მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობა უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსს ისევ გამოაცხადებს

29.05.2016
აჭარის მთავრობა უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსს ისევ  გამოაცხადებს

აჭარის უმაღლესი საბჭო აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარის პოსტზე მთავრობის მიერ წარდგენილ დავით ქარცივაძის კანდიდატურას კიდევ ერთხელ უყრის კენჭს.

საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ უკვე გამოსცა ბრძანება 6 ივნისს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ –  ინფორმაცია „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ჩიტიშვილმა დაუდასტურა.

ეს პროცედურა მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით ტარდება და როგორც უმაღლესი საბჭოს წევრები ამბობენ, შედეგი არ შეიცვლება, – წინა კენჭისყრაზე დავით ქარცივაძეს ერთი ხმა დააკლდა.

დავით ქარცივაძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მას არჩილ ხაბაძემ მეორე კენჭისყრამდე კანდიდატურის მოხსნა სთხოვა: „რა აზრი აქვს კანდიდატურის მოხსნას ან არ მოხსნას, არც მეორე კენჭისყრა მაინტერესებს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ დავით ქარცივაძემ სატელეფონო საუბარში.

აჭარის მთავრობა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად სავარაუდოდ კონკურსს ისევ გამოაცხადებს: „ალბათ გამოვაცხადებთ, დაველოდოთ, ჯერ დასრულდეს კანონით გათვალისწინებული პროცედურები,“ – განაცხადეს მთავრობის აპარატში.

კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად ეს რიგით მეოთხე კონკურსი იქნება. მანამდე არჩილ ხაბაძემ ორჯერ დავით კვაჭაძის კანდიდატურა შემდეგ კი დავით ქარცივაძე წარუდგინა უმაღლეს საბჭოს. ორივე „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებული პირია, რის გამოც მათ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის მხარდაჭერა ვერ მიიღეს.

ამავე თემაზე: დავით ქარცივაძე – უსკოს თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი
დავით ქარცივაძის შანსი უსკოს თავმჯდომარის პოსტზე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.