ნეტგაზეთი • RU

აშენდება თუ არა ესტაკადა ბათუმის პორტთან

„შედეგი ამ მიმართულებით აუცილებლად მალე დადგება“ – ასეთია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის პასუხი, თუმცა როდის დადგება ეს შედეგი, იგი არ აკონკრეტებს. ბათუმის მერიაში ესტაკადის პროექტი კარგა ხანია შესულია, თუმცა მერია მშენებლობის ნებართვას არ გასცემს.

„ხშირად, გოგებაშვილის ქუჩაზე, რკინიგზაზე სატვირთო ვაგონების გადაადგილების გამო იკეტება გზა და სხვა რომ არაფერი, უკვე მერამდენედ დამაგვიანდა მატარებელზე. ბოლოს და ბოლოს ვიცი, რომ იყო ესტაკადის პროექტი და რა უშლის ხელს მშენებლობის დაწყებას, იქნებ გაგვარკვიოთ,“ – ეს ერთ-ერთი მოქალაქის თხოვნაა, ის „ბათუმელებს“ ტელეფონით დაუკავშირდა.

პორტის მიმდებარედ ესტაკადის მშენებლობის საკითხი ქალაქში ბევრს აინტერესებს. გადასასვლელი ხიდი ლიანდაგზე, რომელიც პორტსა და რკინიგზას აკავშირებს, აქ აბაშიძის დროს დაანგრიეს. ხიდის დანგრევას იქვე მდებარე თევზისა და ხის გადამამუშავებელი კომბინატების ნგრევაც მოჰყვა, გამოთავისუფლებული ტერიტორიის დიდი ნაწილი კი დღემდე გამოუყენებელია.

ბაქოს ქუჩა

ბათუმი. ბაქოს ქუჩა / თორნიკე თავაძის ფოტო

მოგვიანებით, გადასასვლელი ხიდის აშენების აუცილებლობა, გადატვირთული მოძრაობისა და საცობების გამო, დღის წესრიგში კვლავ დადგა. ესტაკადის პროექტი 2012 წელსაც მზად იყო. ესტაკადა ყაზახური ინვესტიციით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის მიერ უნდა აშენებულიყო.

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ პროექტი მათთან შესულია, თუმცა, მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის. კონკრეტულად როდის შევიდა პროექტი და რატომ ამბობს მერია ნებართვის გაცემაზე უარს – ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ.

„საზღვაო პორტთან ესტაკადის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყაზახურ მხარესთან, თუმცა აქვე გეტყვით, რომ მიმდინარეობს სხვა ალტერნატიული გზების მოძიებაც. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ასევე გვაქვს კომუნიკაცია თემით დაინტერესებულ სხვა მხარეებთან. მოლაპარაკებების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ ამჯერად უფრო მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ,“ – აცხადებს ზურაბ პატარაძე.

მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობდა, ამის შესახებ გასული წლის ნოემბერში მედიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმაც განაცხადა: „არ არის ასე მარტივი. გარდა ესტაკადის ქვეშ არსებული მიწისა, იქ არის დამატებით 7 ჰექტარი მიწა, რომელიც ასევე კომერციული მოლაპარაკების ნაწილია. სამი სხვადასხვა ინვესტორი გვყავს, რომლებსაც სამი სხვადასხვა პროექტი აქვთ მიწასთან დაკავშირებით. ჩვენი ხედვა ბათუმის მერიასთან და აჭარის მთავრობასთან ერთად არის შემდეგი, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს ესტაკადა, მიწა, რომელიც იქ იქნება, გრძელვადიანი უზუფრუქტით უნდა გადაეცეს უკვე ინვესტორს, რათა მათ განახორციელონ იქ თავიანთი საქმიანობა“.

რომელ ინვესტორებზეა საუბარი, არც სამინისტროში და არც აჭარის მთავრობაში და მითუმეტეს მერიაში, არ აკონკრეტებენ. რეესტრის ამონაწერების მიხედვით ბათუმის მერიის საკუთრებაში ესტაკადის ასაშენებელ სავარაუდო ტერიტორიაზე მხოლოდ 6 კვ/მ მიწის ნაკვეთია. დანარჩენი მიწის თავისუფალი ნაკვეთები, ჯამში 5 ჰექტარამდე ფართობი, 2014 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაშია. მათ მიმდებარედ არსებული თავისუფალი ფართობი კი „საქართველოს რკინიგზას“, ანუ სახელმწიფოს ეკუთვნის.

როგორც ჩანს, ესტაკადის მშენებლობას სწორედ ის აფერხებს, რომ ქვეყნის ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, ვის და რა პირობით გადასცეს ეს მიწის ნაკვეთები. პროცესი კი უკვე მეოთხე წელია ისევ გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. არადა, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს აცხადებდნენ ბათუმის საზღვაო ნავსადგურში, რომ კვლავ მზად იყვნენ ესტაკადა აეშენებინათ, რისთვისაც 5 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდათ გათვალისწინებული. სანაცვლოდ, ნავსადგურს უნდა მიეღო 4 ჰექტარამდე ტერიტორია, სადაც პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოების მიზნით 22 მილიონამდე დოლარის ინვესტიციას ჩადებდა.

„ჩვენ აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით გვინდოდა დაგვეწყო ესტაკადის მშენებლობა სექტემბერში, იყო შესაძლებლობაც, რომ პროექტის განხორციელება მარტშიც დაგვეწყო [საუბარია 2015 წელზე – ავტ.], მაგრამ ეს ხელს შეუშლიდა ტურისტულ სეზონს… არსებობდა სიტყვიერი შეთანხმებაც და გაფორმებული იყო მემორანდუმიც, მაგრამ ამ დრომდე საკითხი გადაწყვეტილი არ არის. თავიდან საუბარი იყო მიწის ოთხ ნაკვეთზე. ამჟამად უკვე მიწის ორ ნაკვეთს განვიხილავთ …  რეალურად, შემიძლია გითხრათ, რომ არავინ არ ამბობს საბოლოოდ არა-ს, თუმცა არც კი-ს ამბობს ვინმე,“ – აცხადებდა გასული წლის დეკემბერში Batumi Sea Port Limited-ის დირექტორი ჟანატ კუსაინოვი.

რა პასუხი გასცეს ყაზახ ინვესტორებს და რა ბედი ეწია მემორანდუმს, აჭარის მთავრობა არც ამჯერად ამბობს. პროცესი ისევ გაჭიანურდება, რაც იქედანაც ჩანს, რომ „ტურისტულ სეზონზე“ აქცენტს აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარეც აკეთებს.

„ახლა ტურისტული სეზონის პიკი გვაქვს და აღნიშნულ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დაწყება უფრო მეტ დისკომფორტს და პრობლემას გამოიწვევს. თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ შედეგი ამ მიმართულებით აუცილებლად მალე დადგება,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ბაქოს ქუჩა / თორნიკე თავაძის ფოტო

ბაქოს ქუჩა / თორნიკე თავაძის ფოტო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com