მთავარი

დავით ქარცივაძის შანსი უსკოს თავმჯდომარის პოსტზე

18.05.2016 • 2157
დავით ქარცივაძის შანსი უსკოს თავმჯდომარის პოსტზე

აჭარის უმაღლეს საბჭოში უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ქარცივაძე „ქართული ოცნების“ 8 ხმას მიიღებს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ დეპუტატმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა დაუდასტურა. გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია „რესპუბლიკელ„ გიორგი მასალკინს. კოალიციაში ვარაუდობენ, რომ მისი გადაწყვეტილება დადებითი იქნება, რაც ჯამში 9 წევრის მხარდაჭერას გულისხმობს. ეს ციფრი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მონაცემამდე (11 ხმა) შეიძლება მედეა ვასაძემ და ჯემალ ფუტკარაძემ გაზარდონ. დავით ქარცივაძე ასარჩევად არჩილ ხაბაძემ გასულ კვირას წარუდგინა უმაღლეს საბჭოს. უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.

ბატონო დავით, თქვენ წინა ხელისუფლების დროსაც მაღალი რანგის საარჩევნო მოხელე იყავით. ახლა სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ თქვენი არჩევის წინააღმდეგი. რატომ?

ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი 2010 წლამდე: ადრე საარჩევნო ადმინისტრაციაში რომ გემუშავა მოხელედ, ხელისუფლების თანხმობა უნდა გქონოდა. მე, პირადად, 2010 წელს სამსახურიდან გამიშვეს … ვერსად დავიწყე მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა უდიდესი გამოცდილება – ვერც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საოლქო-საარჩევნო კომისიაში ცესკოდან და ვერც პარტიიდან.

არ ვეთანხმები იმ ხალხს, ვინც ახლა ამბობს, რომ ცესკომ პოლიტიკური ნიშნით შეარჩია საოლქო კომისიების წევრები. ისინი თავის დროზეც პოლიტიკური პარტიებიდან იყვნენ წარდგენილები საოლქო-საარჩევნო თუ საუბნო კომისიებში. როდესაც პირი ინიშნება საარჩევნო კომისიის წევრად, ის ემორჩილება საარჩევნო ადმინისტრაციას და არანაირი პოლიტიკური აქტივობის ან აგიტაციის უფლება არ აქვს. ასეთი ქმედება ჯარიმას – 2000 ლარს ითვალისწინებს.

ანუ შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ პარტიის მიერ კომისიაში წარდგენილი პირი პარტიასთან ანგარიშვალდებულებას დაივიწყებს?

არავისი ადვოკატი არ ვარ, მაგრამ ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოფხვრილია. აქცენტი კომპეტენციაზე კეთდება.

დავით კვაჭაძის ორჯერ წარდგენის გადაწყვეტილება კომპეტენციამ განაპირობა და არა სხვა მიზეზმა?

დავით კვაჭაძე უძლიერესი სპეციალისტია, როგორც საარჩევნო მოხელე – ვყოფილვარ მის ტრენინგზე. ხელისუფლების მოწონებულ კანდიდატს დავარქმევდი საკუთარ თავს, რადგან არჩილ ხაბაძემ წარმადგინა, მაგრამ, რადგან უმაღლეს საბჭოში არ არის უმრავლესობა, შეიძლება არც ამირჩიონ. ვერ გავაიგივებ „ქართულ ოცნებასა“ და კოალიციას ერთმანეთთან – პარტიები დამოუკიდებლად აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. შეიძლება „რესპუბლიკელებმა“ არც დამიჭირონ მხარი, ან კონსერვატორებმა. წინასწარი საუბარი გვქონდა, მაგრამ არ ვიყავი მაშინ კანდიდატი და ჩემს გეგმებზე ვერ ვისაუბრებდი. შესაბამისად, არც მათი განწყობები ვიცი…

მე საოლქო-საარჩევნო კომისიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ვიყავი. კოორდინაციას ვუწევდი პარტიული ნიშნით დანიშნულ ყველა საარჩევნო მოხელის მუშაობას. ვერც ერთი ადამიანი, მათ შორის კოალიციიდან გასული (რესპუბლიკელები, კონსერვატორები, ფორუმი, მრეწველები) თუ ყოფილი კომისიის წევრები – ეს დაახლოებით 505 ადამიანია, ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე პოლიტიკური ნიშნით, საარჩევნო კანონით აკრძალული რაიმე ჩამედინოს.. მე ვიყავი საარჩევნო ადმინისტრაციის სპეციალისტი და კარგად ვიცი საარჩევნო კოდექსი, სადაც წერია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე არ არის დამნიშვნელი სუბიექტის წინაშე ვალდებული.

