კვირის ამბები,მთავარი

„ბავშვები, რომლებიც ძალადობენ ცხოველებზე, ძირითადად თვითონ არიან ძალადობის მსხვერპლნი“

14.08.2016 • 7445
„ბავშვები, რომლებიც ძალადობენ ცხოველებზე, ძირითადად თვითონ არიან ძალადობის მსხვერპლნი“

ზოგჯერ მშობლები ბავშვებს ცხოველებთან კომუნიკაციას უკრძალავენ, რაც ფსიქოლოგების თქმით, შეცდომაა, რადგან ცხოველებთან ინტერაქცია ბავშვებს ფიზიკურ, სოციალურ, ემოციურ და კოგნიტიურ განვითარებაში ეხმარება, თუმცა ხდება ისეც, რომ ბავშვები ცხოველებს საერთოდ არ უფრთხიან, არ განიცდიან მათდამი თანაგრძნობას და ცხოველებს აწამებენ. რამდენად საგანგაშო შეიძლება იყოს ასეთი ქცევა და რა შეიძლება იყოს გამოსავალი? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ ფსიქოლოგ ირმა ფეიქრიშვილს ესაუბრა.

  • ქალბატონო ირმა, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ცხოველებთან კომუნიკაცია და რაში ეხმარება ეს მათ?

კომუნიკაცია ნებისმიერ ცოცხალ არსებასთან ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკის ჩამოყალიბებაზე, განსაკუთრებით ეს ეხება ცხოველებს და ფრინველებს, რომლებიც შეიძლება გვყავდეს სახლში. ასე ბავშვი ცოცხალ არსებებთან ურთიერთობას სწავლობს, იღებს ცხოველებისგან დაბრუნებულ ბევრ სასიკეთო იმპულსს, ამასთანავე ბავშვი ძლევს შიშს ცხოველების მიმართ. როცა ბავშვი ზრუნავს ცხოველსა თუ ფრინველზე, იგი სწავლობს მზრუნველობას. ცხოველებთან ბავშვების მეგობრობა იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ცხოველებმა კარგი მეგობრობა იციან, სითბოსა და სიყვარულს უკან აბრუნებენ და ბავშვებიც სწავლობენ სითბოსა და სიყვარულის გაცემას.

  • არსებობს რეკომენდაციები ასაკთან დაკავშირებით, თუ როდიდან არის უკეთესი ბავშვის ცხოველთან შეგუება?

კონკრეტულად ასაკის განსაზღვრა რთული იქნება, თუმცა რაც უფრო ადრეულ ასაკში ნახავს ბავშვი ცხოველს, შეეგუება და ექნება ურთიერთობა, მით უკეთესია. ჰიგიენური თვალსაზრისით, ეს უკვე პედიატრის პრეროგატივაა განსაზღვროს, რა ნორმები უნდა დაიცვან ამა თუ იმ ასაკის ბავშვის ცხოველთან კომუნიკაციისას.

  • ხშირად მშობლებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ შინაური ცხოველი აიყვანონ, ამ შემთხვევაში რა სახით შეიძლება მშობელმა მიაჩვიოს ბავშვი ცხოველებთან კომუნიკაციას?

ცხოველის სახლში ყოლა საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა, ისინი ძალიან დიდ მზრუნველობას მოითხოვენ, ეს თითქმის ბავშვის მოვლის ტოლფასია, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ვიღებთ პასუხისმგებლობას და მოგვყავს სახლში შინაური ცხოველი, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ მასზე სრულყოფილად. მაშინ როცა ამის საშუალება არ არის, მშობელმა კარგად უნდა განუმარტოს ბავშვს, თუ რატომ არ შეუძლია მოიყვანოს სახლში ცხოველი. ძალიან ხშირად ეუბნებიან ბავშვებს, რომ ცხოველი მათ უბრალოდ არ სჭირდებათ და ცდილობენ გადაათქმევინონ ეს სურვილი, მაგრამ ბავშვებს ძალიან კარგად ესმით ყველაფერი, მთავარია სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია. ის დეფიციტი კი, რაც ბავშვს უჩნდება ამის გამო, შეიძლება სხვა გზით შევავსოთ, ვასეირნოთ ბავშვი გარეთ, და როცა კი სტუმრად ან ეზოში ცხოველებს შეხვდებიან, არ დავუშალოთ და მივცეთ საშუალება, რომ ითამაშონ მათთან ერთად.

  • არის შემთხვევები, როცა მშობლები უსაფრთხოების გამო კატეგორიულად უშლიან ბავშვებს ცხოველების შეხებას, ამით ზედმეტად ხომ არ აშინებენ ბავშვებს?

ცხოველთან ურთიერთობაზე მშობლის არასწორმა მიდგომამ, მათ მიერ მიცემულმა მკაცრმა შენიშვნამ ან გაფრთხილებამ შესაძლოა ბავშვში ცხოველებისადმი გადამეტებული შიში გამოიწვიოს. არასწორია შენიშვნის ფორმულირება – ნუ მიეკარები, საშიშია, შორს დადექი ძაღლისგან და ა.შ. არ შეიძლება კატეგორიული აკრძალვები, ამის გამო მას შესაძლოა სერიოზული ფობია განუვითარდეს და შემდგომშიც შეეშინდეს ცხოველის მიკარების. თუმცა ზომიერად გაფრთხილება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მშობლებმა ცოტა შერბილებული ფორმით უნდა აუხსნან ბავშვებს, რა არის მოსარიდებელი და რა – არა, უნდა უთხრან, რომ მათ ჯერ არ იციან როგორია ეს ძაღლი ან კატა – მოდი ჯერ გავიგოთ როგორია და მერე მიდი. ასევე, ძალიან ხშირად მშობელი ბავშვს ეუბნება, რომ თუ ის კარგად არ მოიქცევა ძაღლი მოვა და უკბენს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია.

  • რა არის იმის მიზეზი, რომ ზოგჯერ ბავშვები ცხოველებისადმი სისასტიკეს იჩენენ

შინაური ცხოველის ყოლა და მასზე ზრუნვა ავითარებს ბავშვში ცხოველებისა და ადამიანების მიმართ ემპათიას, ანუ ასწავლის მათ სხვისი ტკივილის გათავისებას. ბავშვები, რომლებიც ძალადობენ ცხოველებზე, ძირითადად თვითონ არიან ძალადობის მსხვერპლნი. ხშირად მომისმენია მშობლებისგან კითხვა, რატომ სცემს თავისი შვილი ცხოველს, მას ხომ არასოდეს უცემია ის… ნუ ჩავთვლით, რომ ძალადობად მხოლოდ ფიზიკური ძალადობა მიიჩნევა, შესაძლოა მშობელი სხვა ფორმით ძალადობს ბავშვზე, მაგალითად, არ აძლევს მას თავისუფალი არჩევანის საშუალებას. ეს ხშირად ხდება, როცა მშობელი ვერ იაზრებს, რომ ბავშვი, რომელიც დაიბადა, უკვე ცალკე პიროვნებაა და მას აუცილებლად სჭირდება პატივისცემა.

რაც შეეხება აგრესიას – თუ სამ წლამდე ბავშვი გაუაზრებლად არტყამს ჯოხს ან უბრაზდება ძაღლს, ეს შეიძლება იმიტაცია და მიმბაძველობა იყოს – მშობელი უბრაზდება ძაღლს, რომ გავიდეს და ბავშვი ცდილობს, რომ მიბაძოს მშობელს, უფრო მეტი მონდომებით აკეთებს ამას და ეს გადადის აგრესიაში. ასევე, თუ ბავშვი ძალიან პატარაა, თავს იცავს და ურტყამს ცხოველს, ამით თავისუფლდება შიშისგან – ეს გაუაზრებელი ქცევაა, ამას აგრესიას ვერ დავარქმევთ, ისინი ვერ ხვდებიან, რომ ამით ცხოველს ტკივილს აყენებენ, ან შეიძლება ეს უბრალოდ აქტიური ურთიერთობის ფორმა იყოს, იმიტომ, რომ ცხოველი მოძრაობს, დახტის, დარბის და ბავშვსაც უნდა, რომ მაქსიმალურად გადასცეს ენერგია, ასეთ შემთხვევებში უბრალოდ უნდა ავუხსნათ, რომ ეს არ არის სწორი.

ბავშვები დაახლოებით 6-7 წლიდან იწყებენ თავიანთი საქციელის სწორად შეფასებასა და გააზრებას. თუ იგი ამ ასაკში ძალადობს ცხოველზე, ესე იგი მან თავისზე სუსტი არსება იპოვა და მასზე ხარჯავს იმ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც უფროსებისგან აქვს დაგროვებული. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ თუ ბავშვი აწვალებს ცხოველს ან ნებისმიერ ცოცხალ არსებას, მას აუცილებლად სჭირდება დახმარება და საამისოდ აუცილებლად უნდა მივმართოთ სპეციალისტს, რადგან არის გარკვეული ჩანართი სერიოზული აგრესიისა, რომელიც შემდგომში შეიძლება გადაიზარდოს თუნდაც პათოლოგიაში. თუ ბავშვი ჯანსაღია და მას არაფერი აწუხებს, იგი არასოდეს გაიმეტებს ცხოველს საწამებლად.

  • მიიჩნევა, რომ ცხოველებისადმი სისასტიკეს ბავშვობაში ფსიქოპატები იჩენენ, ეს რამდენად რეალურია და ზოგადად, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ბავშვის ასეთი ქცევა ცხოველის მიმართ?

დიახ, ეს რეალურია. ბავშვი გადის განვითარების ეტაპებს, რომლის გაკონტროლება და ზედამხედველობაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის. როცა ბავშვს აქვს ერთწლიანი კრიზისი, ეს თავისებურ მიდგომას და თანადგომას საჭიროებს, ვიდრე სამი წლის ასაკის კრიზისი, როცა ბავშვი ჭირვეულია, თავის პიროვნებას აფიქსირებს – ამ დროს მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ შეუწყოს მას ხელი, როგორ შეძლოს, რომ ბავშვმა სადავეები ხელში არ აიღოს. შემდეგ მოდის 7-დან 9 წლამდე ასაკის კრიზისი – ეს ეტაპები ზუსტად გვაჩვენებს ბავშვის ფსიქიკაში მიმდინარე პროცესებს და თუ კი ამ დროს ბავშვი განსაკუთრებით აგრესიულია, ძალადობს და აწვალებს ცხოველს, ეს შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ შემდგომში ფსიქიკურ აშლილობასთანაც გვქონდეს საქმე. ის, რაც თქვენ დაასახელეთ, ფსიქიკური აშლილობის ფორმაა და იმისთვის, რომ მომავალში ასეთი მძიმე ფორმის აშლილობები ავიცილოთ თავიდან, საჭიროა ბავშვის დახმარება, მისი გაკონტროლება ამ ასაკში. გახსოვთ ალბათ, ახლახან ბავშვების მიერ ნაწამები ლეკვის შემთხვევა _ ვერ გავამართლებ ნამდვილად, ძალიან რთულია ამის პატიება, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა მათი მთელი სიმკაცრით დასჯა მოითხოვა და ეს ნამვილად არ არის გამოსავალი. მათ სჭირდებათ თანადგომა და არა დასჯა. ამ ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ სპეციალისტის დახმარება და ფსიქოთერაპია, რომ შემდგომში სწორად გაიაზრონ თავიანთი საქციელის მნიშვნელობა.

  • თავად ცხოველებთან ურთიერთობაც ხომ გამოიყენება ერთგვარ თერაპიად, რამდენად ეფექტურია ის?

დიახ, ცხოველებთან ურთიერთობა აქტიურად გამოიყენება ფსიქოლოგიაში. როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვები როცა ცხოველებთან იზრდებიან, მათთან ურთიერთობისას იღებენ იმპულსებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს ბავშვებზე. სწორედ ეს, ცხოველებთან ურთიერთობის დროს მიღებული იმპულსებია ამ თერაპიის საფუძველი. აქტიურად გამოიყენება ცხენების თერაპია, დელფინების თერაპია, ურთიერთობა ძაღლებთან, კატებთან… ეს განსაკუთრებით კარგად მუშაობს ისეთ რთულ პრობლემებთან, როგორიცაა: აუტიზმი, როცა პირდაპირ ინიშნება ცხენების თერაპია. რაიდთერაპიის (ცხენების თერაპია) დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები უშუალო კონტაქტში იყვნენ ცხოველთან – უნაგირზე კი არ სხედან, ცხენზე ნაჭერია გადაფარებული და პირდაპირ ისე სხედან, რომ ცხენიდან წამოსული იმპულსები მიიღონ. ცხოველები ჩვენი მეგობრები არიან, მათ ბევრი დადებითის მოცემა შეუძლიათ და ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ დადებითის გამოყენება. რთული ფსიქიკური პრობლემების შემთხვევაში, ხშირად დანიშნულებაში, პირდაპირ ურჩევენ ხოლმე, რომ ძაღლი იყოლიონ სახლში, ზოგჯერ კატაც სასურველია, მაგრამ ისინი ცოტა უფრო ჭირვეული ცხოველები არიან, ძაღლი კი ბევრად უფრო დამყოლია, თუმცა ყველა პრობლემაზე სხვადასხვა ჯიშის ძაღლია რეკომენდებული, ამას უშუალოდ სპეციალისტი ნიშნავს საჭიროების მიხედვით. მაგალითად, თუ ბავშვი ზედმეტად აქტიურია (ჰიპერაქტიურია), მას პირიქით – მშვიდი ძაღლი სჭირდება, რომ მან ასეთი იმპულსები გასცეს და ბავშვს მისცეს დამშვიდების საშუალება, თუ ბავშვი მოდუნებულია, ძალიან მშვიდია – მას სხვა ჯიშის ძაღლი სჭირდება და ა.შ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: