კვირის ამბები,მთავარი

როცა მართლმსაჯულება წლობით იგვიანებს – დაუსრულებელი საქმეების ქრონიკა

13.08.2016 •
როცა მართლმსაჯულება წლობით იგვიანებს – დაუსრულებელი საქმეების ქრონიკა

16 აგვისტოს ზუსტად 8 წელი სრულდება სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობიდან. აგვისტოს ომის მონაწილე ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს ოფიციალურად ნარკოტიკების შენახვა-რეალიზებისთვის. ოფიციალური ვერსიით, როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის დროს მოხდა. 8 წლის წინ დაწყებული გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. შეიცვალა ის, რომ საქმე აჭარის პროკურატურიდან თბილისში გადააგზავნეს. საქმის ზედამხედველი პროკურორი, გიორგი გრატიაშვილი კი მოსამართლე გახდა. სასამართლოში არაერთია ისეთი საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში განიხილავენ – უსასრულოდ.

როინ შავაძის ცოლს, ციცინო შავაძეს, მიმდინარე წლის ივლისში მიანიჭა პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი. მანამდე ცოტა ხნით ადრე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ როინ შავაძის საქმე წარმოებაში მიიღო. სხვადასხვა დარღვევებთან ერთად, სარჩელში ევროპული კონვენციის მე-13 მუხლია ხაზგასმული, რაც სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარებას გულისხმობს. „ევროპის სასამართლოს საქართველოს სახელმწიფომ იუსტიციის სამინისტროს სახელით მისწერა, რომ არ არსებობს საქმეში მტკიცებულებები, რაც მატერიალურ და მორალურ ზიანს დაადასტურებსო“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

8 წლის წინ ციცინო შავაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისი მეუღლე სასტიკად იყო ნაწამები: „როინის სხეული ტყვიებით იყო დაცხრილული, თითქმის ყველა თითი, მკლავები და ფეხები დამტვრეული, ხორცები დაგლეჯილი ჰქონდა…“

ციცინო შავაძეს საქმის მასალებს არც დღეს აცნობენ. დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შემდეგ ციცინო შავაძეს აჭარის პროკურატურიდან უთხრეს, რომ მისი საქმე თბილისის პროკურატურამ წაიღო. რამინ პაპიძე, ადვოკატი: „ფაქტობრივად ისევ უარს გვეუბნებიან გავიგოთ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. თბილისსაც არ მოუწერია ჯერ პასუხი. ამ საქმემ თითქმის ყველა პროკურორი მოიარა. მათ შორის იყო გიორგი გრატიაშვილი, რომელიც ახლა უკვე მოსამართლეა…“

„გამოძიება 8 წელი თუ ვერ ჩატარდა, ესე იგი, არ ჩატარებულა არაფერი. არ აქვთ საკმარისი უნარი, რომ გამოიძიონ, ან ამის ნება არ აქვთ… ამდენ ხანს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გრძელდებოდეს გამოძიება, როცა საქმე გაუხსნელია. როინ შავაძე ეს შემთხვევა ვერ იქნება,“ – ამბობს ადვოკატი ედიშერ მახარაძე.

გამოძიება არ დასრულებულა არც ქობულეთის მედრესეს საქმეზე, სადაც 2014 წლის სექტემბერში ქობულეთელებმა მედრესეზე ღორის თავი მიაჭედეს და იქ შესვლის უფლება მუსლიმ მრევლს არ მისცეს. 2014 წლის დეკემბერში საქმის განხილვა სასამართლომ დაიწყო, რაც დღემდე არ დასრულებულა.

„სოციალური შიში ამ საქმის მიმართ ალბათ სასამართლოს აქვს,“ – ასე ხსნის თამთა მიქელაძე სასამართლო პროცესის გაჭიანურებას. ის „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელია და სასამართლოში მუსლიმი მრევლის ინტერესებს იცავს. თამთა არ გამორიცხავს, რომ წინასაარჩევნოდ შესაძლოა ხელისუფლებას ამ საქმის დასრულება არ აწყობდეს, განსაკუთრებით კი შედეგი, თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრიმინაციული მიდგომა დადასტურდება ამ საქმეში და ქობულეთში მუსლიმური მედრესე გაიხსნება: „ყოველ ჯერზე, როცა ხდებოდა საქმის გადადება, მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძისგან ვისმენდით არგუმენტს, რომ გადატვირთულია სასამართლო, დარბაზები არ იყო საკმარისი და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ სასამართლოს სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო ამ საქმის დროულად დასრულება. მით უმეტეს, განგრძობად უფლებების დარღვევაზე გვაქვს საუბარი – ამ ადამიანებს ისევ არ აძლევენ მედრესეს გახსნის უფლებას. რიგ შემთხვევებში, ორი და სამი თვით ხდებოდა საქმეების გადადება. ამ დროს ყოველთვის მქონდა განცდა, რომ მოსამართლეს შეეძლო უფრო დაჩქარებული წესით ემოქმედა.“

„მნიშვნელვანია საქმის დასრულება დროულად, გონივრულ ვადაში. ამ შემთხვევაში არ გაჩნდება კითხვები სასამართლოს მიუკერძოებლობასა თუ პოლიტიკურ გავლენებზე,“ – მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე გიორგი ხიმშიაშვილი. მისი აზრით, გაჭიანურებას ვერ ამართლებს ის, რომ მოსამართლე რამდენჯერმე შეიცვალა იგივე ქობულეთის მედრესეს საქმეში. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, სამოქალაქო საქმის განხილვა სასამართლომ 2 თვეში უნდა დაასრულოს, გამონაკლის შემთხვევებში – 5 თვეში. სამოქალაქო კანონმდებლობის გარდა, ირღვევა „გონივრული ვადის“ პრინციპი, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის~ მე-6 მუხლი ითვალისწინებს.

სასამართლოში უფრო მეტად სისხლის სამართლის საქმეების განხილვა ჭიანურდება. მაგალითად, იაგო ც.-ს შესახებ „ბათუმელები“ მაისში წერდა. მას იარაღის უკანონო ტარება ედება ბრალად. ბრალდებულმა ექსპერტიზა საკუთარი ხარჯით დაუკვეთა და აღმოჩნდა, რომ ნაჭერზე, რაშიც იარაღი იყო გახვეული, პოლიციის საიდუმლო აგენტის თითის ანაბეჭდები იყო. პოლიციის თანამშრომლის გაშიფვრის შემდეგ, სასამართლო სხდომა ჯერ დაიხურა, შემდეგ – საერთოდ შეწყდა. ამ საქმეზე სხდომა გასული წლის ნოემბრის შემდეგ აღარ ჩატარებულა. გასული წლის ბოლოს საქმე მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა [ის ხელვაჩაურის სასამართლოში გადაიყვანეს] მოსამართლე ირაკლი შავაძეს გადააბარა.

მოსამართლე ირაკლი შავაძეს კიდევ ერთი საქმე აქვს, რომლის საბოლოო გადაწყვეტილებაც გასული წლის დეკემბერში უნდა გამოცხადებულიყო: „ზაზა ნაჭყებია ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს უფროსად მუშაობდა. მას სამსახურებრივ გულგრილობაში ედება ბრალი,“ – გვიყვება ადვოკატი პაატა ბოლქვაძე: „გასული წლის 28 დეკემბერს უნდა მოესმინა მოსამართლეს დასკვნითი სიტყვები, მაგრამ პროკურორი გიორგი თორდია არ მოვიდა სხდომაზე. მანამდე პროკურორი გიორგი გაჩეჩილაძე ამ საქმეზე სასამართლოს უპატივცემულობისთვის მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მას შემდეგ სხდომა აღარ ჩანიშნულა.“

ზაზა ნაჭყებია და იაგო ც.-ც წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებიან. ზოგიერთი ადვოკატი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით ის საქმეები ჭიანურდება, სადაც წინასწარი პატიმრობა ბრალდებულს შეფარდებული არ აქვს [წინასწარი პატიმრობის შემთხვევაში აუცილებელია საქმის განხილვა 9 თვეში დასრულდეს]. 2015 წლის 8 ივლისს შევიდა ცვლილება „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, რომლის მიხედვითაც საქმე, სადაც ბრალდებული პატიმრობაში არ იმყოფება, უნდა დასრულდეს მაქსიმუმ ორ წელიწადში.

„საქმის დაუსრულებლობა აწყობს პროკურატურას. ვერ ვიტყვი, რომ მათ პირდაპირი გავლენა აქვთ მოსამართლეებზე, მაგრამ ჩანს, რომ ისინი ანგარიშს უწევენ პროკურორებს,“ – ასე ხედავს სასამართლოში საქმის გაჭიანურების მიზეზს ადვოკატი ედიშერ მახარაძე: „თუ კარგად დავაკვირდებით, ჭიანურდება განსაკუთრებით ის საქმეები, სადაც დიდი ალბათობით გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს. ეს კი პროკურატურის სისუსტეს ნიშნავს. გამოდის, რომ სახელმწიფო მბრალდებელმა უსაფუძვლოდ დასდო ბრალი ადამიანს. გარდა ამისა, დრო როცა გადის, ის პროკურორი გადადის სხვაგან, აწინაურებენ, ზოგიერთი მოსამართლე ხდება… იკარგება ემოციური ფონიც, რაც კონკრეტულ საქმეს ახლავს, მტკიცებულებებსაც აღარ აქვს იგივე აქტუალობა. ვფიქრობ, ორწლიანი ვადის დაწესება მნიშვნელოვნად მოაგვარებს ამ პრობლემას,“ – ამბობს ადვოკატი ედიშერ მახარაძე.

2014 წლის 4 მარტიდან განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი „ბათუმის ციხის საქმეს“. საქმეში ორი ბრალდებულია, ბათუმის მე-3 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი უფროსები – გიორგი ვეკუა და ზაზა ჯიქია. მათ ათობით პატიმარზე განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაში ედებათ ბრალი. ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფებიან. ამ საქმეში პროკურატურამ 116 პირის დაკითხვა მოითხოვა. ადვოკატი პაატა ბოლქვაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით დაახლოებით 30 მოწმეა დაკითხული: „ეს საქმე ორ ხელისუფლებას ალბათ კიდევ მოიცვლის…“

„ბათუმის ციხის საქმეზე“ ერთ-ერთმა მოწმემ, ყოფილმა პატიმარმა, ციხეში საკუთარი წამების ისტორიის მოყოლის შემდეგ მოსამართლეს ჰკითხა: „მე მაინტერესებს, რატომ არიან ისინი თავისუფლებაში? ჩვენ როცა დანაშაული ჩავიდინეთ, ორ თვეში გაგვასამართლეთ, ეს მწამებლები კი ორი წელია გარეთ არიან, ესაა სამართალი, ბატონო მოსამართლევ?…“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: