღოთ ახალი ბათუმი. ახალი ბათუმის წინააღმდეგი არავინაა, საუბარია იმაზე, თუ რისი ნგრევის ხარჯზე უნდა აშენდეს. ბათუმი კარგავს იმას, რისი დაბრუნების საშუალებაც არ იქნება“.

 კლდიაშვილის #25-ში ასაშენებელი სახლის პროექტი. ფოტო „აჭარა სითის“ ფეისბუქგვერდიდან
კლდიაშვილის #25-ში ასაშენებელი სახლის პროექტი. ფოტო „აჭარა სითის“ ფეისბუქგვერდიდან

ვაჟა-ფშაველას 27

ვაჟა-ფშაველას #27-ში მდებარე სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, თუმცა სახლს გადახადეს სახურავი და დაიწყეს დემონტაჟის პროცესი. პროცესები ამჟამად შეჩერებულია, თუმცა ტენდენციას სახიფათოდ მიიჩნევს ნინო ინაიშვილი, საზოგადოება „ბათომის“ თავმჯდომარე: „ეს არის იმავე პროცესის გაგრძელება, რაც მოხდა ვაჟა-ფშაველას #13-ში. ეს ნიშნავს, რომ აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სისტემა არ მუშაობს“.

ვაჟა-ფშაველას 27
ვაჟა-ფშაველას 27

პეტრე ზამბახიძე: არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურას ვიწყებთ

დღეიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უმაღლეს საბჭოში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. მოთხოვნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის უნდობლობის გამოცხადებაა. არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უმაღლესი საბჭოს 7 წევრის თანხმობა, ხოლო უნდობლობის გამოცხადებას 14 დეპუტატის ხმა დასჭირდება.

„არ ვიცით, დაუჭერენ თუ არა დეპუტატები მხარს მთავრობის თავმჯდომარის იმპიჩმენტს, მაგრამ ფაქტია, რომ მთავრობას ასეთი სამარცხვინო თავმჯდომარე არ უნდა ჰყავდეს. ის ვერ ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას და არსებული უსაქმურობისა და უუნარობის ფონზე, ისევ ცენტრალური ხელისუფლებისგან თავსმოხვეული კანდიდატი – დავით კვაჭაძე წარმოადგინა უსკო-ს თავმჯდომარის პოსტზე“, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძემ. ის არ გამორიცხავს, რომ კონსულტაციებს „რესპუბლიკელებთანაც“ გამართავს. „ნაციონალური მოძრაობა“ ეტაპობრივად სხვადასხვა მონაცემის გამოქვეყნებასაც გეგმავს. „ეს დაადასტურებს, რომ არჩილ ხაბაძის მსგავსი უუნარო თავმჯდომარე აჭარის რეგიონს აქამდე არ ჰყოლია“, – ამბობს პეტრე ზამბახიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ბრიფინგს ჯერ არ გამოხმაურებია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე.

მულტიმედიური ექსპოზიცია ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში [ანონსი]

8 აპრილს, 18 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მულტმედიური ექსპოზიცია – „ავატარი „კი” [Avatar “YES“] გაიხსნება.

ექსპოზიცია მოიცავს ფერწერას, ფოტოგრაფიას, ინსტალაციასა და ვიდეოარტს.

გამოფენაში მონაწილეობენ: ქრისტინე ტუსიაშვილი, დენის ოგანი, თამარ გიორგაძე და თეონა ბურკიაშვილი.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ზვიად გამსახურდიას 1/5.

Pigmentdruck - ქრისტინე ტუსიაშვილი
Pigmentdruck
– ქრისტინე ტუსიაშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ბათუმის ბულვარის შესახებ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ბათუმის ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

ორგანიზაციის განცხადებით, 2015-2016 წლებში განხორციელებული შესყიდვებისა და ზოგადად, პროცესის ანალიზის შედეგად გაირკვია, რომ ბულვარში დაგეგმილი და განხორციელებული სარეაბილატაციო სამუშაოები ხშირ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დასაშვებ ქმედებებს ეწინააღმდეგება.

ორგანიზაცია ასევე აქვეყნებს იმ შენიშვნებს, რც ბულვარის რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით ანალიზის შედეგად გაირკვა. მათ შორის:

„ბათუმის ბულვარის კონცეფციის დაგეგმარება-შემუშავების მიზნით შექმნილი კომისია ძირითადად საჯარო მოხელეებით დაკომპლექტდა და მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღიათ დამოუკიდებელ ექსპერტებს;

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბულვარის კონცეფციის შესაქმნელად სსიპ “ბათუმის ბულვარსა” და კომპანია “სასტუმრო სანატორიუმ ოაზისთან” მოლაპარაკებები წინასწარ გაიმართა.

პროექტში შეტანილი ცვლილებები, შესაძლოა, გახდეს ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის მიზეზი;

სსიპ “ბათუმის ბულვარმა“ სამუშაოების ნებართვის მისაღებად ბათუმის მერიასა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში სხვადასხვა პროექტი წარადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოების ნაწილი ბულვარის მესაკუთრის (ბათუმის მინიციპალიტეტის) ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა, რაც კანონის მოთხოვნას ეწინააღმდეგება“ – აღნიშნულია განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასევე ყურადღებას ამახვილებს კულტურული მემკვდრეობის ძეგლის, ბათუმის ბულვარის კონცეფციასა და შპს “სასტუმრო ოაზისთან” გაფორმებული ხელშეკრულებაზე:

„2015 წლის 6 ივნისს, სსიპ “ბათუმის ბულვარის” დირექტორის გიორგი ზირაქიშვილის ბრძანებით, ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების საერთო კომისია შეიქმნა. ამ კომისიას უნდა განესაზღვრა ტექნიკური დავალება ბათუმის ბულვარის შემდგომი განვითარების კონცეფციისთვის (კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი მხოლოდ კონსერვაციის გეგმის მომზადებას ითვალისწინებს და არა ახალი განვითარების კონცეფციის გეგმის შედგენას).

