Batumelebi | პუშკინის ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ზაფხულამდე პუშკინის ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ზაფხულამდე – Batumelebi
RU | GE  

პუშკინის ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ზაფხულამდე

ბათუმში ზაფხულამდე პუშკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის უნდა დასრულდეს. ასევე დასრულდება  გრიბოედოვის, ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩების მონაკვეთები ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებს შორის. რაც შეეხება ამ ქუჩების დარჩენილ მონაკვეთებს „ჭაობში“ და ასევე სხვა ქუჩებს, მათი სრული რეაბილიტაცია 2018 წლის 4 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

გრიბოედოვის ქუჩაზე სამუშაოები გრაფიკით 29 მარტს უნდა დამთავრდეს, თაყაიშვილის ქუჩაზე – 18 აპრილს, ხოლო ლერმონტოვის ქუჩაზე – 18 მაისს [საუბარია ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალის [ყოფილი კიროვაკანის] ქუჩებს შორის მონაკვეთებზე].

„ამ სამუშაოების პარალელურად მოვყვებით პუშკინის ქუჩას და ხდება დაერთებები – საუბარია სანიაღვრე სისტემაზე – ვცდილობთ, რაც შეიძლება დიდი ტერიტორია მოვიცვათ. ვაპირებთ პუშკინის ქუჩის დაგებას ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე, რაც მაისის ბოლომდე გვინდა მოვასწროთ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა თენგიზ კორძაძემ.

პუშკინის ქუჩის რეაბილიტაციის გრაფიკი ასეთია: ჯავახიშვილის ქუჩიდან თაყაიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი უნდა დასრულდეს 18 ივნისს, თაყაიშვილის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე – 15 აპრილს, მელიქიშვილის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთი კი – 30 აპრილს.

კეთილმოწყობის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ დასაქმებულთა რაოდენობა და შესაბამისი ტექნიკა, რაც მობილიზებულია, საკმარისია სამუშაოების გეგმის მიხედვით შესასრულებლად და ხელშემშლელი ფაქტორი მხოლოდ უამინდობა შეიძლება იყოს: „ერთ თოხს ორი კაცი არ სჭირდება, 50 კაცია დასაქმებული. უბრალოდ, დიდია მასშტაბი, სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს. ზერელედ რომ კეთდებოდეს, ადრე გავივლიდით პუშკინის ქუჩას, მაგრამ რასაც ვაკეთებთ, კაპიტალურად კეთდება“.

სანიაღვრე სისტემის მოწყობა პუშკინის ქუჩაზე

სანიაღვრე სისტემის მოწყობა პუშკინის ქუჩაზე

თენგიზ კორძაძის თქმით, „ხელი შეგვიშალა იანვარში უამინდობამ, რის გამოც ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და ზემოაღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოების დასრულების ვადა 32 დღით გადაიწია, თუმცა ეს ჩავარდნა გამოსწორდა და განსაზღვრულზე ადრე დაასრულებს კომპანია პირველი ეტაპის სამუშაოებს. პარალელურად გადავალთ სხვა ქუჩებზე. გრაფიკში ცვლილებები შედის, თუმცა ზაფხულამდე ძირითადი მონაკვეთები გავლილი გვექნება და ასფალტით იქნება დაფარული“.

ქუჩების რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიას ხელშეკრულება კომპანია „ზიმო 7“-თან აქვს გაფორმებული. 2018 წლის ნოემბრამდე ამ ხელშეკრულებით კომპანიამ „ჭაობის“ დასახლებაში 25 ქუჩაზე 18,9 მილიონზე მეტი ლარის სამუშაოები უნდა შეასრულოს [სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები, მოასფალტება].

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ეტაპობრივად „ჭაობის“ იმ ქუჩების რეაბილიტაციას განახორციელებს, სადაც საკანალიზაციო სისტემების გამოცვლა დასრულდება.

საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია კი ბათუმში იმ პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით ფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს გერმანულ-ქართული ერთობლივი საწარმო „ფაიფერი და გზა“ ასრულებს.

საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია ფაქტობრივად დასრულებულია პუშკინის ქუჩაზე [დარჩენილია მოკლე მონაკვეთი სოხუმის ქუჩიდან ავტოსადგურამდე].

„მოძრაობის კიდევ უფრო მეტად პარალიზება რომ არ მოხდეს ქალაქში, სადაც საშუალებაა და ნებართვას გვაძლევს საპატრულო პოლიცია, იმის მიხედვით ვატარებთ სამუშაოებს. ერთბაშად ვერ ვიზამთ, მაგრამ გრაფიკს არ ავცდებით. ფალავანდიშვილის ქუჩაზე მორჩებიან, შემდეგ გოგებაშვილიდან გამოვალთ შავშეთზე [მანთაშევზე რკინიგზის ქვეშ] და პუშკინის დარჩენილი მონაკვეთიც გამოიცვლება. ამას ალბათ თვენახევარი დასჭირდება“ – აცხადებს ბათუმის მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში ჯაბა ტუღუში.

ზოგიერთ ქუჩაზე მოსახლეობა ამბობს, რომ ხდება ძველი, გაცილებით ფართო მილების ამოღება და გაცილებით ვიწრო მილების ჩადება. ჯაბა ტუღუშის თქმით, შესაძლოა უფუნქციო მილი შეხვდეთ და ის ჩაანგრიონ ან ამოიღონ, მაგრამ „ამ ეტაპზე ძველ მილებს არ ვიღებთ, ვინაიდან ახალი ქსელის მოწყობის პარალელურად „ჭაობში“ ჯერჯერობით რჩება ძველი საკანალიზაციო სისტემა და ის ფუნქციონირებს. ახალ სისტემაზე ეზოების დაერთებას ჯერ მხოლოდ პუშკინის ქუჩაზე ვახდენთ, რათა რაც შეიძლება ადრე დავასრულოთ“.

რაც შეეხება მილების დიამეტრს, მერის მრჩევლის განცხადებით: „ყველაფერი არის გათვლილი და 400-დან 250 მმ-მდე მილებს აწყობენ საჭიროების მიხედვით. ჰიდრავლიკური მოდელი დგება ტერიტორიის, მოსახლეობის რაოდენობის, რა ორგანიზაციებია განთავსებული, ვთქვათ, სასტუმრო და ა.შ. გათვალისწინებით… ქალაქის განვითარების პერსპექტივაც გათვალისწინებულია და დატვირთვას ამ შემთხვევაშიც გაუძლებს ქსელი“.

ჯაბა ტუღუშის განცხადებით, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბაგრატიონისა და მთისძირის ქუჩებს შორის მონაკვეთებშიც. რაც შეეხება გიორგი ბრწყინვალესა [კიროვაკანი] და ბაგრატიონის ქუჩებს შორის ტერიტორიას, აქ რეაბილიტაცია აპრილში დაიწყება. 2017 წლის პირველ ნახევარში კი „ჭაობის“ უბანში – ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის, მთისძირისა და შავშეთის ქუჩებს შორის მოქცეული ტერიტორია –  მთლიანად დასრულდება კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია.

„სამუშაოების მიმდინარეობისას დგება სამთვიანი გეგმა-გრაფიკი, მაგალითად, ფალავანდიშვილის ქუჩა იყო მომავალ წელს დაგეგმილი, მაგრამ ვინაიდან წერეთლის ქუჩაზე ვერ შევედით, სამუშაოები დავიწყეთ ფალავანდიშვილზე [ვმუშაობდით გოგებაშვილზე, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია ხდება პუშკინზე და წერეთლის ჩაკეტვა ავტომობილების მოძრაობის კოლაფსს გამოიწვევდა. ამიტომ არ მოგვცეს სამუშაოების დაწყების უფლება წერეთელზე,“ – ამბობს ჯაბა ტუღუში და გადათხრილ ქუჩებთან დაკავშირებით დასძენს, რომ „შეძლებისდაგვარად სწორდება, თუმცა ყოველი გაწვიმება პრობლემაა“.

gza+-

მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გრიბოედოვის ქუჩაზე სამუშაოები გრაფიკით 29 მარტს უნდა დამთავრდეს, თაყაიშვილის ქუჩაზე – 18 აპრილს, ხოლო ლერმონტოვის ქუჩაზე – 18 მაისს [საუბარია ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალის [ყოფილი კიროვაკანის] ქუჩებს შორის მონაკვეთებზე] პუშკინის ქუჩის სრული რეაბილიტაციის გრაფიკი კი ასეთია: ჯავახიშვილის ქუჩიდან თაყაიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი უნდა დასრულდეს 18 ივნისს, თაყაიშვილის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე – 15 აპრილს, მელიქიშვილის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთი კი – 30 აპრილს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com