კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

რა ხდება ქალთა საპატიმროებში

02.08.2016 • 1744
რა ხდება ქალთა საპატიმროებში

ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმამ“, იმის დასადგენად, თუ რამდენად არის გათვალისწინებული ქალთა გენდერსპეციფიკური ფაქტორები და საჭიროებები სისხლის სამართლის სისტემაში, კვლევა ჩაატარა, რომელიც სისტემის ყველა ეტაპს მოიცავს –  დაკავების მომენტს, სასამართლო განხილვას და შემდეგ უკვე სასჯელის აღსრულებას, როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო კუთხით. კვლევის ავტორის, ტატო ქელბაქიანის თქმით, ფოკუსჯგუფებთან, ყოფილ პატიმრებთან, პროკურორებთან, მოსამართლეებთან და სფეროში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინტერვიუებისას, პრობლემები სისტემის ყველა ეტაპზე გამოიკვეთა. კვლევა 2013-2015 წლებს მოიცავს.

 ბატონო ტატო, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან რომ დავიწყოთ, რა ხარვეზები აღმოჩნდა ამ ნაწილში?

ყველაზე მეტი პრობლემა რეგიონებში იკვეთება. გარდა იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში, ამ დაწესებულებებში არ არის სრულყოფილი ვინტილაცია და განათება, პრობლემაა ისიც, რომ მიღებისას ხშირ შემთხვევაში არ ჰყავთ ქალი პერსონალი და თუ ქალს, მაგალითად, ჰიგიენური საშუალების თხოვნა უნდა, რაც ცოტა დელიკატური საკითხია, უნდა მივიდეს და სთხოვოს კაცს. ცალკე საკითხია ის, რომ ამას სჭირდება დირექტორის ნებართვა. მაშინ განმარტებული უნდა იყოს კანონში, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ეთქვას უარი დაკავებულ ქალს გარედან ჰიგიენური საშუალების შემოტანაზე.

გარდა ამისა, საკნებში არსებობს პრივატულობის პრობლემაც – ხშირ შემთხვევაში საკნებში ისე არის სველი წერტილები კონსტრუირებული, რომ ღიობიდან შეხედვისას იგი სრულად ჩანს. შეხედვა კი სავალდებულოა თვითდაზიანებისა თუ სუიციდის პრევენციის მიზნით. ზოგიერთმა ინტერვიუსას განაცხადა, რომ როდესაც ვაპირებდით ტუალეტით სარგებლობას, ვაფრთხილებდით პერსონალს, რომ არ შემოეხედათო. პრობლემები გამოიკვეთა კვებასთან დაკავშირებითაც – ხშირად ქალებს ძალიან მშრალი საკვები მიეწოდებათ და იმ შემთხვევაში, თუ დროებითი დაკავების იზოლატორში ორსული ან მეძუძური დედა მოხვდება, მათთვის არ არის გათვალისწინებული სპეციფიკური საკვები, ისინიც იმავე საკვებს მიიღებენ, რასაც სხვა. რეგიონებში ხშირ შემთხვევაში ჭურჭელიც კი არ ჰქონდათ და ზოგიერთმა აღნიშნა, რომ თაბახის ფურცელზე უდებდნენ საკვებს და ისე აწვდიდნენ. ასევე, საერთაშორისო სტანდარტებით, როცა ასეთ დახურულ სისტემაშია ადამიანი მოთავსებული, დღეში მინიმუმ ერთი საათი სუფთა ჰაერზე უნდა გაისეირნოს, თუმცა თითქმის არსად არ გამოკვეთილა ასეთი პრაქტიკა საქართველოში. რიგ შემთხვევებში იყო პრობლემები შხაპის მიღებასთან დაკავშირებითაც.

საჭიროების შემთხვევაში რამდენად ხელმისაწვდომია ფსიქოლოგის კონსულტაცია დაკავების პირველ ეტაპზე?

თანამშრომლების ნაწილი გადამზადებულია სუიციდის ნიშნების ამოცნობაზე, მაგრამ საქმე ის არის, რომ სუიციდის ყველაზე დიდი რისკი დაკავებიდან სწორედ პირველ 24 საათშია, ანუ მაშინ როცა სტრესულ/შოკურ მგდომარეობაშია ადამიანი, აქ კი ცალკე ფსიქოლოგის სამსახური არ არსებობს, რაც აუცილებელია და ამის საჭიროება არის თითქმის ყველგან.

სასამართლოზე განხილვის პროცესთან დაკავშირებით რა სურათია და რა რეკომენდაციები გაქვთ?

მოგეხსენებათ ჩვენთან საკმაოდ გავრცელებული და აქტუალური პრობლემაა ფემიციდი და ოჯახში ძალადობა, შესაბამისად საინტერესოა, თუ რამდენად ითვალისწინებს მოსამართლე „ხანგრძლივი მსხვერპლის სინდრომის“ ფაქტორს, როგორც ერთგვარ შემამსუბუქებელს – ანუ როცა ქალი, რომელიც არის ხანგრძლივი ძალადობის მსხვერპლი, ჩადის დანაშაულს. ჩვენთან ამის პრაქტიკაში გათვალისწინება არ ხდება. აფექტს ეძახიან, მაგრამ აფექტის დადასტურება ფაქტობრივად შეუძლებელია. ჩვენი რეკომენდაციაა, მომზადდეს სასამართლოში წინა სასამართლო ანგარიშები, მათ საფუძველზე ხდება ადამიანის ბიოსოციალური პორტრეტის შედგენა და ეს უფრო მრავალმხრივ ინფორმაციას აწვდის მოსამართლეს აღნიშნულ საქმეზე, იმიტომ, რომ ხშირად ადვოკატი ვერ არკვევს და ვერ აძლევს იმ ინფორმაციას, რაც შეიძლება დაცვისთვის ძალიან საჭირო იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ არ არის შესაბამისად კვალიფიციური. ასეთი ინფორმაციის გარეშე საბოლოო გადაწყვეტილებები არის ძალიან მშრალი და შაბლონური.

საჭიროა „ხანგრძლივი ძალადობის მსხვერპლის სინდრომი“ გამოიკვეთოს შეფასების მომენტში და ერთგვარად ქვაკუთხედი დაინახოს მოსამართლემ, რათა ასეთ დროს აქცენტი გაკეთდეს უფრო ალტერნატიულ, არასაპატიმრო სასჯელებზე, ვიდრე საპატიმროზე. პრობლემაა ისიც, რომ მწირია აღმკვეთი ღონისძიებების ჩამონათვალი, ძირითადად ეს არის – გირაო ან პატიმრობა. ხშირად, როცა ქალი ოჯახში ხანგრძლივი ძალადობის მსხვერპლია და ჩადის დანაშაულს, მას არ აქვს გირაოს თანხა, რადგან იშვიათად აქვთ საკუთარი შემოსავალი, ძირითადად დამოკიდებულები არიან მეუღლეებზე და ალტერნატივად რჩება მხოლოდ პატიმრობა. მართალია, არის კიდევ პირადი თავდებობა, მაგრამ საამისოდ სანდო ადამიანის გამოჩენა და შერჩევა რთულია, ამიტომ, ფაქტობრივად, ის არ გამოიყენება.

რა მდგომარეობაა ქალთა თავისუფლების აღმკვეთ დაწესებულებებში განთავსებასთან დაკავშირებით?

არსებობს დახურული და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებები, ღია ტიპის დაწესებულებაში დილით იღება კარი და ქალ პატიმრებს საღამომდე შეუძლიათ გადაადგილება. დახურული ტიპის აღმკვეთ დაწესებულებებში ქალები სხედან საკანში და შესაძლებლობა აქვთ ერთი საათით გავიდნენ სუფთა ჰაერზე. დახურული ტიპის დაწესებულებაში კანონით უნდა განთავსდეს უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმარი, ეს არ არის ნორმა, მაგრამ პრაქტიკა ასეთია. ვფიქრობ, შესაძლებელია მათ მოიხადონ სასჯელი დახურული ტიპის დაწესებულებაში რაღაც პერიოდი, მაგრამ არა მუდმივად ამ პირობებში.

მეორე პრობლემა ეხება შემოწმების მეთოდს. ქართული კანონმდებლობით დაშვებულია ორი ტიპის შემოწმება – სრული და არასრული. არასრული არის გარეგნულად შემოწმება და შეიძლება შეხების გარეშეც მოხდეს. მეორე არის სრული, ანუ გაშიშვლებით შემოწმება. საერთაშორისო პრაქტიკაში არსებობს მესამე ფორმის შემოწმებაც – ინვაზიური ანუ სხეულის იმ ნაწილების შემოწმება, რომელთა გამოყენებაც პატიმარს შეუძლია რაიმეს სამალავად. პრაქტიკა საქართველოში არის ასეთი, პატიმრებს სთავაზობენ ან ბუქნებს (რაც საერთაშორისო სტანდარტებით, ღირსების შემლახველ ქმედებად ითვლება), ან ინვაზიურ, ანუ გინეკოლოგის მიერ შემოწმებას. კანონი მოითხოვს სრულ შემოწმებას და ხშირად სრული შემოწმება ჰგონიათ ინვაზიური შემოწმება, სინამდვილეში ეს არ არის ასე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხეულის ნაწილების შემოწმებას. ინვაზიური ტიპის შემოწმებას აუცილებლად აკეთებს სამედიცინო პერსონალი, მაგრამ ამის პროცედურა ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. იმის გამო, რომ ციხეში ხშირია სხეულის ნაწილების სამალავად გამოყენების პრაქტიკა, შემოწმება აუცილებელია, მაგრამ არსებობს ბევრად უკეთესი ალტერნატიული ფორმები, იმავე სკანერებით შემოწმება, რომელზეც უნდა გადავიდნენ სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები ეტაპობრივად.

რა მდგომარეობაა თავისუფლების აღმკვეთ დაწესებულებებში ჰიგიენის მხრივ?

გამოიკვეთა, რომ ციხეში არ არის ჰიგიენური საშუალებები საკმარისი რაოდენობით, თუმცა დროებითი მოთავსების იზოლატორთან შედარებით, ამ მხრივ ბევრად უკეთესი პირობებია.

ფოტოზე ტატო ქელბაქიანი. ფოტო: „ლიბერალი”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: