კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

„სამხრეების შემოხევის“ ტენდენცია, თუ პოლიციის ხელწერა

31.05.2016 • 2113
„სამხრეების შემოხევის“ ტენდენცია, თუ პოლიციის ხელწერა

პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით საქმეების რაოდენობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში იზრდება. ერთ-ერთ საქმეში 3 ბრალდებულს 3 პოლიციელი ედავება. პროკურატურისგან დაზარალებულად მიჩნეულმა პოლიციელებმა: მამუკა დიასამიძემ, იმედა ბერიძემ და ოთარ იშხნელიძემ სასამართლოს უთხრეს, რომ ბრალდებულებმა ისინი სიტყვიერად შეურაცხყვეს და პერანგები შემოახიეს. ამ პოლიციელებთაგან ერთ-ერთი სხვა საქმეშიც იმავეს ყვება. იქაც აქტუალურია პოლიციელისთვის სამხრეებიანი პერანგის შემოხევა.

„ცოტა უცნაურია, იძულების წესით მოვიყვანოთ მოწმის სახით სასამართლოში პოლიციელი“, – უპასუხა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ადვოკატ ზაზა პაპიძის შუამდგომლობას, როცა პროცესზე პოლიციელი პაატა წულუკიძე თავისი ნებით არ გამოცხადდა.

ადვოკატის თქმით, ამ პოლიციელის ჩვენება დაადასტურებს, რომ დანარჩენი სამი პოლიციელი, ვინც მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს დახეული მაისურები აჩვენა, იტყუება.

„სამივე ბრალდებული გასული წლის სექტემბერში დააკავეს ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში, სადაც მათთან ერთად კიდევ ექვსი ბიჭი შეიკრიბა დასალევად. ადგილზე პოლიციელებმა ცხრავე დააკავეს. დანარჩენი ექვსი დააჯარიმეს და ისე გამოუშვეს. დაზარალებულად ცნობილმა პოლიციელებმა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თქვეს, რომ მხოლოდ სამი პირი დააკავეს. ეს პოლიციელი კი იტყვის, რომ მან 9 პირის დაკავების ოქმი შეადგინა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

„უცნაური ამბავია, როგორ შემოახია სამ პოლიციელს სამმა ბრალდებულმა მაისური და გაუწია წინააღმდეგობა, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გაყვნენ. ეჭვი მაქვს, ამ სამი ადამიანის წინააღმდეგ საქმე იმიტომ აღძრეს, რომ ისინი წარსულში ნარკოტიკების მოხმარებისთვის არიან ნასამართლევი. ამ შემთხვევაშიც სადავოდ არ ვხდით ნარკოტიკის ნაწილს, მაგრამ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ დასტურდება“, – ამბობს ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი კობა ჯაბუა.

„თუკი პოლიციელები იტყოდნენ, რომ 9 პირი დააკავეს, გამოდიოდა, რომ დანარჩენი 6 უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. ასევე, სასამართლოს გაუჩნდებოდა ეჭვი, რომ ეს სამი დააკავეს არა იმიტომ, რომ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს, არამედ იმიტომ, რომ პოლიციამ ჩათვალა იოლად დასაჯერებელი მათი ბრალეულობა, რადგან ისინი ნასამართლევები არიან. ამ გზით სურთ გამოჩნდეს, რომ თითქოს პოლიცია საქმეს ხსნის“, – ეს ადვოკატ ზაზა პაპიძის ვერსიაა.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი საბოლოოდ მხარეებს შეუთანხმდა, რომ პოლიციელს მისი თანაშემწე უშუალოდ დაუკავშირდებოდა. „თუ აარიდებს თავს, ეს უკვე შემდგომი დასკვნების გაკეთების საფუძველი იქნება“, – ამ სიტყვებით შეწყვიტა და საქმის განხილვა რამდენიმე დღით გადადო მოსამართლემ.

„პოლიციაში ერთნაირი ხელწერა გაჩნდა. არ ვიცი, რა მოტივი აქვთ პოლიციელებს, შესაძლოა, ეს იყოს პირადი ინტერესი, ან ძალის დემონსტრირების მცდელობა, მაგრამ რეალურად პოლიციას წინააღმდეგობას არავინ უწევს“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. მისი თქმით, მაგალითად, პოლიციელი მამუკა დიასამიძე ფიგურირებს სისხლის სამართლის სხვა საქმეებშიც: „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფსაც ბრალად ედებოდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა. იქაც მამუკა დიასამიძემ იდენტურად აღწერა, თითქოსდა რა სიტყვებით შეურაცხყვეს. იქაც აღწერა, რომ სამსახურებრივი პერანგი შემოახიეს. აშკარაა, რომ იმატა ამ მიმართულებით სასამართლო განხილვებმა. გამოდის, თითქოს ყველამ ერთად პირი შეკრა და ერთნაირი მიდგომით აგინებენ და პერანგებს ახევენ პოლიციელებს“.

ბათუმის საქალაქო სასამართლო რამდენიმე დღეში დაიწყებს პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მორიგი საქმის განხილვას. ამ შემთხვევაში, ბათუმის მესამე განყოფილების პოლიციელებმა გამოძიების ეტაპზე თქვეს, რომ მათ სასტუმრო „ლეო გრანდის“ წინ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა სცემეს.

„ჩვენ მოვიპოვეთ სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ სასტუმროს წინ ფიზიკურ დაპირისპირებას არ აქვს ადგილი. პოლიციელები ესაუბრებიან ორ ბრალდებულს, რის შემდეგაც ისინი სხდებიან პოლიციის მანქანაში. ეს ჩანს ვიდეოჩანაწერში. პირიქით, ბრალდებულებმა მოითხოვეს და უკვე დანიშნულია ექსპერტიზა, რომ დადგინდეს პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ შეაგინეს პოლიციის განყოფილებაში მიყვანილს, რის საპასუხოდაც ბრალდებულმაც შეიგინა, ამის შემდეგ კი პოლიციელებმა სცემეს“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე.

მსგავს საქმეზე ტყუილში პოლიციელები ერთხელ უკვე გამოიჭირა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. შალვა ქორიძის საქმეზე შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა მიხეილ ბარნოვმა, ასევე დეტექტივ-გამომძიებლებმა – მალხაზ დუმბაძემ, მინდია მალაყმაძემ და გიორგი ნაკაშიძემ თქვეს, რომ ბრალდებული თვითონ დააკავეს, პოლიციის პრესსამსახურის მიერ გადაღებული კადრებით კი, შალვა ქორიძეს სპეციალური რაზმი აკავებს. სწორედ ამიტომ ამ საქმეში ბრალდებულებს ბრალი მოეხსნათ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: