კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

რუსული პროპაგანდა, ხელისუფლება და საზოგადოების რეაქცია

12.08.2016 • 3233
რუსული პროპაგანდა, ხელისუფლება და საზოგადოების რეაქცია

რას უკავშირდება ბოლო დროს პრორუსული ჯგუფების გააქტიურება საქართველოში? რატომ დუმს ხელისუფლება და რა არის რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.

 ბოლო დროს რუსული პროპაგანდა საქართველოში გასცდა მედიის საზღვრებს, გასულ კვირას გამოჩნდა ჭიქა-სუვენირები რუსეთ-საქართველოს სიყვარულზე, ნაყინი სახელწოდებით  -„СССР“, სხვადასხვა ჯგუფმა ღიად გამოიტანა საბჭოთა სიმბოლიკაც… რას უკავშირდება საქართველოში პრორუსული პროპაგანდის გაძლიერება?

პირველ რიგში, ალბათ უნდა დავიწყოთ იქედან, რომ წინასაარჩევნო გარემოა და პრორუსული ძალები წინასაარჩევნოდ ცდილობენ გააქტიურებას, რადგან ამ პერიოდში მოსახლეობის პოლიტიზების დონე საკმაოდ მაღალია. ისინი ცდილობენ, გაახმოვანონ ის ძირითადი გზავნილები, რაც აქვთ, რადგან სხვა დროს შეიძლება ასეთი ინტერესი არ გამოიწვიოს საზოგადოებაში.

ამას ემატება საგარეო პოლიტიკური კონტექსტიც – რუსეთი ცდილობს ბოლო პერიოდში პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე გავლენა გააძლიეროს. ეს იმაშიც აისახება, რომ ისინი საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ, რათა გარკვეულწილად მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ცვლილებები.

ვისზე და რაზეა გათვლილი ეს პროპაგანდა, ვინ არის სამიზნე ჯგუფი?

პროპაგანდა მუშაობს რამდენიმე მიმართულებით, პირველი ეს არის ნოსტალგია – მისი სამიზნე ჯგუფი 50 წელს გადაცილებული ადამიანები არიან, რომელთაც ჯერ კიდევ ახსოვთ და აქვთ საბჭოთა ნოსტალგია, მეორე მიმართულებაა რელიგიური სოლიდარობა, ამ მხრივ მართლმადიდებლობა საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. რუსეთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებს (მათ შორის საქართველოს) შორის ძალიან ბევრი საერთო არსებობს, ისინი სწორედ ამის გაღვივებას ცდილობენ, რათა ამ ქვეყნების პოლიტიკურმა ლიდერებმა და საზოგადოებამ ზურგი აქციოს დასავლეთს. მესამე მიმართულებაა ეკონომიკა. თუ გადავხედავთ რუსეთისა და საქართველოს სავაჭრო დინამიკას, იგი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საკმაოდ შეიცვალა, რუსეთი საქართველოს უკვე ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო პარტნიორი გახდა, რაც მთლიანობაში ცუდი არ იქნება, უბრალოდ ამან არ უნდა მიიღოს ისეთი ხასიათი, რომ ზედმეტად დამოკიდებულები გავხდეთ რუსულ ეკონომიკაზე. ამას ემატება პროპაგანდა სუფთა პოლიტიკური თვალსაზრისითაც, როცა ისინი ცდილობენ გარკვეული სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების საკუთარ მხარეზე გადაბირებას და მათ გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. სამიზნე ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში, ქმნიან პრორუსულ ჯგუფებს, რომლებიც შექმნიან გარკვეულ პოლიტიკურ ამინდს და პარლამენტში მოხვედრის შემდეგ შეძლებენ გარკვეულწილად საგარეო პოლიტიკური კურსის კორექტირებას, იგივე ევრაზიულ კავშირთან მიმართებაში.

 საქართველოში ვინ დგას ამ ჯგუფების უკან? გასაგებია კრემლის ინტერესები, მაგრამ ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლების დროს ეს ჯგუფები არ ჩანდნენ, თუმცა ბოლო წლებში სურათი შეიცვალა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეიცვალა დამოკიდებულება ამ ჯგუფების მიმართ. თუ იქამდე მათ ეშინოდათ სერიოზული შეხვედრების ჩატარება, ახლა არაფერი აშინებთ, პირიქით შეტევაზე გადმოდიან კიდეც. იყენებენ ინფორმაციის მასობრივი გავრცელების სხვადასხვა საშუალებას. მთლიანობაში, ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს ამას, მაგრამ ხელსაც რომ არ უშლის _ ფაქტია.

ვერ ვიხსენებ ვერც ერთ შემთხვევას, გარდა პრემიერის უკანასკნელი განცხადებისა, ვალერი კვარაცხელიას მოძრაობასთან და საბჭოთა ატრიბუტიკის გამოყენებასთან დაკავშირებით. ბოლო დროს ამ ჯგუფების მხრიდან ხშირი იყო კანონის დარღვევის შემთხვევებიც და ხელისუფლების მხრიდან ამას არანაირი რეაქცია არ ჰქონია. ბუნებრივია იბადება ეჭვი, რომ ხელისუფლება თუ ხელს არ უწყობს, რატომ არ უშლის, ვინ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, თუ ეს ძალები კიდევ უფრო გააქტიურდებიან, რამაც შესაძლოა წინასაარჩევნოდ არც ისე კარგი პროცესები გამოიწვიოს. სწორედ ხელისუფლება იქნება პასუხისმგებელი ამ პროცესებზე და გაუგებარია, თუ რატომ არ აქვთ მათ კონკრეტული პოზიცია ამ ჯგუფებთან დაკავშირებით.

 თქვენი აზრით, აქვთ თუ არა კავშირი პრორუსულ ჯგუფებს ერთმანეთთან? ერთი შეხედვით სხვადასხვა ჯგუფებია, იკითხება მათ მიღმა ერთი ხელწერა? ასევე, როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელია თუ არა პრორუსული ძალების გაერთიანება 2016 წლის არჩევნებზე?

ცოტა რთულია ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა, მაგრამ ფაქტია – ისინი ამ მომენტში ცდილობენ სხვადასხვა მესიჯებით სხვადასხვა სოციალურ ფენას გადასწვდნენ, თუმცა თუ საჭირო გახდება, ალბათ გაერთიანდებიან კიდეც. ამ ეტაპზე გაერთიანება არ არის მიზანი, რადგან უფრო ადვილი იქნებოდა მათი მარგინალიზება. იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდება სათანადო მომენტი, რა თქმა უნდა, ეს ხალხი მზად იქნება. აი, აქ არის ხელისუფლების ვალდებულება, თუ რას აკეთებს ის, იცის თუ არა მათი მიზნები და ა.შ. მაგალითად, როცა რუსეთის დუმის დეპუტატი ჩამოდის მეჭიაურთან ერთად, აკეთებს განცხადებას, ეს უკვე ყურადსაღები უნდა იყოს. ხელისუფლება თავს არიდებს იმას, რომ გააკეთოს მკვეთრი განცხადებები და ეს გაურკვევლობას იწვევს საზოგადოების დიდ ნაწილში.

რამდენად ადეკვატურია ამ დროს საზოგადოების რეაქცია რუსულ პროპაგანდაზე?

საბედნიეროდ საზოგადოებას კარგად ესმის ეს საფრთხეები, დამოკიდებულება ამ ჯგუფების მიმართ არის აბსოლუტურად ადეკვატური, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დაბრკოლება ამ ჯგუფებისთვის, იმიტომ, რომ მათ ვერ მოახერხეს ჯერჯერობით, მათი მესიჯები გახდეს მაინსტრიმი. ანუ ისინი თავიანთი ლოზუნგებითა და აქტივობებით ყურადღებას კი იპყრობენ, აქტიურდებიან, მაგრამ მათი მესიჯები ვერ გახდა დღის წესრიგი – ეს სწორედ საზოგადოების დამსახურებაა და არა ხელისუფლების.