კომისია, რომელსაც ტექნიკური დავალება უნდა განესაზღვრა, საჯარო მოხელეებით დაკომპლექტდა: კომისიის მუშაობაში ფაქტობრივად არ მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, ლანდშაფტის არქიტექტორები, დენდროლოგები და კულტუროლოგები. პროცესი მიმდინარეობდა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მოქალაქეების ჩართულობის გარეშე, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დარღვევით. ტექნიკური დავალების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უნდა მოემზადებინა ტოპოგეგმა და ასევე ბულვარის განვითარების კონცეფცია. ტექნიკური დავალების შესრულების შემდეგ, 2015 წლის 1 ოქტემბერს, ბათუმის ბულვარის მაშინდელმა დირექტორმა გიორგი ზირაქიშვილმა ოფიციალური წერილით მიმართა ა/არ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძეს და აცნობა, რომ გეგმავდა 240 000 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებისთვის.

ა/არ მთავრობის 189-ე განკარგულებით, ბათუმის ბულვარი ადმინისტრაციას მიეცა თანხმობა, რომ განეხორციელებინა გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით, ასეთ შემთხვევაში სასურველი იყო ტენდერი გამოცხადებულიყო, სადაც მონაწილეობას უცხოური კომპანიებიც შეძლებდნენ, რადგან ქართულ ბაზარზე მცირეა ისეთი კომპანიების რაოდენობა, რომელთაც საბაღე-საპარკო მნიშვნელობის ძეგლისთვის კონცეფციის (კონსერვაციის გეგმის) მომზადების გამოცდილება აქვთ.

აჭარის მთავრობის თანხმობის შემდეგ, სსიპ “ბათუმის ბულვარმა” ჩასატარებელი სამუშაოს განფასება 3 კომპანიას მოსთხოვა: ბულვარის ტოპოგეგმისა და კონცეფციის მოსამზადებლად შპს „არქმასტერმა” ჯამში 305 000 ლარი მოითხოვა, შპს „ევრო ბილდმა“ – 300 000 ლარი. შპს “სასტუმრო სანატორიუმ ოაზისმა” კი ზუსტად ის თანხა 240 000 ლარი დაასახელა, რაც ბულვარის ადმინისტრაციამ ფინანსთა მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში მიუთითა. შედეგად ბულვარის ადმინისტრაციამ მომსახურების მისაღებად ხელშეკრულება შპს “სანატორიუმ ოაზისთან” გააფორმა (ეს ფაქტი შეიძლება გახდეს ეჭვის საფუძველი იმისა, რომ შპს “სანატორიუმ ოაზისსა” და ბულვარის ადმინისტრაციას განფასებამდე ქონდათ წინასწარი კონსულტაციები).

2015 წლის 16 დეკემბერს, სასტუმრო “რედისონში შპს “სანატორიუმ ოაზისმა” ბულვარის კონცეფციის პროექტის პრეზენტაცია გამართა, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოყვა: წარმოდგენილი პროექტის თანახმად, უნდა შეცვლილიყო ბულვარის დაგეგმარება, უნდა გაუქმებულიყო მესამე ხეივანი და ის მთლიანდ უნდა დათმობოდა კაფეებსა და რესტორნებს. ტექნიკური დავალებისა და წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ირღვევოდა საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო” მიიჩნევს, რომ ბულვარში წარმოდგენილი სამუშაოების პროექტი ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დასაშვებ ქმედებებს, რადგანაც კონცეფციის მიზანს წარმოადგენს „სივრცითი მოცულობითი გადაწყვეტის განახლება“. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად კი ძეგლში ჩარევა დასაშვებია, თუ არ ირღვევა ძეგლის ავთენტურობა.

შპს “დრიმლენდ ოაზისის“ (რომელსაც „სანატრიუმ სასტუმრო ოაზისი“ 2015 წლის 24 დეკემბერს შეერწყა) 91%-ს მფლობელი შპს ალბერეტა (ავსტრია), 8.3%-ს კი პარლამენტარ გოდერძი ბუკიას ქალიშვილი ნათია ბუკია ფლობს. საჯარო რეესტრში ნათია ბუკია კომპანიის 25%-იანი წილის მართველადაც არის მითითებული.

შპს „სანატორიუმ სასტუმრო ოაზისი“ იმ კომპანიებს შორისაა, რომელთაც მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე მილიონი ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა ეპატიათ. 2015 წლის 30 ივლისს, საქრთველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, შპს “სანატორიუმ ოაზისს” „საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით“ დაკისრებული/დასაკისრებელი პირსაგამტეხლოსგან გათავისუფლდა (პირსაგამტეხლოს თანხა კი იმ დროისთვის დახლოებით ორ მილიონ ოთხასიათას დოლარს შეადგენდა): 2008 წლის 25 აგვისტოს, სასტუმრო “ოაზისმა“ დაბა ჩაქვში მდებარე 42 000 კვ/მ ტერიტორია აუქციონში 2 270 000 ლარად შეიძინა, კომპანიას შვიდი მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.“

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ განიხილავს შპს“ ლიმტომთან “ დადებული ხელშეკრულებასაც. ბულვარის ტენდერში გამარჯვებულმა ამ რუსულმა კომპანიამ ძველი ბულვარის ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, უნივერსიტეტის მოედნის ასასვლელიდან კაფე-ბარ „ტყუპებამდე“ ხეივნის ასფალტის საფარის, დაზიანებული ფილების, ბრეგჩის საფარისა და ძველი ბორდიურების აყრა-გატანა, სანიაღვრე ბუნებრივი წვიმმიმღები ჭების, დაერთება-მოწყობის (გადაყვანა პლიაჟზე გადაქაჩვით), ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაობი უნდა უზრუნველყოს. ხელშეკრულების ღირებულება 1 253 159.55 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2016 წლის 10 მარტის ჩათვლით უნდა დასრულებულიყო.

„აღნიშნული ხელშეკრულების საპროექტო-სახარჯთაღირცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად, ბათუმის ძველ ბულვარში მდებარე სამი ხეივნიდან ორზე უნდა განხორციელებულიყო ბეტონის 6სმ. სისქის რომბისებური ფილის დაგება – 10 971 კვ.მ.-ზე, ხოლო მესამე ხეივანზე უნდა დაგებულიყო მწვანე საფარი – კორდი 3879 კვ.მ.–ზე. საზოგადოების პროტესტის შემდეგ მესამე ხეივნის გაუქმების გადაწყვეტილება შეიცვალა და შედეგად, არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შესატანად მესამე ხეივანზე ფილების დასაგებად საჭირო გახდა ახალი პროექტის მომზადება – აღნიშნული სამუშაობის შესყიდვა ბულვარის ადმინისტრაციის ხარჯებს დაახლოებით 300 000 ლარით ზრდის.

ამასთან, ბულვარის ადმინისტრაციამ ბათუმის მერიაში და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში სხვადასახვა პროექტი წარადგინა. ბათუმის მერს ხელი აქვს მოწერილი დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც კომპანიას სამივე ხეივანზე ძველის ნაცვლად ბეტონის ფილები უნდა დაეგო, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში წარდგენილი იყო პროექტი, რომელიც ორ ხეივანზე ბეტონის დეკორატიული ფილებისა და ბორდიურების მოწყობას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში სსიპ “ბათუმის ბულვარის” მიერ წარდგენილი დოკუმენტაციში ხარვეზი არ აღმოუჩენიათ. ამ ფაქტით არც შესაბამისი სამსახურები დაინტერესებულან.“ – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს სსიპ “ბათუმის ბულვარს”, 2016 წელს გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრების ათვისების მიზნით არ მიმართოს კომპანიებისგან მომსახურების მიღების მიზნით პირდაპირი შესყიდვის ფორმას და მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

ასევე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოუწოდებს, ორგანიზაციის მიერ 2015-2016 წლებში განხორციელებულ შესყიდვებში გამოვლენილი სავარაუდო დარღვევების ფაქტებით დაინტერესდეს და შესაბამისი დასკნა საზოგადოებას გააცნოს.

აგროდაზღვევა – ზარალის ანაზღაურებით უკმაყოფილო ფერმერი

ლადო მჟავანაძე სოფელ გონიოში ცხოვრობს. გასული წლის 17 ნოემბერს სეტყვამ მისი მანდარინის ბაღიც დააზიანა. მიუხედავად იმისა, რომ ფერმერს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ციტრუსი დაზღვეული ჰქონდა, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ მას მხოლოდ 50 ლარს სთავაზობს.

სეტყვისგან დაზიანებული ნაკვეთის შემოწმების აქტი სადაზღვევო კომპანიამ 2015 წლის 3 დეკემბერს დადო, რომლის მიხედვითაც, ზარალის ოდენობა მთლიანი მოსავლის 15 %-ით განისაზღვრა. მანამდე გაფორმებული სადაზღვევო პოლისით დადგენილი ლიმიტი კი, ლადო მჟავანაძის შემთხვევაში – 1000 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ზარალის ანაზღაურების სახით ლადო მჟავანაძეს 150 ლარი უნდა მიეღო

„სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული ფრანშიზა [არაანაზღაურებადი მინიმუმი] სადაზღვევო ლიმიტის 10 %-ის ოდენობით, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 100 ლარს“ – აღნიშნულია „ალდაგის“ წერილში, რომელიც კომპანიამ ლადო მჟავანაძეს მისწერა. ამავე წერილში კომპანია „ალდაგი“ მთავრობის იმ განკარგულებაზე მიუთითებს, რითაც „ფრანშიზას“ პირობებია გათვალისწინებული. ამ სქემით, ფერმერის მანდარინის ბაღის 150-ლარიან ზარალს 100 ლარი გამოაკლდა და მას ხელში 50 ლარი დარჩა [ლადო მჟავანაძემ შარშან ორი ტონა მანდარინი დააზღვია, რაშიც 34 ლარი ჰქონდა გადახდილი].

„მარტო ამ შემთხვევით ნუ განიხილავთ. მთლიანი მოსავალი რომ გაფუჭებოდა, მაშინაც 100 ლარი გამოაკლდებოდა ფრანშიზას სახით და ხელზე 900 ლარს მიიღებდა,“ – ასე ამართლებს ფერმერის აუნაზღაურებელ ზარალს ლევან მაღრაძე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროგრამის მენეჯერი. მისი თქმით, 10-პროცენტიანი ფრანშიზა აგროდაზღვევის მიმართულებით მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

რა სარგებელი აქვს სახელმწიფო აგროდაზღვევას, თუკი იგი ფერმერამდე ვერ აღწევს? – კითხვაზე ლევან მაღრაძემ გვითხრა, რომ კალკულაცია შესაძლოა რთულია, მაგრამ ამის შესახებ ფერმერები ინფორმირებულნი იყვნენ, როცა მათ სადაზღვევო პოლისს მოაწერეს ხელი.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ დაზღვევის არსებულ მოდელს უნდა გადახედოს.„ფრანშიზას ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში შეხვდებით, ასევე გასაგებია, რომ სადაღვევო კომპანიასაც უნდა დარჩეს მოგება, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს არსებული ეკონომიკური მდგომაროება და შეიმუშავოს ისეთი რეგულაცია, რაც პირველ რიგში, ფერმერზე აისახება პოზიტიურად,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საია-ს იურისტმა, ანა მდინარაძემ.

აგროდაზღვევისთვის წელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარებას და აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის დამკვიდრებას. სახელმწიფო ფერმერებს სადაზღვევო პრემიის ნაწილს 40-დან 70 %-მდე უფინანსებს.

ბათუმის სასამართლოსგან გამართლებულს ქუთაისის სააპელაციომ სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ბათუმის სასამართლოს მიერ უდანაშაულოდ მიჩნეული მ.ზ., ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და  მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მ.ზ.-ს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას და ტარებას ედავებოდა. იგი ბათუმის ბულვარში, წინასწარი ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. გასული წლის 14 აგვისტოს მ.ზ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია.

რა გახდა გამამართლებელი განაჩენის გამამტყუნებლით შეცვლის მიზეზი? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ წერილობით გვიპასუხა:

„ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. იმ მოტივით, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, აპელანტმა – აჭარის პროკურატურამ მისი გაუქმების მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა.  სისხლის სამართლის კოლეგიამ საქმის მასალების საფუძვლიანი შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ იგი ვერ გაიზიარებს გამამართლებელი განაჩენის მოტივაციას პირის უდანაშაულობის შესახებ.  სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის მოწმეების პ.ი.-ს, ი. ხ.-ს, რ.ა.-სა და ჯ.შ.-ს ჩვენებები არ არის თანმიმდევრული, წინააღმდეგობრივია და ეჭვის საფუძველს იძლევა.  რაც შეეხება მოწმე პოლიციელთა ჩვენებებს, ისინი დეტალურად აღწერენ, თუ როგორ დაიწყო გამოძიება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, როგორ მოხდა ოპერატიული ჯგუფის მიერ მ. ზ.-ს ბრალდებულის სახით დაკავება და პირადი ჩხრეკა. ამ და საქმის სხვა მასალებზე დაყრდნობით, სასამართლომ პოლიციელთა ჩვენებები სარწმუნოდ მიიჩნია, რადგან ისინი თანმიმდევრულია და თანხვედრაშია საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მ.ზ.-ს ბრალეულობა დადასტურებულად მიიჩნია. სისხლის სამართლის პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე, 298-ე და 302-ე მუხლებით და საბოლოოდ, მ.ზ.-ს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“ – აღნიშნულია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ოფიციალურ წერილში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გამოიტანა. „პირველ ინსტანციაში მოსამართლემ აღნიშნა, რომ აშკარად არასაკმარისი იყო მტკიცებულებები გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მისაღებად,“ – ამბობს ლაშა რომანაძე, რომელიც პირველ ინსტანციაში მ.ზ.-ს ინტერესებს იცავდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მ.ზ.-ს ინტერესების დამცველი ჯემალ კიკნაძე იყო. მასთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ მოახერხა.

 

 

ცოლის ცემაში მხილებული სასამართლომ გაათავისუფლა

პირს, რომელმაც ცოლის ცემა აღიარა, მოსამართლე ირაკლი შავაძემ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. საპროცესო შეთანხმება პროკურორმა გიორგი რამიშვილმა მოითხოვა, რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა. კანონის თანახმად, ასეთ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებულია, მხარეთა მოთხოვნა შეასრულოს.

როგორც მსჯავრდებული თ.ბ.-ს ადვოკატი, პაატა ბოლქვაძე ამბობს, ძალადობის მსხვერპლს მოძალადე ქმრისთვის არ უჩივლია და ინფორმაცია სამართალდამცეველებმა მეზობლებისგან გაიგეს. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავიდანვე აღიარებდა დანაშაულს. ოჯახში ურთიერთშელაპარაკება მოხდა და ამას მოჰყვა ძალადობის ფაქტი. ჩატარდა ექსპერტიზაც, რითაც დადგინდა, რომ ქალს დაზიანებები არ ჰქონდა“ – უთხრა პაატა ბოლქვაძემ „ბათუმელებს“.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ძალადობა ოჯახში ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე.

მიწის საკუთრება, მთავრობის კანონპროექტი და საფრთხეები – 31 მარტს ბათუმში დისკუსია გაიმართება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 31 მარტს, 12 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართავს დისკუსიას საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ თემაზე: „მთავრობის კანონპროექტი კერძო საკუთრების ხელყოფის საფრთხეებს შეიცავს“.

დისკუსიაზე მიწვეულები არიან მიწის მესაკუთრეები, მოქალაქეები, რომელთაც მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვთ, ადგილობრივი თვითმმართველობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები.

კანონპროექტით დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო საკუთრებად დაირეგისტრირებს ყველა იმ მიწის ნაკვეთს, რომელზეც საჯარო რეესტრის მონაცემებით სხვა პირის უფლება არ დგინდება. სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა. მსგავსი შეზღუდვის დაწესების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს ექნებათ 1 წლიანი ვადა, იმისათვის რომ მოითხოვონ სახელმწიფოს საკუთრების გაუქმება და კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე მათი უფლების რეგისტრაცია . 1 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ქონების ეროვნული სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება განკარგოს, მათ შორის გაასხვისოს, სახელმწიფოს სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ამ ფორმით მიღება წარმოშობს შემდეგი სახის რისკებს:

„კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები შესაძლოა სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდეს. დღესდღეობით, პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც საჯარო რეესტრი ვერ ახერხებს რეგისტრირებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის დადგენას. ამის მიზეზი ისაა, რომ 1990-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში მიწის ნაკვეთების დიდი ნაწილი სათანადო საკადასტრო ინფორმაციის გარეშე მნიშვნელოვანი ხარვეზებით დარეგისტრირდა. სამწუხაროდ შემოთავაზებული კანონპროექტი არ ითვალისწინებს ამგვარი მესაკუთრეების დაცვის მექანიზმს.

ხარვეზიანი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მქონე პირები დაკარგავენ მიწაზე საკუთრების მოპოვების შესაძლებლობას. ხშირია შემთხვევები, როდესაც პირი მრავალი წლის მანძილზე ფლობს მიწის ნაკვეთს, თუმცა ვერ ახერხებს საკუთრების რეგისტრაციას ხარვეზის შემცველი, დაკარგული ან განადგურებული დოკუმენტაციის გამო. კანონპროექტი არ ითვალისწინებს, ასეთი შემთხვევებისათვის გამარტივებული რეგისტრაციის პროცედურებს. შესაბამისად, 1 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ასეთი პირები დაკარგავენ ყოველგვარი მოთხოვნის უფლებას და ის მიწა, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე ფლობდნენ და ამუშავებდნენ, სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა.

იმ პირებმა, რომლებიც ფლობენ სარეგისტრაციო დოკუმენტაციას შესაძლოა 1 წლის ვადაში ვერ მოახერხონ საკუთრების რეგისტრაცია. დღეის მდგომარეობით სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით გასაწევი ხარჯების (აზომვითი სამუშაოები, არქივიდან დოკუმენტების მოძიება და სხვ.) ოდენობა 1 ჰა მიწის ნაკვეთისთვის საშუალოდ 300 ლარს შეადგენს, რაც თავისთავად ცხადია, ბარიერი იქნება არაერთი მოქალაქისთვის. ამასთან, არ არის ცნობილი რა სახის საინფორმაციო კამპანიის განხორცილება იგეგმება, იმისათვის რათა დაინტერესებულმა პირებმა დროულად შეიტყონ ახალი რეგულაციის შესახებ და რეგისტრაციისთვის განსაზღვრული 1 წლიანი ვადა არ გაუშვან.

საკადასტრო საზღვრების გადაფარვისა და მსგავსი საკითხებისგან გამოწვეული სასამართლო დავების ოდენობა გაიზრდება. დღეის მდგომარეობით, აზომვითი ნახაზების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მესაკუთრეს და კერძო საამზომველო კომპანიას. წარმოდგენილი აზომვითი ნახაზების სიზუსტის გადამოწმების მექანიზმი კი საჯარო რეესტრს არ გააჩნია. აღნიშნული პრაქტიკისა და იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ მიწის ნაკვეთების უმრავლესობა დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით არის რეგისტრირებული, დიდი ალბათობით საზღვრების გადაფარვის გამო ქონებრივი და ადმინისტრაციული დავების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

გაუარესდება მიწის ბაზრის განვითარება და საინვესტიციო გარემო. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ სახელმწიფო განკარგავს მიწის ნაკვეთებს, რომელზეც კერძო პირებს გააჩნიათ მოთხოვნის უფლება. ასეთ შემთხვევებში გარდაუვალი იქნება სასამართლო დავები და დაპირისპირება მიწის ყოფილ მფლობელსა და ახალ მესაკუთრეს შორის, რაც თავისთავად ცხადია ხელს შეუშლის მიწის ეფექტიან გამოყენებას.

არ არის განსაზღვრული რა შემთხვევაში მოითხოვს სახელმწიფო მიწის ნაკვეთის განკარგვის აკრძალვას. კანონპროექტის შემოთავაზებული ვერსიით ქონების მართვის სააგენტო უფლებამოსილია და არა ვალდებული, მოითხოვოს სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებული მიწის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა. შესაბამისად ასეთი აკრძალვის არსებობა მთლიანად სააგენტოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. არსებობს საფრთხე იმისა, რომ მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი განკარგვის აკრძალვის გარეშე დარეგისტრირდება, ხოლო სახელმწიფოს შეზღუდულ საკუთრების უფლებას საგამონაკლისო ხასიათი ექნება.

თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება მნიშვნელოვნად გართულდება. კანონპროექტის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებად შეიძლება დარეგისტრირდეს თვითნებურად დაკავებული მიწაც, რომელიც ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების პროცედურის ხანგძლივობიდან გამომდინარე კი, დაინტერესებულმა პირმა შესაძლოა კანონპროექტით დადგენილ 1 წლიან ვადაში საკუთრების უფლების რეგისტრაცია ვერ უზრუნველყოს.

სახელმწიფომ უნდა დაიწყოს მიწის რეგისტრაციის უკვე დამტკიცებული სტრატეგიის იმპლემენტაცია. კერძოდ, სახელმწიფოში უკვე არსებობს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 29 ოქტომბრის 106-ე ბრძანებით დამტკიცებული „მიწის რეგისტრაციისა და პილოტურ არეალებში საკადასტრო მონაცემების სრულყოფის სტრატეგია”. ჩვენთვის გაუგებარია რატომ ხდება ორი სხვადასხვა მიდგომის ერთდროულად მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ. განსხვავებით უკვე ინიცირებული კანონის პროექტისა, სტრატეგია ითვალისწინებს მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისა და მოგვარების ერთიან ხედვას, სადაც მაქსიმალურაად არის დაცული საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსი“ – აღნიშნულია ორგანიზაციის პრესრელიზში.

დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.

ასოციაცია „ღირსეული სიბერე“ ხანდაზმულებს სამკაულების დამზადებას ასწავლის

ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ოფისში [ქობულეთი, რუსთაველის 36] ხელნაკეთი სამკაულების დამზადების გაკვეთილები დაიწყო. ორგანიზაციის ინფორმაციით ასაკოვანი ქალბატონები ბიჟუტერიის დამზადების ტექნიკას ეუფლებიან. გაკვეთილებს დიზაინერი მაია შათირიშვილი ატარებს.

„სამკაულების დამზადება ძალიან საინტერესო პროცესია, მასალა საკმაოდ იაფი და ხელმისაწვდომია, ხოლო საკუთარი ხელით შექმნილი სამკაულის ტარება დიდ სიამოვნებას და თავდაჯერებულებას მატებს ქალბატონებს, თანაც დამატებითი შემოსავლის წყაროც არის.“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საქმიანობა ხორციელდება პროექტის „ხანდაზმულთა უფლებების დაცვის ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების კამპანია აჭარის რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. ჯგუფების დაკომპლექტების შემთხვევაში პროექტი გაგრძელდება.

ორგანზაციის იურისტის მარინა ჟღენტის ინფორმაციით, რაზეც მან ცოტა ხნის წინ „ბათუმელების“ გადაცემაში ისაუბრა ხანდაზმულთა საზოგადობაში ინტეგრაციის მიზნით ორგანიზაცია ეტაპობრივად ატარებს ტრენინგებს, უწევს მათ ადვოკატირებას და მცირე პროეტების წამოწყებაშიც ეხმარება.

პუშკინის ქუჩა ბათუმში [ფოტო]

რატომ არ ხდება ქუჩის  [იმ ადგილებში, სადაც სამუშაოები არ მიმდინარეობს] მოსწორება სპეცტექნიკით ისე, რომ ორმოები მაინც აღარ იყოს? – ამ შეკითხვაზე ბათუმის მერიაში შემდეგი პასუხი გაგვცეს: „რამდენიმე დღეში გაიხსნება ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩები, პარალელურად, მოძრაობა გადაიკეტება სელიმ ხიმშიაშვილისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებზე. რაც შეეხება პუშკინის ქუჩის პრობლემურ მონაკვეთებს, გამოდარებისთანავე დაიყრება ღორღი და ჩატარდება მოშანდაკების სამუშაოები. განთავსდება დამატებითი საინფორმაციო დაფებიც“.

ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმი, პუშკინის ქუჩა, 29.03.2016 თორნიკე თავაძის ფოტო

ამავე თემაზე:

პუშკინის ქუჩა – ხაფანგი მძღოლებისთვის

პუშკინის ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ზაფხულამდე

 

„აწარმოე საქართველოსთვის“: ბიზნესიდეების წარდგენის ბოლო ვადა 5 აპრილამდე გადაიწია

28 მარტს, მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა, მეწარმეობის განვითარების ვებგვერდი – www.qartuli.ge აღარ მუშაობს. ამასთან დაკავშირებით სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ბიზნესიდეების მიღების ბოლო ვადა 31 მარტის ნაცვლად 5 აპრილი იქნება.

ბათუმის რეგიონული ოფისის მენეჯერის ლიკა კალატოზის ინფორმაციით, ყველა განაცხადი, რომელიც აქამდე იყო შესული, შენახულია და არც ერთი განაცხადის დაკარგვა არ არის მოსალოდნელი. მისივე ინფორმაციით, ჯერ არ ფლობენ დაზუსტებულ ინფორმაციას, თუ როდისთვის ამოქმედდება ვებგვერდი გამართულად. „პროგრამული ხარვეზის გასწორებაზე მუშაობენ“, – უთხრა ბათუმელებს ლიკა კალატოზმა.

ეკონომიკის სამინისტროს შენობის მე-6 მე-7 სართულებზე ხანძარი 28 მარტს გაჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ დაიწვა შეკიდული ჭერი და ოთახები, დაახლოებით 400-500 კვ.მ. ფართობი.

პუშკინის ქუჩა – ხაფანგი მძღოლებისთვის

დღეს, დილით, პუშკინის ქუჩაზე ავტომანქანა გადაადგილებისას ორმოში რამდენჯერმე ჩავარდა. მძღოლს მაღაზიების გამყიდველები დაეხმარნენ. პუშკინის ქუჩაზე ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ და თვითმხილველების თქმით, მსგავსი შემთხვევა დღეში რამდენჯერმე ფიქსირდება. მძღოლები ქუჩაზე გამაფრთხილებელი ნიშნების დადგმას ითხოვენ.

ბათუმი. პუშკინის ქუჩა.
ბათუმი. პუშკინის ქუჩა.

ბათუმში ზაფხულამდე პუშკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის უნდა დასრულდეს. ასევე დასრულდება გრიბოედოვის, ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩების მონაკვეთები ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებს შორის. რაც შეეხება ამ ქუჩების დარჩენილ მონაკვეთებს „ჭაობში“ და ასევე სხვა ქუჩებს, მათი სრული რეაბილიტაცია 2018 წლის 4 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

გრიბოედოვის ქუჩაზე სამუშაოები გრაფიკით 29 მარტს უნდა დამთავრდეს, თაყაიშვილის ქუჩაზე – 18 აპრილს, ხოლო ლერმონტოვის ქუჩაზე – 18 მაისს [საუბარია ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალის [ყოფილი კიროვაკანის] ქუჩებს შორის მონაკვეთებზე].

როგორ გაიზრდება პედაგოგების ხელფასები პირველი აპრილიდან კატეგორიების მიხედვით

პირველი აპრილიდან საქართველოში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა იგეგმება. ხელფასები განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების შემდეგ გაიზრდება. პროექტის მიხედვით, პედაგოგის ხელფასის ზრდა დამოკიდებული იქნება პედაგოგის სტაჟსა და აკადემიურ ხარისხზე.

ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა დავითაძის განმარტებით, პედაგოგების საბაზისო ხელფასის ზრდა განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

„არსებობს საბაზისო ხელფასი, რომელიც დღეის მდგომარეობით  355 ლარია. პირველი  აპრილიდან კი  405 ლარი გახდება. ეს საკითხი მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული, მაგრამ სტაჟისა და აკადემიური ხარისხის მიხედვით ხელფასის ზრდა  მინისტრის ბრძანებით უნდა განისაზღვროს“.

რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საბაზისო ხელფასი მრავლდება კოეფიციენტებზე, ანუ პედაგოგის სტაჟსა და აკადემიურ ხარისხზე.

 

პედაგოგთა ხელფასების ზრდა, პროექტის მიხედვით
პედაგოგთა ხელფასების ზრდა, პროექტის მიხედვით

 

„არიან საშუალო განათლების პედაგოგებიც, რომლებიც სოფლის სკოლებში მუშაობენ, ასეთი პედაგოგები მხოლოდ საბაზისო ხელფასს მიიღებენ”, – ამბობს გოჩა დავითაძე.

მაგისტრის ხარისხის მქონე პედაგოგი, რომელსაც ათწლიანი მუშაობის სტაჟიც აქვს, მინისტრის ბრძანების შემდეგ  548 ლარს და 78 თეთრს მიიღებს. დღეს ამ კატეგორიის მასწავლებლის ხელფასი 481 ლარი და სამი თეთრია.

უფროსი მასწავლებლის დანამატი დღეის მდგომარეობით არის 160 ლარი და გახდება 180 ლარი.

წამყვანი მასწავლებლის დანამატი 250 ლარია და გახდება  270 ლარი.

კლასის დამრიგებლის ხელფასი დღეს არის 88 ლარი და 75 თეთრი, პირველი აპრილიდან კი 101 ლარი და 25 თეთრი გახდება.

პროექტის მიხედვით, პედაგოგს სრული დატვირთვის (18 საათის) შემთხვევაში, განაკვეთს ზემოთ (კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით) ჩატარებულ ყოველ დამატებით საგაკვეთილო საათზე დაემატება 6 ლარი.

„არასრულ განაკვეთზე მყოფი პედაგოგებიც მიიღებენ  დამატებით 6 ლარს, განაკვეთს ზემოთ ჩატარებულ ყოველ გაკვეთილზე“, – ამბობს გოჩა დავითაძე.

რაც შეეხება მენტორ მასწავლებლებს, პროექტის მიხედვით მათი ანაზღაურება 400 ლარითაა განსაზღვრული, თუმცა როგორც  გოჩა დავითაძე გვეუბნება, მენტორი მასწავლებლები საქართველოში არ გვყავს.

 

პედაგოგების ხელფასების ზრდა, პროექტის მიხედვით
პედაგოგების ხელფასების ზრდა, პროექტის მიხედვით

 

 

ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში: დავით კვაჭაძეს მხარს არ დავუჭერთ

დავით კვაჭაძეს გამარჯვების იმედი აქვს, დეპუტუტატები კი, რომლებმაც მას მხარი ერთხელ არ დაუჭირეს, ამბობენ, რომ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რობერტ ჩხაიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ „დავით კვაჭაძის კიდევ ერთხელ წარდგენა აჭარის მთავრობის თავჯმდომარის მხრიდან უმაღლესი საბჭოს შეურაცხყოფა იყო და ისინი დავით კვაჭაძის არჩევას მხარს არ დაუჭერენ.“

უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, თემურ კახიძის თქმით, გადაწყვეტილების შეცვლას არც მათი ფრაქციის წევრები გეგმავენ და უსკოს თავმჯდომარეობის კჯანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.

დავით კვაჭაძის მხარდაჭერას არც ახალი ფრაქციის წევრები გეგმავენ.

„ტელევიზიით მოვისმინე ალექსანდრე ჩიტიშვილის განცხადება, რომ „ნაცონალური მოძრაობიდან“ წასულების იმედი აქვს. ასეთები ვართ მე და მურმან ბერიძე და ჩვენ კვაჭაძის კადიდატურას მხარს არ დავუჭერთ“ – ამბობს ასმათ დიასამიძე.

„ბათუმელებთან“ მედეა ვასაძემაც განაცხადა, რომ დავით კვაჭაძეს მხარს არ დაუჭერს.

საარჩევნო კომისიის ვაკანტურ თანამდებობაზე კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლეს საბჭოს ორი კანდიდატი რუსუდან მიქელაძე და უმაღლესი საბჭოს წევრის ირაკლი ჯაშის შვილი, მამუკა ჯაში წარუდგინა.

ამავე თემაზე:

დავით კვაჭაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ისევ დასახელდა

დავით კვაჭაძის საკითხი უმაღლეს საბჭოში 10 დღეში უნდა გადაწყდე

სიბერე საქართველოში

ისინი, ვინც დაბერდნენ საქართველოში და შეუძლიათ, მუშაობენ. ეს მათი არჩევანი არ არის, მცირე პენსია და სოციალური პირობები ხანდაზმულ მოქალაქეს დასვენების შესაძლებლობას არ აძლევს. მძიმე სამუშაოს შესრულება მათ თითქმის ყოველდღიურად უწევთ. არამხოლოდ იმიტომ, რომ 160-ლარიანი პენსია მათ საჭიროებებს არ ჰყოფნის. ისინი ოჯახებსაც ეხმარებიან.

69 წლის ასლან ჯაფარიძე სოფელ ახალშენიდან ბათუმში თბილისის მოედანზე სამუშაოდ ყოველდღე მიდის. ის დანებს, მაკრატლებსა და სხვა ბლაგვ ნივთებს ლესავს:

„პენსია საკმარისი არ არის იმისთვის, რომ წამლები იყიდო, ოჯახშიც მიიტანო რამე და საჭირო დროს ექიმთანაც მიხვიდე. ექიმთან მისვლა უფასო რომ გახდა, კმაყოფილი ვარ, მაგრამ ყველაფერი ხომ არ არის უფასო, წამალი გინდა. შვილიშვილებსაც რომ მიუტანო რამე, უნდა იმუშაო. დილიდან აქ ვდგავარ. ერთი დანის გალესვა 30 თეთრია. სამი ერთი ლარია, ხანდახან ხურდას მიტოვებენ, მჩუქნიან“.

რატომ ირჩევენ ხანდაზმულ ასაკში ისევ სამუშაოს, ამაზე მოხუცებს თითქმის იდენტური პასუხები აქვთ: პენსია მცირეა და ელემენტარულ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს, ოჯახებს კი დახმარება სჭირდება.
ბათუმელი მარტოხელა მოხუცები, რომლებსაც შრომა აღარ შეუძლიათ, უმეტესად მუნიციპალურ სასადილოში იკვებებიან. აქ მოხვედრის მსურველი უფრო მეტია, თუმცა ამ დროისთვის ადგილები უკვე შევსებულია. მუნიციპალურ სასადილოში ერთი ადამიანის გამოსაკვებად დღეში ორი ლარია გათვალისწინებული. მერიაში ორ ლარად ერთი ადამიანისთვის სადილის მომზადება შესაძლებლად მიაჩნიათ.

„სოციალური სერვისების სააგენტო 3500 ბენეფიციარს ემსახურება. სარგებლობენ სოციალურად დაუცველი პირები, მათ შორის მოხუცები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 57 000-ს. დღეში ერთხელ უზრუნველყოფილნი არიან ცხელი საკვებით. პროგრამის ბიუჯეტია 2 მილიონამდე ლარი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია ქალაქში მეექვსე მუნიციპალური სასადილოს დამატება. ერთი ულუფა 2 ლარი გვიჯდება“.

ბათუმში მარტო დარჩენილი 122 მოხუცი საპატრიარქოს მიერ დაარსებულ სათნოების სავანეში ცხოვრობს. ორგანიზაცია წელს მერიამ დაახლოებით 900 000 ლარით დააფინანსა. სავანეს დირექტორი დეკანოზი იოვანე ბარამიძე ამბობს, რომ სავანეში მოხვედრა კიდევ ოცამდე მოხუცს უნდა, მაგრამ სავანეში ადგილი აღარ არის: „როცა მოდიან, ვცდილობ პირდაპირ უარი არ ვუთხრა და ვეუბნები, როგორც კი ადგილი გამიჩნდება მიგიღებთ-მეთქი. იმაზე, რომ მსურველი უფრო მეტია და ადგილები არ გვაქვს, მერიაც ინფორმირებულია“.

საქართველოში 700 000-ზე მეტი პენსიონერი ცხოვრობს, მათ შორის 50 000-ზე მეტი _ აჭარაში. მათ სახელმწიფო 160-ლარიანი პენსიითა და საყოველთაო დაზღვევის შეღავათებით უზრუნველყოფს. სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოხუცებისა და მათი ოჯახებისთვის კი სოციალური პაკეტია გათვალისწინებული. ამას ემატება ბათუმის მერიის ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამებიც, თუმცა ეს ყველაფერი მოხუცების მოვლა-პატრონობას ბოლომდე რეგიონის დონეზეც კი ვერ უზრუნველყოფს.

ცაგოს გადაცემა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენეიშვილის თქმით: „მთავრობა ბევრს აკეთებს, მაგრამ მართალია ისიც, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. თუ ვიმსჯელებთვ საიდან მოვდივართ და რამდენი შეძლო მთავრობამ, ამას შეიძლება მაღალი შეფასება მივცეთ, მაგრამ თუ იმ კუთხით განვიხილავთ კიდევ რაა საჭირო, მაშინ უნდა ვთქვათ ისიც, რომ მოხუცებზე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური პირობებიც აისახება. ოჯახში ყველა რომ იყოს დასაქმებული, მერწმუნეთ, ორი მოხუცის შენახვა პრობლემა არ იქნებოდა“.
ვიდრე მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დაწესებული შეღავათებით იწონებს თავს, თუმცა თავადვე აღიარებს, რომ ეს ყველაფერი ღირსეული სიბერისთვის საკმარისი არ არის,გაერომ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც დაბერება, როგორც მსოფლიო პრობლემა, განსაკუთრებულად აქტუალურია საქართველოსთვის. გაერო რეკომენდაციას აძლევს მთავრობას, აქტიურად იმუშაოს დაბერების შესახებ ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე.

ახალმა პრემიერმა უკვე გააჟღერა ინიციატივა დაგროვებითი პენსიის შემოღების აუცილებლობაზე.

Exit mobile version