მთიანი აჭარა

„ჩვენთან ის ცხოვრება არაა, ექიმთან პრევენციის მიზნით იარო“ – რას ამბობენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მაღალმთიან აჭარაში

30.05.2016 • 1927
„ჩვენთან ის ცხოვრება არაა, ექიმთან პრევენციის მიზნით იარო“ – რას ამბობენ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მაღალმთიან აჭარაში

რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად ექიმს მაღალმთიან აჭარაში იშვიათად მიმართავენ. გინეკოლოგის კაბინეტთან ძირითადად გათხოვილ, მეტწილად ორსულ ქალებს შეხვდებით. რეპროდუქციული ჯანმრთელობა ის საკითხია, რაზეც აქ ხმამაღლა არავინ საუბრობს.

ხულოს საავადმყოფოს გინეკოლოგიურ კაბინეტთან ხალხმრავლობაა. თავის რიგს აქ ბევრი ორსული ქალი ელოდება. 30 წლის დარინა მეორედაა ორსულად. იგი ამბობს, რომ გინეკოლოგს მხოლოდ ორსულობის დროს აკითხავს, არც ძუძუსა და საშვილოსნოს სკრინინგზე და არც პაპილომა ვირუსის ვაქცინაზე სმენია არაფერი.

კითხვას, რა იციან რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე – ქალები დუმილით პასუხობენ.

24 წლის მზიური, რომელიც ახლა მესამედაა ფეხმძიმედ, ამბობს, რომ პირველად გინეკოლოგს ორსულმა მიაკითხა და იმ შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც ექიმმა გამოსაკვლევად ბათუმში გაუშვა.

„ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც რაღაც ვირუსთან დაკავშირებით გამოსაკვლევად ექიმმა ბათუმში გამიშვა, სხვა ყველა მომსახურებას ადგილზე გვიწევენ. ჩვენთან კონსულტაციის მიზნით საავადმყოფოში არავინ დადის, მითუმეტეს გინეკოლოგთან, თუ არ გაითიშა და სასწრაფომ არ ჩამოიყვანა საავადმყოფოში, უბრალოდ რომ გამოიკვლიონ, ასეთი რამე არ ხდება“ – გვიყვება მზიური.

„ბათუმელებმა“ ამ თემაზე არა ერთი რესპონდენტი გამოკითხა. მათი უმრავლესობა ამბობს, რომ რეპროდუქციული ჯანმრთელობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ორსულობის დაგეგმვა, კონტრაცეპცია, სკრინინგი, ნაადრევი ქორწინების უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე და ასე შემდეგ – ძირითადად ნაცნობ-მეზობლებისგან და ტელევიზორით თუ იღებენ ინფორმაციას. ექიმს აქ მხოლოდ გადაუდებელ სიტუაციაში მიმართავენ და არა პრევენციისთვის.

რამდენად ხელმისაწვდომია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისები მაღალმთიან აჭარაში? ქედაში, შუახევსა და ხულოში არსებულ სამ საავადმყოფოს კომპანია „ევექსი“ მართავს, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხულოსა და ქედაში – სამ-სამი, ხოლო შუახევში ორი გინეკოლოგი მუშაობს. ადგილზე დასაქმებულ ექიმებთან გასაუბრების საშუალება, რომლებიც კარგად იცნობენ მათივე პაციენტების პრობლემებს, „ბათუმელებს“ „ევექსმა“ არ მისცა.

ექიმი-რეპროდუქტოლოგი მაია ბუცხიკიძე ბათუმის IVF ცენტრში მუშაობს. ის ამბობს, რომ ექიმთან კონსულტაციისთვის მომართვიანობის პრობლემა ქალაქშიც ხშირია და სოფელშიც, რაც ინფორმაციის ნაკლებობით აიხსნება. მისი თქმით, ექიმს გოგოები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ კი გამონაყარი ან ჭარბთმიანობა შეაწუხებთ.

„რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ქალმა ექიმს პირველად მენსტრუაციული ციკლის დაწყებისთანავე უნდა მიმართოს. რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები სხვადასხვანაირად იჩენს თავს და ეს შეიძლება გამოიწვიოს როგორც ჰორმონების დარღვევამ, ასევე სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებამ და სხვა მიზეზებმა.

კონსულტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად მსმენია, რომ მტკივნეული მენსტრუაცია აქვთ, რაც ასე არ უნდა იყოს. მოზარდის აღნაგობა, მისი თმიანობა ბევრ რამეს კარნახობს ექიმს, რადგან ჭარბი წონა და თმიანობა შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დარღვევაზე მიუთითებს, ეს კი დამატებით კვლევებს და მკურნალობას მოითხოვს.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებიდან ყურადღება უნდა მიექცეს ფლამედიას, რომელსაც შეუძლია 6 თვეში შეახორცოს საშვილოსნოს მილები, ერთი წელი გავიდეს, ორი და ქალი არ დაფეხმძიმდეს, რადგან საშვილოსნოს მილები გაუვალია,“ – ამბობს ექიმი.

რეპროდუქტოლოგის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ქალები კონსულტაციისა და გამოკვლევის მიზნით დროულად მიმართავენ ექიმს, მნიშვნელოვნად შეიძლება შემცირდეს ქალებში გავრცელებული ისეთი დაავადებები, როგორიცაა მკერდისა და საშვილოსნოს კიბო.

„უნდა ხდებოდეს ქალის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა, პაპ ტესტის ჩატარება, სკრინინგი. წელიწადში ერთხელ მაინც უნდა მივიდეს ექიმთან ქალი. თუ დროულად მოხდება კონსულტაცია, მნიშვნელოვნად შემცირდება საშვილოსნოს ყელისა და მკერდის კიბოს შემთხვევები,“ – ამბობს ექიმი და სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე ქალებს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ურჩევს. იგი განმარტავს, რომ ეს ვაქცინა ქალს დასნებოვნებისგან იცავს, რაც შეეხება სკრინინგს, მისი თქმით, „სკრინინგის საჭიროება ინდივიდუალურია, თუმცა წელიწადში ერთხელაც თუ ჩატარდება, მისასალმებელი იქნება“.

ექიმთან კონსულტაციაზე მისვლისგან რომ ბევრი ქალი თავს იკავებს, ამის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ინფორმაციის დეფიციტიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად პრევენციის როლზე.

„თქვენ ახლა რასაც პრევენციას ეძახით, ჩემი თაობის ქალები მაგ მიზნით არასდროს დავდიოდით გინეკოლოგებთან, მაგრამ შვილებიც გავაჩინეთ და გავზარდეთ კიდეც, რა საჭიროა გასათხოვარმა გოგომ საავადმყოფოში იაროს, თუ რამე პრობლემა არ აქვს?!“ – გვეუბნება შუახევში მცხოვრები ნაილე ფუტკარაძე.

მის მსგავსად სოფელში მცხოვრები ბევრი ფიქრობს, მაგრამ არიან ადამიანები, უფრო ხშირად ახალგაზრდები, რომლებიც ფიქრობენ, რომ პრევენცია კარგია, მაგრამ პრობლემას ამ თემაზე ადამიანების დამოკიდებულება უქმნის.

„პრევენციას რაც შეეხება, ჩვენთან ჯერ ის ცხოვრება არაა, ექიმთან პრევენციის მიზნით იარო. მართალია, ეს კარგია და ვფიქრობ აუცილებელიცაა, მაგრამ აქ ყველა სხვანაირად ფიქრობს, თუ წახვალ საავადმყოფოში და ვინმე დაგინახავს, ყველა წასვლის მიზეზს გკითხავს, იფიქრებენ ავად ხარ და რამე გიჭირს“ – გვეუბნება მაია.

esaმასალა მომზადდა “გაზეთ ბათუმელებისა” და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC), „თანადგომის“, „იდენტობის“, „ჰერა XXI“-ის ერთობლივი მუშაობით, პროექტის -“საქართველოს SRHR ორგანიზაციების მხარდაჭერა UPR პროცესში მონაწილეობისთვის”, რომელიც მხარდაჭერილია RFSU-ს მიერ. მასალაში წარმოდგენილი შეფასებები და პოზიცია შეიძლება არ წარმოადგენდეს RFSU-ს პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: