„მთაში ყოფნისას იყო შემთხვევა, როდესაც სხვა სოფლიდან ღამე გამომიძახეს, პირუტყვი ავად გაუხდათ. ღამე ფეხით ვერ წავედი, ტრანსპორტი არ იყო. დილით უკვე დაგვიანებული აღმოჩნდა. თუმცა, რომ დავათვალიერე, დროული დახმარების შემთხვევაში მისი გადარჩენა შეიძლებოდა,“ – დანანებით ამბობს 57 წლის ბადრი შავაძე, რომელიც 33 წელია ხულოს მუნიციპალიტეტის 8 სოფლის ერთადერთი ვეტექიმია. მთლიანობაში ხულოს მუნიციპალიტეტის 80-მდე სოფელს სულ 7-8 ვეტექიმი და ოცამდე ფერშალი [ვეტექიმის დამხმარე/ექთანი] ემსახურება.
ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც მესაქონლეობა აჭარის მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე მეტადაა განვითარებული, დაახლოებით 31-32 ათასი პირუტყვია აღრიცხული. სპეციალისტები რომ საკმარისი არ არის, ამას ვეტექიმებიც ამბობენ და გლეხებიც. ვეტექიმის მომსახურება ფასიანია, სახელმწიფო მხოლოდ რამდენიმე გადამდები დაავადების საწინააღმდეგო აცრების პროგრამას ახორციელებს. სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალურ სამმართველოში ამ დროისათვის კონტრაქტით 3 ვეტექიმი და 11 ფერშალი მუშაობს. მათი სამუშაო დროებითია და ასევე, ამ დაავადებათა აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობაც სამმართველოს მიერ დაქირავებული ვეტერინარების საქმეში შედის.
„ჩვენ მხოლოდ აცრებზე ვმუშაობთ, ახლა რომ დარეკონ, ძროხას გართულებული მშობიარობა აქვს ან რაიმე სხვაო, ჩვენი სამსახური ვერ დაეხმარება… ჩვენ ადგილზე გავალთ, მხოლოდ გადამდებ დაავადებათა საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ავიღებთ სინჯებს და გადავგზავნით ბათუმში [ლაბორატორია მუნიციპალიტეტში არ არის]“, – ამბობს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხულოს ინპექტორი, პროფესიით ვეტექიმი თენგიზ ირემაძე. ის ამბობს, რომ რადგან სახელმწიფო მხოლოდ ამ მიმართულებით აფინანსებს ვეტერინარიას, ვეტექიმის ორი მუდმივი შტატი საკმარისია. თუმცა აღნიშნავს, რომ გადამდებ დაავადებებზე მეტად მოსახლეობას არაგადამდები დაავადებები და ცხოველთა სხვა სახის ჯანმრთელობის პრობლემები აზარალებს:
„ყოველწლიურად არის პირუტყვის დაღუპვის შემთხვევები, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტში არსებული ვეტერინარების რესურსი, რომლებიც კერძო საქმიანობას ეწევიან, არასაკმარისია, მაგრამ აქ ვერც ვეტმომსახურების კერძო სერვისცენტრი იმუშავებდა, რადგან, მაგალითად, ცენტრიდან ხიხაძირში რომ ავიდეს გამოძახებაზე ექიმი, მისი ხარჯები მომსახურების ფასს გაზრდის, რასაც გლეხი ვერ გადაიხდის. თემებში სახელმწიფო თუ გახსნიდა მსგავს ცენტრებს, იქნებოდა უფრო ეფექტური, რადგან ბიზნესისთვის არამომგებიანი იქნება ესეც“, – ამბობს თენგიზ ირემაძე.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერინარიის პროგრამა არ არის. ერთიანი ეროვნული გამოცდების აბიტურიენტთა წლევანდელ ცნობარში სულ სამ უნივერსიტეტს აქვს მიღება ვეტერინარიაზე. ადგილების რაოდენობა 400-ს მცირედით აჭარბებს, თუმცა აღნიშნული რაოდენობის მოთხოვნა არ არსებობს.
„უკვე ვდგავართ საფრთხის წინაშე, რომ საქართველოში ვეტერინარები აღარ გვეყოლება. ვეტერინართა უმრავლესობა 50 წელსაა გადაცილებული, ახალგაზრდებში კი დაინტერესება არ არის. ჩვენ მართალია, სამეცნიერო ბაზა არ გვაქვს, მაგრამ არც ერთი სტუდენტი არ დაინტერესებულა, მოხალისედ მოსულიყო და დაკვირვებოდა ცხოველებს, შეესწავლა ეს საქმე,“ – დანანებით ამბობს ბათუმის ზოოკუთხის დირექტორი ამირან მურვანიძე.
ქვეყენაში რომ ვეტერინარები ძირითადად ხანდაზმული ადამიანები არიან და შესაბამისი განათლების მიღება რომ პრობლემაა, ამას სახელმწიფოც აღიარებს. დოკუმენტში – „საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა 2016-2020 და ცხოველთა ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმა“ – გასული წლის [2015] სიტუაციის სტრატეგიული ანალიზის სუსტ მხარეებში მითითებულთაგან ორი, ხანდაზმული ვეტერინარების დიდი პროპორცია და არაშესაფერისი ვეტერინარული განათლება, აკრედიტაცია და განგრძობითი განათლებაა. დოკუმენტში საუბარია მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ მდგომარეობაზე.
თუმცა არიან გამონაკლისებიც. მაგალითად, გიორგი კალანდაძე 30 წლის ვეტერინარი ექიმია. როგორც თავად ამბობს, აჭარაში მისი ასაკის მხოლოდ ხუთ ვეტერინარ ექიმს იცნობს: „რეგიონში ვეტერინართა საშუალო ასაკი 63 წელია, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა“, – ამბობს ის. გიორგის ეს პროფესია ჯერ კიდევ სკოლაში მისვლამდე მოსწონდა და მისი საბოლოო არჩევანიც ვეტერინარიაზე შეჩერდა.
„არის გამოთქმა: ექიმი კურნავს ადამიანს, ვეტერინარი ექიმი კი – მთელ კაცობრიობას, ამით ნათქვამია ამ პროფესიის მნიშვნელობაზე. ვეტექიმობა დიდი პასუხისმგებლობაა, ერთი შეცდომით შეიძლება არამარტო ცხოველი, არამედ, უამრავი ადამიანი აღმოჩნდეს საფრთხის წინაშე“, – ამბობს გიორგი. ის აღნიშნავს, რომ ეს პროფესია საკმაოდ შემოსავლიანიცაა და არ იზიარებს შეხედულებას, რომ ვეტექიმებს უჭირთ საკუთარი პროფესიით თავის შენახვა.
როგორც ახალგაზრდა ვეტექიმი ამბობს, მისი აზრით, პროფესიის პოპულარიზაციის შემთხვევაში ვეტერინარიაზე მოთხოვნა კვლავ გაიზრდება.
„საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა 2016-2020 და ცხოველთა ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმაში“ განხილულია ვეტერინარული განათლების მოდერნიზების საჭიროება. დოკუმენტში დასახელებულ ძირითად პრობლემას წარმოადგენს დარგში მასწავლებლებისა და პროფესორების ნაკლებობა, რომლებმაც უნდა მიაწოდონ სტუდენტებს სათანადო განათლება და პროფესიული კურსები, რაც ვეტერინარიულ ფაკულტეტზე ჩაბარების დაბალ მოტივაციას განაპირობებს. ამ მიმართულებით „სამუშაო ადგილები წლების მანძილზე შემცირდა. აგრეთვე უნივერსიტეტებში იგრძნობა ინტერესის ნაკლებობა, რომ სტუდენტებს მიაწოდონ საერთაშორისოსთან შესაბამისი ვეტერინარული განათლება, ხოლო ძირითადად ამჟამინდელი კურიკულუმები მომართულია ვეტერინარ-ტექნიკოსების მოსამზადებლად. საბოლოოდ, ვეტერინარია როგორც პროფესია, გამოაკლდა საქართველოში რეგულირებული პროფესიების ჩამონათვალს. ასე, რომ სახელმწიფო მოთხოვნები არ ითვალისწინებს ვეტერინარიულ განათლებას“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.