მაგრამ ოპონენტების მხრიდან მხოლოდ ეს არ არის თქვენი საწინააღმდეგო არგუმენტი. თქვენ მუშაობდით „ქართული ოცნების“ შტაბშიც, როგორც აქტივისტი.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ კომისიის წევრობა, ქუჩიდან? შერჩევამდე შტაბში მუშაობაზეა საუბარი.

მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე მიზეზი ჰქონდეთ თქვენ წინააღმდეგ, რაც დავით კვაჭაძის მიმართ ჰქონდათ?

„ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, საკონკურსო კომისიაც არ გაიტანდა მთავრობის თავმჯდომარესთან ჩემს კანდიდატურას. არ ვიცი, რატომ. დარწმუნებული ვარ, მათთან შეხვედრა შედეგს გამოიღებს, თუ უკვე ჩამოყალიბებული არ აქვთ აზრი, რომ მხარს არ დამიჭერენ.

თქვენ ობიექტურობაზე საუბრობთ. გახსოვთ, ალბათ, ოპოზიციური ფრაქციებიც ითხოვდნენ ობიექტურობას – ნეიტრალური პირი წარმოადგინოსო ხაბაძემ. თუ გადავხედავთ თქვენს კონკურენტებს, ფიქრობთ, რომ ობიექტურად შეგარჩიეს?

გია ქარცივაძე არ შეარჩიეს. მე ვიცნობ გია ქარცივაძეს, ბრწყინვალე იურისტია. მახსოვს მისი განცხადებები, როცა საიას წარმოადგენდა. მისი შრომითი ბიოგრაფია არ წამიკითხავს და არ ვიცი, რა საარჩევნო გამოცდილება აქვს. ეჭვი არ მეპარება არჩილ ხაბაძის კომპეტენციაში. მაშინ, როცა კომისიის მიერ ვიყავი არჩეული, ორჯერ არ წარადგინა ჩემი კანდიდატურა – გადააგზავნა ჩემზე კომპეტენტური…

უსკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი გაიწელა. წინასაარჩევნო კამპანია 8 ივლისს იწყება. კოდექსის თანახმად, როცა არჩევნების თარიღი ცნობილია, კონკურსის გამოცხადება აღარ შეიძლება, გამოცხადებული უნდა დამთავრდეს.

მოვალეობის შემსრულებელს იმხელა ლეგიტიმაცია არა აქვს, როგორც არჩეულ თავმჯდომარეს [თუ უსკოს თავმჯდომარეს ვერ აირჩევენ, არჩევნებს მოვალეობის შემსრულებელი ჩაატარებს]. სადღაც 365 საარჩევნო უბანია აჭარაში. თუ თავმჯდომარეს არ აირჩევენ, არჩევნების შედეგების დათვლას უხელმძღვანელებს ორი მოვალეობის შემსრულებელი – თავმჯდომარე და მდივანი. ეს ბევრ კითხვას გააჩენს. ამიტომ ვფიქრობ, უმაღლესმა საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, პასუხისმგებლობა ყველას აქვს.

რას შეცვლით უსკოს მუშაობაში, თუ გახდებით თავმჯდომარე?

სიმღერა რომ არის აქეთ-გორას ძვრას ვუზამ – ასე ნამდვილად ვერ ვიტყვი. უსკო არჩევნებს ატარებს. ვფიქრობ, უსკოს ფუნქციები დაკნინებულია. არადა, მაღალი ხელფასებია და საქმე არ კეთდება. შეეძლოთ ემუშავათ ცნობიერების ამაღლებაზე არჩევნებთან დაკავშირებით, სემინარები ჩაეტარებინათ, კადრები გადაემზადებინათ.

ჩემი პრივილეგია არის ის, რომ ოთხ ოლქში მაქვს ნამუშევარი – 2012 წელს ცესკოს წარმომადგენელი ვიყავი და შემეძლო ნებისმიერ ოლქში შევსულიყავი, მაგრამ ხულო ავირჩიე, რადგან გაყალბებასა და დარღვევებზე პერიფერიებიდან მოდიოდა ინფორმაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: