„ყვითელი ჩემოდანი“ თბილისი-ბათუმის გზაზე – თეონა პაიჭაძის გამოფენა ხელოვნების გალერეაში


ბათუმში, ხელოვნების მუზეუმის გალერეაში, თბილისელი მხატვრის, თეონა პაიჭაძის პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ჟანრობრივად მრავალფეროვანი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. მხატვარი იყენებს ისეთ მასალებს, როგორიცაა: პოლიგრაფიული საღებავი, თუნუქის ფირფიტები და პოლიეთილენი. „ყვითელი ჩემოდანი“ – ასე ეწოდება თეონა პაიჭაძის ნამუშევრების გამოფენას, რომელიც ხელოვნების მუზეუმის გალერეაში 14 აგვისტომდე დარჩება.

„იყო ასეთი სიმღერა ჩემს ბავშვობაში, ძალიან მოდური. შეიკრიბებოდნენ თუ არა ახალგაზრდები, ყველა მღეროდა: „ყვითელი ჩემოდანი, ის ყოველთვის შენთან არის….“ – მიყვება თეონა პაიჭაძე გამოფენის სახელწოდებაზე.

„ყვითელი ჩემოდანი“ გამოფენაზე წარმოდგენილი მისი ერთ-ერთი ნამუშევრის სახელწოდებაცაა, რომელზეც ბაქანზე, თბილისი-ბათუმის ძველი მატარებლის ფონზე, ორი, წითელი და ყვითელი ფერის ჩემოდანია. თეონას ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ეს გზაა, თბილისიდან ბათუმამდე და პირიქით. თეონას მამა მწერალი სოსო პაიჭაძეა, რომელიც ბათუმში ცხოვრობდა, ამიტომ თეონასათვის მოგონებები მამაზე და ბათუმზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ბათუმში არ გავზრდილვარ, მაგრამ წელიწადში ორი თვე აქ ვიყავი ყოველ წელს. სახლიც მაქვს აქ, ბებიას სახლი, ტელმანის ქუჩაზე. ისე მიყვარს აქაურობა… სოსოს შემოქმედება მთლიანად ბათუმითაა შთაგონებული. ამ ნახატს, „ყვითელ ჩემოდანს“, თავიდან ერქვა „ბაქანი – ბოტანიკური ბაღი~. მამას ერთ მოთხრობას ჰქვია ასე“, – ამბობს თეონა.

ხატვა ბავშვობაში დაიწყო. „სკოლის რვეულებში სულ ნაჯღაბნი მქონდა. მათემატიკის მასწავლებელი გიჟდებოდა, გადაშლიდა რვეულს და სულ შიშველი ადამიანების ფიგურები ეხატა. სულ მეჩხუბებოდა, ყვავილი და პეპელა მაინც დახატეო! წავიდოდა, დედაჩემს აჩვენებდა _ ნახე, რას ხატავსო. მეექვსე კლასში ვიყავი. მამა მაშინ ტელევიზიაში მუშაობდა და მიუტანა ჩემი ნახატები მხატვარ თემო გოცაძეს, ნახე, აბა, რას ხატავსო. თემომ გულდასმით დაათვალიერა და ფუნჯები, პასტელები, გუაში, აკვარელი, ფურცლები მაჩუქა, რაღაცები ამიხსნა. ეს არასდროს დამავიწყდება,“ – იხსენებს თეონა.

თეონამ თბილისის სამხატვრო აკადემია 1997 წელს დაამთავრა, დაზგური გრაფიკის განხრით, თუმცა პირველი პერსონალური გამოფენა წელს, აპრილში ჰქონდა. რამდენიმეწლიან წყვეტას თავისი მიზეზები აქვს, თეონას საკუთარი პოლიგრაფიული კომპანია აქვს და მისი ძირითადი საქმიანობაც ამას უკავშირდებოდა, თუმცა ორი წლის წინ სიტუაცია შეიცვალა, თეონა მთლიანად მოიცვა ხატვის სურვილმა და მისი პირველი პერსონალური გამოფენა წელს, მწერალთა სახლში, სოსო პაიჭაძის კრებულის პრეზენტაციაზე შედგა. კრებული „ქარჩხაძის გამომცემლობამ~ გამოსცა სერიაში: „ალტერნატიული ქართული პროზა“.

„დღესაც კარგად მახსოვს. ორი წლის წინ იყო მთავრობის განცხადება, ქამრები შემოვიჭიროთო. ხოდა, ვთქვი, თუ ქამრები შემოიჭირეთ და შეკვეთები მცირდება, მაშინ ავდეგები და ხატვას დავიწყებ. 2 იანვარი იყო, ბედობა, ავდექი, წავედი და ვიყიდე მთელი ჩემი ფულით ბევრი საღებავი, მოლბერტი და დავიწყე ხატვა. ორი წელი გავიდა და არ გავჩერებულვარ. სულ მინდოდა, რომ სოსოს წიგნი და გამოფენა ერთად ყოფილიყო და ასეც მოხდა. ნელ-ნელა ოფისი სახელოსნოდ ვაქციეთ. შეკვეთებსაც ვიღებ, მაგრამ ახლა მთავარი ხატვაა,“ – ამბობს თეონა.

პირველ პერსონალურ გამოფენას მოჰყვა მეორეც, სახელწოდებით – „E2E4~ „ვანდა გალერეაში“. „ყვითელი ჩემოდანი“ თეონას მესამე გამოფენაა და წინა ორისაგან გასხვავებული:

„ბოლო 3-4 თვის ნამუშევრებია. განსხვავებული ტექნიკაა, განსხვავებული მასალები, მათ შორის პოლიეთილენი და პოლიგრაფიული მასალები. ბოლო ექვსი წელია პოლიგრაფიული კომპანია მაქვს და ჩემი სამსახური უშუალოდ უკავშირდება ამ მასალებს. ვიფიქრე, რატომაც არა, გავაკეთებ პოლიგრაფიული მასალებით,“ – ამბობს თეონა.

„ეს სურათები ხასიათდება დახვეწილი ფერწერული გამით, მკაფიო ნახატით, ორიგინალური კომპოზიციური სტრუქტურით. ისინი აღბეჭდილია მხატვრის ინდივიდუალური ხედვით, შემოქმედებითი მიდგომით, თავისუფალი ინტერპრეტაციით, რაც ნაწარმოებს ესთეტიკურ გამომსახველობას, ექსპრესიულობასა და თავისთავადობას ანიჭებს,“ – ამბობს ხელოვნებათმცოდნე რატი ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რითაც თეონა პაიჭაძის ნამუშევრებია მნიშვნელოვანი, მხატვრის შემოქმედებითი მიდგომაა.

„ეს საოცარი შემოქმედებითი მიდგომა სახეზეა და ჩემი აზრით, ხელოვნებაში მთავარი სწორედ ესაა. ყველა კომპოზიცია არის ნაგრძნობი, გააზრებული, გადახალისებული. ეს არ არის უბრალოდ კლასიკური ჟანრები, სიუჟეტურობა ახასიათებს, რაც, როგორც ჩანს, მისი მამის მოთხრობებიდანაც მოდის,“ – ამბობს რატი.

თეონა კი ფიქრობს, რომ ჯერ ადრეა საკუთარ თავს მხატვარი უწოდოს, ეს სიტყვა მასში განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას იწვევს:

„მხატვარი ვარ-თქო – ვერ დავირქმევ, იქამდე დიდი გზაა გასავლელი. ჩემთვის ეს ძალიან დიდი სიტყვაა. ახლა ცოტას შევისვენებ. თავიდან ზუსტად რას ვხატავ, არადროს ვიცი. ვზივარ და ვუყურებ ტილოს. იქ რაღაცას ვხედავ. ნელ-ნელა ჩნდება ყველაფერი, თანდათან ვხვდები რა მინდა. ვეძებ რაღაც ახალს, ვინც არ უნდა შეგაქოს, რაც არ უნდა გითხრას, ყოველთვის ახალს ეძებ. ახლა გაჩერება გამორიცხულია.“
.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com