აქედან გამომდინარე, საზოგადოების იმედზე უნდა ვიყოთ ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ ერთადერთი დამცავი მექანიზმი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, არის საზოგადოების ჯგუფების თვითორგანიზება, განსაკუთრებით ახალგაზრდების. არ არის აუცილებელი, რომ ეროვნული უსაფრთხოების დონის პრობლემის გაჩენის შემდეგ მიექცეს ამას ყურადღება, ამ ბოლო დროს ჩანს, რომ ისინი ცოტა უფრო აგრესიულები გახდნენ, წინათ ასე არ იყვნენ, ტონი შეიცვალა, ბუნებრივია ხელისუფლებას მოუწევს ამაზე გარკვეული რეაგირება, ჯობია, ეს დროზე მოხდეს.

თუ ამ მხრივ არაფერი შეიცვალა ხელისუფლების მხრიდან, რა არის რუსული პროპაგანდის მთავარი საფრთხე საქართველოს შემთხვევაში? რომელიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის მაგალითი რომ გვითხრათ, სადაც ამ პროცესებს ცუდი შედეგები მოჰყვა.

თუნდაც ჩვენი მეზობელი სომხეთის მაგალითი ავიღოთ. მე არ ვამბობ, პროპაგანდის დამსახურებაა ის, რომ სომხეთი დღეს ევრაზიულ კავშირშია, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს იყო. თავის დროზე სომხეთს ჰქონდა ასეთი საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ისინი კომპლიმენტარიზმის პოლიტიკას ეძახდნენ, ანუ მათ უნდოდათ დასავლეთთან დაახლოება და ამავდროულად სურდათ რუსეთთან შეენარჩუნებინათ კარგი ურთიერთობა. ბუნებრივია ეს დიდ ხანს ვერ გაგრძელდებოდა და სწორედ ასეც მოხდა, ისინი ორ სკამზე ვერ დაჯდებოდნენ და ერთი სკამის არჩევა მოუხდათ. ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, სხვადასხვა წრეები და ელიტები მასმედიის პროპაგანდის საშუალებით ფაქტობრიად გადაბირებული იყო რუსეთის მხარეს. როდესაც ეს გადაწყვეტილება მათმა პრეზიდენტმა ერთ დღეში შეცვალა, ამას რეალურად არავინ შეწინააღმდეგებია, გარდა ერთი-ორი პატარა ჯგუფისა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სომხეთის შემთხვევაში ყარაბაღის კონფლიქტი იყო. საგულისხმოა, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების წამოწევას ცდილობს რუსული პროპაგანდა საქართველოს შემთხვევაშიც. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეცვლის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ, თეორიულად მოდის თემები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს დაკარგულ ტერიტორიებთან ურთიერთობის დალაგება და ა.შ. მათ ეს კარგად გამოიყენეს სომხეთის შემთხვევაში და ახლა ცდილობენ ეს მტკივნეული თემები ჩვენთანაც გამოიყენონ, რადგან იციან, რომ საქართველოს საზოგადოებაში როგორც ძლიერია ევროატლანტიკური სივრცისადმი მისწრაფება, ისეთივე დიდი მხარდაჭერა აქვს ტერიტორიულ მთლიანობასაც.

რა მიიჩნევა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად?

პროპაგანდასთან ბრძოლის ყველაზე კარგი საშუალებაა სიმართლე და ფაქტები, რაც ადვილი არ არის, მაგრამ სხვა ეფექტური გზა, მით უმეტეს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, არ არის. საჭიროა საზოგადოებასთან პირდაპირი მუშაობა. მაგალითად, როცა ჟღერდება ნარატივი, რომ რუსეთმა კარგი გააკეთა საქართველოსთვის ამა და ამ დროს (იგივე გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით), ისტორიკოსებისა და პოლიტოლოგების ჯგუფებმა, რომელთაც გარკვეული ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში, ძალიან მოკლედ და გასაგებ ენაზე უნდა განუმარტონ მოსახლეობას, თუ რა არის რეალურად სიმართლე ამა თუ იმ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და ეს უნდა გაჟღერდეს მასმედიის საშუალებით.

ფოტო: რადიო „თავისუფლება” 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: