მთავარი,სიახლეები

ყვითლად მონიშნული ბილიკით “მწვანე სამოთხეში“

04.08.2016 • 2877
ყვითლად მონიშნული ბილიკით “მწვანე სამოთხეში“

„საკუთარი თვალით ნანახს არაფერი სჯობია“ – პრინციპით, უჩვეულოდ ადრე ვიღვიძებ და ვემზადები, რომ ვნახო „მწვანე სამოთხე“, რომელზეც ამდენს ყვებიან. დღეს მაჭახელას ეროვნულ პარკში მივდივარ. ფოტოებს დიდი ხანია ნაკლებად ვენდობი, თან მაღალმთიან აჭარაში დაბადებულ-გაზრდილს მთებით გააკვირვებ?!

ბათუმიდან ორმოცი წუთი მანქანით და სოფელ აჭარისაღმართის ცენტრში, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის შენობის ეზოში ხარ. ეროვნული პარკი წელს პირველად მასპინძლობს ვიზიტორებს, შესაბამისად ინფრასტრუქტურაც ჯერ კიდევ მოწესრიგების პროცესშია, პარკს ბევრი სერვისი [მაგალითად, გიდის მომსახურება, საპიკნიკე მაგიდები, კარვების გაქირავება, მაყალი და სხვა] არ აქვს, ამიტომ ვიზიტორებს ხშირად ენთუზიასტი რომელიმე რეინჯერი ან ვიზიტორთა სპეციალისტი უწევს მეგზურობას.

ჩემი მეგზურები დღეს ერთ-ერთი უბნის უფროსი რეინჯერი მალხაზ ქონდარიძე და ვიზიტორთა სპეციალისტი ნანა ბაუჟაძე არიან. მალხაზი და ნანა გასვლამდე პარკზე მიყვებიან: „მაჭახელას ეროვნული პარკის ფართობი 8733 ჰექტარია. ტერიტორიის 95% ტყითა და გაუვალი ბუჩქნარითაა დაფარული. უმაღლესი წერტილი მთა კილდიკიკვინაზეა, რომელიც ზღვის დონიდან 2151 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს“.

როგორც მიხსნიან, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ტურისტული ბილიკის მოწესრიგება მოხერხდა. ბილიკი სოფელ სინდიეთიდან იწყება, იქამდე კი მაჭახელას ხეობის მთავარი გზიდან 5 კილომეტრი სამანქანო გზა უნდა გავიაროთ.

ამ მარშრუტისთვის მთავარანგელოზის ბილიკი დაურქმევიათ. ბილიკს ამავე სახელწოდების მთაზე ავყავართ. სწორედ ამ მთიდან მოჩანს მდინარე ჭოროხის შესართავი შავ ზღვასთან, საოცარ ფერთა გამას რომ ქმნის. ბათუმის, ქედის, შუახევის, ხულოსა და მაჭახელას ხეობის ერთი წერტილიდან დანახვა რომ შეგიძლია, ამ მთისთვის მთავარანგელოზის სახელის მისანიჭებლად საკმარისი მიზეზი იქნებოდა, მაგრამ ხეობაში სხვადასხვა ლეგენდა არსებობს ამ ამბავზე.

საუბარში გართულები უკვე ბილიკის დასაწყისთან მოვედით. „ბოლო მოსახლის ეზოში ვართ“, – მიხსნიან ნანა და მალხაზი და დასძენენ, რომ ზევით უკვე პარკის ტერიტორიაა, სადაც მოსახლეობა აღარ ცხოვრობს. ბოლო მოსახლეს ორსართულიანი ქვის სახლისთვის მესამე სართულზე ხის კოტეჯის ტიპის სართული დაუშენებია. ეზოდან ჩანს, რომ ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს: „გესთჰაუსი უნდა მოაწყოს, ერთხელ სკოლიდან გვყავდა ვიზიტორები ტურზე და დარჩენის სურვილი გაუჩნდათ. კარვების გაქირავების სერვისი სამწუხაროდ ჯერ არ გვაქვს, ამიტომ ამ ოჯახში იკითხეს. მანამდე ამ ოჯახს ამაზე არც უფიქრია. პირველი სტუმრები იყვნენ და შემდეგ გადაწყვიტეს გესთჰაუსის მოწყობა“, – ამბობს უფროსი რეინჯერი და თან გვემშვიდობება:„ახლა ნახავთ ჩვენს „მწვანე სამოთხეს“, მე აქ დაგხვდებით“.

ნანა ხის პატარა ჭიშკარს აღებს და უკვე ბილიკზე ვართ. ბილიკზე კონტურები, რომლებიც ქვეითთა ნაკვალევს მოუხაზავს, ისე უწყვეტად მიიკლაკნება, მაგულიანებს, რომ შემდეგში მარტო თუ წავალ, გზას არ დავკარგავ, მაგრამ მაინც ვეკითხები ნანას, შესაძლებელია თუ არა, რომ პირდაპირ მიუყვებოდე ბილიკს და მაინც დაიკარგო. ამასობაში უკვე ტყის მასივში შევდივართ. ნანა ერთ-ერთ ხესთან ჩერდება და ხეზე აღნიშნულ ყვითელ საღებავზე მითითებს: „არა, ბილიკი ისეა, თვითონვე გაჩვენებს გზას, მაგრამ, თუ მაინცადამაინც დაეჭვდით, შეგიძლიათ ასეთი ნიშანი მოძებნოთ. ეს მარკირებაა, მიუთითებს, რომ სწორ გზაზე ხართ. მარკირება არის ხეებზე, ქვებზე, გარკვეული ინტერვალით. ასე, რომ მარტო ან გიდის გამოყოლის გარეშე წამოსვლის შემთხვევაშიც არ დგას დაკარგვის საფრთხე“, – მიხსნის ნანა და დასძენს, რომ გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს მარკირებისას გამოყენებული საღებავის ფერსაც. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ მარტივ ბილიკზე მივდივართ, რაზეც ყვითელი ფირი მიუთითებს. შემდეგი ვიზიტებისთვის მეცოდინება, რომ თუ პარკის ტერიტორიაზე წითელი მარკირება შევნიშნე, საშუალო სირთულის ბილიკზე ვიმყოფები, ხოლო თუ ლურჯ მარკირებას მოვკრავ თვალს – რთულ ბილიკზე ვდგავარ.

კიდევ რამდენიმე ნაბიჯიც და ცამდე აზიდული ხეების, ათასნაირი ბუჩქნარისა და ფერადი სოკოებით მოხატული მინდვრის სამყაროში ვართ. ნანა ამბობს, რომ ეს შერეული წიფლნარ-წაბლნარის ტყეა. იგი საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილ მცენარეებზე მიყვება, რომლებიც მაჭახელას ეროვნული პარკის ღირსშესანიშნაობებს წარმოადგენს: „კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერნის შქერი, უთხოვარი, თელა, – ესენი უნიკალური, რელიქტურ მცენარეთა სახეობებია. გარდა ამისა, ჩვენთან ბინადრობენ ასევე წითელი ნუსხით დაცული მურა დათვი, არჩვი და ფოცხვერი. პარკში არსებულ ხუთ ფოტოხაფანგს ასევე დაფიქსირებული ჰყავს შველი, კვერნა, მგელი, ტურა, მაჩვი, ციყვი და გარეული ღორი“.

წყაროებთან ახლოს, ვაკე ადგილებში, დასვენებაა შესაძლებელი. ჩვენც ერთ-ერთ წყაროსთან გვაქვს შემდეგი გაჩერება. გზის მესამედი უკვე გავლილია. შემდეგისთვის უნდა გავითვალისწინო, რომ უკეთესი მოჭიდების ფეხსაცმლით წამოვიდე. მოსასხამი რომ წამოვიღე, ეს სწორად გავთვალე, სიგრილეა ტყეში.

წახემსების შემდეგ პატარა ბილიკით გადავდივართ მურყანის ხეივანში. ფართო ბილიკის ორივე მხარეს მურყნის ხეებია განლაგებული. ეს ის კადრია, რომელიც გონებიდან არასდროს იშლება. აქ დრო ჩერდება. მაღლა აიხედავ და მაღალი, ტანწვრილი მურყნის შეფოთლილი ტოტებითაა ცა გამწვანებული, დაბლა დაიხედავ და მრავალფეროვანი მწვანე საფარია ყველგან და ლამაზი, ფერადი სოკოები.
„წინ კიდევ ერთი ამდენი მანძილია გასავლელი – ამაღლებული ბექობი, ვაკე [სადაც საკარვე ადგილია] და ვაკის ცენტრში ამოზიდული მთავარანგელოზის მთა“, – მიყვება ნანა.

ამასობაში მაჭახელას ხეობამ კიდევ ერთხელ მასწავლა ჭკუა – გაწვიმდა. გადასახედ კიდესთან მივდივარ, მინდა ვნახო, რომ ღრუბლები მალე დაშლას აპირებენ, ბოლომდე ასვლას ვგეგმავ, მაგრამ ნისლისა და შავი ღრუბლების მეტი ხეობაში არაფერი მოჩანს. ადმინისტრაციაში გამაფრთხილეს, რომ შესაძლო იყო ეწვიმა. სამწუხაროა, რომ ზოგჯერ „შესაძლო“ მართლა ხდება. ჯერ ძლიერად არ წვიმს, ამიტომ უკან დაბრუნების გადაწყვეტილებას ვიღებთ და დაბლა ვეშვებით.

აქ კიდევ ერთხელ ჩამოვლის სიხარული ანეიტრალებს იმას, რომ მთავარანგელოზის მთაზე ვერ ავედი. თან ყველაფერი წინაა. ამ სეზონზე თუ არა, მომავალ წელს ხომ აუცილებლად დავბრუნდები. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ იმ დროისთვის უკვე მეორე ბილიკიც იმუშავებს და შესაბამისი საინფორმაციო აბრები განთავსდება მთელ ბილიკზე, საპიკნიკე ადგილებში კი დადგამენ სკამებსა და მაგიდებს, მაყალს. საკარვე ადგილზე კარვების გაქირავების სერვისიც ამოქმედდება, მათთვის, ვისაც კარავი არა აქვს. ასე, რომ ბათუმიდან ნახევარ საათში, „მწვანე სამოთხე“ დავიგულე. ნახეთ თქვენც.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: