უფასო ნაყინი და გასართობი ღონისძიებები ბავშვებისთვის

ხვალ, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის მერია 6 მაისის პარკში ბავშვებისთვის გასართობ ღონისძიებებს გეგმავს. მერიის ინფორმაციით, ღონისძიებები 12 საათიდან დაიწყება.

მუსიკალურ-თეატრალური და გასართობი კონცერტები ჩატარდება ბათუმის საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე და თოჯინების თეატრშიც. დაგეგმილია საზეიმო კონცერტები საბავშვო სტუდიების მონაწილეობით.

ღონისძიებების ორგანიზატორის – ბათუმის მერიის ინფორმაციით, პირველ ივნისს ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასო იქნება და მოეწყობა უფასო ნაყინის აქციაც.
13316890_1138402552886719_8631576904468775585_o

ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები [ფოტო]

ბათუმში ტურისტული სეზონი 28 მაისს გაიხსნა, ბულვარში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დასრულებულა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.
ამ დროისთვის ბორდიურების მოწყობის, მწვანე საფარის დაგების, გაზონების აღდგენის და სამშენებლო ნარჩენებისგან ტერიტორიის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

ბათუმში ტურისტული სეზონი 28 მაისს გაიხსნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები კი ჯერ კიდევ არ დასრულებულა

1 (17)

ბულვარში ფილების დაგებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ლიტომი“ აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლის, ჯანო რიჟვაძის ინფორმაციით, ძირითადი სამუშაოები პირველ ივნისს უნდა დასრულდეს:
„ამის შემდეგ დარჩება მხოლოდ ხარვეზების გამოსწორების სამუშაოები. ხარვეზები ნებისმიერ სამუშაოს ახლავს. შემდეგ უკვე მივმართავთ სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზისთვის, რაც არის  დამკვეთის მოთხოვნა.“

ბულვარში ფილების დაგებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ლიტომი“ აწარმოებს.
ბულვარში ფილების დაგებისა და ბორდიურების მოწყობის სამუშაოებს კომპანია „ლიტომი“ აწარმოებს.


ბათუმის ბულვარში ჯერ ჯიდევ ძველი სკამებია განთავსებული. ბულვარის ადმინისტრაციის შესყიდვების სამსახურში ამბობენ, რომ ადმინისტრაციამ სკამების შესაცვლელად ტენდერი უკვე გამოაცხადა, გამოვლენილია გამარჯვებულიც, რომელთანაც ხელშეკრულება ოთხ დღეში გაფორმდება. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი კომპანია ეტაპობრივად ჩაატარებს ძველი სკამების სარესტავრაციო სამუშაოებს. შესყიდვის ღირებულება 47 777 ლარია.

1 (20)

არღვევს თუ არა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კანონს მივლინებაში ყოფნის გამო

უსკოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს უმაღლეს საბჭოში კიდევ ერთხელ 6 ივნისს უყრიან კენჭს. კანონი კენჭისყრას კანდიდატის წარდგენიდან 14 დღეში ითვალისწინებს. უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობს, რომ ვადა 2 ივნისს იწურებოდა და კანონის მოთხოვნა საბჭოს თავმჯდომარემ მივლინებაში წასვლის გამო დაარღვია. ავთანდილ ბერიძე მივლინებით გერმანიაში იმყოფება.

„იმის გამო, რომ არავის აძლევს უფლებას სხდომა ჩაატაროს, თუნდაც ქართული ოცნებიდან, არღვევს კანონს“, – განაცხადა პეტრე ზამბახიძემ „ბათუმელებთან“.

„როგორც ჩანს, პეტრემ არასამუშაო დღეები არ გამოაკლო“, – განმარტა უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის უფროსმა ბესო შერვაშიძემ.

19 მაისიდან – 2 ივნისამდე 14-დღიანი ვადა ნამდვილად იწურება ოღონდ დასვენების დღეების ჩათვლით, ხოლო თუ დასვენების დღეებს გამოვაკლებთ, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადა არ ირღვევა.

უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დავით ქარცივაძის კანდიდატურას პირველად უმაღლესმა საბჭომ 19 მაისს უყარა ჯენჭი, კანდიდატს ხმების საჭირო რაოდენობამდე ერთი ხმა დააკლდა. კანონმდებლობა ერთი და იმავე კანდიდატურის კენჭისყრას უმაღლეს საბჭოში, ორჯერ ითვალისწინებს.

ბათუმის მერია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელახლა დაიწყო საქმის – ლაშა ბერძენიშვილი ბათუმის მერიის წინააღმდეგ- განხილვა. ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ ყოფილი დირექტორის საქმეს მოსამართლე თამარ ბურჯანაძე განიხილავს. ლაშა ბერძენიშვილი ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის მიერ ხელმოწერილი ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვს.

იმავე მოთხოვნებით ლაშა ბერძენიშვილმა უკვე მოუგო საქმე ბათუმის სასამართლოში მერიას და მიმდინარე წლის 29 იანვარს, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მოთხოვნით, სამსახურში დაბრუნდა. რამდენიმე დღეში, 2 თებერვალს კი, ლაშა ბერძენიშვილი გიორგი ერმაკოვმა ხელახლა გაათავისუფლა – ამჯერად, შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე.

დღეს, 31 მაისს, სასამართლო სხდომის გადადება ორივე მხარემ მოითხოვა. პროცესს ვერ დაესწრო ნინო სიორიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, შვებულებაში ყოფნის გამო. ეს ორგანიზაცია წინა და მიმდინარე პროცესებზეც ლაშა ბერძენიშვილის სამართლებრივ ინტერესს იცავს. პროცესის გადადება მოითხოვა ბათუმის მერიამაც, რასაც მოსამართლე დაეთანხმა: „როგორც ვიცით, 10 ივნისს არის ჩანიშნული უზენაესი სასამართლოს სხდომა და თქვენ მას ელოდებით,“ – მიანიშნა მერიის წარმომადგენელს გადადების მოტივი მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ.

ბათუმის მერია უზენაეს სასამართლოში საქმის მოგებას ელოდება. „მერს ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოს ა(ა)იპ-ის ან შპს-ს დირექტორის გათავისუფლება“ – მიიჩნევს ბათუმის მერიის იურისტი, ვახტანგ გედენიძე. მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში მოქმედებს არა შრომის, არამედ სამეწარმეო კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც დამფუძნებლებს ნებისმიერ დროს, ახსნა-განმარტების გარეშე შეუძლიათ დაქირავებული დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლება, თუკი მასთან ვადიანი ხელშეკრულება არ არის გაფორმებული.

„ბათუმელებთან“ საუბრის დროს ვახტან გედენიძემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განსხვავებული სამართლებრივი შეფასება ჰქონდა იმის მიუხედავად, რომ მერიამ ეს ინსტანციაც წააგო: „ბათუმის საქალაქო სასამართლომ თქვა, რომ ეს არის დავალების და არა შრომითი ხელშეკრულება, მაგრამ მიუხედავად ამისა, არგუმენტის და საფუძვლის გარეშე, დირექტორის გათავისუფლება არის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ქუთაისმა გაიზიარა მოსაზრება, რომ გათავისუფლება იყო უკანონო, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს არის შრომითი ურთიერთობა. იმედი მაქვს, უზენაესი სასამართლოსგან მაინც გავიგებთ დასაბუთებას, რის გამო შეიძლება არ ჰქონდეს მერს უფლება გაათავისუფლოს ა(ა)იპ-ის დირექტორი დასაბუთების გარეშე.“ – ამბობს ვახტანგ გედენიძე.

ლაშა ბერძენიშვილი ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორად 2015 წლის 23 აპრილს გათავისუფლდა. ის გიორგი ერმაკოვის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ხელახლა გათავისუფლებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მის აქტიურობას უკავშირებს. თუკი გიორგი ერმაკოვის გადაწვეტილებას უზენაესი სასამართლოც უკანონოდ მიიჩნევს, მერიას ლაშა ბერძენიშვილისთვის დაახლოებით 30 ათასი ლარი ექნება გადასახდელი განაცდურის სახით.

 

27 მილიონი ლარის ეკონომია ტენდერებიდან

საქართველოს სამინისტროების მიერ გამოცხადებული ტენდერებიდან მიმდინარე წლის სამ თვეში წარმოქმნილმა ეკონომიამ 27 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან, 18 მილიონი ლარი, მთავრობის გადაწყვეტილებით, მთავრობის სარეზერვო ფონდში გადაირიცხება. დანარჩენ თანხას კი ცალკეული საბიუჯეტო ორგანიზაციები თავად განკარგავენ.

ტენდერებიდან ყველაზე მეტი ეკონომია აქვს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს – 8,8 მილიონი ლარი [აქედან 2,5 მილიონი გადაირიცხება სარეზერვო ფონდში], შემდეგ მოდის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – 7 მილიონი ლარი [რაც მთლიანად გადაირიცხება მთავრობის სარეზერვო ფონდში] და შსს – 4,32 მილიონი ლარი [ფონდში გადაირიცხება 4,31 მილიონი].

2016 წლის იანვარ-მარტში ტენდერებიდან წარმოქმნილი ეკონომია უწყებების მიხედვით:

1---

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდში გადასარიცხი თანხა თითოეული უწყებიდან:

2----

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე იყიდება 35 კვ/მ გარემონტებული ბინა

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე იყიდება 35 კვ/მ გარემონტებული ბინა. ფასი 42 ათასი აშშ დოლარი.

samaklero.ge

5.

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე იყიდება 33 კვ/მ გარემონტებული ბინა

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე იყიდება 33 კვ/მ გარემონტებული ბინა. ფასი 38500 აშშ დოლარი.

samaklero.ge

4.

„სამხრეების შემოხევის“ ტენდენცია, თუ პოლიციის ხელწერა

პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით საქმეების რაოდენობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში იზრდება. ერთ-ერთ საქმეში 3 ბრალდებულს 3 პოლიციელი ედავება. პროკურატურისგან დაზარალებულად მიჩნეულმა პოლიციელებმა: მამუკა დიასამიძემ, იმედა ბერიძემ და ოთარ იშხნელიძემ სასამართლოს უთხრეს, რომ ბრალდებულებმა ისინი სიტყვიერად შეურაცხყვეს და პერანგები შემოახიეს. ამ პოლიციელებთაგან ერთ-ერთი სხვა საქმეშიც იმავეს ყვება. იქაც აქტუალურია პოლიციელისთვის სამხრეებიანი პერანგის შემოხევა.

„ცოტა უცნაურია, იძულების წესით მოვიყვანოთ მოწმის სახით სასამართლოში პოლიციელი“, – უპასუხა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ადვოკატ ზაზა პაპიძის შუამდგომლობას, როცა პროცესზე პოლიციელი პაატა წულუკიძე თავისი ნებით არ გამოცხადდა.

ადვოკატის თქმით, ამ პოლიციელის ჩვენება დაადასტურებს, რომ დანარჩენი სამი პოლიციელი, ვინც მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს დახეული მაისურები აჩვენა, იტყუება.

„სამივე ბრალდებული გასული წლის სექტემბერში დააკავეს ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში, სადაც მათთან ერთად კიდევ ექვსი ბიჭი შეიკრიბა დასალევად. ადგილზე პოლიციელებმა ცხრავე დააკავეს. დანარჩენი ექვსი დააჯარიმეს და ისე გამოუშვეს. დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელებმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თქვეს, რომ მხოლოდ სამი პირი დააკავეს. ეს პოლიციელი კი იტყვის, რომ მან 9 პირის დაკავების ოქმი შეადგინა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

„უცნაური ამბავია, როგორ შემოახია სამ პოლიციელს სამმა ბრალდებულმა მაისური და გაუწია წინააღმდეგობა, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გაყვნენ. ეჭვი მაქვს, ამ სამი ადამიანის წინააღმდეგ საქმე იმიტომ აღძრეს, რომ ისინი წარსულში ნარკოტიკების მოხმარებისთვის არიან ნასამართლევი. ამ შემთხვევაშიც სადავოდ არ ვხდით ნარკოტიკის ნაწილს, მაგრამ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ დასტურდება“, – ამბობს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი კობა ჯაბუა.

„თუკი პოლიციელები იტყოდნენ, რომ 9 პირი დააკავეს, გამოდიოდა, რომ დანარჩენი 6 უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. ასევე, სასამართლოს გაუჩნდებოდა ეჭვი, რომ ეს სამი დააკავეს არა იმიტომ, რომ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, არამედ იმიტომ, რომ პოლიციამ ჩათვალა იოლად დასაჯერებელი მათი ბრალეულობა, რადგან ისინი ნასამართლევები არიან. ამ გზით სურთ გამოჩნდეს, რომ თითქოს პოლიცია საქმეს ხსნის“, – ეს ადვოკატ ზაზა პაპიძის ვერსიაა.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი საბოლოოდ მხარეებს შეუთანხმდა, რომ პოლიციელს მისი თანაშემწე უშუალოდ დაუკავშირდებოდა. „თუ აარიდებს თავს, ეს უკვე შემდგომი დასკვნების გაკეთების საფუძველი იქნება“, – ამ სიტყვებით შეწყვიტა და საქმის განხილვა რამდენიმე დღით გადადო მოსამართლემ.

„პოლიციაში ერთნაირი ხელწერა გაჩნდა. არ ვიცი, რა მოტივი აქვთ პოლიციელებს, შესაძლოა, ეს იყოს პირადი ინტერესი, ან ძალის დემონსტრირების მცდელობა, მაგრამ რეალურად პოლიციას წინააღმდეგობას არავინ უწევს“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. მისი თქმით, მაგალითად, პოლიციელი მამუკა დიასამიძე ფიგურირებს სისხლის სამართლის სხვა საქმეებშიც: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსაც ბრალად ედებოდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. იქაც მამუკა დიასამიძემ იდენტურად აღწერა, თითქოსდა რა სიტყვებით შეურაცხყვეს. იქაც აღწერა, რომ სამსახურებრივი პერანგი შემოახიეს. აშკარაა, რომ იმატა ამ მიმართულებით სასამართლო განხილვებმა. გამოდის, თითქოს ყველამ ერთად პირი შეკრა და ერთნაირი მიდგომით აგინებენ და პერანგებს ახევენ პოლიციელებს“.

ბათუმის საქალაქო სასამართლო რამდენიმე დღეში დაიწყებს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მორიგი საქმის განხილვას. ამ შემთხვევაში, ბათუმის მესამე განყოფილების პოლიციელებმა გამოძიების ეტაპზე თქვეს, რომ მათ სასტუმრო „ლეო გრანდის“ წინ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა სცემეს.

„ჩვენ მოვიპოვეთ სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ სასტუმროს წინ ფიზიკურ დაპირისპირებას არ აქვს ადგილი. პოლიციელები ესაუბრებიან ორ ბრალდებულს, რის შემდეგაც ისინი სხდებიან პოლიციის მანქანაში. ეს ჩანს ვიდეოჩანაწერში. პირიქით, ბრალდებულებმა მოითხოვეს და უკვე დანიშნულია ექსპერტიზა, რომ დადგინდეს პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ შეაგინეს პოლიციის განყოფილებაში მიყვანილს, რის საპასუხოდაც ბრალდებულმაც შეიგინა, ამის შემდეგ კი პოლიციელებმა სცემეს“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

მსგავს საქმეზე ტყუილში პოლიციელები ერთხელ უკვე გამოიჭირა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. შალვა ქორიძის საქმეზე შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა მიხეილ ბარნოვმა, ასევე დეტექტივ-გამომძიებლებმა – მალხაზ დუმბაძემ, მინდია მალაყმაძემ და გიორგი ნაკაშიძემ თქვეს, რომ ბრალდებული თვითონ დააკავეს, პოლიციის პრესსამსახურის მიერ გადაღებული კადრებით კი, შალვა ქორიძეს სპეციალური რაზმი აკავებს. სწორედ ამიტომ ამ საქმეში ბრალდებულებს ბრალი მოეხსნათ.

100 ათასი ლარი არარსებული თანამდებობის პირის აპარატისთვის უმაღლეს საბჭოში

„უხერხულად ვარ, საქმეს ვერ ვაკეთებთ, მაგრამ გამოვიხურო კარი და წამოვიდე?“ – გვკითხა ალეკო ბაუჟაძემ უმაღლესი საბჭოდან, როცა გაიგო ჩვენი ინტერესის საგანი – რა საქმიანობას ეწევა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის აპარატი. ალეკო ბაუჟაძე იმ აპარატის ხელმძღვანელია, რომელიც არარსებულ თანამდებობის პირს ემსახურება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სავარძელი 2015 წლის 20 თებერვლიდან თავისუფალია, როცა დავით ბაციკაძე პოსტიდან გადააყენეს. ამ პერიოდში უმაღლესმა საბჭომ სწორედ იმიტომ, რომ ვიცე-სპიკერის არჩევა ვერ მოახერხა, არარსებულ საქმეში 103 950 ლარი უკვე გადაიხადა.

„პირდაპირ გეუბნებით, რა ქნას ამ ხალხმა, ადგეს და წავიდეს სამსახურიდან? არაფერს აკეთებენ, ჩემი აზრით, თუ აირჩევენ ვინმეს, მოემსახურებიან. პრობლემა არის ის, რომ უმრავლესობა არ არის და ვერ ვირჩევთ თავმჯდომარის მოადგილეს“, _ ამბობს დავით ბაციკაძე, უმაღლესი საბჭოს ყოფილი ვიცე-სპიკერი. მიუხედავად იმისა, რომ მისი კაბინეტი დაკეტილია, „მუშაობას განაგრძობს“ აპარატი სამი კაცის შემადგენლობით – აპარატის თავმჯდომარე, თანაშემწე და სპეციალისტი. ისინი ირწმუნებიან, რომ საქმე მაინც აქვთ და დავალებებს მათ უმაღლესი საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი აძლევს. „კონკრეტულად რას ვაკეთებთ, ახლა ვერ ვიხსენებ, მაგალითად, კომისიებს ვეხმარებით იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებაში, ასევე მივლინებების დროს ვეხმარებით აპარატს. რადგანაც არ გვყავს თავმჯდომარის მოადგილე, ვემორჩილებით უმაღლესი საბჭოს აპარატს“, – გვეუბნება არარსებული ვიცე-სპიკერის აპარატის უფროსი, ალეკო ბაუჟაძე.

„დავით ბაციკაძესთან შეხება აღარ მაქვს. ჩვენ ვართ უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადით დანიშნულები და ველოდებით, როდის აირჩევენ ვიცე-სპიკერს“, – გვითხრა არარსებული ვიცე-სპიკერის თანაშემწე თეა ხოშტარიამ. ბოლო დროს გაკეთებული საქმეებიდან „ბათუმელებთან“ თეამ გაიხსენა, რომ ბოლოს საბჭოს აპარატის უფროსს დაეხმარა მივლინებაში გასამგზავრებლად: „ვიზასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია მოვამზადე.“

რამდენი იხარჯება ყოველთვიურად ვიცე-სპიკერის აპარატის შენახვისთვის? – საჯარო ინფორმაციაზე უმაღლესმა საბჭომ სრულად არ გვიპასუხა. საბჭომ მხოლოდ ამ სამი თანამშრომლის ჯამური შრომის ანაზღაურება გაგვიმხილა, რომელიც თვეში 6930 ლარია.

არარსებული თანამდებობის პირის აპარატის წევრები არ ფიქრობენ, რომ მათ ხელფასებში გადახდილი ფული არამიზნობრივი ხარჯია.

„ეს არის ვერარჩევის პრობლემა. ვთქვათ, აირჩიეს, მერე რა უნდა გაკეთდეს? რატომ ვერ აირჩიეს, ჯერ ეს გაირკვეს. აპარატი იყო, არის და იქნება. შეიძლება, ბევრ რამეზე ვერ მოხერხდეს შეთანხმება, ასე უმრავლესობაც არ არის საბჭოში, მაშინ უმაღლესი საბჭოც უნდა გაუქმდეს?“ – ასე დაგვიბრუნა კითხვები კითხვებზე ვიცე-სპიკერის აპარატის ხელმძღვანელმა ალეკო ბაუჟაძემ.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ არაფერში გადახდილ ფულზე პასუხისმგებლობა უმაღლესი საბჭოს თითოეულ წევრს ეკისრება. „უმაღლესი საბჭოს ეს მოცემულობა აჩვენებს მათ დამოკიდებულებას როგორც საკუთარი ამომრჩევლის, ისე კანონის წინაშე. ეს არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობის შემთხვევა, რომელიც ნეგატიურად აისახება ჩვენს ბიუჯეტზე. ნაცვლად იმისა, რომ უმაღლესი საბჭო უნდა იყოს მისაბაძი სახელმწიფო უწყება, ის ხდება საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის სუბიექტი“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

„ნებისმიერი ხარჯი, რომელიც არამიზნობრივია, ცუდია“, – ასე ხედავს დეპუტატის პასუხისმგებლობას იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე. ამბობს, რომ ეს საკითხი არაერთხელ გააქტიურა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძესთან, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო: „მე მაინტერესებს ვის დავალებებს ასრულებს ეს ხალხი და რატომ. რადგან დარჩა ეს ხალხი სამსახურში, ავთანდილ ბერიძეს უნდა გაეკეთებინა ახსნა-განმარტება, მაგრამ ვერ მივიღეთ. ამიტომაც დღის წესრიგში სწორედ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხი უნდა დადგეს“. ავთანდილ ბერიძემ ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ სასაუბროდ ვერ მოიცალა. უმაღლესი საბჭოს ამ მოწვევის უფლებამოსილების ამოწურვამდე კიდევ 5 თვეა დარჩენილი. გამოდის, უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერის აურჩევლობის შემთხვევაში, არაფრის გაკეთებისთვის, მინიმუმ 34 650 ლარი კიდევ დაიხარჯება.

„ჩვენთან ის ცხოვრება არაა, ექიმთან პრევენციის მიზნით იარო“ – რას ამბობენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მაღალმთიან აჭარაში

რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად ექიმს მაღალმთიან აჭარაში იშვიათად მიმართავენ. გინეკოლოგის კაბინეტთან ძირითადად გათხოვილ, მეტწილად ორსულ ქალებს შეხვდებით. რეპროდუქციული ჯანმრთელობა ის საკითხია, რაზეც აქ ხმამაღლა არავინ საუბრობს.

ხულოს საავადმყოფოს გინეკოლოგიურ კაბინეტთან ხალხმრავლობაა. თავის რიგს აქ ბევრი ორსული ქალი ელოდება. 30 წლის დარინა მეორედაა ორსულად. იგი ამბობს, რომ გინეკოლოგს მხოლოდ ორსულობის დროს აკითხავს, არც ძუძუსა და საშვილოსნოს სკრინინგზე და არც პაპილომა ვირუსის ვაქცინაზე სმენია არაფერი.

კითხვას, რა იციან რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე – ქალები დუმილით პასუხობენ.

24 წლის მზიური, რომელიც ახლა მესამედაა ფეხმძიმედ, ამბობს, რომ პირველად გინეკოლოგს ორსულმა მიაკითხა და იმ შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც ექიმმა გამოსაკვლევად ბათუმში გაუშვა.

„ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც რაღაც ვირუსთან დაკავშირებით გამოსაკვლევად ექიმმა ბათუმში გამიშვა, სხვა ყველა მომსახურებას ადგილზე გვიწევენ. ჩვენთან კონსულტაციის მიზნით საავადმყოფოში არავინ დადის, მითუმეტეს გინეკოლოგთან, თუ არ გაითიშა და სასწრაფომ არ ჩამოიყვანა საავადმყოფოში, უბრალოდ რომ გამოიკვლიონ, ასეთი რამე არ ხდება“ – გვიყვება მზიური.

„ბათუმელებმა“ ამ თემაზე არა ერთი რესპონდენტი გამოკითხა. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ორსულობის დაგეგმვა, კონტრაცეპცია, სკრინინგი, ნაადრევი ქორწინების უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე და ასე შემდეგ – ძირითადად ნაცნობ-მეზობლებისგან და ტელევიზორით თუ იღებენ ინფორმაციას. ექიმს აქ მხოლოდ გადაუდებელ სიტუაციაში მიმართავენ და არა პრევენციისთვის.

რამდენად ხელმისაწვდომია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისები მაღალმთიან აჭარაში? ქედაში, შუახევსა და ხულოში არსებულ სამ საავადმყოფოს კომპანია „ევექსი“ მართავს, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხულოსა და ქედაში – სამ-სამი, ხოლო შუახევში ორი გინეკოლოგი მუშაობს. ადგილზე დასაქმებულ ექიმებთან გასაუბრების საშუალება, რომლებიც კარგად იცნობენ მათივე პაციენტების პრობლემებს, „ბათუმელებს“ „ევექსმა“ არ მისცა.

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მაია ბუცხიკიძე ბათუმის IVF ცენტრში მუშაობს. ის ამბობს, რომ ექიმთან კონსულტაციისთვის მომართვიანობის პრობლემა ქალაქშიც ხშირია და სოფელშიც, რაც ინფორმაციის ნაკლებობით აიხსნება. მისი თქმით, ექიმს გოგოები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ კი გამონაყარი ან ჭარბთმიანობა შეაწუხებთ.

„რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ქალმა ექიმს პირველად მენსტრუაციული ციკლის დაწყებისთანავე უნდა მიმართოს. რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები სხვადასხვანაირად იჩენს თავს და ეს შეიძლება გამოიწვიოს როგორც ჰორმონების დარღვევამ, ასევე სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებამ და სხვა მიზეზებმა.

კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად მსმენია, რომ მტკივნეული მენსტრუაცია აქვთ, რაც ასე არ უნდა იყოს. მოზარდის აღნაგობა, მისი თმიანობა ბევრ რამეს კარნახობს ექიმს, რადგან ჭარბი წონა და თმიანობა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დარღვევაზე მიუთითებს, ეს კი დამატებით კვლევებს და მკურნალობას მოითხოვს.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებიდან ყურადღება უნდა მიექცეს ფლამედიას, რომელსაც შეუძლია 6 თვეში შეახორცოს საშვილოსნოს მილები, ერთი წელი გავიდეს, ორი და ქალი არ დაფეხმძიმდეს, რადგან საშვილოსნოს მილები გაუვალია,“ – ამბობს ექიმი.

რეპროდუქტოლოგის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ქალები კონსულტაციისა და გამოკვლევის მიზნით დროულად მიმართავენ ექიმს, მნიშვნელოვნად შეიძლება შემცირდეს ქალებში გავრცელებული ისეთი დაავადებები, როგორიცაა მკერდისა და საშვილოსნოს კიბო.

„უნდა ხდებოდეს ქალის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, პაპ ტესტის ჩატარება, სკრინინგი. წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მივიდეს ექიმთან ქალი. თუ დროულად მოხდება კონსულტაცია, მნიშვნელოვნად შემცირდება საშვილოსნოს ყელისა და მკერდის კიბოს შემთხვევები,“ – ამბობს ექიმი და სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე ქალებს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ურჩევს. იგი განმარტავს, რომ ეს ვაქცინა ქალს დასნებოვნებისგან იცავს, რაც შეეხება სკრინინგს, მისი თქმით, „სკრინინგის საჭიროება ინდივიდუალურია, თუმცა წელიწადში ერთხელაც თუ ჩატარდება, მისასალმებელი იქნება“.

ექიმთან კონსულტაციაზე მისვლისგან რომ ბევრი ქალი თავს იკავებს, ამის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ინფორმაციის დეფიციტიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად პრევენციის როლზე.

„თქვენ ახლა რასაც პრევენციას ეძახით, ჩემი თაობის ქალები მაგ მიზნით არასდროს დავდიოდით გინეკოლოგებთან, მაგრამ შვილებიც გავაჩინეთ და გავზარდეთ კიდეც, რა საჭიროა გასათხოვარმა გოგომ საავადმყოფოში იაროს, თუ რამე პრობლემა არ აქვს?!“ – გვეუბნება შუახევში მცხოვრები ნაილე ფუტკარაძე.

მის მსგავსად სოფელში მცხოვრები ბევრი ფიქრობს, მაგრამ არიან ადამიანები, უფრო ხშირად ახალგაზრდები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პრევენცია კარგია, მაგრამ პრობლემას ამ თემაზე ადამიანების დამოკიდებულება უქმნის.

„პრევენციას რაც შეეხება, ჩვენთან ჯერ ის ცხოვრება არაა, ექიმთან პრევენციის მიზნით იარო. მართალია, ეს კარგია და ვფიქრობ აუცილებელიცაა, მაგრამ აქ ყველა სხვანაირად ფიქრობს, თუ წახვალ საავადმყოფოში და ვინმე დაგინახავს, ყველა წასვლის მიზეზს გკითხავს, იფიქრებენ ავად ხარ და რამე გიჭირს“ – გვეუბნება მაია.

esaმასალა მომზადდა “გაზეთ ბათუმელებისა” და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC), „თანადგომის“, „იდენტობის“, „ჰერა XXI“-ის ერთობლივი მუშაობით, პროექტის -“საქართველოს SRHR ორგანიზაციების მხარდაჭერა UPR პროცესში მონაწილეობისთვის”, რომელიც მხარდაჭერილია RFSU-ს მიერ. მასალაში წარმოდგენილი შეფასებები და პოზიცია შეიძლება არ წარმოადგენდეს RFSU-ს პოზიციას.

საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებული ძმები ხულოდან

თურქეთში, ქალაქ იზმირში მიმდინარე ჭაბუკთა საერთაშორისო ტურნირზე  ჭიდაობაში, ქართველმა ძმებმა, ლერი და ოთარ აბულაძეებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს.

ბერძნულ-რომაული ნაკრებიდან პირველი ადგილის მფლობელი ლერი აბულაძე გახდა, ოთარ აბულაძემ კი ამავე წონაში (58) ბრინჯაოს  მედალი მოიპოვა.

სპორტსმენი ძმები ხულოს მუნიციპალიტეტიდან არიან.

ტერიტორიაზე, სადაც, სავარაუდოდ, გრიგოლ ვოლსკის საფლავია, სამუშაოები შეჩერდა

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსების შიდა ეზოში,  სადაც  ცნობილი საზოგადო მოღვაწის, გრიგოლ ვოლსკის სავარაუდო საფლავია, საკომუნიკაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდება.  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩავლეიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ  არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე  ტექნიკური პრობლემებია მოსაგვარებელი.

„მაგ ადგილზე, სადაც ეკლესიის ნაშთებია და საფლავის მოკვლევა უნდა დაიწყოს, გადის მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელები. ეს რომ გამოვრთოთ, მაშინ ნახევარი კვარტალი გაითიშება. ამიტომ, ეს საკითხი ისე უნდა მოგვარდეს, რომ ელექტროენერგია ხნით დიდი არ გათიშოს“.

ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, მან წერილობით „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ხელმძღვანელობასაც მიმართა, რომ სამუშაოების წარმოების დროს, ეზოში დენი ორი საათით გაითიშოს. მისი თქმით, ამ დროის განმავლობაში შესაძლებელია ეკლესიის საძირკვლის გათხრა და იმის გარკვევა, ნამდვილად არის თუ არა იქ გრიგოლ ვოლსკის საფლავი.

ისტორიული წყაროების მიხედვით, ვოლსკი ეკლესიის შესასვლელთან იყო დაკრძალული, ამიტომ  ეს ადგილი უნდა დავადგინოთ სად არის. თუ იქ არ აღმოჩნდა, მაშინ სხვა ტერიტორიის გათხრას აზრი აღარ აქვს.

ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ  სამშენებლო სამუშაოების მწარმოებლები მოედანს, სადაც გათხრები უნდა დაიწყოს, ხვალ  დაასუფთავებენ და შემდეგ  დაიწყება  შესწავლა.

„იმ შემთხვევაში, თუ ეზოში გრიგოლ ვოლსკის საფლავი მართლა აღმოჩნდება, მის ნეშტს გადაასვენებენ, კორპუსების ეზოში კი შესაძლებელია  სიმბოლურად პატარა მემორიალიც გაკეთდეს“, – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

 

როგორ ვასწავლოთ „ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში

როგორ ასწავლიან და როგორ უნდა ისწავლებოდეს „ვეფხისტყაოსანი“ სკოლაში? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ ფილოლოგს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ლევან გიგინეიშვილს ესაუბრა.

  • ბატონო ლევან, რა/ვინ იყო ის, რამაც დაგაინტერესათვეფხისტყაოსნით“, იყო ეს სკოლა?

სკოლაში კარგი ქართულის მასწავლებელი მყავდა, მაგრამ, ზოგადად, სკოლის პროგრამა ისეა აწყობილი, რომ დამაინტრიგებელი შეიძლება არ გახდეს ტექსტი. უფრო იმისთვის გამზადებენ, როგორ დაწერო თემა ისე, რომ, დავუშვათ, მიგიღონ უმაღლეს სასწავლებელში. თემებიც სტანდარტიზებული იყო – „მეგობრობა ვეფხისტყაოსანში“, „ქალთა სახეები ვეფხისტყაოსანში“… თან, საზეპიროებს გვაძლევდნენ: აუცილებლად უნდა გესწავლა ავთანდილის ანდერძი, ნესტანის წერილი… ვიღაც სწავლობდა, ვიღაც არ სწავლობდა. უბრალოდ, შინაარსის ცოდნაზე იყო აქცენტი.

დამაინტრიგებელი თემები – სხვადასხვა ხელნაწერში რატომაა განსხვავება, რას ნიშნავს ეს და რატომ არის ასე და ა.შ. ასეთი რამ არ იყო. ამიტომ სკოლაში არ ჩავარდებოდი ისეთ ინტერესში რომელიმე ავტორით, რომ შემდეგ კვლევა მოგნდომებოდა.

უნივერსიტეტში სხვა დონეზე ვსწავლობდით და იქ „ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად დასწავლის აზრიც მომივიდა. დავიწყე სწავლა, – მივედი ავთანდილი ასმათს რომ ხვდება იქამდე. მერე უკვე მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება! ასე, ზეპირად სწავლას თუ აძალებ თავს, ტექსტი შეგძულდება. ძველ საქართველოში ხშირად და ბევრს კითხულობდნენ, ამიტომ იღებდნენ მერე ამ ზეპირ ცოდნას, მაგრამ ჩვენს ეპოქაში, როდესაც ამდენი სხვა ინფორმაციაა, ამდენი სხვა ტექსია, ძალადობა გამოდიოდა [„ვეფხისტყაოსნის“ დაზეპირება].

არის ასეთი გამოთქმა: ღმერთი ან ეშმაკი დეტალებშიაო და მეც აღმოვაჩინე, რომ „ვეფხისტყაოსანში“ ყველაზე საინტერესო რაღაცები სწორედ დეტალებშია.

აი, მაგალითად, იოანე პეტრიწზე რომ ვმუშაობდი, იქ არის [რუსთაველს იოანე პეტრიწისგან მიაქვს ტერმინოლოგია ძირითადად, თუმცა რაღაცებს ცვლის, მაგალითად, რუსთაველი არ ამბობს „ტრფიალებას“, ის ამბობს „მიჯნურობას“. რუსთაველი აღმოსავლურ სიტყვას იყენებს] სიტყვა „ნივთი“, რაც ნიშნავს მატერიას, მასალას. მასალა არის პოტენცია, რაც უნდა გახდეს, აქტუალიზირდეს მერე ნივთი. როდესაც ავთანდილი გადაწყვეტს ტარიელის მოძებნას, რუსთაველი ამბობს ავთანდილზე: „იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი“ – სოფელი არის მთელი სამყარო; აი, ბოლო სიტყვებზე: „იგია ნივთი და ვალი“ – რატომ არის ავთანდილი ნივთი და ვალი?! სულ ვფიქრობდი ამაზე და უცებ ამენთო თავში: აჰაა, პეტრიწს აქვს ეს „ნივთი“, ნივთი არის პოტენცია, „ვალი“ არის მოვალეობა. გამოდის, რომ ის პოტენცია, რაც ავთანდილშია – ავალდებულებს მას, გახდეს სრულყოფილი ადამიანი, ანუ „ლხინი სოფლისა“, მთელი სოფლის, კოსმოსის სიხარული.

რაღაც ასეთი უცებ აინთება, ფილოსოფიური აზრი და ძალიან საინტერესოა. ასევე საინტერესოა, როდესაც ხედავ განსხვავებებს სხვადასხვა ხელნაწერში. ამის შემდეგ უნდა ჩართო მთელი შენი დიალექტიკური, ლოგიკური უნარები – რომელია მათ შორის ავთენტური?!

  • ანუ, ძირითადად, ეს იყო უნივერსიტეტი, რამაც „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ ინტერესი გაგიღვიძათ?

უნივერსიტეტი და მერეც… ეს არის ტექსტთან ხშირი ურთიერთობით.

სკოლაშიც რომ დავიწყე სწავლება, მერე უნივერსიტეტშიც ვასწავლიდი „ვეფხისტყაოსანს“… აი, იქ ყოველ შეხებაზე არ შეიძლებოდა რამე ახალი არ აღმომეჩინა… დიდი სიხარულია, როდესაც შენ დაინახე ის, რაც სხვას შეიძლება არ დაუნახავს.

მაგალითად, გადასარევი ადგილია – ერთ ხელნაწერზე ნესტანის წერილში წერია: „მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი“, და ამავე ხელნაწერში გვერდით მიწერილია „მანდვე გსახოს“ ნაცვლად, „მადვე გსახო“. აქ გადამწერი ეტყობა ფიქრობს: „მანდვე“ უნდა ეწეროს, მაგრამ საიდანაც ვწერ იქ „მადვე“ წერია, მოდი „მადვესაც“ დავწერ, რომ წამკითხველმა ნახოს, შეიძლება ისიცაა სწორი, მაგრამ მე „მანდვე“ მგონია, თუმცა არ ვიცი, ასი პროცენტით დარწმუნებული არ ვარო… ამიტომ იქ „მადვეც“ დაწერა. ვფიქრობ, სწორედ „მადვე“ არის სწორი და გამოდის საინტერესო ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრი. ასეთი რამ სულ ხდება.

  • თქვენ რაც ისაუბრეთ სკოლის სისტემაზე, დიდად არაფერი შეცვლილა. დღეს მეექვსე კლასიდან იწყება პატარ-პატარა სტროფების სწავლება, მე-9 კლასში ანდერძს სწავლობენ და მეათეში უკვე მთლიანად „ვეფხისტყაოსანს“. ეროვნულ გამოცდებშიც შესაბამისად შეტანილია ეს საკითხი. თუმცა მოცემულობა ასეთია – მოსწავლეთა დიდ ნაწილს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს „ვეფხისტყაოსნის“ მიმართ. ამას როგორ ახსნიდით, ასაკის პრობლემაა? რა არის გამოსავალი?

მასწავლებელმა უნდა ჩადოს ამ ყველაფერში ხალისი, ინტერესი.

„ვეფხისტყაოსანი“ რომ დაიწერა, მაშინ ბევრი არც არაფერი იყო, არც ტელევიზია იყო, არც კინოფილმები, არც თეატრი… ეს [„ვეფხისტყაოსანი“] იყო ძალიან დიდი თავშესაქცევი ტექსტი იმ დიდ თეოლოგიურ და ფილოსოფიურ მემკვიდრეობაში, რომელიც ძნელად იკითხებოდა და არ გაგართობდა/არ გაგახარებდა, თუ, ასე ვთქვათ, სპეციალისტი, პროფესიონალი ინტელექტუალი არ იყავი და მონასტერში არ ცხოვრობდი მთელი დღე და მოსწრება.

„ვეფხისტყაოსანი“ დაიწერა, რომ ყველას წაეკითხა, სიხარული მიეღო.

იქ ინტრიგა დევს, პოლიტიკური დაპირისპირებები, საბრძოლო, ბატალური სცენები, სიუჟეტის განვითარება, რაღაც დეტექტიური მომენტები… ეს ყველაფერი დიდ ხალისში აგდებდა მკითხველს. ახლა იმდენი სხვა რაღაცაა [ფილმები, თანამედროვე ლიტერატურა და ა.შ.], რომ ბავშვებისთვის „ვეფხისტყაოსანი“ აფეთქებად აღარ ჩანს, თუმცა თავის დროზე ეს იყო დიდი ბომბი. ახლა ჩანს, როგორც ანტიკვარული ტექსტი.

ამიტომ, უნდა ანახო მოსწავლეებს, რატომ იყო „ვეფხისტყაოსანი“ აფეთქება, რა უძღოდა წინ, რატომ დევნიდნენ თვითონ ტექსტს და ავტორს [ყველაზე ძველი ხელნაწერი გვაქვს XVI-XVII საუკუნიდან. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მანამდე ამ ტექსტს დევნიდა ოფიციალური ცენზურა]. როგორც ჩანს, რაღაც ისეთი ხედვები შემოიტანა რუსთაველმა, რაც მანამდე არ იყო და სახიფათოდაც ჩათვალეს. აი, ეს ყველაფერი რომ აუხსნა ბავშვებს, შეიძლება დაინტერესდნენ. თავზე მოხვევა არ შეიძლება.

  • განათლების სისტემა მოსწავლეებს თავს ახვევს „ვეფხისტყაოსანს“? 

შეიძლება, თუ საზეპიროებს მოსთხოვ და ამ საზეპიროების ანალიზი არ გექნება.

ჯობია არ იცოდეს ზეპირად, მაგრამ ესმოდეს რა ითქმება ამა თუ იმ პასაჟში. დავუშვათ, რომ იტყვის: „მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა თქმულსა, სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერმე სულსა“, – სად ამბობს ამას პლატონი?! მოდი ვნახოთ, პლატონის „დიალოგებში“ თუ არის სადმე მსგავსი… არის ამაზე კვლევები ხომ?! – აჩვენე! ზუსტად იმეორებს პლატონს რუსთაველი თუ თავისას ამატებს რაღაცას?! როგორი ინტერპრეტაციაა ეს – თავისუფალი თუ ზუსტი?! იქნებ ეს რუსთაველის თეორიაა, რომელიც მან ჩადო პლატონის ნათქვამში და სინამდვილეში პლატონს არ აქვს ეს ასე?!

უამრავი რაღაცაა… სოკრატე, მაგალითად, – ვეზირი არის სოგრატი [სოგრატი იგივე სოკრატეა, მაშინ ასე გამოითქმოდა, ბიზანტიური გამოთქმით ასე ესმოდათ ქართველებს], რატომ შექმნა ვეზირად რუსთაველმა სოკრატე?! რუსთაველს აქვს 4-5 ირონიული ადგილი [ერთს რომ ამბობ და სხვას გულისხმობ] და აქედან ორი ეკუთვნის სოგრატს [სოკრატეს]. სოკრატე კი ცნობილია თავისი ირონიით. აი, ვნახოთ ეს ორი ირონიული ადგილი სოკრატესი და დავსვათ საკითხი: ეს პედაგოგიური ირონიაა, როგორც სოკრატეს ჰქონდა პლატონის „დიალოგებში“, თუ ჩვეულებრივად გასართობი ირონიაა და არავითარი პედაგოგიური აზრი შიგნით არ დევს?!

ძალიან საინტერესო რამეზე შეიძლება გახვიდე. შეიძლება ნახო, რომ სწორედაც ფილოსოფიურ-პედაგოგიური ირონიაა ის ორი შემთხვევა, რომელიც არის სოკრატესთან.

  • ასე რომ იმსჯელო მოსწავლესთან, საჭიროა ის იყოს უფრო დიდი ასაკის? როგორ ფიქრობთ, როდის უნდა მივიყვანოთ მოსწავლე/ბავშვი „ვეფხისტყაოსანთან“? 

14 წლის ასაკიდან უკვე ზრდასრული აზროვნება შეუძლია ბავშვს, როგორ არ შეუძლია! ამდენ წიგნებს ისედაც კითხულობენ.

ყოველთვის, როდესაც მოდიან ხოლმე ჩემი მოსწავლეები არდადეგებიდან, ვეკითხები რა წაიკითხეს და ის აზრი, რომ კომპიუტერულ ეპოქაში ვცხოვრობთ და არაფერს კითხულობენ ახალგაზრდები, არ შეესაბამება სიმართლეს – გაგიკვირდებათ, მთელი ნობელის ლაურეატები, ფამუქი და რა ვიცი, კიდევ რამდენი რამ აქვთ წაკითხული 14-15 წლის ბავშვებს და რატომ არ უნდა იკითხონ „ვეფხსიტყაოსანი“?! უნდა იკითხონ და იმსჯელონ!

  • ანუ, დაბალ კლასებში შეტანილი რამდენიმე სტროფიც რომ იყოს მიწოდებული საინტერესოდ, გამოიწვევდა მოსწავლეთა დაინტერესებას?

ცხადია, აბა რა!

დეტექტივების კითხვა როდის დავიწყეთ?! სადღაც 12 თუ 11 წლის ვიყავი… შეიძლება უფრო ადრეც. არ მესმოდა ის ინტრიგა, რაც იყო?!

ახლაც შეიძლება მისცე რაღაც ასეთი გამოცანასავით: ვეფხისტყაოსანში არის ერთადერთი ოცმარცვლიანი სტროფი: „შეკრა წითელი ასი ათასი, პირად მზემან და ტანად სარომან, ასი ათასი…“ აქედან დასვი შეკითხვა: ეს სტროფი ზოგ ხელნაწერში არის, ზოგ ხელნაწერში არ არის. როგორ ფიქრობთ, ეს სტროფი [რუსთაველის სტროფია] ავთენტური არის თუ არ არის? დავუშვათ, რას იტყოდით, თუ გვაქვს ორი ხელნაწერი, ორივე ძველია და ხელნაწერის სიძველე არ გვაჩვენებს. იმსჯელეთ ლოგიკურად.

ზოგი იტყვის: რა თქმა უნდა, ეს ჩამატებულია, რადგან თუ ყველა სტროფი 16-მარცვლიანია ეს რატომ არის ოცმარცვლიანი, როგორ გამოტყვრებოდა მათ შორის?! – ესე იგი, ჩამატებულია! მერე სხვა იტყვის: არა! ეს რომ ჩამატებული იყოს, ჩამმატებელი ხომ დაამსგავსებდა?! არ მოინდომებდა ენახათ, რომ ჩამატებულია და 16-მარცვლიანს გააკეთებდა, ესე იგი, ეს თვითონ რუსთაველის ექსპერიმენტატორობაა! მერე ამაზე დაიწყება კამათი და იმის განხილვა, აუცილებელია თუ არა იმ ადგილას ეს სტროფი და მისი არყოფნით ირღვევა რამე თუ არა. ასე საინტერესო ხდება ეს ყველაფერი.

  • ესე იგი, სწავლების მეთოდიკაშია პრობელმა და არა იმაში, რომ ადრეული ასაკიდან… 

ცხადია, შენ უნდა ჩადო საინტერესო მომენტები და ბავშვები მიხვდნენ, რომ შეიძლება ამაზე ფიქრი, ისეთი რაღაცების მიგნება, რაც შეიძლება მანამდე მიგნებულიც არ იყო.

სკოლებში სტანდარტული თემები არ უნდა იყოს. უნდა მისცე მოსწავლეს უფლება დაწეროს თემა, რაც დააინტერესებს.

მაგალითად, დააინტერესა – „ყვავილები ვეფხისტყაოსანში“ – რამდენი ყვავილის სახელია, ეს ყვავილები დღეს რა ყვავილებია [სახელები იცვლება ხანდახან] ან რა ფერისაა ის [ყვავილი], რა ფერს გულისხმობს და რატომ გამოიყენა ავტორმა ეს ფერი ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილზე.

შეიძლება ეს თემები გაცილებით საინტერესო იყოს ბავშვებისთვის და ასეთი ინდივიდუალური პატარ-პატარა პროექტები რომ გააკეთონ კლასში, თითომ თითო, მეტი ინტერესი გამოიწვიოს. არა ზოგადი, არამედ ინდივიდუალურად [მოსწავლემ] თავისი რაღაც დაიჭიროს ტექსტში და რაღაც თავისი თქვას.

მე „ვეფხისტყაოსანს“ სკოლაშიც ვასწავლი და უნივერსიტეტშიც წამიყვანია ასეთი კურსი: ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“ ძალიან დაწვრილებით, დეტალებს ვარჩევთ. ყველაზე საინტერესო ზუსტადაც დეტალებია!

მაგალითად, კლასში „ვეფხისტყაოსნის“ გაზეთი გავაკეთებინე და ვაკეთებინებდი რეპორტაჟებს. წერდნენ: აი, ინდოეთში მოვლენები ასე ვითარდება… ნამდვილი გაზეთები გვქონდა გაკეთებული. სახალისო მომენტებიც იყო, რა თქმა უნდა, ვითომ ახალი ამბები იყო: „ამას წინათ ჩვენს ტყეში გამოჩნდა ბენგალური ვეფხვი“! და ბევრი ასეთი. ბავშვებს რომ მისცემ თავისუფლებას, შენზე გაცილებით შემოქმედებითები არიან და ძალიან საინტერესო რაღაცებს მოგცემენ.

რა თქმა უნდა, მასწავლებელზეც ბევრია დამოკიდებული. არ უნდა გააფეტიშო ეს ტექსტი და ზედმეტად სუბლიმიზაცია არ უნდა მოახდინო – ღრუბლებს ზემოთ არ უნდა აიყვანო და თაროზე შემოდო.

რუსთაველს ძალიან კვიმატი გონება აქვს, ირონიზირება შეუძლია თვითონაც, შეთამაშება იცის… ეკლესიის მამა არ არის შოთა რუსთაველი. მხიარული გონება აქვს და ძალიან შემოქმედებითია. შეუძლია ადამიანების სისუსტეები დაგანახოს თვით ამ ადამიანების თვალსაზრისით.

შეიძლება მულტფილმიც, კინოც გადაიღო შოთა რუსთაველზე… „ილიადა“ „ტროა“ გადაიღეს… ჩემთვის წიგნი ჯობია, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან კარგი, რომ გადაიღეს „ტროაც“.

არ წამიკითხავს „ანტიტყაოსანი“ [პაატა შამუგიას პოემა], მაგრამ კარგია, რომ არის. რუსთაველს უფრო გაუხარდებოდა, რომ შემოქმედებითად იაზრებენ, თუნდაც დასცინიან, თუნდაც ამით ამჩნევენ მაინც. რაღაცას იწვევს ეს, ტექსტი ცოცხლდება.

როგორც კი თაროზე შედებ სქელყდიან წიგნებთან და გააძეგლებ, კლავ ამით!

შოთა რუსთაველსაც ასე ეუბნებოდნენ და განიხილავდნენ [როგორც შამუგიას]: „როგორ გარყვნა ჩვენი ქრისტიანული კულტურა, რა გვეშველება ქართველებს, ეს რა საშინელება მოიტანა, ეს გარყვნილი და საძაგელი კაცი შოთა რუსთაველი, დაწვით მისი ნაშრომები…“

რუსთაველი არის ბომბი, ყველანაირად, მსოფლმხედველობრივადაც… რუსთაველის მიჯნურობის თეორიას იმდროინდელი ეკლესია ჩათვლიდა სატანურად. მიჯნურობა რუსთაველამდე საქართველოში აღიქმებოდა როგორც დემონური სტიქია, ბოროტება. მერე რუსთაველმა გამოაცხადა: არა, ეს ბოროტება კი არ არის, არამედ ამაღლებს სულს და აჰყავს ღმერთამდე, ახალი ხედვა შემოიტანა სრულიად. იმდროინდელი ეკლესიისთვის ეს იქნებოდა სკანდალი.

მასწავლებელმა მოსწავლეები არ უნდა დაღალოს. მაგალითად, სამ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს რომ წაიკითხავს ბავშვი, ძალიან იღლება. პაუზები თუ არ გააკეთე, სახალისო მომენტები თუ არ შეიტანე, შუაში სხვა თანამედროვე ტექსტი თუ არ წააკითხე ან ფილმი არ ანახე, ეს დატანჯავს ბავშვებს.

ტანჯვა არ უნდა იყოს სწავლა! „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“ არ არის სწორი. სწავლის ძირი ტკბილ-მწარეა იმიტომ, რომ სწავლა ტკბილ-მწარე თუ არ არის და მარტო მწარეა, ის სწავლა ცუდი იქნება, სწავლას მოიძულებს ადამიანი. რა თქმა უნდა, გურამიშვილი ამას არ გულისხმობს, მე ახლა მის სიტყვაზე გამოვეკიდე, მაგრამ სწავლაში ორივე ერთად უნდა იყოს, ეს ტკბილ-მწარე პროცესია.

მწარე იმ გაგებით, რომ რთულია, მაგრამ მეორე მხრივ, გსიამოვნებს, გიხარია ეს გამოწვევა და როცა დაძლევ რაღაცას, მიხვდები, აღმოაჩენ, ამას სიხარული უნდა ახლდეს, ანუ სწავლის პროცესი უნდა იყოს სახალისოც.

პედაგოგთა კონფერენციის გამარჯვებული აჭარიდან

ხელვაჩაურის მუნიცპალიტეტის სოფელ თხილნარის საჯარო სკოლის პედაგოგი მზია სალაძე „მასწავლებელი –  მეგზური ევროპისკენ“ კონფერენციის გამარჯვებული გახდა.კონფერენციაზე საქართველოს მასშტაბით ათი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც სასწავლო კურსს ესტონეთში გაივლიან.

მზია სალაძე დაწყებითი საფეხურის მე-4 კლასის მასწავლებელია. მან საკონფერენციო თემად ეკოლოგია აირჩია. „ჩემი სოფელი და სოფლის მდინარეები“, – ასე ერქვა მის საკონფერენციო თემას, სადაც სოფელ თხილნარში არსებული ეკოლოგიური პრობლემები აჩვენა. როგორც პედაგოგი გვეუბნება, კვლევის პროცესში ჩართული ჰყავდა თავისი მოსწავლეებიც.

„როცა კონკურსი გამოცხადდა, ბევრ ლიტერატურას გავეცანი. წავიკითხე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ, სადაც გარემოზე ზრუნვას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ეკოლოგია ჩემთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია“, –  გვეუბნება ის.

მზია სალაძის თქმით, სოფელ თხილნარის ეკოლოგიური პრობლემა გაჩეხილი ტყეები და დაბინძურებული მდინარეებია. „მდინარეზე ბევრი ჩანჩქერია, სადაც ერთ კილომეტრზე მინიმუმ 15-17 რესტორანია განლაგებული და ესეც მდინარის დაბინძურების ერთ-ერთი კერაა. გარდა ამისა, ცუდ მდგომარეობაშია ტყეები. ბოლო წლებში ძალიან გაიჩეხა. როცა ლაშქრობაზე ვიყავი ბავშვებთან ერთად, იქ მეტყევეს ვესაუბრეთ, რომელმაც გვითხრა, რომ გაჩეხილ ადგილებში მაღალი ნარგავები აღარ იზრდება და მხოლოდ ბარდები და ნარ-ეკლებია მოდებული. მართალია, ახალ ნარგავებს რგავენ და ბევრი პროგრამა ხორციელდება, მაგრამ მაღალ ნარგავებს გაზრდა და გახარება უჭირთ.“

მზია სალაძე. კონფერენცია „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“- გამარჯვებული.
მზია სალაძე. კონფერენცია „მასწავლებელი მეგზური ევროპისკენ“- გამარჯვებული.

მზია სალაძის აზრით, ერთ-ერთი მთავარი ევროპული ღირებულება სწორედ გარემოზე ზრუნვა და ამ მიმართულებით საზოგადოების, მათ შორის ბავშვების ცნობიერების ამაღლებაა:

„ასოცირების ხელშეკრულება მკაცრად მოითხოვს, რომ ეკოლოგიური პრობლემები უნდა მოგვარდეს. ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ დედამიწა ადამიანების საერთო სახლია და მასზე თანაბრად უნდა ვიზრუნოთ ყველამ. თუ გვინდა, რომ ევროპის სრულუფლებიანი წევრი გავხდეთ, ჩვენც უნდა გავიზიაროთ ის ღირებულებები, რაც ევროპას აქვს და ისევე ვიზრუნოთ გარემოზე, როგორც ევროპულ ქვეყნებში ზრუნავენ. ესტონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნებია და ჩვენ, პედაგოგები, თვალნათვლივ დავინხავათ რა შედეგი და რა სიკეთე მოაქვს ევროპას ჩვენნაირი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის.“

მზია სალაძეს მიაჩნია, რომ საბჭოთა თაობის ადამიანებს უჭირთ გარკვეული პასუხისმგებლობების გათავისება გარემოს მიმართ, ახალი თაობა კი ამ ყველაფერს უკეთ გაითავისებს: „ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ ყველა, რომ ეკოლოგია და გარემოზე ზრუნვა არის უპირველესი და უმთავრესი. ბავშვებმა ბუნება რომ შეიყვარონ, თვითონ უნდა მონაწილეობდნენ პროცესში. ბავშვებმა თვითონ დამარხეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები: პოლიეთილენი, ქაღალდი, რკინა და სხვა მასალები და დააკვირდნენ ნარჩენების გახრწნის პროცესს. თვითონ მოიძიეს ინფორმაცია და გაიგეს, თუ რამდენად დიდი დრო სჭირდება თუნდაც პოლიეთილენის პარკს, რომ გაიხრწნას და რამდენად დიდ ზიანს აყენებს ის გარემოს. ამიტომ, თითოეული ქაღალდი, თითოეული ფურცელი უნდა გამოვიყენოთ მომჭირნედ, უარყოფითად რომ არ აისახოს წლების შემდეგ გარემოზე“.

როგორც მზია სალაძე გვეუბნება, ისევ აპირებს გარემოს პრობლემების შესწავლის გაგრძელებას და მოსწავლეების ჩართვას აქტივობებში.  „დავაკვირდებით ნარგავებს, მათი ზრდის პროცესს, კონტროლი გაგრძელდება ხე-ტყის ჭრაზე სოფელში და ჩაფიქრებული გვაქვს, რომ მომავალში კლუბის სახე მივცეთ ამ ყველაფერს. ჩვენი ქვეყანა მომავალმა თაობამ უნდა ჩაიბაროს და ის შეცდომები, რაც უფროსებმა დაუშვეს გარემოსთან მიმართებაში, ახალმა თაობამ აღარ უნდა დაუშვას“.

კონფერენცია ევროპის დღეების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ტურისტულ სეზონზე პლაჟს სამი ჯგუფი დაალაგებს

63 წლის ნატო ყურშუბაძე ბათუმის პლაჟის დასუფთავებაზე სამი წელია მუშაობს. მისი სამუშაო დღე დილის 5 საათზე იწყება და დილის ცხრის ნახევრამდე სანაოსნოდან უნივერსიტეტამდე სანაპირო ზოლს ასუფთავებს. ტურისტულ სეზონზე კი ნატოს პლაჟის დასუფთავება დღის განმავლობაში სამჯერ, რამდენიმე საათის განმავლობაში უწევს.  „ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, გასულ წელს პლაჟის დანაგვიანების გამო 107 ადამიანი დაჯარიმდა, თითოეული 80 ლარით. მძიმე ნარჩენებით პლაჟის დანაგვიანების შემთხვევაში ფიზიკური პირი 500, ხოლო იურიდიული პირი 1500 ლარით ჯარიმდება. ტურისტულ სეზონზე „ბათუმის სანდასუფთავება“ დამლაგებელთა ერთ ჯგუფს ამატებს. ბათუმის პლაჟის დასუფთავებაზე ამ დროისთვის ორი ჯგუფი მუშაობს.

 ქალბატონო ნატო, ჯარიმების შემდეგ შეიცვალა მოქალაქეების დამოკიდებულება, თუ მაინც ხშირია პლაჟის დანაგვიანების შემთხვევები?

განსაკუთრებით არაფერი შეცვლილა, ისევ ანაგვიანებენ პლაჟს. რას არ ნახავთ პლაჟზე –  პოლიეთილენის პარკებს, მზესუმზირის, ნაყინის ქაღალდებს, ბოთლებს და რა ვიცი, სხვადასხვა რამეს. განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზეა მუშაობა რთული, რადგან ამ ყველაფერს სიმინდის, ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენებიც ემატება.

გქონიათ შემთხვევები, როცა დამნაგვიანებლისთვის მიგითითებიათ ან დაუჯარიმებიათ თქვენი შეტყობინების საფუძველზე?

კი, როგორ არა. ასეთი ფაქტებიც ყოფილა. ვცდილობ კონფლიქტში არ შევიდე ადამიანებთან, მაგრამ ზოგიერთი აგრესიულია და შენიშვნას არ იღებს, ზოგიერთი კი უსიტყვოდ აიღებს დაყრილ ნაგავს და დაჯარიმებაც აღარ უწევს. ყოფილა შემთხვევები, როცა დაცვის პოლიციისთვის მიმიწოდებია ინფორმაცია და დაუჯარიმებიათ.

 რა ასაკის ადამიანები შეგინიშნავთ უფრო ხშირად ნაგვის დაყრის დროს?

უფრო ხშირად ახალგაზრდები. ზოგჯერ დამსვენებლებიც ტოვებენ ნარჩენებს. ყველაზე მეტად პლაჟი ივლისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე ნაგვიანდება, რადგან ხალხის რაოდენობა მატულობს.

რომელი მონაკვეთებია ყველაზე დანაგვიანებული?

სანაოსნოს ტერიტორია ყველაზე სუფთაა, ბათუმელების უმრავლესობა ამ მონაკვეთში დადის და შეიძლება ამიტომ. ყველაზე მეტად `შერატონისკენ~ ნაგვიანდება პლაჟი და ბევრი შრომა გვიწევს ხოლმე.

 რამდენ საათს მუშაობთ დღის განმავლობაში?

ტურისტულ სეზონზე უფრო დიდხანს ვმუშაობთ. დილით, ნაშუადღევს და საღამოს, 3-4 საათს გვიწევს მუშაობა. როცა ზღვა ხის ტოტებს ან მორებს რიყავს, მაშინაც რამდენიმე საათი გვემატება სამუშაო. შეიძლება დილის რვიდან პირველ საათამდეც ვიმუშაოთ. ხის ნარჩენები ძალიან მძიმე თუ არის, კაცებს გამოაქვთ, თუმცა ქალებიც მაგრები ვართ და ჩვენც ამოგვაქვს ხოლმე. საერთოდ, ჩვენი სამუშაო დილის 5 საათზე იწყება და დილის ცხრა საათამდე ვართ გარეთ. მეორედ საღამოს საათებში გამოვდივართ დასასუფთავებლად.

 დამატებით საათებს თუ გინაზღაურებენ?

არა, ანაზღაურება სტანდარტულია, მაგრამ ივლისის თვეში, ან როცა სეზონი სრულდება, პრემიასაც გვაძლევენ. სხვა მხრივ, იქნება ეს უნიფორმები, ხელთათმანები თუ ქუდები, ყველაფერს გვაძლევენ.

რამდენი ადამიანი მუშაობს ჯგუფში თქვენთან ერთად და რამდენად ხშირად იცვლებიან თანამშრომლები?

ამჟამად რვა ადამიანი ვართ ჯგუფში, მათგან ორი მამაკაცია. ცვლილებას რაც შეეხება, ზოგს ეზარება მუშაობა, ზოგი ავად თუ გახდება, ანებებს თავს და ასე შემდეგ.

პირველ ივნისს ბოტანიკურ ბაღში შესვლა ბავშვებისთვის უფასო იქნება

1-ელ ივნისს,  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს,  ბათუმის ბოტანიკური ბაღი ყველა ბავშვს უფასოდ მიიღებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დღეს ბოტანიკურ ბაღში უფასოდ შევლენ ბავშვების თანმხლები პირებიც.

სტუდენტური დასაქმების პროგრამა პირველი ივნისიდან იწყება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, 1-ელ ივნისიდან სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყება. მერიის ინფორმაციით, დასაქმების დროს პრიორიტეტი მიენიჭება მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, ასევე, სოციალურად დაუცველ და მზრუნველობამოკლებულ, საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული პირების შვილებს და მრავალშივილიანი ოჯახში მცხოვრებ სტუდენტს.

მერიის ინფორმაციით, დასაქმდება 200 სტუდენტი და მათი ყოველთვიური ანაზღაურება 400 ლარი იქნება.

სტუდენტური დასაქმების პროგრამის ბიუჯეტი 85 ათასი ლარია.

დასაქმების მსურველმა სტუდენტებმა, ბათუმის მერიას უნდა მიმართონ.

 

ახალი ნერგი ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე

ბათუმის ბულვარში ასწლოვანი მაგნოლიის ფესვზე, რომელიც 2016 წლის ზამთარში, დიდთოვლობის დროს წაიქცა, ახალი ნერგი იზრდება. ხის წაქცევის ფაქტს მაშინ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ასწლოვანი ხის წაქცევის შემდეგ „ფეისბუქში“ ამ ხესთან დაკავშირებულ ისტორიებზე წერდნენ:

„ მაგნოლიის ფოთოლზე დაწერილ წერილებს უგზავნიდნენ ერთმანეთს შეყვარებულები ძველ ბათუმში. მარკით, საფოსტო შტამპით და პროცედურების სრული დაცვით. ალბათ ბევრი სიყვარული აუხსნია ამ ხესაც. იქნებ სწორედ ამ ფოთლებმა ამცნეს ბებიაჩვენებს ბაბუაჩვენების ტრფობა და პირიქით. მეტი აღარაფერი შეუძლია, მაგრამ ფოთლები ჯერ კიდევ ბლომად ასხია. იქნებ დაგვეხედა ბოლოჯერ და იქნებ თითო ფოთოლიც წამოგვეღო რატომღაც. ეს მაგნოლია 1888 წლის 25 სექტემბერს დარგო იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ და დღეს წააქცია თოვლმა.
დასვენებულია ბულვარის შესასვლელში, ბარბარეს გადაღმა.“ – წერდა საზოგადოება „ბათომის დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე. მას სხვებიც გამოეხმაურნენ.

ასწლოვანი მაგნოლია იანვარში დიდთივლობის დროს წაიქცა
ასწლოვანი მაგნოლია იანვარში დიდთოვლობის დროს წაიქცა

10406660_10205537454220729_6288679443195948722_n

მათ შორის ბევრმა ხის წაქცევის გამო ბათუმის მერიასა და ბულვარის ადმინისტრაციას დასდო ბრალი: „უუნარო თვითმმართველობა, ავტონომიის ხელმძღვანელობა და ბოლოს ცენტრალური მთავრობა.“

„ მთელი დღე ვპოსტავდით, რომ გამოსულყვნენ ადამიანები ხეების დასაბერტყად. რამდენიმე შემოგვიერთდა მხოლოდ . . ხომ ვიძახდით ერმაკოვის არ არის ბათუმიო, ხოდა სად იყავით დღეს ისინი, ვისიც არის ბათუმი? “ – წერდნენ ფეისბუქში.

წყაროების მიხედვით, ეს ხე იმპერატორ ალექსანდრე მესამეს დაურგავს. ცოტა ხნის წინ ხის ფესვზე ნერგი გაიზარდა.

მაგნოლიის გულშემატკივრები ერთმანეთს მოუწოდებენ ნერგის დასაცავად კამპანიის წამოწყებას, რომ მთავრობამ მისი გადარგვა და ამ ადგილას პალმის დარგვა არ რაიმე მონუმენტის განთავსება არ მოინდომოს.

13288408_1016197065137810_586174151_o

ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსის მაგდა ჯაიანის ინფრომაციით კი, ნერგს საფრთხე არ ემუქრება: „ არც გადარგვას ვგეგმავთ და არც რაიმე სხვას ვუპირებთ. მას ჩვენი აგრონომები უვლიან, ხოლო დაცვას ევალება მიაქციოს ყურადღება, რომ ვინმემ არ დააზიანოს. გარდა ამისა, იქ დამონტაჟებულია კამერები და ნერგისთვის ხელის ხლებას ვერავინ გაბედავს.“

IMG_7836

აჭარის მთავრობა უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსს ისევ გამოაცხადებს

აჭარის უმაღლესი საბჭო აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარის პოსტზე მთავრობის მიერ წარდგენილ დავით ქარცივაძის კანდიდატურას კიდევ ერთხელ უყრის კენჭს.

საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ უკვე გამოსცა ბრძანება 6 ივნისს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ –  ინფორმაცია „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ჩიტიშვილმა დაუდასტურა.

ეს პროცედურა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით ტარდება და როგორც უმაღლესი საბჭოს წევრები ამბობენ, შედეგი არ შეიცვლება, – წინა კენჭისყრაზე დავით ქარცივაძეს ერთი ხმა დააკლდა.

დავით ქარცივაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას არჩილ ხაბაძემ მეორე კენჭისყრამდე კანდიდატურის მოხსნა სთხოვა: „რა აზრი აქვს კანდიდატურის მოხსნას ან არ მოხსნას, არც მეორე კენჭისყრა მაინტერესებს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ დავით ქარცივაძემ სატელეფონო საუბარში.

აჭარის მთავრობა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად სავარაუდოდ კონკურსს ისევ გამოაცხადებს: „ალბათ გამოვაცხადებთ, დაველოდოთ, ჯერ დასრულდეს კანონით გათვალისწინებული პროცედურები,“ – განაცხადეს მთავრობის აპარატში.

კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად ეს რიგით მეოთხე კონკურსი იქნება. მანამდე არჩილ ხაბაძემ ორჯერ დავით კვაჭაძის კანდიდატურა შემდეგ კი დავით ქარცივაძე წარუდგინა უმაღლეს საბჭოს. ორივე „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებული პირია, რის გამოც მათ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის მხარდაჭერა ვერ მიიღეს.

ამავე თემაზე: დავით ქარცივაძე – უსკოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი
დავით ქარცივაძის შანსი უსკოს თავმჯდომარის პოსტზე

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ხელვაჩაურის მოსახლეობას შეხვდა

ხელვაჩაურის იმ სოფლების მოსახლეობას, რომლებმაც გუშინ, 28 მაისს, მდინარე ჭოროხზე ჰესების მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი შეხვდა. რეზო დიასამიძის თქმით, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა მინისტრის მოადგილე მათ საკითხის გარკვევას ერთ კვირაში შეჰპირდა. შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძეც ესწრებოდა.
მოსახლეობა იმ ნაკვეთებისთვის, რომლებსაც ჰესების მშენებლობის დაწყებამდე ამუშავებდა, ხოლო მშენებლობის დაწყების შემდეგ მათთვის უსარგებლო გახდა, კომპენსირებას ითხოვს.

მდინარე ჭოროხზე თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ ორ, კალაპოტური ტიპის ჰესს აშენებს. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, რაზე დაყრდნობითაც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ მდინარე ჭოროხზე სამი, კალაპოტური ტიპის კაშხლის მშენებლობის ნებართვა გასცა, წყლით დაიფარება ექვსი სოფლის მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საძოვრების ნაწილი. მთლიანობაში კი პროექტის ზემოქმედების ქვეშ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 2, 25 კვ/კმ მოექცევა.

ამავე თემაზე: ჰესების მშენებელი კომპანია “აჭარ ენერჯი 2007” დაზარალებულებს შეპირებულ კომპენსაციას არ უხდის

გიორგი მაისურაძის ლექცია ბათუმის უნივერსიტეტში

ამ წუთებში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის №55 აუდიტორიაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი, გიორგი მაისურაძე, საჯარო ლექციას კითხულობს თემაზე: „სეკულარულობა და მისი კრიზისი თანამედროვე საქართველოში“.

ლექცია 5 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია. დისკუსიის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. შეხვედრის არასრული ვერსია გამოქვეყნდება გაზეთ „ბათუმელებში“. დისკუსია მზადდება ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“.

ძეგლის რესტავრაცია თუ ხელყოფა

ბათუმში, რუსთაველის #17-ში და დ. თავდადებულის #7-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობს ძეგლისგან, რომელსაც „ჩეხოვის სახლს“ უწოდებენ, მხოლოდ ფასადი დარჩა. კომპანიამ, რომელსაც ამ სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაუკვეთეს, შენობის შიდა კედლები მთლიანად დაშალა. როგორც პროექტიდან ჩანს, იცვლება შენობის სახურავიც. ხელოვნებათმცოდენები პროექტს უარყოფითად აფასებენ. მათი განმარტებით რეაბილიტაცია ამ ტიპის სამუშაოების ჩატარებას არ გულისხმობს – „ეს ძეგლის ხელყოფას ნიშნავს“.

ამა თუ იმ პროექტისა თუ იდეის წინასწარ განხილვისთვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხშირად ხვდება და მათ მოსაზრებებს ისმენს, თუმცა რამდენად ითვალისწინებენ თუნდაც დარგის სპეციალისტებისგან მოსმენილს სააგენტოში გადაწყვეტილებების მიღებისას – ეს სხვა საკითხია. დაზუსტებით შეიძლება ის ითქვას, რომ მოსაზრებები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – „ჩეხოვის სახლი“ რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ პროექტთან მიმართებაში არ გაითვალისწინეს. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ პროექტი იმ სახით არ უნდა განხორციელებულიყო, რა სახითაც ახლა ხორციელდება:

ჩეხოვის სახლი - მიმდინარე სამუშაოები
ჩეხოვის სახლი – მიმდინარე სამუშაოები

მთავრობამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კომპანია „ზუ-კას“ 29 წლის ვადით გადასცა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შპს „ზუ-კა“ აუქციონის წესის თანახმად იღებდა ვალდებულებას ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში უზრუნველეყო შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის შემუშავება, „რომელიც არ უნდა ითვალისწინებდეს შენობის მასშტაბის მნიშვნელოვან ცვლილებას, ხოლო ინტერიერის დიზაინში გათვალისწინებული უნდა იყოს ბათუმისა და კინემატოგრაფიის კავშირის მდიდარი ისტორიის ამსახველი მასალა.“
საკონსულტაციო საბჭოში წარდგენის შემდეგ საბჭოს წევრმა ნინო ინაიშვილმა პროექტი ხელოვნებთმცოდნეებს გადაუგზავნა. მათ ის დაიწუნეს და ამის შესახებ შეტყობინებები წერილობითაც გადაუგზავნეს. პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია „იკომოსის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნატო ცინცაბაძემ და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ხელოვნებათმცოდნე ირინე ელიზბარაშვილმა შეაფასეს.

„ამ სახლს ისტორიულ-მემორიალური და არქიტექტურული ღირებულება აქვს. ის ქუჩის მასშტაბის შესანარჩუნებლადაც უაღრესად მნიშვნელოვანია. როგორც კი კუთხის შენობას უცვლი მასშტაბს და სახეს, ორივე ქუჩის მიმართულებით ცვლილების განხორციელების მეტი შესაძლებლობა ჩნდება. რაც შეეხება პროექტს, მარტო ფასადის შენარჩუნება არ არის შენობის ხელშეუხებლობა. დაშენება აქტიურია. თითქოსდა მსუბუქი მასალის გამოყენების მიუხედავად იგი აწვება, ამძიმებს შენობას. პროექტი მიუღებელია.“ – ამონარიდი ირინე ელიზბარაშვილის შეფასებებიდან.

ნატო ცინცაბაძის აზრით: „პროექტის განხორციელება მთლიანად შეცვლის სახლის მხატვრულ სახეს, ტიპოლოგიას, რომელიც ასე დამახასიათებელი იყო ძველი ბათუმისთვის. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლებში განვითარებული პროცესების შედეგად ისედაც ცოტა დარჩა ბათუმში მსგავსი სახლები, რა თქმა უნდა ძეგლთადაცვის სამსახურების პოლიტიკა გადარჩენილი ობიექტების იდენტიფიცირება და დაცვა უნდა იყოს. აჭარის ძეგლთა დაცვას კი ვშიშობ არანაირი ხედვა ისტორიული ბათუმის ფასეულობების არ გააჩნია. ამიტომაც დაუსრულებლად ვკამათობთ იმაზე, რაც საკამათო არ არის.“
რა ხედვა და აქვს სააგენტოს ამ პროეტთან მიმართებაში, ამის შესახებ „ბათუმლებმა“ სააგენტოსგან პასუხები ვერ მიიღო. სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთბის სამსახურის უფროსი ნინო ჯაფარიძე „ბათუმელებს“ ჯერ კომპეტენტურ პირთან ჩაწერაზე შეთანხმებას დაგვპირდა, შემდეგ კი „ინფორმაცია გამოითხოვეთო – მიგვითითა.

„თუ რაიმე შეიძლება ეწოდოს ამას, ალბათ პირველ რიგში ძეგლის ხელყოფა. კანონმდებლობით ძეგლზე შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ რესტავრაცია. თუკი არ არის კონსტრუქტორის დასკვნა, რომ ეს შენობა წარმოადგენს საფრთხეს, საგანგაშო მდგომარეობაშია და სხვადასხვა მიზეზების გამო აუცილებელია მისი დემონტაჟი. აქ არ იყო მსგავსი შეფასება“ – ამბობს საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე.

შენობის ფასადზე განთავსებული ბანერის მიხედვით „ჩეხოვის სახლში“ მისი ახალი მფლობელი რესტორნის გახსნას გეგმავს. სამუშაოებს კომპანია „ხინო“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებში არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

უკვე დამტკიცებული პროექტის მიხედვით სახლს დაქანებული სახურავის ნაცვლად ბრტყელი სახურავი ექნება. სახურავზე კი ტერასის მოწყობააა გათვალისწინებული. შოთა გუჯაბიძის მონაყოლით სააგენტოსთან არსებულ საბჭოში ამ პროეტის განხილვისას ყველაზე მეტი კითხვა და აზრთა სხვადასხვაობა სწორედ სახურავმა გამოიწვია:

„ჩვენთვის მიუღებელი იყო პროექტის ამ სახით განხორციელება და ძირითადად ეს ეხებოდა შენობის მეორე ნაწილს. შეუთანხმებლობა ძირითადად იყო სახურავთან დაკავშირებით. პროექტის ავტორი ამბობდა, რომ ეს ავთენტურობას ხაზს უსვამს. ჩვენ ვითხოვდით, რომ შენობის კონტური და სილუეტი შენარჩუნებულიყო, თუნდაც მხოლოდ რუსთაველის მხარე დარჩენილიყო იგივე. არქიტექტორი ამბობდა რომ კრამიტი ბათუმისთვის არ არი დამახასიათებელი, ბათუმში კრამიტიანი სახლი პრატიკულად არ არსებობსო. ხუმრობდა თუ სერიოზულად ამბობდა ეს არ ვიცი, რადგან ბათუმში რომ გაიარო დღემდე ძალიან ბერვრი სახლია კრამიტით, ამას სპეციალისტი არ სჭირდება.“

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადაკეთება რეაბილიტაციის და რეკონსტრუქციის სახელით ბათუმში სიახლე არ არის. მსგავსი ტენდენცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მიმართებაში წინა მთავრობის დროსაც შეინიშნებოდა, როცა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას მხოლოდ ფასადი რჩებოდა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ბათუმის ფოსტის ისტორიული შენობაა ევროპის მოედანზე, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, რომლისგანაც მხოლოდ ფასადი დარჩა.
სააგენტოს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება კიდევ რამდენიმე ძეგლზე აქვს დაგეგმილი. მათ შორისაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ე.წ. „საბაევის სახლი“ მემედ აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში და გრაფი სერგეევის სასახლე მახიჯაურში ჯინჭარაძის #22-ში. ამ შენობებზე სამუშაოების ჩარების მიზნით სამუშაოები სააგენტომ ელეტრონული ტენდერით უკვე შეისყიდა. შესყიდვის ბიუჯეტი 9 000 ლარამდეა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ბათუმში მწერალთა კავშირის და დრამატული თეატრის შენობებზეც, სადაც სამუშაოებს ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

საქართველოში  უკვე 132 500 ჰა  სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია გასარწყვიანებული და დრენირებული

ინტერვიუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორთან, ლევან დვალთან

როგორი მდგომარეობაა დღეისათვის ქვეყანაში სამელიროაციო მომსახურების გაწევის მხრივ?

უკანასკნელი 25–30 წლის მანძილზე, საქართველოში არსებული ვითარების გამო, ქვეყნის  მასშტაბით სამელიორაციო სისტემები მთლიანად მოიშალა, მწყობრიდან გამოვიდა და  ხშირ შემთხვევაში, სრულად განადგურდა.  მელიორაციის განვითარების კულმინაციისას საქართველოში 300 000 ჰექტარზე მეტი მიწა იყო წყაუზრუნველყოფილი. 2012 წლისათვის, კი,  წყალუზრუნველყოფილი ფართობი საქართველოში 45 000 ჰექტარს შეადგენდა.

13250529_1115564441800419_1031328264_n2012 წლიდან  მდგომარეობა შეიცვალა.  სოფლის მეურნეობის დარგი პრიორიტეტად გამოაცხადდა.  სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, დარგის განვითარების სტრატეგიის  ერთ–ერთ მთავარ მიმართულებად  სამელიორაციო სისტემების აღდგენა–რეაბილიტაცია გამოაცხადა.  დაიწყო სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფორსირებული დაფინანსება და მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკანასკნელ წლებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 120-ზე მეტი სარეაბილიტაციო პროექტი განვახორციელეთ. რეაბილიტაციის ფარგლებში სამუშაოებს ვატარებთ სამელიროაციო ინფრატსრუქტურრის ისეთ ობიექტებზეც, სადაც სამუშაოები ათწლეულებზე მეტია არ ჩატარებულა. დღეისათვის უკვე 104 000 ჰექტარი წყალუზრუნველყოფილი  სასოფლო-სამეურნეო მიწაა საქრათველოში და 28 500 ჰექტარზე ხდება ჭარბი წყლის მოცილება.

რითი გამოირჩეოდა 2015 წელი თქვენი კომპანიისათვის?

სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში 50-მდე სარეაბილიტაციო პროექტი განვახორციელეთ. მასშტაბურ სამუშაოებს ვატარებთ, ასევე, ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის ფარგლებში. ამ მხრივ მნიშვნელოვნად გაზარდა სამუშაოების ეფექტურობა კომპანიაში გატარებულმა სტრუქტურულ-ორგანიზაცულმა რეფორმამ, რომლის ფარგლებშიც მოხდა კომპანიის ტექნიკური მმართველობის დეცენტრალიზაცია.  მდინარეთა აუზების მიხედვით შეიქმნა 4 რეგიონალური დირექტორატი. კომპანია უფრო მოქნილი გახდა ადგილზე პრობლემების იდენტიფიცირების, გადაწყვეტილების მიღების და რეაგირების ნაწილში.

2015 წელს კომპანიაში გაიხსნა მობილური მელიორაციის სამსახური, რომლის არსებობაც სამელიროაციო ინფრატსრქუტურის განვითარების ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან გადასატანი აგრეგატების მეშვეობით ირწყვება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ისეთი ნაკვეთები, სადაც სატუმბი ინფრატსრუქტურის ამ ეტაპისთვის განუვითარებლობის გამო, წყლის მიწოდება ვერ ხერხდება. 200-მდე აბონენტს მოვემსახურეთ წინა სეზონზე ამ სამსახურის მეშვეობით. წელს მობილური მელიორაციის პარკი გავზარდეთ და შესაბამისად მობილური მელიორაციის მომსახურების არეალიც წელს გაიზრდება.

როგორ ხდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგეგმვა?

სამუშაოების დაგეგმვისას,  კომპანია ორიენტირებულია ისეთი ტერიტორიების წყალუზრუნველყოფაზე, სადაც მიწათმოქმედება უფრო აქტიურად მიმდინარეობს და ჩვენი მომსახურების მოთხოვნაც მეტია. ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. სისტემატიურად ვხვდებით და  ვითვალისწინებთ მათ მოსაზრებებს რეგიონებში სასოფლო-სამეურნეო პროცესების საჭიროებებთან დაკავშირებით.

როგორია თქვენი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების დინამიკა უკანასკნელ წლებში?

უკანასკნელ წლებში წყალზურუნველყოფილი მიწის ფართობის ზრდასთან ერთად იზრდება მომსახურების არეალიც. ანუ, სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი, რომელზეც ჩვენი კომპანია აბონენტებს სარწყავ წყალს აწვდის. თუ 2013 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე კომპანიამ წყალი მიაწოდა 34 600 ჰექტარ მიწის ფართობს, გასული წლის სარწყავი სეზონის განმავლობაში იგივე მომსახურება გავუწიეთ აბონენტებს 46 800 ჰექტარ მიწის ფართობზე. აქ მნიშვნელოვანია ერთი ასპექტი – უკანასკნელ წლებში დაიწყო ისეთი ობიექტების რეაბილიტაცია, რომლებზეც სამუშაოები ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა და ათწლეულების განმავლობაში არ მუშაობდა სამელიორაციო სისტემები. ჩვენ გვყავს აბონენტები, რომლებიც ამბობენ, რომ თვითონ დაამუშავეს მიწა, ვინაიდან ხედავდნენ რომ  სამელიორაციო სისტემების აღდგენა აქტიურად მიმდინარეობდა. მაგრამ მათმა თანასოფლელებმა არა. ახლა როდესაც ნახეს, რომ ვინც მიწა დაამუშავა ჩვენი მომსახურებითაც ისარგებლა, აუცილებლად გეგმავენ მომავალი სეზონისათვის მიწის ათვისებას და მრავალწლიანი კულტურების მოყვანას. აი ამიტომ უნდა ჩატარებულიყო და უნდა ჩატარდეს სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია ყველგან. სახელმწიფო ამით არა მხოლოდ მოქმედ მიწათმოქმედებას უწყობს ხელს, არამედ სტიმულს აძლევს და ხელს უწყობს აქტიური სასოფლო-სამეურნეო პროცესის აღდგენას.

ჩვენი კომპანიის სერვისებს შორისაა, ასევე, ტბორებისათვის წყლის მიწოდება, რომლებშიც მოსახლეობა თევზს აშენებს. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მონაცემებით ეს მზარდი ბიზნესია, ვინაიდან წელს 1 600-მდე ჰექტარ ტბორს მივაწოდეთ წყალი, რაც შარშანდელთან შედარებით 38%-ით მეტია. შპს „საქართველოს მელიორაციამ“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტების მართვის სააგენტოს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრა გამართა თევზის მწარმოებელ ფერმერებთან კახეთში. ფერმერებს ინფორმაცია მივაწოდეთ აკვაკულტურის ახალი სისტემების, დარგის ტექნოლოგიური განვითარების პერსპექტივების და სოფლის მეურნეობის განვითარების იმ ხელშემწყობი პროექტების შესახებ, რომლითაც შეიძლება ისარგებლონ ამ დარგში დასაქმებულმა ფერმერებმა.

13233367_1115564445133752_217350741_n

რა მიმართულებებით მუშაობთ კომპანიის განვიათარების მიზნით?

ჩვენს წინაშე ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამოცანა დგას. საირიგაციო მომსახურების ორგანიზება დიდ ძალისხმევას და ფინანსურ რესურსებს საჭიროებს. ათწლეულების განმავლობაში განადგურებული დარგის აღორძინებისათვის მნიშვნელოვანია, ასევე, კომპანიაში ბიზნეს პროცესების დახვეწა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ ვმუშაობთ კომპანიის მართვის კომპლექსური ავტომატიზაციის, კადრების კვალიფიკაციის ამაღლების, ტექნიკური პარკისა და პროგრამული უზრუნველყოფის სრულყოფის მიმართულებით.

დარგის აღორძინების და ეფექტურობის ამაღლების მიზნით მნიშვნელოვანია წყლის მოხმარების მეთოდების განვითარებაც. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც სამელიორაციო სისტემები სრულად გამართულია, წყლის რესურსების ეკონომიურად მოხმარების საკითხი დგას. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად ავითვისოთ ირიგაციის ისეთი თანამედროვე და დღეისთვის მსოფლიოში უკვე ადაპტირებული მეთოდები, რომელიც წყლის დაზოგვის საშუალებას იძლევა – წვეთური და დაწვიმებითი საირიგაციო სისტემები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ დაიწყო საინფორმაციო კამპანია ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობისათვის. ჩვენი მიზანია გავავრცელოთ ინფორმაცია და ცოდნა ამ მეთოდების შესახებ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი, რომ მოსახლეობამ შეაფასოს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობები. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ვატარებთ შეხვედრებს და რეალური, პრაქტიკული მაგალითებით ვაცნობთ ხალხს ასეთი სისტემების გამართვის დეტალებს, იმ ეკონომიკურ სარგებელს, რომელსაც წყალმომხმარებლები მიიღებენ  ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გამოიყენებით. ამავე მიზნით, შარშან დავიწყეთ საპილოტე პროექტების განხორციელება კონკრეტულ საირიგაციო სისტემებთან მიმართებაში.  სამუშაოების დაწყებამდე პროექტები გავაცანით მოსახლეობას, გავუზიარეთ მათ ინფორმაცია ირიგაციის თანამედროვე მეთოდების უპირატესობების შესახებ და მათთან კონსულტაციის შედეგად გადაწყდა ამ პროექტების განხორციელება. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოსახლეობა წვეთური მორწყვის სისტემებს გამოიყენებს.

საინფორმაციო კამპანიაში ჩართულები არიან სტუდენტებიც. ვინაიდან საქართველოში მელიორირებული მიწის ფართობი და, შესაბამისად, ჩვენი მომსახურების არეალიც იზრდება, დასაქმების პერსპექტივის თვალსაზრისით მელიორაციის დარგი ყოველწლიურად უფრო საინტერესო ხდება.  აქედან გამომდინარე ვცდილობთ,  აქტიური ურთიერთობა გვქონდეს დარგის მომავალ სპეციალისტებთან.  გარდა საინფორმაციო კამპანიაში მონაწილეობისა, ჩვენი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინიციატივით კომპანიაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტებს კომპანიაში სტაჟირების გასავლელადაც ვიწვევთ. სტუდენტების უშუალოდ ჩართვა სამუშაო პროცესში,  ხელს უწყობს მათ მომავალი სპეციალობის არჩევაში. ჩვენი ინტერესი კი, მოტივირებული ახალგაზრდა კადრების მოზიდვაა.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

დღეისათვის კომპანია საქართველოს მასშტაბით 27 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს. ეს გარდამავალი პროქტებია, რომელთა ნაწილი 2016 წელს დასრულდება, ნაწილი კი 2017 წელს. 2016 წელს საქართველოს რეგიონებში 75-მდე სარეაბილიტაციო პროექტი დაიწყება.

მიუხედავად უკანასკნელ წლებში მიღებული შედეგებისა, კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. მსოფლიო ბანკის პროექტის ,,საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარება“ ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს ირიგაციის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც აუცილებელია მელიორაციის დარგის განვითარებისათვის.

სამელიორაციო მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ყველგან, სადაც საჭიროებაა. ჩვენი მიზანია მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობმა 278 000 ჰექტარს მიაღწიოს, დაშრობა კი 105 000 ჰექტარზე მოხდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

ბსუ-ს ყოფილი რექტორი ალეკო ბაკურიძე პაატა ბურჭულაძის პარტიაში 

დღეს, 28 მაისს, თბილისში ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის, მიერ ჩამოყალიბებული ახალი პარტიის, “სახელმწიფო ხალხისთვის”, ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე პაატა ბურჭულაძე, რომელმაც მაისში პარტია დააფუძნა, თავმჯდომარედ აირჩიეს. ბურჭულაძემ ყრილობაზე შეკრებილ მხარდამჭერებს პარტიის წევრები წარუდგინა. პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრებს შორისაა ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი ალიოშა ბაკურიძე.

ალიოშა ბაკურიძე
ალიოშა ბაკურიძე

პაატა ბურჭულაძის პარტიაში არიან ასევე იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი, “მაესტროს” ყოფილი ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი გიორგი თაქთაქიშვილი, სპორტული ჟურნალისტი ლაშა დვალიშვილი, პარტიის ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი ირაკლი ყიფიანი, პარტიის ეკონომიკური გუნდის წევრი გიორგი პაპავა, კარდიოლოგი ნინო ნადირაძე-კუზანოვა, მწერალი ქეთი ნიჟარაძე, პოლიტოლოგი ტარიელ ჭულუხაძე, ეკონომისტი გოჩა ჭელიძე, გიგა მარტენაძე, კობა ჩიხლაძე, ირმა დაუშვილი, არკუმ ჰამარცუმიანი, გიორგი პაპელიშვილი, ოღრან ირვერდიელი, ბექა ჟვანია, ლადო კახაძე, გიორგი რუხაძე და ხათუნა ლაგაზიძე.

პარტიის თავმჯდომარემ გამოსვლაში აღნიშნა, რომ “საქართველო ხალხისათვის” ყურადღებას გაამახვილების განათლებაზე, ახალ ტექნოლოგიებზე, ინფრასტრუქტურაზე. ბურჭულაძე ამბობს, რომ პარტია “დამატებით განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებს მცირე ბიზნესპროექტებზე”. მისი თქმით, მეწარმეობას მაქსიმალური თავისუფლება და ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს. ბურჭულაძე ამბობს, რომ პარტიას აქვს გეგმა “სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, რომელიც თითოეულ ჩვენგანზე აისახება. ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და სიღარიბის დასაძლევად ჩვენ ვერ დავეყრდნობით მხოლოდ რამდენიმე გიგანტურ პროექტს”.

“გვაქვს გეგმა, როგორ დავუბრუნოთ სოფელს სიცოცხლე. მიტოვებულ და დაცარიელებულ მთიან რაიონებში ცხოვრებას აზრი უნდა მივცეთ. არ შეიძლება სოფელში თითქმის ყველა ადამიანი ელოდებოდეს, როდის მიაღწევს მისი ოჯახის ერთი წევრი მაინც საპენსიო ასაკს, რომ ამ პენსიით არჩინოს ოჯახი”. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ “გაიზრდება საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტიანობა მიზნობით სეგმენტზე, კერძოდ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე”, – განუცხადა პაატა ბურჭულაძემ ყრილობაზე შეკრებილ აუდიტორიას. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის დაფინანსება გრძელვადიან განვითარებაზე უფრო მეტად უნდა იყოს მიმართული.

ამავე თემაძე: სახელმწიფო ვისთვის? – პაატა ბურჭულაძის პარტიის პირველი ყრილობა

ბსუ-ს რექტორის არჩევნები 18 ივლისს ჩატარდება

პარასკევს, 27 მაისს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ დაადგინა, რომ უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები გაიმართება 2016 წლის 18 ივლისს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა დაუდასტურა.

აკადემიური საბჭოს დადგენილების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ადგენს ბსუ-ს რექტორის არჩევნების თარიღს, უნივერსიტეტის ვებგვერდზე ორშაბათს, 30 მაისს გამოქვეყნდება.

ბსუ-ს რექტორობის კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყება არჩევნების გამოცხადებიდან ერთ თვეში, ანუ პირველი ივლისიდან.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. მერაბ ხალვაში რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მას შემდეგ აირჩიეს, რაც მისმა წინამორბედმა – ყოფილმა რექტორმა ალეკო ბაკურიძემ ვადაზე ადრე დატოვა თანამდებობა.

ყოფილი ჭადრაკის სასახლე ოლიმპიურ კომიტეტს გადაეცა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფრომაციით, რესტორან ,,კაისას” შენობა [ყოფილი ჭადრაკის სასახლე] ოლიმპიურ კომიტეტს გადაეცა.

დღესვე, აჭარის უმაღლეს საბჭოში, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი უძღვებოდა. მას ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატები, ქალაქ ბათუმის მერი, მთავრობისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს [ ,,1. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პრობლემები ავტონომიურ რესპუბლიკაში, 2. საქართველოს ძალისმიერი ფიტნესის ეროვნული ფედერაციის მოსმენა”.]

შენობის საქართველოს ოლიმპიური კომიტეტისათვის გადაცემის ცერემონიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ, ფრაქცია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა, ქალაქ ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა მიიღეს მონაწილება.

ყოფილი ჭადრაკის სასახლე ოლიმპიურ კომიტეტეს გადაეცა
ყოფილი ჭადრაკის სასახლე ოლიმპიურ კომიტეტეს გადაეცა

ბათუმში, სავარუდოდ, გრიგოლ ვოლსკის საფლავი იპოვეს

ბათუმში, ჯინჭარაძის ქუჩაზე, მეორე საჯარო სკოლის მოპირდაპირე ეზოში, საკომუნიკაციო სისტემის სარაბილიტაციო სამუშაობისას, სავარაუდოდ, გრიგოლ ვოლსკის საფლავი აღმოაჩინეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უმაღლესი საბჭოს წევრი, განათლების კომისიის თავმჯდომარე გიორგი მასალკინი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ამ ადგილას არქოლოგიური გათხრები უკვე დაიგეგმა.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ჩავლეიშვილის ინფორმაციით, ჭინჭარაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას ადამიანის ნეშთის ნარჩენები ნამდვილად აღმოაჩინეს.

„ამ ეზოში მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო ეკლესია. დოკუმენტური წყაროების საფუძველზე ცნობილია ასევე, რომ ეკლესიის შესასვლელთან, მარჯვენა მხარეს, დაკრძალული იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ექიმი, ილია ჭავჭავაძის მეგობარი და თანამებრძოლი, ბათუმის პირველი თვითმართველობის დროს ქალაქის თავის მოადგილე გრიგოლ ვოლსკი. ეს ეკლესია ბოლშევიკებმა დაანგრიეს, ხოლო გრიგოლ ვოლსკის საფლავი დღემდე უცნობია. მიმდინარე სამუშაოების დროს ეკლესიის საძირკველთან აღმოჩნდა ადამიანის ძვლები.

ჩვენ ეს ამბავი შევატყობინეთ ბატონ გია ვოლსკის [ გია ვოლსკი ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში – გრიგოლ ვოლსკი მისი ბაბუა იყო]. მას, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდა, თუმცა ჩვენ ჯერ დანამდვილებით არ ვიცით ეკუთვნის თუ არა ეს ნეშთი გრიგოლ ვოლსკის. მე სიმართლე გითხრათ, არც ის ვიცი თუ რა პროცედურებს ითვალისწინებს დეენემის ანალიზი. ალბათ მივმართავთ სამხარაულს, რომელიც გვირჩევს, როგორ მოვიქცეთ. მანამდე ნეშთი დედა სიდონიამ შეინახა. ორშაბათიდან კი დავიწყებთ არქეოლოგიურ გათხრებს ამ ადგილზე“, – განაცხადა ირაკლი ჩავლეიშვილმა „ბათუმელებთან“.

ადგილი სადაც სავარაუდოდ გრიგოლ ვოლსკის საფლავი აღმოაჩინეს
ადგილი სადაც სავარაუდოდ გრიგოლ ვოლსკის საფლავი აღმოაჩინეს

გრიგოლ იოსების ძე ვოლსკი იყო პუბლიცისტი, პოეტი, ექიმი, საზოგადო მოღვაწე; წარმოშობით პოლონელი. მისი ოჯახი რუსეთის მთავრობამ საქართველოში გადმოასახლა. სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო და ფილოლოგიური ფაკულტეტები.

ვოლსკი 1888 წლიდან მოღვაწეობდა ბათუმში, სადაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, არჩეული იყო ქალაქის სათათბიროს წევრად. მისი თაოსნობით 1889 წელს ბათუმში აშენდა ახალი ქართული სკოლა, რომელსაც შემდგომ თავადვე ემსახურებოდა უფასოდ, როგორც ექიმი. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის 1897 წელს ბათუმის ქალთა გიმნაზიის, ხოლო 1900 წელს ვაჟთა გიმნაზიის დაარსებაში, მისივე ინიციატივით 1902 წელს გაიხსნა და 1903 წელს გაფართოვდა ბათუმის პირველი საავადმყოფო, იმავე წელს გაიხსნა ბათუმის გაერთიანებული საჯარო ბიბლიოთეკა, 1908 წელს კი – ბათუმის საბავშვო მუზეუმი. დავით კლდიაშვილთან და ივანე მესხთან ერთად იღვწოდა აჭარის მოსახლეობის კულტურული პროგრესისთვის. ხელმძღვანელობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აჭარის განყოფილებას;

1907 წელს ვოლსკის თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს. მოღვაწეობის გაგრძელება მხოლოდ 1908 წლიდან შეძლო – მუშაობდა თბილისის კერძო გიმნაზიაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

გარდაიცვალა თბილისში; დაკრძალულია ბათუმში, თუმცა მისი საფლავი დღემდე დაკარგულად ითვლება.

ჰესების მშენებელი კომპანია “აჭარ ენერჯი 2007” დაზარალებულებს შეპირებულ კომპენსაციას არ უხდის

დღეს კირნათისა და მარადიდის მოსახლეობამ მდინარე ჭოროხზე ჰესების მშენებელი კომპანის წინააღმდეგ გამაფრთხილებელი აქცია გამართა. მოსახლეობა შეპირებულ კომპენსაციას ითხოვს. მათი თქმით, კომპანია უკვე ჰესის ამუშავებას გეგმავს, მოსახლეობას კი ჯერ კიდევ არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმ ნაკვეთებთან დაკავშირებით, რომლებიც კომპანიამ დაიკავა. გარდა ამისა, მოსახლეობა კომპანიისგან იმ ნაკვეთების შესყიდვასაც ითხოვს, რომლებიც ჰესების მშენებლობის დაწყების შემდეგ მათთვის სასარგებლო აღარ არის.

აქციის მონაწილეებმა, დღეს, სამი საათის განმავლობაში კომპანიის თანამშრომლებს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცეს.

„კომპანიამ დაიკავა კარგი ნაკვეთები და დარჩა უვარგისი. ამ უვარგისზე ჩვენ რაღა ვქნათ? – და ახლა ამბობს ნახევარი მჭირდება მხოლოდო. ადრე შეგვპიდნენ, რომ შეისყიდდა მთლიანობაში და არა ნახევარს. მთავრობამ შექმნა კომისია, რომელმაც იმუშავა, მაგრამ არც ამან გამოიღო შედგი. ჩვენ ვითხოვთ მთავრობამ ყურადღება მოგვაქციოს.“

დღეს აქციაზე მოსახლეობასთან შესახვედრად ხელვაჩაურის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე და ენერგეტიკის სამინისტროს წარომამდგენელი დავით შარიკაძე იმყოფებოდნენ. აქციის მონაწილეები ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ილია ელოშვილს ელოდნენ. სამინისტროს წარომადგენელი მოსახლეობას შეჰპირდა, რომ ხვალ, 29 მაისს მათთან სოფელში ენერგეტიკისმინისტრის მოადგილე,  ილია ელოშვილი მივა და პრობლემას ადგილზე შეისწავლის. ილია ელოშვილი ამჟამად ბათუმში იმყოფება.

გამაფრთხილებელი აქცია სოფელ კირნათში
გამაფრთხილებელი აქცია სოფელ კირნათში
აქცია ჰესების მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ
აქცია ჰესების მშენებელი კომპანიის წინააღმდეგ

შეხვედრას სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმში, ციალა ქათამიძეც დაესწრო. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი საკითხით დაინტერესდება:

„მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ინვესტორი მათ უფლებებს არღვევს. ისინი ყურადღებას ითხოვენ მთავრობისგან. ჩვენ შევეცდებით მოვიპოვოთ დამატებითი ინფრომაცია და შევისწავლოთ საკითხი“.

მდინარე ჭოროხზე თურქული კომპანია “აჭარ ენერჯი 2007” ორ კალაპოტური ტიპის ჰესს აშენებს. პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, რაზე დაყრდნობითაც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ მდინარე ჭოროხზე სამი კალაპოტური ტიპის კაშხლის მშენებლობის ნებართვა გასცა, წყლით დაიფარება ექვსი სოფლის მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საძოვრების ნაწილი. მთლიანობაში კი პროექტის ზემოქმედების ქვეშ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 2, 25 კვ/კმ მოექცევა.

კომპანია დაზარალებულებად მხოლოდ მოსახლეობის იმ ნაწილს განიხილავს, ვისაც უშუალოდ შეეხება პროექტი, რაც ექსპერტების მოსაზრებით წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო პრაქტიკასთან.
დოკუმენტში, რომლითაც თურქული კომპანია “აჭარ ენერჯი 2007” და საქართველოს მთავრობა მდინარე ჭოროხზე ჰიდროპროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ, აღნიშნულია, რომ კომპანიამ, საერთო ჯამში, არანაკლებ 167 მილიონ 860 000 აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. მემორანდუმში არ არსებობს მუხლი იმ მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და კომპენსირების შესახებ, რომლებსაც პროექტი უშუალოდ შეეხება ან მის არეალში ცხოვრობს.

გამაფრთხილებელი აქცია სოფელ კირნათში
გამაფრთხილებელი აქცია სოფელ კირნათში

13282663_10204459865175221_971251560_o
მიუხედავად ბევრი მცდელობისა, შეთახმების შემდეგ, “ბათუმელებმა“ მემორანდუმის ასლი ვერც ერთი მხარისგან ვერ მიიღო.

გასაიდუმლოებული იყო ინფორმაცია იმის შესახებაც, თუ რა ფასად გაყიდა აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ მოსახლეობის სარგებლობაში არსებული სახნავ-სათესი მიწები. ეს ნაკვეთები წინა ხელისუფლების დროს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ისე გაასხვისა, რომ ამის შესახებ მოსახლეობამ არაფერი იცოდა. მოგვიანებით, საჯარო რეესტრის მონაცემებით დადგინდა, რომ ის ნაკვეთები, რითაც სოფლებში ათწლეულების მანძილზე მოსახლეობა სარგებლობდა, მაგრამ დარეგისტრირებული არ ჰქონდათ, სამინისტრომ საკუთრებაში “აჭარ ენერჯი 2007”- ს გადასცა. 2013 წელს კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს ნაკვეთები ყოფილმა ხელისუფლებამ ინვესტორს სიმბოლურ ფასად – 3 ლარად მიყიდა.

წართმეული ნაკვეთების კომპენსირების ვადებზე მოსახლეობას პასუხი არც ახლა აქვს.

მოგვიანებით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, „ბათუმელებმა“ მოიპოვა დოკუმენტი (მემორანდუმი), რომლის შესწავლითაც დგინდება, რომ მხარეები გარკვეული საკითხების კონფიდენციალობის დაცვაზე შეთანხმდნენ. საკითხის კონფიდენციალურად მისაჩნევად საკმარისია მხარემ განაცხადოს, რომ ობიექტურად დაინტერესებულია აღნიშნული საკითხის გასაიდუმლოებით. ეს მუხლი, შესაძლოა გამოყენებულ იქნას გარემოსდაცვითი ხასიათის ინფორმაციის გასაიდუმლოებასთან დაკავშირებითაც. საჭიროების შემთხვევაში ამ მემორანდუმით დავების განხილვა უნდა მოხდეს არა საქართველოს საერთო სასამართლოებში, არამედ პარიზის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

საქართველოს მთავრობასა და “აჭარ ენერჯი 2007”-ს შორის გაფორმებულ მემორანდუმს ენერგეტიკის მაშინდელი მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური აწერს ხელს.

აქცია ხვალ, 29 მაისსაც გაიმართება.

13288095_10204460001138620_1159142387_o

ბათუმში საკურორტო სეზონი გაიხსნა [ფოტო/ვოდეო]

დღეს, 28 მაისს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა საკურორტო სეზონი გახსნილად გამოაცხადა. სეზონის გახსნასთან დაკავშირებით მთელი დღეა ბათუმის ბულვარში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება მიმდინარეობს.

საკურორტო სეზონის გახსნა ბათუმში
საკურორტო სეზონის გახსნა ბათუმში

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დღის განმავლობაში სპეციალური დეკორაციებითა და განათებებით გაფორმებულ ბულვარში ღონისძიების სტუმრებს საშუალება ექნებათ ადგილობრივი ბენდების Nemo, Strawberry Fields, Sound Lab, მოსიარულე დრამერების კონცერტებს დაესწრონ და ზაფხულში დასვენებასთან ასოცირებულ სხვადასხვა აქტივობაში, მასტერკლასებსა და შეჯიბრებებში მიიღონ მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ახალი ტურისტული მარშრუტების პრეზენტაციაც. ბათუმში არსებული სასწავლებლების ტურიზმის ფაკულტეტების სტუდენტების და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყობა ლაშქრობები მაღალმთიანი აჭარის ახალ ტურისტულ მარშრუტებზე: ველო ტური მირვეთში, მაჭახელას თოფის გზა, ღვინის და კულინარიული ტური ვაიოში, სათავგადასვლო ტური შუახევში და ლაშქრობა მტირალაზე. ბულვარის ტურისტულ საინფორმაციო ცეტრთან მოეწყობა ახალი ტურისტული პროდუქტების პრეზენტაცია.

დღეს, ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნის ღონისძიების ფარგლებში კულტურულ ობიექტებში შესვლა უფასოა. მსურველებს საშუალება ექნებათ გონიოს ციხეს, ნობელების მუზეუმს, არქეოლოგიური მუზეუმსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ მუზეუმებს უფასოდ ეწვიონ. გარდა ამისა, სტუმრებს სპეციალურ ფასდაკლებებს შესთავაზებს ბულვარის სანაპირო ზოლთან მობილიზებული საზღვაო სასეირნო ტრანპორტი – იახტები, პარაშუტები და კატამარანი, ასევე ბულვარში არსებული სხვა გასართობი ობიექტებიც [ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, ბილიარდი, ტენისი]. სანაპირო ზოლზე დაგეგმილია უფასო ფიტნეს, იოგა და სპორტული ღონისძიებები. მსურველებს 50-პროცენტიან ფასდაკლებას შესთავაზებს ბათუმველო, რომლის ველოსიპედებით სარგებლობა ძველი და ახალი ბულვარის ზღვისპირა ზოლზე განთავსებულ 8 ტერმინალთანაა შესაძლებელი. ბათუმის ხედების დათვალიერების მსურველებს კი უფასო გასეირნებას შესთავაზებს ეშმაკის ბორბალიც, რომელიც მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს.

საკურორტო სეზონი გაიხსნა

საკურორტო სეზონი გაიხსნა

 

 

Critical Mass Batumi – 27 მაისი [ფოტო]

 

 

დღეს ბათუმში ტრადიციული ველომსვლელობა Critical Mass Batumi მოეწყო. Critical Mass-ი არის ყოველთვიური ველომსვლელობა ქალაქის ქუჩებში და იმართება მსოფლიოს 300-მდე ქალაქში, ყოველი თვის ბოლო პარასკევს.
ჯგუფური მსვლელობის მიზანია, შეახსენონ ავტომანქანის მძღოლებს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ მაშინ, როცა ადამიანები ველოსიპედებით გადაადგილდებიან.

თორნიკე თავაძის ფოტოები:

IMG_9008 (Copy)

IMG_9043 (Copy)

ქედის საკრებულოს ოპოზიცია სახელმწიფო აუდიტის დასკვნის გასაჯაროებას მოითხოვს

„უნდა მაჩვენონ რამდენი სპორტსმენი ჰყავთ, მაგრამ მე მაინც არ მეშინია,“ – ასე იხუმრა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქედის საკრებულოს წევრმა ვაჟა ბოლქვაძემ სხდომის მსვლელობისას, როდესაც დეპუტატებმა „ქედის სასპორტო სკოლის“ 2015 წლის ანგარიში მოისმინეს.

სასპორტო სკოლის დირექტორის არჩილ გორგილაძის თქმით, სასპორტო სკოლის ბაზაზე ქედაში სექტემბრიდან კარატის სექცია გაიხსნება, სპორტის ამ სახეობის დაუფლება ნებისმიერი ასაკისა და სქესისი ადამიანს შეეძლება.

„ამ დროისთვის 200-მდე მოსწავლე ეუფლება სპორტის სხვადასხვა სახეობას სასპორტო სკოლაში, არსებულ სექციებს წელს ორი ახალი  – მშვილდოსნობა და ფრენბურთის სექცია დაემატა, სექტემბრიდან კარატის სექცია გაიხსნება. 2015 წელს ხელფასებსა და კომუნალურ გადასახადებში სულ 117 807 ლარი დაიხარჯა,“ – ამბობს არჩილ გორგილაძე.

დღევანდელ სხდომაზე ვაჟა ბოლქვაძემ სახელმწიფო აუდიტის მიერ ქედის გამგეობის 2014-2015 წლების იმ დასკვნაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც ახლა პროკურატურა იძიებს, საკრებულოს წევრმა კოლეგებს ფინანსურ საკითხებზე მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა. მისი თქმით ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ 2014-2015 წლებში საჯარო მოხელეების დასანიშნად კონკურსი დრულად არ ჩაატარა, რამაც ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა გამოიწვია.


„მაინტერესებდა რა ხდება ქედის მუნიციპალიტეტში, მოვითხოვე წამოადგინონ სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელიც პროკურატურაშია გადაგზავნილი, თითოეული დეპუტატი ვალდებულია აკონტროლოს ბიუჯეტის ხარჯები. ის შენიშვნები და დარღვევები, რაც კონტროლის პალატის დასკვნაში მოხვდა, მე თავის დროზე ვსაუბრობდი, მაშინ როდესაც საჯარო მოხელე დროებით შემსრულებლად სამი თვით ინიშნება, მერე კონკუსი უნდა ჩატარდეს, ქედის გამგებელმა კი ეს მუხლი დაარღვია და კონკურსი დროულად არ ჩაატარა, ხელფასების გაცემისას თანხის არამიზნობრივი ხარჯვა მოხდა,“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

დღევანდელ სხდომაზე განცხადება პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თემურ ავალიანმაც გააკეთა, მან ელექტროენერგიის გადამცემი მაღალი ძაბვის ხაზგაყვანილობის ანგარიში მოითხოვა.

თემურ ავალიანის თქმით, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა სოფელ დანდალოში დაიწყეს და ხაზი სოფლის ცენტრში გაჰყავთ.

„მოსახლეობის აქტიური პროტესტის გამოდის, რომ „ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიქრის“, მოსახლეობის აზრს არავინ ითვალისწინებს, ამიტომაც დავაყენე საკითხი, რომ საკრებულოს სხდომაზე მოვიდეს კომპეტენტური პიროვნება და გვითხრას, თუ რომელი სტანდარტი ითვალისწინებს იმას, რომ მაინცადამაინც ეს ხაზები სოფლის შუაგულში უნდა გავიდეს და არა მთებში,“ – ამბობს თემურ ავალიანი.

„ თუ საჭიროდ ჩავთვლით, მოვიწვევთ კომპეტენტურ პირებს და მივღებთ პასუხს იმ კითხვებზე, რაც საკრებულოს წევრებს მაღალი ძაბვის ხაზგაყვანილობასთან დაკავშირებით აინტერესებს. რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, როგორც ჩემთვის ცნობილია საქმე პროკურატურაშია გადაცემული,“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ.

ამირანცინ ცინცაძემ დღესვე მისი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია ოფიციალურად დაადასტურა ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემთან“ დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება დაადასტურებს, რომ ქედის ბეთლემი კანონიერად დაჯარიმდა, ის ამბობს, რომ თანხმობას არ მისცემს საჯარიმო თანხა, 50 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცეს.

დღევანდელ სხდომაზე ქედაში სასპორტო სკოლის ანგარიშის გარდა დეპუტატებმა გამგეობის განათლების სამსახურის მიერ მიზნობრივ პროგრამებში შეტანილ ცვლილებებსაც უყარეს კენჭი.

 

 

 

 

შავი ზღვის სანაპიროს საქართველოში უცხოელი მეცნიერები იკვლევენ

27 მაისს ბათუმში უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების 40-მდე მეცნიერით დაკომპლექტებული ჯგუფი,  რუმინეთის კვლევითი გემით Mare Nigrum-ით შემოვიდა. მეცნიერები საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მონიტორინგს ჩაატარებენ. ასეთი კვლევა შავ ზღვაზე 1991 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.

უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს ოთხი თვის განმავლობაში ჩაატარებენ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების სრულყოფილი შეფასება.

 

ლაბორატორიები გემზეა განთავსებული, სადაც სინჯების ძირითადი პარამეტრები მოწმდება. სპეციალური ორგანული ანალიზებისთვის კი სინჯები საბერძნეთში იგზავნება, მეცნიერთა განმარტებით ის თანამედროვე ტექნოლოგია, რაც ასეთი დაბალი კონცენტრაციის კვლევებისთვის არის საჭირო მხოლოდ ევროკავშირშია:

შავი ზღვის კვლევები EU-UNDP-ის პროექტის “შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება” (EMBLAS) ფარგლებში მიმდინარეობს და საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაწილეობით ხორციელდება.


ჩამოსულ მეცნიერებს დღეს ბათუმის პორტში ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე და აჭარის ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე შეხვდა.

 

 

 

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში ჯარიმებზე კონტროლი გამკაცრდება

ბათუმის ავტოტრანსპორტის გადაწყვეტილებით, მგზავრების მიერ ბილეთის საფასურის გადახდაზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება კონდუქტორების სისტემის შემოღებით. ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ განაცხადა.

მუნიციპალურ ტრანსპორტში კონდუქტორების მუშაობის საცდელი პროექტი უკვე 5 თვეა მიმდინარეობს. საცდელ ეტაპზე 50 კონდუქტორია დასაქმებული. კონდუქტორს ავტობუსში მგზავრების ბილეთების ქონა-არ ქონის, წესრიგისა და სისუფთავის დაცვა და  მგზავრნაკადის შესწავლა ევალება.  ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, კონდუქტორების სამსახურში აყვანა ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება, რომლის მოქმედების ვადა წლის ბოლომდე განისაზღვრება.

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე კობა ჩხეიძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ კონდუქტორების სისტემა არაეფექტური იქნება: “კონტროლიორები ისედაც არიან. მილიონზე მეტია დახარჯული ქალაქში დამონტაჟებულ კამერებზე და ნახევარი ქალაქი მოძრაობის საწინააღმდეგოდ დადის. ყველაფერს იწერენ, ყველაფერს გვიღებენ და არავინ აკონტროლებს ამ  დარღვევებს” – განაცხადა მან.

ამ დროისთვის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს” კონდუქტორის 210 ვაკანტური პოზიცია აქვს, რომლისთვისაც კადრების შერჩევა აჭარის დასაქმების სააგენტოსა და შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მოხდება.  შესაბამისი კადრები დასაქმების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან შეირჩევა.

კობა ჩხეიძის თქმით,  კონდუქტორების ხელფასებზე დახარჯული თანხა ზედმეტი ხარჯი იქნება ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის, რაზეც არჩილ ვანაძემ უპასუხა, რომ კონდუქტორების ხელფასები ბათუმის ავტოტრანსპორტისთვის არ გაზრდის ხარჯებს, რადგან კონტროლის გამკაცრების შედეგად ამ ხარჯზე მეტ თანახას ამოიღებენ.

არჩილ ვანაძემ, თავისი მოხსენებისას ასევე აღნიშნა, რომ  ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში გადახდის სრულიად ახალი სისტემების დამონტაჟებაც  იგეგმება – “რაც გაამარტივებს და კომფორტულს გახდის მოსახლეობისთვის მგზავრობის საფასურის გადახდის პროცედურას”.

 

 

Exit mobile version